“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.
ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.
ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.
მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.
ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.