ქრისტეს ტკივილგამაყუჩებლები

ერთხელ მაცხოვარი ბეთანიაში სვიმონ კეთროვანის სახლში სტუმრობდა. მასთან ერთი ქალი მივიდა და მიიტანა ლავანდის ზეთისგან დამზადებული ნელსაცხებელი. ამ ნელსაცხებელს იყენებდნენ თმისა და კანის ლოსიონად, ტკივილგამაყუჩებლად, ლუბრიკანტად, ჩრჩილის გასაქრობად, სოკოსა და ალერგიების სამკურნალოდ, დიაზეპამის ნაცვლად და ა.შ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ მდიდრული ნელსაცხებელი იყო. როგორც თვითონ მარკოზი ამბობს, სუფთა ლავანდი (ძველქართულად, ნარდი) იყო მოტანილი მინარევების გარეშე. ნელსაცხებელი ესხა ალაბასტრის ჭურჭელში. ქალმა გატეხა ალაბასტრი და ლავანდის ზეთით მორწყა მაცხოვარი. ანუ რამდენიმე ადამიანისთვის განკუთვნილი წამლის თვიური მარაგი ერთ ადამიანზე ერთჯერადად დახარჯა. ფარისევლები გაწყრნენ ქალზე, გაგეყიდა და აღებული ფული ღარიბებისთვის დაგერიგაო.
ა) მხოლოდ ალაბასტრის ჭურჭელი მარმარილოზე ძვირფასი იყო, რომ არ გაეტეხა;
ბ) ლავანდის ნელსაცხებელი ყველაზე ძვირად გაყიდვადი ნელსაცხებელი იყო, რომელსაც მხოლოდ არომატიზატორის კი არა, სამკურნალო თვისებებიც ჰქონდა.
მაგრამ იესომ ფარისევლები გააჩუმა, აცადეთ ქალს, ასე გამოხატავს თავის სიყვარულსა და ერთგულებასო. ეტყობა ამ დროს უკვე დაწყებული ჰქონდა ნელსაცხებელს დიაზეპამური მოქმედება.
ა) კი, იესო იყო ნარცისი;
ბ) არა, ბიბლია არ გვეუბნება, რომ მოძღვარმა უნდა გაყიდოს აიფონ12 ფულის ღარიბებისთვის დასარიგებლად თუ ამ აიფონ12-ით ქრისტეს სიყვარულს დაამტკიცებს.
ამ ამბის მერე მარკოზთან უკვე ჯვარცმაა აღწერილი, რაც ისტორიას უფრო საინტერესოდ აქცევს. ქრისტეს უკვე აქვს რამდენიმე ადამიანის რამდენიმე თვის სამყოფი გამაყუჩებული მიღებული. ანუ იცის როგორ მოქმედებს ადამიანზე. შეიძლება ამიტომ, როცა ჯვარცმის წინ მურგარეული ღვინო მიუტანეს როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, არ დალია, საღ აზრზე მინდა მოვკვდეო.
ლავანდას ეზოთერული მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, ძველ აღთქმას უნდა მივმართოთ, იმიტომ, რომ რთულია ძველი აღთქმის გარეშე ახალი აღთქმის გაგება. სერიალის მეორე სეზონის ნახვას გავს პირველი სეზონის ნახვის გარეშე. ლავანდის ნელსაცხებელს ცერემონიული მნიშვნელობა აქვს, ღმერთი გვირჩევს, რომ ლოცვის დროს არომატიზატორად გამოვიყენოთ.
დღევანდელ პირობებში სურნელებზე მეტად ვიზუალური ზეთოვანი კონცენტრატორები გვაქვს სალოცავად. მაგალითად, ხატები, ფრესკები. მამა გაბრიელის მაგალითზე, უკვე ფოტოგამოსახულებები.
ქართული ხატები იაპონური მანგების პერსონაჟებს მაგონებს მინიმალისტური ცხვირ-პირით, უშველებელი თვალებითა და უსუსური სხეულით. შეიძლება იმიტომ, რომ ქართულმა და რუსულმა კულტურამ რენესანსი გამოტოვა. სანამ პოსტ ბიზანტიელები სხვა ევროპელებთან კოლაბორაციით ნატურალისტურ ფორმებს ქმნიდნენ, იგონებდნენ საღებავებს, რომლებიც დღევანდელ რგბ ფერებს სიკაშკაშით წააგავს, სწავლობდნენ ანატომიასა და შუქ-ჩრდილების გამოყენებას, ჩვენი არჩილ მეფე ერწოს აძეძში თევზაობდა და ვეფხისტყაოსნის ფანარტით ერთობოდა, ვექტორებისა და სკეჩების სრულმქმნილ სურათად (შუქ-ჩრდილებით, ფონის ათვისებით, ფერთა თამაშით და ა.შ) გადაკეთების დრო არ ჰქონდა.
დაკვირვებული ხართ რანაირი ყელი აქვთ ჩვენს ხატებს? თითქოს ყველა წმინდანს თავი აქვს წაჭრილი და ტანს უბრალოდ ადევს. არ ვიცი ეს ექსპრესია რას ემსახურება, მაგრამ მაშინებს, არ ვიყიდიდი. რუსული ხატებიც მასეა. თითქოს ყველა წმინდანს ლავანდის ლოსიონი აქვს გადავლებული, მურგარეული ღვინო დალეული და მალავს, რომ ჭკუიდან იშლება. წმინდანებს თვალები უსივდებათ, ყელი ეღრიცებათ თითქოს კეტამინი გაიყნოსესო და მაინც ამაყად გვაჩვენებენ ცერა თითს არათითზე.

