მითი ლილიტზე დღეს

იმ დროში, როცა ”სპირიტუალ ფემინისტებმა” საკუთარი რელიგია შექმნეს, ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს. მათთვის ერთ–ერთი მთავარი ღმერთი ლილიტი იყო და ოდებსაც უძღვნიდნენ. პერიოდულად ეწყობა ქალღმერთის სახელობის საკონცერტო ტური და მუსიკალური ფესტივალი. ლილიტი გამოყვანილია ვიდეო თამაშებსა და ანიმაციებშიც. მე კი რამდენიმე წიგნი და ფილმი დამიგროვდა მისი პერსონაჟობით.
მაგალითად, სტივენ ბრუსის ფანტასტიკურ ნოველაში “მეფობა ჯოჯოხეთში”. აქ უფრო ვრცლად.
მოხსენიებულია პოსტმოდერნისტი მწერლის პიერ ანტონის ფანტასტიკური ჟანრის რომანში “ეშმაკის სიყვარულისთვის”. მის თანახმად, ეშმაკი პირველი გულისტკენიდან მოყოლებული ყველა დროის საინტერესო ფიგურაა ლიტერატურაში. რომანში ის რომანტიკული პერსონაჟია საკუთარი სამართლით. სატანა, ისევე როგორც ღმერთი, პირველადი არსებაა. ავტორი არქაულ სიტყვებს იშველიებს წერისას და სტილიც ძველმოდური და კონსერვატული აქვს.
რომანი უახლოვდება სიუჟეტით სტივენ ბრუსის ნაწარმოებს აღწერის დროით და დროის გადმოცემის საშუალებით.
ორივე შემთხვევაში ვხედავთ ძველ ეპოქას თავისი ქაოსურ–კოსმოსური სიტუაციებით. აერთიანებთ დრო და სივცრე.
მათგან განსხვავებულია ოქტავია ბატლერის რომანი ლილიტზე, რომელიც თხრობას გადმოიტანს წარსულიდან მომავალში აწმყოს გამოტოვებით, ახლანდელი დრო კი მხოლოდ კადრებად ჩაივლიან თვალწინ.
ოქტავია ბატლერის „ლილიტის გუნდის“ მოქმედება ლილიტის ირგვლივ ვითარდება და ცდაა ახალი სამყაროს შექმნის. მთავარი პერსონაჟი შავკანიანი ქალია, რომელმაც ახალ რასაც უნდა ჩაუყაროს საფუძველი. აქვს კონტაქტი უცხოპლანეტელ ანდროგინებთან, რომლებიც მათზე ცდებს ატარებენ. ლილიტი ერთადერთი გადარჩენილი ადამიანია სიკვდილისგან ხანგრძლივი ომების შემდეგ. აქ.
მითოლოგიური ლილიტი ფილმის აქტუალობასთან ერთად პოპულარული კინემატოგრაფიაშიც გახდა. მაგალითად, გ. ადლერის 1996 წლის ფილმში ”სისხლიანი ბორდელი” მისი პერსონაჟი ბორდელის მმართველი ქალია. სიუჟეტში მეგობრები ერთად ბარში გაიცნობენ ადამიანს, რომელიც უყვება ბორდელზე, დამკრძალავი ბიუროს ტერიტორიაზე რომ მდებარეობს. მეგობრები გადაწყვეტენ, მოინახულონ მონათხრობი ადგილები. მივლენ და აღმოჩნდება, რომ იქ მომუშავე ქალები ვამპირები არიან. მათი უფროსი ლილიტია, რომელიც ბორდელში მომხდარ საიდუმლო მკვლელობებზეა პასუხისმგებელი. ფილმი საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება და მოკლებულია პერსონაჟთა  ფსიქოანალიზს. რიზომა არც სპეცეფექტებითაა ანაზღაურებული.
