ჩუმად! ანუ ხედი ჩემი ფანჯრიდან

kinopoisk.ru

ეს მოხდა პეტერბურგში, როცა ცივილიზებული ქალაქის ფანჯრიდან პროვინციული ხედი მოჩანდა, პეტერბურგი იუბილესთვის ემზადებოდა. ვიკტორ კოსაკოვსკიმ ერთი წელი გაატარა ქალაქში, სადაც გზებს აგებდნენ. სახლის პირობებში ფანჯარასთან დააყენა კამერა და მთელი წელი ჩართული ედო. იმიტომ, რომ არქეოლოგები იმ უძველესი ცივილიზაციის “ზაცეპკას” ეძებენ, რომელსაც ამ ქალაქში არასდროს უარსებია. ძიება ავარიულ სისტემებს არღვევს და ძველი კულტურის მაძიებელი ქალაქი დიდ სოფლად იქცევა, სადაც საკანალიზაციო მილებიც კი დარღვეულია. ჩემნაირი ანტიპატრიოტი ვერარსებული გრაალის ძიებამ იმდენად ჩამითრია, საათნახევარი უსიუჟეტო ფილმს ვუყურებდი თხრაზე. ისე, შემთხვევით, გაბურღულ ხმებში მოწანწალე ძაღლების ყეფის ფონზე მოცეკვავე შეყვარებულები წვიმაში თუ ერთმანეთს დამყნობილი (სიტყვა არ შემშლია) მთვრალი ამხანაგები ათხრილ თუ დალაგებულ გზებზე ჩაივლიდნენ. ფილმი მაცხოვრებელი მოხუცის სასოწარკვეთილი ყვირილით სრულდება: ჩუმად იყავით! ჩჩჩუ!!

რომ მოხდეს თბილისში, ჩემს ფანჯარაზე კამერა რომ დავდო და ფილმი გადავიღო, უმუშევარ კაცებზე იქნება, დილას ნაბახუსევიდან რომ გამოდიან და საღამოს თვრებიან მემწვანილე ცოლისგან მიღებული ფულით, შვილს პურის ყუის ნაცვლად სატყუარა რომ მიაჩეჩა. იქვე პატარა ბავშვი ირბენს, ცოტა ხნის წინ რომ თმა გადაპარსეს, ტილების გამო – არა, სიმსივნე აქვს. მერე მამამისი თავს ჩამოიხრჩობს და პანაშვიდია. მერე მეზობლები იტყვიან, თვითონაც ავადმყოფი იქნებოდა ტვინით, თორემ ასეთ ცოდვას ჯანმრთელი ფსიქიკით როგორ ჩაიდენდაო. გალაკტიონიო? ეგ სხვაა, ეგ გენიოსი იყოო. რამდენჯერმე პოლიცია მოვა, გადმოსვლის პირველი დღე მახსოვს, სახლში ყუთები რომ ამოგვქონდა, ტელევიზორი ჩავრთეთ, ჩვენს უბანზე გადიოდა, ვიღაცა გაიტაცეს, დაჭრეს, გამოძალეს, მოკლეს, გაქურდეს. იმის მერე კიდევ რამდენჯერმე მოვა პოლიცია და მე ძილი გამიფუჭდება მთვრალი ხალხის სიმღერისა და დაცვის სირენების ხმებში. იმის მერე ბავშვები რამდენჯერმე გადმოეკიდებიან სარეცხის თოკებზე, თავიდან რომ მეშინოდა და მერე რუტინად იქცა. მერე ის სიმსივნიანი ბავშვი მოკვდება, მამალი ღამის 12 საათზე აღარ იკივლებს, ეტყობა დაკლეს. აქა-იქ მშენებარე ეკლესიის ზარები, მემწვანილე ცოლი იყვირებს, რომ ნისიად არ იძლევა, ჩამოტარებული მაწონი და ნაყინი მუსიკალური მანქანით. თავი რომ მოვიკლა, ან ავადმყოფი უნდა ვიყო, ან – გენიოსი. ფანჯრიდან გახედვისას გაიღიმეთ, იქნებ საიდანმე ჩიტი გამოფრინდეს. ჩხრკ.

