ჩუმად! ანუ ხედი ჩემი ფანჯრიდან

kinopoisk.ru

ეს მოხდა პეტერბურგში, როცა ცივილიზებული ქალაქის ფანჯრიდან პროვინციული ხედი მოჩანდა, პეტერბურგი იუბილესთვის ემზადებოდა. ვიკტორ კოსაკოვსკიმ ერთი წელი გაატარა ქალაქში, სადაც გზებს აგებდნენ. სახლის პირობებში ფანჯარასთან დააყენა კამერა და მთელი წელი ჩართული ედო. იმიტომ, რომ არქეოლოგები იმ უძველესი ცივილიზაციის “ზაცეპკას” ეძებენ, რომელსაც ამ ქალაქში არასდროს უარსებია. ძიება ავარიულ სისტემებს არღვევს და ძველი კულტურის მაძიებელი ქალაქი დიდ სოფლად იქცევა, სადაც საკანალიზაციო მილებიც კი დარღვეულია. ჩემნაირი ანტიპატრიოტი ვერარსებული გრაალის ძიებამ იმდენად ჩამითრია, საათნახევარი უსიუჟეტო ფილმს ვუყურებდი თხრაზე. ისე, შემთხვევით, გაბურღულ ხმებში მოწანწალე ძაღლების ყეფის ფონზე მოცეკვავე შეყვარებულები წვიმაში თუ ერთმანეთს დამყნობილი (სიტყვა არ შემშლია) მთვრალი ამხანაგები ათხრილ თუ დალაგებულ გზებზე ჩაივლიდნენ. ფილმი მაცხოვრებელი მოხუცის სასოწარკვეთილი ყვირილით სრულდება: ჩუმად იყავით! ჩჩჩუ!!

რომ მოხდეს თბილისში, ჩემს ფანჯარაზე კამერა რომ დავდო და ფილმი გადავიღო, უმუშევარ კაცებზე იქნება, დილას ნაბახუსევიდან რომ გამოდიან და საღამოს თვრებიან მემწვანილე ცოლისგან მიღებული ფულით, შვილს პურის ყუის ნაცვლად სატყუარა რომ მიაჩეჩა. იქვე პატარა ბავშვი ირბენს, ცოტა ხნის წინ რომ თმა გადაპარსეს, ტილების გამო – არა, სიმსივნე აქვს. მერე მამამისი თავს ჩამოიხრჩობს და პანაშვიდია. მერე მეზობლები იტყვიან, თვითონაც ავადმყოფი იქნებოდა ტვინით, თორემ ასეთ ცოდვას ჯანმრთელი ფსიქიკით როგორ ჩაიდენდაო. გალაკტიონიო? ეგ სხვაა, ეგ გენიოსი იყოო. რამდენჯერმე პოლიცია მოვა, გადმოსვლის პირველი დღე მახსოვს, სახლში ყუთები რომ ამოგვქონდა, ტელევიზორი ჩავრთეთ, ჩვენს უბანზე გადიოდა, ვიღაცა გაიტაცეს, დაჭრეს, გამოძალეს, მოკლეს, გაქურდეს. იმის მერე კიდევ რამდენჯერმე მოვა პოლიცია და მე ძილი გამიფუჭდება მთვრალი ხალხის სიმღერისა და დაცვის სირენების ხმებში. იმის მერე ბავშვები რამდენჯერმე გადმოეკიდებიან სარეცხის თოკებზე, თავიდან რომ მეშინოდა და მერე რუტინად იქცა. მერე ის სიმსივნიანი ბავშვი მოკვდება, მამალი ღამის 12 საათზე აღარ იკივლებს, ეტყობა დაკლეს. აქა-იქ მშენებარე ეკლესიის ზარები, მემწვანილე ცოლი იყვირებს, რომ ნისიად არ იძლევა, ჩამოტარებული მაწონი და ნაყინი მუსიკალური მანქანით. თავი რომ მოვიკლა, ან ავადმყოფი უნდა ვიყო, ან – გენიოსი. ფანჯრიდან გახედვისას გაიღიმეთ, იქნებ საიდანმე ჩიტი გამოფრინდეს. ჩხრკ.

