როდესაც ჭეშმარიტი ინგლისელი სასუფეველში ხვდება, ჩაის სთავაზობენ. ასე იწყებენ საუბარს საფლავებიდან კიბერ ადამიანებად აღდგომის შესახებ. ვინჩესტერები ხომ ჯიუტები და გაბედულები არიან, კლარკ კენტი მეტროპოლისიდან ისეთი ძლიერია, მაგრამ გმირები ხომ გამუდმებით წუწუნებენ პირადი ცხოვრების გაქრობის შესახებ გლობალური მიზნებისთვის, ამიტომ მაოცნებებს ექიმი გალიფრეიდან: მიხაროდეს, რომ სინდისი მქენჯნის, ჯოჯოხეთურად მეშინიაო. ამიტომ ეს მან უნდა დაიცვას სამყარო მოსიარულე მკვდრებისგან ტრაუმის გარეშე. ოჰ, ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გალიფრეელი მოხუცი კაპალდი და მისი პოლიციის ჯიხური.
ინგლისი ცდილობს გამოვიდეს შექსპირული მონოლოგებიდან და თეატრი კინოს მოარიდოს. ამიტომაც აქციეს მეთ სმითი ბრიტანულ დუტა სხირტლაძედ და რა გადაცემა აღარ წააყვანინეს. ბოლოს გადიდგულდა და ჰოლივუდში მივდივარო. ახალ ექიმად კი შოტლანდიელი პიტერ კაპალდი მიიწვიეს. ადამიანი, რომელიც ექიმობაზე იმდენად ოცნებობდა, რომ თეატრალურზე ჩააბარა: ჯერ კიდევ სამოციან წლებში, 8 წლის კაპალდი სახრახნისით დარბოდა და ამბობდა, ერთხელაც მეc ვიმოგზაურებ დროსა და სივრცეშიო, – ბიბისიმ ძველი ჟურნალებიდან ამოქექა პატარა კაპალდის ღია წერილი. წამოდი, ოცნება ავუხდინოთო და დაურეკა: – ექიმს სთხოვეთ? კაპალდიმ: – ვინ ექიმს?
ვიცი, რომ მთვარე არაა უბრალო თანამგზავრი, გალაკტიკურმა დრაკონმა დადო, საიდანაც მალე მთვარის ბავშვი გამოიჩეკება. ვიცი გალიფრეის დამწერლობა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით იხაზება წრეზე. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია რთული შეწყობილი წინადადებები ციფერბლატებზე. ვიცი, რომ ჩახუტება მაშინ უნდა მიყვარდეს, როცა სახე უნდა დავმალო. ვიცი, რომ კიბერ ადამიანებს ემოციები არ აქვთ, მაგრამ სიყვარული მაინც შეუძლიათ. იმიტომ, რომ.. ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ სიყვარული ემოციაა, იგი პირობაა. ეს კი იმდენად საჩემოა, რამდენადაც გადაყვარების არ მწამს. მეც მეყვარება მოხუცი გალიფრეიდან ხმოვანი სახრახნისითა და უკიდეგანო ზღვისფერი ჯიხურით, ვინც კი ოდესმე მყვარებია, თუნდაც ბრიტანულ სასუფეველში მოვხვდე უემოციო კიბერ ადამიანად.
Tag Archives: კიბერნეტიკა
ტეტრისი
ერთი ჩანაწერი მაინც უნდა მქონდეს ტეტრისზე.
მთელი სამსახური თავისუფალ დროს რომ ვთამაშობთ, რუსული ხალხური მელოდიებით, დომინოს, ტეტრამინოსა თუ პენტამინოს ფიგურებით. ერთ დროს საბჭოთა კავშირის აკადემიამ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისას რომ გამოიგონა ს.ვ. გოლომბის “პოლიმონოს” გავლენით. ეს ფსიქოლოგიური ფიგურების პროექტი შემდეგ მაიკროსოფტმა შეიძინა და მასამდე ასე მოიტანა. ამჯერად, კი არ ვთამაშობ, ვკითხულობ.
თურმე იმ დღეს, როცა ჩემი კომპიუტერი გახდა რვა წლის, ზოდიაქოთი ტყუპები ტეტრისი 29 წლის გახდა. მამამისი პაჟიტნოვი მეტად რუტინის მოყვარული ადამიანი გახლდათ, რომელიც თვლიდა, რომ სისტემატიზირება ცოდნის დედაა და ის iq-ს მიხედვით უნდა ითამაშონ.
შეუძლებელია ველოსიპედის ტარება დაივიწყო და ტეტრისის. ეს კი ჩემთვის იმდენად ყოველდღიური სავარჯიშოა, საღამოს ჩაისთან კროსვორდის შევსების მსგავსი, ახლად გაცნობილ მეგობარებს სავარაუდო iq-ს მიხედვით დონეს ვურჩევ და ვცდი. ტეტრისმა ისეთ ხალხზე ამიცრუა გული, არ მოველოდი. ასეთი სნობი ვარ: ვერც უგრამატიკო ადამიანებთან ვძლებ დიდხანს.
ექიმი ფრიმენის ტვინში, მაშინიმა როგორც ჟანრი
კვირა ფრიმენის ტვინში გავატარე ანუ “კიბერ გეიმში” <half life 1>. იმ ასაკში ვარ, კომპიუტერული თამაშები და მე ერთად რომ ვიბადებოდით, ვვითარდებოდით და ერთად ბევრი გასახსენებელიც გვაქვს. მეოცნებე ბავშვი ვიყავი და სულ მაინტერესებდა რას აკეთებდნენ პერსონაჟები გამორთულ მდგომარეობაში, ამიტომ ისტორია გამოვუგონე მონიტორში ჩარჩენილ დედა-შვილზე, მოკაკვულები რომ სხედან და ცდილობენ ჯოისტიკის კნოპკებს დაამთხვიონ ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურების აქტივი. სასაცილო ბავშვი ვიყავი, აპარატში პურის ნამცეცებს ვყრიდი, რომ მოშივდეთ ჭამონ მეთქი, – ეს იყო ჩემი თამაში, არა თამაში ჯოისტიკიდან მონიტორზე, არამედ ჩემი მიმართება აპარატთან. მერე სკოლაში შევედი.
გორდნონ ფრიმენი სიეტლში დაიბადა, ვაშინგტონის შტატში. მისი კუმირები იყვნენ ეინშტეინი, ჰოკინგი და ფეინმენი. 90-იანების ბოლოს მასაჩუსეტის ინსტიტუტის სამეცნიერო დოქტორის ხარისხი აიღო შრომით Einstein-Podolsky-Rosen Entanglement on Supraquantum Structures by Induction Through Nonlinear Transuranic Crystal of Extremely Long Wavelength (ELW) Pulse from Mode-Locked Source Array (თავად თარგმნე). ცხოვრების დიდი ნაწილი საკუთარი ცოდნის რეალიზებას ვერ ახერხებდა, სანამ მისი გონება მსხვილმა “შავმა მესამ” არ იყიდა ტელეპორტაციის შესასწავლად. ამ დროს ექიმმა გორდონმა განაცხადა:
“ლაბორატორია მიწის ქვეშ?
ბოროტი მეცნიერი ხომ არა ვარ?!
სულ მინდოდა ბოროტი მეცნიერი ვყოფილიყავი.
