“მარფავ, მარიამ და პელაგიამ, – ლაზარეველნო დებო, მიეახელით თქვენს ძმას ლაზარეს და ჰკითხეთ:
– ლაზარე, ძვლები ხომ არ გტკივა?
– არა, დანო, არ მცვივა კბილები და არ მტკივა ძვლები, – შეგილოცავ მონა ღვთისას ლაზარეს, რომ არ გცვიოეს კბილები და არ გტკიოდეს ძვლები ამ წუთიდან, ამ დღიდან, ამ ცხოვრებიდან.
აღარ სტკივა ლაზარეს ძვლები, სტკივა კატას და ძაღლს მთელი მათი წუთები, დღეები და ცხოვრებები ტანჯვით და წამებით, მაგრამ არა ლაზარეს,” – შელოცვაა კბილის ტკივილზე სანამ არაყს პირში დაიგუბებდნენ.
შელოცვა იკითხება სამჯერ.
არაყი ივლება სამჯერ.
სიჩუმეა. სიჩუმე, რომელიც გავხდი. საკუთარი თავიც კი ცალმხრივად მიყვარს.
სიჩუმე, რომლებიც ვამბობთ:
“ჯოჯოხეთი სავსეა, მე დედამიწაზე ვარ”.
მაგრამ ლაზარეველო ძმაო,
“გახსოვდეს, ტყვიას გაქცეული ირემი და გახსოვდეს, ოდესღაც ირემი იყავი.”
ღრმად დაიმალე, დედამიწა წრეზე ტრიალებს.
ტკივილი ამოწურე.
Tag Archives: კბილი
მე ვიყავი და შენ ვერ მიცანიო
ლოყაზე თავისგან გამხმარი ბალიში მივიმხე.
ფეთქვით მივხვდი, გული რომ პირში მოთავსდა.
პირით უყვარსო, გრძნობსო, თურმე ამიტომ ამბობენ.
ინგლისელებს აქვთ ერთი სინსილა გამწყვეტი წყევლა:
ქვეყნის მოღალატეს კბილის ტკივილი დაემართოსო.
მერე მე რომ ქვეყნისთვის არ მიღალატია?! 😦
ნაკლი
საკუთარ ნაკლზე ვწერ. არა ისე, რომ მომხიბლავია მასზე ფიქრი, პირიქით, ფიზიკურად ძალიან მტკივა.
დედამ მუცელში ჩემი არსებობა კბილებით იგრძნო. ნგრევა დაიწყო. ორსულობის დროს ისე ჩამოეშალა, როგორც მე მაქვს ახლა.
კბილის ექიმი პოლიკლინიკაში დერეფნის ბოლოს იჯდა, მერე ბავშვთა ოთახისკენ გადმოიყვანეს. მოსაცდელში როცა ვიჯექი, მესმოდა ბურთის ხმა. ნერვებზე მოქმედებდა და სახლში გაქცევა მინდოდა. ყოველ ჯერზე, დედას ვთხოვდი, სახლში წავეყვანე. არ მინდოდა ჯანმრთელობა, თუ ის ტკივილით უნდა მიმეღწია. მპირდებოდა, რომ ახლადშემოსულ ხილს მიყიდიდა, მაგრამ კაბინეტიდან გმირულად გამოსულს ჭამის თავი ნაკლებად მქონდა.
ექიმი პლომბებისგან მძივებს მიწყობდა და მკიდებდა. იმ დროს ანბანი ახალი ნასწავლი მქონდა და ჯერ კიდევ მერეოდა რამდენი კბილია და რამდენი – ასო-ბგერა.
მე კი უჩვეულო კბილები მქონდა. თითქმის სკოლანდელ ასაკში მოვიცვალე. სხვა მხრივ, უპრობლემო ბავშვი ვიყავი. არც ვშავდებოდი და შრამიც მხოლოდ ორი მაქვს: მუცელზე, ძაღლმა რომ მიკბინა, საყვარელ ბუშტს რომ ვმარხავდი და თითი პოლაროიდის კასეტაზე ვიტკინე.
თითქოს სწრაფად გავიზარდე. ორგანიზმი ადრე დაბერდა: დამიბერდა თმა და კბილები.
შარშან აღმოვაჩინე, რომ ერთით მეტი კბილი მქონია. საკუთარი უნიკალურობა ხუმრობად ვაქციე და ვწერდი: ”ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემში ცალი კბილით მეორე ადამიანიცაა.” ბოლოს როცა სარკეში ჩავიხედე, უადგილოდ ამოზრდილი კიდევ ერთი კბილი დავინახე. ხანდახან საკუთარი სახე მაშინებს.