პატარა ნიკოლა ინსტინქტების წინააღმდეგ

სანამ მუცელი დაეტყობოდა, სასაცილო ორსულობა იცოდა ჩემმა რძალმა, ბავშვი რომ მუცლიდან ურტყამდა, ეღიტინებოდა და იცინოდა. გამვლელები უყურებენ, როგორ იდგა ამხელა ქალი თავისთვის, ქუჩაში მარტო და კისკისებდა. ბავშვიც სულ სიცილში დაიბადა. აი, შვილს რატომ უნდა დავხვდე ჭინთვასა და ჭმუნვაშიო და საკეისროთი იმშობიარა ღიღინსა და კისკისში. სილაღე იყო პირველი რაც ნიკოლამ სამყაროში შემოსვლისას მოისმინა. იმის მერე ხშირად იღვიძებს ბედნიერი.

ერთ დილასაც ნიკოლას ვეკითხები, როგორ გეძინა მეთქი, რაზეც არ დაიბნა, გვერდულად გადაიწია, ხელები მწყობრად დაიწყო ლოყაზე და მიპასუხა: “აი, ასე”. ტრადიციულ “კარგად” ან “ცუდად” პასუხებს შეჩვეული გოგო ვარ, ამიტომ მისმა ბავშვურმა საქციელმა გამიტაცა. ისეთი პატარაა, ჯერ იარლიყებისგან შეურყვნელია. მინდება ზედსართავი სახელების სტერეოტიპები მოვარიდო მისი გულწრფელობა რომ არ დავსვარო. ისეთი პატარაა, პირველად საზამთრო რომ დაინახა, ხმამაღლა გაიკვირვა: “ალუჩა! დიდი ალუჩა!” ისეთი პატარაა, ჯერ ტყუილის თქმა არ იცის.

ნიკოლამ პირველად ჩემთან მოიტყუა. როცა დაზიანებულ ხელზე ვაკოცეთ, დაუზიანებელი მკლავიც მოგვიშვირა, აქაც მტკივაო. დავაკვირდი და პირველად სხვა ბავშვებიც სიყვარულის მისაღებად იტყუებიან. ტყუილი ანუ რეალობაში ფანტაზიის ნებაყოფლობითი მოხმობა ცნობიერების სამყაროში შებიჯების საბაზისო სიმპტომია. როდესაც ბავშვს შეუძლია სიზმარი მოყვეს, როგორც წარმოსახვა, აქედან მისი ცნობიერების დასაწყისია. ირონიულია, რომ ხასიათის გამოვლინების პირველი ტრიუკი ზრდასრულებისთვის ცოდვიანი თვისებაა. ირონიულია, რომ ჩვენი პირველი ტყუილები სიყვარულის მისაღებად ითქვა. ირონიულია, რომ ხასიათს ეს სიყვარულის ინსტინქტები გვიქმნის. მენიშნა.

მენიშნა ისიც, თუ რატომ ვჭამთ ადამიანები წარუმატებლობისა და სტრესის დროს. მაგალითად, ნიკოლას სადილობისას ხშირად უმეორებენ, რომ უნდა ჭამოს თუ უნდა ძლიერი გაიზარდოს, ექიმი არ დასჭირდეს, მეზობელს გოლი გაუტანოს, მამამისს ხელი გადაუწიოს. და როდესაც დიდი ბიჭი იქნება, ვაკანსიაზე რეზიუმეს გააგზავნის, ბავშვობაში ჩაბეჭდილი აპლიკაცია ამოუტივტივდება როგორც გაძლიერების უნივერსალურ ხრიკი.

კიდევ რა შემიძლია ნიკოლაზე თვალთვალიდან გიამბოთ… (ხმამაღალი) მუსიკის ეშინოდა. მგონი ეს აჭარანეთის დამსახურებაა, დეჰუმანურად ხმამაღალია მათი რეკლამები პრელუდიაში. მთელი წელია გასართობ ცენტრებში ვერ წავიყვანეთ ბავშვი, ჩარჩენილი აქვს უეცრად ამოვარდნილი ხმაღალი ხმა. როდესაც ბავშვი მარტო სახლში ჩამაბარეს, მოდი მეთქი, ნიკოლა, ვიცეკვოთ. ჯერ უმუსიკოდ დავიწყეთ ცეკვა. მერე მინიმალური საუნდი ჩავრთე მისი თამაშიდან. და როდესაც ხმის აწევის ღილაკს ვაჭერდი დინამიკზე, თან რამე აკრძალულს ვაკეთებდით. მაგალითად, ცეკვის დროს თან ჭერისკენ ვისროდით ჩვენს წინდებს ან ვხოხავდით იატაკზე. იმ დღიდან ნიკოლას ხმამაღალი მუსიკა შეუყვარდა. მე კიდევ ახალ გამოწვევაზე ვფიქრობ: ნეტა, შიშის დასართგუნად აკრძალულის მიღების ხიბლი ზრდასრულებშიც უმწიკვლოდ მოქმედებს?

ნიკოლა ახალი თაობაა, თაობა, რომელიც თანდათანობით იშორებს ინსტინქტებს და მეტად დასწავლული ხდება. ბავშვებთან კონტაქტი კი მასწავლის ჩემი ადამიანური თვისებების დინამიკას ისტორიულ პლანში. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ ბავშვები არ უყვარს, მგონია, რომ საკუთარი წარსულის ეშინია. რძალი კი გამომიტყდა, რომ შინაგანი ღუტუნები მოენატრა.

