და ქრისტემ ღორებში ჩაასახლა ეშმაკნი..

წლევანდელი საახალწლო ისტორია მინდა მოგიყვეთ. სტუდენტობის მეგობარს დეკემბრის ბოლო კვირას მამა გარდაეცვალა სიმსივნით. სამძიმრისთვის სენაკში მომიწია წასვლა. უკვე მეოთხე გარდაცვლილი მამაა ჩვენს სამეგობროში. გოგოები ერთმანეთს ვუყურებთ და ვფიქრობთ: “ნეტა ჩემი არ იყოს შემდეგი”.

პანაშვიდზე დარჩენა გამიჭირდა, თან სამსახურში მეჩქარებოდა და მიკრობუსის ბოლო რეისით თბილისში დაბრუნება ვარჩიე. მგზავრობის საფასური გადავიხადე და ადგილი დავიკავე. დიზელის ძრავაზე მომიხვდა თვალი, 5 მილიონ რაღაც ჰქონდა გარბენი. აქამდე არ მენახა ამდენი გარბენი. ალბათ ჩამოყრილი არ იყო.

ნახევარი საათის მერე მძღოლმა, შენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ ვერ წაგიყვანო. თბილისში გოჭების გადაზიდვა მეტად სარფიანიაო. გადაირეკა ჭირისუფალთან, რომელიც მიკრო სატრანსპორტოს დირექტორი იყო, მაგრამ შეკამათებაში “მარკეტინგის მენეჯერმა” მოიგო.

რა უნდა მექნა, სენაკი-თბილისის ბოლო რეისიც აივსო გოჭებით, მე კიდევ ტრასაზე გავედი, იქნება ფოთის გამავალ ტრანსპორტს გავყოლოდი. ნესტიანი ქარი პირდაპირ ძვლებში მატანდა და 5.1-ით წვიმდა. მაგრამ საკუთარ თავგადასავალზე მეცინებოდა, გამავალ მიკრობუსებს რომ ამაოდ ვუქნევდი ხელს და იქიდან გოჭები თითქოს ლოცულობდნენ, ალაჰი ირწმუნეთო, იუდეიზმი მიიღეთო.

სინტოისტური საკურთხეველი ანიმეების მიხედვით

იქნება ეს მიაძაკის თუ სხვა სინტოელთა ანიმეები, შეიძლება თვალი მოვკრათ პატარა ხის სახლს, რომელზეც არის გამოსახული დრაკონები, ჩინური ფენიქსები, კიდია სარკე და სხვა მისტიური ნივთებია განლაგებული. მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს არის კლასიკური იაპონელის სალოცავი ადგილი და, ძირითადად, ჭურჭელთან ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობებზე იყიდება.

1240

1. 標縄・注連縄・七五三縄 სიმენავა ანუ ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი, რომელსაც ზიგზაგისებურად აკრავს თეთრი ქაღალდი – სიდე 紙垂, 四手. რაც სიმბოლურად სუფთა სივრცეს განასახიერებს, კამის მყოფადობას ადგილზე.
2. იაპონური მარადმწვანე საკაკი 榊 თავის ჭურჭელთან ერთად. ითვლება, რომ ეს მცენარე ღმერთებს იზიდავს.
3. კაგამი 八咫鏡 ანუ წმინდა სარკე, რომელიც გვახსენებს გულისა და ფიქრების სიწმინდეს. მოკლედ, ამატერასუს 天照大神 , მზის ქალღმერთს განასახიერებს.
4. მიძუტამა 水玉「みずたま」 არის სავსე წყლით.
5. 皿「さら」სარა – ლამბაქი ბრინჯისთვის.
6. სარა – ლამბაქი მარილისთვის.
– ეს ორი ფიზიკური და მორალური ზრდისთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებს.
7. 瓶子「へいじ」ჰეიძი – ბოთლი საკეთი お神酒.
8. 灯籠、灯篭、燈籠、燈篭「とうろう」ტომიო, ტორო ანუ წმინდა გამწმენდი ცეცხლი.
9. 神殿「しんでん」სინდენი ანუ ღვთის სახლი.
ამის გარდა გვხვდება ო-ფუდა お札「おふだ」მფარველი ანგელოზების სიმბოლოები, სადაც ალაგებენ იარაღს, გარდაცვლილთა პორტრეტებს და მსგავს გადაუყრელ ნივთებს.

