გადაყვარება

არსებობს რამდენიმე დავალება, რათა გავთავისუფლდეთ საყვარელი ადამიანის ლანდისგან დაშორების მერე და განვიცადოთ კათარზისი: 1) ვეცადოთ გავხდეთ უფრო ბედნიერები, ვიდრე ყოფილ პარტნიორთან თანაარსებობის დროს, რადგან ბედნიერი წუთების გახსენებამ ეფექტი დაკარგოს; 2) ვეცადოთ ხალხს კეთილად მოვექცეთ, რადგან აქამდე დაგროვილი სითბო უადრესატოდ არ დარჩეს და ბოღმად არ დაილუქოს. მაგალითად, გავანებივროთ ხალხი საჩუქრებით. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ საყვარელი ადამიანი არ არის მატერიალურად არსებული და საკუთარი თავის ხატს, ავატარს წარმოადგენს. შეიძლება გადაიყვაროს საკუთარი პიროვნება ბილი მილიგანმა ან ქრისტემ გაღმერთებისას?

მოვიფიქრე, რომ აზერბაიჯანისთვის მეორე შანსი მიმეცა, რადგან გობუსტანში სოლო ლაშქრობისას უპასუხო შეკითხვები გამიჩნდა. სხვა სტატიაში გობუსტანი აღვწერე, როგორც აზერების ოცნება ეთნიკური ვიკინგები ყოფილიყვნენ. აი, როგორც ქართველებს გვაქვს ოცნება “ვეფხისტყაოსნის” რენესანსურ პიონერობაზე, თუმცა დანარჩენი სამყაროსთვის ეს თეორია პატარა ერის კომპლექსად რჩება, “ვეფხისტყაოსანი” კი – კარგი ხარისხის მაგრამ, მაინც სადევ-გმირო რომანად. სად დანტე და ბოკაჩო თავიანთი ცოდვილი რომის პაპებითაც კი, და სად რუსთაველი, პერსონაჟები ჯერ კიდევ არაადამიანურები ჰყავსო.

ამ ფოტოზე ვარ მე, ანდოგინი ანგელოზი და პლაგიატი მათე, იქვე კარავაჯოს ხელმოწერა იგულისხმება, აკაკი წერეთელივით რომ მწერალს მისიონერული პოზიცია მიაწერა. სხვა სახარებებიდან მათეს წიგნი ყველაზე გამოკვეთილად აღწერს ქრისტეს ადამიანურობას. კარავაჯოს ჩანაფიქრით კი ჩვენთვის ღმერთი ქრისტე, ციური სამყაროსთვის მაინც ადამიანია. ეს მათეს ქრისტეს “ჩორტის” ბრალია ისტორიულ სომხეთთან ურთიერთობა რომ გაგვიფუჭდა.

საახალწლო უქმეებზე სამ დღიანი კასპიის კრუიზი მოვიწყე. სხვა ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ შემეძლო მთელი დღე მეარა ოთხკუთხედ ოთახში ჩემი შავი კიმონოთი და მესმინა პელევინის პოსტაპოკალიპტური საბჭოთა კავშირისთვის. არ მესმის როგორ უნდა იკითხო პელევინი. პელევინს უნდა მოუსმინო აუდიო წიგნებით. თუნდაც იმიტომ, რომ პელევინის შემოქმედება ჯერ მპ3 ხარისხით გამოდის და მერე იწერება. მაგრამ რუმმეითმა ჩემზე იძალადა, ოთახში მასე თბილისშიც გამოიკეტებიო, რა დროს ძილია, ჯერ ათი საათიაო, ახალი წელიაო.

