ჩემი ოჯახი

ის დრო მოვიდა, რომ მარის ტელეფონი ვესროლე. მული მაინც მულია, სადაც ოჯახზე ჩამოვარდა საქმე, უთხრეს, მე კი ტელეფონი ვესროლე, მან რვეული მესროლა, მერე ჩემი და მისი მზითვის ბალიშებით გუნდაობა დავიწყეთ და შორიდან პიჟამოიან წვეულებას ჰგავდა. მერე ხელები მივუშვირეთ ერთმანეთს და შევეჯიბრეთ კოცნით ვინ უფრო ატკენდა. თამაშში ჩაგვეძინა.
ასე მგონია, სკოლის დავალებას ვწერ ”ჩემი ოჯახი” და ცოტას ვღელავ.

–         შენს კეტებში მტრედია!
დილა, ჩვეულებრივ, დედის მოყოლილი სიზმრებით იწყება. რამდენჯერმე სცადა წყლისთვის მოეყოლა და მაინცდამაინც იმ დღეს დაემთხვა, როცა წყალი შეწყდა, ონკანმა ბაყბაყი დაიწყო და კანალიზაციამ გაჭედა. ეს სიმბოლური ნიშანი ჩვეულების დასარღვევად საკმარისი ვერ აღმოჩნდა, ლოგინიდან წამოდგა და გამთენიისას მაღვიძებს ხმები:
– შენს კეტებში მტრედია!

მტრედმა თავი მოიმკვდარუნა, – ნისკარტი უგონოდ გადაეგდო გვერდით და დარტყმებზე არ რეაგირებდა. როგორც კი სადარბაზოს მოაჯირზე დავსვი, ფრთები იშვირა და ჰორიზონტი გაჭრა.
ამ ბოლო დროს ჩვენი სახლის ფანჯრებს მერცხლები ებერტყებიან, აი, ვერაფრით იცავენ წონასწორობას.

შავ-თეთრ კადრებად ფერადი აწყმო რომ გადავახვიოთ, ვნახავთ, რა საინტერესო ქორწილი ჰქონდა დედას. უფრო სწორედ, ის საჩუქრები, რომლებიც მიიღო: ბატკანი და შველი. დედას სოფელი არასდროს უნახავს და ძალიან შეშინდა. ბატკანი გამრავლების სინონიმი ყოფილა, შველი კი სტუმარს უღრან ტყეში უპოვნია ობლად და სახლში წამოუყვანია. ბატკანი მას შემდეგ დაკლეს, რაც ტორტი ამოლოკა. საბედნიეროდ, მაშინ არ ჰქონდათ ნეტსივრცისთვის კამერიანი ტელეფონები. ბემბი კი ნაკრძალში ჩააბარეს, სადაც ოლიმპიადებზე გავიდა, მთავარი ჯილდოები აიღო და სსრკ-ს მასშტაბით იმოგზაურა. მერე ალბათ შეჭამეს.

ვერ ვიტყვი, რომ დედა სიმბოლოსავით გამრავლდა, მაგრამ ორი შვილი შეეძინა, რომლებსაც ისევ გამრავლება უსურვეს, რადგან გაემრავლებინათ ისინი, რომლებსაც გამრავლებას უსურვებდნენ..

ფერად კადრებად აწმყოში გადმოვინაცვლოთ და ანიმაციაზე მინდა გიამბოთ: ადამიანები სხეულზე ნულიდან ცხრამდე რიცხვებით იბადებიან, რომლებიც მათ შესაძლებლობებზე მეტყველებს. გაჩნდა ბიჭუნა, რომლის შესაძლებლობა ნული იყო, მხოლოდ კლასელები რომ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ როგორც საწვალებელ ობიექტს. მარტოსულმა ნულმა გოგო ნული გაიჩინა და სიამის ტყუპები შეეძინათ, ორი ნული ერთად რვიანს რომ ქმნიდა. შეგვიძლია, მორალს მივყვეთ, რომ მარტო არაფერი არაფერია და არაფერი სხვასთან ძალაა, როგორც ნულის რიცხვის შემდეგ მომატება ღირებულებას მატებს მას, ან შეგვიძლია რეტროსპექტული ოცნებები მოვყვეთ:

ბავშვობაში ხშირად დავფრინავდი სიზმარში. მაშინ მეგონა, რომ სამყაროს შევცვლიდი, მაგრამ ჩემი თავი შევცვალე. ეტყობა, თავი სამყაროში ამერია ან უბრალოდ, სამყარო შევიცვალე. გარედან შიდა სფეროებზე მიმართული გავხდი. ბორბლის მსგავსად, შეზღუდულ სივრცეში მოძრაობის ნიჭი მაქვს, განმეორებას კი სიმულაკრული კონტაქტი ახასიათებს. ალბათ ამიტომ მირჩევდა მოძღვარი, ზიარება ხშირად არ მიმეღო.

