პატიების როლი გადაყვარებაში

“მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც ღორს უყვარს ბეკონად არ ყოფნა”, – ხალხური.

ადრე უფროსმა მთხოვა, მეილზე ხალხი მარტოობის გამკლავებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარებას ითხოვს, ბარემ ეგ საქმეც შენ ჩაიბარე, განსაკუთრებით ქალთა ხაზის, უთანაგრძე ან გადაამისამართეო. წერილები პროექტის ფარგლებში იყო გამოგზავნილი და მიღმა დარჩენილი მომხმარებლები უნდა გამეანალიზებინა. რაც უფრო სათხრობად საინტერესოა ჩემი გასაუბრებები სამსახურების საძიებლად, მით უფრო უინტერესოა პაემნები. აი, ცხოვრების მანძილზე ფრიკ პაემნების ორი შემთხვევა მახსენდება ათ წუთზე მეტ ხანს რომ არ გასტანა: როცა კაცმა სეირნობისას მასთან ერთად ცხვრის დაკვლა შემომთავაზა რომანტიკული ტონით; როცა კაცმა ბარში დაიწუწუნა, ლეპტოპის ტარება როგორ უნდა, მაგრამ ჩანთას მხარზე ვერ გადაიკიდებს, გოგო ხომ არაა, – დანარჩენი ადეკვატური პირველი შეხვედრები იყო. აი, ის არ გამომიცდია, რესტორანში რომ დაპატიჟებენ, სახლში მიცილებისას კი ზღურბლთან შემდგარი პირველი ამბორი და “ჩაიზე შემოხვალ?” – აი, სულ მინდა ეს აბსურდული მელოდრამა გავიმეორო. ან სარესტორნო პაემნისას შესვენება ამ ფრაზით ავიღო: “მე გავალ, ცხვირს გავიპუდრი”.

ანუ რადგან შორს ვარ ურთიერთობებში მრჩევლის ტიპაჟისგან, დავალება უსაზღვრო დროით გადავდე და თანდათან მიმავიწყდა. ზოგადად, სიზარმაცე არ მჩვევია, მეგობრებისთვის მუდმივად მაღაზიაში ჩაგზავნილის იმიჯიც მაქვს. აღნიშნული სამსახურიც კი არ გამიცდენია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ სამუშაო დღეს გამაფრთხილეს, შემეძლო ხშირად არ მეარა. ამიტომ წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როცა ხელმძღვანელმა მთხოვა, შენი ოთახი მჭირდება, შეგიძლია ოფისში ორი საათით დაიგვიანოო. მე, რა თქმა უნდა, სახლიდან ჩვეულ საათზე გავედი, კაფეში ჩამოვჯექი და პოტენციური საქმეების სქროლვა დავიწყე. მეთქი მშვენიერი დროა მარტოსული ხალხის მეილების საკითხავად.

და, აი, მაშინ განმიმტკიცდა ჩემი თეორია პოსტურთიერთობის შესახებ: უმეტეს შემთხვევაში აპატიო საკუთარ თავს უკვე არის ნაბიჯი გადაიყვარო ყოფილი პარტნიორი, ვისაც დაშორების მერეც ეჯაჭვები. აპატიო საკუთარ თავს, რომ პირდაპირ თუ ირიბად წაყენებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილე ან სულაც გამოგრჩა საპრეტენზიო სიისთვის მიგექცია ყურადღება. ხშირად შემხვედრია წამოცდენილი თვითგვემა სანაცნობო წრეში, რომ შეცდომა იყო სქესობრივი ურთიერთობა ამა თუ იმ დროს ამა თუ იმ პირთან. სინდისის ქენჯნას კი ავადმყოფური მიჯაჭვა წარმოუშვია სექს ობიექტის მიმართ ანუ ნდომა სიყვარულის საფარველით შეიმოსა, მორალის ფარგლებში სუბიექტი ფიზიკურ ლტოლვას დიად საქმედ წარმოაჩენს, თავს იმართლებს. მათგან ზოგი იმდენად იკავებს სითბოს სიტყვიერ თუ ქმედით გამოვლინებას, თავად სიყვარულზე რომ არიან შეყვარებულნი, არიან “მიყვარხარ”-ის გამფეტიშებლები, ოჯახის წევრებისთვისაც რომ უჭირთ ამის თქმა. იტყვიან და დაშორების მერე თავს ვერ პატიობენ ფრაზა უმიზნოდ რომ გამოიყენეს.

