მედიტაცია სავსე მთვარეზე

მისტერ დენიელს, ჩვენ გვაქვს ფართოდ ღია თვალები და გრძელი ყურები. ანუ ჩვენი შეგრძნებები ფართოდაა ღია.
ჩვენ დაჭიმული კუნთები გვაქვს, ნახველი, ქოშინი, ნეკნებს შორის ამოვსებული მანძილი.
ჩვენ გვაქვს ტვინი. იგი საშუალოდ 1300გრამს იწონის. ასტრალისას ამიტომაა ყველაზე რთული თავის აწევა.
საკუთარ სითხეში დაცურავს. ნაზ სისხლძარღვებს რომ დააწვეს, გაჭყლიტავს.
გაჭყლიტავს და მოკლავს.
მე რომ მოვკვდე, პარკეტი დივანის გადაზიდვისას დაიკაწრება,
ერთი დივანი მისაღები ოთახიდან საძინებელში გადაინაცვლებს,
მაგიდა სამზარეულოში გავა,
სერვანდზე ფარდები გადაიფარება,
შამპანიურები მაცივარზე დაიდგმება,
ბევრი ქუსლიანი ფეხებისგან პარკეტი იჭრაჭუნებს.
ხალიჩა ქუჩიანი ფეხსაცმელებით დაისვრება.
დალაგდება, მერე ისევ დაისვრება.
მე რომ მოვკვდები, ბევრ კოლიოს შევჭამ, მოპკურებულ ღვინოს მოვწრუპავ.
განვიცდი მაინც.
განცდას დროულობა ახასიათებს.
ვეშაპივით განახლებადია, რომელსაც რამდენიმე თავი აქვს, მათი წაჭრა კი არ შველის.
გასაღები უნდა ვიპოვნო, მისტერ დენიელს!
მერე სერვანდს ფარდა ჩამოეხსნება,
დივანიც დაბრუნდება უკან,
შამპანიური მასზე დაიდგმება,
პარკეტი ვერ შეწყვეტს ჭრაჭუნს.
მაგიდა შემოვა ან დარჩება, რადგან უხდება,
ხალიჩა ისევ დაისვრება, გაირეცხება, მაგრამ დაისვრება.
ზეგ ანალიზზე მივდივარ ექიმთან და განვიცდი, იმის გამო, თუ განცდებს ვერ ვასწრებ.
ისეთი არაფერი, მაგრამ დავფიქრდი.
სამაგიეროდ, უჩემოდ უმაღლეს ხარისხს მიაღწევ, მისტერ დენიელს!

მედიტაცია სავსე მთვარეზე:

მზე ტყუპების ზოდიაქოში არის, მთვარე მშვილდოსანში შევიდა.
ანუ მთვარის ხილვა ოპოზიციური მდებარეობის დროს სრულად შეიძლება.
სავსემთვარეობას ადამიანები იბნევიან, ამიტომ ძილის წინ ვუყურებთ მთვარეს,
ვაახლოვებთ მთვარეს ფოკუზით და ვცილობთ, გავერთიანდეთ.