ო და დაკარგული გასაღების ძებნაში

img_20170214_0024-copy

არის ამერიკული ტვ შოუ, სადაც შუა ხნის კრიზისიანი მარტოხელა დედა შვილის კოლეჯში გასაშვებად უშედეგოდ ეძებს სამსახურს ბრუკლინში. საგამომცემლო ბიზნესში თავს ახალგაზრდა ქალად გაასაღებს და მუშაობას იწყებს ისეთ ავტორთან, როგორიცაა ჯორჯ მარტინის კარიკატურული პერსონაჟი. როგორც ხვდებით, შოუ მარადიულ ახალგაზრდობაზეა და როცა ბებერი ავტორი ბალზაკის ასაკში გადავა, ახალგაზრდა ქალის ფსევდონიმით ეროტიკულ დეტექტივს დაწერს იდეალურ ო-ზე ანუ იდეალური ორგაზმის ძიებაზე. მისი პერსონაჟი ქალი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კავდება სექსით, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციებს სთავაზობს. თუმცა იდეალურ ო-ს იგი საკუთარ თავთან, მასტურბაციის დროს მიაღწევს. 1 მხრივ, ამ ქალს თავიდანვე ჰქონდა ის, რასაც ეძებდა. II მხრივ, უნდა განვითარებულიყო პოვნისთვის. აი, სულ მიკვირს ზრდასრული ადამიანების წუწუნი, რომ სინათლეში ვერ იძინებენ, ხმაურში ვერ მუშაობენ. იგივეს გრძნობს ქალიც როცა ორგაზმს ვერ იღებს, ანუ პრობლემა კონცენტრაციაშია. ასეთი პრობლემები, ძირითადად, პატარა ასაკში გვაქვს, მერე ვსწავლობთ მედიტაციას და ჭრელ ნახატებში ვცდილობთ თვალი რომელიმე აკვიატებულ ფერს გავაყოლოთ, ისე, რომ კონცენტრაცია არ შეგვიწყდეს და საბოლოოდ, სინათლეშიც ვიძინებთ. ან მრავალინსტრუმენტიან ჯაზში რომელიმე სუსტ ინსტრუმენტს გამოვარჩევთ და მხოლოდ მისი მელოდიის ხმას ვიღიღინებთ. ამის მერე ხმაურშიც დავიძინებთ. ორგაზმიც ხომ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ეროგენული ზონების ერთ წერტილში გაერთიანება.

დავფიქრდი და დაკარგული გასაღების ძებნაც ასეა. გასაღების არაფროიდული გაგებით, უბრალოდ გასაღების. რადგან ჩემს ცხოვრებაში იშვიათია დღე, როცა ზუსტად ვიცი სად დავდე იგი. იმისთვის, რომ შარვალის ჯიბეში აღმოვაჩინო, მთელი სახლი უნდა გადავქექო და ორიოდე ადგილას დავრეკო. ამიტომ მგონია, რომ ერთგვარი time loop ფუნქცია აქვს ჩემთვის გასაღებს. ვერ გამიგია, პირველად იყო დაკარგვა თუ პოვნა. დღეს კი ამ გასაღების ძებნაში საბუთების ქვეშ ძველი რენტგენის სურათები აღმოვაჩინე. ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი სხვადასხვა დროს პოზირებული ჩემი ჩონჩხი, მაგრამ ამჯერად დავფიქრდი: “ჰოო, თურმე ასეთი ვიქნები როცა მოვკვდები”. ვილჰელმ რენტგენისგან წოდებულმა იქს სხივებმა მომავალზე დამაფიქრა, როგორ ვიწვები კუბოში ტყავს მოცილებული ძვალი, ხოლო მანამდე მაცივარში პანაშვიდის დროს როგორ ვგავარ საკუთარ აიდი ფოტოს. აიდი ფოტოებიც ხომ სტრუქტურის გამო არ მოგვწონს, რადგან ჩვენს დეპროპორციულობას ავლენს, სილამაზე კი პროპორციაშია. ამიტომ ვმანჭავთ სახეებს ფოტოგადაღებებისას კოცნის თუ სიცილის იმიტაციების, სათანადო რაკურსების დაჭერებით, რადგან ჩვენს იმ აიდი ფოტოებს სპეციალურად უპროპორციულობით გავექცეთ, რომლებიც ბუნებრივ უპროპორციულობას გვიფარავს ანუ თავებს მკვდარ მდგომარეობებში გვაჩვენებს. სად წავიდა წყეული გასაღები?!

