თვალი გაახილე ნიკოლას!

“Open your eyes Nicholas!”
Dream Theature

“გამოიღე ყურებიდან ბამბა
და თვალებზე ხელი აიფარე,
– დამთავრდა ომი.”
მე

თვალი გაახილე, ნიკოლას! –
ბრმავდებიან!
მინის ნამსხვრევებიანი თვალებითაც
აგრძელებენ ცხოვრებას ზოგჯერ.
შენ ამაყი ხარ.
ვეღარასდროს გინახავენ აწყლიანებულ
თვალებს დარდისგან.

თვალი გაახილე, ნიკოლას!

გვამები გაითვალე სამშვიდობომდე
რამდენი დარჩა.
მტრედთა ფეხები შევაგროვოთ
და ავტობუსებზე ვხატოთ.

თვალი გაახილე, ნიკოლას! –

უბრალოდ მოგენატრე!
ეს მე ვარ!

მე მხვეტავი ვარ
ომის,
საკუთარი გვამების და
გვამებისგან დარჩენილი
ნაწილაკების.
ბრძოლის მერე ვრჩები და ვგვი.
ფეხი ასწიე! –
ნაგავი ყრია.

თვალი გაახილე, ნიკოლას!

მოგეხვიე!
მოგახვიე მიწა ყელამდე.
არ გაინძრე,
ექიმს მოვიყვან.
დაგიზილე მიწისგან სახე
და სუდარად გადაგაფარე თმა!
ნაგავს გადავყრი და მოვალ!

თვალი გაახილე, ნიკოლას!
თუ რამეა, მე დაგიხუჭავ!