საიუბილეო იდენტიფიცირება

full

როცა შენში არსებულ პიროვნებას სახელს არქმევ, ცალკე რესპუბლიკად აღიარებ. თუმცა ისტორია ჩიხში მაშინ შედის, როცა ამ სახელით სხვებიც მოგმართავენ. როცა შენში არსებულ მეორე პიროვნებასაც არქმევ სახელს და ამ მეორე სახელითაც მოგმართავენ სხვები..

სოციალური ქსელები გაორებას ლეგიტიმაციას უწევს. ბუნებრივია რამდენიმე პიროვნებად ქცევა ისე რომ თეთრ კედლებს გაექცე.

მე თინათინი მქვია. ჯერ ჩემში არსებულ ბავშვს თაი დავარქვი, მერე ჩემში არსებულ თევზს – ანნა. ისე მოხდა, რომ ნამდვილ სახელს აღარავინ მეძახის და მენატრება. დიახ, თევზს. თუმცა ეს ცალკე ისტორიაა.

გუშინ დაბადების დღე მქონდა. ჯერ მარტო ვიჯექი “მოზაიკაში”, თაფლიან და საფერავიან ყველს სანთელი ჩავარჭე, ბაქტერიები შემოვაფხიკე, მშრალ ღვინოს ვწრუპავდი და ვათვალიერებდი საჩუქრებს ჩემს თავს რომ ვაჩუქე, – ჯემპრს ლიკვიდაციური მაღაზიიდან და ბუკინისტების წიგნს სოლომონის ბეჭედზე.

ვფიქრობდი, ცხოვრებაში სამი გარდატეხა მქონდა. მესამე ტრანსფორმაციისას დაბადებული ადამიანი უსახელოა. ანნამ თებერვალში გადაიჭრა ჭიპლარი, ჩემგან განსხვავებით მერწყულია, თაია – თხის რქა, დეკემბრის ბოლოს. სამივე ცივი სეზონის ქალები ვართ. ეტყობა არასდროს მიგრძვნია ჩემში კაცი.

ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა სხვადასხვა სახელით გაცნობილი მეგობრები ერთმანეთისთვის გამეცნო. აი, სკოლის მეგობრები, კურსელები, თანამშრომლები, მეზობლები, ინტერნეტ გაცნობილები. აი, ყველა ჩემი მე ერთ ოთახში შემეკრიბა და მეთქვა: “სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჰმ ერთმანეთისთვის”.

მაგრამ იმ დღეს ათიოდე ადამიანმა თუ მომილოცა, ანუ გაახსენდა და მოუნდა დარეკვა ან გაახსენდა და მიცემული მქონდა მისთვის ნომერი (სადღაც 20 ადამიანამდეა ვისაც ჩემი ნომერი აქვს). ასე რომ გეგმა მომავლისთვის გადავდე და ყველს შევუბერე სული.

პ.ს. ყველი ყველის ვაჭრების გამო, ტრადიციის თანახმად ეგენი სულ იციანიან ხოლმე, კრემის ჭამა კი სევდიან ადამიანებთან ასოცირდება. პ.ს.ს. ვგიჟდები ჩემს აიდი ფოტოებზე, ვაიდენტიფიცირებ თავს.