რამდენიმე წლის წინ მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა მეგობრებთან ურთიერთობისას. შენო სტაბილური არ ხარო, მეგობრობა კი არა, კონტაქტები გინდაო, არანაირი ქალური შენ არ გაგაჩნიაო, – დავკომპლექსდი. ჩემზე ცვალებადებსაც კი გაუკრიტიკებიათ ჩემი ცვალებადობა. ქალურობის კომპლექსი ისედაც მქონდა/მაქვს, სულ მგონია, რომ საკუთარ სქესს ვერ აღვიქვამ, ვერ ვიყენებ, სარკე შემზიზღდა. მოკლედ, მაზოლებზე ფეხი მაჭირეს. რა მექნა და მეგობრების გამოგონება დავიწყე, აი, ცოცხალი ადამიანები ავიღე და მეთქი მე შენზე უნდა ვისწავლო მეგობრობა, აბა რა გამომივა. დღესაც ვმეგობრობ ამ ხალხთან. მართლა შევიყვარე. დავფიქრდი და ნებისმიერი საკვების სიყვარულიც კი, მაგალითად, ღვინო რომ მიყვარს, რატომ მიყვარს, გაცნობიერებული სიყვარულია, იმიჯის ნაწილია და სხვა. მერე შეიძლება ისე შთავაგონო თავს, რომ ცრემლები ვაღვარღვარო, წიპა “ჩემი საყვარელი ჭიქა გამიტყდააა”. ანუ ღირებულება ემოციებს მაძლევს და მერე რა, თუ ყოველ საყვარელ ნივთზე თუ ვინმეზე შემიძლია მონოლოგი ვწერო: რატომ, როგორ და რამდენი ხნით. ჰო და, ვაპატიე.

ერთი მეგობარი მყავს, ამჟამად ტიპური მარტოსული ბიჭი, მარტოხელობა რომ სახეზე ატყვია, თითო ღამეების დამსახურებული ოსტატი. სანამ სამსახურში წავიდოდა, ყავისთვის შემომიერთდა, მოვუყევი ჩემი ამბები და ვორკჰოლიკობის სიმპტომები. მერე იმან დაიწყო თავის გასაჭირზე როგორ გამოფიტა ადრე რომანტიკულმა ურთიერთობებმა, როგორ გასცემდა მთელ სითბოს და უკან არაფერი უბრუნდებოდა. მოკლედ, ტიპური “ოღონდ მაწუწუნე” შემთხვევა. ჩემი აზრით, აბსტრაქტული ურთიერთობები ძალიან ჰგავს სქესობრივ ურთიერთობებს. სადაც მამაკაცი გასცემს თავის თავს ქალში, ეს უკანასკნელი კი უერთებს თავს და უბრუნებს გადამუშავებელ პროდუქტად, ბავშვად. გაცემის დაბრუნება შეიძლება არ მოხდეს მამაკაცის იმპოტენციის გამო, თუ მას შემთხვევით თუ განგებ არ მიჰყავს გაცემის აქტი ბოლომდე ან ქალის ფრიგიდულობის გამო, თუ ის შემთხვევით ან განგებ იშორებს მამაკაცის ნაწილს. ნებისმიერ შემთხვევაში ტრაგიკულია უნაყოფო ურთიერთობა, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია ნაყოფიერი ურთიერთობა. ამას მე მედეას სინდრომი დავარქვი: გადაყვარებისთვის ბავშვი უნდა მოკვდეს, ბავშვი, როგორც დამაკავშირებელი ნაყოფის ალეგორია.

