“დიდებულო, წმინდა გიორგი, შენ შეეწიე შენს მრევლს, შენ მიეცი ძალა და ღონე და შეძლება, შენ გაამარჯვებინე აწინდელს ბურთის თამაშში”, – დროებაში ქექვისას საინტერესო ლოცვა ვიპოვნე, სადაც ფეხბურთის მფარველად კაპადოკიელი წმინდა გიორგი ითვლება. მეტიც, წირვის შემდეგ მთავარი მღვდელი ეკლესიაში ბურთს აკურთხებდა და მოედანზე ამ შელოცვით ააგდებდა. ლელოსთვის იკერებოდა ბურთი ტყავისგან, რაშიც ჩატენილი იყო თმა, საქონლის ბალანი, მატყლით ხავსი ან ბზა.
Tag Archives: ლოცვა
სინტოისტური საკურთხეველი ანიმეების მიხედვით
იქნება ეს მიაძაკის თუ სხვა სინტოელთა ანიმეები, შეიძლება თვალი მოვკრათ პატარა ხის სახლს, რომელზეც არის გამოსახული დრაკონები, ჩინური ფენიქსები, კიდია სარკე და სხვა მისტიური ნივთებია განლაგებული. მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს არის კლასიკური იაპონელის სალოცავი ადგილი და, ძირითადად, ჭურჭელთან ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობებზე იყიდება.
1. 標縄・注連縄・七五三縄 სიმენავა ანუ ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი, რომელსაც ზიგზაგისებურად აკრავს თეთრი ქაღალდი – სიდე 紙垂, 四手. რაც სიმბოლურად სუფთა სივრცეს განასახიერებს, კამის მყოფადობას ადგილზე.
2. იაპონური მარადმწვანე საკაკი 榊 თავის ჭურჭელთან ერთად. ითვლება, რომ ეს მცენარე ღმერთებს იზიდავს.
3. კაგამი 八咫鏡 ანუ წმინდა სარკე, რომელიც გვახსენებს გულისა და ფიქრების სიწმინდეს. მოკლედ, ამატერასუს 天照大神 , მზის ქალღმერთს განასახიერებს.
4. მიძუტამა 水玉「みずたま」 არის სავსე წყლით.
5. 皿「さら」სარა – ლამბაქი ბრინჯისთვის.
6. სარა – ლამბაქი მარილისთვის.
– ეს ორი ფიზიკური და მორალური ზრდისთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებს.
7. 瓶子「へいじ」ჰეიძი – ბოთლი საკეთი お神酒.
8. 灯籠、灯篭、燈籠、燈篭「とうろう」ტომიო, ტორო ანუ წმინდა გამწმენდი ცეცხლი.
9. 神殿「しんでん」სინდენი ანუ ღვთის სახლი.
ამის გარდა გვხვდება ო-ფუდა お札「おふだ」მფარველი ანგელოზების სიმბოლოები, სადაც ალაგებენ იარაღს, გარდაცვლილთა პორტრეტებს და მსგავს გადაუყრელ ნივთებს.
როგორც წესი, ეს სახლის მაკეტისმაგვარი საკურთხეველი სასტუმრო ოთახის კარების თავზე იკიდება და სინტოელს ტაძარში წასვლა აღარ ევალდებულება. ლოცვის წინ ჯერ ტაშს შემოკრავენ, რომ მიიზიდონ სულები, შემდეგ ჩუმად ლოცულობენ. ხმამაღლა ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია. სხვა მსხვერპლშეწირული საკვები, ძირითადად, ქვირითი ან კვერცხია. ყოველ ტაძარს საკვების მომზადების და მირთმევის თავისებური გზა აქვს. ზოგადად, სინტო რიტუალებითაა აწყობილი.
მიმაჩნია, რომ სახლუკა კამიდანა ყველა იაპონიის მოყვარულმა უნდა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ სინტოს ეგოისტურად მხოლოდ იაპონელი ღმერთები ჰყავს.
სანთლის როლი რიტუალებში
სანთლის ჩამოსხმა ბავშვობაში ვისწავლე, თაფლს ძაფზე წამოვაცვამდით და ნაზუქებს ვაკრავდით. ცხელსა და მოტკბო ვაშლის წვენში ფერად ფანქრებს ვთლიდით, ფორმის მისაცემად ღვინის თასებში ვაშრობდით, კვერცხის ნაჭუჭებში არ მიჩერდებოდა და მიანიან ქილებში კომპოტივით ვტენიდი.
ახლა მოგიყვებით როგორც ვიცი თუ რა მნიშვნელობა აქვს სურვილის რიტუალიზაციაში სანთელს. მაგალითად, ცხოველის ცხიმისგან დამზადებული სანთლები რომ მსხვერპლშეწირვას წარმოადგენს, რომ ის მხოლოდ მოქმედების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გასაღები.
ზოგადად, ის იმ ნივთიერებებს შეიცავს რისი გამოყენებაც რიტუალებში ხდება. თხოვნის გაგზავნა ცეცხლისთვის ქაღალდზე დაწერილი სურვილის დაწვით ხერხდება. თუ მიწის სტიქიაში სურვილის ჩადება ასრულების ხანგრძლივი პროცესია, ცეცხლის სტიქიას იმ სურვილებს აძლვენ, რისი ასრულებაც მომენტალურად და დროებით სჭირდებათ.
სხვადასხვაა რელიგიებში სანთლის როლი. ბუდიზმში მისი დანთება მზის კულტისთაყვანისცემაა, გამწმენდი ძალის მატარებელს ბუდას ქანდაკებასთან სასმელსა ყვავილებს უძღვნიდნენ. კაბალაში სამი სანთელი სილამაზეს, ძალასა და სიმამაცეს აღნიშნავს.
სანთლის ფორმაზე
კლასიკური გრძელი სანთელი გამოიყენება უნივერსალურად, თუ მრგვალი ფორმის სანთლებს აქვთ მთლიანობად აღქმის დანიშნულება, მას ხშირად სასიყვარულო შელოცვების დროს იყენებენ. სამკუთხედი ფორმის სანთელი ჩამოიქნება კარმული ვალების დროს და მფარველი ენერგიის გამყოლის მისაზიდად. როცა კვადრატული ფორმის სანთლები გამოიყენება სამსახურისა და შემოსავლის გამო.