მისი საპირისპირო შინაარსისაა ფილმი „მუქი სინათლე“, სადაც ლილიტი სამყაროს გადამრჩენელი გმირი ქალია, რამდენადაც შეიძლება პოსტმოდერნისტ პერსონაჟს გმირი ეწოდოს. თავიდან სიუჟეტი იწყება მორწმუნეთა ორდენის საუბრით ლილიტის სამოთხის პირველადი დიასახლისობის შესახებ. იგი იყო ევაზე გაცილებით ბინძური და დაწყევლილი. მორწმუნეებმა ორდენიც შექმნეს მის წინააღდმეგ. თვლიდნენ, რომ ყოველ ცხოვრებას თავისი გეგმა და მიზეზი ჰქონდა. უკვდავების წამალი გამოიგონეს. მისი გამოგონებით კი მუტანტი შექმნეს. პოსტმოდერნისტულ ეპოქაში მოდერნიზმის ტიპურობას მუტანტობა ჩაენაცვლა, ამ ცნების პირდაპირი გაგებითაც. ფილმში ლილიტმა დათრგუნა წყევლა, რომლის მიხედვითაც, ეკრძალებოდა ადამიანებთან ერთად ცხოვრება. დედამიწაზე ჩამოვიდა, მაგრამ ამნეზიით იტანჯებოდა. ცდილობდა საკუთარი იდენტობის დადგენას ცოდნის ძიების შედეგად. ფილმში გაბოროტებული დემონი კეთილი ქალია, რომელსაც მორწმუნეთა ორდენი დაუპირისპირებს უკვდავ მუტანტს. მათი ბრძოლის წარმოჩენით ავტორი გვაცნობს ამ სამყაროს ბრძოლას სხვა განზომილებასთან, ცოდვასთან.
„სისხლიანი ბორდელისგან“ განსხვავებით, ამ ფილმში ეგზისტენციალური იდეა ადამიანის თავისუფალი არჩევანის შესახებ, დემონებზეც ვრცელდება. აღსანიშნია, მასში მეტი სპეცეფექტის გამოყენებაც.
სერიალში ”ზებუნებრივი” გვხვდება პერსონაჟი ლილიტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დემონთაგანი. მესამე და მეოთხე სეზონის გავლენიანი ფიგურაა. ფილმში ლილიტის საკვანძო როლია კაცთა სქესის ცდუნება და ბავშვების განადგურება. მისი სულიც დიდი დროის განმავლობაში ბავშვის სხეულში ზის. ერთგვარად ერთობა უცხო ოჯახში დაბინადრებით და  შემდგომ მისი სანათესაოს გაწყვეტით, განადგურებით. ფილმში ლილიტი იერარქიით აზაზელზე მაღლა დგას. მეტიც, თუ ლუციფერის ტერიტორიას არ ამოვთხრით, მასზე ძლიერ დემონს ვერ ვიპოვნით. აქ.
სხვა ლილიტზე შექმნილი ნაწარმოებებიდან, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს დგას იგი რომანთან „ჯოჯოხეთში მეფობა“. სადაც მსგავსად არის გადმოცემული ადამიანებისადმი ბოღმა თავად ანგელოზების მხრიდანაც. დედამიწა ღმერთის საყვარელ ადგილად ითვლება.