მედეა XX და XXI საუკუნეებში

225450_225950160752821_7943937_n“მედეას კომპლექსი” გაქვსო, სიზმრების შესახებ რომ ვუყვებოდი, ერთმა ლექტორმა მითხრა. ამიტომ შარშან ამ დროს ვიჯექი თუ ვიწექი ვუყურებდი ფილმებს და ვკითხულობდი წიგნებს ამაზე. მაინტერესებდა რა იყო. რომ შევაჯამოთ მისი პოსტმოდერნული ინტერპრეტაცია, სურათი ასე გამოიყურება:

ეს მითი თურმე გამოყენებულ იქნა ფემინისტი მწერლის ჩერი მორაგას ”მშიერ ქალში” ნაწარმოებში მედეა ფსიქიურად შეშლილი ქალია. მწერალი ხაზს უსვამს თავის შეხედულებას პატრიოტიზმზე, სექსუალობასა და გენდერულ ბალანსზე. სცენარში მედეა მექსიკელი ქალია.

ბრიტანელი ავტორი სტუარდ ჰილი თავის ნაწარმოებში ”ცეცხლის პირი”,  2007 წელს გამოვიდა. ავტორი ფანტასტიკის ჟარში ხშირად მიმართავს მითოლოგიურ სიუჟეტებს და მათ თანამედროვე სამყაროში აცხოვრებს. ნაწარმოებში დამატებულნი არიან ვამპირები და გამოკლებულნი – მითის არსებული პერსონაჟები.

ქრისტინა ვულფმა გერმანულ ენოვან ნაწარმოებში ”მედეა” 1993 წელს ერთდროულად ძლიერი და თბილი ბუნების ქალის სახე შექმნა. სიუჟეტი ძირითადად კრეონისა და მედეას პერსონაჟებს შორის მიმდინარეობს.

ავტორმა მითი სუფთა პოლიტიკური და სოციალური კუთხით დაინახა. მწერალი თითქოს ცდილობს გააერთიანოს ხელთ არსებული სხვადასხვა მითი და პრობლემა სხვადასხვა კუთხიდან გვაჩვენოს. წიგნი უნდა გავიგოთ ისე, რომ მასში გაცოცხლებულნი არიან მე-20 საუკუნის დიდი პოლიტიკოსები, მაგალითად, სტალინი, ჰიტლერი და მუსოლინი. შემდგომ კრიტიკოსებმა, წიგნი გაიგეს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაპირისპირება. ამის გამო მითის ეს ვარიანტი პოსტმოდერნულ სივრცეში თითქმის ყველაზე განსხვავებულია.

ჰ. მ. ჰუვერის მიხედვით,  მედესა და იასონი ამბავი ცალმხრივი სიყვარულია ქალის მამაკაცის მიმართ, რომელიც მას პირადი მიზნებისთვის იყენებს. იასონი ჯერ ქალს მზრუნველობას ჰპირდება და ბოლოს შორდება. მწერალი აღწერს განათლებულ ქალს სამყაროში, სადაც ქალობა მონობას უტოლდება. ამ სამყაროში მამრობითი სქესი რელიგიაშიც კი დომინანტურია. ავტორი მედეას მითს, მელოდრამული ფონით, განიხილავს რელიგიური და გენდერული კუთხით.

ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ საუბარია აიეტის და მის შთამომავალთა კოლხეთზე, ანუ იმ დროინდელ ამბავზე, როცა ვანი ზღვისპირა ქალაქი იყო, კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებულად ითხოვა თავშესაფარი. მედეა განხილულია, როგორც ბუნების შვილი და მესაიდუმლე, მაგიის ძალა რომ იცის მამიდამისისგან.

მედეას შესახებ ფილმები: მაგალითად, დონ ჩეფის რეჟისორობით ფილმში „იასონი და არგონავტები“ მოცემულია მითის სრული ვერსია. იგი გამოვიდა 1963 წელს და დიდი ხნის მანძილზე საუკეთესო ფანტასტიკურ ფილმთა რიცხვში შედიოდა.

იგივე სახელწოდებისაა 2000 წელს გამოსული სატელევიზიო სურათი „იასონი და არგონავტები“ ნიკ ვილინგის რედაქტორობით. ეს ფილმიც, ისევე როგორც წინა აღწერს ძველ ბერძნულ სამყაროს სათავგადასავლო კუთხით. მაგრამ წინასგან განსხვავებით მინისერიალია.

     პიერ პაულო პაზოლინის ფილმი „მედეა“ გამოვიდა 1969 წელს. პაზოლინის ხელწერაა შეულამაზებელი რეალობის წარმოჩენა თავისი სისასტიკითა/ამაზრზენობით. მედეას ხალხი გამოყვანილია სასტიკ ტომად, რომელთათვის უცხოა შემწყნარებლობა და ასრულებენ სასიკვდილე რიტუალებს.

