ნიფილიმები, გოლიათები, დევები და ათასი უბედურება, ჯანდაბა!

exlibrisclip

“ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”
მე, 2010

ვინაიდან დედაჩემი, თუ ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, სპეტაკი თბილისელი ექიმების შთამომავალია, ბოლშევიზმის პერიოდში უპირატესობა რომ დაკარგა, მაგრამ ლამის დაჩისთან ერთად დააარსა ქალაქი; ხოლო მამაჩემი, თუ ასევე ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, გნომისა და დევის ჰიბრიდი გახლავთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ჩახლართული გენი მაქვს. თუ ამავე წყაროებს დავუჯერებთ, მდინარეს სათავისკენ ავყვებით, დედაჩემის ხეები მარცხნივ რომ გადავდოთ, გიამბობთ, რომ ჩემი პირველი მამობრივი წინაპარი ჭინკაა, სახელად შაშა, ნაწარმოებია შაშვიდან, პატარა ჯუჯა კაცუნა, რომელმაც დევებისგან რკინის გამოჭედვა ისწავლა და ხანდახან იმით ცუღლუტობდა, რომ შვიდწვერა მთიდან სოფლებს რკინის სეტყვებს უშენდა. მიზეზი დევთა გაცამტვერება გახლდათ და მე დღემდე მჯერა, მამა-პაპური დევების პარალელი გადის ებრაული ზღაპრების ნიფილიმებთან, სადაც ბაბუაჩემი შაშა ბიბლიური დავითის ალეგორიაა, დევი – გოლიათის, გოლიათი – ნიფილიმის, ხოლო მთელი ეს რკინის სეტყვები სოდომი და გომორის ინტერპრეტაციაა დაცემულ ანგელოზთა გასანადგურებლად. ამიტომ გამიტაცა შუმერულმა და ებრაულმა ზღაპრებმა.

არის ერთი გრაფიკული მოთხრობა “გოლიათი”, სადაც დიდი კაცი რაღაც ჰოდორის მსგავსი წარმონაქმნია, ძლიერი, მაგრამ ალალი, რაც, თავისთავად, წინააღმდეგობას ქმნის, იმდენად, რომ შურდულიც კი ამარცხებს. მახსოვს, რომ ჩასჩიჩინებენ, ამხელა ჯარისკაცი ხარო, ვინმე უნდა მოკლაო, კარგიო. მართლაო? არაო. ისეთი ჰუმანური წიგნია, როგორც ერთი თანამედროვე ქართველის ზღაპარი, დევი რომ ადამიანებთან მიდის და ემუდარება, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო. ანცი ბიჭუნაა ეს გოლიათის თვალით დანახული დავითი, თავის გამოჩენას მოწადინებული. თვალებით ელვას უშვებსო, შიშველი ხელებით აქლემი მოკლაო, ლოდებს მიირთმევსო, დიდი აქვსო გოლიათს. სინამდვილეში წიგნების კითხვა ჰყვარებია და ღამის მდინარეზე კენჭების შეგროვება. რამდენადაც გოლიათის მესმის, იმდენად არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ნიჭი ეს ხომ საჩუქარია, მიღებული უშრომველად, ეს ხომ ნიშნავს იცხოვრო მშობლების ხარჯზე, რადგან ოდესღაც რაღაცა იშრომეს, იწვალეს, შეიძლება წვალებისგან შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ შვილებს გადასცეს, რითიც დამოუკიდებელი არჩევანის უფლება შეუზღუდეს. ეს ნიჭი იმ ლამაზფეხება ქალს ჰგავს, რომელიც თეძოებს ნარნარით ამოძრავებს, მაგრამ ქალიშვილი კვდება. ეს ნიჭი დაბადების დღეზე მიღებულ ტიგროვი შარფს ჰგავს, რომლის გამოც მეგობარს დავშორდი და როცა კონტაქტს ცდილობს, ვუყვირი, რატომ მაჩუქე მეთქი. შეიძლება ჩემი გოლიათი ვენერული კუროა, უკან დატრიალებული მარსით. სისხლში მაქვს გამჯდარი, რომ დევები უნდა მიყვარდნენ, დევებიც და გნომებიც, მაგრამ ხანდახან, როდესაც მზის სხივებს მთვარისა სჭარბობს, ოქროს ნაცვლად ვერცხლის საყურეები მიკიდია, დედის მხრიდან ადამიანებიც მიყვარდებიან.