ხუთკუთხოვანი სანთელის გამოყენება იკრძალება სასიყვარულო თხოვნებისას და ძირითადად, მეგობრული ურთიერთობისას ანთებენ.
მაღალი ცილინდრის ფორმის სანთელი ახლოს დგას კლასიკურ გრძელ სანთელთან ალის სიმაღლის გამო და გამოყოფს დიდ ენერგიას. ძირითადად, სწორედ მასში ამატებენ ცხიმსა თუ მცენარეებს.
მაგრამ არსებობს შერეული ფორმის ტიპის სანთლებიც, სადაც მნიშვნელოვანია ერთი ფორმიდან მეორეში გარდასვლა და მრავალპლანიანი რიტუალებისას იხმარება. ასეთი სანთელი თავისი შინაარსით უნიკალურია, თუმცა იშვიათი და საშიში.
იმ სანთლების ტიპს, რომელთა ფორმის აღწერა სირთულეს წარმოადგენს, აბსტრაქტული ფორმის სანთლები ეწოდება. იგი ინდივიდუალურ ასოციაციების ეყრდნობა და მეტწილად მედიტაციებისას გამოიყენება.
არსებობს მოცურავე სანთლები წყალში, ისინი წყლის სტიქიასთან შეერთებით და, ძირითადად, დიზაინერული გათვლებისთვის გამოიყენება.
კიდევ კრისტალური ფორმის სანთელი ჩამოიქნება მედიტაციებისთვის, ყვითელი ან მწვანე თუა შეილება ფულთან ურთიერთობისას გამოვიყენოთ.
მიხვდებით და, გულის ფორმის სანთლები სასიყვარულო შელოცვებისთვის ინთება.
სანთლის ტიპებზე:
ტიპის მიხედვით სანთლები შეიძლება რამდენიმე ნაწილად დაიყოს:
არსებობს მოჯადოებული სანთლები, როცა სანთელი თავისთავად არის რიტუალის ნაწილი ჩამოქნის დღიდან და მხოლოდ მისი დანთებაა საჭირო.
პროგრამული სანთლები – როცა სანთლის ტექნიკურ მხარეს და მისი ანთების წესს ენიჭება მნიშვნელობა, რაც მოჯადოებული სანთლების დროს უმნიშვნელოა.
სანთელი-თილისმანები – როცა მისი დაწვა საჭირო არ არის, მისი ფლობაც საკმარისია. მათ რიცხვს, მაგალითად, ჩვენთან ნათლობის ან ქორწინების სანთლები მიეკუთვნება, რომელსაც არ წვავენ, მხოლოდ ინახავენ საბუთად. ასეთი ტიპის სანთლებს მაშინ ანთებენ, როცა მოვლენების აქტივაცია სურთ, შემდეგ კი ცხოვრება თავისით მიდის.
თალისმანთა რიცხვში რუნის სანთლებიც შედის, რომელთაც სხვა თილისმანი სანთლებისგან განსხვავებით პირადი ხასიათი აქვთ. მათი დაწვა მფლობელს ენერგიის განსაზღვრულ კომპონენტს აძლევს.
საეკლესიო სანთლები სხვა სანთლებისგან არაფრით განსხვავდება მზაობის გარდა, ანუ გარდა იმისა რომ დამზადებული და ნაკურთხია.
საკურთხევლის კურთხევის შესახებ:
ითვლება, რომ საკურთხეველთან ანთებული სანთელი, გაცილებით მეტადაა კონცენტრირებული თავის მეობაზე, რადგან თავად საკურთხეველი მაგიდა განსაზღვრავს ენერგიის კონცენტრირებას და მიზანიც მეტადაა საზღვრული, რაც ენერგიის უმიზნოდ გაფანტვას ხელს უშლის.
როგორც წესი, საკურთხეველს ახალმთვარეობისას, პლიუს-მინუს ორი დღე, ცენტრში წითელი სანთლით აკურთხებენ. სასურველია პირადი საკურთხევლის ოთახში სხვა შუქი არ ანათებდეს. ამ დროს უყურებენ ცეცხლის ენერგიას და მისგან გამოყოფილ სილუეტებს, ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ის ენერგია. წითელი სანთლის მერე სხვა ფერის სანთელს დავანთებთ და თითოეულზე იგივე მეორდება. ბოლო ფერი თეთრი სანთელია, ბოლო სანთელი, რომელიც ბოლომდე თქვენი თანდასწრებით უნდა დაიწვას. შეიძლება ამ დროს ნატურალური სასანთლის გამოყენება, ოღონდ აუცილებლად ნატურალური მატერიებისგან დამზადებულის.
სასანთლეს შესახებ:
სასანთლის არჩევა მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან თავისი არსით ცეცხლის სტიქიის ველს წარმოადგენს:
გამჭირვალე მინის სასანთლე პროცესის დროს დიდ მნიშვნელობას არ იძლევა და ძირითადად, გლამურული ხასიათისაა. ამიტომ სასურველია მინის სასურველ ფრად შეღებვა.
თიხის სასანთლის ენერგეტიკა ნეიტრალურია, თუმცა გააჩნია შთანთქმის თვისება და აღმოაჩენთ, რომ ცეცხლის ძალა გაითავისა, რიტუალისთვის სანთელს ნაკლები ძალა აქვს.
სპილენძის სასანთლეს მკვეთრად გამოხატული ენერგია აქვს, მაგრამ, როგორც ყველა მეტალს, მხოლოდ იმ ენერგიის დაკავება შეუძლია, რომელიც გამოდის მათგან ან მათზე. სპილენძის სასანთლეს ნაკურთხი მარილით წმინდავენ.
ოქროს სასანთლეს დიდი ძალა აქვს, საკუთარი ენერგიის ხარჯზე, იძლევიან ძალას, ისინი ხომ ნეგატიურის ვამპირები არიან, შეიძლება ითქვას, და შეცდომების ხარისხს ადაბლებენ. მათი გაწმენდა მარილით ხდება და იმაზე ხშირად საჭიროებს, ვიდრე სპილენძი.
ხის სასანთლების გამოყენება ხშირი არ არის, მათი მოკლე სიცოცხლის გამო, თუმცა თუ ხმარობენ, ხმარობენ მუხის, ცაცხვისა და ფიჭვის ხეებისგან დამზადებულს.
