ტედი და ალეკსეი ციმბირში

675786o9

ამ ბოლო დროს ბევრი მარტოხელა კაცი მხვდება ცხოვრებასა თუ ფიქციაში, რომლებიც ცდილობენ ნადირობის ინსტინქტებში გაექცენ ცივილიზებულ სამყაროს წესრიგს. ეს ტესტესტერონული ინსტინქტები მატრიარქატული სამყაროს უგულვებელყოფის ფონზე ჯერ კიდევ შარშან მიმოვიხილე, თუნდაც In To The Wild-ის მაგალითზე, ხოლო ვისაც ამ ამბის ევროპული ვარიანტი დააინტერესებს, შეუძლია “ციმბირის ტყეებში”, Dans les forêts de Sibérie-ს გაეცნოს, მითუმეტეს, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ქართველი მკითხველი საკმაოდ აფასებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გირჩევნიათ წიგნი ქაღალდიდან წაიკითხოთ ვიდრე ელ ვერსიით, რადგან ქინდლის ვერსია უფრო ძვირია.

ფილმი ფრანგი მწერალი-გეოპოლიტიკოსი-მოგზაურის ნახევრად ბიოგრაფიული წიგნის შედეგია. მანამდე ფესტივალის ფარგლებში ვიხილე პოლონური სურათი “ტყე შუაღამის ოთხზე”, Las, 4 rano, სადაც მარტოხელა კაცი საკუთარ მარტოსულობაში ხედავს კომფორტს, რადგან ხასიათში გამჯდარი ავობის გამო მარტო რჩება, ნადირივით შუა ტყეში მიწას ამოთხრის და იძინებს. შუაღამის 4 საათი ხომ ფიქციისთვის ისედაც მაგიური დროა, როცა არაფერი კარგი არ ხდება. ზღვიანი მანჩესტერის, Manchester By The Sea, პერსონაჟს მარტოხელობისთვის საზოგადოებისგან მოწყვეტა არ სჭირდება, ჩელსიში თუ სადღაც გადასახლებაც საკმარისია. The Passengers-მა ადამის მარტოობა დაგვანახა ევას გაჩენამდე. მაგრამ სილვიან ტესსონის ციმბირული ამბავი სხვა მარტოსული ამბებისგან განსხვავებულია, რამეთუ პერსონაჟისთვის კომფორტის მომტანია.

ქართველებს ეს ფილმი ნაცნობი ინვენტარითაც დაგვაინტერესებს: სოფელში ჩამოკიდებული უმივალნიკი, საბჭოური ვედრო, ემალაცლილი კრუშკა, 90-იანების ლამპიდან ფითილის ამოწევა, პირდაპირ ფეჩებზე გამომცხვარი ბლინები, დუბლიონკა და უშანკა, გრუზავიკი, კეტჩუბი და მაიონეზი ყველა კერძზე, – ბაიკალის არყით გატარებულ 6 თვეს რომ ფონად გასდევს. ფანჯარასთან ედვარდ მეიბრიჯის მოსაწონი ცხენის სტატუეტკა იდო, მოძრავ მდგომარეობაში გაყინული. ალეგორიულობა მომეწონა.

giphy

ეს არის შუა ტყეში ჩასხმული არაყივით ფილმი, – როგორც, არ მახსოვს ნაც გეომ თუ თაიმსა დააანონსა. ეს არის ფილმი მინიმალური დიალოგით და ემბიენტური ჟანრის მოყვარებულებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ადამიანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელია ბუნების თავგადასავალში. ბაიკალის ტბაზე ტაიგას ტყეებში მარტოხელად ჩასახლებული ფრანგი ტედი, – “პუშისტი” ტიპად წარმოჩენისთვის ვისაც სახელიც კი თითქოს სიმბოლურად აქვს შერჩეული, – ციმბირში გადამალულ ალეკსეის გადააწყდება. მათ შორის ნამდვილი კაცური მეგობრება გაიზრდება: ნადირობა, ნანადირევის გაყოფა და სპირტი.

ალეკსეი ციმბირში მკვლელობის ჩადენის მერე გადაიხვეწება. მილიციელებმა უარი თქვეს ციმბირში მის პოვნაზე, ტყეს შეატოვეს, მკვდრად გამოაცხადეს და ძებნაც შეწყვიტეს. ამასობაში ალეკსეი ციმბირულ დროზე გადმოდის და სამხრეთში დაბრუნება აღარ შეუძლია. ციმბირის არაადამიანობას ერთი იმ იშვიათთაგანი დიალოგიც გამოხატავს. ალეკსეი ეკითხება ტედს: ვინაა რუსეთში მთავარი კაციო? პუტინიაო. ადრეც პუტინი იყო, არაფერი გამომიტოვებიაო, – პუტინის სადღეგრძელო დალიეს, – ამერიკის მთავარი კაცი ბოლო ვინ იციო? ბუშიო. მერე მაგისი შვილი იყოვო. ახლა ვინ არისო? ობამაო. ობამაც ბუშის ნათესავი  იქნებაო. არა, შავკანიანია ეგო, – ძლივს დაიჯერა და, – ამერიკას გაუმარჯოსო.

არსებობს ფილმები, რომლებიც გულს მტკენენ. ეს ფილმი მათ არ მიეკუთვნება, უფრო სხვა ადგილას ვიგრძენი ტკივილი. ფილმს 3 წლის ნიკოსთან ერთად ვუყურებდი, ის მომენტი იყო, როცა ტედი ბაიკალის ფირუზისფერ ყინულებზე გაზაფხულზე გავიდა, ფეხქვეშ ყინულები უტრიალდებოდა კაი ატრაქციონივით, ნიკომ მეამიტურად დაუყვირა: “ვაიმე, ბიჭო, სად მიდიხარ? გაცივდები, ყელი გეტკინება,” – მე კიდევ უკვე ვახველებდი.

