ალბათ იმდენი სათავგადასავლო ფილმი მაქვს ნანახი, მგონია, კონტროლიორი შემოვა და ბილეთის წარდგენას მთხოვს, მე კი ვერაფრით ვიპოვნი, ხან ჯიბეებში ვნახავ, ხან ჩანთას ამოვაქოთებ, ხან სავარძლების ქვეშ ვიბოდიალებ. მერე ეს კონტროლიორი უცხო პლანეტელის ნაბიჭვრად გადაიქცევა, საერთო გონი რომ ამოძრავებთ, პირზე რვა ხორთუმი რომ ჩამოუკონწიალებიათ და უბილეთო მგზავრებს ძალიან შორეულ გალაკტიკაში უშვებენ. სამწუხაროდ, ბილეთი აღმომაჩნდა.
მანამდე ვაგზლის სალაროში რომ მივედი, ლამაზი ბაქოელი ბიჭი ვნახე, ქერა და ხორბლისფერკანიანი, თაფლისფერთვალებიანი. ჰოლივუდის ვარსკვლავს გავდა. მერე გაიღიმა და ოქროს კბილები გამოაჩინა.
ლამაზ და უცხოელ გოგოებთან მოხვედრამ მიმანიშნა, რომ სხვათა ოცნებებს უაზროდ ვხარჯავ.
პატარა ბავშვის თვალების დანახვამ, თუ როგორ უყურებდა დედას, რომელიც დაკარგული ეგონა, გამახსენა, რომ დიდი ხანია ასე არავისთვის შემიხედავს.
თავი რომ ემოციურად გაძარცვულად ვიგრძენი, ვიფიქრე, რომ ტრაგედია მხოლოდ ის კი არ არის, თუ საკუთარი მეობა დაკარგე, ისიც, რომ მეებში ქურდი გყოლია.
ხანდახან ჩაძინებული მგზავრის გადაჯვარედინებული ფეხი მეხება. ფანჯრიდან ვუყურებ როგორ იცვლებიან შენობიდან ხეებამდე, ბოძებიდან სატელეფონო მავთულხლართები, ადამიანები, რომლებიც სეირნობდნენ და მატარებელი დაინახეს.
ღამის ცენტრში გაწოლილი ძაღლი, რომელიც თენდება და ეს ესაა ჩნდება.
მე ვიმოგზაურე მზიანი საქართველოდან მთვარიან აჭარაში, სადაც სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ, სადაც ალკადრის ღამეს ხდება ადამიანის ბედის განსაზღვრა. ჩვენთან რომ ბედობა იციან, თევზები და ლობიანები, საყვარელი ადამიანები, მუსლიმებმა ლოცვა იციან. ისე, ყავის ფსკერზე დამალული მომავალივით.
“თქვენი რელიგია გაცილებით რთულია, ამდენი დოგმებია. ჩვენთან მარტო ლოცვებია და ლოცვები”, – ჩემი სათქმელი გაიმეორა ხულოელმა ბიჭმა, რომლის სოფლიდანაც გავრცელდა ქრისტეს რჯული და ბოლო ადგილი იყო, რომელიც გამუსლიმანდა.
“ჩვენზე ამბობთ, რომ თათრები ვართ, არა და თქვენ პირველებმა მიგვატოვეთ, – ამ დროს ქრისტიანის კრებითი სახელი ვარ და საუბარში პასუხისმგებლობას ვგრძნობ, – თქვენი კუთხეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ამიტომ გაუძელით, ჩვენ უფრო ცოტანი ვიყავით, მოგვერივნენ. უნდა აგვერჩია სარწმუნოება თუ ენა და ჩვენ ენა ავირჩიეთ. მოღალატეები არ ვართ, ვიცით, რა არის ერთგულება, დღემდე ოჯახებისთვის არ გვიღალატია და ცოლების გარდა სხვა ქალები არ შეგვირთავს. მერე დავინახეთ, სინამდვილეში როგორ არ არის თქვენში ქრისტეს რწმენა. თქვენგან შედარებით ორივე რელიგია ვიცით, ვიცით და ვარჩევთ.”
