ღუზა

“ყველა ცარიელი ბოთლი სავსეა მოგონებებით”.
ფოტო აღებულია ღვინის სახლიდან.

7589709808

მე დაშორება მიყვარს, როგორც ურთიერთობის იდენტიფიკატორი და პარტნიორის გასაზღვრის საშუალება. რადგან თუ ამ პარტნიორთან ცხოვრებას ვაპირებ, ნეგატივის კულმინაციის მომენტი უნდა გავიაროთ ერთმანეთის ამ კუთხით გაცნობით. პირადად მე ყველაზე დიდ შეცდომებს ამ მომენტში ვუშვებ და ვიღებ. ამიტომ მაინტერესებს სად მიდის სიყვარული დაშორების მერე, რამდენად ხარისხიანია დაშორებისას სიმწარე, კომპლექსები მოგვარებადი, ურთიერთობაში დაბანდებული ენერგია ადეკვატური. კიდევ სიყვარული პატარა საწოლზე დატევით უნდა გამოსცადო, რადგან ამ დროს მთელი არაცნობიერი პრობლემები იგრძნობა. ჯერ შენმა წრიალმა და კოშმარებმა უნდა შეგაწუხოს და ახლა სხვისი წრიალი და კოშმარები უნდა აიტანო. რაღაც ჰორორ ფილმის იდეა მაქვს, რამდენად მზად ხარ ამ ადამიანს ინსომნიაში შეეწყო?

ბამბუკის ტყეში არის ხის სახლი, წვიმისას სველი ხის სუნი რომ ასდის. შიგნით ერთი წყვილი ცხოვრობს, ვინც მიატოვა თბილისი. ფერმერები გახდნენ, ბავშვი ჩასახეს და სამი წლის მანძილზე არც კი უკამათიათ. ერთ უქმეებზე სხვა წყვილებს გაგვიმასპინძლდნენ. ორი გოგონა იყო ურთიერთობის საწყის ეტაპზე, არცერთი აღიარებდა დაქრაშულობას და თბილისში ორივეს კაცები ელოდებოდათ. მე ყოფილ კაცთან ერთად ვიყავი, განვითარების სხვადასხვა საფეხურზე რომ ვართ, – ის ექსტრავერტული პაემნებით არის დაკავებული, მე კიდევ მის მერე პაემანი სიზმარშიც არ მქონია. ასე შევიკარით სამი აბსოლუტურად განსხვავებულ ეტაპზე მდგარი წყვილები უკომფორტო სახლში.

წასვლამდე ერთმა ჭკვიანმა მეგობარმა მირჩია: “ბიჭისთვის თავის მოწონება თუ გინდა უნდა წაიქცე რომ დაგიჭიროს”. ვუპასუხე: “ერთ სახლში რომ ვიცხოვრებთ ეგ არაა საკმარისი?” მერე განვიხილეთ რომ ურთიერთობაში არსებული კომპრომისი ბასიანზე გადის, ვერაფრით ეგუება იმ აზრს, რომ ერთხელაც შეიძლება შეყვარებულს იქ გაყვეს. ბევრი ვისმინე თუ ცოტა ვისმინე ჯერ იყო და წყვილებმა მატარებელზე დავაგვიანეთ, ავტოსტოპში შეჯიბრებისას ბე პუნქტში ბოლო მივედი და ჩემს მეწყვილეს მასპინძლების კატები ეარშიყებოდნენ. ესეც ნებდნებოდა მათ და კბენის უფლებას აძლევდა. არ მიყვარს კატები. მათთან კონკურენციას ვგრძნობ. თუმცა პატივს ვცემ ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ერთ საწოლში ვიწექით მე, ის და კატა. და არა მხოლოდ კაცთან, კატასთან შეწყობაც მიწევდა. უძილობის მერე ციხისძირთან ტოლკინის სამყაროში მოვხვდით, საიდანაც ბებერ ხეებს ფეხები აედგათ. კლდოვან მდინარეებთან ბანანიანი ღვინო გავსინჯეთ ბუხართან შეყუჟულებმა. ორივე წყვილი ჩემზე ბედნიერი იყო, პლუს ჩემი ყოფილი – კატასთან.