 

თმა, როგორც სქესის მსაზღვრელი

ქალები თაობებს ვტოვებთ იმ ბიოლოგიური მიზეზის გამო, რომ იგრეკი კონკურენციის გარეშე გადაეცემა მემკვიდრეობას, იქსებს შორის კი რეცესიულისა და დომინანტურის გამოვლენაა საჭირო. ანუ მე, როგორც ქალი, შეიძლება ბებიის პირდაპირი შვილიშვილი არ ვიყო, მაგრამ ჩემი ძმა ბაბუის პირდაპირი შთამომავალია. აქედან შეიძლება აიხსნას გვარის გადაცემის სისტემა მამიდან შვილზე, და გამონაკლისად ებრაელთა პოლიტიკა აღვიქვათ – მუდმივი ომიანობის გამო გაუპატიურების მერე ჩასახული ბავშვების მამობაზე უნდობლობის გამოცხადება.
რთული სათქმელია ბიოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვიეს პატრიარქატული პროცესი თუ პატრიარქატულმა სისტემამ განიცადა ევოლუცია ბიოლოგიაში, პირველობაზე ქათმისა და კვერცხის, სხეულისა და სულის პრეტენზიას ჰგავს. მაგრამ მამაკაცს შეიძლება მრავალი იქსი ქრომოსომა ჰქონდეს და ერთი იგრეკი, – მისი სქესი მაინც მამრობითია. ანუ, გარდა იმისა, რომ მამრის ჩასახვა უფრო მარტივია იგრეკის პატარა ზომის ანუ ნაკლები წონის ანუ სისწრაფის გამო, სქესსაც იგრეკ ქრომოსომა განსაზღვრავს.
სასქესო ორგანოების სხვაობის გარდა მნიშვნელოვანი განმასხვავებელი უხეში თმით დაფარული სახეა. მამაკაცის გამელოტების გენი იგივე ქრომოსომაზე მდებარეობს, რაც ქალის საკვერცხეებს განსაზღვრავს, დაზიანების შემთხვევაში კი ქალებში გამელოტების ნაცვლად, პირიქით, ჭარბთმიანობას, უნაყოფობას იწვევს. შეიძლება ფიქრი მელოტი და ჭარბთმიანი ქალის შეუწყვილებლობაზე, კაცების გამელოტებაში მათი დედების დადანაშაულებაზე ან სიმპათიის გაჩენის ვიზუალურ როლზე, რადგან პარტნიორის სასიამოვნო გარეგნობას ავტომატურად ჯანსაღი მემკვიდრეობისკენ მივყავართ.
თუ იურულ პერიოდში თერომორფებისგან მოყოლებული სხეულზე თმა პრიმატს ყინვისგან დასაცავად სჭირდებოდა, ნადირობის ხანაში საშოვარზე მოხეტიალე მამრმა გამოქვაბულში ჩათბუნებულ ქალზე მეტი თმა დაიჭირვა. ტანსაცმლის გამოგონებასთან ერთად თმიანობა შემცირდა და დღეს სიცხისგან დასაცავად გვჭირდება. ამით აიხსნება სამხრეთულ ქვეყნებში მოჭარბებული თმიანობა. რაც ხშირად კურიოზის მიზეზი გამხდარა სლავეთში მოგზაური კავკასიელი ქალებისთვის, საჭირო გამხდარა საცხოვრებელი კლიმატური პირობების ახსნა, მათთვის ჰორმონალური დისფუნქცია რომ არ მიეწერათ. შეიძლება ჩვენთვის სექსისტურად ეხუმრათ, თუ არ გინდათ თმა გქონდეთ სხეულზე, თმა უნდა გქონდეთ სხეულშიო და სექსისკენ ებიძგათ.
არა მხოლოდ ქალებმა, ფემინიზმის განვითარებაში წვლილი კაცებმაც შეეტანეს, რომლებიც ინდი თამაშებში და კომიქსებში დაიმალნენ. ზრდასრული კაცებისგან თავის მობავშვება ერთგვარ ტრენდად იქცა. პლიუს ორივე სქესისგან თმის მოშორების ისტერია. სოციუმისთვის ინდივიდის თმიანობას რამდენიმე ლინკი აქვს: მასკულინურობის (მამაკაცური ჰორმონების) გარდა ასაკს წარმოაჩენს, რადგან უთმოები არიან უმცროსები. ასაკი კი სტერეოტიპულად სიბრძნესა და გამოცდილებას ლინკავს, როცა უთმობა ქალურობასთან და უმცროსობასთან ასოცირდება.
დღევანდელობა შეიძლება მატრიარქატულ, შემგროვებლურ ეპოქად განისაზღვროს, სადაც ფიზიკური ძალა ნადირთან შესაჭიდებლად ნაკლებად პრიორიტეტულია და ყოფა გონებრივი შრომით იმართება. შესაბამისად, მაღალი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ სუფთად გაპარსული წვერითა (მოვლილით, შემცირებულით მაინც) და სხეულზე მინიმალური თმიანობით წარდგნენ სოციუმის წინაშე. რითიც ფემინურობის მიღებას ლინკავენ, სტერეოტიპულად ნაკლებად აგრესიულობის, ნაკლებად დომინანტურობის, სანდოობის იმიჯს იღებენ. თუ ეს მაღალი რანგის წარმომადგენელი რაიმე რიტუალს არ განასახიერებს, მაგალითად, სასულიერო პირია, შოუ ბიზნესშია.
დასკვნისას, მწუხარებას გამოვთქვავ ქალებისა და ეპილაციის მიმართ, რადგან მგონია, ჭარბი თმის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს მიზეზის მკურნალობისთვის და არა შედეგის მოსაცილებლად. თან ჭარბ თმას, ავადმყოფობის კი არა, შეიძლება დამცველის ფუნქციაც ჰქონდეს. ეპოქაში, სადაც დაავადებებს შორის ქალის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკერდის და საშოს კიბოები სამეულში ერთმანეთს ენაცვლება, ლაზერის სისტემატური, თვიური გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. როგორც ესთეტიკის ცენტრებში საუბრობენ, ლაზერი ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, თუ დასასხივებული ადგილი უკვე არაა პრობლემური. არა და მხოლოდ პაპილომა ვირუსით ქალთა 70%-ია ავად.