შეჯამებისთვის, მაშინ როცა ნიფილიმები ადამიანებთან დაეცნენ, აქტი არათუ მამისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გაყრილი ძმების მიქაელისა და სამაელისგან განდგომასაც წარმოადგენდა. მოიყვანეს ანგელოზებმა ადამიანთა ასულები და მათ სხვადასხვა ხელობა ასწავლეს. მაგალითად, ქარგვა, მჭედლობა, ცეკვა თუ სიმღერა, რომელსაც დღეს ეკლესიაც იყენებს. ამ ზღაპრების თანახმად, სოდომისა და გომორის აღსასრული გოლიათების გამო მომხდარა (ცეცხლის ჩამომტანი ამირანი და ცეცხლის წვიმა). ამ ზღაპრების თანახმად, გოლიათი უნდა მომკვდარიყო, რათა დავითის შთამომავლობას ქრისტე დაებადა. ჩემმა საყვარელმა გრაფიკოსმაც, რომელმაც “მოკლე ამბები” დაწერა (სიტუაცია გამომცემლობაში: “გამოაქვეყნებთ ჩემს “მოკლე ამბებს”? “არა”. მოკლე ამბის დასასრული), მიუხედავად იმისა, რომ გოლიათის ბოლო ვიცოდი, რამდენი დღე გადაბმით მატირა თავისი მინიმალისტური გრაფიკით, ბავშვური მინაჯღაპნებითა და იუმორით. წიგნი გამოვწერე ამერიკის ბიბლიოთეკიდან, უფრო იაფი დამიჯდა და ვისაც გინდათ, გათხოვებთ. თორემ ამ პატარა კომიქსში იმხელა აზრი ჩავდე, ავტორს უნდა დავუკავშირდე და გავაგებინო, რა იცის რაში გამოადგება.
ისე დიდი მართლა ჰქონდა?