ჰაჰაჰჰაჰჰაჰჰააჰჰ”.
გორდონ ფრიმენი თამაშის <half life> ცნობილი პერსონაჟია, სახასიათო წვერითა და ოთხკუთხედი სათვალით. მის პერსონას სხვა თამაშებიც, და არა მარტო, რომანები და ფილმებიც იყენებენ. რითია ექიმი ფრიმენი განსხვავებული? არაფრით, უბრალოდ ტრადიციული ბოევიკური გმირის თარგად იქცა.
თამაში დაყრდნობილია უცხო პლანეტელთა იერარქიების მითებზე და აწყობილია ტვინის სხუელის სხვა ნაწილებში გადასვლის ლაბირინთებზე, ასევე გამოყენებულია კიბერნეტიკული თავსატეხები და ტელეპორტაციის გზა არტიფაქტის – კრისტალის მეშვეობით, მატერიის სხვა სამყაროებში გადასვლის შესაძლებლობებზე. ექიმი გორდონი ფილმის პერსონაჟი არ არის, გაჭირვებულებს ეხმარებოდეს ან დაჭრილებთან ჩერდებოდეს პირველადი დახმარების გამოსაჩენად, ბოევიკური თამაშის გმირია და როგორც ამგვარ თამაშებში ხდება, ემოციებ მოშორებული გმირია დაპროგრამებული მიზნისკენ რომ იბრძვის:
“მე არ მინდა რომ მე მოვკვდე, მინდა ჩემ მაგივრად სხვები კვდებოდნენ”.
მაგრამ ცინიზმი იმაშია, რომ თამაშის ბოლოს სიტუაცია ისე შეტრიალდეს, პერსონაჟის თვალწინ მრწამსი დაინგრეს, ნალოდინევი მიზანი ინდივიდუალურმა შეცვალოს.
ეს გადასვლა როს სკოტმა თავის “გეიმ სერიალში” გამოიყენა. მაშინიმა ფილმები, შეიძლება ითქვას ცალკე ჟანრია, შექმნილი რომ არის კომპ. თამაშების მიხედვით. მისი გამოყენებით როს სკოტმა დაამზადა სერიალი <Freeman’s mind>, სადაც ნაჩვენებია თამაშის ფონზე მყოფი პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობა.:
“ღმერთო, მე ისინი მოვკალი, იმედია “ესჰოულები” მაინც იყვნენ”.
ტყვიათა ეპიცენტრში როცა გარბოდა, ფრიმენმა იხუმრა: “სიცრუის დეტექტორზე რომ შემაერთონ და მკითხონ: прагуливал ли я на работе? – ვეტყვი, რომ არა, მაგრამ მერე ეს მდგომარეობა გამახსენდება, შემეშინდება და დეტექტორი წითელს ამინთებს. ვინ-ღა დამიჯერებს”.
“რა მაგარი იქნებოდა ოთხი ხელი რომ მქონდეს, როგორც შივას აქვს.”
“დღეს იმას გავაკეთებ, რისი გაკეთებაც სკოლაში არ შემეძლო.”
“მეცნიერება ერთხელაც მადლობას მეტყვის,” – და სხვა.
იმასაც ამბობენ, ჰიუ ლორის ერთი პერსონაჟი ძველი ნაცადი ფრიმენის ტიპისგან გამოძერწერს, ორი “ხალასწიაკი” ექიმი დაწიწკნილი ნერვებით. თამაშის მიხედვით, გასახდელის კარადაში თუ შევიხედავთ, გორდონს ვაჟი ჰყავს მიშინიმას სერიებისგან განსხვავებით. აი, სულ ვიცოდი, რომ კიბერ გმირებს აზრები ჰქონდათ, ციფრული, მაგრამ მაინც.
კიბერნაბიჭვრები
ადრეც დავწერე, ბებერი გოგონას მსგავსად ცამდე კოშკში გამომწყვდეული რომაა და კენტავრს ელოდება, ფანჯარასთან ვიჯექი და მფრინავ თეფშზე ამხედრებულ უცხოპლანეტელს ვეძებდი. იქნება ჩემი სახლის სახურავზე ჩამოვარდნილიყო, მარტო მე რომ მცოდნოდა მისი არსებობა, უმზეო დღეები, როგორც კოსმიური სივრცის ანალოგია, ერთად გადაგვეტანა და თაფლობის თვე მის დედულეთში, ცხრა ხვრელის იქით, გაურკვევლობაში გაგვეტარებინა. მერე სიმსი ვითამაშე.
“დაბურულ მინაში თვალები არ ჩანს, ანუ არ ჩანს, რომ ადამიანი ჭკუიდან იშლება და შეიძლება საშიში გახდეს. ეს მეოცნებე ადამიანის სიმბოლოა, მზეს რომ უყურებს”, – ბრიუს სტერლინგი.
კიბერპანკში სიუჟეტი ხშირად მომავალში ვითარდება ან სხვა პლანეტაზე. ყოველ შემთხვევაში, ვირტუალური სივრცე ის დრო და ადგილია, სადაც მდიდარისა და ღარიბის გაშუალება ხდება, კომუნისტურადაა მოკლებული ამ მხრივ რადიკალიზმს. თუ კოსმოსური პანკი ნაწილის (ადამიანის) ურთიერთობაა მთლიანთან (ღმერთთან) და პირიქით, ბიო პანკი მანძილია “ჰომო საპიენსიდან” “ჰომო სილიკონამდე” და მის მერე, ხოლო ფენტეზისგან განსხვავებით კიბერპანკი უფრო პესიმისტურია, და თუ ანტიუტოპია ზეგინდელი დღის აღწერაა, კიბერპანკის არე ხვალინდელი დღეა.
უცხოპლანეტელთა როლი თანამედროვე კულტურაში მეთქი და უცხოპლანეტელებმა პირამიდები კი არა, ადამიანები ააშენესო. მეტიც, თუ მოდერნიზმმა ქრისტე პოლიტ. დევნილად აქცია, ვისი სასწაულებიც სიმბოლური ხასიათისაა და პოლიტ. მანიფესტებს წარმოადგენს, პოსტმოდერნმა პლანეტა იქსიდან ჩამოსულ განვითარებულ ზეკაცად მოგვივლინა. ესეც პოლიტ. შეხედულების გამო, დედამიწამ გლობალურად რომ ვიგრძნოთ თავი. მერე ტიტანიკი შეეჯახა ამერიკის გზაზე აისბერგს, რითიც ეროვნება დასაკარგი თაობა სულ წყალში ჩაყარა და დაღუპა.
ერთი თეორიტიკოსის არ იყოს, სექსუალურად გათავისუფლებული ფროიდიზმის თაობა მეტი სექსუალურობისა და ნაკლები რეპროდუქციის იდეით, პოსტ პოსტმოდერნიზმში ნაკლები სექსით მეტი წარმოების კლონირებულ ოცნებად იქცა. პორნოინდუსტრიული, ხშირი სტრიპრიზული სექსის სიმულაციით შინაარსი დაკარგა და გაქრა.
