მედიანა

თუ შედიხარ კლინიკაში, ხედავ ავადმყოფს და არ იცი ის რითია დაავადებული, უნდა იფიქრო, რომ შიზოფრენიკია. რადგან სტატისტიკა მხოლოდ სტატისტიკურად სათანადო სიხშირეებს აღნუსხავს.

ყოველ სტატისტიკოსს ინდივიდების შეფასებისთვის ჰყავს მედიანა პიროვნება, რომელიც არსებული საექსპერიმენტო პიროვნებების შუაში მოხვდა. მისთვის მედიანა მე ვარ. განსაკუთრებით მაშინ თუ საექსპერიმენტო პიროვნებების ოდენობა ლუწია. სტატისტიკოსს კი ის-ღა დარჩენია შეგვკრიბოს, ორზე გაგვყოს და უხაროდეს, რომ საშუალო არითმეტიკული არასდროს იქნება ნული. ამას კი ბუდისტები ვერასდროს ეგუებიან დუალისტური იდეების გამო.

რაც შემეხება მე, არ მწყინს, რომ განაწილების საყრდენის ფუნქცია მაკისრია. არც მიხარია დიდად სიხშირეთა პოლიგონის ცენტრობა. სამაგიეროდ, ჩემი გადახრების ჯამი ნულის ტოლია. არა, მიხარია სიხშირეთა პოლიგონის ცენტრობა. მომხიბვლელია იდეა უარსებობის.

გა(ნ)ტოლება

tumblr_m4499heZm81qaxu16o1_500

(ეძღვნება სეხნიას)
თუ არ მოგწონს როგორ გამოიყურები სარკე შეცვალე.
ის, ათასჯერ დამტვრევას გადაფიქრებული, მთელი ეს ხანი შენს მიმიკებს ციტატასავით რომ იმახსოვრებდა, დროსთან ერთად თავისი ქნა და სხეულს მახსოვრობასთან ერთად გაჩვენებს.
ილუზიაა ეს ნაოჭები შუბლთან, ის მხოლოდ ძველი მიმიკისგან დარჩა, გატეხე.
გზა, რომელიც ძველი დილემისგან აურჩეველი დატოვე, მან გაიარა ვინც პარალელურია.
ახლა სარკეში დატოტვილი “შენები” ჩანან.
და როცა უძღებ “შენს” სარკესავით თვალს გაუსწორებ, დაბალანსდებით და მოკვდებით, რადგან როცა ერთი უდრის ერთს, ნულდება.

– გადარჩება? – ექიმებს ეკითხება ზოია.

ECG - Electro Cardio Graph

ჩემი ოჯახი

ის დრო მოვიდა, რომ მარის ტელეფონი ვესროლე. მული მაინც მულია, სადაც ოჯახზე ჩამოვარდა საქმე, უთხრეს, მე კი ტელეფონი ვესროლე, მან რვეული მესროლა, მერე ჩემი და მისი მზითვის ბალიშებით გუნდაობა დავიწყეთ და შორიდან პიჟამოიან წვეულებას ჰგავდა. მერე ხელები მივუშვირეთ ერთმანეთს და შევეჯიბრეთ კოცნით ვინ უფრო ატკენდა. თამაშში ჩაგვეძინა.
ასე მგონია, სკოლის დავალებას ვწერ ”ჩემი ოჯახი” და ცოტას ვღელავ.

–         შენს კეტებში მტრედია!
დილა, ჩვეულებრივ, დედის მოყოლილი სიზმრებით იწყება. რამდენჯერმე სცადა წყლისთვის მოეყოლა და მაინცდამაინც იმ დღეს დაემთხვა, როცა წყალი შეწყდა, ონკანმა ბაყბაყი დაიწყო და კანალიზაციამ გაჭედა. ეს სიმბოლური ნიშანი ჩვეულების დასარღვევად საკმარისი ვერ აღმოჩნდა, ლოგინიდან წამოდგა და გამთენიისას მაღვიძებს ხმები:
– შენს კეტებში მტრედია!

მტრედმა თავი მოიმკვდარუნა, – ნისკარტი უგონოდ გადაეგდო გვერდით და დარტყმებზე არ რეაგირებდა. როგორც კი სადარბაზოს მოაჯირზე დავსვი, ფრთები იშვირა და ჰორიზონტი გაჭრა.
ამ ბოლო დროს ჩვენი სახლის ფანჯრებს მერცხლები ებერტყებიან, აი, ვერაფრით იცავენ წონასწორობას.

