სინტოისტური საკურთხეველი ანიმეების მიხედვით

იქნება ეს მიაძაკის თუ სხვა სინტოელთა ანიმეები, შეიძლება თვალი მოვკრათ პატარა ხის სახლს, რომელზეც არის გამოსახული დრაკონები, ჩინური ფენიქსები, კიდია სარკე და სხვა მისტიური ნივთებია განლაგებული. მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს არის კლასიკური იაპონელის სალოცავი ადგილი და, ძირითადად, ჭურჭელთან ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობებზე იყიდება.

1240

1. 標縄・注連縄・七五三縄 სიმენავა ანუ ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი, რომელსაც ზიგზაგისებურად აკრავს თეთრი ქაღალდი – სიდე 紙垂, 四手. რაც სიმბოლურად სუფთა სივრცეს განასახიერებს, კამის მყოფადობას ადგილზე.
2. იაპონური მარადმწვანე საკაკი 榊 თავის ჭურჭელთან ერთად. ითვლება, რომ ეს მცენარე ღმერთებს იზიდავს.
3. კაგამი 八咫鏡 ანუ წმინდა სარკე, რომელიც გვახსენებს გულისა და ფიქრების სიწმინდეს. მოკლედ, ამატერასუს 天照大神 , მზის ქალღმერთს განასახიერებს.
4. მიძუტამა 水玉「みずたま」 არის სავსე წყლით.
5. 皿「さら」სარა – ლამბაქი ბრინჯისთვის.
6. სარა – ლამბაქი მარილისთვის.
– ეს ორი ფიზიკური და მორალური ზრდისთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებს.
7. 瓶子「へいじ」ჰეიძი – ბოთლი საკეთი お神酒.
8. 灯籠、灯篭、燈籠、燈篭「とうろう」ტომიო, ტორო ანუ წმინდა გამწმენდი ცეცხლი.
9. 神殿「しんでん」სინდენი ანუ ღვთის სახლი.
ამის გარდა გვხვდება ო-ფუდა お札「おふだ」მფარველი ანგელოზების სიმბოლოები, სადაც ალაგებენ იარაღს, გარდაცვლილთა პორტრეტებს და მსგავს გადაუყრელ ნივთებს.

159392_original

როგორც წესი, ეს სახლის მაკეტისმაგვარი საკურთხეველი სასტუმრო ოთახის კარების თავზე იკიდება და სინტოელს ტაძარში წასვლა აღარ ევალდებულება. ლოცვის წინ ჯერ ტაშს შემოკრავენ, რომ მიიზიდონ სულები, შემდეგ ჩუმად ლოცულობენ. ხმამაღლა ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია. სხვა მსხვერპლშეწირული საკვები, ძირითადად, ქვირითი ან კვერცხია. ყოველ ტაძარს საკვების მომზადების და მირთმევის თავისებური გზა აქვს. ზოგადად, სინტო რიტუალებითაა აწყობილი.
მიმაჩნია, რომ სახლუკა კამიდანა ყველა იაპონიის მოყვარულმა უნდა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ სინტოს ეგოისტურად მხოლოდ იაპონელი  ღმერთები ჰყავს.