ვერ წარმოიდგენთ როგორ მეზარებოდა უცხო ქვეყანაში დალევა. მაგრამ რუმმეითის დაჟინებული თხოვნის, საბნის გადაწევის, წყლით გამოფხიზლების მერე, სადაც მეოთხე ტეკილას რომ ვსვამდით ბზრიალა ცათამბრჯენზე, ვკითხე, რას გაურბიხარ, რომ ერთობი მეთქი. ეს შენ რას გაურბიხარ, “ალი და ნინოს” წიგნის მაღაზიაში ჯერ მარტო ერთ წიგნში 59 მანათი რომ მიეციო. ეტყობა ვერ ვერთობი, უნარი დამეკარგა მეთქი.

ბაქოს ბოლო დღეს კარავაჯოს გამოფენას ვესტუმრე და ბოლო კვირების მერე პირველად გავიღიმე. სევდიანია, როცა ხვდები, ალკოჰოლი რომ აღარ გართობს, არც გლამურული სპა სალონები “კაიუტაში”, არც ოთახთან დატოვებული თაიგულის ავტორის ვინაობა გაინტერესებს, არც ნაპოვნი 1000 რეალის დაგუგვლა გაცინებს და აღმოჩენა რომ ამით 1 დოლარიც არ მოგივა. აი, თურმე რატომ იციან აზიელებმა მათემატიკა, მაღალ რიცხვებთან აქვთ შეხება. მაგრამ აი, მათეს სახე ძალიან მამხიარულებს და რა ვქნა. ასაკი ალბათ. გადაყვარებაზე ვსაუბრობდი და ალბათ საკუთარი სურვილები უნდა გადავიყვარო, საზოგადოებას რომ სახარებასავით მინდა მოვახვიო.

4656567

ლოთი კაცები, მათზე შეყვარებული ქალები და დაჩაგრული სნობები

images (1)

შეიძლება ითქვას, ჩემი ფობია მოდილიანებს უკავშირდება, ანუ რეალური შიში მაქვს იმ ხალხის, თავებს გარსია-მოდილიანის გამგრძელებლად რომ აღიქვამენ და ბოჰემურ რაფსოდიას შემოქმედებითი ნატურით ამართლებენ. აი, შევხვდები ადამიანს და საყვარელ მხატვრად დევისის ფილმის ყურების მერე უმუშევარი, ნარკომანი და შიშველი ქალების მხატვარი მოდილიანი ჰყავს. სავარაუდოდ, მის რამდენიმე ნახატს დაგუგლავს და საღამოობით ფილმის ცნობილ საუნდტრეკს მოუსმენს. მე თუ მკითხავთ, ფილმში ხატვის მუსიკალურ გაფორმებაზე ემოციური ეპიზოდი დასაწყისში მშობიარობის თემაა, ორსულის ლოგინზე ავეჯს რომ შედგამენ და ამ სცენით, თითქოს ბავშვის ცხოვრება სამუდამოდ გაიწირა შებრალებისთვის. ხოლო ჩემთვის ემოციის გამომწვევი პერსონაჟია სნობი პიკასო, რომელიც ფილმის ბოლოს, მოქიშპისამი დაგროვილი ბოღმის მიუხედავად, ეს ბულინგის მსხვერპლი პირველია ვინც მჩაგვრელს ტაშს დაუკრავს. ეს არის სამართლიანობის ის მაღალი აქტი, როცა მონაწილე ობიექტური ჟიური ხდება. შეიძლება ითქვას, პიკასო ჩემთვის ფილმის მთავარი პერსონაჟია, რომლის სიღრმესაც ფილმი სინამდვილეში ეძღვნება.
სხვა საქმეა უმუშევარ ნარკომანებზე შეყვარებული ქალები, რომლებიც სრულ დამცირებას განიცდიან და კაცები მთლიან კომპლექსებს მათზე ანთხევენ, რადგან იციან, რომ ეს ქალები საკუთარ ცხოვრებას პარტნიორის ნაწილად აღიქვამენ და მათ გარდა სხვა ინტერესი არ აქვთ, ამ ყველაფერს კი სიყვარულით ხსნიან. სუიციდის აქტი კი პატრიარქატული წყობის ის მწვავე გამოვნილებაა, როცა ქალწული პირველი პარტნიორის მერე მიჯნურს სარკოფაგში უნდა ჩააყოლო. ბუნებრივია, რომ ათი წლის წინ გამოსული ფილმით ქართველების დაინტერესება მოჰყვა, რადგან სიუჟეტის დრო ჩემი თაობის ჩამოყალიბების შინაარსობრივ ეტაპთანაა ახლოს, თავისი საომარი მზადყოფნებით, გაჭირვებითა თუ დისკრიმინაციით. შეიძლება დედაჩემის მშობიარობაზე ლოგინზე ავეჯი არ შეგვიწყვია, მაგრამ მამაჩემი ექიმებს ავტომატით ედგა, როგორც იხსენებს, ექიმების ანარქისტულობის გამო, ზედაპირულად მოპყრობის, ბავშვებით ვაჭრობის შიშით. მე კი ძალიან მეშინია დღევანდელი მოდილიანების, რომლებიც საკუთარ კომპლექსებში არიან დარჩენილები და ყოფითი პასუხისმგებლობის აღება უჭირთ; ქალების, თავიანთი მინიმალისტური მოთხოვნილებებით, რომლებიც უპასუხისმგებლო კაცების გავრცელებას ამართლებენ. ხოლო პიკასოს სახით მაქვს სტიმული, შიშის ობიექტებშიც კი ვხედავდე პოზიტიურს, რადგან ნეგატივმა არ შემიწიროს.