159392_original

როგორც წესი, ეს სახლის მაკეტისმაგვარი საკურთხეველი სასტუმრო ოთახის კარების თავზე იკიდება და სინტოელს ტაძარში წასვლა აღარ ევალდებულება. ლოცვის წინ ჯერ ტაშს შემოკრავენ, რომ მიიზიდონ სულები, შემდეგ ჩუმად ლოცულობენ. ხმამაღლა ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია. სხვა მსხვერპლშეწირული საკვები, ძირითადად, ქვირითი ან კვერცხია. ყოველ ტაძარს საკვების მომზადების და მირთმევის თავისებური გზა აქვს. ზოგადად, სინტო რიტუალებითაა აწყობილი.
მიმაჩნია, რომ სახლუკა კამიდანა ყველა იაპონიის მოყვარულმა უნდა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ სინტოს ეგოისტურად მხოლოდ იაპონელი  ღმერთები ჰყავს.

აბრა

ის ანეგდოტი იცი?
თომამ მასობრივი ფრაზით დაიწყო მოყოლა:
კაცი სიკვდილის მერე გზაჯვარედინზე მოხვდება. ორი გზა სიბნელითაა მოცული. მხოლოდ ერთგანაა ფეიერვერკი.
თქვენ საით წახვიდოდით?
ჰოდა, ადგა ისიც და განათებისკენ წავიდა.
მივიდა – სიბნელე დახვდა. აკი სინათლე იყოო?
ის რეკლამა იყოო.
ამ ანეგდოტზე ბევრი ვიცინე და მოვიხიბლე იდეით, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთი სიბნელეა, მხოლოდ ერთგან უკეთესი პიარი კეთდება.
სიცილის მერე გამალებით დაიწყო მტკიცება, რომ სამყაროში ორი სიტყვაა უშინაარსო: უცნაური და ბანალური.
რომ სამოთხე ცაში კი არ ვეძიოთ, არამედ ჩვენში, დედამიწაზე, რომელიც აღმოჩენილი სიცოცხლის მიხედვით, უნიკალური ეგზემპლარია, ჯერჯერობით.
ფანტაზია მაქვს, რომ მივაშურეთ ბაბილონს თოხებითა და სქელყრდიანი ლექსიკონებით.
გველი, როგორც პირველი სარეკლამო აგენტი, ბეგბედერთან და თავად რეკლამის სხვა გამპიარებლებთან, უხელფეხო სისინით მონანიე ხასიათს იღებს და მედიცინურ ბალახებს გვაზიარებს.
შენება ვერტიკალით დაბლა დავიწყეთ ანუ ცის მიწვდომის ნაცვლად, დედამიწის ბირთვში ჩავედით. თომა ამბობდა, ცაში წმინდანებად ყოფნას, მიწაში ღმერთობა გერჩივნოსო.
ამბობენ, იმ სამყარომ კარიბჭე მიწით გადაკეტა, რათა მომაკვდავებს არ შესძლებოდათ შეღწევა. მაგრამ მე ვფიქრობ, მათ ეშინიათ, რეკლამირებული ვაშლის საამაყო მაგალითების.
იმდენი ვქექეთ, ფრჩხილები გავიშავეთ, ნეშთები ცამდე გადავყარეთ.
ეგ არაფერი, ფრჩხილებზე ის, რომ მიწა თავისას მოითხოვს, ხოლო ნეშთები ყოველთვის ოცნებობდნენ, ცამდე აყვანას.
ეს იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც საუკუნეებით სისხლიდან სისხლში გადაცემული ვენერული და მარსული საწყისები ადგილებს ცვლიან. ჯერ წონასწორდებიან, შემდეგ ადგილებს ცვლიან. როგორც ფილმებშია, მაგიური ელემენტებით უცბად ქცევა, რათა ერთმანეთი უკეთ შეიგრძნონ, ისე არა. ეს ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია.
ვეძებდით დამალულ სამყაროს სადღაც სამოთხესა და შამბალას შორის და ჩვენმა შვილებმა, კიდევ მათმა შვილიშვილებმა და იმათმა შვილთაშვილებმა მიწას ბოლო გოროხი მოაცილეს.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ დედამიწას და ვიფიქრეთ, ღრუში მცხოვრებთათვის ციდან დაშვებული ანგელოზები ვიქნებოდით.
თომას ყოველთვის უნდოდა ანგელოზობა, ბავშვობაში მარჯვენა მხარზე საკუთარი ფოტოსურათიც კი დაიწეპა.
ბოლო გოროხიც მოვაცილეთ და მუშტები დაფრენისთვის მოვამზადეთ.
ქვემოდან, ნანატრი სამყაროდან გავიგონეთ ხმები: ”საყვარელო, მიწიდან ამოდიან მიცვალებულები.”

