პატრიცია უნდა დაბერდეს

0961061

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბლოგის არსებობა ანა კორძაიას დანაშაულია. მაგრამ აქ იმ დღეებზე უნდა მოგიყვეთ, როცა ინევთ ჰოლში პრეზენტაციაზე ვეწვიე, რემარკის “სამ მეგობარზე” ყვებოდა. ადრე ამბობდა, რომ ლიტერატურაში ირიბი თემები არსებობს, მაგალითად, 90-იანელი პოეტესების მელოდრამულ ლექსებში ომის ტრაგედია იდო, რადგან ქალთა მარტოობა მამაკაცთა დანაკლისით იყო გამოწვეული. რემარკის “სამი მეგობარიც” ომზეა, პოსტ საომარ ტრამვებზე, დამარცხებული ქვეყნის სიღარიბესა და ავადმყოფობაზე. უიმედო ცხოვრება დანახულია სამი განუყრელი მეგობრის თვალით.
ირონიულია, რომ ამ პრეზენტაციაზე ძველი ადამიანი ვნახე, ადრე რომ ვახსენე მწვანე თმიანობისას, ქრაში, კაცი, რომელიც დადებითად მახსოვს და მთელი წელი ვერ დავიბრუნე. გამონაკლისის გარდა ადამიანებმა პატიება არ იციანო და ყოველი შერიგების მცდელობისას ძველი ნეგატივი უმწეობის სახით ბრუნდებოდა. სწორედ იმ მომენტში დავინახე ეს კაცი სხვა ქალთან, როცა ანა ლიტერატურული პერსონაჟებისადმი ეჭვიანობაზე ყვებოდა, რობისადმი ჩემი სიყვარულის მიუხედავად, პატი ისე მომეწონა, არ მიეჭვიანია და არ გამილანძღავსო. მეც მომეწონა ის სხვა ქალი, თეთრი კანი და წითელი თმა ჰქონდა, გემოვნება წლების მანძილზე არ შეცვლია მეთქი. ლამაზი, მოკლე კაბა ეცვა, მე კი შორიდან შევხედე ჩემს მოსაწყენ ხასიათსა და ჟაკეტ შემოცმულ კაბას, აი, ისეთს, რელიგიურ კოლეჯებში რომ მინახავს.
იმ საღამოს მეგობარმა წამიყვანა ბარში, სადაც დანაკლისებზე ვსაუბრობდით, რომ დრო არაა მკურნალი როცა მნიშვნელოვანი გაკლია. პირიქით, რაც უფრო მეტი ხანი გადის, დანაკლისი კომპლექსად იქცევა, ჭრილობა თანდათან ღრმავდება და შესავსები მეტი სიცარიელეა. სახლში რომ მივედი, საკუთარი თავი რობად აღვიქვი, რომელმაც იცის, რომ პატრიცია დამთავრდა, მასთან ერთად არ დაბერდება. ჩემთვის “სამი მეგობარი” არაა ომის შემდგომი ამბავი, საერთო საცხოვრებლები და სამეგობროში არსებული ერთი მანქანა. მთავარი არც სიყვარულია, თუმცა ადგილი, სადაც რობერტი მძინარე პატის საცვალს ათვალიერებს, თვეების მერე კი სარკის დაორთქვლა უწევს, უკვე მელოდრამული ცრემლის მომგვრელია. მეგობრობაც კი ხერხია, რომ ერთი ინტერესის მქონე სხვადასხვა ადამიანი გადარჩენისთვის გაერთიანდეს. ჩემთვის “სამი მეგობარი” მეზობლისგან ნათხოვარი წიგნია, რომელმაც კითხვა შემაყვარა, კერასინკის სინათლეზე წაკითხული ამბავი ხველაზე. იმ დროის მერე, როდესაც ცუდად ვარ, ვახველებ სანამ არ ვაღებინებ და იმედი მაქვს, რომ სისხლი წამოვა.

ბალახისფერი თმის ცვენის ამბავი

tumblr_mwhvbwNALK1sfpko6o1_500

წარმომიდგინეთ, რომ წლების წინ თავიდან ტერფამდე ატალახებული მივედი სამსახურში და თანამშრომლების ცნობისმოყვარეობას უნდა ვუპასუხო, მე კი მათგან წამოსული ათობით სავარაუდო ვერსიის მერე თავჩარგული ვზივარ და ტუჩებს ვაცმაცუნებ, ვერაფრით ვისწავლე თავის მართლება. მაგრამ რამდენიმე დღეში დამალევინეს არაყი და მოვყევი ამბავი: ზამთარი იდგა, საბნიდან ფეხს რომ გამოყოფ და ადგილზე გიშეშდება, ჩემმა ავტობუსმა გამასწრო, მე კი იქამდე გავეკიდე, სანამ ტალახის ტალღები არ დავაყენე და სახეც კი გაწუწული მქონდა. ახლა შემოდგომის საღამოს ვზივარ ციცქნა ნაქირავებ ოთახში და ვფიქრობ: რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო ისევ მომავალ ზამთარში?პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? ლამაზია ქუჩები ფოთლებით.