მე აღარავის მოვახატინებ თაბაშირს

დამისპოილერეს, რომ ლი ტრამვების მერე გახსნის ლოტუსს, მე კი გაარასთან შედარებით, რა მიჭირს, დამიწებულია მხოლოდ ცალი ფეხი. ამგვარად, ოთხი კედელი გავარღვიე და ორი ყავარჯნით სიარული ვისწავლე. რაც თავის თავზე იღლიებმა იტვირთეს, ერთი შეხედვით, ყველაზე გამოუსადეგარმა სხეულის ნაწილებმა, სუნი აქვს, ეღუტუნება და ეპილაციისას თუ დაუწყებ ყურებას, კრიტიკულ სიტუაციაში კი მთელი სხეული ასწიეს. პირველი პრობლემა, რასაც მკურნალობისას წავაწყდი, სამსახური იყო. სამუშაოს გაცდენებმა უხელფასობა წარმოშვა, ხოლო მთელი დანაზოგი ჯანმრთელობაზე წავიდა.
მეორე პრობლემა მოტეხილობისა და ჰემატომის გამო დახურულ სივრცეში მშობლებსა და მეგობრებზე დამოკიდებულება გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ მამშვიდებდნენ, აწი ნარუტოსთვის მეტი დრო დაგრჩებაო, და მეც თავს ვიმშვიდებდი, რომ თაბაშირი მშვენიერი ეპილატორია, ლოგინში საკვების მორთმევისა და ხელში აყვანით გადაადგილების მომენტი ორივე მხარისთვის დისკომფორტულია. მაგრამ ანნა ბლუმი რის ანნა ბლუმი არის მეთქი, ყავარჯნებზე აზიდულს ტყეში არ ერბინა და მთიულეთში თოვლში მოპენტილი ენძელების მოსატანად გავიქეცი. დისკომფორტის კომფორტში გადასატანად კი მეგობრებმა ყავარჯნებზე ჯოხები დამიტაკეს და ულაზერო ვარსკვლავური ომები გავმართეთ.
მესამე პრობლემა, რასაც ქუჩაში გასვლისას მეგონა წავაწყდებოდი, თბილისური ინფრასტრუქტურა და ხალხი იყო. საბედნიეროდ, ზოგი დაწესებულება და მადლობა მათ, ჩემნაირი პირებისთვის უკიბო მისადგომს გვთავაზობს, რადგან ჯერ კიდევ მიჭირს ყავარჯნებით კიბეებზე ასვლა, განსაკუთრებით ისეთ წვიმიან ამინდში, თან ღამე, როგორიც გუშინ იყო. ამ დროს ყავარჯნების სიმაღლე იღლიებთან შედარებით მაღალ საფეხურზეა და რეზინა ჯოხების ბოლოებში შეიძლება ისე გაცურდეს, ვერ დავინახო. რაც შეეხება ქუჩაში ხალხს, ჩემი ტანჯული სიარულის ჟამს ბევრი მათგანი გავიცანი, თურმე ზოგს გამოუცდია ტრამვული მდგომარეობა და ყავარჯნებთან დაკავშირებით რჩევებსაც მაძლევდნენ. კარგებსაც და ასეთებსაც: თურმე საქართველოში ჩაი, როგორც კონტრაბანდა, ნიკო მარის შემოუტანია აღმოსავლეთიდან და ეს აკრძალული ბალახი ყავარჯენში ედოო, – პაპაჩემმა. მესამე სურათზე, თუ კარგად დააკვირდებით, კავკასიონი ჩანს.

546566

vol.10.

IMG_20141103_00049

ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცამ წაიკითხა ჩემი “გოგონა, რომელსაც მცენარედ ქცევა უნდოდა” და საყვავილე სამსახურში მომართვა. წერილიც მოაყოლა, რომ მცენარედ თუ გადავიქცეოდი, გამომადგებოდა. სამწუხარო მხოლოდ სამადლობელი აბზაცი იყო. ახალ ოთახში ერთადერთი ახალი ნივთი დავდე – ჩემი საყვავილე. იმის მერე ერთი თვე გავიდა. ცარიელ ქოთანში ეგრეგორი მოვაშენე. ბალახის ქვრივის ზღაპრებს წყალივით მივცემ: Do you have love for humankind?

მოხუცი და ზღვა

/”კუბიკიანი სახლის” მიხედვით/

ამბობენ, სამყაროში დავიწყება რომ არ არსებობდეს, ადამიანები ორმოცს ვერ მიაღწევდნენო. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამიწა წყალმა დაფარა და ადამიანები გადარჩენისთვის ამატებდნენ სართულებს.

ყოველი დილა თავთან შეკითხვით იწყება: როგორ ხარ? – და პასუხის გაცნობიერებით გრძელდება.
ოღონდ თბილ ლოგინში ჯერ ჩიბუხს გააბოლებდა, კისერს მოიფხანდა.

იმ ასაკში არ იყო, ცხოვრება რომ ესწავლა და სიკვდილს სწავლობდა, ალბომის ფონზე, ჩიბუხით ხელში, კომოდზე ცოლის ჯერ კიდევ შემორჩენილი სამკაულებით. ზღვა ჩანდა მისი ფანჯრიდან.

ყოველ ჯერზე აღებდა იატაკზე ამოჭრილ ფანჯარას და თევზაობდა ანკესით ხელში. ქვემოთ დაცურავდენ ქალაქები, ჩიტების ნაცვლად თევზები რომ არტყამენ წრეებს. ამბობდა:

– ვახშამზე თევზი და ღვინო მექნება, – არ ამბობდა, ფიქრობდა, იმდენი ხანი არ ესაუბრა, იფიქრებდი, საუბარი დაავიწყდაო. შეიძლება მართლა დაავიწყდა.

საამური საღამო იდგა, წყლის ფოთლებივით შრიალს უსმენდა, ტელევიზორმა მოთენთა და ჩააძინა.