შუა საუკუნეებში თუ სხეული ნეო არისტოტელური ჯანსაღი თუ ავადმყოფი სულის მეტაფორა იყო, მოდერნიზმმა სქესის მეტაფორად აღიქვა. აღქმის ლოგიკურმა განვითარებამ კი კულტურაში მეტასტაზებისა და მექანიზაციის, ამბივალენტური პროცესების გაერთიანებად წარმოადგინა. შედეგად მივიღეთ ჩაკეტილი სხეული, პიროვნებამ სხეული ღმერთად აიყვანა და გაასოციალურდა. როგორც მეტაფორები გაქრნენ სფეროებში, ტაბუს დაკარგვით სქესის შინაარსი გაქრა. ჯერ სოდომური სექსი დარჩა, მერე სიტუაციის ლოგიკური განვითარებით ისიც გამოვიდა ტაბუდან ანუ შინაარსი ამასაც მოაკლდა და დარჩა ტრანსსექსუალიზმი, როგორც სიღრმიური აზროვნების ახალი შინაარსი, სხეულის დაკარგვით იძენდე სხეულს. თავიდან ეს ბიო ფანტასტიკა იყო.
ერთი ავტორი გამოვიდა, ბავშვები ჯერ კომპიუტერს სწავლობენ და მერე თასმების შეკვრასო? კარგით რა, რა დროს სამ. ფანტაზიაა, როცა ნორმალურად, ერთ ქალაქზე თქვა, ტელეფონის ჯიხურებიც არ მუშაობენო. თუმცა პოსტთაობის ხიბლიც ამაშია, სამ. ფანტაზია იმდენად იყოს საინტერესო, რამდენადაც ხელოვნება აღარ ასახავდეს რეალობას, არამედ, რეალობა ხელოვნებას აქეთ ბაძავდეს. იმდენად საინტერესო, რამდენადაც სამ. ფანტაზიამ ბოჰემურობა გააქრო. მატრიცის ცალი აბის მიღებივით უკან აღარ გაბრუნებს, – “თუ სიზმარი რეალურია, მაშინ ის რეალობას ასახავს, მაგრამ თუ რეალობაა სიზმარი, ე.ი. მკვდარი ხარ”.
შეიძლება დასახელდეს რიცხვი რამდენს გვინდა მოვესწროთ, სანამ ცოცხლები ვართ, იქნება ეს ხელოვნური კუნთები, რომლებიც ტონა მანქანებს ცალი ხელით აგვაწევინებს, რენდგენის მასალით დამზადებული ლინზები, რომლებიც კედლის იქით და ერთმანეთში ჩაგვახედინებს თუ სოციალური ქსელი სადაც ომის წარმოებას შევძლებთ: უპილოტო ვერთმფრენების არ იყოს, “უპილოტო ჯარისკაც-რობოტები” ქუჩებში რომ ივლიან და ჯარში მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამებს ვისწავლით, როგორ ვმართოთ გვერდით ოთახსა თუ ქვეყანაში მცხოვრების მოსაკლავად რობოტი, რომელიც ასევე ზის და ღილაკებით გებრძვის. იდეების დასაცავად ბრძოლის გაჩენას იდეებით ბრძოლა მოჰყვა. ასეთი ფანტასტიკა კი ფაქტი მალე ხდება, ემოციად დროში ვერ ცოცხლობს.
თავიდან მერი შელი იყო, ბაირონთან და სხვებთან ნიძლავით სამ. ფანტაზია რომ შექმნა, 80-იან წლებში კი სიტყვა კიბერპანკი ბრუს ბეტკემ პირველად გამოიყენა. შექმნა პატარა მოთხრობა თინეიჯერ ჰაკერებზე, რომელთა ცხოვრება პარალელურ სამყაროში მიმდინარეობს და სამყაროთა შორის ზღუდე არაა. კიბერი იმიტომ, რომ პერსონაჟი ჰაკერი იყო და პანკი იმიტომ, რომ ვარცხნილობა ჰქონდა აქოჩრილი. მანამდე “ახალ სამეცნიერო ფანტასტიკად” იწოდებოდა.
ბრიუსი ასევე აწარმოებდა ბლოგს, რომელიც ძირითადად, ინფორმატიკული ფრაზების გაშიფვრას ეხება. ტერმინი კიბერპანკიც აქედან აიტაცა გარდნერ დოზუამ ოღონდ გიბსონის მისამართით. სტერლინგმა ასე ახსნა: “რა ცდებსაც თაგვებზე ვატარებთ, ადამიანზეც შეგვიძლია ვცადოთ. საშინელებაა, მაგრამ – რეალობა. ესაა კიბერპანკი”. ამავე დოზუამ კიბერპანკი მაღალ და დაბალ ტექნოლოგიებად დაჰყო, მიმდინარეობს სიუჟეტი high teq-ით თუ low teq სამოყვარულო, სულიერი ფასეულებებით იწერება.
ასე 60-იან წლებში პირველი სენსორამა შეიქმნა, ადამიანი მექანიზმში მოხვედრისას ვირტუალურ რეალობაში გადადიოდა, სუნის აღქმა, ქარის შეხება, ვიბრაცია გხვდებოდა მისგან. კიბერპანკის პერსონაჟები მეოცნებე რეალისტები, დაცემული ფილოსოფოსები და ზედმეტი ხალხია, აუცილებლად გონიერი ანარქისტები, რომელმაც ავტონომიური სივრცე მოითხოვეს. ჰოდა, ამ კანონგარეშე მიზანთროპებმა შავი ტყავის ქურთუკი ჩაიცცვეს, სათვალე გაიკეთეს და ხედვა გააფართოვეს, რასაც სწრაფი კვების პროდუქტი და “ბანკა ასპირინი” მოყვა, – მაკდონალდსი და ტკივილგამაყუჩებლები კიბერპანკის აქსესუარია. ჰოდა, ზოგ კიბერ ნაბიჭვარს აპოკალიფსის იდეაც ხიბლავს, იაპონია უნდა განადგურებულიყო, ევოლუცია რომ ეჩვენაო. ნარკოტიკი აქ არაა ტაბუირებული, მაგრამ არც – რეკლამირებული, იგი დიდი ხანია რუტინად იქცა. ღმერთის შემოქმედება ნანოტექნოლოგიების შემოქმედებასთანაა შეერთებული. ჰოდა, იყო ერთი შიზოფრენიკი ნარკომანი ფილიპე დიკი, ავტოგრაფიული ნაწერებით რეალობებს ტეხავდაო, მისი პერსონაჟები კი საკუთარი და ერთმანეთის თავებით მანიპულირებით ხასიათდებიან.
“იაფფასიან სიმართლეს” (Cheap Truth)სცემდნენ, ასე ერქვა ჟურნალს, რომელსაც უფასოდ არიგებდნენ და არც საავტორო უფლებებს იცავდნენ მაინცდამაინც, პლაგიატით იყო სავსე: ჩემი შენი რამ გაყოო, – პირატულობით პიროვნულობის დაკარგვა უნდოდათ, ავტორობის იდეას ამსხვრევდნენ. სახელები შედარებით გვიან აღიდგინეს.
გიბსონმა მეტაფორით დაიწყო: ცა იმ გათიშულ ტელეარხს შეადარა, შრიალი რომ ისმის და მკითხველის შიგ გადაცხოვრებას შეეცადა. თუ მოდერნიზმმა ტელეპათიური კავშირი დაამყარა ადამიანებში, პოსტმოდერნიზმმა – ადამიანსა და კომპიუტერს შორის. ხოლო იდეა კომპიუტერით მოთამაშე ბავშვებისგან მოვიდა, თვალებზე ეკრანი რომ არეკლოდათ და გიბსონმა კომპიუტერში წერა არ იცოდა და 20-იანი წლების საბეჭდ მანქანას მიუჯდა. იხსენებდა, რომ 60-იანები მერე არ სმენია ასეთი ენთუზიაზმით რომ ვინმეს ელაპარაკა და ახლა კომპიუტერებზე საუბრობდნენო, – ნარკოტიკებზე საუბრები იგულისხმა.