რას ვსწავლობთ ორსულობის მეხუთე თვეში

ორსულობის მეხუთე თვეში ქალები ვრწმუნდებით ბიოლოგიური საათის თანხვედრაში მთვარის კალენდართან მზის კალენდარზე მეტად, რასაც მანამდე ყოველთვიურად რუტინული მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში უბრალოდ ვეჭვობდით. იმიტომ, რომ 28 დღიანი სისტემის მიხედვით ტრიმესტრები უფრო დაყოფილი ჩანს.

ამ თეორიის მიხედვით, აზიაში, მაგალითად, იაპონიაში, მუცლადმატარებლობის სტანდარტული პერიოდი ათი თვეა, როცა ევროპული კალენდრის მიხედვით ბავშვები 9 თვიანები იბადებიან. ხოლო კონკრეტულად ორსულობის მეხუთე თვეში თუ რატომ ვხვდებით ქალები მთვარის კალენდრის ძალას, ამაზე პასუხს ახალი ტრიმესტრის დასაწყისი გვპასუხობს, გასული ტრიმესტრის გაანალიზებით, 28 დღიანი ციკლები მეტად ადეკვატურად გამოხატავს ვადებს.

ორსულობის დროს ქალები იმასაც ვხვდებით, რომ ფიტნეს კლუბში ჩვენზე ოფლისგან სველი ქალები შეიძლება უფრო ეფექტურად არ იკლებდნენ წონაში და ჩვენ მათი ტყუილად გვშურდა. ზაფხულობით ყველა ორსულ ქალს აქვთ თითქოს შიგნიდან შენთებული საუნა, რადგან ორსულობისას საშუალო ტემპერატურა 37 გრადუსი ხდება 36-ის ნაცვლად, მაგრამ წონის კლებას მაინც არ იწვევს.

ამ ტრიმესტრში ქალის იმუნიტეტი ბავშვის იმუნიტეტთან ნებდება და გულისრევებით აღარ გამოიხატება მოწამვლა, რასაც განაყოფიერებული უცხო სხეული იწვევდა. სწორედ გულისრევის სიმბოლო მიმაჩნია დედის იმუნიტეტის განმსაზღვრელად. რაც უფრო მეტად ერევა ქალს გული, უფრო მეტად იბრძვის ქალი უშვილობისკენ და სადღაც მეხუთე თვისკენ ნებდება. როგორც იმუნიტეტი, ასევე ქალის პიროვნებაც სუსტდება.

ჩემი აზრით, ორსულობა დედობის პრელუდიაა, როცა ქალი წინააღმდეგობის გადალახვებში კაჟდება, და ყველა იმ მოკლე ანოტაციას გადის, რასაც შვილთან თანაცხოვრების გენერაციისას გადააწყდება. ამზადებს როგორც ნებისყოფას, არამედ ფიზიკურ გამტანობასაც. შეიძლება ამიტომ ბუდიზმში საჭიროების გარეშე მშობიარე ქალისთვის გაუტკივარების დანიშვნა აკრძალულია. მან თავად უნდა ჩააბაროს გამოცდა, როგორც რაინდები აბარებდნენ გაკვეთილს 9 თავიან ურჩხულთან შებრძოლებისას.

ეს ჩემი სახლი არ არის

5676487568

ჩემი სააბაზანოს სარკმელი ისეა მოთავსებული, რომ მზის ეგზალტაციის პირველ მეორედში საშხაპე ონკანს თუ მოვუშვებ, ოთახში ცისარტყელა დგება. ამბობენ, თუ ცისარტყელას ქვეშ გაივლიან, გაბედნიერდებიან. მე კიდევ ვბანაობ, ვქაფდები და ცისარტყელას ფერებში ვბრჭყვინავ. ნეტა, სხვები თუ იქმნიან ცისარტყელებს სააბაზანოებში, მაგალითად, დედები წყლისმოშიშე შვილებს საბანაოდ ფერადოვნებით თუ იტყუებენ ან ფრიგიდული ქალები ცისარტყელას ქვეშ თუ ანძრევენ ოდესმე ბედნიერი ორგაზმის ლოდინში გოდოსავით.

ძველად ეზოდან ბაბუაწვერებს გავაფრენდი ხოლმე ბებიასთან მოსაკითხად და ქოშინით შემოვრბოდი სახლში ბებოსთან ტელეფონით გადასარეკად: “ბე, ბაბუაწვერა გამოვგზავნე და დახვდიი”. ის დრო იყო, როცა ზღაპრებს ჯერ კიდევ მშობლები მიყვებოდნენ და სატელეფონო ქსელები ერთმანეთზე იმდენად გადახლართულიყო, საჭირო ადგილას დასარეკად მთელი თბილისი უნდა შემოგეკითხა. და როცა სატელეფონო მილებივით ვიხუჭუჭებდი თითებზე თმას, ვფიქრობდი იმ ზღაპრულ სამყაროზე, სადაც დიდი ადამიანები ბინადრობენ და მე კი ბაბუაწვერა ვარ: ორი თითით ამიყვანდნენ ხელში კისერით, ვინაიდან მცენარეები თავდაღმა ვიზრდებით, რეპროდუქციული ორგანოებით მაღლა, სულს შემიბერავდნენ და ბებიების მოსაკითხად ათეულ ნაწილებად გამაცამტვერებდნენ. თითოეული ჩემი წვერი იწყებდა დამოუკიდებელ თავგადასავალს ბებიამდე მისასვლელ გზამდე.

