ხელთნაკეთი ნივთები და შავი მთვარის დები

tumblr_lty756NyEo1qb3upvo1_1280

tumblr_l4942776N21qa9yjmo1_500

ისეთი ჩითის კაბა ვიყიდე, ჩაის დალევას მოგანდომებს მეთქი, – ვთქვი და ამით გარემოს გამო სამოსის შეხამების ნაცვლად – ხაზი სამოსის გამო გარემოს არჩევას გავუსვი. შეიძლება მოდა ბრუნდება და თბილისში ვინტაჟური კაბები აცვიათ, მაგრამ თუ ეს ვინტაჟური მოდელი ძველებური ქსოვილითაა ნაკერი, თან ამ ქსოვილზე თუ იცი, რომელი ველის რომელი ნაყოფისგან დაამზადეს, თანაც თუ ეს კაბა ხელნაკეთია, უკვე გაინტერესებს: რაზე ფიქრობდა მკერავი ამ ქსოვილთან მუშაობისას. აი, ჩემი ჩანთების ავტორს, რომლებსაც რუსთაველის მიწისქვეშაში ვყიდულობ, მთელი ამბები შევუთხზი: ვითომ ჩემხელა უმუშევარი გოგოა, საკუთარი სამყარო ჰქონდა, შეყვარებულმა მიატოვა, ოჯახის კისერზე წოლა ეუხერხულება და ერთხელაც ნათესავმა ქსოვილები უპოვნა. ურჩია, მაღაზიებში ჩაბარება დაეწყო და ორი კაპიკი ეშოვნა. მერე რა, თუ ერთხელაც ჩანთის ყიდვისას მომისწრო და პუტკუნა ღაწვებიანი გოგონას ნაცვლად გავიცანი როგორც მამაჩემის ხელა ჯანიანი კაცი. მერე რა, უკვე თუ მაღაზიაში მეხუმრებიან, რომ ყველა ჩანთა მე გავუყიდე, და მეც ღიმილით ვეუბნები, რომ რა ვქნა, ესეთები მალე იხევა. არა და მართლა ძალიან მალე იხევა და ნაძენძები კაბასაც მისვრის. ვეძებ ქალს, რომელიმე ბარში ღვინის ბოკალით ხელში, ვისაც ფიშნეტზე ბებიამისის მოქარგული წინდები აცვია, ჩაის ჭიქებს ფერად კაბებს უქსოვს და ღუნღულა ხელთათმანებით ჩულქის თასმების გასწორება იცის რას ნიშნავს.
შავი მთვარი დები – იმ ბრენდის ქართული სათაურია, ჩემი მოდაზე წარმოსახვა რომ შეცვალა. თვალს გამოჩენის დღიდან ვადევნებ და შეიძლება ითქვას, მაცმევენ. სარიტუალო ნივთებთან ერთად მტვრიანი ფირის კამერებით გადაღებული შავგვრემანი ქალი, ჰიპურად გაჩეჩილი თმებით. პიანინოზე უკრავს, როცა მეგობრებთან იკრიბება. აქა-იქ კაცი, რომელიც უყვარს. ხისგან გამოთლილი ბეჭდები. შიშველი სხეულები და იქვე ბუჩქებში დატოვებული ეროტიული თეთრეულები. უცებ გამოჩენა მუცლით. მერე სამშობიარო კაბების დამზადება და სურათების გადაღება. მერე მშობიარობა და ახალი პატარა მთვარის ხაზის დამატება. ხაზი, რომელიც უწყვეტად ასახავდა მკერავი ქალების ცხოვრებას, რომელიც დიზაინერთა პირად ბლოგად იქცა და ეს სინამდვილე იმდენად მიზიდავს, რამდენადაც შეიძლება მკერავმა სამოსის მეშვეობით მათი პირადი ცხოვრება გადმოგვცეს. ბრენდი, რომელსაც მხოლოდ ქალი მორიელები ვიგრძნობთ და ლილითის თაყვანისმცემლებს დააფიქრებთ. ეს არის სამი ქალი, რომლებსაც უმთვარო ცხოვრება აერთიანებთ, ფენტეზურ ჩანთებს მოიკიდებენ, ველად გადიან. თქვენც მითხარით ხოლმე სად იყიდება ხელთნაკეთი ნივთები და კაბები.

