თორი, ნოე და გარეული მხეცი

ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა იცის მასზე სახელმწიფომ. ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად საჯაროა და, თუნდაც, სამთავრობო საიტზე აიდი პირადობის დასკანირებით არის პროსპექტიული. მაგალითად, ჩემზე სახელმწიფოს ჰგონია, რომ ა) არ მყავს ძმა, რომელიც რეალურად ახლა გვერდზე მიზის და ქილიკობს რომ მემკვიდრეობა არ დარჩება; და ბ) მამაჩემი ჩემს გაჩენამდე მოკვდა, სანამ დედაჩემს შეხვდებოდა, დაბადებისას, სიკვდილი იგივე წელს უფიქსირდება როცა დაიბადა. ანუ უკვე მემკვიდრე ვარ. სახელმწიფო მაწოდებს, რომ მამაჩემი შავი ხვრელია და სახელმწიფო სტრუქტურაში მისი მუშაობის 50წლიანი სტაჟი არაფერს ნიშნავს, არჩევნებში კანდიდატს მკვდარი სული აძლევდა ხმას და მემკვიდრეც მკვდარმა გააჩინა. არა, მე არ მჯერა, რომ სახელმწიფო არ მიცნობს, საქმე ალბათ ინფორმაციის თავმოყრაშია.

ყველა თაობას თავისი სპეციფიკური ფობია გააჩნია, ჩემს თაობას კი მასონური რეჟიმის ეშინია ანუ ლავკრაფტის ურჩხულები, საწოლის ქვეშ დამალული ჩონჩხები მოითელა და ახლა კარიერისტი ხალხისგან მართულობის გვეშინია. ჩემი აზრით, ეს იგივეა რაც ნეო ღმერთის შიში, ზემდგომის შიში, რომელიც გვაკონტროლებს და საჭიროა ჩვენი ეგზოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ვუძალიანდებით, მაღალი სიხშირის კომპიუტერებს ვყიდულობთ, ჩვენს IP მისამართებს რომ ვერ დაგვეწიონ ახლობლები მაინც, რომ არ გაიგონ სინამდვილეში სად დავდივართ, ვიდეო თვალებს და მიკროფონებს იზოლენტათი ვფარავთ ან დისკონექციას ვაწვებით, სუფთა ვებს ვერიდებით, პორნოს თორის ბრაუზერით ვუყურებთ, თან ისე, რომ ბრაუზერის ზომა არ შევცვალოთ და მანამდე ჯავასკრიფტი გვქონდეს ოფლაინ, არ ვუსმენთ მუსიკას ონლაინ, მხოლოდ გადმოწერის მერე, ისიც ანტივურულ დეტექტორებს თუ გაივლის, არ ვხსნით მეგობრებისგან გაზიარებულ ლინკებს სადაც ავტორიზაციის გავლაა საჭირო, ვაი და პაროლი დაინახონ, სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა მეილებით ვრეგისტრირდებით და ა.შ.

და ჩვენ რეალურად გვეშინია, ოღონდ არა დემონი მედუზების, არამედ ბიბლიაც როგორც ჰორორი ლიტერატურა ისე მოვირგეთ. აიდი ბარათების აღების ფობია ანტი გლობალისტების წრეში. კონტროლიზაციის შიში, რომელიც მცირე შემთხვევაში მხეცის ნიშნის სიმბოლიკით იყო გამოხატული. ამის გამო სახელმწიფო უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა, აიდი პირადობის ბოლო სამი ციფრი 666 მოხმარებიდან ამოიღო და 665-დან 667-ზე გადახტა. ეს 667 მე შემხვდა. ანუ მხეცი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადავრჩი, გავხდი ბლოგერი, ოფისის მენეჯერი. არა, ეშვი კი მაქვს, დამატებითი კბილი ამომივიდა ერთ ღრძილზე ორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს პრიორიტეტს ურბანული ცხოვრებისადმი, უფრო შინაური ცხოველი ვიქნებოდი, ვიდრე გარეული მხეცი. და ახლა როცა ვკითხულობ ჩემს მრავალავტორიან, ოფიციალურ ბიოგრაფიას, ცოტათი მწყინს კიდეც: რა მოსაწყენი 30 წელი გამივლია. აი, მხეცი რომ ვყოფილიყავი, ხომ ავიდოდი გრინვიჩზე ან მკვდარი ზღვის ნულოვან ზღვის დონეზე და სამყაროს შევაზანზარებდი. გამოვიდოდა ვინმე კეთილშობილი ნოე და სანათესაოს თუ სხვადასხვა ცხოველების რობოტებს პოსტ მეტროს მიწისქვეშაში შეაფარებდა. ნამდვილი რაინდები ქვეყნად არ დარჩნენო. მაგიტომ. მხეცი არ არსებობს და მისი ანტონიმიც არ იარსებებს თუ დონ კიხოტი არ გინდა. იტყოდა ნოე მიწისქვეშაში: მოდი დავიწყოთო თავიდან, სიგნალი ვაფრინოთო, – და თუ ვაი ფაი დაიჭერდა, ამოვიდოდნენ. და ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს ჩემი ხრიკია, რომ ვაზი მოვაყვანინო, დავათვრო და გავაშიშვლო ისინი.