one night stand

<< ნაოპერაციები ხარ. გავიგე შენი ნეკნის ამბავი. როგორ ხარ?
მე საკუთარ აბორტს ვიკეთებ და დროდადრო ვღვრი წყალს,
იმ წყალს, რომლითაც მუშამ მოგვზილა.
გამარჯობა, ადამ! მე დავბრუნდი.
მე შენი ცოლის საყვარელი ვარ. 
               შენი ლილიტი. >>

თითები შევყავი.
ჩაშავებული რომ იყო ზედ მოწოლილი სისხლისგან და დროდადრო ქვემოთ ჩამოქაჩვით ვაწვებოდი მუცელს ზემოდან. მალე კანი ცელოფნის პარკივით თხელი და გამჭირვალე გახდა, შიგნიდან სახე არეკლოდა.
მე კი ამ სიფრიფანა კანიდან ვეხებოდი ქვეშეთიდან მომზირალ ნაკვთებს და მიკვირდა, რა მკაფიოდ ჩანდა ახალი სახე.
ლილემ სისხლთან ერთად იმშობიარა.

ვხვრიპავ, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება, ჰაერს და ვყვირი: ”ჩვენ ყველანი ადამები ვართ. ყველა ჩვენთაგანს გაუვლია მისი სხეული.” ღმერთის გამოგდებულ ადამებს ვიღებ საშოდან. ბებიაქალი ვარ. ვაქნებ თავს და დანანებით ვამბობ: ”შენც დაგსაჯა?” ის ტირის.

ჩემი შეყვარებული მეორადი მოხმარების თვითმკვლელია, მე კი მისთვის მეორადი მოხმარების საყვარელი.
ეს მისი შვილია, მაგიდის ქვეშ რომ დაფოფხავს, წლების წინ რომ ვამშობიარე.
ჩემი ქმრის შვილი გავუჩინე სამყაროს.
გადავწყვიტეთ, ღალატისთვის შური გვეძია.
ერთ სამშობიაროში ვმუშაობთ. ძირითადად აბორტებს აკეთებს.

ჩემი და ლილეს ურთიერთობა ”one night stand”-იდან დაიწყო. ასე ერქვა იმ სასტუმროს, სადაც დავრჩით. რკინის საწოლი გვქონდა და როცა საბანიც დაგვაწვა, კიდევ მეტად ჩავიწიეთ ლოგინის ხვრელში.
„აქ ხარ?“
მიღიმოდა ლილე.
„არა.“
ვიღიმოდი.

ის ცეკვავდა, როგორც მოხარკე, მოვალე, თუ როგორ ვთქვა.. წართმეული ემოციებით და თითქოს ინსტინქტებს წოვდა ცეკვისას.
იცოდა ხელის მოკიდება ჩემს ხელებზე და სუნთქვა მოკუმშული ფილტვებით. სულ უფრო მეტად იკავებდა სუნთქვას მეტი ეფექტისთვის. მერე ქშინავდა.

იმ დღეს ეთერული ცრემლებით ტიროდა.
მე კი მის გახდილ კაბას ვკბენდი შორიდან, სიმწრისგან, შურისგან.
იმ დღეს ორად გაყოფილი ენა ჰქონდა. ყვირილის დროს შევამჩნიე.
შემეშინდა, რომ აქამდე – ვერ.
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ალერსის დროს მის ხმას ექო ჰქონდა.
პირველი ენით მე მესაუბრებოდა, მეორეთი – დანარჩენებს.
თუმცა ყველა ჩვენთაგანს იმ პირველი ენის ილუზია ჰქონდა.

იმ დღეს ქუჩაში დავიძინეთ. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავისუფალი ხიდის ქვეშეთის შოვნა.
ვფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც ხმამაღლა არასდროს გითქვამსო.
დავფიქრდი და მეც დავიწყე მათი გახსენება.
”ისეთი სიტყვები არ ითვლება, რომლებიც არ გაქვს გაგონილი. აი, რომ იცი, მაგრამ არასდროს გითქვამს, მაინტერესებს შენი მეხსიერება.”
როცა შემატყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვიხსენებდი, გახსენების დროს მოგონება შუა პერიოდიდან დაიწყე და ახლა ალბათ რამდენჯერმე ჩახვედი და ამოხვედი ქვეშეთშიო. ქვეშეთს ბავშვობას ეძახდა.
–        იცოცხლებს?
–        ცოცხალია? – ვსაუბრობდით პროფესიაზე და ქმარზე:
– რას ამბობენ, რისგან მოკვდაო?
ყოველ ჯერზე ის ახალი ზღაპრებით აძინებდა ბავშვს:
„მე ის შვილი ვარ შენ რომ წაგცდა შემთხვევით.
გამარჯობა კაენ! შენ – ჩემი ნახევარძმა.“
ერთხელ მოიღუშა და გამიღიმა:
„და ევა – შენ, ჩემი ქმრის ცოლი.“
მოვიფხანე თავი, როგორც ბავშვობის აკვიატებული ჩვევა და წავედი.
ამით მიხვდა, რომ ლილიტი და ევა ერთიდაიგივეა.

