რაღაც ჯგუფში იკითხეს 9 წლის ბავშვს კითხვა რომელი წიგნით შევაყვაროო და მე-19 საუკუნის კლასიკოსები ლიდერობენ. 9 წლის ბავშვისთვის ყველაზე თანამედროვე ოტია იოსელიანის რომანებია დასახელებული.
გავჩუმდი, როგორც ჩემს მეგობრებთან ვჩუმდები ხოლმე, რომლებიც გამუდმებით საკუთარ შვილებს ტუქსავენ წიგნებზე მეტად ვიდეო თამაშების სიყვარულისთვის. გავჩუმდი, რადგან 9 წლის ასაკში წიგნების კითხვა მიყვარდა და შეჩვეული ვარ დადგენილი აზრების გაუპროტესტებლად მიღებას.
არა და როგორია, რომ 9 წლის ბავშვს აუხსნა, რომ, როცა ცხოვრება მის წინაშე ასეთი აქტიურია და გარშემო იმდენი რამაა შესაცვლელი, გინდა, პასიურ მდგომარეობაში ჯდომა და სხვების აზრები შეაყვარო.
თამაშებიც ლიტერატურაა, მიმდინარე თხრობასთან ერთად მოთამაშეს სიუჟეტის შეცვლაც შეუძლია. ბავშვი თვითონ არის ავტორებთან ერთად სიუჟეტის დამკორექტირებელი და მთავარი მოქმედი პირიც. თავად არის შესული თხრობაში და საკუთარ თავზე განიცდის ბიძია თომას ქოხის ისტორიულ ამბებს, – ეგ თამაში თურმე მართლა არსებობს. ხანდახან მგონია, რომ წიგნები პოლიტიკოსებმა გამოიგონეს სიუჟეტში ჩაურეველი მოქალაქეების შესაგროვებლად.
პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში ეს პოლიტიკური ხარვეზი გამოსწორებულია, მკითხველსაც აქვს პატარა არჩევნების უფლებები, ხან მკითხველის გადასაწყვეტია რომელი ფურცლიდან დაიწყებს კითხვას აზრის გადმოსაცემად, როგორც ეს აკა მორჩილაძეს წერილებშია, ხან ნებისმიერ სოფისტური ლიტერატურაში მკითხველი მწერალთან ერთად პასუხობს შეკითხვებს. მაინც ეგოცენტრული საუკუნე გვაქვს.
დღეს უფრო პრეტენზიულები ვართ ხარვეზების მიმართ. მაგალითად, ჩემი ყური ვეღარ უსმენს გიტარიან ტიპებს უბანში, იმდენად რუტინულია მაღალი ჟღერადობის ფონოგრამიანი მუსიკა ჩემთვის, ნატურალური ხმები ხო ხარვეზებითაა სავსე. ასტრონავტების ინტერვიუდან ვიცი, პირველად რომ გადიან კოსმოსში და დედამიწას ზემოდან დაჰყურებენ, ამბობენ: ” ამმ, იური გაგარინს მოეწონებოდა”. თვალი ხომ ვერ აღიქვამს იმაზე უკეთ, ვიდრე – კამერა. და იცი, მშურს ხალხის, ვისაც პეიზაჟების ძალიან ბევრი ფოტო მასალა უნახავს და მაინც, როცა ჭაუხებიდან გადმოყურებს ხევს, ამბობს: “რა ლამაზია”.
Tag Archives: კარტების თამაში
The Hanged Man
კლუბში საუბრობდნენ, რომ თავის დროზე თამაში მონოპოლია მონოპოლისტების გასაკრიტიკებლად შეიქმნა, თუმცა ხალხს მონოპოლია კიდევ უფრო შეაყვარაო. დაფიქრებულხართ რა გავლენას ახდენს ინდივიდის თუ სოციუმის განვითარებაზე სამაგიდო თუ საველე თამაშები? აი, 4 წლის ნიკოლას ისე უყვარს დამალობანას თამაში, რომ ვხუმრობ ხოლმე, გაიზრდება და ბევრ გოგოს გაუკეთებს იგნორს. ან ბიჭს, გააჩნია.