მოციქულები ატარებენ “კვარცს”

მოციქულები ატარებენ “კვარცს” კი არა და.. სათაური ავიღე სერიალიდან “უკანასკნელი ჟამი”, საიდუმლო მესასგან შექმნილ 12 აპოსტოლზე, რომელთა რიგებში აინშტაინიც იყო, მთელი სერიები მშრალი ხიდისნაირ ადგილას ნაყიდ საათებში დატოვებული მინიშნებებით კრუციფიქსის, ქრისტეს ჯვრის ადგილს რომ იკვლევენ და ბოლოს მიზანი გახრწნილი ხვდებათ, ხოჭოებდახვეული. ფილმი რომ სიმბოლისტიკური მისტიკა ყოფილიყო, აქვე შეჩერდებოდა, “და ვინჩის” კოდის მაგვარ პესიმიზმს მიეცემოდნენ, მაგრამ საი ფაი რისი საი ფაი იქნებოდა, ხოჭოები ლაბორატორიებში არ წაეღოთ და ქრისტეს უხრწნელი სისხლის კლონირებით მეორედ მოსვლა არ მოემზადებინათ. აი, თურმე რა იგულისხმებოდა ქრისტეს სიტყვებში, მიცვალებულები აღდგენიან და მეც მოვალო. ბოლო-ბოლო შეჩვეულია კაცის გარეშე ჩასახვას. კი არა და..
Elegant-Mens-Military-Sports-Quartz-Watch-Brand-New-2013Free-Ship-Drop-Ship სულ ვფიქრობდი, რომ დროის ნიჭი მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრებაში მაღვიძარა არ მომიქოქავს და ძილშიც კი პუნქტუალობა ვიცოდი (მასპინძლებო, თუ სადმე დავაგვიანე, სხვა რამის ბრალია, მოხუცები გზაზე გადამყავდა ან თავს დამესხნენ ან “მიწა თავისას მოითხოვსნაირ” სამეფოში ცხოვრება მომინდა). ამიტომ ჩანთა ელ. საათებით გავსებული მქონდა და სახლშიც სათანადო ადგილი ეკავათ. გუშინდელივით მახსოვს ლაპარაკსა და საათის ცნობას ერთდროულად რომ მასწავლიდნენ, მაშინ არ ვფიქრობდი, რომ მესაათე ვყოფილიყავი. და სამწუხაროდ, ვერასდროს ვიქნები, ამისთვის ხელები ისტერიის ავადმყოფობით ზედმეტად მიკანკალებს. როგორც რაკეტაში არავინ ჩამსვამს დაბალ წნევიანობის გამო.
მაგრამ მაინც ვცადე. ვცადე და, წიკ-წიკი რომ თქვა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დრო დავბადე, ცხრა თვის ნაწვალევი, აი, საკუთარი საშოდან გამოვიღე, ჭიპლარი გადავუჭერი და სუნთქვა შეკრული ველოდებოდი, მკვდარი არ ყოფილა და, – წიკ-წიკო, – თქვა. მე მითხრა. საათი, რომელიც ადრეც დაბადებულა და კლონირებით აღვადგინე. და ერთხელაც თუ გალაკტიონის ორეული საყვარელი ლექსიდან მკითხავს: “რომელი საათია?” ვეტყვი, რომ გლოვის კი არა, თრობის და ღვინის კი არა, მეცამეტე კი არა, ეს ჩემი საათია.