ქვის სასანთლეები უგრძნობები არიან რიტუალების მიმართ, მაგრამ ადამიანებთან მაინც დაკავშირებულნი. ასე რომ ქვა შუამავლის ინტერესების, ენერგეტიკის მიხედვით ირჩევა.
ტყვიის სასანთლის გამოყენებაც ხანმოკლეა, რიტუალის მერე სასურველია მიწაში ჩაიდოს. ძირითადად, ფიზიკურობასთან დაკავშირებულ რიტუალებში გამოიყენება.
სანთლის ფერზე:
ლურჯი განასახიერებს ოცნებებსა და სიმშვიდეს, სიზმრებსა და ასტრალურ პროექციას.
იზიდავს მთვარის, ვენერის, სატურნისა და იუპიტერის ძალას.
ლურჯ ფერს ძირითადად მედიტაციებისას იყენებენ, ღია ლურჯს მითუმეტეს, რადგან მუქი ლურჯი უფრო ღრმად აღწევს ქვეცნობიერში და დეპრესია მოაქვს. ამ შემთხვევაში სიხალისისთვის უკვე ოქროსფერს მიმართავენ. ცისფერს ხშირად შემოქმედებითი პოტენციის ასამაღლებლად, ჰარმონიული ურთიერთობების წარმართვისთვის იყენებენ.
იისფერი განასახიერებს დამცავ ენერგისა და მაღალ იდეალებს, ძალასა და სენტიმენტალიზმს.
იზიდავს იუპიტერის ენერგიას.
იისფერი რიტუალის ენერგიას მართავს, მაგრამ მისი გავლენა სუსტია და იშვიათად გამოიყენება.
ფირუზისფერი განასახიერებს ჯანმრთელობასა და ზრდას, აცილებს სტრესსა და ამშვიდებს.
მწვანე სანთელს მატერიალური კეთილდღეობისთვის ანთებენ. იყენებენ რიტუალის ზრდისა და გააქტიურებისთვის.
შავი განასახიერებს მოხუც ქალსა და ბებრუხანა ღვთაებას, შურისძიებასა და სპირიტულ სეანსებს.
მისი პლანეტაა პლუტონი და სატურნი.
მისი დღეა: შაბათი.
ზოდიაქოს ნიშანი: მორიელი და თხის რქა.
ხშირად შავ ფერს თეთრ ფერთან ერთად ექსორციზმის დროს იყენებენ, მტრის ლიკვიდიციისთვის.
თეთრი განასახიერებს სავსე მთვარესა და ექსორციზმს, მშვიდობასა და სულიერ ძალას.
იზიდავს მთვარის ენერგიას.
მისი დღეა ორშაბათი.
ზოდიაქოს ნიშანი: კირჩხიბი.
თუ იგრძნობ, რომ ირგვლივ შავი გახვევია, თეთრი სანთელი უნდა დაანთო, როცა თავად გააკეთე ბნელი და ინანე,
თეთრი უნივერსალური სანთელია, მისი გამოყენება თითქმის ყველგანაა შესაძლებელი.
ვერცხლისფერი განასახიერებს არტემიდესა და ქალურ ენერგიას, მთვარესა და უცენზურო გონებას.
იზიდავს მთვარის ენერგიას.
ვერცხლისფერი სანთელი რიტუალში ენერგიას არეგულირებს, აკონტროლებს რომ ძალის უკონტროლო დახარჯვა არ მოხდეს.
ოქროსფერი განასახიერებს მზესა და კაცურ საწყისს, ჯანმრთელობასა და აქტიურობას.
იზიდავს მზის ენერგიას.
მისი დღეა კვირა.
ზოდ. ნიშანია ლომი.
ოქროსფერი სანთელი რიტუალის რეალიზების დამაჩქარებელი სანთელი. გამოიყენება ძალის მომცემ და მამაკაცური მომხიბვლელობის რიტუალებში.
ყავისფერი განასახიერებს დედამიწასა და დაკარგულ ნივთებს, ოჯახის დაცვასა და ხეებს.
იზიდავს ვენერის ყველანაირ ენერგიას, მთვარის ნამზეურ ენერგიას, სატურნის მუქ ყავისფერ ენერგიას.
ყავისფერს, ძირითადად, ოჯახური მაგიისთვის იყენებენ, ან მაშინ, როცა მიწიერებას ექცევა ყურადღება.
ვარდისფერი განასახიერებს უეგოისტოდ ფამილარულ და ემოციურ სიყვარულს, მეგობრობასა და არასაკუთრებას.
ვარდისფერ სანთლებს იყენებენ პირადი მომხიბვლელობისთვის, პოპულარობის მისაღწევად. ხოლო წითელს იმ რიტუალებში, სადაც ვნება ფიგურირებს.
თუ იმ სანთლის ფერი არ მოგწონთ, რომელიც უნდა გამოიყენოთ, არ უნდა მოხდეს კონფლიქტი პიროვნებასა და სანთელს შორის და უმჯობესია მიმსგავსებული ფერით შეიცვალოს, ვიდრე ნეიტრალურით.
სანთლის დანთების დროზე:
მთვარის რიტუალები წყლის სტიქიის ძალით ტარდება. მზარდი მთვარისას ატარებენ სასიყვარულო კავშირების რიტუალებსა და ჯანმრთელობის შესახებ ლოცვებისთვის.
დაღმავალი მთვარისას ლიკვიდაციის რიტუალები ტარდება, სამართლიანობის აღდგენისთვის ლოცვებისთვის, შურისძიებისთვის.
სავსემთვარეობისას შემეცნებითი, მედიტაციური რიტუალები ტარდება.
ახალმთვარეობისას – განახლებითი რიტუალები.
მზის რიტუალები თავის არსში წყალს არ შეიცავს. აქ მზე იყოფა ოთხ ნაწილად: დილის, შუადღის, საღამოსა და ღამის მზე. დილა მზის ამოსვლის პერიოდად ითვლება და სიტუაციასთან თუ ადამიანთან დაკავშირებით პირველი რიტუალები მაშინ ტარდება.
შუადღისას ხანგრძლივი რიტუალები ტარდება.
საღამოში იგულისხმება მზის ჩასვლის დრო და ამ დროს პირადი რიტუალები ტარდება.
შუაღამისას სანთელი ბნელი საქმეებისთვის ინთება, მაგალითად, ადამიანთა მართვის ან დესტრუქციის.
ხოლო მეტი კონკრეტიზაციისთვის უკვე ინდივიდუალურ ციფრებს ანგარიშობენ.