23 გზა როგორ უნდა მოკლა წმინდანი

post-20-1412578822

როცა შვებულება ცხრა მთისა და ცხრა მდინარის მიღმა გავატარე, თავი “ნაციონალური გეოგრაფიის” წევრად წარმოვიდგინე, მაინტერესებდა ფულის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი, კამერა გადავტენე, საგზალი მოვიკიდე ტყეები გადავლახე, მწვერვალები დავიპყარი, ღამე კარავში აღმოჩენილ მორიელთან გავატარე, მესმოდა როგორ ყმუოდნენ ცხოველები, მოგზაურის დღიურების წერა დავიწყე, მაზოლებიანი, დაჩეხილი დავბრუნდი ჩემთა ამბავთა გასაზვიადებლად, როგორ შევებრძოლე ღამით წვიმას ფოთლების ჩრდილით და როგორ ვარჩევდი კარაბადინებით სასარგებლო მცენარეებს შხამიანისგან და როგორ არ მეშინოდა ათგზის ჩაცმულ გოგონას ზაფხულში ყინულოვან მთებზე სიარულისას და როცა ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები, გამვლელები ამ ჰეროიკულ ამბებს ისმენდნენ, უჩნდებოდათ ერთადერთი შეკითხვა: – არ გეშინოდა, რომ ვინმეს გაეუპატიურებინე?
და მე ვუპასუხე, რომ არა, რატომღაც არა. მსგავსი კითხვების დროს მახსენდება, რომ სამყაროს სიყვარული, ანუ სქესობრივი კონტაქტები ამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა ხდება ჩემს უნივერსიტეტში, ეზოში, სამსახურში, სამეგობროში, ეტყობა განვითარებით ჯერ კიდევ იმ ინფანტილურ საფეხურზე ვარ, როცა თავი ჩემივე სცენარის მთავარი გმირი მგონია და ვფიქრობ, სიკვდილი არ დამიგეგმავს. ალბათ სხვებიც ასე ფიქრობდნენ, რომ სუპერ გმირები იყვნენ, ფერად კოსტუმებს ჩაიცვამდნენ, ნარკომან მშობლებს ცხოვრებისკენ მოაბრუნებდნენ, ეჭვიან მეუღლეებს სიყვარულით რწმენას გაუჩენდნენ, მასწავლებლები აღარ გვეჩხუბებოდნენ და ქვეყანაც აშენდებოდა. ალბათ ჩემში ისევაა ღმერთის კომპლექსი.
შენებისას კი ხშირად საუბრობენ ქალთა უფლებებზე, როგორც ადამიანის უფლებებისგან დამოუკიდებელ წესებზე, რაც იმდენად თვითირონიული მგონია, რამდენადაც ფემინისტებისგან მოძალადე ქმრების დედებისადმი გაჟღერებული გინება. სწორედ ეს გინებაა ყველაზე სექსისტური ანეგდოტი რომელიც მომისმენია. სწორედ ეს გინებაა ყველაზე თვითგამომრიცხავი ფემინიზმი რომელიც მაშინებს. ხოლო თანასწორობამდე იმდენი ნაბიჯია დარჩენილი, რამდენჯერაც გავამახვილებთ ყურადღებას კაცისგან ქალის მკვლელობაზე, ვუგულველყოფთ ინფორმაციას იგივე პერიოდში ცოლისგან ქმრის მკვლელობაზე, კაცების ერთმანეთში ჩხუბზე ანუ ინფორმაციას სქესის მიხედვით გამოვარჩევთ. რატომ არიან მკვდარი ქალები უფრო საცოდავები ვიდრე მკვდარი კაცები ისევე არ მესმის, როგორც თეორია, რომ გაუპატიურებული კაცები ქალებზე მეტად დარდობენ. იმას ჰგავს, აპროტესტებდე ქალის პორნოგრაფიულ აღქმას და ღამის კლუბში ქალთა უფასო შესვლა გსიამოვნებდეს.
ამჯერად, საპატრიარქოს მიერ გამოცემულ დაბადებათა განმარტებანს ვეცნობი: ქალმა დაამტკიცა, რომ სუსტია, მალე ცდუნდება. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორები არიან, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ უბრძანა ღმერთმა დამორჩილებოდა ქმარს, – ხელი აწიეთ ვისაც გინახავთ პირიქით, კაცისგან ნაცდუნები ქალი. არ მჯერა, რომ ღმერთი ფიქრობს რომ ეს იშვიათი ამბავია. სხვა საქმეა, რომ მარიამს დედობრივი მზრუნველობა აკლდა, მხოლოდ მეორე დღის მგზავრობისას შეამჩნია, რომ პატარა იესო მოსალოცად დარჩენილიყო მამამისის სახლში (ვფიქრობ, მწერალს ამის გახსენებისთვის არა მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ იესო თავიდანვე დამოუკიდებელი და მამის მოყვარე იყო, იმისიც, რომ მარიამს ყველანაირი ეგრეთ წოდებული ქალური ინსტინქტები მოაკლო.), მთავარია, რომ ღვთისმშობელმა საკუთარ სხეულში ღმერთის დატევით ქალიც გააწმინდანა.
და რაც არ უნდა გაგკვიკვირდეს, საქართველო მატრიარქატული წყობის ქვეყანაა, მიწათმოქმედი, გეორგიანული, ფემინური, სადაც რადიკალური მატრიარქატის დამსხვრევაც ქალის ხელით მოხდა (მითი ამირანის დედაზე), კაცის სანადიროდ გასვლაც კი უსუსურ აქტს წარმოადგენდა ამორძალი დალის გარეშე. სადაც იდეალური სახელმწიფო ფორმის მეფე ქალი გვყავდა, იდეალური რელიგიის გამავრცელებელიც მდედრობითი სქესია, ხოლო ღვთისმშობელი წილ-ნაყრობს და გვიფარავს. აგერ, სახელმწიფოებრივობა მოვიპოვეთ ახლახანს და, სტატისტიკის თვალიერებისას გამოვტყდეთ, უმუშევარი კაცების ფონზე ეკონომიკა მეორე სქესზე ცხოვრობს. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც ქალი წმინდანის საფეხურამდეა აყვანილი, მით უფრო დაკნინებულია მისი ადამიანური უფლებები. ამიტომ გვიჭირს დედების პორნოგრაფიული თვალით განხილვა, ცოლებისგან მფარველობას ვითხოვთ, რომ ისინი სწორ საკვებს და ჩასაცმელს აგვირჩევენ. ამიტომ გვიჭირს მათი სხვაგან გაშვება, რადგან ტრაგედიაა გაღმერთებული ადამიანის წასვლა, აღმოჩენა, რომ წმინდანსაც შეუძლია დაიგროვოს წყენა, არა მარტო წყენა, ღალატი. ამიტომ ვკლავთ. და ყოველ ჯერზე, როცა კაცები ქალებს ვკლავთ, სადღაც, სტერეოტიპთა სიღრმეში აქტი აღმოჩენას წარმოადგენს, რომ წმინდანი ადამიანია.
კაცებო, ყოველ ჯერზე როცა ერთმანეთს დედებს ვაგინებთ, ერთმანეთის წმინდანებს ვაგინებთ.
ქალებო, ყოველ ჯერზე როცა კაცებს დედებს ვაგინებთ, როგორც გვგონია, ეს არაა ჩვენი მოპოვებული თანასწორობის აქტი, ჩვენივე სქესს იმაზე მეტადაც ვკლავთ, აბორტის ლეგალიზაციით ფემინისტებმა რომ მოგვკლეს. ესაა მითი ამირანის დედაზე ხელახლა.
აი, ამიტომ არ ვიგინები.
ამ დღეებში საბოდიალოდ ისევე წავალ, და როცა ამბები დამიგროვდება, ძალიან მინდა უსქესო მსმენელი დამხვდეს, რომელიც მკითხავს, რას ვგრძნობდი ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, უდაბურ ტყეებში როგორი სოკოები ვნახე და როგორ გავაჩაღე ცეცხლი ნაფოტებით და ის ცეცხლი აბელზე მაღლა ავიდა, და თან წუხდეს დაღუპული კაცების და ქალების გამო თანაბრად.