პიროვნების ჩარჩოში ჩასმა ასტროლოგებთან მერკურის მზესთან დაშორების მაგალითზე

thermometer

ხშირად ისმევა კითხვა, რომ პირადი ჰოროსკოპის განხილვისას, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ნება შეზღუდულია, ნაწილობრივ ვენერას, განსაკუთრებით მერკურის მდებარეობის მიხედვით.
სიტყვაზე, ვერძს ეს ორი პლანეტა ვერ ექნება სხვა 7-9 ნიშანში, ანუ მერკური მხოლოდ საკუთრივ ვერძში ან მეზობელ ნიშნებში: თევზებსა და კუროში აქვს. ვენერა (აღქმა, გრძნობა) შედარებით მეტგან.
თუ მერკურის სივრცე აუცილებლად მზესთან ახლოსაა, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ადამიანის ცნობიერთან (იგივე ზოდიაქოსთან) მხოლოდ სამი სახის აზროვნება დაეშვება, რაც ისედაც ჩარჩოში ჩასმულ ნათალურ რუკას, კიდევ უფრო კლიშეში ჩასვამს?
პასუხი ასეთი მაქვს:
თუ ადამიანი მადლს იღებს ან ისჯება არა საზოგადო მორალის, არამედ პირადი შესაძლებლობების მიხედვით, ევოლუცია/ინვოლუციის კითხვარი საკუთარ ზოდიაქოში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, ტყუპებს სიკვდილის შემდეგ პასუხი კომუნიკაციის მიხედვით მოეთხოვებათ: აბა, როგორ იშუამდგომლე?
იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს, აზროვნება უნდა უწყობდეს ხელს. აქ ის ირჩევს, ტყუპების გაორებული ბუნებიდან გამომდინარე, როგორი აზროვნება (მერკური) დასჭირდება:
ა) ემოციური (კირჩხიბი),
ბ) გონებრივი (ტყუპები) თუ
გ) პირველ რიგში, მგრძნობიარე (კურო) მერკურით შეეცდება თავისი მეების გაერთიანებას.
მაშასადამე, სამებიდან – ემოცია/გრძნობა/გონებიდან – ირჩევს ერთს. და ფაქტი, რომ მას, სიტყვაზე, ურანული (მერწყულური) მერკური არ ყავს, ვერ შეუქმნის წინააღმდეგობას, რადგან ურანი მასობრივი აზროვნებაა, კოლექტიური გონი, ასევე მერწყულს, ტყუპური გონება არ გამოადგებოდა.

mercury-path-mar-oct-2023
ჩვენ ვიცით, რომ ორგანოები შეესაბამება ნიშნებს, ამიტომ ორგანოების მიხედვით უკეთ ავხსნი:
ავიღოთ მორიელი, სიმბოლურად სასქესო ორგანოებს განასახიერებს, როცა გარემოში გადმოაქვს შიგნით დაგროვილი მასალა, ორიდან ერთი: ან მშობიარობს ან ისაქმებს. მორიელს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად, კავშირის დამყარება უწევს ან ქვედა მუცელთან ან ბარძაყთან. ამ ფუნქციის შესრულების დროს კუჭი (ანუ კირჩხიბი მერკური) ან ტერფები (თევზი მერკური) კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამიტომ მორიელს ჭინთვისას სამი სახის აზროვნება უწევს:
ა) ის, ვინც სასწორი მერკურით დაიბადა, აბალანსებს დასარჩენ მასალას გარე მასალასთან,
ბ) მორიელი მერკურით დაბადებული თავად გამოყოფის და მიღების პროცესს განასახიერებს,
გ) ხოლო მშვილდოსან მერკურიანი ხედავს გამოყოფილ ნაყოფს და მასვე სათანადოდ უმიზნებს.
ამიტომ მორიელს თევზური აზროვნება (გწამდეს და გამოვა), კირჩხიბული (იგრძენი და გამოვა) მას ვერ დაეხმარება.
მშვილდი თუ დაიბადა, მისი ფუნქციაა ამაღლებულ ადგილას შედგეს, მორალი იკითხოს და იფილოსოფოსოს, ანუ ღმერთის პოზიციიდან იყოს, ანუ მორიელის შობილი ბავშვი გაზარდოს. მაგრამ როგორ? სამებიდან ირჩევს:
ა) მოწყალე იყოს – მშვილდი მერკური
ბ) დამსჯელი იყოს – მორიელი მერკური
გ) სხვის საქმეში არ ჩაერიოს და თავად გაანძრევინოს ხელი – თხის რქა მერკური.
თხის რქას შემთხვევაში. აი, თხის რქა უკვე მუხლია. მუხლის ფუნქციის შესრულებისთვის უკეთ დაეხმარება ბარძაყი ან წვივი. სწორგოჯა ნაწლავი (ქალწული) ან ნესტო (კურო) რა შუაშია. თხის რქას დაესმის კითხვა: როგორ გინდა მიაღწიო წარმატებას?
ა) ჩემით (თხის რქა მერკური)
ბ) ღმერთით (მშვილდოსანი მერკური)
გ) კოლექტივი დამეხმარება (მერწყული მერკური).
და ასე გრძელდება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანში უკლებლივ თორმეტივე ნიშანია, ანუ პიროვნება მხოლოდ ზოდიაქოს (ცნობიერის) კუთვნილება არ არის.
ისიც, რომ მერკურისგან განსხვავებით, მთვარე ან სხვა პლანეტები ამ ჩარჩოებს ცდებიან და თორმეტივე ნიშანში მოგზაურობენ. თერმომეტრის ღმერთი და აფროდიტე მხოლოდ გამონაკლისია.

thezodiac

თანამეწიგნეები და სხვები

tumblr_mz5dqt0GGw1tp9105o1_500

ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.