”ცოცხალი აღარაა, ჩვენ არაფერი გვაერთიანებს”, – ვუთხარი და ბოლო ქვითარი დავუტოვე მაგიდას.
ის კი ხალხთან მიცუცდებოდა და ძაძებიან ცხოვრებაზე ისტორიებს ყვებოდა:
”როგორც ჩემზე დაწერილ პოემაშია, თქვენს შვილებს როგორ სიყვარულსაც აუკრძალავდით, მე ისეთი სიყვარული ვიცი”.

ბიოპანკი ლიტერატურაში

სამეცნიერო ფანტასტიკას ის მიზანიც აქვს, ნებისმიერი ფანტაზია მეცნიერულად გაამართლოს. კონკრეტულად ბიოპანკის შემთხვევაში თვალს ვადევნებთ მიწისქვეშეთის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს. ბიოპანკი ეს ამბავია გენურ ინჟინერიასა და ბიოლოგიურ ძიებებზე. მოვლენების სათანადო განვითარებისას ზოგჯერ შედის საშინელებათა ჟანრში. მაგალითად ნაჩვენებია, მეცნიერთა ხელში ადამიანთა სასურველად გადაკეთების, კლონირების ვერსიები, როგორ ქმნიან მოძალადე მუტანტს. ან მიმართავს საერთაშორისო პოლიტიკას, როცა ატომურ იარაღზე საშიში ხელოვნურად გამოწვეული დაავადებებია. ის მოედება არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიას, არამედ მის ფარგლებს გარეთ გავა. ცდილობენ გენური ინჟინერია გამოიყენონ, რათა დაბადებული ადამიანები მონაცემებით თავიდანვე იყვნენ დაგეგმარებულნი. (გათაკა.1997) ამ დროს მწერალი უნდა ერკვეოდეს ბიოტექნოლოგიებში, თანამედროვე ბიოლოგიის მიღწევებში.

ბიოპანკი სამ. ფანტასტიკის მიმართულებებში ჩემთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც სურვილი,  ვფლობდე, პირველ რიგში, საკუთარ თუ სხვათა სხეულს. მისი მეშვეობით, ათეიზმს ადამიანის ეგოცენტრულობა ენაცვლება და საკუთარ თავს ზილავს თიხის ”ნავაროჩენი” ვარიანტისგან სასურველი ფორმის მისაღებად. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრს შორის კი ის განსხვავებაა, რომ ამ უკანასკნელში პარანორმალური სხეულები ნატურალური მოვლენაა, პირველში კი აღწერილია გზა, ხელოვნურად თუ როგორ მივიღოთ ის. ეს ისე, შესავლისთვის. ამჯერად კი ჩემი ბიოპანკის ბიბლიოთეკიდან სამ ძირითად თემაზე გავამახვილებ ყურადღებას:

  1. პლასტიკური ქირურგიის პლიუს-მინუსებზე, ანუ იდეალური სილამაზითა და მის შესაბამისად სიმშვიდით  განთქმულ სამყაროზე;
  2. კლონირების პრობლემაზე ანუ რამდენად არის ფიზიკური სხეულის იდენტურობა გონებისთვის გადამწყვეტი;
  3. დესტრუქციასა და გენეზისზე.