რამდენიმე დღე გასტანა ჩვენმა საუბარმა, ფხიზლებზე, მთვრალებზე, სახლში დაბრუნების წინა საღამოს მორიდებით ვეკითხები: “მონათვლა გეტკინა?”
“გამოიბერა და უფრო დიდი გახდა”, – ეღიმება.
სინამდვილეში ერთი ქრისტიანი გოგო ყვარებია, მაგრამ რელიგიის გამო მოწამეობრივად დაშორდნენ.
ტურაშვილის ერთი ჩანაწერი მახსოვს, უცხოელი გოგონა რომ აფხაზეთზე ეუბნება: ვერ დაიბრუნებთ, სანამ თქვენთვის კურორტი იქნებაო. იქნებ ეს მოხდა და ხდება აჭარის შემთხვევაშიც? უფროსი თაობისგან ხშირად გამიგია: ბათუმში ვინ მიდიოდა, როცა გაგრა შეგვეძლოო; სოხუმში ისეთი კარგი ამინდები იყო, ქობულეთის ნესტიანი ჰავა ჭირიანიაო. სანამ აჭარისგან მარტო ზღვა გვინდა, ზაფხულობით ხმელეთზე რუჯისთვის წამოწოლა, მისი მთიანეთი და ზამთრობით იგი სულ ცალ ფეხზე გვკიდია, გვიყვარს, როცა ტურისტები მოდიან და ადგილობრივებთან კონტაქტი არა გვაქვს და თათრებს ვეძახით, დიახ, ჩვენ არ გვიყვარს აჭარა როგორც სამშობლო.
და კიდევ ამ ხულოელი მეგობრის მსხვერპლად გაღებულ სიყვარულზე გამახსენდა, ერთხელ ერთმა მოაზროვნემ მკითხა, რომ თუ სიძულვილი მხოლოდ სიძულვილს ბადებს, ხოლო სიყვარული სიყვარულს ამრავლებს, მაშ არ არსებობს წმინდა მოწამეები, მხოლოდ ბედნიერი წმინდანების სჯერა. ტკივილი ხომ მხოლოდ ტკივილს ამრავლებს, რა არის ამაში წმინდა?
და კიდევ თუ ღმერთი მართლა სიყვარულია და ამ სამყაროს სიყვარული ატრიალებს, რატომ ამბობენ ადამიანები რელიგიის გამო ღმერთზე უარს?
Tag Archives: ნათლია
შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის!
საინტერესო ოჯახში მოვხვდი, რამდენადაც რელიქვიური ქარქაში ვნახე სატურნისა და მთვარის ეზოთერული სიმბოლოებით. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი პლანეტები შეერთებაში იმყოფებოდნენ და გარშემო ოთხქიმიანი ვარსკვლავები ერტყათ წრიულად. პარალელურად ტელევიზიით მსოფლიო არქეოლოგი დასკვნას აკეთებდა: “ძვლებს ტყუილი არ შეუძლიათ”, – ჩონჩხით აღწერა რა გარდაცვლილის ფიზიკური ცხოვრება და ცოტა ემოციურიც. იქვე, როცა ტელევიზიით ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ისმენ, მომავალში შესაძლო მისაღებ ტრავმებსა თუ გაჯანსაღებაზე /ფიზიკურ თუ მორალურ პლანში/, ხშირად ბარტის სიტყვები მახსენდება, თავის “მითოლოგიებში” ახსენა, სადაც თანამედროვე ყოფას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების რეკლამებისთვის გამოყენებული სიღრმე და ქაფიანობა, სიღრმეზე ქვეცნობირად ღირსების და იდუმალების განცდას რომ გვიტოვებს, ხოლო ქაფიანობაზე მარკეტოლოგები ფუფუნების უჯრედებს გვიაქტიურებენ. “როგორც ჩანს, საფრანგეთში “მისნობისთვის” წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამასი მილიარდი ფრანკია. ეს კი ღირს იმად, რომ თვალი გადავავლოთ კვირის ასტროლოგიურ კალენდარს…. მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქ არ გვხვდება რაღაც ფანტასტიკური სამყარო. პირიქით, აქ არის ზუსტი რეალისტური აღწერა იმ სოციალური გარემოსი, რომელსაც მიეკუთვნებიან ამ ჟურნალის მკითხველები,” – ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს ცხოვრებას, არამედ – აღწერს, – როცა ხელში მთელი კვირის პროგნოზი გიჭირავს, მოცემულ სფეროებს ვერ შევაჯერებთ ერთმანეთთან, ვერ გავიაზრებთ ცხოვრების ტოტალურ გაუცხოებას. პატიმრები გადაჰყავთ ერთი კამერიდან მეორეში, მაგრამ ამ კამერებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ვარსკვლავები არასდროს იუწყებიან წესრიგის დარღვევას.