ანუ “ნეირომანტი”, მესამე მსოფლიო ომის შემდგომი “კიბერსივრცე”, რომელიც მიწისქვეშა ქვეყანას ეძებს, თუნდაც ნაბიჭვრული “მონა ლიზა” დაწერა ადამიანმა, რომელსაც კომპიუტერული ვირუსების შესახებაც არ გაეგონა. რომ მცოდნოდა, ვერ დავწერდიო. იჯდა კაფეში თავისთვის პენტაგონის თანამშრომელ გოგონებთან ერთად, რომლებმაც ვირუსული პროგრამები ახსენეს და მაშინ იფიქრა, რომ ასეთი რამ არ გაეგონა, სამეცნიერო ფანტასტიკაშიც არ წაეკითხა. ჰოპ, მაშინ მე დავწერო.
შედარება გაჩნდა, თუ ჰიპები ინდურ მინდვრებში გაიჭრნენ და პანკები სარდაფებში დაიმალნენ, გიბსონმა კიბერპანკები უკეთეს ადგილას გადამალა, არაფერშიო. არარსებულში გაქცევით გამოსავალი იპოვნეს, თუ მთავრობა ხალხის ტექნოლოგიით ზომბირებას ცდილობს, საუკეთესო საშუალება გადარჩე თავისუფალი, ესაა ფლობდე ტექნიკას ანუ იმ იარაღს, რომლითაც გებრძვიან.
მერე კიბერპანკი გაძველმოდურდა, მოკვდაო, ზოგმა, პანკები არ მომკვდარან, ასე იმიტომ გვეგონა, რომ მკვდრებივით ყრიან ნეტშიო. სხვებმა, – ვირტუალურში აორთქლდნენო. იგი იმად იქცა, რის წინააღმდეგაც იბრძოდნენ. მოხდა მათი კომპიუტერთან განაყოფიერება და გაუჩნდათ შვილიკო პოსტკიბერპანკი, რომელიც მამებისგან იმით განსხვავდებიან, რომ კიბერნეტიკაში საფრთხის ნაცვლად შვებას ითხოვენ (ეტყობა ტექნიკის ცოდნა დედა ლეფტოპის მხრიდან გადმოჰყვათ) აი, მაგალითად, დღე რომ საშინელი დღის აღწერას ემსახურებოდეს და დღის ბოლოს კომპიუტერია შვება. ამასობაში რა სახის პანკი აღარ შეიქმნა: ნანოპანკი, შიფროპანკი. ტესლა პანკი თუ ატომპანკი, ბეტკე კიდევ Facepalm-ზე წერს, გამოდის მატრიცა.
მათი მანიფესტი კი დაახლოებით ასე გამოიყურება:
1. სხვები ვართ. ინფორმაციის ოკეანეში მოცურავე საცდელი ვირთხები. ისინი, რომლებიც პატარები რომ იყვნენ კლასის კუთხეში, ბოლო მერხებზე ისხდნენ. ისინი, თინეიჯერები რომ გახდნენ და უცნაურებს ეძახდნენ. ისინი, სტუდენტობისას ჰორიზონტის სიღრმეების გამოსაკვლევად კომპიუტერულ სისტემებს რომ ჰაკავდნენ. სკვერში ხის ტოტებზე რომ წამოსკუპდებოდნენ მუხლებზე დადებული ლეფტოპით და ბოლო ვირტუალურ რეალობას რომ ქაჩავდნენ. ჩვენ ელექტროგაყვანილობებით მორთული გარაჟი გვქონდა, პრინტერებითა და მოდემებით სავსე, იქვეა დაუმონტაჟებელი რადიოც. სხვაა ჩვენი ხედვა, რადგან თქვენ რაც გარეთაა იმას ხედავთ, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ და გამოვიკვლიოთ რაც შიგნითაა. აი, ვინ ვართ ჩვენ, რეალისტები მეოცნებეთა სათვალეებით. დიახ, ის უცნაური ბავშვები ვართ, მეზობლებიც კი რომ არ იცნობენ. ხალხი, რომლებმაც თავი ფიქრს მისცა, ინტერნეტში სულ რაღაცას ჩხრიკავს. ამიტომ არც გვჭირდება გარეთ გასვლა, დროდადრო თუ ერთეულ მეგობარს ვნახავთ ბარში ან კოლის საყიდლად ჩავალთ. წვეულებებზე წასასვლელად ჩვენ ბევრი მეგობარი არ გვყავს, მაგრამ ონლაინ კონტაქტები გვყავს, რომლებთანაც უფრო კარგად ვართ. ჩვენ არ გვაღელვებს რას საუბრობს ხალხი ჩვენზე. ბევრი ჩვენთაგანი დამალული ცხოვრობს, მხოლოდ რამდენიმე ჩვენთაგანთან შეგიძლიათ კონტაქტი. სხვებს პოპულარობა უნდათ, ყველა მათგანი უკვე ცნობილია ჩვენს გვირაბებში. ჩვენ კიბერპანკები ვართ.
ჩვენზე ამბობენ: “უცნაურია”, “შეშლილია”, – მაგრამ ისინი, ინფორმაციისგან და თავისუფალი იდეებისგან შორს რომ ცხოვრობენ. საზოგადოება აზიანებს გონებას საერთო ფიქრითა და კლიშეებით. კიბერპანკები გარეგნობის მიღმა არიან. რომლებმაც ნაცნობობის გარეშე დაიწყეს და ახლა არტ-ტექნომანიაკები არიან, ელექტრომუსიკოსები. კიბერპანკი აღარაა ლიტ.ჟანრი, სუბკულტურაც კი არაა. ახალ კულტურასთანაა შერწყმული. ჩვენ უკვე ყველანი კიბერპანკები ვართ.
2. საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ კონსერვებითაა გატენილი. მთავრობა, რომელიც რეფორმებს გვაწვდის მხოლოდ ნაბიჯია დიდ ნახტომამდე ჩვენ რომ შევასრულებთ. საზოგადოებას არ შეუძლია სიახლის მიღება, რადგან ახასიათებს მონატრება ძველის მიმართ. იმდენი შიში აქვთ რომ იარაღს იყენებენ. ქართულად რომ ვთქვათ, დღევანდელ კვერცხს ხვალინდელი ქათამი გერჩივნოსო. ჩვენი საზოგადოება ავად არის და განკურნება უნდა. განკურნება კი სისტემის შეცვლაა..
3. სისტემა დაძველდა, მთავრობას კი უნდა შევცვალოთ, ჩვენ ხომ ინფორმაციის ეკლიფსში ვცხოვრობთ. მაგრამ უნდათ რომ ბრმად დავუჯეროთ. ასე ტყუილი იქცევა სიმართლედ, სიმართლე კი – დანარჩენ სხვად. თავიდან ვიწყებთ თანამშრომლობას, მაგრამ არ შეგვიძლია ავიტანოთ დესინფორმაცია, განვითარებულ ქვეყნებშიც რომ ხდება. ნეტია, სადაც შეგვიძლია ინფორმაციის ულიმიტოდ გატანა. იქ მეფენი ვართ. სიტყვები იცვლება, მაგრამ წესები რჩება. ახალი წესები გვინდა. ააშენე წესები ხვალინდელი დღისთვის.
