ჩემი შობის ხე

ისეთი ღარიბი ვარ, თავს მოვიკლავდი ხარჯი რომ არ იყოსო.
ჰოდა, თუ გაიგებდა, რომ ვინმე ჭირისუფალი იყო, მის ოჯახს დიდი ვალი ექნებაო და სამსახურში საცდელი ვადით მაინც იღებდა, ეს ორი სინონიმად ექცა.
წაიკითხა და დაიჯერა, რომ ზიზღი ცხოვრების გზამკვლელი იყო, უფრო ის იცოდა, რა არ უნდოდა, ვიდრე რა უნდოდა, – თუ ჯერ დაიჯერა და მერე წაიკითხა.
ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელიც თავს იმიტომ კი არ იკლავდა, რომ სიცოცხლე უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ სიკვდილი არ უყვარდა.
არც ვინმეს შორდებოდა, იმიტომ კი არა, რომ მათთან უნდოდა, იმიტომ რომ მათ გარეშე არ უნდოდა, ასე ბევრი მეგობარი დაუგროვდა, იმდენი, რომ ამ სიტყვამ შინაარსი დაკარგა.
მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი გოგო იყო, რომელსაც ჩვეულებრივ სახლში საინტერესო ხე ედგა, რომელიც სანამ არ დაზამთრდა, თოვლი არ მოვიდა, სანამ ქურასთან ფოთლები არ დაიწვა, მანამ არ გაყვავილდა.
დიახ, სწორედ შობის დღეს ხემ ყვავილები გამოიღო გოგონასთან, რომელსაც წლებია ნაძვის ხე არ დაუდგამს და საახალწლო ღამე არ გაუთენია.
ეს ხე მე მგავსო, – სოფლიდან ძალით წამოიღო, არ ატოვინებდნენ, მაინც არ მოუვლიო, და მაშინ როცა ყველაზე მეტხანს არ უვლიდა, ყვავილები დაისხა, – აი, ახლა მართლა მე მგავსო. მოდი ეს იყოსო ნაძვის ხე.
Picture 0022

აი, ასეთია ჩემი ნაძვის ხე ჩემს ფანჯარასთან.

 

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა

 /წინასაახალწლო ამბავი/

თუ დაუკვირდით, ძველ სარაინდო რომანებში გმირებს მზეთუნახავები არ უყვართ. ისინი მათ ეთაყვანებიან, გაწეული სამუშაოსთვის თამასუქად თვლიან და ზოგჯერ ვალდებულნიც არიან, შეირთონ.
ზღაპარი კი მაშინ წყდება, როცა გველეშაპთან ჭიდილის მერე ყველაზე რთული წინაღობა ჩნდება: პრინცი და პრინცესა უღლდებიან.
ჩნდება კითხვა: არსებობს სიცოცხლე ქორწილის მერე?
რომელზეც პასუხობენ, რომ ბედნიერი დასასრული არ ნიშნავს ბედნიერ დასასრულს.
ის თაობა ვარ, რომელსაც გვასწავლეს, რომ ყველა პერსონაჟის ამოხოცვა საუკეთესო ფინალია. ასე წერტილი მრავალწერტილად აღარ იქცევა.
დაუსრულებელი გმირები სარკეში ჩამწყვდეულ მოჩვენებებად აღარ დაგდევენ, – მერე რა მელისო.
ჩვენც ვხოცავთ, მაგრამ რაღაც არ გვასვენებს. ანგელოზებისგან ადამიანები ხომ იმით განვსხვავდებით, რომ სინდისი გვაქვს.
სასოწარკვეთილ მწერლებად ვიქცევით და ვამბობთ, პერსონაჟები შვილებივით გვიყვარდა.
მედეას კომპლექსი.
აი, იმის, ცოდვის ნაყოფი რომ ამოძირკვა და თავს ახალი შანსი მისცა მრავალწერტილისთვის.
დედაჩემიც სასოწარკვეთილი დიასახლია.
ჯერ არ იცის რომ მამა ღალატობს.
ცოტა ხანიც და ვეტყვი.
თუმცა მაინც მეფიქრება, უთქმელობისგან დაგროვილი სათქმელი სჯობს თუ ნათქვამისგან დატოვებული სიცარიელე.
მეც დიასახლისი ვარ.
წვრილშვილებთან ერთად წვიმისას გახვრეტილ სახურავს ვუშვერ ხელებს, ხელის გულებში ვაგროვებთ წვიმას და ვღვრით.
თუ არ წვიმს, საბანში მივუწვები მეუღლეს და რეზინის ხელთათმანებით მოვეფერებით ერთმანეთს, კიდევ ერთი შვილი რომ არ გაჩნდეს.
ძირითად დროს დავუთმობთ პრობლემების დაგროვებას და დაკიდებას.
ბოლოს იმდენს დაიკიდებს, ნაძვის ხისა და ჩიჩილაკის შუაში ჩავდგამთ და გარშემო ვურბენთ აპლოდისმენტებით:
“გილოცავთ დამდეგ შობა–დაკიდებას!”
ამ დღეს ყველა იკიდებს თავის პრობლემას, ძველ ცოდვებს, რათა მორიგ საერთაშორისო დაკიდებამდე ახლები აგროვონ.
ვიღებ გოზინაყს და შვილების ტკბილად დაბერება მინდება.
წარმოვიდგენ, ღრძილებში როგორ ეჭედებათ ნიგოზი, კბილები სცვივათ, სახე ეკუჭებათ და მაინც ტკბილად იღიმებიან:
ტიტრები არ იქნება.