მაინც მგონია, რომ ასტროლოგია მისნობად ამგვარმა ჟურნალებმა აქცია, უარესი კი ის არის, რომ ჟურნალისტთა მსგავსად იქცევიან, არ დავასახელებ და, ცნობილი ასტროლოგებიც, ადამიანთა ნახვის, პირისპირ კონტაქტის, საცხოვრებელი სივრცის და დროის გათვალისწინების გარეშე, როგორც ინკუბატორში გამოყვანილ წიწილებზე იწყებენ მუშაობას. ცალკე საკითხია წითელი თუ მწვანე, ნეგატიური და პოზიტიური დღეების შესახებ. ერთხელ, როცა ერთ ასტროლოგს ტრანზიტულ რუკაში სიკვდილის ნიშნის შესახებ ვკითხე, როგორ ამომეცნო ზუსტი თარიღი და სივრცე, მიპასუხა: დიდი ხანია ვაკვირდები და იცი რა ვნახე? ადამიანები უფრო ხშირად პოზიტიური დღეებისას კვდებიან, – ანუ თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი უნდა მოიგო და კვდები. შესაბამისად, ზედმეტად სიმბოლურია კარგი და ცუდი, ვინაიდან, შეჯამებით რომ ვთქვათ, ტრანზიტული წითელი ხაზი ენერგიის დახარჯვას ემსახურება, ხოლო მწვანე ნიშანი პიროვნების მიმღეობაზე, მის პასიურობაზე მიუთითებს. ასე რომ ნეგატიური დღის შემთხვევაში, სახლიდან გასვლას ნუ შეშინდებით, სავსემთვარეობა არა მხოლოდ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აღგიგზნებთ, თქვენში ჩადგმულ პოტენციას გამოამჟღავნებს და შეეცდება პასიური მკვდარი არ იყოთ.
სიკვდილზე ლირიკული ჭრილისთვის, ტელევიზიით ისიც გადმოსცეს, რომ ამ დღეებში ბავშვი დაიღუპა, – ფანჯრიდან გადავარდა და სასხვათაშორისოდ ახსენეს, რომ პატრიარქის ნათლული იყო. ადამიანის თვისებაა თავდაცვის ინსტინქტი, ვერ გამოტყდნენ რა მშობლის დაუდევრობაზე, მემკვიდრეობით ცოდვებს გადააბრალეს. პოსტმოდერნიზმი ხომ ის პერიოდია, სადაც უმაღლესი წესები არის ბუნების კანონები და მათი შემეცნება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა, ხოლო მიდგომა “ათი მცნების” მიმართ უკვე ინდივიდუალურია. თანაც ისე, რომ ღმერთი კი არ დაკნინდეს, არამედ ყოვლისმომცველი სამყარო გახდეს, მისი პოვნა ერთდროულად მარსზეც შეიძლება და ხეებშიც. ვისაც რუნები დაუთლია, ნებისმიერი ხეც მოყვება შენს ისტორიას. ინფორმაცია ხომ მანამდე ინახება სანამ შავ ხვრელში მოხდება, ადამიანი კი მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას როცა მკვდარია, დამოკიდებულ მოღვაწეობას საფლავქვეშ და თანდათან ქვეწარმავლებში გარდაისახება, ისინი კი თავის მხრივ ფრინველებში და არაფერია ახალი, – მეტი რა არის რეინკარნაცია, ევოლუციის გზაზე ალქიმიაც ქიმია ხდება, ხოლო “სამეცნიერო ფანტასტიკა – სამეცნიერო ფაქტი”. შავი ხვრელი კი ერთხელ შექმნილი სამყაროს გარდასახვის, ნებისმიერი ტოტალური ენერგიის ანუ ტოტალური სულის განადგურებად წარმოგვიდგება, ანუ მორიელის ხანაში მცხოვრების (შავი მატერია ხომ მკვდარი მზეების შემდეგ შეიქმნა, აქ პარალელია “მზე დაცემულ” სასწორის ნიშანთან) ანუ შავი ხვრელის პირდაპირი თუ მითური გაგებით, სადაც ნებისმიერი გარდაცვალებით გაგრძელებული ცხოვრება შიგნით ატომების დონეზე ნადგურდება. ირონია კი იმაშია, რომ სამყარო შავი ხვრელიდან აფეთქდა.