შავ-თეთრ კადრებად ფერადი აწყმო რომ გადავახვიოთ, ვნახავთ, რა საინტერესო ქორწილი ჰქონდა დედას. უფრო სწორედ, ის საჩუქრები, რომლებიც მიიღო: ბატკანი და შველი. დედას სოფელი არასდროს უნახავს და ძალიან შეშინდა. ბატკანი გამრავლების სინონიმი ყოფილა, შველი კი სტუმარს უღრან ტყეში უპოვნია ობლად და სახლში წამოუყვანია. ბატკანი მას შემდეგ დაკლეს, რაც ტორტი ამოლოკა. საბედნიეროდ, მაშინ არ ჰქონდათ ნეტსივრცისთვის კამერიანი ტელეფონები. ბემბი კი ნაკრძალში ჩააბარეს, სადაც ოლიმპიადებზე გავიდა, მთავარი ჯილდოები აიღო და სსრკ-ს მასშტაბით იმოგზაურა. მერე ალბათ შეჭამეს.

ვერ ვიტყვი, რომ დედა სიმბოლოსავით გამრავლდა, მაგრამ ორი შვილი შეეძინა, რომლებსაც ისევ გამრავლება უსურვეს, რადგან გაემრავლებინათ ისინი, რომლებსაც გამრავლებას უსურვებდნენ..

ფერად კადრებად აწმყოში გადმოვინაცვლოთ და ანიმაციაზე მინდა გიამბოთ: ადამიანები სხეულზე ნულიდან ცხრამდე რიცხვებით იბადებიან, რომლებიც მათ შესაძლებლობებზე მეტყველებს. გაჩნდა ბიჭუნა, რომლის შესაძლებლობა ნული იყო, მხოლოდ კლასელები რომ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ როგორც საწვალებელ ობიექტს. მარტოსულმა ნულმა გოგო ნული გაიჩინა და სიამის ტყუპები შეეძინათ, ორი ნული ერთად რვიანს რომ ქმნიდა. შეგვიძლია, მორალს მივყვეთ, რომ მარტო არაფერი არაფერია და არაფერი სხვასთან ძალაა, როგორც ნულის რიცხვის შემდეგ მომატება ღირებულებას მატებს მას, ან შეგვიძლია რეტროსპექტული ოცნებები მოვყვეთ:

ბავშვობაში ხშირად დავფრინავდი სიზმარში. მაშინ მეგონა, რომ სამყაროს შევცვლიდი, მაგრამ ჩემი თავი შევცვალე. ეტყობა, თავი სამყაროში ამერია ან უბრალოდ, სამყარო შევიცვალე. გარედან შიდა სფეროებზე მიმართული გავხდი. ბორბლის მსგავსად, შეზღუდულ სივრცეში მოძრაობის ნიჭი მაქვს, განმეორებას კი სიმულაკრული კონტაქტი ახასიათებს. ალბათ ამიტომ მირჩევდა მოძღვარი, ზიარება ხშირად არ მიმეღო.

ფერად კადრებად გადმოვიცავლოთ და როცა ანიმაციას ვუყურებდი, ძმამ გუდა ნაბადი აიკიდა და წავიდა. ის და მარი ახალ სახლში გადადიან, პარალელურად კი წუწუნებენ ცალკეულ პრობლემებზე. მარი სახლის მონატრების შედეგებზე ჩივის, ირაკლი კი ბარგის სიმძიმეზე და ცდილობს მარის დააჭერინოს. მშვენიერი წყვილია ჩხუბისას.

ხანდახან ცოლი გაბრაზებული სახით აფრთხილებს: თუ რამეს დამიშავებ, იგივეს ვიზამ.
– ძალიან გინდა, რომ გიღალატო, მაგრამ ვერ ეღირსები, – ღიმილი უჭრის სიტყვას.

ძველ კადრებში გამოჩნდება, რომ ოპერის პირდაპირ მათხოვარი ქურთი ბავშვივით, რომელიც ასევე, ყოველ ჯერზე სხვადასხვა გამვლელთან გაქორწინებს და მაჯერებს, რომ ლამაზი ვარ ვიტრინებზე არეკლილი ვარცხნილობის მიუხედავად, მამის ფეხებს ვებღაუჭები და ვცდილობ, იმდენად ავაცოცდე, განვლილ მანძილს გადმოვხედო თავიდან. კალთითად ბებო ცელოფანში შენახულ ბოჩებიანი შოკოლადის ტკბილეულს იღებს, მკლავებს იფერთხავს და მომწიფების სურვილით ვიკვებები. ვიკვებები ნიშნავს დეენემს ახალი მონაცემები შევმატო კაცობრიობის სპირალისებული განვითარების გამო.

ძმამ გუდა ნაბადი ზურგზე მოიკიდა და დამშვიდობებისას მარიმ მითხრა:
–         იცი, შენ მალე მამიდა გახდები.
მოთხრობის დასაწყისი.