მაგრამ ის უფრო საინტერესოა, იმ შემთხვევაში რას ვნახავთ, კამერა მეზობლის ფანჯარაში რომ მოთავსდეს და მე ვჩანდე: როგორ ამოვდივარ ღამის ორ საათზე სამსახურიდან იმდენად დაღლილი, რომ მგონია, ტანგაუხდელად იქვე მივწვები, როგორ გავდივარ მეორე დილით ათ საათზე სახლიდან ყოველ კვირა ახალი თმის ფერით და ვბრუნდები ყოველ საღამოს ახალი მანქანით, იმაზე გვიან, ვიდრე სამსახურიდან ვბრუნდები ხოლმე, როგორ მძულს სახლი. დარდისგან ძალაგაცლილი დედა როგორ მხდის ჯინსის ქურთუკს და მეორე დილისთვის აივანზე ფენს. როგორ ვფიქრობ, რომ მიყვარს სახლი. დამინახავს შიშველს ფარდების იქით და იფიქრებს, რომ აგვისტოს მერე წონაში მოვიმატე. მხედავს, როგორ ვხატავ ტუშით ტილოზე, ნერვიულობისგან ვისისხლიანებ ტუჩებს, მერე მომდის აზრი, დახატულ ქალს ტუჩები სისხლით გავუფერადო. შუაღამისას მაკითხავენ ნაცნობები სახლთან, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, ანეგდოტის მოყოლა დაგვავიწყდაო. მე სულ მეცინება, ტირილის დროსაც კი. აუცილებლად კომპიუტერის მაგიდასთან ვსაუზმობ და ახლაც დამინახავდა რომ ვწერ, წარბშეყრილი მიმიკებს ვიცვლი. სულ მინდოდა ვინმეს ჩემი ცხოვრება გადაეღო, სხვის ცხოვრებას როგორ ვიღებდი.

და ბოლოს, “ჩუმად” მართლა საინტერესო ფილმია ყოფაზე, როცა გათხრების გვერდით შეგიძლია შენიშნო ყმაწვილი გოგოს რომ უცდის და მაწანწალა ძაღლი რომ მიუვარდება კბენით ან  როგორ თამაშობენ ბავშვები დარჩენილი სამშენებლო ნივთებისგან. ჩემი ძმა გამახსენდა, ხელში პირველი კამერა რომ ჩაუვარდა და მეზობლის გოგოს ფოტოებს უღებდა, მერე მთელი ეს ცხოვრება ერთ ფაილად შეუკრა და ფეისბუქში მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა, თუმცა იმ გოგომ არ დაამატა და ფაილიც გაგზავნის გარეშე დარჩა. და უფრო ბოლოს, ვიკტორ კოსაკოვსკიმ კიდევ ბევრი რეპორტაჟი გადაიღო, მაგალითად, ანტიპოდებზე: წრიული დედამიწის პარალელურ ადგილებზე, მაგალითად, არგენტინა და ჩინეთი ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეებში იმყოფებიან, იღებს და ადარებს. ფანჯრიდან ვიხედები, ვერ არსებულ მეზობელს ხელს ვუქნევ. ნეტავ, ჩემი ანტიპოდი რას აკეთებს?

ჩემი მეორედ მოსვლა

და მეექვსე დღეს ადამიანმა შექმნა ღმერთი. მეშვიდე დღეს დაისვენა. მერვე დღეს მოკვდა.

რასაც გვასწავლიდნენ ყველაფერი პირიქით შეიძლება. საქმე იმაშია, რომ ღმერთის საქმე ადამიანმა გაიმეორა და ყველაფერი კვლავ ”იქმნეს ნათელიდან” დაიწყო: პრიმატმა ცეცხლი გამოიგონა. ბუნტი განათლების სისტემაში იქნებ მერვე დღეს მოხდა ან მეშვიდე დღე ჯერ არ გასულა. თუ ჩვენი ცხოვრება ღმერთის დასვენების ხანაა, მერვე დღე -”მეორედ მოსვლა”. კვირის დღეების არსებობა მიდის იქითკენ, რომ წრეში იტრიალოს, მაგრამ იქნებ სწორხაზზე მიდის: …7…8… პირველი ადამიანი და მეორე ადამიანი. დრომ ჩაიხვია და ისევ პირველ-მეორეზე ვართ. მართლამადდებლები ხომ პირველცოდვას სიმბოლურ ხასიათს ანიჭებენ და დანარჩენი მილიარდი ადამიანი ამ ცოდვით იბადება. იკვრება ისევ წრე, რომელშიც ყოველი ადამიანი სამოთხეში ნამყოფია, შეცდუნებული და გამოძევებული. ამით იხსნება უსამართლო, გენეტიკური დასჯა ცოდვისთვის.