საველე იქით იყოს, და მაფიოზობანასნაირი თამაშები სხვა პოსტში აქამდეც გამიკრიტკებია. იმიტომ, რომ აგებულია პანიკაზე, ჯერ განაჩენი გამოგაქვთ შემთხვევითობის პრინციპით, მტკიცებულების გარეშე, სიმართლეს კი განაჩენის შემდეგ გებულობ. შეიძლება ავალონის თუ მაქციის თუ რომელიმე მსგავსი საზღვრების მქონე თამაშის სცენარის ავტორსაც სოციუმისთვის საპირისპირო მიზნები ჰქონდა ჩაფიქრებული ან ისევე მემარჯვენე ყოფილიყო, როგორც ერთი იაპონური თამაშის კოპირაიტერი, ტაძრისთვის მონეტების შეწირვაზე რომ არის კონცენტრირებული.
ჯოკრის პერსონაჟმა ტაროთი დამაინტერესა. ესაა ადამიანის პირველი ინკარნაცია, რომელიც სულელია ანუ გამოუცდელი. დემონთან ერთად ყველაზე რთულ კარტად ითვლება. სამაგიეროდ, ჩემი საყვარელი კარტია “ჩამოხრჩობილი კაცი”. თითქოს უმოქმედობაა, თვითმსხვერპლი, დროის მსხვერპლი, მოსწავლის როლი და უკუღმა ყურება. მითუმეტეს, ალ. კროულის საიდეო დასტაში ამობრუნებული სამკუთხედით, Ankh. ერთადერთი ტაროა, რომელიც მაქვს. მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე, შენსავით ჰაეროვანიაო ანუ ხმლის.
გითამაშია ტაროთი არასაწინასწარსამეტყველოდ, არამედ როგორც დავალებად? აი, როგორც “წითელი, ყვითელი, შავი” ან “ჯენგა” ფერებში. წიპა “ოო, ჩამოხრჩობილი კაცი ამომივიდა, არ უნდა გავინძრე.” ან “რეინკარნაცია ამომივიდა და ვარცხნილობა ხომ არ შემეცვალა?” როცა რუტინულ პალასაზე ვარ, იმ ბებერი, გარყვნილი კაცის დასტიდან იდეებს ვეძებ. აბა ფეისბუქი მე არა მაქვს და რამით ხომ უნდა გავერთო.
“იეჭვიანე.
შეიტანე ეჭვი საკუთარ თავში.
იეჭვიანე იმაში, რომ ეჭვიანობ საკუთარ თავზე.
იეჭვიანე ყველაფერში.
იეჭვიანე იმაშიც კი რომ ყველაფერში ეჭვიანობ. ხანდახან გეჩვენება, რომ ყველა ამ შეგნებული ეჭვიანობის მიღმა იმალება ღრმა თვითდაჯერებულობა. მოკალი იგი, დააღრჩე გველი. დეე აღიმართოს ეჭვიანობის თხის რქა.”
მერე რაღაც იყო მელაზეც.