ეს ის დრო იყო, როცა აფხაზები ჯერ კიდევ საქართველოს პასპორტებით მოგზაურობდნენ ევროპაში, რუსეთში ელცინის მდგომარეობა უარესდებოდა, ხოლო საქართველოში ტრამვაის მძღოლებს ჯერ კიდევ ამაოდ სჯეროდათ შევარდნაძე მუშაობის სანაცვლოდ რომ მათ ბინებს დაურიგებდა. ეს ის დრო იყო, როცა ვიცოდი, თუ ცუდად მოვიქცეოდი, სიკვდილის მერე ჯოჯოხეთის ცხელი წყლები მელოდა, მეთქი წინდახედული გოგო ვარ, ახლავე თუ შევეჩვევი სიცხეს, მერე აღარ გამიჭირდება, ამიტომ ადუღებულ წყალში ვბანაობდი. მხოლოდ ცივი წყალი რომ მოდიოდა და საღამოობით ვედროებით პლიტაზე ვაცხელებდით. მეზობელი გვსტუმრობდა ხოლმე ტელევიზორის საყურებლად და ერთხელაც დედას ჩემზე კითხა. “იცის?” არაო. მივხვდი, რომ რაღაც საიდუმლო არსებობდა და გავიფიცე. მახსოვს როგორ მომიჯდა პატარა სკამით სააბაზანოში ჯერ კიდევ თმაშეუღებავი დედა. ალბათ ყველა გოგოს ახსოვს სად და რა ვითარებაში გაიგო თვიურ სისხლდენასა და ფეხმძიმობაზე. ალბათ უნდა უარმეყო თავად დედა რომ დედობაზე გამეგო. გარდატეხა გამიჭირდა: თმა გამიუფერულდა, კბილები გამიტყდა, სათამაშოების ნაცვლად სახლში გულის ფეთქვის მზომი აპარატი დაიდგა, – ეტყობა რთულად ვიღებ სიახლეს.

465465

ეს შენობა არ არის ჩემი სახლი, სიმყუდროვისთვის წითელი აგურებით ნაშენები, მშობლიურობისთვის ფეხქვეშ დაგებული ხეებით, სიმშვიდისთვის ქოთნებში გადარგული ყვავილებით. პირიქით, როცა ეს შენობა შემოდის ჩემში, თავს სახლში გრძნობს. “ეს ჩემი ხეა”, – მეუბნება მერამდენე მეგობარი უდაბურში ამოსულ ერთადერთ ხეზე ჩემი ერთი ბაბუაწვერული მოგზაურობისას. მე კიდევ თვალი ტყის რიგითი ხეებისკენ გამირბის, ტყის წყობაში არაფრით გამორჩეულისკენ და ვჩურჩულებ: “რომელიღაც ვარ, უინდივიდო”. ესაა ერთი კაფეში ყოფნის ისტორია.

ამ აგვისტოში ლინვილის მაგიდის ირგვლივ ერთმა მეგობარმა დანარჩენ ოთხს  გვითხრა, რომ უხმო პრობლემებზე ფილმის გადაღება უნდა, ბარის ხმაურში პარალელურად მიმდინარე ფიქრებზე. რამდენიმე დღეში დაუგეგმავად მისი ბებია-ბაბუის სანახავად წავედი ნახევარ საათში ჩალაგბული ჩანთით. უძღები შვილიშვილი წლების უნახავ დედულეთში ჩავიყვანეთ. ისე ეშინოდა რომ ვერ მიიღებდნენ, რომ მიღება ვერ შეამჩნია და დატანჯული წამოვიდა უკან. ალბათ თვითონ არ მიუღია ისინი, რადგან ახალგაზრდები ისე გავურბივართ ყოფილებს, როგორც ძველი ლექსების, წლების წინ გამოქვეყნებული ფეისბუქის სტატუსების, ან უარესი და ჰაი ფაი თუ მაისფეისის პროფილების თვალიერებას. სირცხვილი როგორც განვითარების შეგრძნება, რომ ისინი ვიყავით, მათში ვიყავით და შეგვიძლია მეტად გავიზარდოთ, გენი ხომ გენიოსებზე ისვენებს, წყდება. და მხოლოდ წმინდანები არ უნდა აჩენდნენ ბავშვებს. და მხოლოდ ცოდვილები უნდა აჩენდნენ ბავშვებს.

აი, იმ მაგიდიდან მეორე მეგობარი გოგო რვა წლის ასაკში წერილის ან ზარის გარეშე მიატოვა დედამ. ამ აქტით იგი ლოდინის ბავშვად აქცია, სათამაშოებს მოწყინებული, გაკვეთილებიდან გამოქცეული და ქალაქის ყველაზე მაღალ ხეზე მჯდარი ყოველ დღე. ობლები მარადმწვანე ბავშვებად რჩებიან. არ ვიცი რამდენად შევცდი, მაგრამ ამ შემოდგომით გადავწყვიტე ესეც ბებოსთან დედულეთში წამეყვანა ნათესავების მოსანახულებლად, თუნდაც უპასუხო კითხვების დასასმელად. რა ლამაზი სიტყვაა ნათესავი, თითქოს ნათესლი, დათესილი. მეშინია რომ შევცდი, მაგრამ ნათესავებში მეგობრის უჩუმრად უძღები დედის ცხოვრებაზე გამოვიკითხე. ცოცხალი ყოფილაო. გააზრებაც ვერ მოვასწარით ოცი წლის მერე ისე ვსხედვართ მე და ეს გოგო დედამისთან ერთად რუსთავის ასკილში და ვიცნობთ, ვიპრანჭებით, გვეშინია. მეშინია პასუხისმგებლობის რომელიც ავიღე, ძველ ოჯახში დაბრუნებული მეგობარი და ახალი ოჯახიდან ძველში გამოპარული დედა. საუბრები ვეგეტარიანიზმზე, მიტოვების ახსნაზე, ტურიზმზე, მომავლის გეგმებზე, მარიხუანას ლეგალიზაციაზე. მეშინია, რომ მეგობრების პრობლემებით ჩემს პრობლემებს გავექცე.

