ბერლინის სინდრომი

berlin_syndrome_sundance_still_2_-_publicity_-_h_2017

მე არ ვიცი საავტორო უფლება გააჩნია თუ არა აწ უკვე ხალხურად ქცეულ ფრაზას, – “პრობლემა ჩემშია, წარსულის გამო სიყვარულის მეშინია”, – ან ოდესმე გულწრფელი დაშორების წყარო თუ იყო, მაგრამ სადღეისოდ ურთიერთობის ყველაზე ყალბ, მაგრამ ეთიკურ ეპილოგად ითვლება, რადგან ქვეტექსტად დაზარალებულთან ახდენს თვითიდენთიფიკაციას, მეც დამშორებიანო. ან მაჩვენეთ სად არის ამდენი საბედისწერო ქალი ქალაქში, ასე მგონია ერთი სახე აქვთ. საბოლოო ჯამში ფრაზა იმდენად ვირუსული აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვისმენ საშიში სიყვარულის შესახებ, ვფანტაზიორობ კადრს ჰორორ ფილმის ჟანრში: ბიჭი წევს აწმყო პარტნიორთან ერთად ლოგინში და საწოლის ქვეშ შეხედვის ეშინია, იქ დაბუდებული ყოფილი პარტნიორის აჩრდილის გამო. 

იმის მიუხედავად, რომ წიგნში, და იგივე სახელის მქონე ფილმში “ბერლინის სინდრომი”, ეს კიჩი ფრაზა არ არის ნახსენები და პოლიტიკური ქვეტექსტებიც კი ლაითმოტივად თუა ჩატვირთული, პოსტ ფაშისტურ უსიყვარულობისკენ მამისამართებს. ფაშისტური პროლოგის მქონე ბერლინმა საკუთარი თავისადმი სიყვარული იმდენად შეინანა, წარსულის გადახარშვას უცხოელებთან ინტეგრირებული მსუბუქი ფლირტით, ლიბერალური სავიზო რეჟიმით ცდილობს. ანუ ქალაქი ისევე იქცევა, როგორც ადამიანები ვიქცევით ხოლმე განქორწინებისას. ძლიერ ურთიერთობებს ვანაცვლებთ მსუბუქი ურთიერთობებით, და ვერ ვხვდებით, რომ მსუბუქთან კონტრასტით ძლიერი კიდევ მეტად ძლიერი გამოჩნდება და ამით წარსული მოჩანს ავტორიტეტი. ფილმი გადაღებულია გედეერის ბერლინის არქიტექტორულ ძეგლებში, რაიონში, სადაც კედელი იმდენად კალუსტროფობიული აღმოჩნდა, მონატრებულ მადაზე თითქოს თავად შენობები ისრუტავენ აქ ფეხგადმოდგმულ ტურისტებს.

ავტორმა აზრის გადმოსაცემად, გვაჩვენა გდრ ბერლინელი მანიაკის პერსონაჟი, რომელსაც ბავშვობაში დედა უკეთეს მხარეს გაექცა და ტურისტებზე გაუჩინა ფეტიში. დღისით ის ფორმალური ინგლისურის პედაგოგი გახლავთ, საღამოობით კი სახლში ვან ნაით სთენდით იტყუებს უცხოელ გოგოებს, ხოლო მეორე დილით სახლის კარებს უკეტავს რომ არ გაიქცნენ. მანიაკის ერთ-ერთი უცხოელი მსხვერპლი და ფილმის პირველადი პერსონაჟი ბერლინში გდრ შენობების ფოტოგრაფირების სურვილმა ჩამოიყვანა. რატომ უკავიათ ტურისტებს კამერებიო? იმიტომ, რომ ჩხაკუნით გაუცხოების უხერხულობა დაფარონო, – არის ასეთი თეორიაც, მგონი ისევ გერმანელისგან. როცა ტურისტი უკვე გდრის ცივი ოთახების ტყვედ იქცევა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ, როგორც ნამდვილმა არტისტმა, კედლის რომანტიკული კლაუსტროფობია, საკუთარ თავზე გამოსცადა, ლოგინის ქვეშ შეიხედა.