სამეცნიერო ქართული ცრურწმენების მიმართულებები
მინდა ვისაუბრო ცრურწმენებისადმი ჩემს სიმპათიაზე, როგორც ინდივიდის შეცნობის ხერხზე ან მათში დანახულ ისტორიულად განმეორებად ამბებზე კოლექტივში. ჩემი აზრით, გავრცელებული ცრურწმენები ორად იყოფა, პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ინდივიდის ფსიქიკური გამოვლინება. მაგალითისთვის, სახელმძღვანელო წიგნის დავარდნა მოსწავლეს იმ საგანში ცუდ ნიშანს უქადდა. არ შეიძლება ამ ნიშნის, როგორც სხეულის ენის უგულვებელყოფა. რადგან წიგნის ხელიდან გავარდა გამოხატავს ძნელად რეალიზებად თუ დაბნეული ინდივიდის ქცევას. და როცა ეს ინდივიდი გაკვეთილის ჩაბარების წინაშე დადგება, თუ მანამდე თავზე მუშაობა ვერ მოახერხა, ჩაიჭრება დიდი ალბათობით. ყავაში ჩახედვის დროსაც იგივე წესრიგი მოქმედებს, ოღონდ სხვა ადამიანის მიმართ განწყობა მეორისადმი რორშახის ტესტით ვლინდება. ჩემთვის ყავის ნალექის ფიგურები რორშახის ტესტის წრფივი გამოვლინებაა. წრფივი იმიტომ, რომ, როგორც წესი, ყავაში გარეშე პირი იხედება. რომელიც წრფის მეორე პუნქტში მდებარე პირზე ინტუიტიური ძალით ხვდება შედეგს ამოცანის გარეშე. მეცნიერებაში ინტუიცია სწრაფად მოაზროვნე ადამიანის პრეროგატივაა, ვისაც შედეგამდე მისასვლელი მანძილი იმდენად სწრაფად გადაულახავს, გააზრება ვერ მოუსწრია და მხოლოდ საბოლოო პასუხს აღიქვამს. რორშახზე გამახსენდა, რომ ამ ბოლო დროს მომეწონა დუდლის თამაში უცნობ ადამიანებთან ერთად. მთელი ჩვენი ინდორ ფანტაზიები უნებლიედ გადმოვალაგეთ. რა ჭიანჭველები შამპანურზე გადადიან და ნაპოლეონმა ხელი ჩაიტანა?
არსებობს ასეთი რწმენა-შელოცვა მაისურ წვიმებზე: “შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო”. მოცემული ცრურწმენა ინდივიდთან აცდენით კოლექტიურ რიტუალს განეკუთვნება და ალბათ იმ დროისთვის ლატენტურმა სტატისტიკოსმა წარმოთქვა. გვაქვს მოცემულობა, რომ თბილ და ნესტიან ჰავაში თმის ზრდა ჩქარდება, და მოცემულობა, რომ მაისში წვიმები ხშირდება, ჰაერი თბილდება. პირადად მე, ვაკვირდები და მშრალი შვიდი მაისი ჯერ არ შემხვედრია. მითუმეტეს, რომ ძველ დროს თმის დაბანის ლამის ერთადერთი საშუალება წვიმა გახლდათ. ამიტომ, პრესტატისტიკოსებმა ისტორიულად განმეორებადი მოვლენები შეაჯამეს და თმის ზრდა კი არ იწინასწარმეტყველეს, არამედ, აღწერეს. სწორედ მსგავსი კოგნიტური კომპონენტებია გამოყენებული სხვადასხვა ზოდიაქოს ფაზებში სხვადასხვა კოგნიტურ ქცევებზეც. მაგალითად, ქორწილი რომ სასწორის ფაზაში ანუ ოქტომბერში უნდა გადავიხადოთ, იმ პრაგმატული მიდგომიდან უნდა მოდიოდეს, სადაც ოქტომბერი პოსტ რთველური პერიოდია, ყურძენი დაიწურა და ღვინო გამოხდილია. ან ქალწულის ფაზა ანუ სექტემბერი რომ შრომისა და ფიზიკური გამძლეობის თვეა, იმ პრაგმატული მიდგომიდან მოდის, როცა შრომა მოსავლის მომკვასთან იყო კავშირში, მათი სიმბოლოც კი ქალწულია ფოცხით ხელში. თუმცა, ჩემი აზრით, დღეს ახალი ჰოროსკოპია დასაწერი, სადაც სექტემბერი ისევ შვებულებებისა და უშრომველობის თვეა ურბანულ ყოფაში და ღვინის მარაგის გაჩენით აღარ ვართ საქორწინოდ ერთ რომელიმე თვეზე დამოკიდებულნი, მეტიც, ერთი გუშაგის ქალიშვილის გამო ქორწინების აურამ გადაინაცვლა, კლასიკური გაგებით, ყველაზე უსიყვარულო მერწყულის ანუ თებერვლის თვეში.