ნახატი გალიფრეის ენაზე

tatoooგუშინ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, ძველ რუსეთში პირველი ტატუს ხელოსნების ნებართვა, ეწარმოათ თავიანთი საქმიანობა და ჩავფიქრდი ამ ჯეიმს კუკის დროინდელ ტერმინზე, როგორც ხელოვნებად ქცეულ სხეულზე, ძველად რიტუალის ჩასატარებლად ან პატიმართა დასანიშნად რომ იყენებდნენ. ერთი პიტერ გრინვეის ფილმი მოგვითხრობს, მკვდარი ადამიანის წარწერიანი კანის გატყავებაზე, დღიურად ქცეულ პოლიგრაფიულ კანზე. და მივხვდი, გადასაღებად, ერთჯერადი საღებავებით კანზე ნახატების მიუხედავად, ერთგულების არ ქონის გამო, ვერასდროს გავიკეთებ ტატუს. ეს ისეთია ამბავია, შენს ცხოვრებას ჯერ კიდევ საუკუნის მეოთხედში სათაური მისცე. თურმე ჯეკ ლონდონიც “პატარა დიასახლისის” მიუხედავად, ტუმინირების აპოლოგეტი ყოფილა: მაჩვენე ადამიანი ტატუთი და მე გაჩვენებ რა საინტერესო წარსული ქონიაო. ხოლო ჩემი საყვარელი ციტატა მაინც უილიამ დევაულთს ეკუთვნის: ციტატა ეს არის ტატუ ენაზეო.
მართლაც, ჩემთვის საკუთარი თავის შეგუება თავად იმხელა პროცესია, როცა სხეულის სტაბილურობის ატანა მიწევს, ნებისმიერი ხანგრძლივი დანამატი ისტერიაში მაგდებს. ერთი სიტყვით, შეფარული პანიკიორი ქალი ვარ. ხომ არსებობს ზოგადი საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვითაც ტატუირების პროცესი რეგულირდება, მაგალითად, პლიუს თვრამეტი, გადაწყვეტა ალკოჰოლის არა ზემოქმედების ქვეშ, არ უნდა იყოს შეჩვეული ნარკოტიკის მოხმარებას, არა ფეხმძიმე ან მეძუძური დედა, – მაგრამ ამ წესებს არც ჩვენთან და ზოგადი მასშტაბითაც ნაკლებად აკვირდებიან. მე კი დავამატებდი კიდევ სხვა პუნქტს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია: ადამიანის უნარის თუ უუნარობის გამოკვლევას უცხო ფორმების ფიზიკური და მენტალური მხრით, რამდენად ფლობს პიროვნება საკუთარი სხეულის სტაბილურობას და სიახლისადმი შეგუებას. არა, როგორც კანონს, თუნდაც როგორც სემინარს, სადაც ვივლიდი ამ ლამაზი ტატუს გაკეთების გამო: პლანეტების ენაზე დაწერილი ჩემი სახელი, რომლის ჯერ მხოლოდ ფეინთური მონახაზია.