მთვარის მეორე მხარე

იოგა ამბობს, სულამდე სხეული უნდა ისწავლოო. სხეულს ვერ განაგებ და სხვას როგორო. ჯერ ხელისგულებს ვაკვირდები და გონებაში დიდხანს ვიზეპირებ ხაზებს. მოუხერხებელ პოზაში ვდგები და გამადიდებელ სარკეს ვიშველიებ. ვარჯიშის დროს იჭიმება კუნთები, რომელთა არსებობაც არ ვიცოდი. გადავწყვიტე, დავაკვირდე მიკროსკოპით სხეულს.

თავში მიელვებს აზრი, რომ მკვდარი ვარ. ვასკვნი: შეუძლებელია თავი წარმოიდგინო მკვდრად, – გონება თვალს ყოველთვის მიადევნებს წარმოდგენილ გვამს თუ მოტირალ ნათესავებს. მოკლედ, ყველაფრის წარმოდგენა შეიძლება მკვდარი თავის გარდა.

შარშან ფობიებზე უნდა დამეწერა. ვერაფერი მოვიფიქრე, უშიშარი ვარ მეთქი და ზღაპარი დავწერე ჭია მაიაზე. რეალურად არც არაფერი მაქვს, თვითსინანულის განცდას დასჯის შიშად თუ არ აღვიქვამთ. შიშების გასარკვევად სიზმრებს მივმართე. როგორი კოშმარები მესიზმრება:

მაგალითად, ორი კვირის წინ ჩემს ორგანიზმში შემოსული უცხო სხეული ცხვირიდან სისხლს მადენდა.  ორ დღეში დავიცლებოდი და მოვკვდებოდი. ახალი მეზობელი იყო. ეტყობა, სიზმრისთვის გამოვიგონე. სასეირნოდ დამპატიჟა და მეც ვეპრანჭებოდი.
არა ისე, სხვა დროს პირველად რომ მენახა სამომავლო ურთიერთობისთვის, არამედ – ისე..

მკითხეს: რა გინდა სიკვდილის წინ გააკეთო?
– სკაიპის ისტორიას წავშლი.
საშინელი შეგრძნება მაქვს, რომ საკუთარ ინფორმაციას ვეღარ გავაკონტროლებ.
– ”პრიკინ”? იმაზე კი არ ვდარდობ, რომ მოვკვდები, იმაზე, რამე არ დარჩეს.

წინა კვირას დიდი თოვლი რომ მოვიდა,  მე და თეო საგუნდაოდ წავედით. მერე კინოში დამპატიჟა: ეგზორციზმს ვუყურეთ. მხატვრული ფილმი იყო, რეალითი შოუს მოტივებზე: განდევნის პროცესში ფარულად დაყენებული კამერები, ინტერვიუები.. თავიდანვე მიაწერეს, ფილმი ვატიკანმა აკრძალაო. იტალია სატანიზმის ცენტრად განიხილეს, ვატიკანი კი უძლური მის მიმართ. ერთი მღვდელი ამბობდა:  ცხოვრებაში ღმერთზე მეტი დემონი მინახავსო.

მეჭირა პოპკორნი და ვფიქრობდი: დემონები სხეულში შესასვლელად ნებართვას თხოულობენ, ირიბად, მაგრამ მაინც. ჯერ ცოდვებს გაახსენებდენ და ამით მათ საკუთარ თავებთან იდენტიფიცირებას მოახდენდენ. ღამით კი შეშფოთებულ ”მეს”, რომ მეორედ მოსვლისას ყველა საიდუმლო გაცხადდება, ვპასუხობდი: ეცლება შენთვის ვინმეს?

ჩემი მეორედ მოსვლა

და მეექვსე დღეს ადამიანმა შექმნა ღმერთი. მეშვიდე დღეს დაისვენა. მერვე დღეს მოკვდა.