ფილმის დასაწყისში მედეა ცეცხლში კივილით გადის, რათა სამოსზე ცეცხლი შეინარჩუნოს და შემდგომ სასურველი ადამიანები დაწვას. ამ მაგიური რიტუალის გარდა აღწერილია მედეას ფარისევლური ხასიათიც. ასევე მისი ფემინურობა პატრიარქატულ სამყაროში. პერსონაჟი ხშირად აღნიშნავს, რომ ქალია კაცთა სამყაროში და ესაა მისი უბედურებაც. ფილმის ბოლოს, როცა მედეა დახოცავს შვილებს, იასონს მიმართავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავი გაიუბედურა, კმაყოფილია, რომ ისიც უბედურია. ეს განწყობა მათი ხვედრია.

     ლარს ვონ ტრიერის ფილმში მედეა დაცულია ქალის არსება მისი ტანჯვის ნახვით. იგი ქალია, რომელსაც უღალატეს და დაამცირეს, როცა მან მისთვის ყველაფერი დათმო: ოჯახი, ეროვნება და რელიგია. იგი ცხოვრებაზე გაბოროტებული ქალია და  მის უფროს ვაჟსაც ესმის, რომ მათი სიკვდილი უკეთესი შედეგია.

დანის ტანოვიჩის ფილმში „ჯოჯოხეთი“(2005) მოქმედება თანამედროვე საფრანგეთში მიმდინარეობს. აღწერილია სამი ერთმანეთისგან განსხვავებული დის ცხოვრება, მათი ვნებები კაცთა სქესის მიმართ, ღალატი და ღალატის მსხვერპლები. ფილმში არ არის მოცემული გამწარებული დედის შვილების მკვლელობა, მაგრამ სიუჟეტის განვითარება გვაფიქრებინებს, რომ ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან მშობლებს შორის აღმოჩენილ კონფლიქტში. ფილმი დანარჩენი ნაწარმოებებისგან განსხვავდება იმით, რომ ჩანს „მედეას კომპლექსი“ და არა მედეას და იასონის სასიყვარულო ისტორია. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს არგონავტების მითში გემის და ოქროს საწმისის გარეშეც. ამისთვის მან გამოიყენა, არა მკვლელობა, ცხოვრებისეული წვრილმანების აღწერა ოჯახურ ცხოვრებაში.