ამბავი

მიცვალებულმა გულიდან ხელები ჩამოსწია. ჯერ – ერთი, მერე – მეორე. გადაბრუნება ცოტა გაუჭირდა, ხერხემალი ყოველთვის აწუხებდა ბავშვობაში აწეული კარადის გამო, რომ წაიქცა და დაიზიანა. იმ დროის მერე ბევრი რამ მოხდა. კარიერაო, ქორწილიო, შვილები და შვილიშვილებიო. მაინც ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ქმარს ისე გაუღიმებდა ხოლმე, ვარამს დაავიწყებდა, მაგრამ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ჯერ ქმარი გაისტუმრა, მერე უფროსი შვილიშვილი დაეღუპა, წლისთავს არ დასცალდა და სიკვდილი გადაწყვიტა. ვერ ვიტყვი, რომ მოულოდნელი იყო. შემზადებულნი დახვდნენ მის გასტუმრებას. უფროს ვაჟს ხელფასი აეღო. თითქოს ელოდაო, საბრალო, ჩაწვა ლოგინში და მას მერე აღარ გაუღვიძია. ახლაც ხელებს მოკრძალებით აქანავებს, სხვისი შეწუხება არ უნდა. მუნჯი იყო და მუნჯად მოკვდაო, რძლებმა, სასახლესთან რომ ჩამწკრივებულიყვნენ და მომლოცველებს იღებდნენ. ყველაზე მეტად მაინც ბაბის დასწყდა გული. უმცროსი იყო შვილიშვილებს შორის და შუათანა ქალს გაეჩინა. წლისაც კი არ იყო გამხდარი და თითქოს რაღაცას გრძნობდა, მეამიტური თვალებით რომ უყურებდა მოფუსფუსე ოჯახს. ოდნავ ხმაურს შეეკრთო, მეტ დრამატიზებას რომ მატებდა სიკვდილს. სიკვდილს. ხმაური კი სულაც არ ეპიტნავებოდა მიცვალებულს, ჩამოფარებულ ზეწრებს რომ ადევნებდა თვალებს და სულ ვაი-ვუის გაიძახოდა. მეორედ მოვლინების არასდროს სჯეროდა. მაინცდამაინც არც აპირებდა. გრძნობდა, როგორ დებდნენ სიღრმეში, ჩითის კაბის ქვეშ ეფერებოდნენ ჭიანჭველები. ოქროს ჯვარი ეკეთა, შეაწუხა და მოიხსნა. მორალი: არ დამასაფლავოთ.