რასაც გვასწავლიდნენ ყველაფერი პირიქით შეიძლება. საქმე იმაშია, რომ ღმერთის საქმე ადამიანმა გაიმეორა და ყველაფერი კვლავ ”იქმნეს ნათელიდან” დაიწყო: პრიმატმა ცეცხლი გამოიგონა. ბუნტი განათლების სისტემაში იქნებ მერვე დღეს მოხდა ან მეშვიდე დღე ჯერ არ გასულა. თუ ჩვენი ცხოვრება ღმერთის დასვენების ხანაა, მერვე დღე -”მეორედ მოსვლა”. კვირის დღეების არსებობა მიდის იქითკენ, რომ წრეში იტრიალოს, მაგრამ იქნებ სწორხაზზე მიდის: …7…8… პირველი ადამიანი და მეორე ადამიანი. დრომ ჩაიხვია და ისევ პირველ-მეორეზე ვართ. მართლამადდებლები ხომ პირველცოდვას სიმბოლურ ხასიათს ანიჭებენ და დანარჩენი მილიარდი ადამიანი ამ ცოდვით იბადება. იკვრება ისევ წრე, რომელშიც ყოველი ადამიანი სამოთხეში ნამყოფია, შეცდუნებული და გამოძევებული. ამით იხსნება უსამართლო, გენეტიკური დასჯა ცოდვისთვის.

დავანებე სტატისტიკას თავი რამდენი ადამიანია ცოცხალი, რამდენი კვდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი არის ორი, შესაბამისად, რამდენი ადამი და ევაც იბადება, იმდენი ქრისტე კვდება და არაა აუცილებელი დალურსმნული. აქვეა გოლგოთას მისტერიაც. ქრისტე მოკვდა იქ, სადაც ადამი მოკვდა. ხატები ქრისტეს ფეხთ გამოსახავენ ადამის თავის ქალას და სასწაულებრივ დამთხვევად თვლიან. ქრისტეს ცხოვრების ლოგიკით გავიგებთ სად დაიბადა ადამი.

არსებობს რვიანის შიში. ამას ოკტოფობია ჰქვია. ის არა მხოლოდ მოხაზულობის გამო ასოცირდება უსასრულობასთან(თან არც თუ უმიზეზოდ), მისი შინაარსიც საბედისწეროა. ასტროლოგიაში რვიანს ცოდვის გამწმენდი დანიშნულება აქვს. შეესატყვისება მორიელის ზოდიაქოს. ასოცირდება სიკვდილთან და ტრანსფორმაციასთან. პირველ რიგში, ეს ეხება ემოციურ და გრძნობად მხარეებს.

საკრალური რვიანით დაბადებული ადამიანები თავიდან სიყვარულს კი მუცელში გრძნობენ, მაგრამ იზრდებიან და ბურთად ეჩხირებათ ყელში. ის განწყობაა. განწყობის მიხედვით კი ვხვდებით ადამიანისგან რა გვინდა. ამის მიხედვით, სიყვარულში ემოციებისა და გრძნობების განშტოებებია. ურთიერთგაგებაა დამოკიდებული ემპათიაზე. სექსი უზრუნველყოფს ურთიერთობაში ჩაბმულთა კომუნიკაციას, იმიტომ, რომ ის ესმის შემტყობინებელსაც და დიალოგი მონოლოგური ხასიათისაცაა. სხეულის ენა სიტყვის აღმნიშვნელობით ფუნქციას ასრულებს. რვიანის თანმდევ ადამიანთან ურთიერთობა მძიმეა, რადგან გარდაცვალების ამინდი თან მის პარტნიორსაც გადაედება.

პირველად მეორედ მოსვლაზე რომ წავიკითხე, მთელი ბავშვობა მეშინოდა წვიმის. წყალი წარღვნასთან ასოცირდებოდა. ასევე ჯოჯოხეთიც ცხელი წყლით სავსე მეგონა და ძალით ვიწვავდი სხეულს წყლით, რათა ჯოჯოხეთს შევჩვეოდი. რელიგიური აღზრდის მსხვერპლი ვარ, როგორც უამრავი პოსტსაბჭოთა ადამიანი, თავისუფლება რომ მოიპოვა რწმენაში და ყველაფერს ედება. რვიანიც წყალთან ასოცირდება.

იმ თაობაში ვცხოვრობთ, სადაც არსებობა ფაქტებს გაუთანაბრდა, თუ თავიდან წარმოიშვა კვერცხები, მერე – დედამიწა, არსი წინ უსწრებს ფაქტს. ეს თაობაა, ვისთვისაც ღმერთი და რელიგია სხვადასხვა ცნებებია. მასობრიობას ინდივიდუალური რელიგია ჩაენაცვლა. რწმენა კი მაშინ ხდება მასობრივი, როცა ადამიანთა ქმედება ერთ სოციალურ ხასიათს ატარებს იგი ხშირად ინდივიდუალურადაც სრულდება, რადგან ჯგუფის გავლენა ინდივიდზე სხვადასხვა გავლენას ახდენს. მასობრიობა აღნიშნავს განცდების დროულობას, რომლებიც ადამიანთა დიდ რაოდენობას მოიცავს და ურთიერთობის პროცესში აღმოცენდება. ღმერთია შესაძლებლობა სუბიექტის ობიექტურობამდე აყვანით და სამყაროს ღმერთის პერსპექტივიდან დანახვის.