გადავიყვაროთ კაცები ორ წიგნში

ელფრიდეს (მიყვარს, როცა მწერლებს სახელით მივმართავ) არ უყვარს, როცა მის ნაწერებს, ”ქალურ ლიტერატურას” აკუთვნიან. შინაგან ემიგრაციაში გასვლით იმუქრება, თუმცა ეს მაშინ მოხდა, აღიარება რომ მიიღო. ზოგადად კი, ხშირად იმუქრება ელფრიდე. ისევე, როგორც პერსონაჟთა დაბრუნებას ახალ პიესებში, მხოლოდ სახელით რომ ამოიცნობ. როგორც ერთ-ერთ რომანში ომში დაღუპულებს აბრუნებს, მოვლენ, სინდისს გააღვივებენ და წავლენ. ჰოდა, ეს ”მიველ, ვნახე, დავამარცხეს” ელფრიდესეული ვარიანტი იმდენად ფემინურად ჟღერდა, ელფრიდემ ვაგინა დაისერა, ალბათ ისე, პიანისტი ქალი მაჯებს რომ ისერდა, ქალობიდან ანდროგინად იქცა.
პორნოგრაფიაზე წერა უყვარს. მუქარის მიუხედავად რომ ვერ ეშვება, ისე. იმისთვის რომ ვწერო, მჭირდება განუსაზღვრელობა და შეკავებული სასიყვარულო ენერგიებიო, რამდენჯერმე გამოტყდა და ამით დასერვის აქტი გაამართლა. იმასაც ამბობს, რეალობას არარეალურად ვწერო, სიტყვები თავისით წერენ თავებსო. იმდენ რამეს ამბობს, პირად მცველს მოუნდა მისი მოკბეჩა. არ ვიცი, ალბათ შინაური ძაღლი იგულისხმა. თავად ამბობს, საკუთარი თავის გარდა ყველაფერი აღვწერეო. მაგალითად, გერმანია მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნემდე ერთი ადგილობრივი პოეტის თვალით. სხვები ფიქრობენ, რომ მისი ნაწერები ავტობიოგრაფულია. და ხვდები, რომ ძაღლის ნაცვლად თავისივე დაწერილი ასოები იგულისხმა. რემენს აგლეჯილი სიტყვები, საკუთარი გზებით რომ დადიან. ამაზე კი მძაფრსიუჟეტიან ფილმებში საკუთარ სახლებში რომ ემალებიან ქილერებს, ის გამახსენდა. ელფრიდეს უყვარს, როცა მისივე სიტყვები ეწინააღმდეგებიან თავს.
თავთან წინააღმდეგობას კი ”პიანინოს მასწავლებელში” ამჟღავნებს.  პირადი წინააღმდეგობები გარე სამყაროს წინაშე დრამას ქმნიან. რომანია ტკენაზე, ტკივილის მიყენების სადისტურ და მაზოხისტურ გამოვლინებებზე. ბარიერის გავლაზე სასიამოვნო ტკივილიდან უსიამოვნო ტკივილამდე. ისე ვწერ, მითები რომ დავარღვიოო, საგნებს ისტორიას და რეალობას ვუბრუნებ.
”საყვარლებში” ის ჩვეულებრივ წყვილებს აღწერს. დასკვნა კი ისაა, ანეგდოტებს რომ ყვებიან, თუნდაც ქალები შტერები არიან, მაინც საყვარლები არიანო. კერავენ და მკერავის სისხლი კი დაიღვაროს უნდა. ეტყობა მუზისთვის ისეთ წყვილებს არჩევს, სასიყვარულო კავშირს რომ შეგაზიზღებს ქალს. თანაც ამას კაცთა ”კარგობით” ან ”ცუდობით” კი არ აკეთებს, კაცი ნეიტრალურია, არც ცუდია არც კარგი. განსხვავება მხოლოდ დამოკიდებულებაშია მათდამი. დამოკიდებულება კი მთელი  ცხოვრების მანძილზე რწმუნებაა სხვისი იმაში, რატომ უნდა გიყვარდეს იგივე ფუნქციების მქონე ადამიანი სხვებზე მეტად. ელფრიდემ, სჯობს დროულად მოვიკლათო თავი. ასე ახლობლების სიკვდილს არ ვნახავთ. ეს კი ისეთი უტოპიაა: ერთდროული სუიციდი მთლიან დედამიწაზე, ისე, რომ არავინ გლოვობს.