გა(ნ)ტოლება

tumblr_m4499heZm81qaxu16o1_500

(ეძღვნება სეხნიას)
თუ არ მოგწონს როგორ გამოიყურები სარკე შეცვალე.
ის, ათასჯერ დამტვრევას გადაფიქრებული, მთელი ეს ხანი შენს მიმიკებს ციტატასავით რომ იმახსოვრებდა, დროსთან ერთად თავისი ქნა და სხეულს მახსოვრობასთან ერთად გაჩვენებს.
ილუზიაა ეს ნაოჭები შუბლთან, ის მხოლოდ ძველი მიმიკისგან დარჩა, გატეხე.
გზა, რომელიც ძველი დილემისგან აურჩეველი დატოვე, მან გაიარა ვინც პარალელურია.
ახლა სარკეში დატოტვილი “შენები” ჩანან.
და როცა უძღებ “შენს” სარკესავით თვალს გაუსწორებ, დაბალანსდებით და მოკვდებით, რადგან როცა ერთი უდრის ერთს, ნულდება.

– გადარჩება? – ექიმებს ეკითხება ზოია.

ECG - Electro Cardio Graph

ჩემი ბიოლოგიური ანნა

იაპონელები როგორც ხატავენ საკურას, მისი აყვავებული ფურცლები ქაღალდზე საზღვრებს რომ ვერ გებულობს და ცალი რტო ჩარჩოზე რომ აქვს გადმოშვერილი, ჩემთვის პიროვნების გარემოში გადასვლის სიმბოლო გახდა. ამიტომაც არ მყვარებია დასავლური ლექსები, რითმითა და რიტმით გამოხატული მარგალიტები სიუჟეტის დაბოლოების გამყიდველად აღვიქვი და იდუმალების ეფექტი დაუკარგა. გაგეღიმებათ და ჩემი ტრაგედია იმაშია, რომ ფერი ვერ დავკარგე. ცნების პირდაპირი გაგებითაც, როცა თმა ნატურალური წაბლისფერიდან, თითქოს ისედაც გარდამავალი ფერია, რადიკალური ცვლილება ვერ განვუცადე. ყველაფერი თითქოს უწყინარი პროცედურით, თმის შეღებვით დაიწყო, იდეით, რომ საკუთარ თავზე რაც კი არსებობს ყველა ფერი გამომეცადა: ორი წლის მანძილზე ნელი გადამყვანიც ვცადე და რამდენჯერმე ყველაზე ძლიერი გამაღიავებლებითაც შევიღებე, სხვებს მიზერულ წასმაზეც რომ უთეთრებს, – შედეგად, არც ფერი შემცვლია მაინცდამაინც და არც ხარისხს დატყობია რამე. მღებავი მეუბნება, რომ ეს თმის ბირთვის ძლიერ პიგმენტზე მეტყველებს, დროთა განმავლობაში რომ კვდება, ამჯერად რომ არსებობისთვის ებრძვის ქიმიას. ამჯერადაც მოერიაო. ჩემი პიგმენტების გადარჩენისთვის ბრძოლა ცნობისმოყვარეობის მიზნით დაგეგმილ ქიმიურ ნაერთებთან იმდენად დრამატულად აღწერა, ჩემში ბიოპანკური შთაგონება გამოიწვია, მომინდა მთელი დღეები მეწერა ორგანიზმის მედიცინასთან შეგუება/შეუგუებლობაზე, – გადაჭიმულ კანზე, რომელიც დროთა განმავლობაში ისევ ჩამოიწევა, გადარჩენილ სიცოცხლეზე, რომელიც დროთა განმავლობაში მაინც მოკვდება.. ამაზე ისიც მახსენდება, რომ მთელი ბავშვობა სტომატოლოგებთან გავატარე, ძვლები მენგრეოდა და ტკივილის დასათრგუნად გამაყუჩებლები კანფეტები იყო. ახლა კი აღარ ვიცი მინდა თუ არა თავზე ყველა ფერი ვცადო, მათი შეცნობით შინაგანობა ზარალდება, სამშვინველური საწყისი, რომლის გამოხატულებაც ორგანიზმია, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი დათმობით გარემოსაც იმეცნებ. ზოგჯერ რასაც გულით ვერ იგრძნობ, სხეულით იგრძნობო და მე ჩემში ჯიუტი საწყისი აღმოვაჩინე. თურმე ძლიერი ორგანიზმი მქონია სისუსტეში მაინც. მერე გამახსენდნენ ადამიანები, მაინც არ შეიცვლებიო და ჩემგან წავიდნენ, რომ მიჭირდა შეცვლასა და ევოლუციას შორის ზღვარი.  გემოვნების ამბავია, ზოგს    წინა საუკუნის “რედი მეიდის” ორგანულობა მოეწონება, ზოგს კი – რენესანსის “ჰენდ მეიდი” ხელოვნების ნიმუში. დღევანდელ ეპოქაში ორივე ადამიანი მისაღებია. მე კი რატომღაც იაპონელები მახსენდებიან, თავიდანვე ხელოვნების ნიმუშებად ქცევას რომ ცდილობდნენ და ჩარჩოზე გადასული საკურაც    კანონიკის ჩარჩოებიდან ანარქისტულ გამოსვლას ნიშნავს. ანარქისტული ერთი შეხედვით, თორემ ესეც ორგანულია.