04:30

– გიყვარვარ?
ისე ვიკითხე, ყელი ჩამიშრა. ადგა და ჩაშრა, ყველა სისველე დაშრა, ცრემლიც გადმოსვლამდე შემაშრა, ვიფიქრე, ღვინოს დავლევ მეთქი. ხელის უნებური კანკალით ავიღე ბოთლი, მეორე ხელი შევაშველე წონასწორი მოძრაობისთვის. იგი მკაცრი ხმით მაფრთხილებდა, არ დამელია და საკუთარი ყავა დამითმო. სახეზე შევხედე, წუხანდელი ღამე არეკლილი ჰქონდა, წამლის ნდომა, არყის, ღვინის და წყლის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები, ძეხვი პურით, მოფერება ზურგზე და თმაზე ხელის გადასმა, კოცნა, ირონიული საუბრები მის შვილზე, სამყაროს მასთან შედარებით არარაობაზე. მოვსვი ყავა, გაწელილი მოძრაობით პალტოს ვიცვამდი და გაქცევა იმდენად მსურდა, რამდენადაც გონების დაკარგვა, ორი წუთით მისი გათიშვა. ან მისი მოკვლა.. დიახ, მოკვლა. მის სხეულზე წამოწოლა და მის გვერდით ჩემთვის განკუთვნილი ბალიშის სახეზე დაფარება. იცოდა, ძალა არ მეყოფოდა და წინააღმდეგობისგან ვთავისუფლდებოდი. მერსოს მდგომარეობაში იწვა. დუნდებოდა. ისე დუნდებოდა, როგორც გუშინ მოფერებისას, სხეულზე კოცნისას. მე კი უკანასკნელ ღილს ვიკრავდი პალტოზე. ამბობდა: “თუ წახვალ, არ დაბრუნდები.” ჩემთვის კი სულერთი იყო, ისევე სულერთი, როგორც საკუთარი ცხოვრება, მეხუთე სართულიდან გადამხტარი სხეულის ხილვით. გავთავისუფლდი მიჯაჭვულობისგან, რომელსაც ტოვებდა, მას კი თავი სტკიოდა. სასმლისგან, უძილობისგან და ჩემგან. მე კი ისევე ცარიელი ვიყავი, რამდენადაც ახალი ცხოვრება შემეძლო. ის კი ისევე სავსე, რამდენადაც წრეზე განაგრძობდა ტრიალს. იმ მომენტში შემეძლო ფრენა. მეგონა იმ დედას ვგავდი, ცხრა კი არა, წელიწად ნახევრის ნატარები შვილი ამ ღამით რომ იმშობიარა. არა საკეისრო კვეთით, მცირე ხანში რომ ხდება, უმტკივნეულოდ და მარტივად, მაგრამ შემდგომ ტკივილებს რომ ტოვებს. ბუნებრივი ჭინთვები იყო და გაბუჟებულ სხეულზე მეტად მოშორებული მუცელი მახარებდა, სიმსუბუქის შეგრძნება მასში. ჩავირბინე კიბეები, გადავახტი ბოლო სართულებს და ჩაჩუტულ მუცელს, დამძიმებული შვილის ნახვა მომინდა ცალკე. ნამშობიარევი შვილის მოკვლა მომინდა, კომედიის გათამაშება მომინდა, სადაც მედეას როლი მქონდა, შეცდომის ნაყოფი რომ გააქრო, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად, ან ახალი შეცდომების დასაშვებად. ჩვენი შვილის მოკვლა მის სატკენად. ის კი მერსოს ჰგავდა, ცხოვრებას რომ ამინდით ზომავს. სადარბაზოდან შემოსული ქარი სახეზე მილაწუნებდა, თავისუფლებისგან მისუსტებულ სხეულს თავისით დაატარებდა. საათზე 04:30 იყო. ის დრო, როცა იბადებოდა. გამოვლილი მქონდა ხუთი სართული, ის სართულები, ერთი ხელის მოსმით გადახტომა რომ მსურდა. ამოვირბინე უკან, გადავწყვიტე როლი ხელმეორედ მეთამაშა. იმდენად, ნებისმიერი გამეორება რომ ფარსია. დავაკაკუნე კარზე და ვიკითხე:
– გიყვარვარ?
მერე ისევ თავიდან.

ღრუ

მაგიდის კიდესთან იჯდა, მე კი მაინც ვატყობდი, მის თმაში მომრავლებულ ჭაღარას, თავად რომ უკეთებდა აქცენტს. თითებს თმაში ნაოჭიანი შუბლიდან იყოფდა და ქვემოდან მაკვირდებოდა. სულ მეშინოდა, ჩემს პიურეში სადმე ჩადებული ცელოფანი არ შეემჩნია. შევრცხვები მეთქი და გამალებით ვღეჭავდი, თან ყოველი შემთხვევისთვის, პირთან ხელებს ვიფარებდი.
ხალხი მეგობრებთან რატომ დადისო. განტვირთვისთვის მეთქი, ვუპასუხე და აქედან დაიწყო ჩვენი კონტაქტიც. ვისაუბრეთ, თუ შეუძლიათ ადამიანებს ყურადღების გადატანა. აი, რომ დარდობ რამეზე და კომედიას ჩართავ, სასმელში ან სამსახურში ჩაახშობ, მეგობრებს აეკიდები ან მუსიკას მოუსმენ. სულ მიკვირდა, ზოგს ეს როგორ შველიდა. შეიძლება თავის მოტყუებაა, მაგრამ მთლად ამასაც ვერ ვუწოდებ. ალბათ ზედმეტად გახსნილები არიან გარე სამყაროს მიმართ. აბა მე რა მჭირს მეთქი, თუ რამე ამეკვიატა, ნებისმიერ საქმეს უძღვის ფონად.
ისე ჩუმად მისმენდა, ლუკმა ლამის გადამცდა. მიმოვიხედე, მხედავენ მეთქი და ნამცხვარი გვერდზე გადავდე. ველოდებოდი მისგან თემის კრიტიკას.
ისე არ გაიგოთ, დეპრესია მაქვს. ხანდახან ისე მომდომებია მისი აკიდება, – ბოლომდე ჩართვა თუნდაც რამე უარყოფითში, მისივე განტვირთვის მიზნით, – მაგრამ ადამიანს, რომელსაც გაორება აქვს, დეპრესია არ ემართება. სულ არსებობს მოცინარი ”მე”, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს საქმის თუ თავის წინაშე და ზღვარს ვერ გადადის.
აი, ვერასდროს გადავდიოდი ზღვარს. სიტუაციებს იმდენად ვაბალანსებდი, რომ თვით ცნება ”დაბალანსებაშიც” არ ვიყავი რადიკალური.
გაორების გარდა, ამ ბოლო დროს, პარანოია დამჩემდა. აი, ახლაც მგონია მაგიდის კიდესთან პაზოლინი მიზის და ჩვეული ნატურალიზმით ცდილობს გადმომცეს. თავი მის სცენარში მგონია და ვუყურებ საკუთარ კინოს. აი, ახლაც, მედეას კივილით საკუთარ სამარეს ვთხრი, თეორემაში რომ ჩავწვები და მიწას ზემოდან ვიყრი. გვამიც არ ვრჩები, უკეთეს შემთხვევაში სასუქი, კარტოფილს რომ ანოყიერებს. შემდეგ შედის კაფეში და ითხოვს: ”კარტოფილის პიურე, თუ შეიძლება”. მე კი თავს მის ლუკმად ვგრძნობ.