ცალმხრივი ბილეთის ამბავი

Untitled

როგორ ვატარებ შვებულებას?
ერთი ხუმრობაა: ახლა მივხვდი უფროს კლასელებს რატომ აღარ აწერინებენ თავისუფალ თემას “როგორ გაატარეთ საზაფხულო არდადეგები?” – თქვენი არ ვიცი და ეშმაკურად მეღიმება ხოლმე.
მაინც 9 საათზე ვიღვიძებ, გამოგაზაფხულდა და საწოლში ვეღარ ვჩერდები. დილა მეილების შემოწმებით იწყება. მერე თავს ვიწესრიგებ და ზურგ ჩანთას ვალაგებ. საუზმე ვიცი ორჯერ, თუმცა მეორე საუზმეს მგონი სამხარს ეძახიან. ამავე დროს ვთამაშობ სიმსს და რამე ფილმს ან სერიალს ვუყურებ. ამასობაში ხდება 12 საათი და “სისაიდში” მივდივარ. ვვარჯიშობ, ვცურავ, ოღონდ ცურვა არ ვიცი. იქვე შევდივარ სილამაზის სალონში და თავს ვიბან. 3-4 საათისთვის ქალაქ გარეთ გავდივარ. მაგალითად, ლამის ფეხით ვიყავი წყნეთში და ტრანსპორტით კახეთის რამდენიმე სოფელი ვნახე. შემდეგი მარშუტი ქვემო ქართლის სოფლებია. 7 საათისთვის მოვდივარ სრულიად ქანცგაცლილი და “კანუდოსში” ან სხვა ადგილას ღვინოს ვსვამ. იქ ისეთი ტკბილი ღვინო აქვთ, როგორც იქაური ბარმენი იტყოდა, ზიარებაზე მგონია თავიო და კოვზით ვსვამ. დღეს ჰარი პოტერის საღამოზე წავალ “ბუქ სითიში” და მერე “არსადში” გოგონა წითელი პომადით-სთან ერთად. ძირითადად, ფეხით მივდივარ სახლამდეც.
ისევ ვესაუბრები უცნობებს და მოყოლილ ამბებს ვიმახსოვრებ. ამ ერთი კვირის განმავლობაში წავიკითხე წიგნის დღეზე ნაყიდი პავიჩი ქართულად. მაგრამ “გუდრიდსში” აღსანიშნად ვერ მოვძებნე. რობაქიძის სამი მოთხრობა დავიწყე ერთდროულად. საკმაოდ დადაისტური მკითხველი ვარ. დავიწყე ემბიენტის რადიოს მოსმენა და თავადაც ვცადე მუსიკის კეთება. მადლობა ჯასთბეიკას. სადღაც ემბიენტის, ფსაის, ჩილაუთის, ნოისის შორის გამომივიდა. პროცესში წარმოვიდგენდი კოსმონავტი ღია სივრციდან ჩვენთან ფეხაკრეფით რომ მოდის, ჯერ კოსმიური ხმები გამოიარა, ბოლოს ჰაერის, მიწის და წყლის ხმით უნდა დამთავრდეს. პირველი ტრეკის პირველ შავ ვარიანტს განახებთ: https://soundcloud.com/merzannablume/to-indoor
ჰო მართლა, რომ გითხრან, რომ ათიოდე წელში სულ რაღაც 49,99 ლარად გაფრინდები მარსზე უცნობებთან ერთად, რეალითი შოუში მონაწილეობის მისაღებად(http://www.mars-one.com/), დათანხმდებოდი? მოსალოდნელ ვოიაჟზე ჯერ ფილმს იღებენ, მისი ტრეილერიც გამოვიდა და ფოტო აქედანაა (http://marsonemovie.com/): კოსმონავტი ჩემოდნებით უცხო მიწაზე დგას. ფოტო იმათთვის, ვისაც გონია, რომ ოჯახი, სამსახური და ყოფითი დედამიწური პრობლემები მისთვის არაა. იმათთვის, ვინც ჯანმრთელია. თანამშრომელი კი მეუბნება, მერე რა, რომ უღონო ხარ, “სივი” მიანც გააგზავნეო, მაგრამ..
კიდევ მნიშვნელოვანი რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ვისწავლე არის, რომ თავისუფლების ფასი არაფერია, როცა აკეთებ იმას, რაც გინდა, ახალს სწავლობ, შეიძლება ცუდად, ნელა, მაგრამ მაინც ცდილობ, ენერგიის დახარჯვაზე სასიამოვნო რა უნდა მქონდეს. ფულის კეთების პროცესი მის დახარჯვაში როგორ მზღუდავდა თურმე.