გავაგრძელებ,
ლუდით დალოცვის შესახებ
მას შემდეგაც, რაც პატრიარქმა ლუდი აკურთხა, ზოგი ქართველი, ადანაშაულებს რა ქართველობისგან გადაგვარებას, ლუდით დღეგრძელობას მაინც გაურბის: აი, რა გვიქნა დასავლურმა ცივილიზაციამო, – მაგრამ, მოდი, გავიგოთ რა არის ქართული და რა შეძენილი, ამისთვის გავიხსენოთ ლეგენდა ხახმატის წმინდა გიორგის შესახებ, როცა ქაჯეთიდან ადამიანებს ფურის რქა ამოგვიტანა, გვითხრა, ლუდი ჩაგვესხა და ლოცვით მადლობა გადაგვეხადა, მეტიც, ლუდის შექმნა წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება.
“ი ცალ რქა ძროხა რო მაუყვანავ, იმისთვის რქაი მაუტეხავ, უთქვამ ი წმიდა გიორგის, რო ჩემს ლუდს რო მახარშავთო, ამ ქაჯვეთური ფურის რქით არწყევით სალუდე ფორიო,” – და სხვა მრავალი მაგალითია ქართულ ფოლკლორში, ასევე, ის ქართული ჯვრის დღესასწაულის მთავარი ელემენტია.
პირადად მე, იმ სასმელებს არ ვსვამ, სწრაფად დალევის კატეგორიაში რომ გადიან, ლუდიც ასეთია და ქაფიან ფსელს ვადარებ, მაგრამ ალბათ ამ შაბათ-კვირას ფესტივალზე მიხვალთ და როცა ლუდითა და თევზით გაგრილდებით, გახსოვდეთ, რომ ამისთვის თავის დროზე მეტალისტმა გიორგიმ, მძიმე ლითონზე მუშაობა რომ გვასწავლა, ლუდისთვის ბევრი ბაყბაყ დევიც მოკლა.
გადავხედავ რა ჩემი ბლოგის ინტერესებს, სულ ვამბობ, ფენტეზის უნდა ვწერდე, მაგიურ რეალიზმს მაინც, უფრო ნაცადია.
შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის!
საინტერესო ოჯახში მოვხვდი, რამდენადაც რელიქვიური ქარქაში ვნახე სატურნისა და მთვარის ეზოთერული სიმბოლოებით. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი პლანეტები შეერთებაში იმყოფებოდნენ და გარშემო ოთხქიმიანი ვარსკვლავები ერტყათ წრიულად. პარალელურად ტელევიზიით მსოფლიო არქეოლოგი დასკვნას აკეთებდა: “ძვლებს ტყუილი არ შეუძლიათ”, – ჩონჩხით აღწერა რა გარდაცვლილის ფიზიკური ცხოვრება და ცოტა ემოციურიც. იქვე, როცა ტელევიზიით ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ისმენ, მომავალში შესაძლო მისაღებ ტრავმებსა თუ გაჯანსაღებაზე /ფიზიკურ თუ მორალურ პლანში/, ხშირად ბარტის სიტყვები მახსენდება, თავის “მითოლოგიებში” ახსენა, სადაც თანამედროვე ყოფას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების რეკლამებისთვის გამოყენებული სიღრმე და ქაფიანობა, სიღრმეზე ქვეცნობირად ღირსების და იდუმალების განცდას რომ გვიტოვებს, ხოლო ქაფიანობაზე მარკეტოლოგები ფუფუნების უჯრედებს გვიაქტიურებენ. “როგორც ჩანს, საფრანგეთში “მისნობისთვის” წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამასი მილიარდი ფრანკია. ეს კი ღირს იმად, რომ თვალი გადავავლოთ კვირის ასტროლოგიურ კალენდარს…. მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქ არ გვხვდება რაღაც ფანტასტიკური სამყარო. პირიქით, აქ არის ზუსტი რეალისტური აღწერა იმ სოციალური გარემოსი, რომელსაც მიეკუთვნებიან ამ ჟურნალის მკითხველები,” – ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს ცხოვრებას, არამედ – აღწერს, – როცა ხელში მთელი კვირის პროგნოზი გიჭირავს, მოცემულ სფეროებს ვერ შევაჯერებთ ერთმანეთთან, ვერ გავიაზრებთ ცხოვრების ტოტალურ გაუცხოებას. პატიმრები გადაჰყავთ ერთი კამერიდან მეორეში, მაგრამ ამ კამერებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ვარსკვლავები არასდროს იუწყებიან წესრიგის დარღვევას.
მაინც მგონია, რომ ასტროლოგია მისნობად ამგვარმა ჟურნალებმა აქცია, უარესი კი ის არის, რომ ჟურნალისტთა მსგავსად იქცევიან, არ დავასახელებ და, ცნობილი ასტროლოგებიც, ადამიანთა ნახვის, პირისპირ კონტაქტის, საცხოვრებელი სივრცის და დროის გათვალისწინების გარეშე, როგორც ინკუბატორში გამოყვანილ წიწილებზე იწყებენ მუშაობას. ცალკე საკითხია წითელი თუ მწვანე, ნეგატიური და პოზიტიური დღეების შესახებ. ერთხელ, როცა ერთ ასტროლოგს ტრანზიტულ რუკაში სიკვდილის ნიშნის შესახებ ვკითხე, როგორ ამომეცნო ზუსტი თარიღი და სივრცე, მიპასუხა: დიდი ხანია ვაკვირდები და იცი რა ვნახე? ადამიანები უფრო ხშირად პოზიტიური დღეებისას კვდებიან, – ანუ თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი უნდა მოიგო და კვდები. შესაბამისად, ზედმეტად სიმბოლურია კარგი და ცუდი, ვინაიდან, შეჯამებით რომ ვთქვათ, ტრანზიტული წითელი ხაზი ენერგიის დახარჯვას ემსახურება, ხოლო მწვანე ნიშანი პიროვნების მიმღეობაზე, მის პასიურობაზე მიუთითებს. ასე რომ ნეგატიური დღის შემთხვევაში, სახლიდან გასვლას ნუ შეშინდებით, სავსემთვარეობა არა მხოლოდ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აღგიგზნებთ, თქვენში ჩადგმულ პოტენციას გამოამჟღავნებს და შეეცდება პასიური მკვდარი არ იყოთ.
