რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას?!

მინდა ამ ნაწერს ამინდი შევუსაბამო, მაგრამ არ მახსოვს. ჩვეულებრივი დილა იდგა. ბიბლიოთეკაში ვიჯექი, წიგნის თვალიერებისას ეს ფრაზა/სათაური/ რომ მომხვდა თვალში. ტექსტი აშკარად ჩემზე იყო და კიდევ იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიღაც შენობაში დაკვირვების ობიექტად რომ გაიხადეს თავი. ექსპერიმენტში დაუსრულებელ ნახატს აწყვეტინებდნენ და ახალ ფურცელზე აწყებინებდნენ ხატვას. კვლევამ აჩვენა, რომ ”ადამიანი ზაზუნები” შიგადაშიგ უბრუნდებოდნენ ძველს ან ახალ ფურცელზე ძველის აღდგენას შედეგით/უშედეგოდ ცდილობდნენ. სიმართლე ვთქვა, დასკვნა არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემს ტვინში აშკარად შეინიშნება უამრავი დაუსრულებელი საქმე, რომელის აღდგენისკენ ორგანულად მივილტვი.  მეტიც, ეს ხდება ურთიერთობებშიც: ძველ ადამიანთა დანიშნულებებით ხშირად ახალ ადამიანებს ვტვირთავ და მაინც, საშინელი განცდა მრჩება იმის, რომ რაღაც დავტოვე. აქ მაგალითად მოვიყვანდი უზნაძის ბურთებს, რომელიც იტყოდა, რომ ემოციური განწყობა სამომავლო დაბრკოლებისა, მცდარ ინტუიციურ დასკვნებში გამოიხატება.

მგონია, დაუსრულებელ საქმეებს საკმაოდ მძაფრად აღვიქვამ. რისი გავლენითაც ცხოვრება მუდამ წარსულში მაბრუნებს და ვტრიალებ წრეზე, რომელსაც პირობითად  ზაზუნას დღე დავარქვი. მაგრამ მაინც რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას? მოკლედ ვუპასუხებდი: წერტილი. წერტილი შეიძლება იყოს გეომეტრიული ნიშანი, სასვენი ნიშანი თუ დიაკრიტიკული ნიშანი. მათი განსაზღვრება შორს წაგვიყვანს, მე კი იმ ფსიქოლოგიურ დასასრულზე ვამბობ, რომლის მერეც საფუძველს ქმნი ახალი წინადადების დაწყებისთვის. პირველად ორი წლის წინ სიტყვა – fin – გამოვიყენე იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რისკენაც მივილტვოდი. გავავსე სოციალური ქსელები და ნახატები ამ სიტყვით. მერე კი მივხვდი, რომ თუნდაც ფსიქიკური მორჩები, რა მაშტაბისაც არ უნდა იყოს, შეიძლება შეცვალო მძიმედ. და რომ სკოლაში ნასწავლ ცნებას: რაც იწყება, – დასასრულიც აქვს, რომ მხოლოდ დრო არ სრულდება, როგორც გალაკტიონის ”ლურჯა ცხენებშია”, – ალტერნატიული გამართლება მოვუძებნო.

1927 წელს ჯორჯ ლემეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც დრო და სივრცე არ ჰქონდა და ქროლოლოგიურად მატერიასთან ერთად წარმოიშვნენ. გამოკვლევებმა კი მეცნიერებისა და რელიგიის გახლეჩვამდე მიგვიყვანა. ხალხები უკიდურესობებში გაიყვნენ.

მოდი, თავიდანვე გავხსნი კარტებს: ავიღოთ, ევროპა და აზია. არ არსებობს ევროპა და აზია. არსებობს ევრაზია, ისიც კონტინენტური თვალსაზრისით. კონფლიქტი მეცნიერებასა და რელიგიას შორის ერთმანეთში ჩაუწვდენლობამ გამოიწვია. თუ ევროპაში ადამიანი მეტად ეგოცენტრუალია, თან ექსტრავერტი,  აზიელი ინტროვერტია, რომლის მე-ს ფუნქცია უმნიშვნელოა. ვფიქრობ, გარემო და ინდივიდის გაყოფა, მითუმეტეს, ჭიდილი ულოგიკოა. ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, სადღაც წერტილში, იქ სადაც, თითქოს დასასრულია.

თუ სამყაროს ოდესღაც დასაწყისი ჰქონდა და ეს წერტილი იყო, მისი დასრულების, დასრულებული სახის,  დუალიზმის თუ წერტილის /როგორც გინდათ ისე თქვით/ შემთხვევაშიც, პოტენციაა ახალი წინადადების ისევ წერტილიდან დაწყებისა. დასკვნა: ნებისმიერი დასასრული პოტენციური დასაბამია დასასრულისა.

1+1=1(3)

  ” უფალმა ადამი ღრმა ძილით დააძინა, ამოსჭრა ერთი ნეკნი და მისგან ევა შექმნა”. (მოსე).  

” დასაწყისში ცოლსა და ქმარს ჰქონდათ ერთი სხეული და ორი სახე. შემდეგ ღმერთმა მათი სხეული ორად გააპო და თითოეულს თავისი ხერხემალი მისცა”. (თალმუნი).  

 ჯერ კიდევ განუყოფელი არსება სრულ წონასწორობას ფლობდა. მთელი იყო. პლატონი ”ნადიმში” წერს, რომ ადრე ადამიანებს სხვა სქესი ჰქონდათ, ანდროგინები იყვნენ, ანუ სრულები. ბედნიერები იყვნენ და ღმერთისთვის დრო არ რჩებოდათ. და ღმერთმა ისინი გაყო. გაყო ქალად და კაცად. ნაწილებმა ერთმანეთის ძებნა დაიწყეს. ვინც იპოვნა, სრულყოფილებას ეზიარა. 