ლოთი კაცები, მათზე შეყვარებული ქალები და დაჩაგრული სნობები

images (1)

შეიძლება ითქვას, ჩემი ფობია მოდილიანებს უკავშირდება, ანუ რეალური შიში მაქვს იმ ხალხის, თავებს გარსია-მოდილიანის გამგრძელებლად რომ აღიქვამენ და ბოჰემურ რაფსოდიას შემოქმედებითი ნატურით ამართლებენ. აი, შევხვდები ადამიანს და საყვარელ მხატვრად დევისის ფილმის ყურების მერე უმუშევარი, ნარკომანი და შიშველი ქალების მხატვარი მოდილიანი ჰყავს. სავარაუდოდ, მის რამდენიმე ნახატს დაგუგლავს და საღამოობით ფილმის ცნობილ საუნდტრეკს მოუსმენს. მე თუ მკითხავთ, ფილმში ხატვის მუსიკალურ გაფორმებაზე ემოციური ეპიზოდი დასაწყისში მშობიარობის თემაა, ორსულის ლოგინზე ავეჯს რომ შედგამენ და ამ სცენით, თითქოს ბავშვის ცხოვრება სამუდამოდ გაიწირა შებრალებისთვის. ხოლო ჩემთვის ემოციის გამომწვევი პერსონაჟია სნობი პიკასო, რომელიც ფილმის ბოლოს, მოქიშპისამი დაგროვილი ბოღმის მიუხედავად, ეს ბულინგის მსხვერპლი პირველია ვინც მჩაგვრელს ტაშს დაუკრავს. ეს არის სამართლიანობის ის მაღალი აქტი, როცა მონაწილე ობიექტური ჟიური ხდება. შეიძლება ითქვას, პიკასო ჩემთვის ფილმის მთავარი პერსონაჟია, რომლის სიღრმესაც ფილმი სინამდვილეში ეძღვნება.
სხვა საქმეა უმუშევარ ნარკომანებზე შეყვარებული ქალები, რომლებიც სრულ დამცირებას განიცდიან და კაცები მთლიან კომპლექსებს მათზე ანთხევენ, რადგან იციან, რომ ეს ქალები საკუთარ ცხოვრებას პარტნიორის ნაწილად აღიქვამენ და მათ გარდა სხვა ინტერესი არ აქვთ, ამ ყველაფერს კი სიყვარულით ხსნიან. სუიციდის აქტი კი პატრიარქატული წყობის ის მწვავე გამოვნილებაა, როცა ქალწული პირველი პარტნიორის მერე მიჯნურს სარკოფაგში უნდა ჩააყოლო. ბუნებრივია, რომ ათი წლის წინ გამოსული ფილმით ქართველების დაინტერესება მოჰყვა, რადგან სიუჟეტის დრო ჩემი თაობის ჩამოყალიბების შინაარსობრივ ეტაპთანაა ახლოს, თავისი საომარი მზადყოფნებით, გაჭირვებითა თუ დისკრიმინაციით. შეიძლება დედაჩემის მშობიარობაზე ლოგინზე ავეჯი არ შეგვიწყვია, მაგრამ მამაჩემი ექიმებს ავტომატით ედგა, როგორც იხსენებს, ექიმების ანარქისტულობის გამო, ზედაპირულად მოპყრობის, ბავშვებით ვაჭრობის შიშით. მე კი ძალიან მეშინია დღევანდელი მოდილიანების, რომლებიც საკუთარ კომპლექსებში არიან დარჩენილები და ყოფითი პასუხისმგებლობის აღება უჭირთ; ქალების, თავიანთი მინიმალისტური მოთხოვნილებებით, რომლებიც უპასუხისმგებლო კაცების გავრცელებას ამართლებენ. ხოლო პიკასოს სახით მაქვს სტიმული, შიშის ობიექტებშიც კი ვხედავდე პოზიტიურს, რადგან ნეგატივმა არ შემიწიროს.