სიკვდილზე ლირიკული ჭრილისთვის, ტელევიზიით ისიც გადმოსცეს, რომ ამ დღეებში ბავშვი დაიღუპა, – ფანჯრიდან გადავარდა და სასხვათაშორისოდ ახსენეს, რომ პატრიარქის ნათლული იყო. ადამიანის თვისებაა თავდაცვის ინსტინქტი, ვერ გამოტყდნენ რა მშობლის დაუდევრობაზე, მემკვიდრეობით ცოდვებს გადააბრალეს. პოსტმოდერნიზმი ხომ ის პერიოდია, სადაც უმაღლესი წესები არის ბუნების კანონები და მათი შემეცნება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა, ხოლო მიდგომა “ათი მცნების” მიმართ უკვე ინდივიდუალურია. თანაც ისე, რომ ღმერთი კი არ დაკნინდეს, არამედ ყოვლისმომცველი სამყარო გახდეს, მისი პოვნა ერთდროულად მარსზეც შეიძლება და ხეებშიც. ვისაც რუნები დაუთლია, ნებისმიერი ხეც მოყვება შენს ისტორიას. ინფორმაცია ხომ მანამდე ინახება სანამ შავ ხვრელში მოხდება, ადამიანი კი მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას როცა მკვდარია, დამოკიდებულ მოღვაწეობას საფლავქვეშ და თანდათან ქვეწარმავლებში გარდაისახება, ისინი კი თავის მხრივ ფრინველებში და არაფერია ახალი, – მეტი რა არის რეინკარნაცია, ევოლუციის გზაზე ალქიმიაც ქიმია ხდება, ხოლო “სამეცნიერო ფანტასტიკა – სამეცნიერო ფაქტი”. შავი ხვრელი კი ერთხელ შექმნილი სამყაროს გარდასახვის, ნებისმიერი ტოტალური ენერგიის ანუ ტოტალური სულის განადგურებად წარმოგვიდგება, ანუ მორიელის ხანაში მცხოვრების (შავი მატერია ხომ მკვდარი მზეების შემდეგ შეიქმნა, აქ პარალელია “მზე დაცემულ” სასწორის ნიშანთან) ანუ შავი ხვრელის პირდაპირი თუ მითური გაგებით, სადაც ნებისმიერი გარდაცვალებით გაგრძელებული ცხოვრება შიგნით ატომების დონეზე ნადგურდება. ირონია კი იმაშია, რომ სამყარო შავი ხვრელიდან აფეთქდა.
სადღაც ერთი თვის წინ, სასაცილო სიტუაციაში აღვმოჩნდი, როცა ძველმა ჯგუფელმა, პირველად ლინგვისტიკის ლექციაზე რომ ვნახე და ახლა ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ჩაის სმისას შვილის მონათვლა მთხოვა. მორიდების გამო ყურადღება არ მიმიქცევია და თემა შემიცვლია. მაშინ არც მიფიქრია, რომ სწყინდა. ლამაზი ჯვარი ვიყიდე კიდეც და ერთი კვირის მერე ვნახე წერილი, რომ გადაიფიქრა. გადაიფიქრა? ნუ კაი. არც გავამხილე რომ ვიყიდე. დავივიწყე. მერე დამირეკა და მერე რაო, რა რომ ბავშვები არ მიყვარს, “პამპერსი” “ოლვეისის” მსგავსი მგონია და ბავშვის სქესი ყოველ ჯერზე მავიწყდება, ვიცი, რომ მისი ზოდიაქო მორიელია, და რახან კეთილი მეგობარი ვარ, ამიტომ ნათლია უნდა რომ ვიყო. ამბობენ, იყო მონათლული ეს საშვია სამოთხეში მოსახვედრად, იყო ნათლია კი შენთვისაც ერთგვარი სარეკომენდაციო წერილია. მე დემე მოვნათლე, ჩემი მეგობრის მეორე და დაუგეგმავი შვილი. ტაძარში, სადაც კვეთებულის მოსმენა ნორმაა, მაღლიდან თოლიების ცეკვას უყურებ და.. და ძვირია. იმხელა პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ჩემთვის შემდგარი სულის ხელახალი ყოფნა მორიელის ტრანსფორმირებული ნიშნით. მაგრამ არ ვიცი, შვილი თუ მეყოლება რამდენად მომინდება მისი მონათვლა, მითუმეტეს, ბავშვობაში და გაუაზრებლად. რასაც ყოველთვის ვეძებდი იმას, ანუ რიტუალებს მინდა მოვაკლო. მაგრამ ძილის წინ ქართული, მშობლიური ფოლკლორიდან წავუკითხავ უხმოდ ერთ პატარა ლოცვას, რომელიც საქართველოში “მამაო ჩვენოს” შემოსვლამდე არსებობდა:
ცაო მშვენიერო,
ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
მე უკვე ვიცი დემე როგორ აღვზარდო: ბღუჯა წიგნებს დავიჭერ თეოსოფიაზე, ანთროპოსოფიაზე, თორაზე, ბიბლიაზე, ყურანზე და როცა მეგობართან ჩაიზე გავალ, დემეს ვუკითხავ და ვეტყვი: “მასწავლე. ჯერ კიდევ შარშან მასთან იყავი. შენ უფრო გახსოვს რა არის ღმერთი”.
ლოცვა
დაღლილი დევი სახლში მივიდა. კაცისხელა ნესტოებით შეისრუტა ოთახი და თქვა: ადამიანის სუნი მცემსო. დედამ მტევნებით კალთა ჩამოიბერტყა და კომოდის უჯრიდან ფლაკონი გამოიღო, – მშვენიერი აზრია სუნამოს რეკლამისთვის.
გადახსნილი კბილიდან სისხლი წამომივიდა, კუჭის წვენს ამოვაყოლე.
სხვა დროს საკუთარი სისხლის სმა მიყვარს. დაგუბება პირში და ენით ტრიალი.
ჩანართი:
წიგნიდან შემთხვევით აკრეფილ სიტყვებს ასოცირებას ვუძებნი:
ეგო – რითიც იძულებულია დედა შვილზე იზრუნოს.
საუზმე – ნელ ცეცხლზე ვადუღებ ყავას, რადგანაც წავა.
ნძრევა – სიცარიელე გვირაბის ბოლოს.