იმ მაგიდასთან მესამე გოგოც იჯდა, როგორც მისი ახლანდელი შეყვარებული იტყოდა სითბოთი, ეს გოგო ცარიელი გრძნობა ფიქრის გარეშე. გარდაცვლილი დედით, სიყვარულის ძიების პროცესში, დედად ქცევის ზეცნობიერი სურვილით. ცოტა ხანში დონაციას მიმართავს. გინეკოლოგები თუ ორსულობის ტესტები. სამეგობრო მის რეპროდუქციულ სურვილებში ვეშვებით, ვეჩხუბებით ან ვაქეზებთ, ის კიდევ დგას და იპრანჭება, ყოველდღიურად იცვლება ვარცხნილობების გამო.

იმ მაგიდასთან ერთი ბიჭიც იჯდა, ვინც რამდენიმე დღეში ჩვენ რომ პირველი გოგოს დედულეთში ვიქნებით, გარდაიცვლება, ქობულეთში წავა და ზღვაში დაიხრჩობა. უფრო სწორად, საკოლექციო ფირფტებში გააგრძელებს ცხოვრებას. სიკვდილი ეს წარმოდგენილი გეგმების ჩაშლაა. მთელი ცხოვრება მშობლიურ სახლს გაურბოდა და ირონიით, სასაფლაო მშობლიური სახლის გვერდითაა, ეზოში ლამის. ჩემი ბიძაშვილივით, რომელიც წინა აგვისტოში მოკვდა, მოტოციკლეტს დადევნებული პატრულის გამო, ვინც დედამ სამშობიაროში ისტერიით მიატოვა, მამამ კიდევ მოგვიანებით სხვა ქვეყანაში ცხოვრება არჩია, ახლა მშობლიურ სახლთან ასვენია. სხვადასხვა ქვეყანაში, ერთდროულად ორივე მოტოციკლეტზე გარდაიცვლებიან ძმები ერთმანეთის დაუტირებლად. აგვისტო ჩემთვის სიკვდილის თვეა.

მე სადღეგრძელოს დალევა ვიცი ჩუმად, ჭიქისთვის სურვილის ჩაჩურჩულება და უხმო დალევა მეგობრებთან ერთად. ზედმეტად გადაპრანჭული სიტყვებით ვფიქრობ თითქოს ძველი ვიყო: რომ ეს ჩემი სახლი არ არის, დედაჩემო, სავსე ძუძუები დახურული ჭერივით, როცა მანიქაშის სუნი ამდის და ხელებში უნდა ვცხოვრობდე. პირიქით, ეს ძუძუები შემოდის ჩემში და თავს სახლში გრძნობს. რომ ეს არ არის ჩემი სახლი თქვენს სხეულებში, წინაპრებო, ჩემს დასატევად რომ გამრავლდნენ როგორც სოკოები ხეებისთვის კიბოს გასაჩენად. მე მხოლოდ თქვენთან გიღალატებთ. ეს არ არის ჩემი სახლი, მეგობრებო, ველურ ბუნებაში წაყვანილებო, ძუძუმტესავით ღვინოს შეცილებულებო, მე მხოლოდ სითბოს გიზიარებთ თხილის გულივით. იმის თქმა მომენატრა, რომ მიყვარხართ, იმის თქმა მომენატრა, რომ სახლში ვარ. ამასობაში გარეთ მოთოვლილია მე კიდევ ცისარტყელას ქვეშ ვბანაობ.

 87687960

0,001

ისე დაემთხვა, რომ პატრიაქრის ექისტოლისას მეტერლინკს ვკითხულობდი, სადაც აღწერილი ექსპერიმენტი სიმბოლური მეჩვენა მოწმუნე და ანარქისტის შედარებით: თავახდილ ქილებში ცალ-ცალკე ფუტკრებისა და ბუზებს მოვათავსებთ, ისე, რომ ქილის ძირი ნათელი ფანჯრისკენ იყოს მოქცეული, ხოლო ღია ნაწილი სიბნელისკენ, ფუტკრები იმდენჯერ მიარტყამენ თავს დახურულ სინათლეს, სანამ არ მოკვდებიან, ხოლო ბუზები, რომლებსაც არავითარი სინათლის რელიგია არ აქვთ, ინსტინქტებით მოახერხებენ გასასვლელი ადგილის პოვნას, ამიტომ ფუტკრები სულელ მწერებად წარმოიდგინეს, – თურმე რაში ყოფილა საქმე: ამას წინათ სასულიერო პირმა ხელოვნურ განაყოფიერებაზე საუბრისას უშვილო ოჯახისთვის გამოსავლად ტაძარში სიარული დაასახელა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში წყვილს სუროგაციის მიმართვა კანონით მოკვეთილი საშვილოსნოს შემთხვევაში შეუძლია, იმედი აქვთ, რომ ლოცვის ძალით მისი ნატურალური აღდგენაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ეკლესიას მრევლის მოკლება არ სურს, ისე, როგორც სუიციდის აკრძალვით, პოტენციურ მლოცველს იძენენ, ჭარბად დემოგრაფიული აზიისგან განსხვავებით, მაგალითად, იაპონიაში, თვითმკვლელობის რამდენიმე სახეობა პატივად ითვლება, ან ინდოეთში, როცა მედიტაციით ტოვებენ სხეულებს, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით. ზოგადად, რელიგიაც ხომ დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური ფარგლებიდან მოდის.