მამაო ჩვენოზე

ტრადიციული ვერსიით, ”მამაო ჩვენო”, ლოცვა, რომელიც სხვადასხვა ქრისტიანულ მიმართულებებს აერთიანებს, იესო ქრისტემ წარმოთქვა. მისგან იღებს სათავეს მას შემდეგ შექმნილი სხვა ლოცვები. ითვლება, რომ იგი შეიცავს შვიდ თხოვნას და სამყაროს შვიდ საწყისს აერთიანებს.

სამკუთხედით აღნიშნულია ღვთიური საწყისი და ამ მხრივ მსგავსია ინდური ღვთაებრივი სამკუთხედის: ბუდას, ვიშნუს და შივას კუთხეების, როგორც სიყვარულის, იმედისა და რწმენის. ქალური ელემენტის არსებობა ღვთიურ კუთხეებში ქრისტიანობის ზოგ მიმართულებებში მკრეხელობად ითვლება. ღმერთი მამრობითი არსის მატარებელია და მდედრობითი საწყისი შუამავალია. სულიწმინდა, როგორც ქალური ბუნების ინტერპრეტაცია მწვალებლობად ითვლებოდა. თუმცა არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, ღვთისმშობელი არა მხოლოდ წმინდანია,  არამედ სამებას განეკუთვნება და სამყაროში ნებისმიერი მოვლენა სქესობრივი ურთიერთობის შედეგია.

კვადრატს  ენერგიის შესვლა-გაცემა ეხება. ლოცვაში გათვალისწინებულია ადამიანური ბუნების ოთხი ძირითადი ნაწილი. ყურადღება გასამახვილებელია, რომ ადამიანის ”მე” ითვლება ყოველგვარი ბოროტების სათავედ. ასევე შეიცავს ფიზიკურ სხეულს, ღმერთმა ადამ და ევას რომ მისცა ტყავის სახით, მას შემდეგ, რაც აკრძალული ხილი მიიღეს. შედგება ასტრალური სხეულისგან, ანუ გულისთქმისგან, განსაცდელისგან და ეთერული სხეულისაგან.

დაბადება

 

ახალი წელი ყოველთვის გეგმებს უკავშირდება: ”ამ დღიდან არავითარი ალკოჰოლი” ან ”ახლა მაინც დავიწყო კარგი სამსახური”, – სურვილები სტიმულს გვაძლებს ახალი ცხოვრება შევქმნათ ძველის მოკვლით, შენაცვლებით ანდაც მასთან თანაარსებობით. ახალი კალენდრის დადგომამ და მეგობრის დაორსულებამ ამ თემაზე დამაწერინა. ანუ მანქანის მიზეზსა და შედეგზე.  ამ საახალწლოდ ამეკვიატა ფრაზა, რომ ქრისტე  მკვლელობამდე დაბერდა. დაბადებამდე. არ ვმკრეხელობ. ხანდაზმულობა რადიკულიტს არ ნიშნავს მხოლოდ.

როგორც აღვნიშნე, ჩემი მეგობარი ორსულადაა. დიდი ხანია გაიგო და უხარია. მხოლოდ შარშან ამ დროს სამ მეგობარს გაუჩნდა ბავშვი, – დღემდე ვერ შევეჩვიე მათ ხელში დაჭერას. მგონია, ვატკენ. ვერც მოფერებას. მგონია, ჩემი შეეშინდებათ. მეგობრებს კი ჰგონიათ, ბავშვები არ მიყვარს. არ ვიცი. ალბათ პასიური ვარ. თუ არ მოდიან, იქით მე – ვერ.

მახსოვს, პირველად რომ ვნახე ბავშვი ექოზე, ოთხის ვიყავი. შავ-თეთრ მონიტორზე ბევრი შავ-თეთრი ლაქა რომაა და მკითხაობ, რომელი ლაქაა უცხო სხეული. მერე სქესს გეუბნებიან და გიკვირს, თანდათან იჯერებ. ოღონდ რომც სხვა ლაქაზე მიგითითონ, ალბათ მაინც დაიჯერება. ბოლოს ამგვარად სამი წლის წინ ვიყავი. ამჯერად, მეტად შედეგიანად. ვერის ბაღის მიწისქვეშა გამოვიარე. თეთრი ქსოვილი მახსოვს, ქალები რომ ყიდიდნენ ბავშვისთვის წინდებს.

სახლში მოვედი და გამუდმებით ვამტკიცებდი, რეინკარნაცია რომ არ არსებობდეს, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო. ღარიბების დაბადებას ვერ გავამართლებდით იმით, რომ ქონებას სხვათა საზიანოდ იყენებდნენ წინა ცხოვრებაში, რომ მტაცებელ ნადირად დაბადება ნიშნავს, წინაზე ხორცის ჭამის მოჭარბებულ იმპულსს, რომ ხეიბრებს უსამართლოდ არ მოქცევია  ცხოვრება უხელფეხოდ რომ დაიბადნენ, თავი მოიკლეს ფანჯრიდან ასფალტზე გადმოხტომით და სხეული დაუზიანდათ, რომ მილიონობით უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს ან ომში იღუპება, უსამართლობას როდი ნიშნავს, არამედ – სამართალს. მართლაც, რა უსამართლო იქნებოდა სამყარო, ადამიანთა უთანასწოროდ გაჩენის გამო.