მაგრამ ის უფრო საინტერესოა, იმ შემთხვევაში რას ვნახავთ, კამერა მეზობლის ფანჯარაში რომ მოთავსდეს და მე ვჩანდე: როგორ ამოვდივარ ღამის ორ საათზე სამსახურიდან იმდენად დაღლილი, რომ მგონია, ტანგაუხდელად იქვე მივწვები, როგორ გავდივარ მეორე დილით ათ საათზე სახლიდან ყოველ კვირა ახალი თმის ფერით და ვბრუნდები ყოველ საღამოს ახალი მანქანით, იმაზე გვიან, ვიდრე სამსახურიდან ვბრუნდები ხოლმე, როგორ მძულს სახლი. დარდისგან ძალაგაცლილი დედა როგორ მხდის ჯინსის ქურთუკს და მეორე დილისთვის აივანზე ფენს. როგორ ვფიქრობ, რომ მიყვარს სახლი. დამინახავს შიშველს ფარდების იქით და იფიქრებს, რომ აგვისტოს მერე წონაში მოვიმატე. მხედავს, როგორ ვხატავ ტუშით ტილოზე, ნერვიულობისგან ვისისხლიანებ ტუჩებს, მერე მომდის აზრი, დახატულ ქალს ტუჩები სისხლით გავუფერადო. შუაღამისას მაკითხავენ ნაცნობები სახლთან, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, ანეგდოტის მოყოლა დაგვავიწყდაო. მე სულ მეცინება, ტირილის დროსაც კი. აუცილებლად კომპიუტერის მაგიდასთან ვსაუზმობ და ახლაც დამინახავდა რომ ვწერ, წარბშეყრილი მიმიკებს ვიცვლი. სულ მინდოდა ვინმეს ჩემი ცხოვრება გადაეღო, სხვის ცხოვრებას როგორ ვიღებდი.

და ბოლოს, “ჩუმად” მართლა საინტერესო ფილმია ყოფაზე, როცა გათხრების გვერდით შეგიძლია შენიშნო ყმაწვილი გოგოს რომ უცდის და მაწანწალა ძაღლი რომ მიუვარდება კბენით ან  როგორ თამაშობენ ბავშვები დარჩენილი სამშენებლო ნივთებისგან. ჩემი ძმა გამახსენდა, ხელში პირველი კამერა რომ ჩაუვარდა და მეზობლის გოგოს ფოტოებს უღებდა, მერე მთელი ეს ცხოვრება ერთ ფაილად შეუკრა და ფეისბუქში მეგობრობის თხოვნა გაუგზავნა, თუმცა იმ გოგომ არ დაამატა და ფაილიც გაგზავნის გარეშე დარჩა. და უფრო ბოლოს, ვიკტორ კოსაკოვსკიმ კიდევ ბევრი რეპორტაჟი გადაიღო, მაგალითად, ანტიპოდებზე: წრიული დედამიწის პარალელურ ადგილებზე, მაგალითად, არგენტინა და ჩინეთი ერთმანეთის ოპოზიციურ მხარეებში იმყოფებიან, იღებს და ადარებს. ფანჯრიდან ვიხედები, ვერ არსებულ მეზობელს ხელს ვუქნევ. ნეტავ, ჩემი ანტიპოდი რას აკეთებს?