ჯონ კარენის პაროდიები

ხატავს ქალურ არქეტიპებს: მუზებს, გადაპრანჭულ გოგონებს, გათხოვილ ქალებს, ”სკანდალური ტიპაჟის დიდ მკერდიან ქალებს”, ”სექსუალურობის უკანასკნელ მომენტებში მყოფ მოხუცი ქალების პორტრეტებს”  თუ  ჩვეულებრივ წყვილებს.

ერთი ცხოვრება გაქვს და ისე უნდა იცხოვრო, როგორც ფიქრობ, თუ როგორიც უნდა იყოს კარგი ცხოვრებაო.

ვცილობ ვიყო ძველმოდური და ვიმოგზაურო ქალთა სამყაროშიო.

ამჯერად, ის ერთ-ერთი ძვირადგაყიდვადი მხატვარია. მასში გლამურული სიტუაციების ანეგდოტებად ქცევა მოსწონთ. ილუსტრაციებისთვის სლაიდშოუს იყენებს. თანამედროვე არტის გარდა მიმართავს როკოკოს, სიურეალიზმისა თუ ”ვოლტ დისნეის” პაროდიას.

იგი დაიბადა 1962 წელს კოლორადოს შტატში ფიზიკისა პროფესორისა და პიანინოს მასწავლებლის ოჯახში. ამჯერად ნიუ-იორკში ცხოვრობს.

ბავშვობაში უნდოდა დე კუნინგის გმირი და პოლოკის ტიპის არტისტი გამოსულიყო.

სამხატვრო სკოლაში კი ვაჟკაცური ნახატების შექმნას შეეშვა და ახლა ჰგონია, ერთადერთი კაცი ფემინისტია, ქალურ ღირსებებზე, ელეგანტურობაზე და სილამაზეზე რომ ზრუნავს.

”სექსიზმი გინდათ? თქვენ მიიღებთ მას,” – ამბობს ის და თავადაც აღიარებს, რომ მისი ნამუშევრები სექსისტურია, მაგრამ მათში საკუთარ თავსაც ამოიცნობს. თავს არც კაცად ვგრძნობ და არც ქალადო, სექსიზმი კი ამგვარი ჟურნალების დიდი რაოდენობით კითხვისგან მოდისო.

მისი ჰობია გარემოს ცდუნებებს, ”ფლეიბოის”, ”კოსმოპოლიტენის” და სხვა მოდური ჟურნალების ფოტოებს პაროდიები გაუკეთოს.

ხატავს ქალურ არქეტიპებს: მუზებს, გადაპრანჭულ გოგონებს, გათხოვილ ქალებს, ”სკანდალური ტიპაჟის დიდ მკერდიან ქალებს”, ”სექსუალურობის უკანასკნელ მომენტებში მყოფ მოხუცი ქალების პორტრეტებს”  თუ  ჩვეულებრივ წყვილებს.