ვცდილობ ხელის მიდებით ვიგრძნო, როგორ მოძრაობს ბავშვი მეგობრის მუცელში, წარმოვიდგინო როგორი ცხოვრება ჰქონდა. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ თავად ვირჩევთ, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, დაბადების ადგილს, დროს, მშობლებს.. ვფიქრობ, რა მინდოდა ამ კონკრეტულ ქალაქში ან რატომ ავირჩიე ეს საუკუნე, 24 წლის ჩვეულებრივი წყვილი დედა და მამად. ამ დროში, იმის მაგივრად, რომ ღმერთის არარსებობას ადამიანისთვის ფუნქცია წაერთმია, პირიქით – გააძლიერა.

წლების წინ როცა ერთ მეგობარს ვკითხე წინა ცხოვრების შესახებ როგორ იგებდა, რამდენიმე წიგნი მირჩია, – მათი წაკითხვის მერე ხვდებიო. მერე ჰოროსკოპი შევადგინე, ანუ გრაფიკული ნახაზი ჩემი თვისებებისა. ამის მიხედვით, წინადან დაგროვილი გამოცდილება აწმყოში რეალიზდება. არ არსებობს შემთხვევითობა. სპონტანურად გადასხმული ყავაც კაბაზე დროის მანძილზე დაგროვილ ინსტინქტს უკავშირდება. ცხოვრების ანარეკლიაო და პროგნოზი, და არა წინასწარმეტყველებას, ვაკეთებ: წინა ცხოვრებაში ბავშვებს ცუდად ვექცეოდი. თუმცა დედად ვიღაცას მაინც მოვუნდები. ბიჭი უნდა იყოს. რატომღაც იოსები მინდა დავარქვა. ალბათ მასაც ექნება წარსული. მშობლად რომ ამირჩევს, ვფიქრობ, დედობაზე ზედაპირული შეხედულება ჰქონია. ნეტა, ქრისტეს რამდენი დაბადება ჰქონდა?

თავი ყოველთვის ფემინისტად მომქონდა, თუმცა ყველანაირ -ისტობას თავს ვარიდებდი. მომწონდა, როცა ჩემში ფემინური ჭარბობდა კაცურს, ინტუიციის, მიმღებობის, ჩაკეტილობის, დიალოგის (ანუ ყველა იმ რიგით, რითაც ქალს კაცისგან ანსხვავებენ) გამო ვაფასებდი. თუმცა ვიცი, ეს ყველაფერი პირობითია, ვამბობდი, რომ ქალად თავს სრულფასოვნად ვერ ვიგრძნობდი, თუ შვილი არ მეყოლებოდა. ეს სქესის უკვე პირობითი განმსაზღვრელი არ არის. არც საკეისრო კვეთა მირჩევნია ბუნებრივს. მინდა დაბადება რიტუალად ვაქციო. და რაც მეტად მაშინებენ მეგობრები, რომ ლამისაა მოკვდნენ, ცხოველებად იქცნენ, მით მეტად მინდა ჩემთვის ერთადერთი ქალურობის აღმნიშვნელი რიტუალი.

ამბობენ, ადამიანი კარმას რომც არაფერს აკეთებდეს, მაინც აკეთებსო. იმასაც ამბობენ, სიკვდილის წინა სურვილს დიდი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ყალიბდება. იმასაც ამბობენ, რომ მორიელის ზოდიაქო ტრანსფორმაციის პერიოდს უკავშირდება, – სიკვდილს და ხელახლა, ფერფლიდან დაბადებას, სიკვდილს და მემკვიდრეობის დატოვებას, მოკლედ, მომენტს დაბადება-სიკვდილსა და დაბადებას შორის. და ყოველ ჯერზე ვფიქრობ, თურმე ისე მიცხოვრია, სიკვდილ-სიცოცხლის განგაში დავდე. სინამდვილეში ძალიან დაბნეული ვარ. აღარც ხორციელი ღმერთის არსებობას გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ლამაზი სახელია იოსები.

როდის ყოფილა აქამომდე?!

იყო და არა იყო რა, ღმერთმა ხატად თვისა ადამი და ლილიტი შექმნა. მათ ჰქონდათ ვნებიანი ცხოვრება, სანამ ადამმა ცოლს ღმერთთან არ უღალატა. ჰო, უღალატა, მანამდე სამივე ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. ადამი თამაშობდა ცხოველებთან, ლილიტი კი ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა. ქალი ცნობიერებას რომ ეგებოდა, ადამს ის მეტად მოსწონდა, ღმერთი შეშფოთდა. დაიბარა ადამი და უთხრა: ჩემზე სალოცავად დრო აღარ გაქვს, ცოლს შენ უნდა იქვემდებარებდე, ყურადღებას აქცევდეო. წამოვიდა ადამი და ცოლს ეკამათა. კამათი ჩიხში მაშინ შევიდა, როცა მას სექსში დომინანტობა აუკრძალა. ლილიტმა ადამი სხვის ჭკუაზე მოარულ სუსტ კაცად ჩათვალა და ცხრა მთისა და ზღვის იქით გაფრინდა.

-მეტის წაკითხვა->

ფუტურისტი ქალის მანიფესტიდან

 

 

უტურიზმი ფემინისტობას უარყოფდა.

ფემინიზმს უარყოფდნენ ფუტურისტი ქალებიც.

მათ კაცობა სურდათ და მეორე სქესს უგულებელყოფდნენ. ისინიც აღიარებდნენ ომის ჰიგიენასა და პატრიოტიზმს.

ეს ქალი ვალენტინა დე სეიტ პოინტია. მომავლის ცეკვას ნერგავდა და ამბიცია ჰქონდა სიმკაცრის.

მერე ტერმინიც შემუშავდა მისი ცეკვის აღსანიშნავად, 1917 წლის 3 აპრილს ნიუ-იორკში რომ შეასრულა: საერთო ცოდნა.

წერდა, როგორი უნდა იყოს ის, როგორი უნდა იყოს ეს.

თავად გადაიტანა რამდენიმე განშორება და თავი დამოუკიდებელ ქალად გამოაცხადა. ამბობდა: ჩემი სისხლი საბედისწეროდ ეწირება მომავალს.