ქრისტემ თავისი გასხივოსნებით ადამიანის პოტენციურ ღმერთობას გაუსვა ხაზი. და ჩათვალა, რომ სიკეთე და ბოროტება სულაც არაა ინი და იანი. ღმერთია შემოქმედი სატანისაც, ოღონდ მისი დაუსრულებელი სახით, რომელიც პოტენციად ჩაედო ადამიანს. აქვეა ბიბლიაში ნათქვამი ადამის შექმნის მეექვსე დღე და ექვსი, როგორც სატანის რიცხვი. და რა იქნება მერე, თუ გველი მართალია ევასთან და ადამიანს ღმერთობა შეუძლია. ადამიანი უკვე ღმერთის ოპოზიციაა. ოპოზიცია კი იდევნება. ისევე როგორც მემარცხენეები. ცაციათა გარიყვა ბიბლიიდან მოდის: მარჯვენა მხარეს დაჯდომის, დაყენების გამო. სწამთ, რომ ღმერთის მემარცხენე სატანაა, ისევე მემარცხენული თვისებებით, როგორც თავად მისი არსება: ჯვრის უკუღმა ჩამოკიდებით, ლოცვათა უკუღმა წაკითხვით. მემარცხენეებს ერთ დროს კოცონზე წვავდნენ, დევნიდნენ.  სხვა ქვეყნებში კი ცნობიერზე ზეგავლენით ამ თვისებას უხშობენ. ეს მათ ფარულ ცაციებად ქმნის. თავს უჩვეულო ქმედებისას ან ემოციური აღგზნებისას იჩენს. სხვაგვარადაა იაპონურ ფილოსოფიაში, საპატიოა ცაცია ადამიანი. და თუ ინი და იანი ღმერთისა და სატანის ძმობას აღიარებს, ერთ მემკვიდრეობაზე თანაბარუფლებიანი ბრძოლა მიდის და პრიორიტეტი მეორედ მოსვლისას არც ერთ მხარეს ეჭირება.

მე არ მჯერა ათეისტების არსებობის, რადგან -ისტის არსბობის არ მჯერა. -ისტი ჯგუფს ქმნის. ჯგუფი, მათ შორის რელიგიურიც, სიყალბეა. ყველა ადამიანს სწამს: ზოგს იდუმალი ბუნების, ზოგს სამყაროს ერთიანობის, ზოგს საკუთარი არსებობის, თუნდაც ტექნიკის გჯეროდეს და მისი მამოძრავებელი ძალის, მაგრამ აქაც განსხვავდება რწმენა და დაჯერება.

ლოცვის დროს არ ვიჩოქები. ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა. ყველაზე მოხერხებულ პოზაში ვჯდები და საკუთარ თავს ვეთამაშები ჭადრაკს. არც გალობის მოსმენა მიყვარს, მაფხიზლებს. თუ ადამიანი პოტენციურადაა ღმერთი, ერთმანეთზე უნდა ვილოცოთ. ვცხოვრობ საქართველოში. მიკვირს რა საჭიროა ჯარის არსებობა. ვერც ერთი მეზობლისგან თავს მაინც ვერ დავიცავთ. ტყუილად მოვკვდებით და მაინც უნდა ჩავბარდეთ. აბრაამის კომპლექსები გვაქვს. გვგონია ღმერთი გამოგვეცხადა და მისთვის და სამშობლოსთვის შეწირული გმირები ჩვენი შვილებია. მსხვერპლშეწირვა კი ქრისტეს მერე არ არსებობს. სისხლი მენტალობითაა ჩანაცვლებული და მეორე ფიზიკური ლოყის სინდრომი მენტალურობის დაცვის საშუალება.

აჩვენებენ პატრიოტულ ფილმებს. ერთმა ტიპმა მტერი როგორ დაგვიხოცა და მატერიალური საზღვრები ჩვენი სალოცავია. ვტრიალდები ბალიშისკენ. არ ვთვლი გმირებად და არ ვუყურებ ტელევიზორს.