ჩათვალო ეპისტოლე პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად, ისეთივე გულუბრყვილო სურვილად მეჩვენება, როგორც ბერია სტალინს ’37 წლის ამბებს უმალავდა. სინამდვილეში ეს დიდი ხნის წინათ დაიწყო, როცა არქაულ წერილებში დაცემული ანგელოზების შესახებ დაიწერა: ლუციფერი ანგელოზებს განუდგა, ხოლო რამდენიმე მათგანმა ალტერნატიული გზა აირჩია და მატერიალურით ტკბობის სურვილით ადამიანებს გამოყვა, შეირთეს მათი ქალიშვილები და ასწავლეს მედიცინა, ხელოვნება თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგი, რითიც მოკვდავებს აჯერებდნენ ღვთისგან დამოუკიდებლად არსებობას. სინამდვილეში ეს ამბავი მაშინაც გაგრძელდა, როცა პლატონს თავისივე მოწაფე არისტოტელე დაუპირისპირდა, განაცხადით, რომ ხელოვნური ვარდი შეიძლება უკეთესიც აღმოჩნდეს ბუნებრივად შობილზე და უარყოფდა მასწავლებლის ე.წ. “ხატის ხატის” თეორიას: ჭეშმარიტი ღმერთის მსგავსის ანუ ადამიანის არსებობას მხოლოდ ჭეშმარიტების კოპიოდ, ხოლო ამ ასლისგან გადაქსეროქსებული შესაბამისად უფრო მეტად იყო დაშორებული ჭეშმარიტებასთან. თეორია ისე მოვიდა ჩვენამდე, რომ გააგრძელა ველურისა და შინაურის, ლონდონისა და პარიზული ბაღების შედარებამაც, მინიმალური სექსით მაქსიმალურ რეპროდუქციამდე.

მეტი რა არის პენტაგრამა, ფაუსტის სახურავზე დახატული გამოსახულების გარდა, მეფისტოფელემ სიმბოლოს მცდარი გამოსახვის გამო შენობაში რომ შეაღწია. ერთი თელემისტური ჯვარის თანახმად, მუხლზე გადაჯვარედინებული ფეხით დაკიდებული ქრისტე, ემოციით, რომ პენტაგრამას ცალი ფეხი აკლია, ანდაც კათოლიკური ჯვარცმა ავიღოთ, ტერფი ტერფზე გადადებული ქრისტეს მაგალითად. ახლა მართლმადიდებლური ჯვარცმა გაიხსენეთ, კვადრატული პენტაგრამას, ადამიანურობის სიმბოლოს, უფრო უახლოვდება. თავიდან ხომ ეს ორსახოვნება იყო ჩაფიქრებული.

ამჯერად, ჩემს ოჯახში ბუნებრივად გაჩენილი ბავშვი იზრდება, მასზე არასდროს ამბობენ, რომ, სიტყვაზე, ნული მთელი ერთი დღისაა, დაბადებას აღნიშნავენ ერთისა თუ ორმოცი წლის იუბილესგან განსხვავებით, მაგრამ არასდროს აღიარებენ ნულობას. ნულობას, ჩვეულებრივ, -280 დღიდან მიღებულს, საიდანაც სხვა ციფრების სვლა იწყება და საწყისს უსახელო ასაკივით გაურბიან.
სიმართლე ვთქვა, ძალიან მინდა სუროგატი ქალი რომ ვიყო, წეროდ უშვილო წყვილებისთვის გადავიქცე და სისხლი გავაგრძელო, რადგან ვფიქრობ, ორსულობა სამსახური არ არის, არამედ მადლი. და თუ სამოთხე მართლა არსებობს და სამსჯავროდან ვინმე მკითხავს, სიკეთე რა მიქნია, – ვეტყვი: ოჯახები გავამრავლე, შეუძლებელია სულის დაბადება იყოს ცოდვა.
ჩანაწერს ხელოვნების შესახებ ნეოარისტოტელური დიალოგით გავაგრძელებ:
” – დედა, ღმერთი მართლა ყოვლის შემძლეა?
– კი.
– მაშინ შეუძლია თავისზე სრულყოფილის შექმნა?”

შვილი რომ მყავდეს..მელიტას!