ფერად კადრებად გადმოვიცავლოთ და როცა ანიმაციას ვუყურებდი, ძმამ გუდა ნაბადი აიკიდა და წავიდა. ის და მარი ახალ სახლში გადადიან, პარალელურად კი წუწუნებენ ცალკეულ პრობლემებზე. მარი სახლის მონატრების შედეგებზე ჩივის, ირაკლი კი ბარგის სიმძიმეზე და ცდილობს მარის დააჭერინოს. მშვენიერი წყვილია ჩხუბისას.

ხანდახან ცოლი გაბრაზებული სახით აფრთხილებს: თუ რამეს დამიშავებ, იგივეს ვიზამ.
– ძალიან გინდა, რომ გიღალატო, მაგრამ ვერ ეღირსები, – ღიმილი უჭრის სიტყვას.

ძველ კადრებში გამოჩნდება, რომ ოპერის პირდაპირ მათხოვარი ქურთი ბავშვივით, რომელიც ასევე, ყოველ ჯერზე სხვადასხვა გამვლელთან გაქორწინებს და მაჯერებს, რომ ლამაზი ვარ ვიტრინებზე არეკლილი ვარცხნილობის მიუხედავად, მამის ფეხებს ვებღაუჭები და ვცდილობ, იმდენად ავაცოცდე, განვლილ მანძილს გადმოვხედო თავიდან. კალთითად ბებო ცელოფანში შენახულ ბოჩებიანი შოკოლადის ტკბილეულს იღებს, მკლავებს იფერთხავს და მომწიფების სურვილით ვიკვებები. ვიკვებები ნიშნავს დეენემს ახალი მონაცემები შევმატო კაცობრიობის სპირალისებული განვითარების გამო.

ძმამ გუდა ნაბადი ზურგზე მოიკიდა და დამშვიდობებისას მარიმ მითხრა:
–         იცი, შენ მალე მამიდა გახდები.
მოთხრობის დასაწყისი.