ფოტოსურეალიზმი და კონსტუქტივიზმი

რეალისტურ ფოტოგრაფიაზე მეტად მხატვრული ფოტო მაინტერესებს, მათ შორის, სურეალისტური, როცა ფანქარი და ფოტოგრაფია თანამშრომლობას ცდილობენ. მისი ფესვები დაახლოებით იმდენი ხანია არსებობს, რამდენიც თავად ფოტოგრაფია. გილბერტ გარსინი თავიდან ლამპების ქარხანაში მუშაობდა და მელანქოლიკი გახდა. ეტყობა ჯინი არ გამოეცხადა და საკუთარი ჯინის ძიება დაიწყო ადამიანური და საყოფაცხოვრებო აბსურდულობით. გაურბოდა სივრცისა და დროის ადეკვატურ ასახვას. დაიბადა 1929 წლის საფრანგეთში. ფოტოების დასამუშავებლად იყენებდა წებოსა და მაკრატელს. საკუთარი თავის მოდელი იყო და მიეწოდა ”მისტერ ევრიბადის” ტიტული. იმ დროისთვის აქტიურ ფსიქოანალიზსა და ექსისტენციალიზმს დასურათების სახით წარმოაჩენდა. ასევე კაფკას, გოგოლის, ჩაპლინის და სხვათა სიუჟეტის ფოტო რეპროდუქციას. იდეების გასაგებად, საინტერესოა სათაურების წაკითხვა. გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:

კოლექციონერი

დაფარული ნივთები

ცხოვრება მშვენიერია

მექანიკური წყვილი

არაფერია იდეალური

თავის ძიება

ზუსტი ანგარიში

სურვილი, რომ შეიცვალოს მსოფლიო

დიოგენური ან ლუციფერული

თავაზიანობა

პროგრესში მუშაობა (გადაღებულია თავად მეუღლესთან ერთად)