ზეწარი – შენს ზომაზე დაჭმუჭნული კვალი, როგორც მეხსიერება.
აღსარება – ცოდვის იმდენად არ გრცხვენია, რომ ყვები.
წყლის სუნი მიყვარს: ახლად ნაბანავები თმისა და ახლად ნაწვიმარი ასფალტის სუნი.
ჩანართი:
მცენარეებით შეზნექილი მუცლიდან ხმები:
დაპირებები
ჯვრები-პირები
პირ-ჯვარი-ჯვრები
პირ-ჯვარი-ჯვრები
იჯვრები.
სადღაც სიღრმეში ადამიანის სუნი ჯერ კიდევ ამდის.
მამაო, შემინდე, ცოდვილი ვარ.
ძმაო ლაზარე
“მარფავ, მარიამ და პელაგიამ, – ლაზარეველნო დებო, მიეახელით თქვენს ძმას ლაზარეს და ჰკითხეთ:
– ლაზარე, ძვლები ხომ არ გტკივა?
– არა, დანო, არ მცვივა კბილები და არ მტკივა ძვლები, – შეგილოცავ მონა ღვთისას ლაზარეს, რომ არ გცვიოეს კბილები და არ გტკიოდეს ძვლები ამ წუთიდან, ამ დღიდან, ამ ცხოვრებიდან.
აღარ სტკივა ლაზარეს ძვლები, სტკივა კატას და ძაღლს მთელი მათი წუთები, დღეები და ცხოვრებები ტანჯვით და წამებით, მაგრამ არა ლაზარეს,” – შელოცვაა კბილის ტკივილზე სანამ არაყს პირში დაიგუბებდნენ.
შელოცვა იკითხება სამჯერ.
არაყი ივლება სამჯერ.
სიჩუმეა. სიჩუმე, რომელიც გავხდი. საკუთარი თავიც კი ცალმხრივად მიყვარს.
სიჩუმე, რომლებიც ვამბობთ:
“ჯოჯოხეთი სავსეა, მე დედამიწაზე ვარ”.
მაგრამ ლაზარეველო ძმაო,
“გახსოვდეს, ტყვიას გაქცეული ირემი და გახსოვდეს, ოდესღაც ირემი იყავი.”
ღრმად დაიმალე, დედამიწა წრეზე ტრიალებს.
ტკივილი ამოწურე.
ფლავი და შარბათი მოჰამარისას
ჩემი ყურანით დაინტერესება სკოლის ასაკში დაიწყო, როცა მშობლებმა დამბანეს, ჩამაცვეს, ხელი ჩამჭიდეს და ნათესავების გასაცნობად წამიყვანეს, ჩემი ასაკის გოგონების. მათი ბებია, ბაბუაჩვენის და, დაუბანიათ, დაუვარცხნიათ და მუსლიმანისთვის მიუთხოვებიათ, ჩვენი ხაზი კი იმ ბებიის ხაზზე იძახდა: გაგვეყო, აღარაფერი გვაკავშირებსო.
როგორც კი შევედით, გოგონებმა თავიანთი კაბები შემომაცვეს და სამკაულები ამიწყვეს. ალაჰმა თქვა, თუ რამეს გაჩუქებენ, რაც არ გითხოვია, მიიღე, ეს ჩემგან არისო. მრგვალი მაგიდა მახსოვს, დასვენებულზე ჩაი შემომთავაზეს. ვიაურე, მაგრამ დედამ ჩუმად მითხრა: სხვანაირი ჩაი ექნებათ, დალიეო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და თავი დავუქნიე, მერე კი იმედი გამიცრუვდა ”მარიამის” ერთჯერადი კოლოფი რომ ჭიქაში ჩადო, შაქარი დააყარა და წყალი დაასხა.
ლამაზი გოგონები იყვნენ, დაწყობილი სახის ნაკვთები ჰქონდათ და სითბოს არ მალავდნენ. არც ქუჩებში სახეს და გაბედული ნაბიჯებით დადიოდნენ. ერთი გამომიტყდა: ოცნება მაქვს ჯვარი ვატაროო, – მერე მოინათლა. მთელი ოჯახი მოინათლა. მე კი გადავწყვიტე ჩაის დაყენება თავად მესწავლა. მოიმარაგეთ ჩაი, ფლავი და შარბათი, მინდა ყურანზე გესაუბროთ.
ამასობაში, ყურანი ვიპოვნე, რომელიც არც დაფლეთილი ყოფილა და არც სიძველისგან გაყვითლებული. მაშინაც ასე მივიღე და ახლაც, რომ წიგნი რელიგიური ტრილოგიის მესამე სერია იყო, ძველსა და ახალ აღთქმას რომ მოსდევს. თუ ძველი აღთქმა ქრისტეს მოსვლის შემზადებისთვისაა განკუთვნილი, ახალში ქრისტეს მოსვლაა მოცემული, ყურანში გადმოცემულია ქრისტეს წასვლის შემდეგ ცხოვრება.
ცხოვრება, რომელიც მეტისმეტად გამკაცრდა. ჰოდა, მუსლიმებსაც სჯერათ, რომ სახარების დაკარგულის აღმოსაჩენად დაიწყეს კითხვა. რაღაც სანახევროდ ქრისტიანები არიან, ოღონდ მონათმფლობელურ ეპოქაში დაწერილი წიგნით, სადაც არც ადამიანები ვართ ღვთის ძენი და არც ქრისტე. ყველანი მისი მონები ვართ, ქრისტეს კიდევ ჰო და მუჰამედს, შუამავლის წოდება ჰქონდათ. წინა ორი რელიგიიდან განსხვავებით მეტად მკაცრია. მორიელის ზოდიაქოში შექმნილი. შეიძლება ითქვას, დესტრუქციის რელიგიაა. ყურანის მიხედვით, ღმერთი სამყაროს მოშორებულია დიდი მანძილით. ყურანის ღმერთი აღამებს და ათენებს, სიცოცხლე სიკვდილისგან გამოჰყავს და სიკვდილი სიცოცხლისგან. “ამბობენ, ღმერთს ძე ჰყავსო. მისმა დიდებამან არა. იგი კმარობს თავის თავსა”.