ქორწილისთვის მზადება

ეს ის პერიოდი იყო, პოდიუმზე ბრწყინავ სამოსში გამოწყობილ გოგონებს ფინალში საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგონა რომ ცვლიდა.
უმეტესად, ხალიჩაზე დიზაინერთან ერთად გამოდიოდნენ.
მაშინ ლაგერფილდი შეეცადა შავი კაბის საქორწინოდ დაგეგმვას. აი, ისეთის, პანაშვიდზეც რომ გამოიყენებ. ამით ქორწინების სიკვდილთან კავშირს ხაზი გაუსვა.
მას სიკვდილზეც ჰქონდა თავისი შეხედულება. არ მინდა სიკვდილის მერე ვინმემ მნახოს, რადგან გარეგნობას ვეღარ გავაკონტროლებო, – წასცდა ინტერვიუში, ამით ეგზისტენციალურ საკითხებს სხეულზე აკავშირებდა.
ეს ის პერიოდი იყო, როცა მარი გავიცანი, – ლექციაზე დამაგვიანდა და დერეფანში გავისაუბრეთ, გზაზე კაბა ამირფიალდა და ამის გამო დღემდე დამცინის.
სახლში მივიწვიე, ჩემმა ძმამ კი ნომერი ჩაიწერა და მერე აკოცა.
არ მახსოვს, მაგრამ მითქვამს: თუ მარის აწყენინებ, არ გაპატიებ.
მარი სიფრიფანა გოგო იყო. სწორედ ეს სიტყვა შეეფერება მისი ტანის გოგონას.
თხელი ძვალი აქვს, ვამპირივით თეთრი კანი, ცისფერი თვალები და ქერა თმა, თითქმის ისეთი, დილით რომ არ ჩანს.
ირაკლი გაცილებით მაღალია, ოღონდ შტატივის ტარებისგან წელში მოხრილი.
ჯერ ირაკლი იყო თბილი და ყურადღებიანი. მერე მარი გახდა თბილი და ყურადღებიანი. როგორც ხდება ხოლმე.
იუბილეზე ჯერ იყო და ტელეფონი დაალომბარდა (მაშინ არ მუშაობდა) და აღებული თანხით გლობუსი უყიდა: დედამიწას გჩუქნიო.
მეორე წელს საცვლები აჩუქა. მესამე წელს კი მუშაობა დაიწყო, გლობუსის არეალი გააფართოვა და სასტუმროში წაიყვანა.
ამბობდა, ხელიდან იმიტომ არ ვუშვებ, რომ ერთადერთია, რომელიც მიცნობსო.
ხანდახან კვირობით იკარგებოდა, მაგრამ ჩემი სახელით ფარულად ისევ მას წერდა.
ხანდახან როცა ირაკლი არ იყო სახლში, მარი მაინც მოდიოდა ჩვენთან და რჩებოდა. დედაჩემთან ერთადაც ეძინა და ნელ-ნელა ეგუებოდა ოჯახს.
მესამე წელს იჩხუბეს. ისე იჩხუბეს, მარი იმ ადგილას წავიდა, სადაც ირაკლისთან სეირნობდა ხოლმე.
ირაკლიც იმ ადგილას მივიდა და ასე შერიდგნენ.
მეოთხე წელს ისე იჩხუბეს, ირაკლიმ რომ ჰკითხა, სად მიდიხარო, მარიმ უპასუხა, სახლშიო.
შენი სახლი, თბილისის მეორე მხარეზე უთხრა, იქ არისო და ჩვენთან წამოიყვანა.
დედა დაიბნა, თეფში უნდა დავუდოთო? მამამ, არ გინდაო. ის კი მოვიფიქრე, საქორწინო მარში ჩავურთე.
დედა მხოლოდ იმაზე წუხდა, მძიმე მარხვაში რომ მოუნდათ გაპარვა.
მამა ამბობდა, ისევ სპონტანურად თუ იზამდით, თორემ გეგმებით იწელებაო.
ირაკლი უკვე აღარ წევს ჩემს ოთახში, არც სამუშაოდან დაბრუნებული მირეკავს და მეკითხება: რა წამოვიღოო.
სამაგიეროდ, ესთეტიკური ოცნება მქონდა, – ყოველთვის მინდოდა მყოლოდა და: წვეულებაზე მისი კაბები ჩამეცვა და ღვინის და ყავის ლაქებით დამესვარა, ამაზე შეწუხებულიყო და სანაცვლოდ, ჩემი კაბებიც დაესვარა.
ვერც ერთი ვჩხუბობთ.
ხანდახან მგონია, რომ მარი მგავს. ორივე ჩხუბის დროსაც კი ვიღიმებით და ხანდახან ერთმანეთს ვკბენთ, ტრადიციააო ასე, მაგრამ ვერასდროს ავაწყეთ ჩხუბი.
ხანდახან რძალს ვეკითხები: ” ბედნიერი ხარ?”
”კი. ძალიან.”
ირაკლი და მარი ბინას ეძებენ.
მარის ბავშვი უნდა.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
მარი ამბობს, რომ ნუ ამბობს, რომ არ უნდა, თქვას, რომ ჯერ არ აპირებს.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
ქუჩაში ეკლესიასთან ჩავლისას მარი ყოველთვის იწერს პირჯვარს და ხატს ღიმილით კოცნის.
ირაკლი ჩათქმულ სურვილს ხვდება და ამბობს: არ მინ-და!
მარის ეღიმება და უკვირს, რა კარგად იცნობს მისი ქმა-რი (ეს სიტყვა აუცილებლად დამარცვლით).
ბოლოს ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ გოგო უნდა, დაკორა უნდა დაარქვას და ის თვითმფრინავში უნდა გაჩნდეს: ბავშვი ასე მოქალაქეობას გადაურჩება.
ოღონდ ცხრა თვის ორსულს თვითმფრინავს არავინ გააკარებს და შვიდ თვიანს ამშობიარებს.
დედა ამბობს, რომ საშიშია, სტუარდესებმა როგორ უნდა ამშობიარონ.
მამა უფრო სასაცილოდ კითხულობს: მაგრამ ბავშვი მანამდეც რომ გაჩნდეს?
მე ვიცინი, – შევეჩვიე ირაკლის ენას.
ირაკლის უნდა, რომ ქორწილი რესტორანში არ გადაიხადონ. არმაზის ხევში ერთი სახლი ვნახეთ, რომ ქირავდება. სახლი არა, კოშკი.
მარის არ უნდა ქორწილის გადახდა, ხალხი არ უყვარს და ყოფნა ყურადღების ცენტრში.
ირაკლის უნდა, რომ მის ქორწილში იყოს აუზი, საბილიარდო და კინო დარბაზი.
მე მინდა, რომ ორგანიზება მე გავაკეთო.
მთელი ჩემი რომანტიკული ენერგია დავფილტრო.
რა ცუდია, როცა მული გყავს და იმ მულს ბლოგი აქვს.
შემდეგ სიახლემდე.