ნახატი, რომელიც არ დამიხატავს

ისეთი სურათი მინდა, მე რომ ფონი ვიყო. პრეტენზია არ მაქვს წინ წაწევაზე. წინა პლანზე საკუთარი შვილი მეჭიროს, გაზრდის პროცესში იყოს და მკლავებზე ჟაკეტი გამოხეოდეს, ფეხსაცმლიდან ფეხი ამოდსიოდეს, შარვალი უბეში გარღვეოდეს. თითქოს თვალებსაც ასკდებაო, კაკლები ძარღვებისგან ებერებოდეს და უპეებიდან სცვიოდეს. ცრემლი ეღვრებოდეს კანიდან გადმომდგარ ლოყებზე და გუბდებოდეს. მე ფონი ვიყო, დავჯერდები, მშობიარობის პროცესში დახატული. ნატურალურ ჭინთვებს რომ იღებს თავისი ხელით. შვილი კი თანდათან ფონს ემსგავსებოდეს, ზრდის პროცესში დახატული ვერსია იყოს. მე რომ მხატვარი ვიყო, თავს დავხატავდი, ქმნილებას წინა პლანზე, ჭიმვის პროცესში. როგორც შემოქმედებს ურჩევნიათ ქმნილების განდიდება, თავად კი სასხვათაშორისო ნივთად იქცევიან. დამხატეთ, თუ ვინმე ხატავთ.

სულით ავადმყოფთა მხატვრობაზე

ამ თემაზე წიგნი ჩამივარდა ხელში თავისი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით ერთი ნახატი მომეწონა: კაცი ზურგით იდგა, მოძრაობაში ჩანდა და შებმული ცხვარი გასაყიდად მიჰყავდა. წარმოვიდგინე, რომ ამ ნახატის ავტორსაც მოექცნენ ასე. ან გონია, რომ გაყიდეს. ნახატებით ხელში ავადმყოფები საცდელი ზაზუნები იყვნენ და პოდიუმზე საკუთარ თავს წარადგენდნენ. ჩემს გვერდით ბიჭი  იჯდა, რომელიც ხატავდა. ვიფიქრე გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ბავშვობის კომპლექსია, უცნობ ადამიანებს არ ველაპარაკები და არც მათ მოწოდებულ კანფეტებს ვჭამ. სამაგიეროდ, ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ ავლებდა სწორ ხაზებს და მათ მუქად აფერადებდა.

თუ ისტერიას არ მივიღებთ მხედველობაში, რომელსაც სიახლის განცდის მანია აქვს, დანარჩენ სულით ავადმყოფთა განწყობას სტაბილურობა ახასიათებს. ერთხელ ფიქსირებულს რამდენჯერმე იმეორებს. ახდენს ერთი აზრის რეალიზაციას. მაგალითად, ხატვის დროს შიზოფრენიით, პარანოიით დაავადებულებს ხშირი გამეორება ახასიათებთ. უღრმავდებიან რომელიმე დეტალს და მას მკვეთრად აფერადებენ. ტენდენცია აქვთ ძველისკენ მიბრუნების. ფიქსირებული განწყობითაა განსაზღვრული ერთი და იმავე შინაარსის გამეორება. თუმცა ერთი ექიმი წერდა, ცნობიერებას არ შეუძლია გაიაროს ორჯერ ერთიდაიგივე მდგომარეობა, მას მეხსიერება აქვსო. თვითნებული ფიქრი წარსულზე დაავადებათა პირველადი სიმფტომია.