მისი მიხედვით, იესო არ მომკვდარა ჯვარზე, არამედ ჯვრიდან იქცა ცად აყვანილი. მუჰამედი ბიბლიას აღიარებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს: ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს, ქრისტეს და თვლის, რომ თავს აგვირგვინებს, რომელმაც უნდა გამოასწოროს მათ მიერ დაშვებული ხარვეზები. მუსულმანი მორწმუნესთვის მტერი მხოლოდ არამორწმუნე შეიძლება იყოს. დღეში ხუთჯერ ლოცვამ მეტად დისციპლინებული გახადა ცხოვრება.
ყურანი, როგორც დოგმატიკათა კრებული რელიგიური საფუძვლით, მუჰამედის სიცოცხლეში წიგნის სახით არ არსებობდა. აწ არსებული ზნეობა მუჰამედისგან ალაჰის გამოცხადებად გასაღდა, შეიკრა და დამოუკიდებელი სახე მიიღო, დამძიმებული რიტუალებით. სურები და აიათები ცალკეულად იწერებოდა ბრტყელ ძვლებზე, პალმის ფოთლებსა და ქვებზე. ნაწილი მოწაფეებმა ზეპირად იცოდნენ და ისე ავრცელებდნენ.
ერთი მეზობელი მყავდა, კაკლის ხესავით მაღალი იყო. კაკალს კი იმიტომ ვამსგავსებ, რომ თავად უყვარდა მასზე ცოცვა. სლიკინა კანზე ეჯაჯღურებოდა და მუდამ ფოთლების სუნი ასდიოდა. ერთხელ, როცა ყულაპის ფუნქციის ბოთლი გაჭრა, ხურდები ქაღალდის ფულში გადაცვალა, მეძავთან წავიდა. მაშინ ბავშვებს ეზოში შტაბი გვქონდა მოწყობილი, შევიკრიბეთ და წაკითხული რჩევები მივეცით.
მაგალითად, მკითხავი ხალხისგან ემბრიონის სქესის დადგენის ერთი საშუალება ვიცოდი: ღმერთის სახელი იყო “აუმ”, ორგაზმის დროს, ჩასახვისას, რომ აღმოხდებოდა კაცს, ქალს კი ჩასახულის დაბადებისას. მედიტაციისას და ლოცვებისას ამ ბგერას ამიტომაც მიმართავდნენ, როგორც ენერგიის გამოყოფას და შთაბერვას. თუ კაცი წევს მარცხენა მხარეს, ქალი კი მარჯვენაზე, მაშინ კაცის სუსნთქვა მზისა არის, ჰაერი, ძირითადად, მარჯვენა ნესტოად შედის, ქალის სუნთქვა კი მთვარისაა, ამ შემთხვევაში ბიჭი გაჩნდება. ხოლო თუ კაცი წევს მარჯვენა გვერდზე, ქალი კი – მარცხენაზე, მაშინ კაცი იმყოფება მთვარის სუნთქვაში, ქალი კი – მზისაში. ამ შემთხვევაში გოგო გაჩნდება. თუ კაცი და ქალი მზის სუნთქვაში იმყოფებიან ფემინური ბიჭი გაჩნდება, კაცი და ქალი თუ მთვარის სუნთქვაში არიან, – ვაჟკაცური გოგონა.
ჰოდა, ჩვენს მეზობელს ერთი პანკისელი მუსლიმი ჰყავდა ამოჩემებული, სუფიზმს მისდევდა. რომ დაბრუნდა, მაისური გადაიხსნა, დასერილი ზურგი გვაჩვენა და თქვა: მოჰამარი ჩემზე ჩაატარაო. მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და თანდათან შევაგროვე ინფორმაცია. მეზობელს კი მერე ჭლექი დაემართა.
მოჰამარზე ცნობები ჯერ კიდევ მე-7-მე-8 საუკუნეების არაბულ ქრონიკებში გვხვდება. მისტერიაში იკვეთება ძირითადი მომენტები: როუზე, დასთე, თაზიე. იმართება ყოველწლიურად. მთვარის კალენდრის მიხედვით, პირველი თვის დასაწყისში. მოძრავი დღესასწაულია. მთვარის ფაზებზე დამოკიდებული და ხშირად შემოდგომას ემთხვევა. დროთა განმავლობაში პოლიტიკური და კლასობრივი ბრძოლის ფორმად გადაიქცა სამღვდელოებისგან. წარმოშობა უშუალოდაა დაკავშირებული ისლამის წარმოშობასთან.
იკერავენ ახალ ტანსაცმელს, ყიდულობენ ახალ ჭურჭელს, შლიან სუფრას. ამზადებენ ფლავსა და შარბათს. არ იხდიან ქორწილებს და სხვა ზეიმებს. ერიდებიან სქესობრივ კავშირსა და მოგზაურობას. კაცები წვერს არ იპარსავენ. იცავენ ”ნამაზის” (ლოცვის) რიგს და სხეულის რიტუალური განბანის წესს. ორმოცი დღე მარხულობენ. აივნებს, ფარდულებს, გზებს ფერადი ქსოვილებით 2-3 დღის განმავლობაში ფარავენ. მწვანე, წითელი და შავი ფერის დროშებს შლიან. სურათებსა და სარკეებს შავი ფერის საბურავებს აფარებენ. ალმებსა და ლამპიონებს სირაქლემის ბუმბულით აწყობენ. საუბრობენ შიიტ წმინდანებზე: ალიზე, ჰასანზე და ჰუსეინზე.
შიიზმი აიდიალებს მუჰამედის შთამომავლობას. ჭეშმარიტად მხოლოდ იმ ჰადისების ცნობას, რომელიც მუჰამედის ოჯახის წევრებს ეკუთვნის. განსაკუთრებულ უპირატესობას იჭერს ალის კულტი. ალაჰმა ერთხელ მუჰამედს უთხრა: “შენ თუ არა, არ შევქმნიდი სამყაროს, მაგრამ თუ არა ალი, არ შეგქმნიდი შენ.” მეორე ლეგენდის მიხედვით კი ალაჰს შეშლია, ყურანი ალისთვის უნდა მიეცა და მექანიკურად მუჰამედისთვის მიუცია. ამის მერე ამბობენ, ვის არ შეშლიაო.
მოჰამარის გარდა ტანჯვა–წამების სიხარულით შემცვლელი რიტუალები ნამაზით იწყება. ნამაზის მოძრაობები ვარჯიშის ფუნქციაა, წვრთნა. მე თავის გამოლაყებას ვეძახი, როცა სისხლი აქეთ–იქით მოძრაობს და ბრუნვას ექსტაზში შეყავხარ. ვიღაცას თუ ეზარება ნამაზის შესრულება, მუჰამედი, როცა კვდებოდა, ისევ ნამაზზე ფიქრობდაო, ამბობენ ხოლმე.