მამოძრავებელი ამბიციები

უპატრონო

მომავალი ის აღარაა, რაც იყო

ცვლილების ქარი

სიზიფეს შრომა


სიზიფეს გაუცრუვდა იმედი

გააჩერო წარსული

აქცენტი სიცარიელეზე

ციხე

თავის დაკარგვა

გადაცვლა

ავტო კონტროლი

შემოდგომა

ხარის თვალი

ბედნიერი ხელოვნის არ არსებობა

არჩევანის არსი

ბაბილონის გოდოლი

მუზეუმში

აკრძალული

განმეორებადი წინააღმდეგობანი

გადარჩენა

მანძილი ნაკვალევს შორის

ინი და იანი მალევიჩისგან

დასაჯავშნი ადგილი

ადამ და ევა

უცხო

ზურგის გაელვება

პარიზის განაჩენი

დავიწყებული

ინდიფერენტული

მეხსიერება

იქ,სადაც მთავრდება შენი და იწყება სხვისი

დავიწყების მექანიზმი

ქალაქი

შემთხვევითობა

საუკეთესო მომენტი

უთანხმოება

ხელოვნებაზე შეყვარებული

დრო და სივრცე

დაჯავშნა

მოწმეს არ აინტერესებს

სისუსტე

შეუძლებლობა

ცოლ-ქმრის გეომეტრია

ფსიხები, რომლებმაც მსოფლიო გაყიდეს

ჩემი მუსიკათმოძულეობის მიუხედავად, რამდენიმე მელოდიაა, რომელსაც ჩახვევით ვუსმენ. ერთ-ერთი მათგანi ბოუის ალბომია გარემოსა და ინდივიდის შეურწმევლობაზე. ამას წინათ გავიგე, ფილმი გამოსულა, – ”ადამიანი, რომელმაც მსოფლიო გაყიდაო”. საუნდტრეკად ბოუის სიმღერა ედო. სხვა ფილმს ეხმიანებოდა, ”ადამიანი, რომელიც დედამიწას დაეცა”, რომ ჰქვია და სხვა სიმღერის ”სიცოცხლე მარსზე” შინაარსის გაფართოებაა. ყველაფერი კი დიდი ხნის წინათ ჩაიხლართა, როდესაც დევიდმა წერა საკუთარ თავთან გაუცხოვებულ ადამიანზე დაიწყო. შემდგომ კი მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკოსებმა გაყიდვაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

სიმღერა 1970-იან წლებში დაიბადა. 1974 წელს ის ლილუმ ბერლინური კაბარეს სტილით შეასრულა. ყველა სხვადასხვა მიზეზით ყიდიდა მსოფლიოს.  მის შინაარს ალბომის ყრდა ხსნის, მასზე ბოუი ქალის კაბაშია გამოსახული.  კურტ კობეინს კი  მსოფლიოს სუიციდური აქტივობები აყიდინებდა. სიმღერა ადამიანზეა, რომელმაც იდენტობა დაკარგა გარე სამყაროს მიმართ. ამასთან, ბოუი მაინც აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა იყოს, კონტროლს არ კარგავს.  მაშინაც კი თუ პირისპირ რჩებოდა კაცთან, მსოფლიო რომ გაყიდა. ჰოდა, ბოუიც საუბრობდა იმ მილიონობით ადამიანზე, რომლებიც მასთან არ იყვნენ. მაგრამ საიდან დაიწყო ყველაფერი:

ლექსის ტექსტი დაფუძვნებულია ჰიუ მერნის პოემაზე “ფსიხი”: ”როცა კიბეებზე ავდიოდი, კაცი მხვდებოდა, რომელიც იქ არ იყო, არც დღეს არ იყო, მაგრამ მინდა, რომ წავიდეს”. მეორე ვარიანტით: ”მაგრამ მინდა, რომ დარჩეს”. პოემის გამოქვეყნებიდან (სადღაც 1910-20-იანი წლებიდან) რამდენიმე წელში ამღერდა და სახელად ”პატარა კაცი, რომელიც იქ არ იყო” ერქვა. ასევე სიმღერის სათაური 1949 წელს რობერტ ჰეინლეინის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანის მსგავსია: ”ადამიანი, რომელმაც მთვარე გაყიდა”. ამ ყველაფერს კი მეორე მხარეს აქვს: ფსიხებმა მსოფლიო ვის მიყიდეს?