ოდინა


კარლ რეიხენბახმა ოდი აღმოაჩინა, სახელი ნორვეგიელი ღმერთის ”ოდინას” საპატივცემულოდ დაერქვა. ის შეგრძნებადი გამოსხივებებია, რომელსაც სხეული გამოყოფს. ადამიანის მარჯვენა ნაწილი მოცისფრო სხივებს უშვებს და მარჯვენა ხელის მსგავსად მინერალურ მაგნიტზე დადებითად მოქმედებს, როცა მარცხენა მხარე მოწითალო სხივებს ასხივებს.

ქალი და კაცი მას სხვადასხვანაირად გამოყოფს. ჯანმრთელი მკვეთრ ფერს გამოყოფს, ავადმყოფის ოდა ბჟუტავს. მას ასხივებს ყველა ორგანული თუ არაორგანული ნივთიერება. ადამიანში ქიმიური გზით წარმოიშვება და ქვედა ნაწილში მეტად მოყვითალოა, ზემოთ – მოცისფრო. ავადმყოფ სხეულში – მოყვითალო. მას ფოტოგრაფიური ფირების გაბუნდოვნება შეუძლია. ცოცხალი ორგანიზმის სითბური და ელექტრონული სხივებია.

შეგვიძლია მისი აღებაც და გაცემაც. თავის ინდივიდუალურ თვისებებს მაინც არ კარგავს, სხვა ორგანიზმს რომ გადაეცემა. სიფაქიზის გამო მკვეთრ საგნებშიც აღწევს. ხეებში, მაგალითად. მაგნიტურ რაპორტიტას შეიძლია ზიანი მიაყენოს იმ ადამიანს, რომელიც ასხივებს. ადამიანები ოდიური გამოსხივებებით მანიპულირებენ და მის ოდის ფიგურაში სვამენ, ფიგურას ჩხვლეტენ და იციან, რომ იმ ოდის მატარებელ პიროვნებას სტკენს.

ფიზიკური აღგზნება აძლიერებს ოდურ გამოსხივებას. სიბნელეში მოხვედრილი თვალი ნელ-ნელა მეტად ასხივებს და ადამიანებს ხედვა შეგვიძლია. ადამიანები ვართ მისით დაკავშირებულნი. მეტიც, ის ჩვენს ინდივიდუალობას უდევს საფუძვლად. ”ყველა ორგანული და ფსიქიკური თავისებურებანი, რომლებითაც ცოცხალი არსებები გამოირჩევიან ერთმანეთისგან უეჭველად იდიური თვისებაა.” (დიუ პრელი). თვლიან, რომ ის უკანასკნელი რგოლია, რის გამოც შევდივართ უხილავი ფიზიკის დარგში. მაგები აკეთებენ ისე, რომ შინაგანი ოდური ადამიანი შეუერთდეს ბუნების საგანთა ოდურ არსებას. აღიქვას მათი გავლენა და შეძლოს ზემოქმედება.

მატერიას გააჩნია სხივების თვითჩასახვის უნარი. ჩასახული ოდა შეუნარჩუნებლივ გამოსხივდება და შეუჩერებლივ აღდგება. თუ ოდის დანაკარგი მისი აღდგენის პროპორციულია, სხეული ჯანმრთელია. სექსის დროს ყველაზე დიდი რაოდენობით სხივდება და ორგანიზმი მისგან სუსტდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოდების გაცვლა თვისებების გაცვლასაც იწვევს. მისგანაა, რომ ცოლ-ქმარი დროთა განმავლობაში ერთმანეთს ემსგავსება, როგორც ფიზიკურად, ისე თვისობრივად. ამის გამო სახიფათოა შემთხვევითი კავშირები.

მისი გადაცემა შეიძლება ხელის დადებით, სუნთქვით. ჭარბი ოდის შემთხვევაში ავადმყოფებს უწილადებენ ხოლმე. ოდის შეკავება არ შეიძლება. სასიცოცხლო ენერგიასთან შედარებით შეიძლება გადავცეთ შეგრძნებებიც. ბავშვის ჩასახვის წუთებში რა შეგრძნებაც არის, ბავშვზეც გადავა. დედები ასევე იყენებენ ოდიებით აღზრდის მეთოდს. ძილის დროს შვილებს ცალ ხელს თავზე დაადებენ, მეორეს – ხელებზე და ყურში რჩევა-დარიგებებს ჩასჩურჩულებენ.

ის ძირითადად თმიდან, ფეხებიდან და ხელებიდან გამოიყოფა. განსაკუთრებით შუა, ცერა და საჩვენებელი თითებიდან. ოდური ალი ოდურ ღრუბელს გავს. მბრწყინავი ნათებაა, რომელსაც სენსიტივური პირები ხედავენ. წმინდანი ადამიანის გარშემო ოდური ალია.