4. სხვები თუ მიკრო-უნივერსზე ფიქრობენ, ჩვენი ხედვა გლობალურია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჭიქა არაა ნახევრად ცარიელი, ვაკუუმითაა სავსე. მალე ყველაფერი ნეტში გადაინაცვლებს მილიტარიზმიდან დაწყებული მოფსმამდე. ადამიანები 1-იანებისა და 0-იანების აბსურდში დაიკარგებიან. ის ვინც ინტერნეტს აკონტროლებს, ინფრომაციასაც აკონტროლებს. ნეტი აკონტროლებს თავს. ცუდი ადამიანისგან მოდის და კარგი – ტექნიკისგან. თუ არ გააკონტროლე ინფორმაცია, ის გაგაკონტროლებს შენ.
ცხოვრება ნულოვანი მოსახლეობით
სუნს ვერ ვგრძნობო, – ჯერ ერთი პაციენტი გამოჩნდა აკვიატებული იდეეით. საგანგებო არ იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ანალოგიური შემთხვევებიც დაფიქსირდა. ვირუსს დააბრალეს, მაგრამ დარწმუნებით არ იცოდნენ როგორ ვრცელდებოდა. სცენარში აღქმის შეწყვეტა ყნოსვით დაიწყო, უფრო სწორედ, ჯერ განვლილ ცხოვრებაში ნაყნოსი მასალა ერთბაშად იგრძნეს, მათი ერთიანობით კი მომავლის ფობიები დაეწყო ქალაქს. შემდეგ ყნოსვა შეწყდა, როგორც განგაშის პირველი ნიშანი. შინაარსი საავადმყოფოსა და რესტორნის ირგვლივ მიმდინარეობდა. ხალხმა პირში ყველაფერი ჩაიტია და გემოვნებაც შეწყდა. ექიმები პანიკას არ ტეხდნენ, ცდილობდნენ კორექტულობა შეენარჩუნებინათ, მზარეულები კი მაინც ამზადებდნენ კერძებს იმ კლიენტთათვის, რესტორნები თავშეყრის ადგილად რომ აქციეს, იკრიბებოდნენ და საუბრობდნენ. ერთხელ იჩხუბეს. ექიმები ყნოსვასა და გემოს ერთმანეთს უკავშირებდნენ, თავს იმშვიდებდნენ, მეტ ორგანოს აპოკალიფსი აღარ შეეხებაო, მაგრამ უყვიროდნენ ერთმანეთს და სმენა დაკარგეს, პირდაპირი გაგებით მათ მოსმენა აღარ შეეძლოთ. სამაგიეროდ, ხედვა გაუმძაფრდათ, უყურებდნენ ერთმანეთს და თვალებში შესციცინებდნენ, მერე ხედვაც დაკარგეს. ეკრანი გაშავდა. გაშავდა, მაგრამ ვხვდებით, როგორ კონტაქტობენ ადამიანები, შეხებაში ატარებენ ცხოვრებას. ფილმი სრულდება. მაგრამ ლოგიკური დასასრულის საზარელი შეგრძნება დამრჩა, რომ ტკივილამდე შეეხებიან, იქამდე, სანამ უკანასკნელი ადამიანი მიკარების აღქმას დაკარგავს. ასე ადამიანები ვეღარ დაიბადებიან. ეს აპოკალიფსია.
სცენარი რეპროდუქციულად გამოუსადეგარი და მექალთანის სასიყვარულო კავშირის ირგვლივ მიმდინარეობდა, რომელიც სიყვარული არც ყოფილა, მე თუ მკითხავდით. არა და ზედმეტად რომანტიკულ ტალღაზე ჩანდა. უბრალოდ, სამყაროს დასასრულის შეგრძნება იმდენად გამძაფრდა, რომ მარტოობის გამო მათზე ძლიერ სამყაროში ადამიანებმა ერთმანეთი ხელოვნურად ირგძნეს, გაერთიანების შანსი აღიქვეს. ამით სცენარი რომანტიკულ იდეად შემოსაზღვრეს და გაერთიანების სხვა ხაზი მოსპეს. დედამიწის მოსპობის უამრავი იდეაა შემუშავებული, ჯერ კიდევ ქრისტეს თანამაცხოვრებლებს სწამდათ, რომ დესტრუქცია მათვე დაემუქრებოდათ, ციდან ჩამოფრენილი ანგელოზების სახით კოსმიური შეტაკებების, ეკოლოგიური თუ ომის მიზეზით, მაგრამ სამყაროს აღქმის დაკარგვა, ვფიქრობ, ყველა მიზეზს აერთიანებს. მეტიც, შეიძლება სწორედ აღქმის სურვილია ცხოვრების საფუძველი. ამ საკითხს კვანტური ფიზიკის კუთხით თუ მივუდგებით და შეხების არ არსებობაზე ვისაუბრებთ, თუ არც მატერია, როგორც ასეთი არ არსებობს და ის ენერგიის სახეობრივი გამოვლინება, მისი შეგრძნება აღქმაზეა დამოკიდებული. აღქმაზე, რომელსაც თავისთავად მიმღეობა და პასიურობა ახასიათებს სიცარიელეში. სიცარიელეში იმიტომ, რომ არაფერი ეხება ერთმანეთს, ყველაფერი სიცარიელეა, ენერგიის ანუ ღმერთის სიმულაცია და მატერიას მას ანიჭებს გონება. თუ სამყარო ღვთისგან მისი პრაქტიკაში გამოცდის გამო შეიქმნა, რათა ღმერთს ენერგია მატერიად ეგრძნო, აღქმათა ლიკვიდაცია, თავისთავად მოიცავს დასასრულს. თუ საკითხს რელიგიური თვალსაზრისით მოვეკიდებით, ღმერთი/ები რომ მოკვდეს/ნენ, ეს კი დასაშვებია მისი/მათი ყოვლისშემძლეობის გამო, ალბათ შეუძლია(თ) თავის ლიკვიდაციაც, მთელი მისი სამყაროები განადგურდება. პირველ რიგში მისი აღქმა, რადგან რელიგიები იმაზე თანხმდებიან, რომ მატერიალური სამყარო შეცნობის, აღქმის გამო შეიქმნა. მენდელბორტს აქვს სამყაროს გრაფიკული ანალიზი მოყვანილი, რომელიც იმ იდეას ემხრობა, რომ მატერია, როგორც ასეთი, არ არსებობს და ის ენერგიის გამოვლინებაა, აღქმის საშუალებით რომ სახეს ვაძლევთ. თეორიის მიხედვით სამყაროს გრაფიკული ანალიზი მოგვცა და მის შრეებს გაუსვა ხაზი. საბოლოო აპოკალიფსი ამ შრეთა გაქრობით თუა დასაწყისი.