აი, შარშან ზამთარში ძალიან მომწონდა ერთი ბიჭი, რომელიც წიგნის მაღაზიაში მუშაობდა ხოლმე. ვიჩხუბებდით ყოველდღიურ ამბებზე და მაღაზიის დაკეტვამდე უნდა შემომერიგა. ის-ის იყო ტელეფონი დამიჯდა, ელვის სისწრაფით გავაჩერე ტაქსი, მაგრამ მოვხვდი საცობში. რა უნდა მექნა, მანქანიდან გადმოვხოხდი, კაშნე კისერზე კარგად შემოვიჭირე, თასმები ფეხსაცმელზე რამდენჯერმე გავინასკვე და გავიქეცი. გავიქეცი ისე, როგორც ლოლა გაიქცეოდა ან ტიპი ადრენალინიანიდან. ამ დროს თმის სამაგრი დავკარგე, თმები გამეშალა, კილომეტრზე მეტი ხუთ წუთში დავფარე, ავირბინე რამდენიმე სართული და ჩავეხუტე. მერე რა, რომ ოფლიანი ვიყავი და მაშინ ჯერ კიდევ ცისფერ თმაზე წითელი სახე მქონდა. ოჰ, როგორ მაკოცა.. და ზუსტად ვიცი, რომ დავინახე, როგორ აკოცა სკოლამდელმა ბიჭუნამ მაღაზიაში ჩამოკიდებულ სალვადორ დალის დახატულ ქალს.

ახლა კი მოვითხოვ ურთიერთობის სტატუსებს განშორება რომ დაემატოს, სტატუსი, რომელიც არც ურთიერთობას განასახიერებს და არც თავისუფლებას, რაღაც შუაშია ყელში ეკალივით გაჩხერილი და გახსენებს, როგორ აგიხსნა ვიკიპედიაში ოხუნჯობით სიყვარული, როგორ აწყობდით პოსტ ზომბი აპოკალიფსურ სადილებს სანთლების შუქზე ნერდული სამზარეულო წიგნიდან და თან ირიბად ეკითხებოდი: “ხომ ვაკეთებ შენს ბებიაზე უკეთ?” ან როგორ დგებოდა უთენია, სამსახურში წასვლამდე, ცივ წყალში ჭურჭლის გარეცხვა რომ მოესწრო და არასდროს დაზარებია ჩაის მოდუღება, მერე მაისურს შარვალში ჩამიტანებდა, ფეხსაცმლის თასმებს შემიკრავდა, ჩავეხუტებოდით და გავრბოდით. არა ისე, როგორც “კარტების სახლის” ბოლო სერიაში, განტვირთვისთვის ფეხაწყობილი სირბილი ჰქონდათ, მთელი პოლიტიკური რომანტიკა მანდ ჩაექსოვათ. ჩემგან შემოდგომაზე ნაშვილები ბროწეულის ხე დარჩა, ქოთანში დატოვებული კართან, როგორც პლუტონისგან პროზერპინას დარჩა, და უვლის.

ამ დღეებში რაღაც უცხოურ ბლოგს ვკითხულობდი, სადაც ნეფე საკურთხეველთან პატარძალს ერთ საქორწინო პირობას აძლევდა: სიტყვას გაძლევ, რამდენი წიგნიც არ უნდა იყიდო, და რამდენი მოგზაურობაც არ უნდა მოგვიწიოს, სიმძიმის მიუხედავად, არაფერს დავტოვებთ და ყველას წავიღებთო. მე თუ მკითხავთ, ესაა ნამდვილად შესაშური ოჯახი, როდესაც საყვარელი ადამიანის ინტერესი დააფასე და იცავ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან, ზრდიან. ამ წინადადებაში სწორედ ეს პატივისცემა ამოვიკითხე, და იცით, მე ხომ გამომიცდია ეს ურთიერთზრუნვა, და როდესაც ურთიერთობის დეგრადირება წავიდა, კარფურში მარტო სეირნობისას იმ ნივთებს რომ აწყდები, რასაც ერთად არჩევდით, იგივენაირი განცდაა, თითქოს დილით კოცნით გაღვიძებას რომ ველოდები და ბალიშზე მხოლოდ საკუთარი ჩამოცვენილი თმა მხვდება, შემოდგომაზე რომ მცვივა ყვითელი და მწვანე ფოთლებივით ჩემი ბალახისფერი თმა. გინდა მისი საყვარელი კარამელიანი ბურბუშელა იყიდო, ფილმების ყურებისას რომ გართობდათ, ან თეთრეული, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მისი მეტსახელი აწერია. გინდა იმ სიმღერას მოუსმინო, პირველ შეხვედრაზე რომ უსმენდით. ან ბლოგი გაავსო მასზე წერილებით, მაგრამ იცი, რომ აღარ გედევნება და ვეღარ ნახავს, არა და თავის დროზე იმიტომ გაგიცნო, რომ შენი ნაწერები მოსწონდა.