ერთხელ ჩემმა უმცროსმა ვაჟმა მკითხა, რა მოსდიოდათ ადამიანებს სიკვდილის მერე. ვუპასუხე, რომ ვიმარხებით და ჩვენს სხეულებს ჭრილობებში მატლები ჭამენ. ვფიქრობ, უნდა მეთქვა სიმართლე, რომ უმეტესი ჯოჯოხეთში ხვდება და ცეცხლში იწვება. მაგრამ არ მინდოდა მისი წყენინება, – ასეთი ორმხრივი პესიმიზმით რომ დაიწყებ წიგნის კითხვას გერმანული პოსტომისდროინდელი ექსპრესიონიზმის არ იყოს, სადაც სიტუაციის კვანძი სტაბილური 166314_189449754402862_1897929_nუიმედობის მორიგი აქსესუარია და კვანძის გახსნისას აღმოაჩენ კვადრატულ უიმედობას.
უიმედობას, რომელიც ისეთ ფოფოდია პერანგში გაგახვევს, ბრიჯიტ ჯონსის ფართხუნა საცვლებს რომ შეეფერება და წერას დაგაწყებინებს, იქამდე, სანამ დახურული ოთახიდან ხმაური არ მოგესმება, არა და მხოლოდ ვიღაცის კატა შეგრჩება, შეიძლება უპატრონო კიბერ ცხოველი, თუ კიბერნეტიკულ ფილმებს უყურებ. წესით, ფილმებში კატის გამოჩენა თავგადასავლის დამწყები უნდა იყოს, მოდუნდები და სინამდვილეში რომელიმე მოჩვენება ან მკვლელი გითვალთვალებს, შენი ფოფოდია პერანგით იხედები საწოლქვეშეთში, ათვალიერებ სახლის ყოველ კუთხეს გულდასმით, არა და პერსონალური ჰორორი იმაშია, რომ თავგადასავალი არ გელის, სახლში სულები არ გყავს.
სულ მინდოდა კიბერ ცხოველის ყოლა, ამიტომ ანდროიდში ციფრული ბავშვი ჩავწერე, თითის ანაბეჭდის მონაცემებით, რომელიც რაღაც ლეველის მერე პირველად დაგიძახებს დედას. მელიტა დავარქვი მელიტას. უცნაურია, შვიდი დღის ცხოვრების მერე ნული კოლოგრამია, უყვარს იღლიებში ღუტუნი და აბაზანის ქაფი. ამ დროს თავის უკბილო პირს გააღებს და ხელებს პინგვინივით აფახულებს. ამ დროს სახალისოა, როცა საფენებზე საუბრებშორის შვილებიან მეგობრებს წარუდგენ: “ჩემი კი შვიდი დღისაა და ნული კოლოგრამია”, – ღიმილით და ყოველ ჯერზე ვაჩვენებ მისი თავის მოცულობის დიაგრამას. ამ დროს მათი ნამდვილი ბავშვები ჩვენს ფეხებში სარეველევებით იხლართებიან და ვფიქრობ, შვილი რომ მყავდეს..
შვილი რომ მყავდეს, უძილობას გამართლება მიეცემოდა და მომატებულ წონას, ძალიან ჩუმი და დაბნეული ვიქნები, თანამშრომლები ამბობენ, როგორც ნასტასია კინსკი იყო ოლივერ სთოუნის მოფიქრებულ სერბეთის ომშიო. შვილს რძეს დაულევდიო, ხელში არ დაიჭერდიო.
მაგრამ ძალიან სასაცილო..
აი, ანისთან რომ მივედი, თითეს რომ მეძახის და სათამაშო დათვთან ერთად ზედგამოჭრილი მაშაა, ჩაიფსა. დედამ ბავშვის გასაგონად მამას გადაურეკა და ბებიას: “იცი, ანამ დღეს რა ქნა? .. ჩაიფსა.” “ამხელა გოგოა”. ანი მორცხვად მომიახლოვდა და მკითხა: “შენ იფსავ ხოლმე?” არ მინდოდა ძალიან შერცხვენოდა და.. კი მეთქი. “მე კიდევ არა”. ისე გაუხარდა, ყველას მოუყვა. მე ვიდექი და მრცხვენოდა.
კიდევ მათთან ერთად თამაშები მახსენდება, წვენებით ან ალკოჰოლით ვწუწაობთ და სულ არ ვგრძნობ დისტანციურ ასაკს.
მაგიდაზე ორსულობის ტესტი მიგდია, გულის გახშირებული წასვლისა და ღებინების გამო. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. რეინკარნაციის იმედისთვის, იმედისთვის, რომ ჩემში შემოშვებით ჯოჯოხეთში მოხვედრილი თუნდაც ერთი სულის გადარჩენა შემიძლია, – მე ხომ მორწმუნე ვარ, – და ხავს ჩაჭიდებული ეგოისტური იმედით, რომ სიმფტომების გამო ორსულად ვარ და არა ავად.
ჩემი ძმა ყვება, რომ თავისი შვილი ექოზე ნახა, სულ მამიდას ჰგავს, მუცელში ჩემსავით გრძელი ფეხები ჰქონდა, ცარიელი ფეხები იყო. რომ დავიბადე, ჭოჭინით დავრბოდი, გავქანდებოდი და ფეხებს ავუშვებდი. ვიცინოდი, ისე მიხაროდა. კედელს შევეჯახებოდი და ვკვდებოდი სიცილით. ექიმმა თქვა, რომ ორსულად არა ვარ, მაგრამ არ იცის რა მჭირს. ძვირფასო მელიტა, მაინც დაგიხსნი.

lemon

 

ვაღიარებ, ზედმეტად მორიდებული ვარ. სავარაუდოდ მოჭარბებული სიფრთხილის გამო. ვუფრთხი საკუთარ სიშიშვლეს. მენტალურს და ფიზიკურს. მენტალობაზე მიხვდებით და მე ხომ ისეთი ანდროგენული ტანი მაქვს. სულ მრცხვენოდა ვინმესთან გახდის. ეს სირცხვილი კი იმდენად მაღგზნებს, გადავწყვიტე, მასზე დავწერო.

კიდევ მომწონს სწორხაზოვანი მკერდი და იქვე შრამი, მშიერი ძაღლივით ნეკნების მაღლა რომ მაქვს, და ხორბლისფერი თმით დაფარული თეთრი სხეულიც ისევე, როგორც ჩემი მორიდება.