მალინიანი ჩაი

– მიყვარხარ.
არა, შენ ავად ხარ და ბოდავ. გადატრიალდი, საბანი უკეთ მოგეკუჭება. მე შოკოლადის კუბიკებს ვამტვრევ. ჩაის უხდება. შენი საწოლი და იატაკი ჭრაჭუნობს ჩემი სიარულისას. ფოკუზით ჩემკენ მომართე ნერვები. კუთხეში გახვრეტილი ნერვები ვიგრძენი.
– მიყვარხარ.
აგრძელებდი ჩემს შეგრძნებას კუთხეში. მე ვერ ვამბობდი, რომ არ ვარსებობდი.
– პარკეტი ამტკიცებს შენს არსებობას.
დაკარგულები პარალელურ სამყაროებში. საათის ტრიალი ზღვარზე. ხანდახან, როცა ნაჭრაჭუნები კბილები მტკივა, მე ვიზრდები ტკივილით ძვლებში და მარტოსული ჩვრები კაპილარებით იწელება, სივრცეში დროზე და დროზე ცოტა ადრე.
– გილოცავ, ჩვენ სხეულები არ გვაქვს, ჩვენ ჩვრები გვაქვს კაპილარებით.
შენ ბოდავ.
– ღმერთო, რომელიც მოკვდი ან ღმერთო, რომელიც, – მერე ლოცვას წყვეტს და მეუბნები, – მოდი ვინ უფრო ატკენს სამყაროს.
მძიმედ სუნთქავდი. მერე თანდათან ხელებიც დამძიმდა. სუნთქვას მუჭებში იჭერდი და გრძნობდი, ღმერთიც ხმაურობდა.
– გაჩუმდით.
გაჩუმდით.
მერე ყურები მივადეთ საწოლებს, რომლებმაც დაიძინეს.
– შენი ლექსები დაუბეჭდიათ, – მეუბნებოდი სიზმარში და მხედავდი უწამო დროში.
უამინდო სივრცეში მოხვდი, უსხეულოდ რომ სული ასწიე და მე მექანიკურად საბანი მოგახვიე.
– გიყვარვარ?
ლოგინის ქვეშ შევძვერი და დავატეხეთ ისრები საათს.
უმატერიო შიშველი სულებით მივუსხედით როიალს, აყრილი კლავიშების გამო სიშიშვლეს გრძნობდა. არაესთეტიურია როიალის ჩონჩხი. არწასულზე ვბრუნდები და უკან ვხვდები, როგორ მეხება კაპილარებიანი ჩვარი ძვალზე.
– გიყვარვარ?
არ ვიცი თუ მოუხდა ჩაის შოკოლადის ნამტვრევები. ნელ-ნელა გამოგდის სითბო და ხვდები უსიცოცხლობასთან ერთად ვფერმკრთალდები.
– ჩვენ ლამაზი შვილები გვეყოლება და ეზოში გირჩებით ირბენენ. ჩემი მეს და მეს შვილი. მერე რა, რომ პარალელურ სამყაროში ხარ, კომპრომისზე წავალთ და ნეიტრალურ სამყაროში იცხოვრებენ, სამყარო რომ მთავრდება, იქ.
ვასრულებ საკუთარი თავის სიყვარულს, რადგან მის პარალელურ სამყაროში აღქმას. მივდივარ, რადგან სიხშირეს დაუწიე.

/2011/

მეგობარი გამოძახებით ანუ მასობრივი მარტოობა

თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სახლში ვიღაც იყო. მანქანაში ჩამსვა. უკანა სიდენიაზე მივწექი, მგზავრობისას გამომეძინა. ვფხიზლდებოდი, როცა შუქნიშნებზე ჩერდებოდა. და სიგნალების ხმები ისმოდა. ერთ-ერთ გაჩერებაზე ქალი მძღოლის ფანჯარასთან მივიდა, კვამლისგან გასანიავებლად რომ იყო ღია და საკუთარი ტანი შესთავაზა. ის ჩვენთან ჩაჯდა. გავიცანი უცნაური სახელით და დალევა შევთავაზე. გაუკვირდა იქ რომ ვიყავი. ვერ მხედავდა, სანამ არ დამაკვირდა. გზა ჩემზე საუბარში გავატარეთ, ნათესავი მირჩევდა ფსიქოლოგთან მისვლას. ვფიქრობდი, რა უნდა მოეცა ფსიქოლოგს ისეთი, რაც არ მქონდა. ან ზოგადად, ვინ იყო ის, – ვისაც ინსტიტუტში ფსიქ. ტექსტებს აკითხებდნენ. ის წიგნები მეც მაქვს წაკითხული. და მერე რა? სახლში მიმიყვანა და გზა განაგრძეს. მე კიდევ ვერ ვივიწყებდი მის რჩევას.

 მას შემდეგ, რაც დედამიწამ დაკარგა თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა სივრცეში, ცენტრიდან მექანიზმის ჭანჭიკად გადმოინაცვლა. შავ ჭირსა და მსგავს ეპიდემიებს ჯაჭვური რეაქცია აღმოაჩნდა. დროში, სადაც კომუნიკაციის უამრავი საშუალებაა, ადამიანი განწირულია მარტოობისთვის.