”მახინჯები” სკოტ უესტერფილდის ავტორობით დაწერილი ახალგაზრდული რომანია, ფანტასტიკის ჟანრს რომ მიეკუთვნება და იმავე მწერლისგან სერიებსაც ქმნის. ეს წიგნები ერთად რომ ავთქვიფოთ, მოქმედება ანტიუტოპიურ მომავალში მიმდინარეობს. რომანის მთავარი, ფუტურისტულ ქალაქში მცხოვრები პერსონაჟი, 15 წლის ტელი იანგბლადია, რომელიც ხელსაყრელ ასაკს ელოდება პლასტიკური ქირურგიის წყალობით სხეული რომ გაილამაზოს. სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს ლამაზია. შეიძლება იმიტომ, რომ 16 წლის ასაკიდან პლასტიკური ქირურგია მასისთვის ხელმისაწვდომი და პოპულარულია. ამაზე კი ცნობილი ფრაზა მახსენდება: ”ყველა ქალი ლამაზია, მადლობა ფოტოშოპს”.

მაგრამ დედამიწა დაჟანგდა. მეტსახელიც შეურჩიეს: ”ჟანგიანი მსოფლიო”. ადამიანებმა იმდენი მეტალი გამოიყენეს, რომ მიწა წახდა და დაჟანგდა. ნივთიერებათა ცვლა მოხდა, ოქსიგენებთან რაღაც (არ მახსოვს) შეერთო და აალდა. სამაგიეროდ, ყველა ლამაზი და სუპერმოდელია. არიოლის მანათობელი ეფექტი (halo effect) კი ძალადობას ამცირებს. თანასწორობის შემთხვევაში სილამაზე თავის მნიშვნელობას კარგავს, ეს ადგილია, სადაც არავინაა ლამაზი და არც არავინ მახინჯი, თანასწორობა კი საამურობის გარანტიაა. თან საამურობის მოთხოვნილება მათში იმდენად დიდია, რომ სათანადო შედეგებისთვის ტვინის უსარგებლო ქსოვილების განადგურება უწევთ. ამით ადამიანის სხეული საერთაშორისო პოლიტიკის მწარმოებლის როლში გვევლინება. ჩემი ფრაზაა, რომ ცხოვრება ფოტოაპარატს ჰგავს, სადაც სინათლე სიჩქარის პროპორციულია და პირიქით, ანუ სასურველი ფოტოს მისაღწევად სასურველი ფოტო უნდა დათმო. ვისაც კამერასთან ჰქონია შეხება, მიმიხვდება.

მაგრამ საკვანძო მომენტები სისტემასთან რამდენიმე აჯანყებული პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. თუ დაკვირვებიხართ, პლატონისეურად ყოველთვის გამოერევა ერთი-ორი ღვთისგან მოცემულ სიმახინჯეს ადამიანისგან შექმნილ სილამაზეზე მეტად რომ არჩევს. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი კითხვის მანძილზე მწერლის მორალი დამყვება, რომ მთავარია პერსონალური აზრები და არა გარეგნული ბრჭყვიალებები. ვიცი, რომ რომანის მიხედვით შარშან ფილმიც გადაიღეს. ისიც გავიგე, მწერალს მოზარდებისგან წერილები მისდიოდა, რომ დიეტას აღარ იცავდნენ და მკერდის ოპერაციებს აღარ იკეთებენ. <გადმოსაწერი ლინკი>

”არასდროს გამიშვა” კაზუო იშიგუროს ავტორობით შექმნილი ბიოლოგიურ მიღწევებზე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანტიუტოპიაა. სიუჟეტი კაცობრიობის გადარჩენისთვის შექმნილ ადამიანთა კლონებს ეხება და მოგვითხრობს ლაბორატორიაში აღზრდილ ბავშვებზე, რომელთა მომავალიც ორიგინალთა ჯანმრთელობით განისაზღვრება.

წიგნის ამოცანაა უარყოს ან დადგინდეს კლონთა იდენტურობა საკუთარ თავებთან, აქვთ თუ არა თავისუფალი ნება თუ ორიგინალთა ნაწილნი არიან და მათში სულის არსებობის შესაძლებლობა. ბუნდოვანია მიზანი ადამიანთა გადარჩენაა ავადმყოფობებისგან თუ კლონების გადარჩენაა ადამიანების გადარჩენისგან. მიზანი მიიღწევა არტ-ექსპერიმენტით, ანუ აღმზრდელები ცდილობენ გაიგონ, ბავშვებს რამდენად შეუძლიათ შექმნან დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშები.