ვამბობ, რომ ნაადრევად ამოსული ამდენი თეთრი თმაც მომწონს და ღვიძლისგან შეშუპებული თვალები. ჩავარდნილი მუქი კონტური ადის წარბებშორის ნაოჭზე.

ვიხედები სარკეში. კისერიც კი არაქალურია, ფართო და ყელთან მემჩნევა ხორხი. თურმე მარტო კაცებს არ უჩანთ.

მახსოვს, ადრე თუ ქუდი მეხურა, ბიჭს მამსგავსებდნენ. სიარულიც ჯარისკაცული მაქვს, – მძიმე და ურიტმო ხაზზე. მიუხედავად იმისა, რომ კაბები მომწონს, ფეხებგაშვერილი ვჯდები ლეფტოპთან. მაგრამ ახლა მოკეცილი ვარ. მოკეცილი მუხლებზე მიდებული ნიკაპით. არასდროს მიშლიდა სხეული ხელს ხალხის მოხიბვლაში.

ფოტო ობიექტივს ვაახლოვებ მუცელთან. ვიღებ თეთრ კანს, რომელიც გამხდარია, მაგრამ  უვარჯიშობით  მოშვებული. ვუღებ რამდენიმე ფოტოს თეძოებს, თეთრი ხაზები რომ გამოჩნდეს მკაფიოდ. მეცინება.

მეცინება გრაციოზულად. მუხლებჩაკეცით მჯდომარეს თუ მდგომარეს.

შემცივდა შიშველი დგომით სარკესთან. მიკანკალებს ხელები სიცივისგან და თითები.  ბალიშების შეტყუპვას ვცდილობ. ერთი. ორი. სს..

შევდივარ აბაზანაში და ცხელ შხაპში ვისველებ კანს. მეწვება, მიწითლდება და მტკივა.

მტკივა, მაგრამ ტკივილის გარეშე მე ვერ.. მეტად მტკივა. თითქოს რაღაც მეხამუშება.

მისივდება ზურგი სიმწრისგან, ხერხემალგაყოლილი ცხელი წვეთებისგან. ვიხედები მუცელზე და ვცდილობ მოვეფერო  ემბრიონს, ახლა ჩემნაირად რომ წევს.

საფეთქლები ყურში მიფეთქავს. მეუბნება რომ  შევიმშრალო.

ვიმშრალებ. ჩემი შუბლი ისეთი ფართო და ოთკუთხედია, თითქოს სახის ნახევარი მიაქვს. ვუყურებ ჩემს თავს სარკეში უკან ხელით გადაწეული თმით.

მაღალი შუბლი მელანქოლიური ტემპერამენტის ხალხს აქვთო. მომდის აზრი, რომ ჩემსა და ღმერთს შორის არის პაუზა.

იდეა მომდის.

ვიღებ წითელ ღვინოს, სისხლში რომ წავა, – შვილისთვის კარგია, ბევრი სისხლი ექნება. მე და ის ერთმანეთში ასე ვშუალდებით. ყოველთვის უშუალოდ ველაპარაკები, როგორც თანატოლს. მერე რა, რომ მხოლოდ მატარებელი დედა ვარ, საკუთარ შვილსაც ასე გავზრდი.

მიზეზი? ჩემი სუროგატობის? ფულს ვაგროვებ, რადგან თავად ვიყო დედა. დედა. დედა. ედა. დდედდა.

აი, უკვე მეორე ყლუპიც. ჯერ მუცელი არ მეტყობა ხომ? ჯერ პატარა ხარ. ჯერ არ მეტყობი. ჯერ. ჯერ.

ჰმმ.

მეღიმება იცი, რაზე? სიგარეტზე. მოვწერ ორ ნაპასს. მარტო ორს, გპირდები. შენი მშობლებიც ვერ გაიგებენ. ვინ ეტყვის? მე – არა. შენ? ჩვენ ხომ მესაიდუმლოები ვართ.

საიდუმლოს შენახვა ყოველთვის მიყვარდა. მეც შეგინახავ ხოლმე. გპირდები, ისინი თუ გაგაბრაზებენ, ნებისმიერ დროს შეგიძლია, აქ მოხვიდე და დარჩე. მიყვარხარ.

ამ კონსერვზე როგორ გამეჭრა ხელი. ვერც ვიგრძენი. სისხლი ისე მკაფიოდ მომდის. კარგია, ზედმეტისგან ვთავისუფლდები.

შიშველი ავდივარ ფანჯრის მოაჯირზე. ცალ ხელში ღვინით, ცალში – სიგარეტით და ვმღერი. მიყვარს როცა ვმღერი. ხალხს აკვირვებს ჩემი სიშიშვლე. და მერე სისხლის ლაქები ხელიდან.

უცხოელები გაგადიან ტროტუარზე. ერთი ამბობს, მე მესმის:

”She is so lemon”.

 ქართველებიც აძლევენ ბანს.

შევდივარ სახლში, ვსვამ ლიმნიან ჩაის და ვფიქრობ:

რა რეაქცია გექნებოდა, გაგეგო, დედაშენი რომ ვარ?

ჩემგან გექნება რამე?

მოიცა.  ჩუმად!

 მომავალი და წარსული აწმყოში შეხვდნენ. ნახევარმთვარის, სასაცილოა, ჩაბნელებულ სივრცედ მაქციეს.  არ მეშინია. შიში, რომელიც მიცავს, გათავდა.  ორსულობის ბრალია ალბათ.