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა

 /წინასაახალწლო ამბავი/

თუ დაუკვირდით, ძველ სარაინდო რომანებში გმირებს მზეთუნახავები არ უყვართ. ისინი მათ ეთაყვანებიან, გაწეული სამუშაოსთვის თამასუქად თვლიან და ზოგჯერ ვალდებულნიც არიან, შეირთონ.
ზღაპარი კი მაშინ წყდება, როცა გველეშაპთან ჭიდილის მერე ყველაზე რთული წინაღობა ჩნდება: პრინცი და პრინცესა უღლდებიან.
ჩნდება კითხვა: არსებობს სიცოცხლე ქორწილის მერე?
რომელზეც პასუხობენ, რომ ბედნიერი დასასრული არ ნიშნავს ბედნიერ დასასრულს.
ის თაობა ვარ, რომელსაც გვასწავლეს, რომ ყველა პერსონაჟის ამოხოცვა საუკეთესო ფინალია. ასე წერტილი მრავალწერტილად აღარ იქცევა.
დაუსრულებელი გმირები სარკეში ჩამწყვდეულ მოჩვენებებად აღარ დაგდევენ, – მერე რა მელისო.
ჩვენც ვხოცავთ, მაგრამ რაღაც არ გვასვენებს. ანგელოზებისგან ადამიანები ხომ იმით განვსხვავდებით, რომ სინდისი გვაქვს.
სასოწარკვეთილ მწერლებად ვიქცევით და ვამბობთ, პერსონაჟები შვილებივით გვიყვარდა.
მედეას კომპლექსი.
აი, იმის, ცოდვის ნაყოფი რომ ამოძირკვა და თავს ახალი შანსი მისცა მრავალწერტილისთვის.
დედაჩემიც სასოწარკვეთილი დიასახლია.
ჯერ არ იცის რომ მამა ღალატობს.
ცოტა ხანიც და ვეტყვი.
თუმცა მაინც მეფიქრება, უთქმელობისგან დაგროვილი სათქმელი სჯობს თუ ნათქვამისგან დატოვებული სიცარიელე.
მეც დიასახლისი ვარ.
წვრილშვილებთან ერთად წვიმისას გახვრეტილ სახურავს ვუშვერ ხელებს, ხელის გულებში ვაგროვებთ წვიმას და ვღვრით.
თუ არ წვიმს, საბანში მივუწვები მეუღლეს და რეზინის ხელთათმანებით მოვეფერებით ერთმანეთს, კიდევ ერთი შვილი რომ არ გაჩნდეს.
ძირითად დროს დავუთმობთ პრობლემების დაგროვებას და დაკიდებას.
ბოლოს იმდენს დაიკიდებს, ნაძვის ხისა და ჩიჩილაკის შუაში ჩავდგამთ და გარშემო ვურბენთ აპლოდისმენტებით:
“გილოცავთ დამდეგ შობა–დაკიდებას!”
ამ დღეს ყველა იკიდებს თავის პრობლემას, ძველ ცოდვებს, რათა მორიგ საერთაშორისო დაკიდებამდე ახლები აგროვონ.
ვიღებ გოზინაყს და შვილების ტკბილად დაბერება მინდება.
წარმოვიდგენ, ღრძილებში როგორ ეჭედებათ ნიგოზი, კბილები სცვივათ, სახე ეკუჭებათ და მაინც ტკბილად იღიმებიან:
ტიტრები არ იქნება.