დავანებე სტატისტიკას თავი რამდენი ადამიანია ცოცხალი, რამდენი კვდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი არის ორი, შესაბამისად, რამდენი ადამი და ევაც იბადება, იმდენი ქრისტე კვდება და არაა აუცილებელი დალურსმნული. აქვეა გოლგოთას მისტერიაც. ქრისტე მოკვდა იქ, სადაც ადამი მოკვდა. ხატები ქრისტეს ფეხთ გამოსახავენ ადამის თავის ქალას და სასწაულებრივ დამთხვევად თვლიან. ქრისტეს ცხოვრების ლოგიკით გავიგებთ სად დაიბადა ადამი.

არსებობს რვიანის შიში. ამას ოკტოფობია ჰქვია. ის არა მხოლოდ მოხაზულობის გამო ასოცირდება უსასრულობასთან(თან არც თუ უმიზეზოდ), მისი შინაარსიც საბედისწეროა. ასტროლოგიაში რვიანს ცოდვის გამწმენდი დანიშნულება აქვს. შეესატყვისება მორიელის ზოდიაქოს. ასოცირდება სიკვდილთან და ტრანსფორმაციასთან. პირველ რიგში, ეს ეხება ემოციურ და გრძნობად მხარეებს.

საკრალური რვიანით დაბადებული ადამიანები თავიდან სიყვარულს კი მუცელში გრძნობენ, მაგრამ იზრდებიან და ბურთად ეჩხირებათ ყელში. ის განწყობაა. განწყობის მიხედვით კი ვხვდებით ადამიანისგან რა გვინდა. ამის მიხედვით, სიყვარულში ემოციებისა და გრძნობების განშტოებებია. ურთიერთგაგებაა დამოკიდებული ემპათიაზე. სექსი უზრუნველყოფს ურთიერთობაში ჩაბმულთა კომუნიკაციას, იმიტომ, რომ ის ესმის შემტყობინებელსაც და დიალოგი მონოლოგური ხასიათისაცაა. სხეულის ენა სიტყვის აღმნიშვნელობით ფუნქციას ასრულებს. რვიანის თანმდევ ადამიანთან ურთიერთობა მძიმეა, რადგან გარდაცვალების ამინდი თან მის პარტნიორსაც გადაედება.

პირველად მეორედ მოსვლაზე რომ წავიკითხე, მთელი ბავშვობა მეშინოდა წვიმის. წყალი წარღვნასთან ასოცირდებოდა. ასევე ჯოჯოხეთიც ცხელი წყლით სავსე მეგონა და ძალით ვიწვავდი სხეულს წყლით, რათა ჯოჯოხეთს შევჩვეოდი. რელიგიური აღზრდის მსხვერპლი ვარ, როგორც უამრავი პოსტსაბჭოთა ადამიანი, თავისუფლება რომ მოიპოვა რწმენაში და ყველაფერს ედება. რვიანიც წყალთან ასოცირდება.

იმ თაობაში ვცხოვრობთ, სადაც არსებობა ფაქტებს გაუთანაბრდა, თუ თავიდან წარმოიშვა კვერცხები, მერე – დედამიწა, არსი წინ უსწრებს ფაქტს. ეს თაობაა, ვისთვისაც ღმერთი და რელიგია სხვადასხვა ცნებებია. მასობრიობას ინდივიდუალური რელიგია ჩაენაცვლა. რწმენა კი მაშინ ხდება მასობრივი, როცა ადამიანთა ქმედება ერთ სოციალურ ხასიათს ატარებს იგი ხშირად ინდივიდუალურადაც სრულდება, რადგან ჯგუფის გავლენა ინდივიდზე სხვადასხვა გავლენას ახდენს. მასობრიობა აღნიშნავს განცდების დროულობას, რომლებიც ადამიანთა დიდ რაოდენობას მოიცავს და ურთიერთობის პროცესში აღმოცენდება. ღმერთია შესაძლებლობა სუბიექტის ობიექტურობამდე აყვანით და სამყაროს ღმერთის პერსპექტივიდან დანახვის.