ნახატი, რომელიც არ დამიხატავს

ისეთი სურათი მინდა, მე რომ ფონი ვიყო. პრეტენზია არ მაქვს წინ წაწევაზე. წინა პლანზე საკუთარი შვილი მეჭიროს, გაზრდის პროცესში იყოს და მკლავებზე ჟაკეტი გამოხეოდეს, ფეხსაცმლიდან ფეხი ამოდსიოდეს, შარვალი უბეში გარღვეოდეს. თითქოს თვალებსაც ასკდებაო, კაკლები ძარღვებისგან ებერებოდეს და უპეებიდან სცვიოდეს. ცრემლი ეღვრებოდეს კანიდან გადმომდგარ ლოყებზე და გუბდებოდეს. მე ფონი ვიყო, დავჯერდები, მშობიარობის პროცესში დახატული. ნატურალურ ჭინთვებს რომ იღებს თავისი ხელით. შვილი კი თანდათან ფონს ემსგავსებოდეს, ზრდის პროცესში დახატული ვერსია იყოს. მე რომ მხატვარი ვიყო, თავს დავხატავდი, ქმნილებას წინა პლანზე, ჭიმვის პროცესში. როგორც შემოქმედებს ურჩევნიათ ქმნილების განდიდება, თავად კი სასხვათაშორისო ნივთად იქცევიან. დამხატეთ, თუ ვინმე ხატავთ.

მუნჯი

ვიცნობ ადამიანს, რომელმაც იმდენი ხატა, რომ დამუნჯდა.

ვიცნობ, მაგრამ არასდროს მინახავს, მხოლოდ ფოტოებზე და მის შესახებაც გადმოცემით ვიცი.

შლაპები უყვარდა. გვიან იქორწინა, გარიგებით.

მხატვარი იყო. ცნობილი ტილოების ზედმიწევნით ასლს აკეთებდა და საბჭოთა პლაკატებს აფერადებდა.

შვილი რომ შეეძინა, მთელ თამასუქს ოჯახსა და სამხატვრო წიგნებზე ანაწილებდა.

მთელი დღე საღებავებთან მუშაობდა. საღამოობით კი სუფთა ჰაერისთვის ვაკის პარკში გადიოდა.

ხველა რომ აუტყდა, ექიმთან წავიდა, გავცივდიო. სიმსივნე ჰქონდა. გაიკეთა ოპერაცია. ხორხი ამოაჭრეს. მისი კომუნიკაციის საშუალება ქაღალდი იყო.

ერთხელ, როცა ფანჯრიდან ქრისტე დაინახა, ღრუბლებიდან დაბლა რომ ჩამოდიოდა, ხრიალი ატეხა. ოჯახის წევრებმა მოირბინეს. პირჯვარი გადაიწერეს და ლოცვა დაიწყეს. აქამდე არასდროს ენახათ ქრისტე.

ცოლმა, ასეთ დროს სურვილი უნდა ჩავუთქვათო, ქალიშვილის გათხოვება და შვილიშვილის გაჩენა ჩაუთქვა. მერე სულ ნანობდა, ქმრის გამოჯანმრთელება როგორ არ ვთქვიო. ეს სინანული საფლავში წაიღო.

მანამდე კი ქმარში სიმსივნის მეტასტაზები წავიდა. ტკივილს მორფიც აღარ უყუჩებდა და თავს კედელს ურტყამდა: მოვკვდე! მოვკვდე!

მერე შვილი გაუთხოვდა, არ მინდა მამა ისე მოკვდეს, შვილიშვილს არ ეღირსოსო. ბავშვი მაინც არ უჩნდებოდა. ვიღაც უცნობს ქუჩაში გაუჩერებია, სანამ მამა არ მოგიკვდება, შვილი არ გეყოლებაო.

მოკვდა. შემდეგ თვეს ჩავისახე.

ყველას ეგონა, რომ ბიჭი ვიყავი. გაჩენისას ცისფერი ტანსაცმელი დამხვდა. ნათლობისას სულ ვიცინოდი. მღვდელმა, ბედნიერი გაიზრდებაო.

რომ წამოვიზარდე, ბებია მუხლებში ჩამისვამდა და მეუბნებოდა, რომ საიდუმლო ბლოკნოტი ჰქონდა. ყველა ნათესავის სიკვდილის თარიღი აქ ეწერა. მისი სახელის გასწვრივ კითხვის ნიშანი ესვა. თარიღი მიმიწერეო. ვუყურებდი მის უცნაურ წვრილ და წითელ ხალებს. მინდოდა ასეთები მეც გამჩენოდა.

მერე ჩემი ძმა გაჩნდა. ბებია რომ გარდაიცვალა, მოვნათლეთ. მშობლებს ბლოკნოტზე ვუთხარი. არც კი ვიცი, საიდან გამახსენდა. რიცხვი ჩაწერეს და ჩაატანეს. მინდოდა, მე დამრჩენოდა.