გამოდიან შეშლილები და ხატავენ. ძირითადად ეროტიზმის შესახებ და ძირითადად დისპროპორციით. ხშირად მათი პერსონაჟები უფორმონი არიან. ამაზე ექიმებმა  ივარაუდეს, ხვდებიან მიმართებას მახინჯ სხეულში რომ მახინჯი სულიაო. ექიმებმა შიზოფრენიის სიმფტომებიც ჩამოწერეს: ემოციური სფეროს დაკლება, პიროვნების თანდათან შეცვლა, ქცევაში უცნაურობები, ზემქმედების ბოდვა, ნებითი სფეროს შესამჩნევი შესუსტება და პიროვნების გახლეჩვა.

მხატვრები ამ წიგნიდან შუქ-ჩრდილებს არღვევენ. სიღრმეს სიბრტყედ აღიქვამენ და ასეც ხატავენ. მომრგვალების გარეშე, მესამე განზომილებას რომ კარგავს. გადავხედე ჩემგან მარჯვნივ მჯდომის ნახატს და ქაღალდზე მიტყეპილი კუბო ვნახე. თავიდან სახლი მეგონა. მერე დავაკვირდი და ჯვარი ესვა. ბავშვივით ხატავდა. თუმცა ავადმყოფის ბავშვთან გაიგივება არ შეიძლება. თუ ერთი პირველადი მატერიაა, მეორე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი მსგავსება მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა აღსანიშნი.

დავუბრუნდი წიგნს, სადაც ავადმყოფებზე ეწერა ხატვა აჯანმრთელებსო. თურმე ეპილეფსიით დაავადებული შეტევამდე ნელა, მაგრამ არითმულად ავლებს ხაზებს, იმდენად მკვეთრად, რომ ნახატს ხევს. სიუჟეტი დინამიკურია, მაგრამ ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. მათ სურათებში წითელი ჭარბობს. გულყრის წინ აურას სწორედ წითლად ნახულობენო. გადავხედე გვერდით მჯდომს. გემს აგებდა.

ავადმყოფები ხატავენ ბევრ რამეს. მათ შორის მედ. პერსონალს, მაგრამ ძირითადად ხატავენ თვალებს, გამოკვეთილად და ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. ხატავენ მიმიკებს. შეიძლება ჰგონიათ, რომ თვალები მართლა სარკეა და პირისგან განსხვავებით ტყუილი არ შეუძლიათ. ჰმმ. მე შემიძლია. უბრალოდ არა დროულად.

დროის განცდის შეფასება სივრცით შეიძლება. მარცხნივ დახატული წარსულს უდრის, ცენტრში – აწმყოს, მარჯვნივ – მომავალს.  შიზოფრენიით დაავადებულები ფერებს აქცევენ ყურადღებასო, დეპრესიით ავადმყოფები – ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს ან უბრალოდ ერთმანეთს უხამებენ ფერებს. დეკადენტური მხატვრობაც ხომ მსგავსია. შეშლილის მხრიდან შეცნობილი სამყარო მეტად რეალური, სურეალური ეჩვენათ.

და სურეალისტები ბოდავენ. ბოდვა კი მით უფრო კარგადაა გამოხატული და მით მეტად ძლიერია მასში დარწმუნებლობის განცდა, რაც უფრო კარგადაა შენახული აზროვნება. რაც შემეხება მე, ავად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს, არ ვბოდავ, არც ვიჩემებ მოდერნისტული შეშლილის იმიჯს, მაგრამ რაღაც ცხოვრებაში დამიხატავს. ეს ჩემი ჩანახატებია. დღიურისთვის, ისე..

მეტის ნახვა სრულიადში