დილით ისევ კისერი მოიფხანა, კომოდზე დადებული ჩიბუხი ხელის ცეცებით მოძებნა და ორივე ფეხი წყალში ჩატოპა, – იატაკზე გუბე დამდგარიყო, მის ანარეკლში ლივლივებდა ოთახი, ფანჯრიდან კი ზღვის ჰორიზონტი ჩანდა, მოცეკვავე თევზებს პირდაპირ კართან რომ რიყავდა.

დანანებით შეავლო თვალი კომოდზე დადებულ ცოლის სამკაულებს და რამდენიმე ფოტოს. სახურავზე კიბე მიადგა და გაჭირვებით აბობღდა, რადგან სახლის ზემოდან დაიწყო ახალი სახლის შენება. სახლის, სადაც დაეტეოდა ანკესი, მაგიდა თუ საწოლი. იმ სიმაღლეზე წყალი კიდევ კარგა ხანი არ მისწვდებოდა.

როცა ახალი სახლი გადახურა, ნავი აიღო და ნივთების წასაღებად დაბრუნდა. მხრებზე კომოდი მოიკიდა და ჩიბუხი გაუვარდა. იატაკზე ამოჭრილ ხვრელში ჩაუვარდა და ჩაყვა:

ჯერ ნიჩბებით იპოვნიდა, ეგონა, მერე ჩაყვინთვა გადაწყვიტა, ოთახების ჩავლით, ოთახების, რომლებსაც იატაკის ფანჯარა ამოჭრილი და გაღიავებული ჰქონდათ.

როცა დაკეტილი ფანჯარა დაინახა, ოთახს ყურადღებით მოავლო თვალი, დაცემული ჩიბუხი ნახა და აიღო.
ერთხელ ამ იატაკიდან სწორედ ეს ჩიბუხი მიაწოდა მეუღლემ, თავად ქანქარა სკამზე იჯდა, ის კი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ოღონდ მოხრილი.

ცოლი არასდროს დასცინოდა, როცა მოხუცდა, გაკეთებულ სათვალეს რომ ეძებდა: “საყვარელო, ვერც მე შევამჩნიე, თურმე გიკეთია..”

გარისკა და ამ ოთახის ფანჯარაც გახსნა, ჯერ ზემოთ აიხედა, სუნთქვას მოუჭირა და გაცურა: იმ სახლში მოხვდა, სადაც ცალი საწოლი დატოვა და პატარა ტაბურეტკა კუთხეში, ღამეებს რომ უთენებდა მეუღლეს ავადმყოფობისას, მოუკეცავდა საბანს და ჩაათბუნებდა.

მერე კიდევ გარისკა, იატაკზე კიდევ გამოაღო ფანჯარა და ჩავიდა.

დივანი დახვდა. ის დივანი, რომელზეც მისი ცოლი და შვილი იჯდა ოჯახთან, თავად კამერას აყენებდა დროის რეჟიმზე. მათთან ერთად გაცუნცულდა, მაგრამ ფეხი რაღაცას წამოარტყა და დაცემის პროცესში იყო, რომ დაჩხაკუნდა. სასაცილო სურათი გამოვიდა, რომ ნახეს, ბევრი იცინეს.

მერე ახალი ოთახი იყო, ალბათ იმ პერიოდის, ცოლი რომ მოიყვანა, მშობლებს გააცნო და მოიყვანა.

ყოველთვის ფიქრობდა, რომ ქორწინება წარმოადგენდა მიზანს, რომელის გაცნობიერებას ოჯახური ცხოვრებით ახერხებდა. ისწავლა, რომ ცოლის გაღვიძების სწრაფი საშუალებაა, მისთვის სხვა ქალის სახელი დაეძახა. მერე ამაზე დიდხანს იცინოდა, ყოველ დილა კოცნიდა, ის კი ყოველ დილა უსწორებდა ჰალსტუხს. როგორ უყვარდა.. მერე შვილი. გემზე ჩასვა და სასწავლებლად გაუშვა. მაგიდაზე კარაქიანი პური დარჩა.

უფრო ღრმად ჩავიდა და სახლის ფსკერი ნახა, მიწაში ჩაშენებული ნივთებითა და იატაკზე აღარ იყო ფანჯარა.

კარები გააღო და გარეთ გავიდა, სახლს დაბლიდან მაღლა ახედა, მაღალი კოშკი იყო, მრავალგზის მიშენებული სახლებით, არქიტექტურით რომ წყალს გაქცეოდნენ. წყალი კი სულ მაღლა და მაღლა იწევდა.