ისედაც მიმკვდარნი ჩვენი მეები, მუდამ წყეხის ქვეშ იმყოფებიან, თუ რომელიმეს არსებობა ვიგრძენით, ვებრძვით, რატომ გამოიღვიძეო. ვიბრძვით საკუთარი თავის წინააღმდეგ და ვერც ვხვდებით.  ვერავის ვენდობით, რადგან კედლებს არა მარტო ყურები აქვთ, პირებიც. ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. საქართველოში ამ მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, მეგობრებიც გვყვავს, ურთიერთობისთვის ვიტოვებთ დროს. მაგრამ საშიშროებაა, უმეგობრობის წინაშე რომ დავდგეთ. ეს მასობრივი მარტოობაა, სადაც მეგობარი გჭირდება გამოძახებით. ანაზღაურების სანავცლოდ, შეგიძლია ნებისმიერი სისულელე მოყვე, სამაგიეროდ, კონფიდენციალურობის გარანტიაა. არ გემუქრება უინტერესო თემებზე საუბარი, ბოლო-ბოლო არ დაგცინებს და გაგიგებს. კიდევ სულის სფეროში შენზე ჭკვიანი და გამოცდილია

სადამდე დავეშვით. საკუთარ მეებთანაც იმდენად დავკარგეთ დიალოგის შესაძლო გზები, რომლებთანაც გვაქვს, მათთანაც კონფლიქტური. და შუამავლის ყოლა გვიხდება. ფსიქოლოგებო, გიფიქრიათ, რითი განსხვავდებით მეძავეებისგან? ერთნი სიყვარულს გვპირდებით ფულის სანაცვლოდ, მეორენი – მეგობრობას ფულის სანაცვლოდ. მეძავეობა უარყოფითად არ მიიღოთ, სალანძღავი სიტყვა ჩემთვის ნამდვილად არ არის. მეტიც, მომიტევეთ, თუ გაწყენინეთ. შედარების გაკეთება მაინც მინდა: მეძავი, რომელიც აშიშვლებს ტანს და მეძავი, რომელიც აშიშვლებს სულს. სასაცილოა მორალისტების შეხედულება, რომ ტანის გაშიშვლება სულის სიშიშვლეზე დამამცირებელია. მაგრამ მე ამ საკითხში კლიენტურა უფრო მაინტერესებს. რატომ ვვაჭრობთ, სად დავკარგეთ სული, იყო კი ის ჩვენთან და სხვ.

 მე არ გამოვდივარ ფსიქოლოგთან ვიზიტის აკრძალვაზე. მეტიც, თუ საჭიროა, მეც მივალ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დამამცირებელია და სულ მექნება ეჭვი, რომ მხოლოდ ფულის გულისთვის მისმენს. და ვიცი, ისინი რომ არ არსებობდნენ, ბევრს არსებობაც გაუჭირდებოდა. მეორე მხარეც არის, როცა სხვისი აზრი გვკიდია. უბრალოდ იმ უტოპიურ ცხოვრებაზე ვოცნებობ, სადაც საკუთარ თავს ყველანი ვიცნობთ, არ დაგვჭირდეს იმის მიხვედრა, სად ჩავაბაროთ, როგორ დავძლიოთ ფობიები და როგორ გავარკვიოთ, გველანდება თუ ჩვენს ვანაში ადამიანი მართლა ტივტივებს.

ერთ ისტორიას გავიხსენებ, სოლომონ დოდაშვილს თუ.. მოკლედ, რომანტიკოსებს უკავშირდება: როგორ დაძლიეს საქართველოში შავი ჭირი. ეს კაცი შავ ღვინოს სვამდა ავადმყოფებთან. ისე, გასამხნევებლად, მეგობრულად. აღმოჩნდა, რომ ვისთანაც დალია, განიკურნა. თურმე შავი ღვინო კლავს ამ ჭირს. მოკლედ, სანამ გამოვალ დეპრესიიდან, კუჭის წყლული დამემართება. მაგრამ მეთვითონ 🙂 ეს ხუმრობით და სინამდვილეში ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვწერ. მეუხერხულება ყოველ დღე ახალი პოსტი. ჩემი ბრალი არაა, თითები თავისით მირბიან. 🙂

რინგი ერთი პიროვნებისთვის

შინ დაბრუნებულს ჩემს მეზობელს იმ ნაწილისგან, რომელიც არ აღემატება მისი ცნობიერის საზღვარს, წერილი დახვდა:

ბავშვობაში მეგონა, რომ ”მესთან” გამარჯვება პლიუსად მეთვლებოდა და სამყაროს წინაშე გამარჯვებულად აღვიქვებოდი, სამყაროს, რომელიც, ჩემ წინაშე, არც ისეთი პატარა არის. მერე გავიზარდე, ვიბრძოლე და მივხვდი: ”მეს” კი არ უნდა მოერიო, რა სიამოვნებასაც არ უნდა განიჭებდეს პროცესი, უნდა ითანამშრომლო.