ზრდილობის დაუწერელი კანონები, ისლამში დაწერილია. მაგალითად, დაბანის წესია: კბილების გახეხვისას სამჯერ გამოივლოთ წყალი. მარხვის შემთხვევაში ყელამდე არ უნდა ჩაიდო ჯაგრისი. წყვილი ორგანოების დაბანვისას მარჯვენათი უნდა დაიწყოთ. ხელებისა და ფეხების დაბანისას თითის წვერებიდან დაწყებაა საჭირო. წვერების ძირის გამობანა არ უნდა დაივიწყონ. ცხვირი მარცხენა ხელით უნდა მოიწმინდონ, ნესტოებში წყალი სამჯერ უნდა შეისხას. ყოველი დასაბანი ორგანო სამჯერ უნდა დაიბანოს. თითზე ბეჭედი უნდა შეიქანოს, წყალმა რომ გაუაროს. დაბანილ ორგანოებზე ხელი უნდა მოისვას. თითებს შორის ადგილები უნდა გამოიბანოს. ჯერ ჭუჭყი სადაცაა, ის ადგილი უნდა მოიბანოოს. სასქესო ორგანოები არ დაივიწყოს.
მოჰამარს რომ დავუბრუნდეთ, უმეტესად, საღამო ხანს იწყება. მქადაგებლები შავ განიერ ხალათებს იცვამენ, თავზე შავ ან მწვანე ფერის, მრგვალ, დაბალ ქუდებს იხურავენ. თვითგვემის იარაღებია: ჯაჭვი, ხელის ტვიფრი, ხის ჭურჭელი, ”კაშკული” და როუზეხანის ქუდი.
ადრე როუზზე არამუსლიმის დასწრება აკრძალული იყო. ამ დროს სახლებს ისე აწყობდნენ, როგორც მეჩეთში. კამფეტების, ტკბილეულების, ხმელი ხილისა თუ ხურდის სანაცვლოდ პატარა ბიჭებს წყლით ამარაგებდნენ. წყალი არ უნდა შემოლეოდათ. ვარდის წყალს შუა როუზეს კითხვის დროს მომლოცველებს აპკურებდნენ ხელის გულებზე. ვინც ხანგრძლივად მარხულობს, ის არ მარხულობსო, მუჰამედმა. ერთი პერიოდი მუჰამედმა შარბათი აიკრძალა კიდეც ცოლების გამო, მაგრამ ალაჰი გამოცხადებია და უთქვამს, დალიეო. შენიშვნად ვიტყვი, რომ მარჯვნივ გადაწოდება საჭმლის, წესია. ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული ჭურჭლით არ შეიძლება წყლის დალევა. სასმლის ჩამომრიგებელი სასმელს ბოლოს სვამს.
ადრე როუზე უფრო დიდხანს გრძელდებოდა. ზოგ ნაწილს მშვიდად კითხულობდნენ, ზოგ ადგილებში კი მიმიკების და ჟესტების დართვით. ხშირად გაისმოდა ხმამაღალი შეძახილები და ქვითინი. გავიხსენოთ, ვეფხისტყაოსანი, სანახევროდ, აღმოსავლურ მოტივებზე აწყობილი პოემა, ტირილისა და დახოკვის რა სცენებიცაა, მუსლიმანური გავლენითაა. ძველი ჩვევით, მუსულმანები ახლაც იფიცებენ მზეს, შენმან მზემანო, იტყვიან ქართველებიც. მზის კულტი ალაჰის მოსვლამდე წამყვანი რელიგია იყო.
მოჰამარისას სმის და ლოცვების შემდგომ გადიან ქუჩებში განიერი შარვლებით, წვეტიანი ჩხირები ჩაერჭოთ შიშველ სხეულებზე, ლურსმნები, ზანზალაკები, შუშის ნატეხები აქვთ ჩამოკიდებული, ზოგსაც ის ნივთები ტანში – გაყრილი. იძახიან: ”შაჰ ჰუსეინ”, ”ვაჰ ჰუსეინ”, ხალხი პასუხობს: ”მაჰზუმ-მაჰზუმ” (ტანჯულო-ტანჯულო).
გლოვა ხშირად მთელი თვე გრძელდება. გლოვის წინა დღეს კითხულობენ თასურის ხუტბეს, ჰასანისა და ჰუსეინის მწვალებლობის ისტორიას. ქალები მუხლის ჩოქვით დგებიან. ხორბლის კერძის ”ჰალალით” უმასპინძლდებიან რელიგიურ ექსტაზში მყოფ ხალხს. უშუალოდ დგამენ სცენაზე წამების სცენას. ყვიარიან: ”ომარ ქოშთ, ომარ ქოშთ(მოკლეს)”. ამ პროცედურის გამო ომარ ქაშანს ეძახიან. ღამის პროცესიის შემდეგ აბანოში მიდიან ჭრილობების დასაამებლად.
სამაგიეროდ, ალაჰი ლამაზ ქალიშვილებს ჰპირდება საიქიოში იმ მამაკაცებს, რომლებიც სააქაოში ერთგულებას იჩენენ ღვთისა და მუჰამედისა. ალაჰი ქალისთვის რამდენჯერმე გათხოვებას უშვებს, მაგრამ სამოთხეში კაცებს ცოლებთან ერთად მხოლოდ ქალწულები ელოდებიან. რიგ–რიგობით სარეცელზე წამოწოლილნი, იქ არიან დიდრონი შავთვალა ქალიშვილები, თვალად მორცხვნი, რომელთაც კაცი არასდროს მიჰკარებია, არც ჯინი. კარვებში დაცულნი ზრუნვით მოვლილი მარგალიტთა მსგავსი მზეთუნახავები. სამოთხის მზეთუნახავნი გაჩენილნი გვყვანან განსაკუთრებულის შემოქმედებით. გულმკერდიანნი, საამო საგრილნი ჰპოვონ წყლის ნაკადულით მორწყულ წალკოტებშიო. ასე რომ, ყურანი ღარიბებს სამოთხის ფანტაზიას უღვივებს. მომავალ შარბათამდე.