ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

სამიოდე აბზაცი ახალ სახლზე

სახლი, სადაც ჯერ მხოლოდ ჯაკუზი და წიგნები მაქვს, გარედან ღია რუხი ფერისაა. ათობით მსგავსი სხვა ურბანული კორპუსებისა იმ სივრცეში, ნისლების ჩამოწოლისას ფანჯრები ფერმკრთალდება და შეიძლება ტეხილი სახურავების ან ჭიაყელასავით დაკლაკნილობის გამო ციხე-სიმაგრეებად მეჩვენება. აი, ობიექტივს რომ განვაახლებ, აუცილებლად გადავუღებ მშრალი რეალობის შიშით, მანამდე კი, მეგონოს ჩემი ცარიელი სახლი ცხრა გალავნის იქითა მდგარი.

საღამოობით შეიძლება სახლამდე მისასვლელი გზა ამერიოს და ლაბირინთების თაგვივით ნესტისგან სველი ფეხსაცმელებით გეომეტრიული ფიგურები ვხაზო. მაგრამ მე ელჯერნონი არა ვარ, სახლში მოგულებულ ყველთან მიღწევისთვის ყვავილები ვითხოვო. ამიტომ ცარიელ, უნივთებო და უადამიანო ბინაში, ცხელ წყალში მინერალების ჩაყრით აბაზანას მოვიმზადებ და ყუთობით წიგნებს მოვიმარაგებ სხვა ქალაქურ ამბებზე, ციხე-სიმაგრეებზე.

ახალ სახლში გადაბარგება, პირველ რიგში, აწმყოსა და მომავლის ანალიზია: მოვიწონო რა პარკირების ადგილი, ტრანსპორტის დაშორების მანძილი სახლამდე თუ საინტერიერო ფართობი, საზამთროდ სავარაუდო მოყინვის ველი განვსაზღვრო, რამდენად საშიშია დაღმართი ან კიბე, სადაც ყოველდღიურად მომიწევს მგზავრობა. თან წარსულის შესაშური ინდიკატორია: ძველ საცხოვრებელთან ერთად ნივთებიც ხარისხდებიან. ჯერ იყოს სახლი ცარიელი, მე ასე მომწონს.

vol.11.

15517372040_ad6d183b77_hk

 

როდისმე ნისლში დაგილევია?
უღრან ტყეში ფოთლების გუნდაში რომ ჩასხდებით, და ბოთლიანი ხელები გიჩანს როგორც ჰორიზონტზე დანახული უღრანი ხეები, როგორც მანქანის ჩაორთქლილი მინები. იორთქლებ, რომ შემატო ხელებს ნისლები.
თეორია მაქვს: ნაღველს იმდენი სითხე უნდა დავუმატო, რომ აორთლდეს. ბოღმიანი ქალების შედედებული ნაღველი დავალბო და ფრიი.. გავქრეთ.

 
15516805298_908c0db5e5_o