მეო

100041691834d201cb

“რა არის კოცნა გემოს გარეშე და ბაწარი ტკივილის გარეშე?”
მე. სარკე. წითელი ღვინისგან დალაქავებული თეთრი კაბა.
ამ ბოლო დროს სარკის ანარეკლი ისე დამემსგავსა, ეჭვი გამიჩნდა რომ ნამდვილია და ეს მე ვგავარ.
არა, სულ უფრო ხშირად ვხატავ ქალებს რომლებიც მგვანან.
რიტუალი მაქვს: თავმოყვარე ქალივით გასახდელებში მეტ დროს ვხარჯავ, ვიდრე შეძენილ კაბას ვატარებ.
სამეცნიერო ფანტაზიებს ვკითხულობ, სადაც სხეულებს კაბებივით იცვლიან. ერთხელაც მოვესწრები.
გაინდიფიცირებული ვარ, მეო, იცი, სამწლიანი პაუზის შემდეგ მოწმობა ავიღე. შთაგონება კი მინაწერმა გამოიწვია რომ ორნი მგვანან.
ერთხელაც, განგებ.. შემთხვევით..
რომ შევხვდე, ვაკოცებ სადაც მინდა მკოცნიდნენ. იქნებ დაემთხვას.
კაბის ბოლოებს ავუწევ, საფეთქელს ფეხებზე მივადებ და ვკითხავ,
ნოტიო სუნთქვით, წამწამებშეთამაშებით:
– სარკეო, სარკეო, ვინ არის ყველაზე ლამაზი?
– მე.
და დავმშვიდდები.

თანწასაკითხი ჩანაწერია:
ნარცისი

ნარცისი

ზოგჯერ მიაგნებ კანს , ისე, სისხლის გარეშე, რომ უბრალოდ აიღო და ჩაიცვა ძვალზე, ყოველგვარ სიმბოლოებს მოკლებული და იცხოვრო, თითქოს გრიმი გეკეთოს. გრიმსაც რა უნდა: რამდენიმე ადგილის ჩამუქება/გაღიავება და ახალ ნაკვთებს ქმნის.

“Charmed”. ასე ერქვა სერიალს, 10 წლის წინ გადიოდა. მაგია. დემონები. ავატარები. პერსონაჟებმა რიტმული შელოცვით გარეგნობა შეიცვალეს. მომინდა მეც. იმის მერე იმ ქალებს დავუწყე თვალიერება, როგორადაც გახდომას ვისურვებდი ელექსირი რომ აღმომეჩინა. სხვანაირად რომ ვთქვა, ჩემს პოტენციურ კანს ვეძებდი სხვაზე.

გავიზარდე, იმდენად, რამდენადაც წლების გასვლა გაზრდად ითვლება. ამასობაში, მკვდრები ცოცხლებს ადგილს უთმობდნენ, თავად სიღრმეში ეფლობოდნენ და იგივეობით შემეცნებული სამყარო ახალ იგივეობას გვპირდებოდა. მეც სამუშაო მემატებოდა. განსხვავება ისევ ცვალებადობის საწყისი ხდებოდა. შევიცვალე. ზოგი გარემოს “მეთი” ხედავდა. ხოგი – მეორე ან მესამე პირით.

არ ვიცი ჩემს მესამე პირს რა ჰქვია. იმ კაფეში დადის ეს თვეა, სადაც მე. სულ სამჯერ ვნახე. გრძელი ქერა თმა აქვს, ოდნავ გახუნებულზე  თუ შეატყობთ, რომ შეღებილი აქვს.  თმას კისრიდან ხშირად იწევს,  წიგნებით დადის. მაგალითად, მეორედ ლექსებს კითხულობდა. იმდენად გამხდარია, ტანსაცმელში ძვრება. თხელი ტუჩები და მკერდი აქვს, მაგრამ დიდი წამწამები. რაღაცით ანიმეს ჰგავს. ეს ტყავი მინდა მეთქი, გავიფიქრე.

– ხედავ იმ გოგოს, იქით რომ ზის? – ვანიშნე იქვე მჯდომ მეგობარს. გაკვირვებული დამტოვა პასუხმა:

– შენ გგავს.