მერე ისე მოხდა, რომ ფული დაგვჭირდა. ჯერ ბაბუის წიგნები გავყიდეთ. უნიკალური ეგზემპლარები ყოფილა. ბოლოს – სარდაფი, სადაც მისი ნახატები ინახებოდა. არ ვიცოდით ნახატებისთვის რა გვექნა და დავწვით. ცეცხლიდან ვიღებდი რჩეულ ნახატებს.

მერე ერთი ქალი მოვიდა, ბაბუის გამოფენის გაკეთება გვთხოვა. დედა ატირდა. თითქმის არაფერი ჰქონდა მამისგან. მხოლოდ ის სურვილი, ქრისტეს რომ ჩაუთქვესო.

ერთი გადაცემა იყო, ტურისტული გიდი საქართველოში. ბაბუის ფოტო აჩვენეს, მისი წინაპრების შესახებ მოყვნენ, ჩვენი ნათესავიაო. არ ვიცი ვინები არიან, გაცნობა მომინდა.

გავიზარდე. ნელ-ნელა წითელმა წინწკლებმა დამაყარა ტანზე ხალებად.

მეგობარმა ერთ-ერთ სოც.ქსელში დამიდო ფოტო, კაცის ყელი რომ გაიხსნა და იქიდანაც მუნჯი თევზი გადმოვიდა. მაშინვე ჩემი სკაიპის ნიკი გამახსენდა (თევზი). და რატომღაც ბაბუას დავუკავშირე. მე და ჩემს ძმას ცუდი მეტყველება გვაქვს. ვბორძიკობ. ხშირად დღეები გადის, არაფერს ვამბობ. მისგან არაფერი დამრჩა. სიჩუმე მხოლოდ. მუნჯებიც მეტყველებენ წერისას.

სულით ავადმყოფთა მხატვრობაზე

ამ თემაზე წიგნი ჩამივარდა ხელში თავისი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით ერთი ნახატი მომეწონა: კაცი ზურგით იდგა, მოძრაობაში ჩანდა და შებმული ცხვარი გასაყიდად მიჰყავდა. წარმოვიდგინე, რომ ამ ნახატის ავტორსაც მოექცნენ ასე. ან გონია, რომ გაყიდეს. ნახატებით ხელში ავადმყოფები საცდელი ზაზუნები იყვნენ და პოდიუმზე საკუთარ თავს წარადგენდნენ. ჩემს გვერდით ბიჭი  იჯდა, რომელიც ხატავდა. ვიფიქრე გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ბავშვობის კომპლექსია, უცნობ ადამიანებს არ ველაპარაკები და არც მათ მოწოდებულ კანფეტებს ვჭამ. სამაგიეროდ, ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ ავლებდა სწორ ხაზებს და მათ მუქად აფერადებდა.

თუ ისტერიას არ მივიღებთ მხედველობაში, რომელსაც სიახლის განცდის მანია აქვს, დანარჩენ სულით ავადმყოფთა განწყობას სტაბილურობა ახასიათებს. ერთხელ ფიქსირებულს რამდენჯერმე იმეორებს. ახდენს ერთი აზრის რეალიზაციას. მაგალითად, ხატვის დროს შიზოფრენიით, პარანოიით დაავადებულებს ხშირი გამეორება ახასიათებთ. უღრმავდებიან რომელიმე დეტალს და მას მკვეთრად აფერადებენ. ტენდენცია აქვთ ძველისკენ მიბრუნების. ფიქსირებული განწყობითაა განსაზღვრული ერთი და იმავე შინაარსის გამეორება. თუმცა ერთი ექიმი წერდა, ცნობიერებას არ შეუძლია გაიაროს ორჯერ ერთიდაიგივე მდგომარეობა, მას მეხსიერება აქვსო. თვითნებული ფიქრი წარსულზე დაავადებათა პირველადი სიმფტომია.