კაზუო იშიგურო კი წიგნის იდეას წარმოგვიჩენს კლონთა ცხოვრების აღწერით: ბავშვობიდან დაწყებული, როდესაც ისინი პირველად აცნობიერებენ სამყაროს და უჩნდებათ ეჭვები და ემოციები, მოზარდული პრობლემების გავლით დონორობით დამთავრებული, როცა ორგანოების ტრანსპლატაციაზე მიდიან. სასიყვარულო სამკუთხედით შექმნილი სევდიანი ისტორიაა, თან ადამიანური და კლონური სიყვარულის დაპირისპირებით პარალელი ივლება ორ არსებულ სამყაროს შორის. <გადმოსაწერი ლინკი>

 პოსტმოდერნისტებისთვის ძველის დანგრევა და ახლის შენება, ეს მიდგომა აპოკალიფსური დრომოჭმული არსებობის და ახალ, ვირტუალურ, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლაა. სიცოცხლეზე, ნორმაა. სურთ გათავისუფლება დრომოჭმული არსებობისგან და ახალი, ვირტუალური, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლა. 

ოქტავია ბატლერის ტრილოგია ”ქსენოგენეზისი” ცდაა ახალი სამყაროს შექმნის. წიგნის თანახმად, კაცობრიობამ გაუთავებელი ომებით და ატომური იარაღებით გაინადგურა თავი. სიტუაცია კი ერთადერთი გადარჩენელი ქალის – ლილიტის, როგორც პირველსაწყისი ქალის – ირგვლივ მიმდინარეობს. მან ახალ რასას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. აქვს კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწას თავიანთი ექსპერიმენტებით ქმნიან. მანამდე კი ლილიტზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

თავად ტრილოგიის მხოლოდ პირველი ნაწილი წავიკითხე და მასვე ეხებოდა ჩემი სამაგისტრო თემაც. ჭორის დონეზე გავიგე, რომ ბოლო თავებში იუდას შობას ლილიტს აწერენ. ტრილოგიას სხვაგვარად ”ლილიტის გუნდსაც” ეძახიან. იგი სამი ნაწილისგან შედგება: ”დაბლა”, ”ყმაწვილობის წესები” და ”იმაგო”. მწერალი ერთგვარად ცდილობს ბუნებასთან დაბრუნების იდეა შემოგვაწოდოს. ამას ასრულებს დანგრეული ცხოვრების ჩვენებით და ალტერნატიული გზების მოძიებით თუ გამეორებით. ატაცებული აქვს რუსოს, ჰიპთა თეორიები. შავკანიანი მწერალია პოსტკოლონიურ პერიოდში. ამ დროს კი ამბობენ, ქრისტე შავია, პირველი ქალი შავია. ბედნიერ კითხვას გისურვებთ. <გადმოწერა>

მეფობა ჯოჯოხეთში

 იანვარში ერთი წიგნის კითხვა დავიწყე. ძველით ახალი წელი იყო და შეიძლება ითქვას, ჩემი მეკვლე გახდა, რამდენადაც მეკვლეობა შეუძლიათ წიგნებს. ამიტომ მივაგებ პატივს და ანოტაციას მოგიყვებით:

          წიგნი პოსტმოდერნისტულ ხანას მიეკუთვნება, ამიტომაც სიკვდილ სიცოცხლის საკითხს ”ექშენის” ეფექტი დაერთო.

     სტივენ ბრუს ნოველა “მეფობა ჯოჯოხეთში” დაიწერა 1984 წელს. ჯონ მილტონის “დაკარგული სამოთხის” გავლენით. იწყება სამოთხის აღწერით, რომელიც ოთხი განზომილებისგან შედგება, გარს კი აკვრია კედლები, ქაოსისგან რომ იცავს. განხილულია პერიოდი დედამიწის შექმნამდე. ლუციფერი მარცხნივ ზის ტახტზე ლილიტთან, თავის მეუღლესთან, ერთად, რომელიც თავის მხრივ ადრე სატანაზე იყო შეყვარებული. სატანა კი ლუციფერზე ორი საფეხურით მაღლა დგას.

