ქალი, რომელმაც მამშობიარა

ჩემზე დედას ორჯერ უმშობიარია. ბებიაქალს ცხვირი მოქავებია, ხელი გაუსხლტა და შევსრიალდი.  ხელმეორედ დაუწყია დედას ჭინთვები. ისტორია თავისთავად კომიკურია, თან საკმარისი აღმოჩნდა სიმბოლური სახით განმეხილა და თავი ორჯერ დაბადებულად ჩამეთვალა. მეტიც, ორი სიცოცხლის ლოგიკური იმედი გამჩენოდა და მეფიქრა: ორი სიკვდილი უნდა მქონოდა.

მერე გადავწყვიტე ყველა გავიცნო, ცხოვრების ერთი ათვლის სათავე რომ გვაქვს ანუ იუბილედ ერთი თარიღი. ჯერ ერთი გოგონა იყო, ერთ სამშობიაროში ვიწექით და დედამისი რძეს მაწოვებდა. აქეთ-იქით მოგვსვამდა, მოძველებული სიტყვა უნდა ვიხმარო, მაგრამ ძუძუმტე გამოდის. შემშურდა, მას ჩემი ოცნება ახდენოდა.

ბოლოს ანა გავიცანი. ერთად ჰოროსკოპს ვადგენდით და ისე. ამას წინათ მითხრა, ჩვენი ახალი მთვარე სავსე მთვარეობას იწყება და ქალური სისხლის დენა ახალმთვარეობას გვაქვს, რადგან როცა დავიბადეთ, მთვარეს მეთექვსმეტე ღამე ჰქონდა ანუ სავსე იყო. ჩემი და ანას ცხოვრება ერთმანეთს არ ჰგავს. აკვიატება მაქვს, ჩემს დღეს დაბადებული ყველა გავიცნო, დავუმეგობრდე და მათი ჰოროსკოპები ჩემთან შევადარო. კიდევ ბებია ქალი მინდა ვნახო და მერე მოვკვდე.

ყოველ დღისით, სახლიდან გასვლისას სუფთა კაბას ვიცვამ, ტელეფონში ყველა წერილს ვშლი, ეტყობა ”მეს” შეგრძნება დამისუსტდა, საკუთარ თავს მთავარ პერსონაჟად არ ვთვლი და ნებისმიერ მანქანას ჩემი გატანის დანადგარად აღვიქვამ. მე კი ნამდვილად არ მინდა უნებართოდ ჩემი წერილები იკითხონ. ასე რომ, იმ ჯგუფში ნამდვილად არ შევდივარ, ბოლო ორი თვე რომ იციან, რომ არაფერი მოუვათ.

ადრე რომ გეკითხათ, როგორ ვიცხოვრებდი, რომ მცოდნოდა, რომ მალე მოვკვდები, გეტყოდით: ისევე, როგორც ახლა. უფრო ადრე რომ გეკითხათ, ყველა შესაძლო ცოდვას ჩავიდენდი მეთქი, ანუ მატერიალურ სხეულს ბოლომდე დავხარჯავდი. ამაზე უფრო ადრე რომ გეკითხათ, ჩემში ეგოისტს ნახავდით და საკუთარ რეპროდუქციას ბავშვის ან მსგავსი სახით მოვავლენდი ქვეყნად. ოღონდ ქალურობის კომპლექსი მქონდა და ჩუმად ვიტყოდი. მაგრამ ახლა რომ მკითხოთ…

არასდროს მქონია კენტავრული სურვილები. როცა მეზობელი გოგონები ცხენსა და პრინცზე ოცნებობდნენ, ჩამოვარდნილ ვარსკვლავებს ვუყურებდი და მფრინავი თეფშის გამოჩენას ველოდი, უცხოპლანეტელს რომ აღმოვაჩენდი, გადამალვაში  დავეხმარებოდი და ჭრილობებს მოვუშუშებდი. ბევრი ჭირ-ვარამის მერე თავის სამშობლოში წამიყვანდა. ვერ ვიტყვი, რომ ერთად მოვკვდებოდით, დაქვრივება მინდოდა. უბრალოდ საყვარელი კაცის მთლიანი აღქმა მინდოდა, ისე, რომ მისი ტკივილიც დამეღეჭა. დაქვრივება ცუდად არ გაიგოთ, ბოლომდე მინდოდა მყვარებოდა.

მიწა თავისას მოითხოვს და ჩემს უბანში ერთი მემწვანილე ცხოვრობს, დილაობით მისი ჩხუბი მაღვიძებს, ლოთი ქმარი ჰყავს, თანაც უმუშევარი. კიდევ ერთი ბავშვია ნერვიული მიმიკებითა და თვალებით. მისი ტირილი მაძინებს. ვიკუნტები საბანში და ვფიქრობ, არასდროს ვისაუბრებ ყვირილით. მეშინია, რომ ერთხელაც ვისაუბრებ ყვირილით. ვფიქრობ, რომ ერთხელაც თვალს ვერ გავახელ და რომ ვახელ, ახალ წრეს ვიწყებ.