ნებისმიერი პირადი ”მეს” საკუთარ მბრძანებლობაში მოქცევა, მისი ტრანსფორმაცია, და არა მასთან ომი, გაცილებით რთული და შრომატევადია. თუ ნებისმიერი არასასურველი თვისების მეორე მხრიდან დანახვას შევძლებთ, მის პირველად მხარეს შევურწყამთ, მივიღებთ მესამე სრულქმნილს. აქ მთავარია უკიდურესი წერტილების გაერთიანების ნიჭი.

მაგალითად, თუ სიზარმაცე ”მეს” უარყოფით თვისებად აღიქმება, სხვა მხრიდან ჭეშმარიტების მაძიებლის მიმთიდებლად გვესახება. მისი მეშვეობით ვხვდებით, პიროვნებას ცხოვრების დანიშნულებას, საით წარიმართოს ძალები, აიძულებს უარი თქვას მისთვის იმ დროს არასაინტერესო საქმიანობაზე: დაანებოს წერას თავი და ხატვა დაიწყოს, დაანებოს ჭამას თავი და ღვინის დეგუსტატორი გახდეს და სხვა..

ნებისმიერი სახის სექსუალური თუ სიკვდილის გამანადგურებელი ენერგია, რომელიც დამღუპველი ხდება სხვისთვის თუ თავისთვის, შეიძლება გამოვიყენოთ მასზე ბრძოლის გარეშე, დადებითად მიმართული ტრანსფორმაციით. აქ თავისთავად გამოირიცხება ცნება: შეუძლებელია. თუ არსებობს იდეა, მისი ხორცშესხმაც საფუძველშივე დაიშვა. თუ რა თქმა უნდა, სუპს ხმამაღლა არ ხვრიპავთ. ამას არაფერი ეშველება.

ვამბობ, თვისება არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, ისევე, როგორც ადამიანი არ არის ორი უკიდურესობა, თითოეულის ბედიც ნეიტრალურია, მთავარია მისი გამოყენების ცოდნა, მიმართულების მიცემა, წარმართვა იქ, სადაც გვიღირს გამოვლენა.

ამ ლოგიკით, ”მესთან” ბრძოლა არა მხოლოდ თავის მოტყუებაა, ტყუილისთვის ფაქტის შექმნაა. წასვლაა საკუთარი არსების წინააღმდეგ. შენ ”მე” მართლა უცხოპლანეტელი ”სხვა” ხომ არ გგონია? ეს შენ ხარ.

კონფლიქტი, თუნდაც სხვადასხვა ადამიანებს შორის, წარმოიქმნება ენის არქონით. ნუ დაკარგავთ ენას საკუთარ ”მეებთან”, სიღრმეებში ჩაეძიეთ, შეიცანით, შეწვდით. მოკლედ, ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ”მეები” ხლიჩო და აბოქსავო, როცა შეგიძლია შეკრა და დააბალანსო. მანამდე აწყობით მიიღო ის სიამოვნება, რასაც შემეცნება გაძლევს.

გაორების გარეშე სამყაროს მარტო ცალმხრივად შევიმეცნებთ. ცხოვრება ხანმოკლეა შესწირო ომს, მითუმეტეს საკუთარ თავთან, როცა წინ ამხელა სამყარო გაქვს. იყავი როგორც დამკვირვებელი, შორიდან მმზერი.

პიროვნების გაორება ნიშნავს არა ომს გაყოფილ მხარეთა შორის, არამედ დაკარგული ნაწილის შინაურულად პოვნას. გახსოვდეს, რომ წყალიც შეიძლება დაინაყოს და არასასურველი ”მეც” დაამარცხო, მაგრამ ეს შენი სუიციდი იქნება, მკვლელო!