ამ ბოლო დროს კი ძველად ნანახი სატელევიზიო შოუს ყურება განვაახლე, რომელსაც ”ცხოვრება ადამიანების შემდეგ” ჰქვია. ფილმი პოსტ-აპოკალიფსური სამეცნიერო ფიქციაა და ორიენტირებულია კაცობრიობის ამოწყვეტის შემდგომ მდგომარეობაზე. თითო სერიაში თითო საკითხია დასმული, მაგალითად, თუ ერთ სერიაში საუბარია შენობათა მდგომარეობაზე ადამიანთა შემდეგ, მეორეში საუბრობენ ცხოველების არსებობაზე უადამიანო სივრცეში. შექმნილია მოვლენათა განვითარების ვირტუალური დრო, რომელიც ასევე, სამეცნიერო ფიქციას წარმოადგენს. სამაგიეროდ, არ არის ნაჩვენები ადამიანთა განადგურების მიზეზები, არამედ – შედეგები. პროცესი ბოლო ადამიანის ამოწყვეტით იწყება და ამის გამო შეიძლება წინა ნახსენები ფილმის გაგრძელებად ჩავთვალოთ. მასში ნაჩვენებია ადამიანთა მხოლოდ გვამები და მათი გახრწნის შედეგები. იგი სტრუქტურულ-ბიოლოგიური ნგრევის მაგალითებს გვთავაზობს სპეც.ეფექტთა გამოყენებით და, როგორც მივხვდი, ძირითადად, ამერიკაზეა ლოკალიზებული, თუმცა მსოფლიოში მომცველია. ფილმისთვის მაბრუნებელი ფრაზაა: ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დედამიწაზე ნულოვანი მოსახლეობით”. მოდი, ერთად ვადევნოთ თვალი:
1 საათის შემდეგ ჰიუსტონში (და სხვა ადგილებში) ნავთობის ტერმინალი ნადგურდება. ერთ ცისტერნაში მაინც გათავდება ნავთი, რის გამოც რეაქტორში წნევა მოიმატებს. მოხდება აფეთქება და განადგურდება მიმდებარე ტერიტორია. ხანძარი 1 თვის განმავლობაში იქნება. 1 დღის მერე ელექტრო სადგურების უმეტესობა მუშაობას შეწყვეტს და დენი ყველგან გაითიშება. ქარის გენარატორები აგრძელებენ მუშაობას, თუმცა დროთა განმავლობაში კომპიუტერული პროგრამები ბიძგის გაგზავნას წყვეტს და ქარის ტურბინი იმსხვრევა.ჰუვერის კაშხალზე წყალი ახდენს ზემოქმედებას, ამის გამო მეთვალყურეობის გარეშე დიდხანს (თვეები, წელიწადიც) ძლებს. ასე რომ, ლას-ვეგასი ერთადერთი განათებული ადგილი იქნება და ეს კოსმოსიდანაც გამოჩნდება. მხოლოდ წყლით მოწოდებული ადგილები გადაურჩება დენის შეწყვეტას. მაგრამ დრო გავა და ბოძებიც ჩამოინგრევა. 2-3 დღეში ბევრი ქალაქის მეტრო სადგურები წყლით დაიფარება, რადგან მიწის ქვეშა წყლებს ვერავინ გააკონტროლებს.
ნავთობი უკონტროლოდ გაედინება მილებში და როცა ნაკადად მოაწვება, მილს გახეთქავს და ოკეანეს მოეფინება.
ფეთქვას დაიწყებს დენის გარეშე დარჩენილი ქარხანები.
მუზეუმებში ფიტულები ვენტილაციის სისტემის მოშლის გამო ჩამოიფშხვნება.
ალბათ ლამაზი სანახავი იქნება, შაქრის ქარხნის შეფერხება: შაქარი პუდრად იქცევა და ცაში აიფანტება. იმ დღეს მიწა გატკბილდება. 1 კვირაში – 10 დღეში საკვები გაფუჭდება.
შინაური ცხოველები და ფრიველები ნარჩენების ჭამას იწყებენ, სვამენ მაცივრებიდან გამოჟონილ წყალს, მერე ორი ვარიანტი აქვთ: გარეთ გააღწიონ ან შიმშილით მოკვდნენ.
ბუკინგემის სასახლეში სამეფო ძაღლები უფრო დიდ ხანს დარჩებიან.
ზოოპარკებიდან ცხოველები ვერ აღწევენ.წყლის სისტემა მწყობრიდან გამოვა. მილები დალბება და წყალი გამოჟონავს. რაც გზების დაშლას გამოიწვევს.
და აი, ბიგ ბენის საათიც გაჩერდება. გაჩერების მერე საუკუნე გაძლებს.
ატომურ სადგურებში წყალი შევა და დაიწყება სისტემატიური აფეთქებები. 1-2 თვის მერე გაუხრწნელად შენახული გვამებიც იწყებენ გახრწნას.
მარადიულ ცეცხლში ნავთობი გათავდება და პირველივე წვიმა ჩააქრობს მარადიულ ცეცხლს.
კომპიუტერით მარად მოძრავი მანქანებიც შეწყვეტენ გაკვალულ გზაზე სიარულს. 6 თვეში თაგვები და ხვლიკები ხრწნად მასალას შეჭამენ და ქალაქიდან გავლენ, ქალაქში ბინას მტაცებელი ცხოველები დაიდებენ. ერთ წელში მცენარეები სკვერებში და შენობებზე ხრწნას დაიწყებენ. ადამიანებისგან დაცული კუნძულები წყლით დაიფარება. 2-3 წელში ელექტრონული საათებიც გაჩერდება.
ცხოველებსა და ქვეწარმავლებში დაიწყება კანიბალიზმი. შეუვალი ადგილებიდან ავადმყოფური ფორმის ბალახები მოედება მიწას. 10-50 წელში ბალახები შენობებშიც ამოვა. მანქანები და თვითმფრინავები ნგრევას დაიწყებს. ამინდის გამო ინგრევა შენობები. ჩამოიშლება მხატვრული ხელოვნების ნიმუშები, ფრესკები. თუთიყუში დამახსოვრებულ ლაპარაკს განაგრძობს. 100 წლის მერე უკანასკნელი თუთიყუშიც მოკვდება, რომელიც ადამიანის ენაზე ილაპარაკებს. 1000 წლის მერე გამოქვაბულები მთლიანად დაკარგავენ თავიანთ იერსახეს.
გადაშენდებიან ბოლო ოჯახები, რომლებიც სიკვდილს დაემალნენ.
წყლით გაფართოვდებიან არხები.
წყლით დაფარულ დედამიწაზე ჩამოვარდებიან თანამგზავრები. მილიონი წლების მერე დამარხული მიცვალებულები დაკარგავენ თავიანთ ჩონჩხსაც და მისი არსებობის თითქმის არანაირი კვალი აღარ შეინიშნება. ადამიანი ბუნებასთან აითქვიფება. ერთადერთი რაც დარჩება ადამიანს რომ გაახსენებს სამყაროს, ეს პლასტმასი იქნება.