მოსაწყენი ცხოვრება მაქვს: ვნებიან ტანგოს ნაზად შეხებული ვალსი მირჩევნია, ჯინსებს – ნაზი სარაფანები, ბრაზილიურ კარნავალებს – ვენეციური მეჯლისები, საუბრებს – წერა. მაგრამ არ ვგავარ იმ ადამიანს, სიკვდილის წინ რადიკალურად რომ იცვლებიან. მე ასე მომწონს. უბრალოდ, ახლა რომ მკითხოთ, სიკვდილის წინ რას გავაკეთებ, ბებია ქალს გავიცნობ მეთქი, გეტყვით. საწყისს სასრულთან დავაკავშირებ და წრეს შევკრავ. ყოველთვის მიყვარდა წრეები. ალბათ ამიტომაც მქონდა ამდენი დეჟავუ. ხვალ შაბათია, ორშაბათს სამშობიაროში, კამოზე ავალ, იქნებ არქივში ძველი ნაწერები ვნახო.

აჩუ-აჩუ, დრაკონო, საით გაგაჭენო

ნახატი, რომელიც არ დამიხატავს

ისეთი სურათი მინდა, მე რომ ფონი ვიყო. პრეტენზია არ მაქვს წინ წაწევაზე. წინა პლანზე საკუთარი შვილი მეჭიროს, გაზრდის პროცესში იყოს და მკლავებზე ჟაკეტი გამოხეოდეს, ფეხსაცმლიდან ფეხი ამოდსიოდეს, შარვალი უბეში გარღვეოდეს. თითქოს თვალებსაც ასკდებაო, კაკლები ძარღვებისგან ებერებოდეს და უპეებიდან სცვიოდეს. ცრემლი ეღვრებოდეს კანიდან გადმომდგარ ლოყებზე და გუბდებოდეს. მე ფონი ვიყო, დავჯერდები, მშობიარობის პროცესში დახატული. ნატურალურ ჭინთვებს რომ იღებს თავისი ხელით. შვილი კი თანდათან ფონს ემსგავსებოდეს, ზრდის პროცესში დახატული ვერსია იყოს. მე რომ მხატვარი ვიყო, თავს დავხატავდი, ქმნილებას წინა პლანზე, ჭიმვის პროცესში. როგორც შემოქმედებს ურჩევნიათ ქმნილების განდიდება, თავად კი სასხვათაშორისო ნივთად იქცევიან. დამხატეთ, თუ ვინმე ხატავთ.

დაბადება

 

ახალი წელი ყოველთვის გეგმებს უკავშირდება: ”ამ დღიდან არავითარი ალკოჰოლი” ან ”ახლა მაინც დავიწყო კარგი სამსახური”, – სურვილები სტიმულს გვაძლებს ახალი ცხოვრება შევქმნათ ძველის მოკვლით, შენაცვლებით ანდაც მასთან თანაარსებობით. ახალი კალენდრის დადგომამ და მეგობრის დაორსულებამ ამ თემაზე დამაწერინა. ანუ მანქანის მიზეზსა და შედეგზე.  ამ საახალწლოდ ამეკვიატა ფრაზა, რომ ქრისტე  მკვლელობამდე დაბერდა. დაბადებამდე. არ ვმკრეხელობ. ხანდაზმულობა რადიკულიტს არ ნიშნავს მხოლოდ.

როგორც აღვნიშნე, ჩემი მეგობარი ორსულადაა. დიდი ხანია გაიგო და უხარია. მხოლოდ შარშან ამ დროს სამ მეგობარს გაუჩნდა ბავშვი, – დღემდე ვერ შევეჩვიე მათ ხელში დაჭერას. მგონია, ვატკენ. ვერც მოფერებას. მგონია, ჩემი შეეშინდებათ. მეგობრებს კი ჰგონიათ, ბავშვები არ მიყვარს. არ ვიცი. ალბათ პასიური ვარ. თუ არ მოდიან, იქით მე – ვერ.

მახსოვს, პირველად რომ ვნახე ბავშვი ექოზე, ოთხის ვიყავი. შავ-თეთრ მონიტორზე ბევრი შავ-თეთრი ლაქა რომაა და მკითხაობ, რომელი ლაქაა უცხო სხეული. მერე სქესს გეუბნებიან და გიკვირს, თანდათან იჯერებ. ოღონდ რომც სხვა ლაქაზე მიგითითონ, ალბათ მაინც დაიჯერება. ბოლოს ამგვარად სამი წლის წინ ვიყავი. ამჯერად, მეტად შედეგიანად. ვერის ბაღის მიწისქვეშა გამოვიარე. თეთრი ქსოვილი მახსოვს, ქალები რომ ყიდიდნენ ბავშვისთვის წინდებს.