სახლი, რომელშიც ვიპარებოდი

ხედებია ჩემი აივნიდან

 

 

 

არასდროს გავპარულვარ სახლიდან. არა იმიტომ, რომ რახან მეექვსე სართულზე ვცხოვრობდი სიმაღლის მეშინოდა, არც იმიტომ, რომ სურვილი არ მქონდა, მშობლებისგან მორალით მქონდა განსაზღვრული საქმის სიავ-სიკარგე.
სახლი, რომელიც ამოჩემებული მქონდა ჩვენი ბინის გვერდით მდებარეობდა. შიგ არავინ ცხოვრობდა, მაგრამ ძველი მეზობლის სუნი კაი ხანი იდგა.
თამარი ქართველი ებრაელი იყო. როგორც ამბობდნენ, მისი ოჯახი შევარდნაძემ გააწამა, მაგრამ ებრაელებს მასზე ცუდს ვერ დააცდენდი. თბილი ქალი კი იყო: მე და ჩემს ძმას ”ოქროს” გვეძახდა. მიკვირდა, ქვას რატომ გვადარებდა. გვიან გავიგე, რომ ოქრო ძვირფასი იყო.
ჩემი ძმის დაბადება სსრკს დაშლას დაემთხვა. მთელი ზამთარი უშუქობა იყო. ოჯახს ჩვილთან ერთად ცხოვრება განსაკუთრებით უჭირდა. თამარი გვსტუმრობდა და დაირით გვართობდა. ის დაირა წლების მერე ჩემს ძმას გაუტყდა, – ცუდი ხელი ჰქონდა. მახსოვს, დედამ ინერვიულა.
თუ შუქი მოვიდოდა, სერიალებს ვუყურებდით. მაშინ სერიალებს ყველა უყურებდა. კოცნის სცენის დროს ბავშვებს ხელებს თვალებზე გვაფარებდნენ, ისე, რომ არ ვიცოდით რატომ. პირველად აქედან გავიგე, როგორ ჩნდებიან ბავშვები: ”დინასტიის” პერსონაჟმა, შვილის კეთება ახლავე უნდა დავიწყოთო და მშობლებმა ხელები აგვაფარეს. ამ დღეს უკავშირდება ჩემი პირველი იმედგაცრუება ტვინში შეტენილ ღმერთზე, რომელიც ჯადოსნური ჯოხით სახავდა ბავშვებს.
ის ემოცია ახლაც მახსოვს: მიკვირდა. ისევე, როგორც მიკვირდა ყოველ აღდგომას დაყრილი ჭორი, რომ პარასკეობით ებრაელები ბავშვებს კლავენ და მათი სისხლიდან აცხობდნენ ნამცხვრებს. თამართან მისვლას იმ დღეებში ერიდებოდნენ, არც მისგან მიწოდებულ ”ნამცხვრებს” სინჯავდნენ. არა და კეთილი ქალი იყო, რაც თავი მახსოვს, შვილიშვილების დაწყვილებაზე ფიქრობდა: ბიჭი წუნია ყოლია, თქვენს გარიგებულს, მზეთუნახავიც რომ იყოს, არ მოვიყვანო. თამარი რომ მოხუცდა, მათთან გადავიდა საცხოვრებლად. ბინა დაცარიელდა, თუმცა თამარის სუნი რჩება.

****

იმ ხანებში ერთი მულტფილმი გადიოდა. პერსონაჟს პრინცესა რომი ერქვა. მამამაც ასე შემარქვა. და დამაჯერეს, რომ პრინცესები სახლიდან არ იპარებიან. ვერაფრით გავიხსენე მულტფილმის სახელი. მერე ”რომაული არდადეგები” ვნახე.
ხელახლა დავიწყე შეპარვისთვის მზადება. სიზმარში ხშირად ვიპარებოდი და ბინას ინტერიერს ვუცვლიდი. ასე არ ვიყავი მარტო მე. თურმე ჩემი ძმაც თავისებურად ცდილობდა შიგ შესვლას. ღამ-ღამობით, როცა ყველას გვეძინა, თითებით კედელს ფხაჭნიდა. რომ შევამჩნიეთ, უკვე ღრმა ხვრელი იყო. მოგეხსენებათ, სტალინური პროექტის სახლი სიფრიფანა კედლებით. დედამ ნაჩვრეტი პლასტერინით ამოავსო. მერე ვიგებ, რომ ჩემმა მეგობარმა პირადი ცხოვრება მეზობელთან კედელში ხვრელით ააწყო და ასე პლატონურად უყვარდა მასთან სახლში მისვლის გარეშე.
თამარმა ბინის გასაღები ჩვენ დაგვიტოვა. ჩაშვებული წყალი ან მუშების-შესვლა გამოსვლა რომ გვეკონტროლა. აქამდე ზოგი მდგმური, თუ გასაღები სახლში დარჩებოდა, ჩვენგან იპარებოდა სახლში. მე ვუყურებდი, როგორ იპარებოდნენ. სიხშირის გამო ამ სანახაობას შევეჩვიე.

