და მეც ჩუმად ვარ

“შენი შვილი.
შენი მოყვარული შვილი.
შენი შვილი, რომელსაც სიყვარული არ შეუძლია და ვერაფრით ეგუება ოჯახურ ცხოვრებას,” – ალბათ ფრანცმა არ იცოდა, მისი წერილის ნახვისას თუ მომინდებოდა თავის მოკვლა. თუ სხვები ბოლო წერილს უხამებენ სიკვდილს, მე ეს გამოსათხოვარი იმდენად დრამატული მეჩვენა, რომ მხოლოდ მისი გამეორების გამო მიღირდა წასვლა. თავს არ ვიკლავ, უბრალოდ ორივემ მივატოვეთ სამუშაო და ოჯახი. გავიქეცით. ისე, რომ მანქანა არ მოგვიპარავს, ტელეფონები გამოვრთეთ, განვმარტოვდით. თანამედროვე სამყაროში ამისთვის ვირტუალურად გაწყვეტილი იყო, საკმარისია. ეს მაშინდელიდან, როცა დედამიწამ პრივილეგირებული მდგომარეობა დაკარგა და ცენტრიდან მექანიზმის ჭანჭიკად იქცა.
თუ გირეკავენ და თიშავ, განმარტოებაა, თუ ურეკავ და თიშავს, მარტოობაო, – გამიმეორებთ ალბათ.
ერთხელაც მიამბეს რომ გამოქვაბული არსებულა, სურვილს ჩაუთქვამ და სასწაულს ახდენსო. კაცისთვის უკითხავთ, რა არის შენი სურვილიო და სამყაროში სიმშვიდე მინდაო, პეკინელი ბავშვები აღარ კვდებოდნენო. აგიხდენო. ჩამოცვენილა კლდეებიდან ოქრო და ვერცხლი. სინამდვილეში ამ კაცს ფუფუნება სდომებია.
სინამდვილეში რა მინდა.. – ეს შეკითხვა უკვე ისტერიად მექცა, ნებისმიერ დროს როცა სურვილი მინდა ჩავუთქვა, მაშინაც კი, როცა სულით ხორცამდე ვცდილობ ახდენას, იქნებ არ მინდა მეთქი და ვიხევ. ამჯერადაც დავიხიე, – მოხვეულზე თითო–თითო ბოთლი ტირილით გამოვცალეთ და ვთქვი, – დავბრუნდეთ.
“ხომ სასწაულია სულს რომ მატერია შეექმნა, მაგრამ ის უფრო დიდი სასწაული იქნება, მატერიას შეექმნა სული”, – თქვა და მომეხვია მუცელზე, მთელ ქალაქში ნისლი იყო დილით. მინდა ყველაფერი გაქრეს მეთქი. სინდისის ქენჯნისგან ხმის ამოღების თავი არ გვქონდა.
ანდაზა გვეუბნება, თუ დარწმუნებით იცი, ვინაა დამნაშავე, თავი არ გასცეო. და მეც ჩუმად ვარ