ოქროს საწმისი და ცნობიერების ხე

 

გიფიქრიათ ლილიტისა და ადამის მედეასა და იასონთან დაკავშირება?
რაც უფრო ხშირად ვეცნობი ნაწერებს მითების ერთმანეთისგან წარმომავლობაზე , – მით უფრო ხშირად.
წარმოიდგინე, ბაღი უამრავი ხილით, მოჩხრიალე ნაკადულით. ცენტრში აღმართული ხით, მასზე შემოხვეული გველით. ხემ ვაშლი გამოიღო ან ტოტზე კიდია ცხვრის ტყავი. ეს სამოთხეა ან კოლხეთი. რაღას არ ფიქრობენ, რა იყო აკრძალული ხილი.
თვლიან, რომ ბაღში არა ოქროს ვაშლები, არამედ ოქროს ცხვრები იმყოფებოდნენ. მეტიც, ეს ორი სიტყვა ერთნაირად იწერება. ეს ვარიანტი სამოთხის მითს უახლოვებს კოლხეთის ბაღს, სადაც გველი იცავს ხეს. ხეზე ცხვარი კიდია.
ცხვარი პირველი ცხოველია, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა. მის საწმისს ინახავდნენ იმიტომ, რომ ჰქონოდათ წმინდა რელიქვია, რომელიც თავისთავში შეიცავდა ღვთაებრივი არსების ნაწილს.
ბერძენ და რომაელ ავტორებს კოლხეთი და იბერია მიაჩნდათ ქვეყანად, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია სწავლება შხამებზე, საწამლავებზე, რამაც შემდგომი განვითარება ჰპოვა. კოლხური მედიცინა კი მსოფლიო მედიცინის დასაბამი იყო.
შტაინერმა რომ დაწერა კაცობრიობის განვითარების გზაზე, მის მიხედვით, მითი არგონავტებზე აგვიღწერს მესამე რასიდან მეოთხე კულტურულ პერიოდზე გადასვლას. გადასვლა იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო კულტურის მანამდე ერთიანი ნაკადი ორად გაიყო: მისტერიათა სიბრძნედ და გარეგნულ განსჯით მეცნიერებად. ანუ ჯერ ადამიანი იყო მხოლოდ ინსტინქტებით, მერე მახსოვრება გაუჩნდა და ბოლოს განსჯის უნარი (ცუდისა და კარგის გარჩევის, საამაყოსა და სასირცხვილოს და სხვ.). სწორედ ეს მოხდა სამოთხეში ვაშლის მიღებისას.
ამბობენ, რომ სიყვარულსა და შემეცნებას ადრე ადამიანი ერთიანად აღიქვამდა ანუ პირველად სიბრძნეს ფლობდა. ვერძი სიყვარულისაა და შემეცნების სიმბოლო იყო. მისტერიათა სიბრძნე კი სიყვარულს უკავშირდება. ეს იმგვარი სიბრძნეა, რომელიც ნებათაგან ვერ მიიღწევა. კამასეულ ძალთაგან განწმენდის გარეშე. განსჯითი მეცნიერება კი მისგან განწმენდის გარეშეც მიიღწევაო.
იმასაც ამბობენ, პირველად იყო მითი და როცა აღარაფერი იქნება, მითი დარჩებაო. ვიმკითხავებთ: არსებობს? – არ არსებობს? არსებობს? – არ არსებობს? მე ბლოგი მაქვს, სოციალური ქსელები და სხვა. რამე დარჩება ჩემი არსებობის დამამტკიცებლად. მითად დარჩენა გამიჭირდება. მოსაწყენია. სიკვდილამდე მოვიფიქრებ რამეს.