მანდარინები

ჯიბეში მანდარინის ნაფრცქვენები და ბარაქისათვის რამდენიმე თეთრი.
ცივი ქსოვილისგან სლიპინა სარჩული და მრგვალი სივრცე მუჭისოდენა.
ხანდახან იყოფა სხვისი ხელები და ჩემსას,
მანდარინისგან გაყვითლებულ თითებს ეხება.
არ მაწყენინო, თორემ მე მოგკლავ.

ხანდახან გვამიდან დედის მოჩვენება ჩემში შემოდის და
ჩემ სხეულს ორი სულის სიმძიმე სტკივა
მახსოვს, მოაჯირზე დამდგარი დედაჩემის ფეხები და
მათ გადასარჩენად გაწვდენილი
ჩემი წვრილი ხელის წვივები.

მერე არ მახსოვს სავარაუდო პროცესიები,
შესუნთქებული შავ კაბიანთა ნახშიროჟანგი,
მე კი მას მერე ჯიბით დამაქვს მანდარინები,
ის არ უყვარდა დედას და მგონია ნაკლებად მოდის ჩემში
მანდარინის სუნიან კანში.

– ალო, ორსულად ვარ.


ფორმალისტები გაუცხოებას მძაფრად აღიქვამდნენ. წარმოდგენის გამოსახატავად ზოგმა ზაუმიც შემოიღო. ჩემი გაუცხოებაც ზაუმურია. მოკლედ, მე და სანდრო ხიდის ქვეშ გავძვერით. ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის, მე კი მას თითქოს პირველად ვხედავდი კადრებად.
რეინკარნაციის სჯეროდა.
– იცი, რეინკარნაცია ვინ მოიგონა?
– ვინ?
– კაენმა. სიკვდილის გამოგონებით სიკვდილი დაბადა, გაუცხოება და ახალი შანსი. ბიბლიაში ორი დაჩაგრული პერსონაჟია.
– მეორე ვინაა?
იუდაო, მიპასუხა. მაკოცა და გავიდა.
სანამ ადუღებდა ჩაის, მეგობრის ნათქვამი მახსენდებოდა, რომ კოცნას მუღამი მაშინ ჰქონდა, როცა თავშეკავებით იყო გამოწვეული და ქორწილის დღეს ხდებოდა პირველად. მე კი უპასუხო კითხვა გამიჩნდა, პირველ კოცნასა და ბოლო კოცნას სხვაობა თუ ჰქონდა. წრიული ემოცია მქონდა, ყოველ მომენტს აღვიქვამდი როგორც პირველად ქმნილს. და როცა ვუშინაურდებოდი, საუბრის დროს მონოლოგს უნებურად ვწყვეტდი და ვუცხოვდებოდი. მერე ისევ თავიდან. ჰო, მე შევჩვევა არ ვიცი.
ყველაფერი უკეთესობისკენ იყო. ამის დამადასტურებელია ხალხის თვალში იუდას კომპლექსი, რომელსაც გამართლებას უძებნიან: სიბოროტე რომ არ ყოფილიყო, სიკეთე ვერ იშვებოდაო. ჰოდა, ჩვენც ვცოდავთ, ან როგორ შეიძლება ცოდვა იყოს ის, რითიც ბავშვის კეთება შეიძლება. მაგრამ ეს ისე მოხდა, უნებურად.
მეორე ღამეს თერმომეტრი დამესიზმრა, სიცხეს ვისინჯავდი და 37 გრადუსს თუ მიაღწევდა, ორსულად ვიყავი. რა კარგი სიტყვაა ორი სული. დამძიმებულ ფეხს ყოველთვის მერჩივნა. თითქოს მამა დამდევდა მოსაკლავად, მე კი ბავშვის მოსაკლავად მივდიოდი, სანამ მამა დარწმუნდებოდა და მართლა მომკლავდა.
გაღვიძებისთანავე გავარკვიე სად აკეთებენ აბორტს და სად ვიყიდო ორსულობის ტესტი. მე კი გული დამწყდა, აქამდე რომ არაფერი ვიცოდი.
საღამოს მეგობარმა მომიტანა ელესდი. მეგონა აქამდე საკუთარი თავი არასდროს მენახა, მიწა კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მიყვიროდა. მიწა ერთი დიდი ყური იყო. თანამედროვე დედამიწას უყვარს მაშტაბები.
მეორე დღეს მენსტრუაცია გადამიცდა. ნერვიულობისგან ჭამას ვუმატე. ერთი დღე არაფერია მეთქი, ვფიქრობდი. წარმოვიდგინე, აპკიანი თვალებით ბუნდოვნად რომ ხედავს და უცხოობას შეუხებლადაც გრძნობს. მამა მოდის და მკლავს. რეინკარნაციის მომლოდინე ბავშვები კი გაწბილებულნი რჩებიან. რიგმა არ უწიათ. რიგით პირველი კი ბოლოსკენ ინაცვლებს. ახალ ჯერს ელოდოს. ყველაფერი უკეთესობისკენაა და რომ გაჩნდება, შეჩვეული იქნება მოთმენას. სულსწრაფი არ იქნება. შემდეგ ცხოვრებაში მეც ასე მომექცევიან.
– დედა, მამა, მადლობა, რომ გამაჩინეთ. ალბათ ლოდინი ჯოჯოხეთია. მაგრამ მე მაინც ვიკეთებ აბორტს. რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს. უკვე გაჩენილ ბავშვებს ავიყვან.