ფილმი ან სერიალი თავად შეგიძლიათ ნახოთ, უფრო მეცნიერულად და წვრილად გადმოსცემს განადგურების თითოეულ ეტაპს. იმას წააგავს, ზღაპრებში ბოროტ ჯადოქარს თუ მოკლავდი, მთელი მისი ქმნილებები რომ ქრებოდა. როცა შობადობისა და სიკვდილის საკითხებზე მეგობართან ვსაუბრობდი, კინო დარბაზში ვიყავი, პოპკორნი და კოლა მეჭირა, ტედის კონფერენციაზე ჰანს როსლინგის გამოსვლაზე მიამბო, რომ ადამიანთა რაოდენობა ათ ბილიონს არასდროს გადააჭარბებს, რომ პოლიტიკოსთაგან დაგეგმილი პანიკაა ის, რომ შიგადაშიგ სამყაროს ჰიგიენა ანუ ომი სჭირდება. ასე, რომ საერთაშორისო ურთიერთობის ლექციაზე მოსმენილი ფრაზა: ფუტურისტულ სამყაროში ადამიანები შიმშილისგან ერთმანეთს შევჭამთ, კიბერ ლიტერატურას რჩება. ავტორს თეორიის დასამტკიცებლად, რელიგიათა კლასიფიკაცია მოჰყავს, სხვადასხვა დროსა და სივრცეში შობადობის დონის აღნუსხვით და აღნიშნავს, რომ ადამიანები მოცემულ ზღვარს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მომაკვდავი ბუნების გამო, ვერ გადააჭარბებენ. საინტერესოა, წარსულსა და აწმყოზე დაკვირვებით, მომავლის თეორია. პოსტი რომ 500 სიტყვაში ჩამეტია, დაზღვევის კონკურსზე წარვადგენდი. 🙂
მათემატიკა ფსიქოლოგიაში: სად არის სურათის თავი დამალული?
იქ, სადაც წარსულია.
-მეტის ნახვა->
პერციის პრინცი
იმის მერე, რაც მოდერნიზმა ღმერთის სიკვდილი გამოაცხადა ადამიანებს პარალელურ სამყაროებთან დაკავშირებით ილუზიები გაუქრათ. თუ მოდერნიზმი უზენაესი წყობისადმი სიკვდილს ტრაგიზმად აღიქვამდა, პოსტმოდერნიზმში უღმერთობის ტკივილი დაძლეულია და ინდივიდუალური რელიგიით ჩანაცვლებული: ადამიანი ყოვლისშემძლე ღმერთია. თუ ჰიპების პერიოდში პარალელურ სამყაროებს ფსიქოდელიურ ხილვებში აღიქვამდნენ, კომპიუტერიზაციის პერიოდში კიბერნეტიკის მეშვეობით ღმერთობა გამარტივებულია.
ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია შეუძლია ჩართოს კომპიუტერი და მასში პარალელური სამყარო შექმნას. საკითავი მხოლოდ ერთია: ეს იქნება რეალური სამყაროსგან გაქცევის საშუალება თუ ახალ რეალობას მივიღებთ.
არსებულმა ვითარებამ შექმნა საჭიროება შექმნილიყო ახალი დროების ახალი ხელოვნება. ეს კიბერ სამყაროა, რომელშიც ხელოვნება ისეთივე ციფრულია, როგორც საზოგადოება, რომლებიც ანიმაციურ პერსონაჟებად იქცნენ მართულნი.
პოსტმოდერნიზმს განიხილავენ, როგორც ახალ ტექნოლოგიათა ეპოქას, კოსმიური ომების იდეოლოგიას, მეორენი ამ ნიშნით სწორედ ტექნოლოგიათა მოზღვავებას ემშვიდობებიან, მათთვის პოსტმოდერნი „მწვანეთა“, ეკოლოგთა, ალტერნატიული იდეოლოგიაა.
ვიქტორ პელევინი დგას სადღაც ქრისტიანობასა და ბუდიზმს შორის. ის ახალი თაობის ადამიანი პოსტმოდერნისტული წერის სტილით.
მწერალი ჩანს თავისი დამოკიდებულებით თანამედროვე საზოგადოების მიმართ. მისი ნაწარმოების გაცნობისას ვხვდებით დეჰუმანურ ადამიანებს, რომლებიც თუ დავაკვირდებით, მოწესრიგებული კანონებით ცხოვრობენ.
მისთვის ოცდამეერთე საუკუნის მთავარი კულტურილი ტექნოლოგია სხვისი საფლავის კომპიუტერული მითვისებაა. მისი ტექსტები რეალობისა და ილუზიის გადაკვეთაზეა, სადაც ამ ორ ანტონიმს შორის ზღვარს ვერ ხედავს.
ზოგ ნაწარმოებში ნატურალურსა და კიბერ სამყაროებს შორის ზღვარი ჯერ კიდევ შეინიშნება, საკითხავი ის არის, პელევინი თავის ნაწარმოებს ამ ზღვრის გამო წერს?
მისი ნაწარმოები „ცენტრალური დაგეგმარების პრინცი“ დაიწერა 1992 წელს. ამით ავტორმა დიაგნოზი დაუსვა იმ დროინდელ საზოგადოებას, მათგან პარალელური სამყაროს არსებობის მოთხოვნებს. პერსონაჟები დიდად არ უფრთხილდებიან ცხოვრებას, საკუთარ რეალობას, მათთვის სამყარო რამდენიმე განზომილებიანი თამაშია.
ყურადღება მისაქცევია ფაქტი, თუ როდის იწერებოდა ეს ნაწარმოები. ეს პერიოდია, როცა ხდება საბჭოთა კავშირის რღვევა, იდეოლოგიათა გადაფასება და ახლის შენება. მისი პერსონაჟებიც აშენებენ ახალს, მათ არც ბრძოლის უნარი აკლიათ და შემართებასაც არ უჩივიან. პრობლემა სხვა რამეშია: არ იციან ვინ არიან.
დერეფანში ადამიანის ფორმის ფიგურა მირბის. დახატული დიდი სიყვარულითა და ცოტაოდენი გრძნობით. თუ დავაჭერთ „UP“ კლავიშს, ზემოთ ახტება და შეეცდება თავს ზემოთ დაიჭიროს რაღაც. თუ დავაჭერთ „DOWN“-ს, დაჯდება და შეეცდება ფეხებ შუა მიწიდან აიღოს რაღაც. თუ დავაჭერთ, „RIGHT“–ს, მარჯვნივ გაიქცევა, „LEFT“–ს თუ დავაჭერთ, – მარცხნივ. რისი თქმა მინდა, მისი მართვა სხვადასხვა კლავიშის მეშვეობითაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ამ ოთხს ვიყენებთ,
– ასე იწყებს ნაწარმოებს ავტორი ტექსტის წერას, რომელიც თავების ნაცვლად დაყოფილია ტურებად, პაუზებად.
ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი – ალექსანდრე პაპინი, – პოსტსაბჭოთა ეპოქის პროგრამისტია. რომელიც გატაცებულია თამაშით: პერსიის პრინცი. ეს კომპიუტერული თამაში სათავგადასავლო თრთრილერის ჟანრს მიეკუთვნება და გამოიცა 1989 წლის 3 ოქტომბერს. თამაშის პერსონაჟები ვიზუალურად განსხვავდებოდა სხვა თამაშთა გმირებისაგან და სათავგადასავლო სათამაშო პროცესით იპყრობდა საზოგადოების ინტერესს.
ტექსტში „პერსიის პრინცის“ გარდა ნახსენებია თამაშები: Arkanoid, Budokan: The Martial Spirit, Crazy Bird, F-15 ,trike Eagle, F-16 Combat Pilot, F-19 Stealth Fighter, Abrams Battle Tank/M1 Tank Platoon, Pipes, Prince of Persia, Starglider, Targhan, Tower Toppler.