მთავრობა

პოსტერზე ჟურნალისტი შეიძლება GoT-ის წინა სეზონიდან გეცნობათ.
Borgen-ის პირველი სეზონის ყურებისას ვიყავი ემოციურად ძალიან დაძაბული, მეთქი, აი, ახლა მოხდება მკვლელობა, კონკურენტებს მოიშორებენ, ვისაც ჯერ House of Cards ან მსგავსი პოლიტ. შოუები ჰქონდა ნანახი, მიხვდება რას ვგულისხმობ. მაგრამ სადღაც შუაში მოვდუნდი და მივხვდი, რომ მხოლოდ მენტალურად უნდა ვყოფილიყავი დაძაბული, რადგან მთელი წარმოდგენა (30 სურათს მოიცავს), იდეოლოგიური წახნაგების ჩვენებაა. 30 სერია ანუ 30 საკითხი, რაზეც მთავრობა უნდა ფიქრობდეს.
მაგალითად, გაუშვას თუ არა სახელმწიფომ განვითარებად ქვეყნებში ქვეითი ჯარი, ლტოლვილების მიღებისას ქვეყანა რა პრობლემების წინაშე დგება, რა პლიუსებს და მინუსებს წააწყდებიან პროსტიტუციის ლეგალიზაციისას, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ თუ ცხოველთა უფლებები ადამიანთა ჯანმრთელობას ლახავს, ორივე მხარე რომ დააკმაყოფილოს, გენდერული თანასწორობის სურვილის შემთხვევაში მორალურია თუ არა ქალის ხელოვნურად გაპოლიტიზირება და მსგავსი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები, რაზეც მოქალაქეებს უნდა გაგვაჩნდეს აზრი.
მაფიოზობანა
მაფიოზობანას თამაში ეჭვიან ადამიანს უნდა მოეფიქრა, რათა სამეგობროსთვის თვალყური ედევნა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ საბჭოთა თხელი კედლების შიგნით გამოიგონეს. თამაში ყოველთვის პატიოსანი მოქალაქის (სამართალდამცავის) მხარესაა, რადგან ასწავლის როგორია მისი ამხანაგი ტყუილის თქმისას, აქვს თუ არა რამე ინდივიდუალური სტილი. და როცა მორიგ რაუნდში სამართალდამცავი მაფია ხდება, წრეში საკუთარ თვისებებსაც ისე გამოამჟღავნებს, რომ ერთმანეთის ტყუილებზე გაწვრთნილნი რეალურ ცხოვრებაში თავს გაყიდიან.
სულ მაინტერესებდა მითებად ქცეული ტყუილები, რომ თითქოს არმსტრონგმა გორსკის ორალურზე იზრუნა, დელონი დეპრესიიდან ვაჟა-ფშაველამ გამოიყვანა, ბექჰემმა ვიქტორია თბილისში შეიყვარა (არ დადასტურებულა და სულ მაინტერესებს), ადამიანი ტვინის 7%-ს იყენებს, ჯორდანო ბრუნო დედამიწის ბრუნვამ დაღუპა, ედისონმა ნათურა გამოიგონა, რომ ნაპოლეონი დაბალი იყო, თმა და ფრჩხილები სიკვდილის მერეც იზრდება, – როგორმა ტიპაჟებმა გამოიგონეს.
და კიდევ, როგორც ბავშვის ფეხის ადგმას იმახსოვრებენ მშობლები, ისე უნდა იმახსოვრებდნენ მათ პირველ ტყუილებს. სადღაც ორი წლის ასაკში როგორ გამოიმუშავეს კრეატიული აზროვნების უნარი. აი, ჩემი ძმის შვილი რომ წაიქცა და უფროსები ბავშვს ნატკენ ხელზე კოცნიდნენ, ამან ჭკუა იხმარა და უტკენი ადგილი მომიშვირა, აქაც მტკივა, მაკოცეო. ამჟამად კი “მაფიის” თამაშის მეშინია: მგონია, რომ ვასწავლი მეგობრებს ჩემი ტყუილის მიმიკებს, და მივიღებ იმედგაცრუებას მათი დაჟინებულ-დამაჯერებელი ტყუილის შემთხვევაში.