ბოლოს წიგნის დღეებზე ვნახე, რვა საათიდან აქ ვმუშაობ და დავიღალეო. რამე წიგნი მირჩიე, შემთხვევით ყოფილი რომ შეგხვდება, მერე საკითხავი მეთქი. გაეცინა, მასეთი არ ვიციო. საყვარელი სიცილი იცოდა ყოველთვის, მეამიტური, ბავშვური, აი, ჯერ რომ არ გაფუჭებულა და დამძიმებულა, მხარსა და ბეჭზე დედამიწა ჯერ რომ არ შემოუდია. მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა: რომ ეს ჯემპრი საერთოდ არ უხდება, ორი ერთნაირი რომ ჰქონდა და კაი ხანი მეგონა, რომ მუდამ ერთი ეცვა. ვის გაუგია ერთნაირი ჯემპრების ქონა? მაგრამ მაინც მენატრებოდა. იმდენად, რომ საკუთარი ცხოვრება არ მაქვს. მინდოდა მეთქვა: ა’მ ინ ლესბიანს ვიზ იუ, – როგორც იმ კომიქსში, რომლის პერსონაჟსაც მადარებდა, თმის ფერივით რომ ცვლიდა ურთიერთობებს. ჰო და გამოფენიდანაც გავიქეცი. პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? უფრო ლამაზი იქნებოდა თოვლივით მოჭრაჭუნე და მუხლებამდე ფოთლებში სირბილი, არა? ეს ის სუფრაა:

wpid-20140123_211853

გალიფრეელი მოხუცი და ზღვისფერი ჯიხური

tumblr_ncxur13zno1s4kizwo2_r1_500

როდესაც ჭეშმარიტი ინგლისელი სასუფეველში ხვდება, ჩაის სთავაზობენ. ასე იწყებენ საუბარს საფლავებიდან კიბერ ადამიანებად აღდგომის შესახებ. ვინჩესტერები ხომ ჯიუტები და გაბედულები არიან, კლარკ კენტი მეტროპოლისიდან ისეთი ძლიერია, მაგრამ გმირები ხომ გამუდმებით წუწუნებენ პირადი ცხოვრების გაქრობის შესახებ გლობალური მიზნებისთვის, ამიტომ მაოცნებებს ექიმი გალიფრეიდან: მიხაროდეს, რომ სინდისი მქენჯნის, ჯოჯოხეთურად მეშინიაო. ამიტომ ეს მან უნდა დაიცვას სამყარო მოსიარულე მკვდრებისგან ტრაუმის გარეშე. ოჰ, ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გალიფრეელი მოხუცი კაპალდი და მისი პოლიციის ჯიხური.
ინგლისი ცდილობს გამოვიდეს შექსპირული მონოლოგებიდან და თეატრი კინოს მოარიდოს. ამიტომაც აქციეს მეთ სმითი ბრიტანულ დუტა სხირტლაძედ და რა გადაცემა აღარ წააყვანინეს. ბოლოს გადიდგულდა და ჰოლივუდში მივდივარო. ახალ ექიმად კი შოტლანდიელი პიტერ კაპალდი მიიწვიეს. ადამიანი, რომელიც ექიმობაზე იმდენად ოცნებობდა, რომ თეატრალურზე ჩააბარა: ჯერ კიდევ სამოციან წლებში, 8 წლის კაპალდი სახრახნისით დარბოდა და ამბობდა, ერთხელაც მეc ვიმოგზაურებ დროსა და სივრცეშიო, – ბიბისიმ ძველი ჟურნალებიდან ამოქექა პატარა კაპალდის ღია წერილი. წამოდი, ოცნება ავუხდინოთო და დაურეკა: – ექიმს სთხოვეთ? კაპალდიმ: – ვინ ექიმს?
ვიცი, რომ მთვარე არაა უბრალო თანამგზავრი, გალაკტიკურმა დრაკონმა დადო, საიდანაც მალე მთვარის ბავშვი გამოიჩეკება. ვიცი გალიფრეის დამწერლობა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით იხაზება წრეზე. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია რთული შეწყობილი წინადადებები ციფერბლატებზე. ვიცი, რომ ჩახუტება მაშინ უნდა მიყვარდეს, როცა სახე უნდა დავმალო. ვიცი, რომ კიბერ ადამიანებს ემოციები არ აქვთ, მაგრამ სიყვარული მაინც შეუძლიათ. იმიტომ, რომ.. ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ სიყვარული ემოციაა, იგი პირობაა. ეს კი იმდენად საჩემოა, რამდენადაც გადაყვარების არ მწამს. მეც მეყვარება მოხუცი გალიფრეიდან ხმოვანი სახრახნისითა და უკიდეგანო ზღვისფერი ჯიხურით, ვინც კი ოდესმე მყვარებია, თუნდაც ბრიტანულ სასუფეველში მოვხვდე უემოციო კიბერ ადამიანად.