მე დაშორება მიყვარს, რადგან ძალიან რთულია მასთან ურთიერთობა ვინც თავს შენზე მეტად გრძნობს. ადამიანები ხომ მაშინ შორდებიან ერთმანეთს, როცა ფიქრობენ რომ მეტს იმსახურებენ. ვუყურებდი იმ ფილმებს, რაც მას მოსწონდა, ვიყენებდი მის ფავორიტ ოპერატიულ სისტემას თავის მოსაწონებლად. მჩვევია პიროვნების ნაცვლად პიროვნების ინტერესების სიყვარული. დაშორების თვეების განმავლობაში რაღაც ღუზად მექცა, ჩემში რომანტიკა რომ გააჩერა. ვერ ვიტყვი რომ სიყვარულის გამო, უფრო იდეალური დაშორების ძიებაში. ჩვეულებრივი მწერლის კომპლექსი, ვისაც თავისი რომანისთვის საინტერესო დასასრული უნდა, არა და მხოლოდ დასაწყისში მოხდა კულმინაცია. და იცით ჩემი რომანი როგორ დასრულდა? წავიქეცი. ოღონდ არასპეციალურად. ამჯერად კოჭლი ვარ, გადაქლეტილი მუხლებით და ხელისგულებით, სახეზე შრამები მადევს, ისე მრცხვენია ყოფილ კაცს ხელსაც ვერ ვკიდებ, ალბათ აღარასდროს მოვეწონები და ჩემს ჭკვიან მეგობარს მივმართავ: ანუკი, თუ შენ ამ პოსტს კითხულობ, ბასიანზე მუშაობას გისურვებ.