 ანდროგინი ჰერმაფროდიტი არაა. ეზოთერულ მოძღვრებებში ნათქვამია, რომ ჰერმაფროდიტი არასდროს არსებობდა. იყო მხოლოდ სწრაფად შეწყვეტილი ცდები.

 მდედრობითში დარჩა მამრობითი და მამრობითში – მდედრობითი. უარყოფითი და დადებითი ორივეში ნაწილდება.  დიფერენციის დროს წარმოებს საწყისების განცალკევება, ხოლო განცალკევებული საწყისები განსხვავებულ სფეროებში არიან გატაცებულნი. ეს საჭიროცაა. სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც საწყისებში ჩადებულმა მაგნიტმა გარდაქმნას და საწყისები გააერთიანოს. ესაა კოსმოსის მწვერვალი და იდეალური დასრულება.  

 კაბალა ამბობს, რომ იმ ადამიანების ნაცვლად, რომელთაც შენს ირგვლივ ხედავ, მათი სულები უნდა ნახო, ანუ ის პაწაწინა წერტილი, მარცვალივით რომ ნებისმიერ ადამიანში არსებობს. სიყვარული კი ამ ორი მარცვლის ერთიანობაა. მაგრამ მათ სწამთ სულის დაყოფის. მაგალითად, რეინკარნაციის დროს ქალს ვერაფერი დაეხმარება მამაკაცად დაბადებაში. ის იბადება ქალად, იმიტომ, რომ სულის სხვა ტიპი აქვს. ქალის სული კაცის სული მხოლოდ ნაწილია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ კაცის სული აცხონოს. ქმრის სულის ცხონებით, სული თვითონაც გაუბრწყინდება. 

ინდოეთს კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი თვითჩაღრმავებისკენ და სამყაროს მთლიანობის ძიებისკენ. თუმცა კასტების სისტემამ და ქალებისადმი დამოკიდებულებამ, ეს პროცესი შეაფერხა. აქ ქალის გაუთხოვრობა უბედურებად ითვლება. ბავშვებს ხშირად ჩვილობის ასაკში ათხოვებენ. მეტიც, ათხოვებენ ორსულ მდგომარეობაში მყოფი დედის მომავალ შვილებს. თუ ერთი სქესის ორი ბავშვი იბადება, ბრამინები მას ქორწინების აუცილებლობისგან ათავისუფლებენ. აქ ქალს არ აქვს უფლება, მხოლოდ მოვალეობათა ხროვა. მართალია, ინგლისის მთავრობამ გარდაცვლილ ქმრებთან ერთად ქვრივი ქალების დაწვა აკრძალა, მაგრამ ბრამინებმა მათ სიკვდილზე გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს. ქალს თმას და წარბებს პარსავენ, ოჯახის წევრებს რომ მონებად ემსახურონ.

  თეოსოფოსების აზრით, ადამიანი ბრძენია, თუ იმას შეიცნობს ამ ქვეყანაზე, რასაც სიკვდილის მერე იგრძნობს ანუ შეიმეცნებს რა მთლიანობას სამყაროსთან და საკუთარ აზრებს არ მიმართავს ეგოისტურად მხოლოდ თავისკენ. ნარცისიზმი ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, რადგან ადამიანი აღარ ვითარდება, – ღრუბლების სახით აზრთა ნაკადი ჯგუფდება და ისევ მას აზიანებს.

 ტანტრათი დაკავების შემთხვევაში, საწყისების გაერთიანებით ადამიანები იცნობენ ორგაზმს და მის მერე ჭეშმარიტებას. აქ ორგაზმი განხილულია როგორც ველი და არა როგორც სიამოვნების პიკი. მთავარია გრძნობა (ანუ გონება) არ უშლიდეს ხელს. ამ დროს სრული გათიშვა უნდა ხდებოდეს სამყაროსგან.

 ძველად, ვენერასა და  მარსს ერთ ადამიანად გამოსახავდნენ. ვენერას უკეთებდნენ კაცურ გარეგნობას და ამით მარსთან შერწყმის ხდომილებას კვეთდნენ. მაგრამ მერე პლატონისეული სიყვარულიდან რომანტიკული სიყვარულის გავლით სიყვარულის ფროიდისეულ, იუნგისეულ  გაგებასთან ვჩერდებით: ყველა კაცშია ფარული ქალი, ანიმა. სამყაროს კი საკუთარი სქესი ამოძრავებს.

 ჩემი აზრით, სიყვარულში სამების, სამი ერთიანობის კანონი უნდა იყოს: ფიზიკურობის,  მენტალობის, სულიერების ( Душа́ ). ერთის დაკლების შემთხვევაშიც, ირღვევა მეორე ნახევრის პრინციპი. ვერ გამოვყოფ, რომელია ურთიერთობის მწვერვალი: ფიზიკური სიახლოვე, გონებრივი შეთავსება თუ სულიერი მხარე. ყოველშემთხვევაში, ქალი კაცის ისეთივე ნაწილია, როგორც კაცი ქალისთვის. ესაა ინი და იანის პრინციპი. ერთობა კი ძირფესვიანად მოქმედებს სულზე ( Дуx ). თუმცა ორი ადამიანი ეს დუალიზმია. მათ მესამე ( შვილი ) აკლიათ სამებისთვის.