გვირილა

ქალები შეგროვილიყვნენ, ჩემთვის თმა რომ დაევარცხნათ. რიტუალად აქცევდნენ და მუდამ ხელში ეჭირათ. გრძელი თმა მქონდა, ხვეული და ქერა. ის დრო იყო, ჯერ სკოლაში რომ არ დავდიოდი და მათამამებდნენ: სულ წითლები მეცვა თავიდან ბოლომდე, ასე მაცმევდნენ.

”ქრისტინა” – წიგნს ერქვა, წაგიკითხავთ? მუხლებში ჩამიდებდა დედა და მიყვებოდა. პერსონაჟის თმას მამსგავსებდნენ, მაინტერესებდა და ვკითხულობდი. მერე სიბოროტე გავაკეთე, ყველაზე ცუდი მხრიდან ვუყვებოდი ხალხს მის შინაარს. მინდოდა არავის მოსწონებოდა.

მალე დადგა ჟამი თმის გადაპარსვისა. ჩემს უბანში ბავშვებს ასე ექცეოდნენ. შეიძლება სხვასაც. დედას შევეხვეწე, არ გინდა მეთქი. დამიჯერა. მხოლოდ შემჭრა. წამიყვანა და შემჭრა. ფეხებამდე ხუჭუჭა თმა აიღო ვიღაც ქალმა და მოჭრა.

მოკლე თმა სწორი გახდა, გამუქდა. გვირილა აღიავებსო, დედამ. ჩვენს სახლში ხშირად მზადდებოდა მისი ნახარში. ახლა თავად ვიღებავ შავად.

ოპტიმისტური მცენარეა. მისი ფურცლები ისეა მოწყობილი, რომ მუდამ უყვარხართ. მერე გავიგე, რომ სამკურნალოცაა. ხალხი სისხლდენის შესაჩერებლადაც იყენებს და ჭრილობათა მოსაშუშებლად. ჩემი პირველი დაინტერესება სახალხო მედიცინით მას და მელაკუდას უკავშირდება. მედეა მომწონდა არგონავტებიდან და ვბაძავდი: ჯადოქარი გამოვალ მეთქი, ვამბობდი.

გვირილა ორსქესიანია, იშვიათად ცოლსქესიანი. ჯამი არა აქვთ. მენსტრუაციის დროს ძველად საფენებთან ერთად იდებდნენ, ტკივილები რომ დაამებოდათ, ორგანიზმი გაესუფთავათ. ვკითხულობდი, რომ ხმარობდნენ ვაგინალური ინფექციისას და ძუძუსთავების ჭრილობებზე მისადებლად. თურმე ინდიელები აბორტის წამლებს რომ ამზადებდნენ, აბებში მათ ურევდნენ, ინფექცია რომ არ შეჭრილიყო. ყველა გვირილას არა, მედიცინაში იყენებენ მათ კარგად განვიტარებულ ვარიანტს ანუ როცა მათი ღერო 30-50 სმ-ია.

გვირილას ნაყენს დამამშვიდებელი ფუნქცია აქვს. როცა აფთიაქში ვყიდულობ, არ მშველის, მაგრამ როცა თავად ვამზადებ, მთენთავს. რიტუალი უწყობს ხელს რომ დამშვიდებისთვის მოვემზადო. ეტყობა. ალბათ ერთხელაც რამეს ავიკიდებ ან ალქიმიკოსი გამოვალ. გიფიქრიათ, როგორი სიკვდილი გაქვთ სანატრელი? ჰო, სიკვდილიც შეიძლება სანატრელი  იყოს. ყოველთვის მინდოდა ექსპერიმენტს მოვეკალი. დამეწვიეთ:

მედეა(ს იავნანა)

საღამოა სიზმრების თანა!
რენაინა ნანა.
მჩხაპნის საკუთარი ცრემლები განა!
რენაინა ნანა. ნანა.

დამდგარია, პატარებო, სამუდამო ძილის ხანა!
რენაინა ნანა.
დაიძინეთ სამუდამოდ!
ნანა. ნანა.