გოგონა, რომელსაც მცენარედ ყოფნა უნდოდა

მე რომ მწვადი არ ვჭამო, დედაშენმა ყავა არ დალიოს, ირაკლიმ – კოკა-კოლა, შენ კი – ღვინო, – რაა ოჯახიო, – მამამ. მას მერე, რაც ძამიკომ სახლში არც მარხული, არც ვეგეტარიანელი, არამედ ვეგანი სტუმარი მოგვიყვანა. აქამდე არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც მოუთუშავი, მოუხარშავი, საღი და უმი ბოსტნეულით იკვებება და ამტკიცებს, ქრისტეც ვეგანი იყო, უბრალოდ თევზი იმ დროინდელი სადილის კრებითი სახელიაო.
თავის დროზე მშობლების მშობლებმა ჩემი აღმოცენების შესაწირად მსხლის ხე დანერგეს. მამამ კი დაკარგული ლეკვი ქუჩაში იპოვნა და ვიშვილეთ როგორც თანატოლი შვილი, მეგობარი, მამასახლისი. ვიცოდი, რომ დაახლოებით, თექვსმეტი წლის რომ გავხდებოდით, ის დაბერდებოდა და მოკვდებოდა. ამასობაში წვრილძვალა მსხალი, რომელსაც ნაყოფი ჯერ არ გამოეღო, სიმაღლეში მისწრებდა.
სევდიანი ისაა, რომ მცენარეს ცისკენ წადილით მალევე ვაჯობე და ხეზე მაღალი გავიზარდე. ზაფხულობით სოფელში ჩასული ბებიაჩემს ვეკითხებოდი მსხალმა ნაყოფი თუ გამოიღო მეთქი, ისე მინდოდა თანატოლი ხის დაგემოვნება. მაგრამ ყოველ წელს ორიოდე მკვახე მსხალი ემშობიარა, ცრემლივით რომ ჩამოეკონწიალებინა თვალების ფორმიან ფოთლებზე. ერთ ზაფხულამდეც მოჭრეს. ისეთი დისტროფიკი იყო, ტოტები ლამის მიწიდან ეწყებოდაო. ჩრდილადაც არ ვარგოდაო ჩემი უშვილო ხე. იმ ადგილას გოგრები დათესეს, არ მიყვარს ოქტომბერი.
ძაღლს კი ღვინიანი ადამიანები არ უყვარდა. თექვსმეტის რომ გავხდი, უკვე შემეძლო დაღვინება. იმის მერე ძაღლი არ მყვარებია. მონოგამიის მოქადაგე ქვრივად ვიქეცი. მცენარეები მაინც მხიბლავდა, იმდენად, რომ ვჭამდი. ცხოველები რომ მყვარებოდა, ვეგეტარიანელი კი არ ვიქნებოდი, მაჩვენე ორგანიზმში რას იღებ და გეტყვი ვინ ხარ შენო, და გემრიელად ვისადილებდი უმად. კაცი რომ ვიყო, ალბათ მოძალადე ქმარი ვიქნებოდი.
ბავშვობიდან მეზიზღებიან კატები, თავნებები, თავისუფლები. თანაც იმდენად, რომ მათი მოკვლაც არ შემიძლია, არ უნდა გავისვარო მათში ხელები. იმდენად მეზიზღებიან, რომ ვინმე ჰომოფობივით სიძულვილის მიზეზის თქმაც კი არ შემიძლია. ჩემი სიძულვილი კი მაშინ ორკეცდება, როცა გოგოები მადარებენ ხასიათით კატას. ერთმანეთი გაიცნეს? პირი შეკრეს?
იცით, წმინდანები მალე რატომ არ იხრწნებიან? იმიტომ, რომ მარხულობენ და მცენარეებით იკვებებიან. მცენარეები ნახშირ(ის)წყლებისგან შედგებიან და ამიტომაც ნელა იხრწნებიან.
ერთი ძაძიანი შენაკადი აქვს ივრის მდინარეს. ამ ზაფხულს იქვე ოჯახმა დრაფტი მოვაწყეთ, რომ მანქანის ნომერი წყალში ჩაგვივარდა. შევცურე და ძალიან ლამაზი კუროს ქალა ვიპოვნე, სურათი გადავუღე, მუხლებზე დავისვი, მოვეფერე. თვალებში მცენარეები ჩადგმოდა, ძვალი დელფინივით სრიალებდა. რა ლამაზია წყალში გახრწნილი სხეული. მე თუ მოვკვდები, როდისმე მაინც, წყალში დამმარხეთ.
რამდენიმე დღის მერე აუზიდან სახლში ვბრუნდებოდი როცა ვაკეში მკვდარი ძაღლი ვიპოვნე. წარმოიდგინეთ კადრი, ცხოველია გახსნილი პირით, დიდი კბილებით. ასო მოეკვეთათ და ექვე ფეხებთან მიეგდოთ, ჭრილობაში კი მცენარეები ჩაებღუჯათ. მე არ ვიცოდი ვის დასჭირდა ამის გაკეთება და რატომ. ეს არ გავდა სექტის ნამოქმედარს. შეიძლება ბავშვები.. პირველი რაც გავაკეთე, ვეტერინარი კლასელი მყავს და ვურეკავ, ვეკითხები რჩევას, რა გავაკეთო. “არსებობს რაიმე ცხოველთა დაცვის კანონი, რომელიც დამნაშავეებს დასჯის?” “სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებები არაა დაცული, ცხოველისას როგორ დაიცავ?!”
მახსოვდა ინფორმაცია ძაღლების ჩხუბის შესახებ, სადაც პატრონი სერიოზულად უნდა დასჯილიყო, მაგრამ ამბავი მსუბუქი შეშინებით დასრულდა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მივმართე და ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა: “არსებობს რაიმე რეაქცია მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული საქართველოში?” “ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩავრთოთ, ჩაუტარდეს ცხოველს ექსპერტიზა და ყველაფერი ფაქტებზე და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული”. ანუ როგორც ადამიანის წამების შემთხვევაში, მაგრამ დასძინეს, რომ ათეული საქმეა სასამართლოს გადაცემული, თუმცა უშედეგოდ. მე მაინც ვცდილობ მასალების მოძიებას.
ამ დღეებში სახლში ხვლიკი და სხვა ქვეწარმავალი აღმოვაჩინე. ისინი ჩემი ლოგინის ირგვლივ დარბიან და წერისას შთამაგონებენ მიძღვნას. ეძღვნებათ ხვლიკებს, მცენარეებს და ცხოველებს, კატებსაც კი. და მგონი ამდენი ბალახის ჭამით ყვავილად ვიქეცი, ფოთლად ვიქეცი, დესტრუქციის უუნარო, არაფრის მოკვლა რომ არ შეუძლია, თვალების ფორმის ფოთლები თუ უწითლდებათ და სცვივათ, მათზე დაკიდებულ მკვახე ცრემლად. ჩემი ოთახი არის თეთრი ხისგან. რემონტი რომ გავაკეთეთ, დავატოვებინე. იყოს. ეს ის კუროა:

Budcq2vCYAAA56GBudcqpZCUAEKJOi

მაწანწალა კატა ბობი

A-street-cat-named-bobლონდონელი მაწანწალას ავტობიოგრაფიულ წიგნზე გიამბობთ, იმ წიგნზე, რომელმაც ავტორის ცხოვრება შეცვალა: ჯეიმს ბოვენზე (James Bowen), რომელმაც ქუჩაში ხეტიალისას უპატრონო კატა გაიცნო და მოუარა. მანამდე წებოს სუნთქავდა, შიმშილსა და სიცივეს ასე უმკლავდებოდა, კოვენტ გარდენზე გრანჟს უკრავდა და ფულს ასე შოულობდა. კურტ კობეინს გავდა, მაგრამ ფულს არავინ ჩუქნიდა, მანამდე, სანამ კატა არ შეიფარა, მასთან მეგობრობამ ლომკა გადაატანინა, youtube-დან ცნობილი მაწანწალები გახდნენ და ვინმე ტურისტი ინგლისში თუ მოხვდებოდა, კოვენტ-გარდენს მიაშურებდა ქუჩის გიტარისტისა და კატა ბობისთვის ვიდეოს გადასაღებად. ცოტა ხანში ჯეიმს ბოვენმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, – “მაწანწალა კატა ბობი” და “ბობის თვალით დანახული სამყარო”, – სადაც ადამიანისა და კატისთვის ქუჩის ცხოვრებას აღწერს. წიგნმა შესწორებები გაიარა და ბესთსელერად იქცა. მასზე დაყრდნობით ბავშვებისთვის ილუსტრირებული წიგნიც გამოიცა. ასე გამდიდრდა ჯეიმს ბოვენი და კატა ბობი მდიდრულ შამპუნებში ბანაობს.

redcat_james_bowen_22წესით, ბედნიერი ამბავია, ისტორია, სადაც პერსონაჟი თავის კუთვნილ “ჰეფი ენდს” მხოლოდ წიგნში კი არა, ცხოვრებაშიც ნახულობს, მაგრამ მეორე მხრიდან იმ ამბავს წააგავს, სადაც საზოგადოება პუმა სათამაშოს უფრო უვლის, ვიდრე რეალურ პუმას ზოოპარკში: სანამ კატას გამოიყვანდა სამათხოვროდ, ჯეიმს ბოვენი დღეში იმდენს შოულობდა, რამდენსაც კატასთან ერთად საათის განმავლობაში, სახლიც აყიდინა და გაამდიდრა. რაც უფრო მიზანთროპული და მარტოსულია საზოგადოება, ცხოველის ჩანაცვლება მეტად შეინიშნება. ცხოველთა დამცველებს ვურჩევ, რომ წიგნი აუცილებლად გადმოწერონ ოფიციალური, არაპირატული საიტიდან.