ფრენკ ანდერვუდის მამა
გამეცინა, როცა მაიკლ დობსმა პრეზენტაციაზე ბოდიში მოიხადა, ჩემი მეუღლე ვერ ესწრებაო. ეგრევე სეზონის ბოლოდროინდელი ფრენკ ანდერვუდი გამახსენდა. ამჯერად, 90-იანებში გამოსულ “ბანქოს სახლს” ვკითხულობ, შეიძლება ითქვას, კორუფციოლოგის ბესტსელერს. საინტერესო კი ისაა, რომ ავტორი ამჯერად შიგნიდან, ლორდთა პალატიდან გვწერს. მუშაობდა ბოსტონის ჟურნალშიც პოლიტიკის მიმომხილველად. იყო მარგარეტ ტეტჩერის პირადი მრჩეველიც, ჯერ კიდევ მისი ოპოზიციურობის ხანაში, სხვათაშორის, სწორედ მისი აუზის პირიდან დაუწყია ტრილოგიის დაწერა.
შესაბამისად, მაკბეტიდან რიჩარდ მე-3-ზე მოთხრობილმა ამბებმა არა მხოლოდ ისტორიული, თანამედროვე პოლიტიკური გავლენაც მოახდინა. წიგნი კიდევ უფრო დუნედ იკითხება, ვიდრე სერიალი მიმდინარეობს, კამერები რომ თითქმის არ მოძრაობს და წარმოიდგინეთ ახლა მისი პირვანდელი ბრიტანული სერიები.
ხოლო ის, რითიც ფრენკ ანდერვუდი შეიფუთა, სხვადასხვა დროის ცნობილი სახეები გახლდათ. მაგალითად, ჯონ კენედის მიმიკები სასიმბოლო სცენებში, გარეტ ვოლკერის დებულებები, ობამას მიშტერება ნიკოლა სარკოზის უკანალზე, რაც ფრენკს ზოისთან დაემართა და სხვა. ასე შეიქმნა ანტიგმირი, რომელიც ხალხმა შეიყვარა. და ფრენსის ურქუჰარტისნაირ პოლიტიკოსს ითხოვენ პრეზიდენტად.
ჯერ განსხვავება წიგნსა და ამერიკულ სერიალს შორის ისაა, რომ ფრენკ ანდერვუდი ფრენსის ურქუჰარტისგან განსხვავებით ნაკლებად ლოიალურია იდეებში, ფრენკს რცხვენია თავისი სამხრეთ კაროლინური წარმომავლობის, ფრენსისი თავის შოტლანდიური წარმომავლობის აწევას ცდილობს. თავისთავად განსხვავდება მოქმედების ადგილი, ვაშინგტონის სახლი ლონდონის სააბატოსაგან, დროის სხვაობაცაა. ფრენკის ცოლი კლერი გაცილებით ძლიერი ქალი ჩანს, წიგნში მას უფრო მეორე ხარისხოვანი როლი აქვს. სამაგიეროდ, პრესა უფრო ძლიერია წიგნის ვერსიაში.
ვფიქრობ, ტრილოგიის წაკითხვის მერე ათი წლის წინ გამოშვებულ “პირველ ლედის” წავიკითხავ, სანახევროდ, უკვე გადავათვალიერე და მგონი მისი პერსონაჟი მაკბეტის ტიპაჟს ვერ ეშვება და ამ წიგნით უნდა რომ ამოწუროს. თან რაღაც აბზაცები ვიპოვნე, სადაც პირველი ლედი მუსლიმან გეის დასაცავად წავა, “ბანქოს სახლის” მე-3 სეზონის მნახველებს ალბათ გეცნოთ ეს ამბავი. ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამერიკული სერიალი არა მხოლოდ ერთ ტრილოგიაზეა დაფუძნებული, მაიკლ დობსის სხვა ნაწერებსაც მოიცავს.