გამოდიან შეშლილები და ხატავენ. ძირითადად ეროტიზმის შესახებ და ძირითადად დისპროპორციით. ხშირად მათი პერსონაჟები უფორმონი არიან. ამაზე ექიმებმა  ივარაუდეს, ხვდებიან მიმართებას მახინჯ სხეულში რომ მახინჯი სულიაო. ექიმებმა შიზოფრენიის სიმფტომებიც ჩამოწერეს: ემოციური სფეროს დაკლება, პიროვნების თანდათან შეცვლა, ქცევაში უცნაურობები, ზემქმედების ბოდვა, ნებითი სფეროს შესამჩნევი შესუსტება და პიროვნების გახლეჩვა.

მხატვრები ამ წიგნიდან შუქ-ჩრდილებს არღვევენ. სიღრმეს სიბრტყედ აღიქვამენ და ასეც ხატავენ. მომრგვალების გარეშე, მესამე განზომილებას რომ კარგავს. გადავხედე ჩემგან მარჯვნივ მჯდომის ნახატს და ქაღალდზე მიტყეპილი კუბო ვნახე. თავიდან სახლი მეგონა. მერე დავაკვირდი და ჯვარი ესვა. ბავშვივით ხატავდა. თუმცა ავადმყოფის ბავშვთან გაიგივება არ შეიძლება. თუ ერთი პირველადი მატერიაა, მეორე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი მსგავსება მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა აღსანიშნი.

დავუბრუნდი წიგნს, სადაც ავადმყოფებზე ეწერა ხატვა აჯანმრთელებსო. თურმე ეპილეფსიით დაავადებული შეტევამდე ნელა, მაგრამ არითმულად ავლებს ხაზებს, იმდენად მკვეთრად, რომ ნახატს ხევს. სიუჟეტი დინამიკურია, მაგრამ ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. მათ სურათებში წითელი ჭარბობს. გულყრის წინ აურას სწორედ წითლად ნახულობენო. გადავხედე გვერდით მჯდომს. გემს აგებდა.

ავადმყოფები ხატავენ ბევრ რამეს. მათ შორის მედ. პერსონალს, მაგრამ ძირითადად ხატავენ თვალებს, გამოკვეთილად და ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. ხატავენ მიმიკებს. შეიძლება ჰგონიათ, რომ თვალები მართლა სარკეა და პირისგან განსხვავებით ტყუილი არ შეუძლიათ. ჰმმ. მე შემიძლია. უბრალოდ არა დროულად.

დროის განცდის შეფასება სივრცით შეიძლება. მარცხნივ დახატული წარსულს უდრის, ცენტრში – აწმყოს, მარჯვნივ – მომავალს.  შიზოფრენიით დაავადებულები ფერებს აქცევენ ყურადღებასო, დეპრესიით ავადმყოფები – ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს ან უბრალოდ ერთმანეთს უხამებენ ფერებს. დეკადენტური მხატვრობაც ხომ მსგავსია. შეშლილის მხრიდან შეცნობილი სამყარო მეტად რეალური, სურეალური ეჩვენათ.

და სურეალისტები ბოდავენ. ბოდვა კი მით უფრო კარგადაა გამოხატული და მით მეტად ძლიერია მასში დარწმუნებლობის განცდა, რაც უფრო კარგადაა შენახული აზროვნება. რაც შემეხება მე, ავად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს, არ ვბოდავ, არც ვიჩემებ მოდერნისტული შეშლილის იმიჯს, მაგრამ რაღაც ცხოვრებაში დამიხატავს. ეს ჩემი ჩანახატებია. დღიურისთვის, ისე..

მეტის ნახვა სრულიადში

კაბარე ვოლტერი

– როცა ვქმნიდი კაბარე ”ვოლტერს”, ვფიქრობდი, რომ შვეიცარიაში გამოჩნდებოდა ახალგაზრდობა, რომლებსაც სჭირდებათ არამხოლოდ თავისუფლებით განცხრომა, არამედ მისი მოპოვებაც. ეფრაომმა დარბაზი დამითმო. ნაცნობებს ვთხოვე: ”მომეცით თქვენი ნახატები, სურათები, გრავიურები. კაბარეში პატარა გამოფენა გავაკეთო”. მერე მეგობრული ციურიხის პრესას მივმართე: ვქმნი საერთაშორისო კაბარეს. მშვენიერ საგნებს წარმოვაჩენთ.” 5 თებერვალს გვქონდა კაბარე. (ჰუგო ბალი, ციურიხი, 15 მაისი, 1916)
-გაგრძელების ნახვა->