– გიყვარვარ?
ისე ვიკითხე, ყელი ჩამიშრა. ადგა და ჩაშრა, ყველა სისველე დაშრა, ცრემლიც გადმოსვლამდე შემაშრა, ვიფიქრე, ღვინოს დავლევ მეთქი. ხელის უნებური კანკალით ავიღე ბოთლი, მეორე ხელი შევაშველე წონასწორი მოძრაობისთვის. იგი მკაცრი ხმით მაფრთხილებდა, არ დამელია და საკუთარი ყავა დამითმო. სახეზე შევხედე, წუხანდელი ღამე არეკლილი ჰქონდა, წამლის ნდომა, არყის, ღვინის და წყლის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები, ძეხვი პურით, მოფერება ზურგზე და თმაზე ხელის გადასმა, კოცნა, ირონიული საუბრები მის შვილზე, სამყაროს მასთან შედარებით არარაობაზე. მოვსვი ყავა, გაწელილი მოძრაობით პალტოს ვიცვამდი და გაქცევა იმდენად მსურდა, რამდენადაც გონების დაკარგვა, ორი წუთით მისი გათიშვა. ან მისი მოკვლა.. დიახ, მოკვლა. მის სხეულზე წამოწოლა და მის გვერდით ჩემთვის განკუთვნილი ბალიშის სახეზე დაფარება. იცოდა, ძალა არ მეყოფოდა და წინააღმდეგობისგან ვთავისუფლდებოდი. მერსოს მდგომარეობაში იწვა. დუნდებოდა. ისე დუნდებოდა, როგორც გუშინ მოფერებისას, სხეულზე კოცნისას. მე კი უკანასკნელ ღილს ვიკრავდი პალტოზე. ამბობდა: “თუ წახვალ, არ დაბრუნდები.” ჩემთვის კი სულერთი იყო, ისევე სულერთი, როგორც საკუთარი ცხოვრება, მეხუთე სართულიდან გადამხტარი სხეულის ხილვით. გავთავისუფლდი მიჯაჭვულობისგან, რომელსაც ტოვებდა, მას კი თავი სტკიოდა. სასმლისგან, უძილობისგან და ჩემგან. მე კი ისევე ცარიელი ვიყავი, რამდენადაც ახალი ცხოვრება შემეძლო. ის კი ისევე სავსე, რამდენადაც წრეზე განაგრძობდა ტრიალს. იმ მომენტში შემეძლო ფრენა. მეგონა იმ დედას ვგავდი, ცხრა კი არა, წელიწად ნახევრის ნატარები შვილი ამ ღამით რომ იმშობიარა. არა საკეისრო კვეთით, მცირე ხანში რომ ხდება, უმტკივნეულოდ და მარტივად, მაგრამ შემდგომ ტკივილებს რომ ტოვებს. ბუნებრივი ჭინთვები იყო და გაბუჟებულ სხეულზე მეტად მოშორებული მუცელი მახარებდა, სიმსუბუქის შეგრძნება მასში. ჩავირბინე კიბეები, გადავახტი ბოლო სართულებს და ჩაჩუტულ მუცელს, დამძიმებული შვილის ნახვა მომინდა ცალკე. ნამშობიარევი შვილის მოკვლა მომინდა, კომედიის გათამაშება მომინდა, სადაც მედეას როლი მქონდა, შეცდომის ნაყოფი რომ გააქრო, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად, ან ახალი შეცდომების დასაშვებად. ჩვენი შვილის მოკვლა მის სატკენად. ის კი მერსოს ჰგავდა, ცხოვრებას რომ ამინდით ზომავს. სადარბაზოდან შემოსული ქარი სახეზე მილაწუნებდა, თავისუფლებისგან მისუსტებულ სხეულს თავისით დაატარებდა. საათზე 04:30 იყო. ის დრო, როცა იბადებოდა. გამოვლილი მქონდა ხუთი სართული, ის სართულები, ერთი ხელის მოსმით გადახტომა რომ მსურდა. ამოვირბინე უკან, გადავწყვიტე როლი ხელმეორედ მეთამაშა. იმდენად, ნებისმიერი გამეორება რომ ფარსია. დავაკაკუნე კარზე და ვიკითხე:
– გიყვარვარ?
მერე ისევ თავიდან.