vol.8

ბავშვობაში ანუ ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ტელევიზორი ხელით უნდა გადამეხვია და ეშმაკის მანქანებით დეციმეტრულს ვიჭერდით, ემტივიზე გადიოდა ვიდეო უდაბნოსკენ მიმავალ ტრასაზე, გოგონა იპარება ბენზინ გასამართ სადგურში და ონკანშივე იღებავს თმას. ეს იყო პირველი ესპანურენოვანი სიმღერა, რომელიც ტოპეულში შევიდა, მე კი ბიძაშვილის ჩვენთან დარჩენილი წიგნებიდან ესპანურს ვმეცადინეობდი. ამიტომ ეს მომენტი იმდენად ჩამრჩა, რამდენჯერაც ვყოფილვარ ზღვაზე, ქუთაისის მაკდონალდსში იმდენჯერ შევჩერებულვარ სახეზე წყლის შესასხმელად, კაბების გამოსაცვლელად და ვინ იცის უცაბედი პაემნის თუ სამსახურეობრივი გასაუბრების შემთხვევაში გამოცვლისთვის რამდენჯერ მიმიმართავს საჯარო ბიბლიოთეკისთვის. ამჯერად, რუნის პიცერიის ჯერი დადგა და დილაუთენია ჯოჯოხეთურად გრძელი მერცხლებიანი კაბა შოტლანდიური კაბით შეიცვალა. ხოლო წარმოსახვითი მუსიკის ფონზე სახალისო დემონსტრირებას ვახდენდი მამასთან, რომელსაც საოცრად ლამაზი ვეგონე. ამ სურათზე მანქანაში ვარ, მაცვია ჩემი ახალი შოტლანდიური კაბა და პიცა თანამშრომლებისთვის მიმაქვს. ერთხელაც, რომელიმე ავტოსტრადაზეც გავალთ, ძალიან ბევრს ვიტირებ, ფერად თმას შავად გავიფერადებ და უდაბნოში ლათინურად ვიცეკვებ ჩემი ლამაზი შოტლანდიური კაბით.

roon

ორი თვე, ოთხი ქორწილი და ერთი კაბა

***

– ელე, შენს შვილს რა ჰქვია?
– ბარბარე, – მეგონა ხუმრობაზე გაეცინებოდა, მან კი სერიოზულად მიპასუხა.
ჩნდება კითხვა:
ნუთუ ასეთი უყურადღებო ვარ?!

ჰო, ბავშვებზე არ ვგიჟდები, არც ქუჩაში ძაღლებს და კატებს ვეფერები, მაგრამ მამახსოვრდებიან.
– ვერ გამოხატავ, მაგრამ შინაგანად თბილი ხარ, – ამას წინათ ვიღაც მეუბნებოდა.
– არაა, – ვიკვირვებ.
– სწორედ იმიტომ ხარ, რომ შენთვის ინახავ, – მპასუხობს, თითქოს ჩემზე მეტი იცოდეს.

როცა მგრძნობიარე ხალხის გარემოცვაში ვხვდები, კიბორგი არ ვეგონო მეთქი და სითბოს ვთამაშობ. სენტიმენტალური პაპსა გამოდის, სამაგიეროდ ძილის წინ მეცინება. 🙂 მოკლედ, არც თბილი ვარ, არც ცივი. ჩვეულებრივი ვარ. 🙂

– შეყვარებულთან მაინც ხარ თბილი?
– კი, რა თქმა უნდა, – და წარმოვიდგენ როგორ გაეცინებოდა იმას, რომ გაიგებს ცივიც შეიძლება ვიყო.

***

მარხვაა. ორი თვის მანძილზე ოთხი მეგობრის ქორწილია. მე ერთი კაბა მაქვს, ისიც მაღაზიის ვიტრინაში. მოპარვის გეგმას ვსახავ.
მარხვა გავიდა.
ახლოვდება.
ჩემი ძმა ქორწილის ფოტოგრაფია. თითქოს ყველაფერი ლამაზია, რომანტიკული, მაგრამ როცა მღვდლები ქადაგებას იწყებენ, თამადები – სადღეგრძელოებს, ყურთსასმენებს იკეთებს და რადიოს უსმენს. ქორწილები სძულს. ისევე როგორც მე. ჩემთვის კი ის მეტი არაფერია, თუ არა ანეგდოტი: ”საშოს გადაცემა პენისისთვის საექსპლუატაციოდ საზეიმო ვითარებაში”.
ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, არ მესმის რატომ უნდა წყვეტდეს მღვდელი ან მოსამართლე(თუ ვინც არის) ეს ადამიანი მიყვარს თუ არა. ჰო, რომანტიკული ვარ და სიყვარულს კანონს მაღლა ვაყენებ. ამით ეგზისტენციალური გრძნობის თავისუფლება კნინდება.
არც იმ ხალხის მესმის, ქორწინებას რომ შეზღუდვებად აღიქვამენ. შეუღლება არ ზღუდავს, მეუღლეები ზღუდავენ ერთმანეთს.
ჯერ გავერკვეთ რა არის თავისუფლება.
ის არის ქმედების. გონების. გულის.
მაგრამ მარტო ყოფნა სულ არ არის სინონიმი დამოუკიდებლობის. არც დამოუკიდებლობაა ტოლი მარტოსულობის. უბრალოდ მარტო ხარ და მორჩა.