ქრისტემ თავისი გასხივოსნებით ადამიანის პოტენციურ ღმერთობას გაუსვა ხაზი. და ჩათვალა, რომ სიკეთე და ბოროტება სულაც არაა ინი და იანი. ღმერთია შემოქმედი სატანისაც, ოღონდ მისი დაუსრულებელი სახით, რომელიც პოტენციად ჩაედო ადამიანს. აქვეა ბიბლიაში ნათქვამი ადამის შექმნის მეექვსე დღე და ექვსი, როგორც სატანის რიცხვი. და რა იქნება მერე, თუ გველი მართალია ევასთან და ადამიანს ღმერთობა შეუძლია. ადამიანი უკვე ღმერთის ოპოზიციაა. ოპოზიცია კი იდევნება. ისევე როგორც მემარცხენეები. ცაციათა გარიყვა ბიბლიიდან მოდის: მარჯვენა მხარეს დაჯდომის, დაყენების გამო. სწამთ, რომ ღმერთის მემარცხენე სატანაა, ისევე მემარცხენული თვისებებით, როგორც თავად მისი არსება: ჯვრის უკუღმა ჩამოკიდებით, ლოცვათა უკუღმა წაკითხვით. მემარცხენეებს ერთ დროს კოცონზე წვავდნენ, დევნიდნენ.  სხვა ქვეყნებში კი ცნობიერზე ზეგავლენით ამ თვისებას უხშობენ. ეს მათ ფარულ ცაციებად ქმნის. თავს უჩვეულო ქმედებისას ან ემოციური აღგზნებისას იჩენს. სხვაგვარადაა იაპონურ ფილოსოფიაში, საპატიოა ცაცია ადამიანი. და თუ ინი და იანი ღმერთისა და სატანის ძმობას აღიარებს, ერთ მემკვიდრეობაზე თანაბარუფლებიანი ბრძოლა მიდის და პრიორიტეტი მეორედ მოსვლისას არც ერთ მხარეს ეჭირება.

მე არ მჯერა ათეისტების არსებობის, რადგან -ისტის არსბობის არ მჯერა. -ისტი ჯგუფს ქმნის. ჯგუფი, მათ შორის რელიგიურიც, სიყალბეა. ყველა ადამიანს სწამს: ზოგს იდუმალი ბუნების, ზოგს სამყაროს ერთიანობის, ზოგს საკუთარი არსებობის, თუნდაც ტექნიკის გჯეროდეს და მისი მამოძრავებელი ძალის, მაგრამ აქაც განსხვავდება რწმენა და დაჯერება.

ლოცვის დროს არ ვიჩოქები. ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა. ყველაზე მოხერხებულ პოზაში ვჯდები და საკუთარ თავს ვეთამაშები ჭადრაკს. არც გალობის მოსმენა მიყვარს, მაფხიზლებს. თუ ადამიანი პოტენციურადაა ღმერთი, ერთმანეთზე უნდა ვილოცოთ. ვცხოვრობ საქართველოში. მიკვირს რა საჭიროა ჯარის არსებობა. ვერც ერთი მეზობლისგან თავს მაინც ვერ დავიცავთ. ტყუილად მოვკვდებით და მაინც უნდა ჩავბარდეთ. აბრაამის კომპლექსები გვაქვს. გვგონია ღმერთი გამოგვეცხადა და მისთვის და სამშობლოსთვის შეწირული გმირები ჩვენი შვილებია. მსხვერპლშეწირვა კი ქრისტეს მერე არ არსებობს. სისხლი მენტალობითაა ჩანაცვლებული და მეორე ფიზიკური ლოყის სინდრომი მენტალურობის დაცვის საშუალება.

აჩვენებენ პატრიოტულ ფილმებს. ერთმა ტიპმა მტერი როგორ დაგვიხოცა და მატერიალური საზღვრები ჩვენი სალოცავია. ვტრიალდები ბალიშისკენ. არ ვთვლი გმირებად და არ ვუყურებ ტელევიზორს.