მანდარინები

ჯიბეში მანდარინის ნაფრცქვენები და ბარაქისათვის რამდენიმე თეთრი.
ცივი ქსოვილისგან სლიპინა სარჩული და მრგვალი სივრცე მუჭისოდენა.
ხანდახან იყოფა სხვისი ხელები და ჩემსას,
მანდარინისგან გაყვითლებულ თითებს ეხება.
არ მაწყენინო, თორემ მე მოგკლავ.

ხანდახან გვამიდან დედის მოჩვენება ჩემში შემოდის და
ჩემ სხეულს ორი სულის სიმძიმე სტკივა
მახსოვს, მოაჯირზე დამდგარი დედაჩემის ფეხები და
მათ გადასარჩენად გაწვდენილი
ჩემი წვრილი ხელის წვივები.

მერე არ მახსოვს სავარაუდო პროცესიები,
შესუნთქებული შავ კაბიანთა ნახშიროჟანგი,
მე კი მას მერე ჯიბით დამაქვს მანდარინები,
ის არ უყვარდა დედას და მგონია ნაკლებად მოდის ჩემში
მანდარინის სუნიან კანში.