გარშემო მისი ძველი ქალაქი იყო, შეყვარებული მისი მშობლები ბებერ ხეს წრეებს რომ არტყამდნენ, დაფრინავდნენ პეპლები და ჩიტუნები. მერე დაჭრეს და სახლი სულ აგურ–აგურ ააშენეს, ის სახლი, სადაც ცხოვრებას აპირებდნენ.

მაშინ სახლები ჯერ კიდევ მიწაზე იდგა, ამოდიოდა ბალახი და ხეხილი ყვაოდა. ისინი კი შეიყუჟებოდნენ სახლში და ღვინოს სვამდნენ ორცხობილასთან.

კაცს ცრემლი მოადგა, იატაკზე დაგდებული ჭიქა იპოვნა, თავის სართულზე აიტანა. ვახშმად ისევ თევზი ექნება და ღვინო. მაშინ ძალიან ბევრი თევზი დაუჭერიათ, ფრინველებიც თევზებად გადაიქცნენო. ეს სართული ბოლოა ალბათ.

 

 

 

 

 

ტყუპები

– დე, მე წავალ, კაი?

ოთახი, – უფანჯარო სიმაგრე.

სანტიმეტრი გადააგდე. გთხოვ.

რამდენი სიტყვა დაეტევა, იმით გაზომე!

თაროზე ხელისგულებით ვერ დაიჭერ ფანარმინათებულ მტვერს.

სულში გილაგდებიან ბოჭკოებში და შეკუმშულ ხვრელებს გიმუქებენ.

აწონე!

– დე, მე წავალ, კაი?

ზალაში მამას სძინავს.

ეს მისი ჰაერის სუნი გცემს.

წავალ, სანამ თვლემს.

მე და შენ გამოვაგდეთ საძინებლიდან და ახლა ჩვენ ვთვლემთ დედის სხეულთან მოკაკვულნი, მუცლის ღრუსთან დაპატარავებულნი და მიკრულნი ჩვენ.

აბაზანაში სიცივისგან შემჭიდროებულ სხეულზე ისხურებ წყალს და 30 კბილით ცახცახებ.

მე წყალს ვუსხამ საკუთარ პირის ღრუს.

ვაყოვნებ.

სისხლს ვუღვრი ონკანს და ვწურავ კბილის უგემურ პასტას.

კისერთან ნაგრძნობი სითბო სუნთქვისგან ნიკაპისკენ მოახლოებით.

– დე, მაკოცეს!

– დე, წავალ, კაი?

დაგიტოვებ საკუთარ განმეორებას.

ცოტა ხნით.

აუნთებელ სივრცეში.

შენ მაინც თვლემ..

13.03.11.

ოთახში ჭერი, კედლები და იატაკია

სკამი. მასზე ორშრედ მიგდებული პერანგი.

ამას არ ჩაიცვამ, გამჭირვალეაო, – დედამ.

სკამის ქვეშ მიგდებული ბიუსჰალტერი.

და რამდენიმე დაჭმუჭნული ქაღალდი.

გასწვრივ ხუთუჯრიანი ყავისფერი კარადა.

და მასზე რამდენიმე წიგნი.

უფურცლო.

მე ყრდები მიყვარს.

საფერფლე, რომელშიც აფერფლებდნენ სტუმრები.

და სუსტი ზომის თმისამაგრები.

ძმა, რომელიც ჩემს თმის საშრობს ხმარობს.

თმის საშრობი და სარკე.

საწოლი, რომელიც ისეთი მოკლეა, რომ ჩვენ მოკუნტულს გვძინავს.

იატაკზე დაგდებულია აბრა:

”არ ეწევიან!”

და ჰაერგაუმტარი სივრცე.

შემოდით!

იყიდეთ!

გვიყიდეთ!

ოთახში ჭერი, კედლები და იატაკია.

მე პერანგს ვიცვამ.

 (გაზეთისთვის ”სიტყვა და საქმე”)


ოთახი, სადაც არ იყო საათი

მუსიკა, რომელიც ჩაგვესმის,
არ გვესმის.
გამორთე.

საბანი გადაწიე უკან,
ერთმანეთი დავიფაროთ
ცოტა ხნით.

რამდენიმე ნაპასი კოცნა
და ფიქრები ცოტა ხნით
გამოვრთეთ.

მე ჩავიკეტე,
როცა გონება დავტვირთე
მუქი მომავლით.

უსხეულო სხეულებით
ვდგავარ, თუ არ მახსოვს,
მე შენში ვწევარ.

როცა გძინავს, კანკალებ,
გეძინოს, თორემ წახვალ.
რადგან მე – ვეღარ.