        რომანში ათასობით ანგელოზი კვდება ახალი სამოთხის (დედამიწის) აგების გამო. საქმე იმაშია, რომ დედამიწის შექმნისთვის ადამიანები სამოთხის გარეთ უნდა გავიდნენ, სადაც ქაოსია და ესაა მათი სიკვდილის მიზეზიც. ანგელოზები ჰონორარს, ყურადღებას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ეჭვიანობენ ახალ სამყაროზე.

       როგორც პოსტმოდერნისტები თვლიან, მოდერნული ხელოვნების პოსტმოდერნული პერსპექტივა არა უკიდურესობა, არამედ უკიდურესი წერტილების ურთიერთდაკავშირებაა, რისთვისაც ინტერპრეტაციის საერთო სტანდარტები გამოიმუშავება. რომანში კი ჯოჯოხეთისა და სამოთხის უკიდურესი წერტილი აღმოჩენით დედამიწა მიიღება.

         მალე განხეთქილება ხდება ანგელოზთა შორის. ზოგი აპირებს სამოთხიდან გაპარვას. კედლებს ანგრევენ, რომლებიც ისეა მოწყობილი, რომ დანგრევა შეუძლებელია. დაზიანების შემთხვევაში, მთელდება. განხეთქილება ანგელოზებისა და დემონების გაყოფად სრულდება. ლუციფერი მარცხდება და სამოთხიდან გარბის. ასე იქმნება ახალი განზომილება – ჯოჯოხეთი.

        რომანში წამოყენებულია რამდენიმე საკითხი, მაგალითად, აქვთ ანგელოზებს თავისუფალი არჩევნის ნება თუ შუღლის ჩამოგდება პროვოკაციის ნაწილია? თუ აქვთ არჩევნის საშუალება, ადამიანები რატომღა არიან საჭირონი და საინტერესონი?

       ავტორმა პასუხის გასაცემად მოგვაწოდა სამყაროს თავისებური აღქმა, იერარქიებიც კი სუბიექტურად აქვს განაწილებული.

       დედამიწის შექმნა რომანის ქვაკუთხედია, რომლის ფონადაც მიმდინარეობს მოქმედება. მისი მშენებლობის ჩვენებით ავტორი მის ფუნქციას გადმოგვცემს.

    რომანი გადატვირთულია დიალოგებით და ფილმის სცენარს წააგავს. შინაარსი გაუგებარად მიმდინარეობს ზედმეტი ფანტასტიკური სიუჟეტების შემოტანით და პოსტმოდერნისტული ქაოსის შექმნით. სამოთხის გარეთ არსებული ქაოსის ჩვენება არის თანამედროვე კოსმოსიდან ქაოსის სურვილის გაჩენის ამსახველი.

     ნეტა, როგორი ფეხი ექნება?!

ოქროს საწმისი და ცნობიერების ხე

 