ვერ ვხედავ მზეს

feature_lifeOnMars
წუთისოფელს მობეზრებული ღია კოსმოსში რომ გახვალ, მთვარესავით ციცქნა დედამიწას დახედავ და ჟანგბადს შეიხსნი, – თვითმკვლელობის ახალი სახეობა ვნახე. ერთი როკ ბენდის ვიდეო იყო და დამამახსოვრდა.
“ანდაზა გვეუბნება, ვინც ფუძიამაზე ავა, ბრძენია, ხოლო ვინც იქ მეორედაც დაბრუნდება – სულელი. ის კი ამბობდა, რომ მეორედაც ავიდოდა და ამით ორმაგად დაბრძენდებოდა,” – “Discover science”-მა კანადური სერიალი დაასრულა “Race to Mars“, ერთ უქმე დღეს ყველა სერიას ერთად რომ ვუყურეთ. სოფელში ჩემი მეზობელი გამახსენდა, წყლიან კოკას თავდაყირა ატრიალებდა და სწრაფი ბრუნვის გამო წყალი მიწაზე არ იღვრებოდა. ამ შედარებით ახსნეს ფილმშიც მარსზე წასული მფრინავი ხომალდის გრავიტაცია, რაკეტის სწრაფი ბრუნვის გამო ეკიპაჟის წევრებს არ უჯანჯღარიათ. მარსზე წყალი აღმოაჩინეს და ვირუსი შეიყარეს.
ჩემი პლანეტის ისტორია ასეთია: გალებს ერთი ტრადიცია ჰქონდათ, დედამიწის დღეს ეძახდნენ და ზაფხულს ესალმებოდნენ, რომ დემეტრამ შვილი დაიბრუნა სიძისგან. სიძე კი არც მეტი, არც ნაკლები, ჰადესი იყო. გალები დაანთებდნენ კოცონს, წრეზე შემოსხდებოდნენ და პლუტონის დაძლევას ზეიმობდნენ, – თბილ ტანსაცმელებს წვავდნენ. upside_down_clipრიტუალურად ცეცხლის წინ შიშვლდებოდნენ და წვავდნენ.
ფანტაზიის ყურება მიყვარს: უჰაერო სივრცის ფეტიშიდან გამომდინარე მაღლა რომ აიხედავ და ცის ნაცვლად პარალელური პლანეტის მცენარეები ჩანს, ხის კენწეროდან მის მდელოს მიწვდები, მათი ბოსტანიდან სტაფილოს მოიპარავ და დიდედის მოზელილ ნამცხვარს შეურევ, სხვა გრავიტაციით დატვირთული ნამცხვარი კი ფრენას დაიწყებს. მაგალითისთვის, უბრალოდ, მიყვარს სტაფილოს ნამცხვარი. ალბათ იქ რომ მეცხოვრა, ცა მენდომებოდა.UD3
ლევანი მეექვსე კლასელ ბიჭუნას ჰქვია, უცნაურ ვითარებაში რომ გავიცანი და უცხოპლანეტელების სჯერა. მშობლების გარეშე პატარა ქოხში იზრდება და ერთჯერად სუპებს წყლის გარეშე, მზესუმზირასავით აკნატუნებს, უქმეებზე პროდუქტებს მივუტან ხოლმე და ფილმებს ვუყურებთ. “გრავიტაციული კვირეული გვაქვს”, – ასე თქვა. ერთმანეთის ოჯახად ვიქეცით და იმდენად მივეჯაჭვეთ, გრავიტაციულ ფილმებს ვუყურებთ. ბევრ საგანს ვეჯაჭვები, სიგარეტის არ მოწევასაც იმდენად მივეჯაჭვე, არ ვეწევი. თავისუფლების სადღეგრძელოსაც არ ვსვამ, ვერ ვიტან. “ცუდად რომ არ ვიყოთ, ნეტა, რამე გვექნებოდა საერთო?” – ვეკითხები. “ჰო, კარგად ყოფნა”, – მპასუხობს. ჭკვიანი ბიჭი გაიზრდება.
ოქტომბრისთვის “გრავიტაციას” ველოდებით. ახალი ფილმია და ანონსი მოგვწონს. “არის აქ ვინმე?” – ხმა უხომალდოდ დარჩენილის ღია კოსმოსში. “მშვენიერია, არა?” “რა” “მზის ამოსვლა”.
ერთი კაცი იყო, კბილების მიხედვით ჩემი მერკურის ასპექტს რომ მიხვდა, სიარულის მიხედვით – სატურნის. ივნისია, წესით ძალიან ცხელა, მაგრამ კიდურებზე მაინც ვერ ვთბები. იოლი იქნება ბაბუაჩემ პლუტონს დავაბრალო, მინდვრად გავიჭრა, ზღვაზე, კოცონი დავანთო, თბილი ტანსაცმელი ჰადესს ჩავაბარო, გავშიშვლდე.