****

სახლმა ბევრი მდგმური გამოიცვალა. ძირითადად, სტუდენტ ბიჭებზე ქირავდებოდა. აღარც მეზობლების ინსტიტუტი იყო, ყავისთვის რომ დადგომოდი. მეზობლებს გარეგნობითაც ვერ ვცნობდი. უბრალოდ ვიცოდი, რომ მდგმურებს უჩიოდნენ: თქვენგან ხმაურიაო, -საყვედურისთვის ურეკავდნენ თამარს.
მერე თამარი გარდაიცვალა. მე და დედა პანაშვიდზე წავედით. მაინტერესებდა, მისმა შვილიშვილმა როგორი ცოლი მოიყვანა. ვერ ვნახე.
ბინას კი ქირაობდნენ მეგობრები, შეყვარებულები, ცოლ-ქმარი.. როცა ბიჭი მეზობლები აივანზე გამოდიოდნენ, მამა აივანზე დგომას მიშლიდა: პრინცესები ბიჭების საუბრებს არ ისმენენო. მე კი მათ სახლში ყოველთვის მინდოდა შეპარვა. განსაკუთრებით მაშინ, როცა შიგ არავინ ცხოვრობდა.
როცა ვიღაც მომეწონა, სურვილი მქონდა, იმ სახლში მასთან მეცხოვრა. გასაღებს ვუყურებდი, როცა მამამ თქვა: რატომ არ ვუჯერებდით თამარს, მისგან ეს სახლი უნდა გვეყიდაო. თამარა ბებო და მისი დაირა ყველას გვიყვარდა.
მერე მამამ გვითხრა, რომ ფული გვჭირდებოდა და ბინას ვყიდითო. ოღონდ სახლი არ გაგვეყიდა და დავშორდები მეთქი იმ ბიჭს, – ღმერთს ვუთხარი. მერე გადავიფიქრე, – სახლი ცარიელი კარკასი გახდა სიმბოლურ დატვირთვებს მოკლებული. და როცა ჩემმა ძმამ ახალი სახლი ნახა, მითხრა: შენ მოგეწონება, მესამე სართულია, აივნიდან ყვავილები მიწამდე ეშვება, – ადვილად გადაიპარები, – გამიკვირდა, საიდან იგრძნო მეთქი. ალბათ ეს ზოგადი ოცნებაა.
თამარის მერე იმ სახლში პირველად შარშან მოვხვდი. და-ძმა ცხოვრობდა. მათ დამპატიჟეს იქ, სადაც ყოველთვის მინდოდა შეპარვა. არქიტექტურა შეცვლილი იყო მთლიანად. თამარის სუნი აღარ იდგა. რომელიღაც სუნამოს სუნი უფრო.
როცა ახალ სახლში გადავედით, კედელზე ნაჩვრეტები და პლასტერინები შევნიშნეთ. გაგვეღიმა. ახლა დედა დგას აივანთან და ამბობს: იმ მთის იქით, ჩემი სახლია. მე კი ვფიქრობ: იმ მთის იქით, ჩემი ოცნება იყო, რომელიც არ გავრისკე. ისტორია არ არის სახლზე. ჩემზეა. მას შემდეგ ყველა ოცნებას ვრისკავ.