გიფიქრიათ ლილიტისა და ადამის მედეასა და იასონთან დაკავშირება?
რაც უფრო ხშირად ვეცნობი ნაწერებს მითების ერთმანეთისგან წარმომავლობაზე , – მით უფრო ხშირად.
წარმოიდგინე, ბაღი უამრავი ხილით, მოჩხრიალე ნაკადულით. ცენტრში აღმართული ხით, მასზე შემოხვეული გველით. ხემ ვაშლი გამოიღო ან ტოტზე კიდია ცხვრის ტყავი. ეს სამოთხეა ან კოლხეთი. რაღას არ ფიქრობენ, რა იყო აკრძალული ხილი.
თვლიან, რომ ბაღში არა ოქროს ვაშლები, არამედ ოქროს ცხვრები იმყოფებოდნენ. მეტიც, ეს ორი სიტყვა ერთნაირად იწერება. ეს ვარიანტი სამოთხის მითს უახლოვებს კოლხეთის ბაღს, სადაც გველი იცავს ხეს. ხეზე ცხვარი კიდია.
ცხვარი პირველი ცხოველია, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა. მის საწმისს ინახავდნენ იმიტომ, რომ ჰქონოდათ წმინდა რელიქვია, რომელიც თავისთავში შეიცავდა ღვთაებრივი არსების ნაწილს.
ბერძენ და რომაელ ავტორებს კოლხეთი და იბერია მიაჩნდათ ქვეყანად, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია სწავლება შხამებზე, საწამლავებზე, რამაც შემდგომი განვითარება ჰპოვა. კოლხური მედიცინა კი მსოფლიო მედიცინის დასაბამი იყო.
შტაინერმა რომ დაწერა კაცობრიობის განვითარების გზაზე, მის მიხედვით, მითი არგონავტებზე აგვიღწერს მესამე რასიდან მეოთხე კულტურულ პერიოდზე გადასვლას. გადასვლა იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო კულტურის მანამდე ერთიანი ნაკადი ორად გაიყო: მისტერიათა სიბრძნედ და გარეგნულ განსჯით მეცნიერებად. ანუ ჯერ ადამიანი იყო მხოლოდ ინსტინქტებით, მერე მახსოვრება გაუჩნდა და ბოლოს განსჯის უნარი (ცუდისა და კარგის გარჩევის, საამაყოსა და სასირცხვილოს და სხვ.). სწორედ ეს მოხდა სამოთხეში ვაშლის მიღებისას.
ამბობენ, რომ სიყვარულსა და შემეცნებას ადრე ადამიანი ერთიანად აღიქვამდა ანუ პირველად სიბრძნეს ფლობდა. ვერძი სიყვარულისაა და შემეცნების სიმბოლო იყო. მისტერიათა სიბრძნე კი სიყვარულს უკავშირდება. ეს იმგვარი სიბრძნეა, რომელიც ნებათაგან ვერ მიიღწევა. კამასეულ ძალთაგან განწმენდის გარეშე. განსჯითი მეცნიერება კი მისგან განწმენდის გარეშეც მიიღწევაო.
იმასაც ამბობენ, პირველად იყო მითი და როცა აღარაფერი იქნება, მითი დარჩებაო. ვიმკითხავებთ: არსებობს? – არ არსებობს? არსებობს? – არ არსებობს? მე ბლოგი მაქვს, სოციალური ქსელები და სხვა. რამე დარჩება ჩემი არსებობის დამამტკიცებლად. მითად დარჩენა გამიჭირდება. მოსაწყენია. სიკვდილამდე მოვიფიქრებ რამეს.

როდის ყოფილა აქამომდე?!

იყო და არა იყო რა, ღმერთმა ხატად თვისა ადამი და ლილიტი შექმნა. მათ ჰქონდათ ვნებიანი ცხოვრება, სანამ ადამმა ცოლს ღმერთთან არ უღალატა. ჰო, უღალატა, მანამდე სამივე ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. ადამი თამაშობდა ცხოველებთან, ლილიტი კი ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა. ქალი ცნობიერებას რომ ეგებოდა, ადამს ის მეტად მოსწონდა, ღმერთი შეშფოთდა. დაიბარა ადამი და უთხრა: ჩემზე სალოცავად დრო აღარ გაქვს, ცოლს შენ უნდა იქვემდებარებდე, ყურადღებას აქცევდეო. წამოვიდა ადამი და ცოლს ეკამათა. კამათი ჩიხში მაშინ შევიდა, როცა მას სექსში დომინანტობა აუკრძალა. ლილიტმა ადამი სხვის ჭკუაზე მოარულ სუსტ კაცად ჩათვალა და ცხრა მთისა და ზღვის იქით გაფრინდა.

-მეტის წაკითხვა->