საშა საკუთარ თავს აიგივებს პერსიის პრინცთან, თავის ცხოვრებას თამაშთან. კომპიუტერული რეალობა მისი მეორე ცხოვრება გახდა, სავსე ხიფათებითა და მტრებით. მისი მიზანია მშვენიერი და იდუმალი მზეთუნახავის გადარჩენა. ამასთან, მისი რეალური ცხოვრებაც დაკავშირებულია თამაშთან. მისი გარშემომყოფი თანამშრომლებიც ასევე თამაშობენ. თამაშობს ყველა. პარალელურად რეალურ ცხოვრებაში გამოსვლისას ეჯახება სხვა თამაშებსაც და საშა ერთვება მათშიც.
პელევინმა ერთგვარად იწინასწარმეტყველა ის მოვლენები, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში უფრო მასიურად ხდება: ღილაკები, ანიმაციური ადამიანები და ამ ყველაფრისადმი ფანატიკური დამოკიდებულება. ავტორი ხატავს რეჟიმული, თამაშური ცხოვრების გლობალურ მაგალითს რამდენიმე პერსონაჟის მეშვეობით.
ამერიკაში ათასობით ქალია უცხოპლანეტელისგან ფეხმძიმედ, ჩვენებიც, მაგრამ მათი კაგებე სადღაც გვიმალავს.
პელევინის პერსონაჟებისთვის ცხოვრებამ თავისი თავი ამოწურა. ტექნიკის განვითარებასთან ერთად ადამიანებს მეტი მოთხოვნა გაუჩნდათ. მათ ვერ გადაუწყვეტიათ ცხოვრობენ სიცარიელეში თუ ბრძოლით დახუნძლილ სავსე ცხოვრებაში. მათ არ იციან თავისუფლება.
ჩვენ ვთვლით, რომ პელევინი არ იგონებს ახალ, მეოცე–ოცდამეერთე საუკუნის სამყაროს, ის მხოლოდ აღწერს.
ნაწარმოებში ერთმანეთში ითქვიფება ორი სამყარო, თამაშისას გაჩენილი მტრები რეალუად მტრები არიან.
– დღეს მე შენი მოკვლა ძალიან მინდოდა, – გამოტყდა აბბასი, რომელიც წიგნის ყრდას არ აცილებდა თვალს, – მაგრამ არ შემიძლია გულიანი ადამიანის მოკვლა.
– და რატომ უნდა მოგეკალი?
– და მურუფა რაღატომ მოკალი?
– რომელი მურუფა?
– აღარ გახსოვს, ხო
– გინდოდა თუ არ გინდოდა, ყველაფერი ალაჰის ხელშია,
– პასუხობს აბბასი საშას.
მთავარ პერსონაჟს აწუხებს კითხვები: ელოდება მას თავისი პრინცესა? რაზე ფიქრობს? მასზე ფიქრობს? ტექსტში დაყენებულია საკითხი: რა არის მისი ცხოვრების მთავარი მიზანი: ვირტუალური რეალობა თუ საკუთარი ცხოვრება? იქნებ საკუთარი ცხოვრება სწორედ მისი ვირტუალური სამყაროა.
– ნუთუ არავინ მისულა მასთან [ პრინცესასთან]?
– რატომ? ბევრი მისულა.
– მერე რატომ დუმან? რომ სხვებმაც… რომ მათ არ ეწყინოთ?
– მე მასე არ მგონია. როცა ადამიანი ხარჯავს მთელ თავის დროს და ენერგიას გზაში და საბოლოოდ მიაღწევს მიზანს, მას უკვე აღარ შეუძლია დაინახოს ისეთად, როგორიც სინამდვილეშია… თუმცა ეს ვერსიაც არაა ზუსტი. არავითარ „სინამდვილეში“ არ არის სინამდვილე. მოდი ასე ვთქვათ, მას არ შეუძლია თავს ნება მისცეს, რომ დაინახოს.
ვ. პელევინი მთელი სერიოზულობით ცდილობს აგვიღწეროს კომპიუტერული თამაშების დეტალები და ამ სერიოზულობით ახდენს არეალური სამყაროს გასერიოზულებას თუ სიკვდილ–სიცოცხლის გაუბრალურებას.
– ეს თამაში ასეა მოწყობილი: პრინცესამდე მისვლა მხოლოდ დახატულ პრინცს შეუძლია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ პრინცესაც დახატულია. და დახატული კი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს.“საშამ ისიც კი არ იცის, სად მთავრდება დახატული საშა და სად იწყება რეალური ადამიანი. ის საკუთარ თავს თამაშის პერსონაჟად იმდენად აიგივებს, რომ ცხოვრებაც გაიგივებული აქვს თამაშთან, რომელიც ტრიალებს წრეზე და ცხოვრებასავით უსასრულოა. არის სხვა პრობლემაც: საშას ცხოვრებისეული ქმედებები არა მარტო დაკავშირებულია თამაშზე, ის სიზმრებსაც დახატული პერსონაჟების სახით ხედავს.
„რუსეთი ჩემთვის გონების სახეობაა, რომელიც ჩემში ფორმულირდება. ამიტომაც, მისგან წასვლა შემიძლია მხოლოდ უსიზმრო ძილში, როდესაც არაფერზე ვფიქრობ,“ – ერთხელ ინტერვიუს დროს ახსენა ავტორმა.
როცა ვ. პელევინს ტელეფონზე საუბარისას კითხეს, მოკვდა თუ არა ღმერთი, მან უპასუხა: თუ ის მოკვდა, მაშინ ღმერთი არც იყო. ასევე ახსენებს თავის დადებით დამოკიდებულებას ამ მოთხრობის მიმართ.
ის ამტკიცებს, რომ თანამედროვე რუსული საზოგადოების სიმბოლურად ინფორმაციული სისტემა ხშირად მცდარია და გამოხატავს იდეოლოგიურ მოთხოვნილებებს.
რუსული საზოგადოება ერთგვარად ორადაა გაყოფილი: ერთნი საუბრობენ მის ნიჭზე, რომ სამყაროს აღქმა კალმის ჭრასთან ერთად ეხერხება, მეორენი შენიშვნას აძლევენ და თვლიან, რომ პელევინი მხოლოდ პროექტია თან კომერციულ მოსაზრებებზე დაყრდნობილი თარგი, რომელიც თავში სიცარიელეს ტოვებს.
„პელევინი კომპიუტერული ქვეცნობიერის ფირია“, – წერდა ანდრეი ვოზნესენკი. მაგრამ მისთვის ვირტუალური სივრცის ჭიად წოდება შეურაცხმყოფელია, – სხეული მხოლოდ და მხოლოდ მანქანაა, რომლის მეშვეობით ცხოვრების გზაზე მიდიხარ, მაგრამ თუ ის მთელი ცხოვრება ავტოფარეხში დააყენე, რაღაში გამოგადგება.
როდესაც იცვლება ცხოვრებისეული ღირებულებები ორიენტაციის დაჭერა ყოველთვის ჭირს. ჩვენი აზრით, ამ წონასწორობაზე საუბრობს ვიქტორ პელევინიც. მის გადმოსაცემად იყენებს თამაშის სიუჟეტებს, რეალური ცხოვრება ხომ ერთგვარი თამაშია, რომელსაც სხვადასხვა განზომილება აქვს.