ლავკრაფტის “აზათოტი” (თარგმანი)

260cc9f51ec1b2768145552f8cde3960

როდესაც სამყარო ხანში იმდენად შევიდა, რომ ადამიანები მისით აღარ აღფრთოვანდებოდნენ, როცა სერმა ქალაქებმა ისეთი ცათამბრჯენები აღმართეს, ჩრდილში რომ აღარავინ იოცნებებდა მზესა თუ გაზაფხულის ყვავილოვან მდელოზე; როდესაც ადამიანებმა დაიზეპირეს დედამიწა მანტიის გარეშე და პოეტები აღარ უგალობდნენ თავიანთი დანისლული თვალებით; როცა ბავშვური ოცნებები წარსულს ჩაბარდა, აი, მაშინ გამოჩნდა მოგზაური, რომელიც ოცნებების საძებრად ცხოვრებიდან გავიდა.

ცოტაა დაწერილი ამ კაცის ვინაობასა და საცხოვრებლის შესახებ, ვინაიდან მათი სამყარო ეს-ესაა პირველ ნაბიჯებს დგამდა და ამბები ბინდით იყო მოცული. ვიცით, რომ ცათამბრჯენიან ქალაქში ცხოვრობდა, სადაც ჩრდილი და ალიაქოთი სუფევდა. ხოლო საღამოობით შინ დაბრუნებული ფანჯრიდან გაშლილი მდელოების ნაცვლად სხვა ფანჯრებს უყურებდა. თუმცა შეიძლებოდა, თუ რაფაზე ძალიან გადაიწეოდა ცაზე პატარა ვარსკვლავებიც დაენახა.

კედლებსა და ფანჯრებს ხომ იმ ადამიანის ჭკუიდან შეშლა შეუძლიათ, რომელიც ძალიან ბევრს კითხულობს და ოცნებობს, ამიტომ ამ ოთახის მკვიდრი ფანჯრიდან გადაწევას შეეჩვია, რათა გამოფხიზლებული სამყაროდან არაამქვეყნიურის ნაწილი დაენახა. დროთა განმავლობაში ნელა მოცურავე ვარსკვლავებისთვის სახელების დარქმევა და მათი გაცილება დაიწყო, იქამდე სანამ თვალი არ აეხილა, შესაძლებლობები არ გაეშალა, ის საიდუმლო არ აღმოაჩინა, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. ერთხელაც ზეცის ძლიერი მორევი ხიდად ჩამოეშვა, ჰაერს შეერია და მარტოსული მეთვალყურე შთანთქა. ასე აქცია ზეცამ მეოცნებე თავისი საოცნებო ქვეყნის ნაწილად.

ოთახში შუაღამის იისფერი ელვარება იდგა, რომელსაც ოქროსფერი მტვერი ერტყა, ცეცხლივით გიზგიზებდა არაამქვეყნიური სურნელით. ნარკოტიკის ოკეანეები მზეებში ღელავდნენ, რომელთა შესახებ ხალხმა არ იცოდა და რომლის მორევებშიც უცნაური დელფინები და ზღვის ნიმფები დაცურავდნენ. ჩუმმა და უსასრულო სივრცემ მეოცნებე ისე წაიყვანა, მის ტანს არ შეხებია. იმ ტანს, რომელიც მარტოსული ფანჯრიდან გახევებით სწავლობდა. ამ ამბის მერე იმდენი დრო გავიდა, ადამიანის კალენდარი ვერ აღრიცხავდა, მაგრამ მეოცნებე შორეული სფეროდან მომავალ ტალღებს ოცნებისკენ მიჰყავდათ, იმ ოცნებებისკენ, რომელიც კაცობრიობამ დიდი ხანია დაივიწყა. არავინ იცის დროის რამდენი ციკლი მიუშვეს წოლილიყო მზის მწვანე სანაპიროზე, წითელ ვარსკვლავებიან ყვავილებთან ერთად.

images (3)

ლავკრაფტის “მეხსიერება”

01-510x710

                                                                      (თარგმანი)

ღამ-ღამობით ნის ხეობას ნარსი მთვარისგან გაჩხიკული სინათლე ადგება, რომელიც ვეებერთელა ანჩრის მკვდარი ფოთლების გავლით უნაყოფო ბილიკს კვეთს. ხეობის შიგნით, სადაც ნათელი აღარ ატანს, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჩანს. სასახლის ნანგრევებზე, გატეხილ სვეტებსა და უცნაურ მონოლითებს შორის, დაწყევლილი ვაზი და სხვა მცოცავი მცენარეები ბობღავენ. ერთ დროს ხელებმა რომ გააწვინეს ახლა მარმარილოს მოზაიკებზე მაღლა იწევიან. მაიმუნები იმ უზარმაზარ ხეებზე ხტუნაობენ, სასახლის ეზოში რომ იხრწნებიან, სანამ მიწაში დამალულ განძზე გველები და სხვა უსახელოები დაძრწიან. სივრცე რიყიანია და ნესტიანი ხავსით მოცული, სადაც ნაცრისფერი გომბეშოები საცხოვრებელს იშენებენ.

ხეობის ბოლოს გაწოლილია მდინარე ადრიანი, ჯაგლაგითა და შლამიანი წყლებით. თვალს მიფარებული ნაკადულიდან იღებს სათავეს და მიწისქვეშა მღვიმეებში ჩაედინება. ხეობის დემონმაც კი არ იცის მისი საზღვრები ან რატომაა ეს მდინარე ასეთი წითელი.

ჭინკა, რომელიც მთვარის შუქში ბინადრობს, დემონს ეუბნება: “ძალიან მოხუცი ვარ, აღარც კი მახსოვს ეს შენობა ვინ ააშენა, მიამბე მათი შესაქმის შესახებ, როგორ გამოიყურებოდნენ და გამანდე მათი სახელი”. დემონი პასუხობს: “თავად მეხსიერება ვარ და ბრძენი წარსულის ცოდნაში, მაგრამ იმდენად მოხუციც რომ ყველაფერი არ მახსოვდეს. ისინი გაუგებრობით ამ მდინარე ადრიანს გვანდნენ. აღარ მახსოვს მათი ცხოვრება, ალბათ ცოტა ხანი გაგრძელდა. მათ გარეგნობასაც ბუნდოვნად ვიხსენებ, მგონი ამ ტოტებზე მოხტუნავე მაიმუნებს წააგავდნენ რაღაცით. მე კარგად მხოლოდ ის მახსოვს რა ერქვათ, შეიძლება იმიტომ, რომ ამ მდინარის სახელივით წარმოითქმის: ადამიანი.”

ჭინკა მკრთალი მთვარისკენ გაფრინდა, ხოლო დემონი კიდევ დიდხანს უყურებდა როგორ ირწეოდა პატარა მაიმუნი იმ უზარმაზარ ხეებზე, სასახლის ეზოში რომ იხრწნებოდა.

nis_illustr_flatmemory__h_p__lovecraft_by_khalfrodod-d6s68gl