შიში

დუშეთი, 2012 წელი:
მე შეყვარებული ვარ.
შეყვარებული ვარ შიშზე და მხოლოდ შიში მაგრძნობინებს მოწონება სიყვარულისგან გავარჩიო.
ის შუამავალია სურვილსა და სხვა დანარჩენს შორის, რომელსაც ვხედავ.
თითქოს თავი ისე დამძიმდა დომინოს პრინციპით ფეხები მოუკეცა.
შიში არ უყვართ, მაგრამ უანგარო მეგობარია, როგორც წინათგრძნობა შესაძლო მომავლის.
არის შიში დროის მიხედვით.
უცებ დამტყდარი შიში, რომელიც ნელმავალისგან იმით განსხვავდება, რომ მეორე ნაზად გეფერება, იმდენად ნაზად, რომ მისი არსებობა არეალურია.
უცებ დამტყდარი შიში კი გულში ვნებიანად გიკრავს და სხეულით უხამსად გეკოცნავება.
როგორც ფოთლები მიაჭკნება მიწას, მზე ცას ისე შეეხამება.
ისე იჭმუჭნება შიში სხეულში და ღრნის.
ყველა შიში სიკვდილის შიშის თესლიდანაა.
სიკვდილის წინა შიში მასთან შეხვედრისთვის გამზადებს.
ჰოდა, სიკვდილის იმედენად მეშინოდა, რომ მუშაობა მორგში დავიწყე.
დაიკმაყოფილა ჩემს სხეულზე თავისი ვნება, ქოშინით გაათავა და სიგარეტს მოუკიდა.
ჰოდა, საკუთარი თავის იმდენად მეშინოდა, თავზე საუბრებს ვუმატე.
ჰოდა, მიტოვების ისე მეშინოდა, ადამიანებს თავი შევაზიზღე, დამცირების მეშინოდა და თავი დავიმცირე.
შიში ახალი ცხოვრების საწყისია, იმდენად გათავებს, ახალშობილი ხარ.
ჰოდა, ცხოვრების იმდენად მეშინოდა, რომ ახალი ცხოვრება დავიწყე.
აი, ჰიჩკოკს იმდენად უნდოდა არ შეშინებოდა, რომ შიში გადაიღო:
თუ გინდა არაფრის გეშინოდეს, ყველაფრის უნდა გეშინოდესო.
და ახლა იმის მეშინია, რომ შიში წავიდეს.
და მე ვეღარ ვიგრძნო განსხვავება მოწონებასა და სიყვარულის შორის.
და მე იმდენად მეშინია, რომ წავა.

თბილისი, დღეს:
ყველა შიში ერთად ამიხდა.
თავისუფალ პატიმარს ვგავარ, რომელმაც აღარ იცის როგორ იცხოვროს.
– ავად ხარ. შეგიძლია თავი მოიკლა? მე – არა.

29395_547045111976656_1220563515_n

დაშორება

ამფხიკეს.
სიცხეზე მიმწვარი სხეულივით,
და სიბრტყეზე ვიგრძენი თავი,
უმისოდ,
უსრულოდ.

ემოციით ამოვისუნთე,
ტუჩები დავჭიმე და
ფილტვებიდან სული ამოვუშვი.
როცა ცივა,
მაშინაა შესაძლებელი
თიხაში ერთხელ ჩაბუდებული
სულის დანახვა.
მერე მას ხელები მივუშვირე
და გავათბე.
თუ ორთქლი იყო, სული კი არა.

ამფხიკეს.
ისე ამფხიკეს,
რომ აღარ დავრჩი.

მე მაინც მიყვარს. :/