თვლიდა, რომ ქალი, რომელიც აკავებს კაცს სენტიმენტალიზმის და ცრემლების მეშვეობით,  უტოლდება მეძავს, რომელიც კაცს ტრაბახით აკავებს; ქალი არაა სუსტი სქესი დაბადებით. ის ფიზიკურად ისევე ძლიერია, როგორც კაცი, ყველაფერი მემკვიდრეობრივი გაზრდის ამბავია. ეს სქესი მიმართულებაშეცვლილია მორალსა და ცრურწმენისკენ, მოუწოდებს ძალადობის ინსტინქტები აიმაღლონ. ასე მივიდნენ ფუტურისტი ქალები ქალთა ფაშისტურ მოძრაობებამდე.

 

აშიზმამდე მოწოდებაა სისხლის:

კაცობრიობა გაქვს თავისი გმირებიანად. შექმენი ისინი!”

”მდარეა კაცობრიობა.

ქალთა უმეტესობა არც ზემდგომია კაცისა, არც მასზე დაქვემდებარებული. თანასწორნი არიან. თანაბარი პატივისცემის ღირსნი. ”

”ეს არაა ფემინიზმი. ფემინიზმი პოლიტიკის შეცდომაა. ფემინიზმი მენტალური შეცდომაა ქალის.”

 

 

1+1=1(3)

  ” უფალმა ადამი ღრმა ძილით დააძინა, ამოსჭრა ერთი ნეკნი და მისგან ევა შექმნა”. (მოსე).  

” დასაწყისში ცოლსა და ქმარს ჰქონდათ ერთი სხეული და ორი სახე. შემდეგ ღმერთმა მათი სხეული ორად გააპო და თითოეულს თავისი ხერხემალი მისცა”. (თალმუნი).  

 ჯერ კიდევ განუყოფელი არსება სრულ წონასწორობას ფლობდა. მთელი იყო. პლატონი ”ნადიმში” წერს, რომ ადრე ადამიანებს სხვა სქესი ჰქონდათ, ანდროგინები იყვნენ, ანუ სრულები. ბედნიერები იყვნენ და ღმერთისთვის დრო არ რჩებოდათ. და ღმერთმა ისინი გაყო. გაყო ქალად და კაცად. ნაწილებმა ერთმანეთის ძებნა დაიწყეს. ვინც იპოვნა, სრულყოფილებას ეზიარა. 

 ანდროგინი ჰერმაფროდიტი არაა. ეზოთერულ მოძღვრებებში ნათქვამია, რომ ჰერმაფროდიტი არასდროს არსებობდა. იყო მხოლოდ სწრაფად შეწყვეტილი ცდები.

 მდედრობითში დარჩა მამრობითი და მამრობითში – მდედრობითი. უარყოფითი და დადებითი ორივეში ნაწილდება.  დიფერენციის დროს წარმოებს საწყისების განცალკევება, ხოლო განცალკევებული საწყისები განსხვავებულ სფეროებში არიან გატაცებულნი. ეს საჭიროცაა. სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც საწყისებში ჩადებულმა მაგნიტმა გარდაქმნას და საწყისები გააერთიანოს. ესაა კოსმოსის მწვერვალი და იდეალური დასრულება.  

 კაბალა ამბობს, რომ იმ ადამიანების ნაცვლად, რომელთაც შენს ირგვლივ ხედავ, მათი სულები უნდა ნახო, ანუ ის პაწაწინა წერტილი, მარცვალივით რომ ნებისმიერ ადამიანში არსებობს. სიყვარული კი ამ ორი მარცვლის ერთიანობაა. მაგრამ მათ სწამთ სულის დაყოფის. მაგალითად, რეინკარნაციის დროს ქალს ვერაფერი დაეხმარება მამაკაცად დაბადებაში. ის იბადება ქალად, იმიტომ, რომ სულის სხვა ტიპი აქვს. ქალის სული კაცის სული მხოლოდ ნაწილია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ კაცის სული აცხონოს. ქმრის სულის ცხონებით, სული თვითონაც გაუბრწყინდება. 

ინდოეთს კლიმატურმა პირობებმა შეუწყო ხელი თვითჩაღრმავებისკენ და სამყაროს მთლიანობის ძიებისკენ. თუმცა კასტების სისტემამ და ქალებისადმი დამოკიდებულებამ, ეს პროცესი შეაფერხა. აქ ქალის გაუთხოვრობა უბედურებად ითვლება. ბავშვებს ხშირად ჩვილობის ასაკში ათხოვებენ. მეტიც, ათხოვებენ ორსულ მდგომარეობაში მყოფი დედის მომავალ შვილებს. თუ ერთი სქესის ორი ბავშვი იბადება, ბრამინები მას ქორწინების აუცილებლობისგან ათავისუფლებენ. აქ ქალს არ აქვს უფლება, მხოლოდ მოვალეობათა ხროვა. მართალია, ინგლისის მთავრობამ გარდაცვლილ ქმრებთან ერთად ქვრივი ქალების დაწვა აკრძალა, მაგრამ ბრამინებმა მათ სიკვდილზე გაუსაძლისი პირობები შეუქმნეს. ქალს თმას და წარბებს პარსავენ, ოჯახის წევრებს რომ მონებად ემსახურონ.

  თეოსოფოსების აზრით, ადამიანი ბრძენია, თუ იმას შეიცნობს ამ ქვეყანაზე, რასაც სიკვდილის მერე იგრძნობს ანუ შეიმეცნებს რა მთლიანობას სამყაროსთან და საკუთარ აზრებს არ მიმართავს ეგოისტურად მხოლოდ თავისკენ. ნარცისიზმი ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, რადგან ადამიანი აღარ ვითარდება, – ღრუბლების სახით აზრთა ნაკადი ჯგუფდება და ისევ მას აზიანებს.