სახლში მოვედი და გამუდმებით ვამტკიცებდი, რეინკარნაცია რომ არ არსებობდეს, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო. ღარიბების დაბადებას ვერ გავამართლებდით იმით, რომ ქონებას სხვათა საზიანოდ იყენებდნენ წინა ცხოვრებაში, რომ მტაცებელ ნადირად დაბადება ნიშნავს, წინაზე ხორცის ჭამის მოჭარბებულ იმპულსს, რომ ხეიბრებს უსამართლოდ არ მოქცევია  ცხოვრება უხელფეხოდ რომ დაიბადნენ, თავი მოიკლეს ფანჯრიდან ასფალტზე გადმოხტომით და სხეული დაუზიანდათ, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს ან ომში იღუპება, უსამართლობას როდი ნიშნავს, არამედ – სამართალს. მართლაც, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო, ადამიანთა უთანასწოროდ გაჩენის გამო.

ვცდილობ ხელის მიდებით ვიგრძნო, როგორ მოძრაობს ბავშვი მეგობრის მუცელში, წარმოვიდგინო როგორი ცხოვრება ჰქონდა. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ თავად ვირჩევთ, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, დაბადების ადგილს, დროს, მშობლებს.. ვფიქრობ, რა მინდოდა ამ კონკრეტულ ქალაქში ან რატომ ავირჩიე ეს საუკუნე, 24 წლის ჩვეულებრივი წყვილი დედა და მამად. ამ დროში, იმის მაგივრად, რომ ღმერთის არარსებობას ადამიანისთვის ფუნქცია წაერთმია, პირიქით – გააძლიერა.

წლების წინ როცა ერთ მეგობარს ვკითხე წინა ცხოვრების შესახებ როგორ იგებდა, რამდენიმე წიგნი მირჩია, – მათი წაკითხვის მერე ხვდებიო. მერე ჰოროსკოპი შევადგინე, ანუ გრაფიკული ნახაზი ჩემი თვისებებისა. ამის მიხედვით, წინადან დაგროვილი გამოცდილება აწმყოში რეალიზდება. არ არსებობს შემთხვევითობა. სპონტანურად გადასხმული ყავაც კაბაზე დროის მანძილზე დაგროვილ ინსტინქტს უკავშირდება. ცხოვრების ანარეკლიაო და პროგნოზი, და არა წინასწარმეტყველებას, ვაკეთებ: წინა ცხოვრებაში ბავშვებს ცუდად ვექცეოდი. თუმცა დედად ვიღაცას მაინც მოვუნდები. ბიჭი უნდა იყოს. რატომღაც იოსები მინდა დავარქვა. ალბათ მასაც ექნება წარსული. მშობლად რომ ამირჩევს, ვფიქრობ, დედობაზე ზედაპირული შეხედულება ჰქონია. ნეტა, ქრისტეს რამდენი დაბადება ჰქონდა?

თავი ყოველთვის ფემინისტად მომქონდა, თუმცა ყველანაირ -ისტობას თავს ვარიდებდი. მომწონდა, როცა ჩემში ფემინური ჭარბობდა კაცურს, ინტუიციის, მიმღებობის, ჩაკეტილობის, დიალოგის (ანუ ყველა იმ რიგით, რითაც ქალს კაცისგან ანსხვავებენ) გამო ვაფასებდი. თუმცა ვიცი, ეს ყველაფერი პირობითია, ვამბობდი, რომ ქალად თავს სრულფასოვნად ვერ ვიგრძნობდი, თუ შვილი არ მეყოლებოდა. ეს სქესის უკვე პირობითი განმსაზღვრელი არ არის. არც საკეისრო კვეთა მირჩევნია ბუნებრივს. მინდა დაბადება რიტუალად ვაქციო. და რაც მეტად მაშინებენ მეგობრები, რომ ლამისაა მოკვდნენ, ცხოველებად იქცნენ, მით მეტად მინდა ჩემთვის ერთადერთი ქალურობის აღმნიშვნელი რიტუალი.

ამბობენ, ადამიანი კარმას რომც არაფერს აკეთებდეს, მაინც აკეთებსო. იმასაც ამბობენ, სიკვდილის წინა სურვილს დიდი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ყალიბდება. იმასაც ამბობენ, რომ მორიელის ზოდიაქო ტრანსფორმაციის პერიოდს უკავშირდება, – სიკვდილს და ხელახლა, ფერფლიდან დაბადებას, სიკვდილს და მემკვიდრეობის დატოვებას, მოკლედ, მომენტს დაბადება-სიკვდილსა და დაბადებას შორის. და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, თურმე ისე მიცხოვრია, სიკვდილ-სიცოცხლის განგაში დავდე. სინამდვილეში ძალიან დაბნეული ვარ. აღარც ხორციელი ღმერთის არსებობას გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ლამაზი სახელია იოსები.