სადღაც ერთი თვის წინ, სასაცილო სიტუაციაში აღვმოჩნდი, როცა ძველმა ჯგუფელმა, პირველად ლინგვისტიკის ლექციაზე რომ ვნახე და ახლა ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ჩაის სმისას შვილის მონათვლა მთხოვა. მორიდების გამო ყურადღება არ მიმიქცევია და თემა შემიცვლია. მაშინ არც მიფიქრია, რომ სწყინდა. ლამაზი ჯვარი ვიყიდე კიდეც და ერთი კვირის მერე ვნახე წერილი, რომ გადაიფიქრა. გადაიფიქრა? ნუ კაი. არც გავამხილე რომ ვიყიდე. დავივიწყე. მერე დამირეკა და მერე რაო, რა რომ ბავშვები არ მიყვარს, “პამპერსი” “ოლვეისის” მსგავსი მგონია და ბავშვის სქესი ყოველ ჯერზე მავიწყდება, ვიცი, რომ მისი ზოდიაქო მორიელია, და რახან კეთილი მეგობარი ვარ, ამიტომ ნათლია უნდა რომ ვიყო. ამბობენ, იყო მონათლული ეს საშვია სამოთხეში მოსახვედრად, იყო ნათლია კი შენთვისაც ერთგვარი სარეკომენდაციო წერილია. მე დემე მოვნათლე, ჩემი მეგობრის მეორე და დაუგეგმავი შვილი. ტაძარში, სადაც კვეთებულის მოსმენა ნორმაა, მაღლიდან თოლიების ცეკვას უყურებ და.. და ძვირია. იმხელა პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ჩემთვის შემდგარი სულის ხელახალი ყოფნა მორიელის ტრანსფორმირებული ნიშნით. მაგრამ არ ვიცი, შვილი თუ მეყოლება რამდენად მომინდება მისი მონათვლა, მითუმეტეს, ბავშვობაში და გაუაზრებლად. რასაც ყოველთვის ვეძებდი იმას, ანუ რიტუალებს მინდა მოვაკლო. მაგრამ ძილის წინ ქართული, მშობლიური ფოლკლორიდან წავუკითხავ უხმოდ ერთ პატარა ლოცვას, რომელიც საქართველოში “მამაო ჩვენოს” შემოსვლამდე არსებობდა:
ცაო მშვენიერო,
ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
მე უკვე ვიცი დემე როგორ აღვზარდო: ბღუჯა წიგნებს დავიჭერ თეოსოფიაზე, ანთროპოსოფიაზე, თორაზე, ბიბლიაზე, ყურანზე და როცა მეგობართან ჩაიზე გავალ, დემეს ვუკითხავ და ვეტყვი: “მასწავლე. ჯერ კიდევ შარშან მასთან იყავი. შენ უფრო გახსოვს რა არის ღმერთი”.