 ტანტრათი დაკავების შემთხვევაში, საწყისების გაერთიანებით ადამიანები იცნობენ ორგაზმს და მის მერე ჭეშმარიტებას. აქ ორგაზმი განხილულია როგორც ველი და არა როგორც სიამოვნების პიკი. მთავარია გრძნობა (ანუ გონება) არ უშლიდეს ხელს. ამ დროს სრული გათიშვა უნდა ხდებოდეს სამყაროსგან.

 ძველად, ვენერასა და  მარსს ერთ ადამიანად გამოსახავდნენ. ვენერას უკეთებდნენ კაცურ გარეგნობას და ამით მარსთან შერწყმის ხდომილებას კვეთდნენ. მაგრამ მერე პლატონისეული სიყვარულიდან რომანტიკული სიყვარულის გავლით სიყვარულის ფროიდისეულ, იუნგისეულ  გაგებასთან ვჩერდებით: ყველა კაცშია ფარული ქალი, ანიმა. სამყაროს კი საკუთარი სქესი ამოძრავებს.

 ჩემი აზრით, სიყვარულში სამების, სამი ერთიანობის კანონი უნდა იყოს: ფიზიკურობის,  მენტალობის, სულიერების ( Душа́ ). ერთის დაკლების შემთხვევაშიც, ირღვევა მეორე ნახევრის პრინციპი. ვერ გამოვყოფ, რომელია ურთიერთობის მწვერვალი: ფიზიკური სიახლოვე, გონებრივი შეთავსება თუ სულიერი მხარე. ყოველშემთხვევაში, ქალი კაცის ისეთივე ნაწილია, როგორც კაცი ქალისთვის. ესაა ინი და იანის პრინციპი. ერთობა კი ძირფესვიანად მოქმედებს სულზე ( Дуx ). თუმცა ორი ადამიანი ეს დუალიზმია. მათ მესამე ( შვილი ) აკლიათ სამებისთვის.

ამბავი კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდისა, რომელიც მეცნიერებამ შეთხზა მამაკაცისა და ქალის სტერეოტიპულ როლებზე დაყრდნობით

” ადამიანის სხეულის თეორია ყოველთვის სამყაროს ნაწილა… ადამიანის სხეულის თეორია ყოველთვის ფანტაზიის ნაწილია.” ჯეიმს ჰილმანი. ანალიზის მითი.

ანატომიაში ქალის სხეულის დაკნინებაზე ემილ მარტინი საუბრობს. მათი შინაარსი პატრიარქატზე მიუთითებს: ფუუ, წერენ, რომ ქალს ბინძური სხეული აქვს, მენსტრუაცია მოსდის და სუსტია. სუსტია არა მხოლოდ გარეგნულად და სულიერად, ორგანიზმიც სუსტი აქვს. მერე ემილი ნორტონი გაბრაზდა, სტატია დაწერა და მოუყარა თავი წიგნებში არსებულ მითებს სპერმისა და კვერცხუჯრედისა: იმ წიგნებიდან, სადაც თანამედროვე მედიცინის სახესხვაობრივი გადმოცემებია, ასევე მითებს, სადაც კვერცხუჯრედისა და სპერმას შორის ურთიერთობა წარმოჩენილია სამეფო ან საეკლესიო შეფერილობით.

მითების თანახმად, ”ცხრა მთისა” და ”მდინარის გადაღმა” მდებარეობს კვერცხუჯრედი, დიდი და დონდლო. უმოძრაო. აქვს ”გვირგვინი”. ყავს თანმხლბი უჯრედები – ”ამალა”. დამცველ გარსს უწოდებენ ”სამოსელს”, სიტყვას, რომელსაც ჩვეულებრივ მხოლოდ წმინდა საეკლესიო ტანსაცმლის მიმართ იყენებენ. წმინდანია. ზის ცალკე, მაღლა, – დედოფალი სპერმის მეფისთვის. პასიურია, ანუ დამოკიდებული სპერმაზე.

აქ stop.

ჯერალდ შატენი და ჰელენ შატენი კვერცხუჯრედს მძინარე მზეთუნახავს ადარებენ: მთვლემარე საპატარძლო თავისი მამაკაცის ჯადოსნურ კოცნას ელოდება, რომელიც მას სულს შთანთქავს და სიცოცხლეს მიანიჭებს. თან სპერმას ”მისია” აქვს: ”კვერცხუჯრედის ძიებისას ქალის სასქესო ორგანოში შეაღწიოს.” მოკლედ, სპერმები ”საშიშ მოგზაურობაში” ”თბილ სიბნელეში” მიემართებიან, სადაც ზოგი ” ”ძალგამოცლილი” დაეცემა. “გადარჩენილებს” ”იერიში მიაქვთ” კვრცხუჯრედზე და წარმატებული კანდიდატები ”ჯილდოს თავს ეხვევიან”.

ემილ მარტინს ვუდი ალენის ფილმი მაგალითად მოჰყავს, ფილმში, სადაც შეშინებული სპერმატოზოიდის როლს თავად ვუდი ასრულებს, რომელსაც ეშინია გარეთ გამოსვლის, უფრთხის სიახლეს და არ უნდა ”ბუაში” შეღწევა. ვიზუალური ხილვისას, როდესაც სპერმა კვერცხუჯრედში შედის, ფართხალებს. სცენარისტს ეს ფაქტი ჰქონდა მხედველობაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სპერმა და კვერცხუჯრედი ერთმანეთს შეერწყმიან ორივეს ზედაპირზე შემაკავშირებელი წებოვანი მოლეკულების მეშვეობით. კვერცხუჯრედი სპერმას იჭერს და ისე მჭიდროდ ეკრობა, რომ სპერმას თავი პრტყლადაა მიმართული ზედა პირისკენ. დაჭერილი სპერმა ქეთ-იქით უშედეგოდ ფართხალებს. მაგრამ კვერცხუჯრედი დიდია და სპერმის შთანთქმა უნდა. თუ კვერცხუჯრედი მოკლულია, სპერმა მასში ვერ აღწევს. ასე, რომ მითი, ქალის პასიური როლისა სექსში მოძველებელი და უსარგებლოა.