ლეგენდები თბილისის დაარსებაზე

საბჭოთა ლექსიკა ურბანულ სნობიზმში გადაიმალა. მაგალითად, ვერის ბაღის კიროვის პარკად მოხსენიება ხო ნიშნავს ჰიპსტერულ სინდრომს “ეგ ადგილი მე შენამდე ვიცოდი”. ურბანული სნობიზმი კი საკმაოდ დუალისტური ბუნებისაა, ეკონომიური ფაქტორები რომ გამოვაკლოთ, მის გამოა რომ ჩემს თაობაში მეტრო ინარჩუნებს სტილს და ვინმე რიგითი საბურთალოელი დიდი ჯიპის მაგიერ ჩადის მიწისქვეშ, მანქანები პროვინციაში უყვართო. სნობიზმის და ცოტა საიფაისაც.

ჩემში მცირეა სოციალისტური გემოვნება, ტიპური კაპიტალისტი გოგო ვარ fast fashion guilty pleasure-ებით. მაგრამ ჩემს თაობას სოციალიზმი ჩვევებში და გემოს რეცეპტორებში განსაკუთრებით შემორჩა. ჩემთვის სოციალიზმის სიმბოლოა ტკბილი ღვინო და შაქრიანი ჩაი, როცა კაპიტალიზმის სიმბოლო მგონია მშრალი ღვინო და უშაქრო ჩაი. კაპიტალიზმისთვის ხო პროდუქტი თავისთავად უნდა იყოს მაღალხარისხიანი შაქარმა რომ არ დაჩრდილოს. მაგრამ არის გემო, რაც მისი სოციალისტური ბუნების გამო მიყვარს, ესაა ოლივიეს სალათა. შეიძლება ბავშვობის ნოსტალგიის გამო, მაგრამ მთავარია ვერთობი. სიყვარული არის როცა ხედავ ვინმეს ქუჩაში, ვისაც შენნაირი ყურსასმენი უკეთია და ოლივიეს სალათა. შეიძლება იმიტომ მიყვარს, რომ ასოცირდება ბავშვობასთან და მამას ხელფასთან. შემწვარი კარტოფილი მანამდე და თვის ბოლოს ოლივიეს სალათა, როგორც ცუდი და კარგი პოლიციელის გათამაშება. დამნაშავე ვარ, შემწვარი კარტოფილი არ მიყვარს.

არც – ახალი წელი. მგონია, რომ პოლიტიკურად ცუდი მაგალითია, რადგან პირველობის ფეტიშს გვაძლევს. უპირატესობას აძლევს პირველ შვილს, პირველ ქმარს, პირველ ხილს, პირველად დაგემოვნებულ კერძს და ა.შ. მერე ვამბობთ, ებრაელთა გენოციდი კი არა, მასე გენოციდი პირველად ებრაელებმა დაიწყესო; ან გახარიას დარბევა კი – არა, ხალხი პირველად ნაციონალებმა დაარბიესო. არა და სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, როგორც თვის ბოლოს ჩარიცხული ტკბილი ხელფასი.

***

ხანდახან როცა მთაწმინდიდან თბილისს ვუყურებ, მის წარსულს წარმოვიდგენ. არა ისე, როგორც ტურისტებს უყვებიან გორგასალზე ლეგენდებს, უფრო შემდგომი პერიოდის თბილისის დაარსებას, ნამდვილი თბილისის დაარსებას, რადგან თბილისი მხოლოდ ორთაჭალა-ვერა არ არის, ნავთლუღი და დე ფაქტო ნაძალადევია, ფანჯრებზე გაქონილი ქაღალდებია, უსახლკარო გლეხებია კუთხურ ქსელებად ან ერთმორწმუნე ჯგუფებად დასახლებულები, სიმინდი რომ გაიტანეს ექსპორტზე და იმ თანხით თბილისში აიშენეს სახლი, ძველი სომხები რომ ახალ ემიგრანტ სომხებს ამრეზით უყურებდნენ, ჩამოსულოო, აზერებს რომ ჯერ ეროვნულობა არ აქვთ და მუსულმანს ნიშნავს, თბილისი ეს ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის მაღაზიაა, რკინიგზელელებია. თბილისი ხომ რკინიგზის მშენებლობის დროს დაარსდა.

სენტიმენტალურია, როცა ძველი თბილისის გაურემონტებელ იტალიურ ეზოში ცხოვრებისთვის თითქმის ორმაგს ვიხდით, ვიდრე რიგით უკეთეს ბინაში დელისთან. თითქოს საკუთარ ქალაქში ტურისტად ყოფნა გვინდა. სენტიმენტალური, სნობური და ნეკროფილური, იქაურ აბორიგენებს კი აგრესია უჩნდებათ და ამბობენ “ბელნსკი”, “კიროვი” და სხვა. სნობიზმი ესაა ომი ისტორიასა და სხვა ისტორიას შორის. ჩემთვის თბილისი მიერთებების გარეშე მკვდარია, როგორც ენების გრამატიკას სიცოცხლეს ზღვრების დარღვევა სძენს. თორემ იქნებოდა წალკა, რაიონი, რომელიც ისეთივე ოთხკუთხედია, როგორიც იყო და ალბათ დარჩება.

ჩემთვის თბილისი ქალებმა ააშენეს. ბატონ-ყმობის გადავარდნის მერე უსახლკარო გლეხკაცები თბილისში ჩამოვიდნენ და ახალი ქალაქის მშენებლობა დაიწყეს. კაცები დასაქმებულები იყვნენ ან რკინიგზის მშენებლობაზე ან სასულიერო სემინარიაში სწავლობდნენ. ანუ ქალებისთვის საქმე არ იყო. ბინის ქირა 2.5მანეთიდან 5მანეთამდე მერყეობდა. მაშინ ხელფასი დღიურად 20კაპიკი იყო, ხოლო ქალების ანაზღარება – უფრო დაბალი. ქალები მხოლოდ თამბაქოს დამფასოვებლებად მუშაობდნენ ან მეძავებად. და როცა აჯანყების დრო მოვიდა შრომითი რეფორმების გამო, სანამ მეძავები და თამბაქოს დამფასოვებლები არ გაიფიცნენ, არავინ ისმენდა. “ცოტა” ტერაქტებმაც გაამართლა.

***

ისტორიის გიკებისთვის და უფრო მელოდრამების მოყვარულებისთვის არის ასეთი წიგნი და სერიალი “უცხოელი”. მეოცე საუკუნის შოტლანდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის შოტლანდიაში, რადგან იმ ცოდნით, რაც გააჩნია სამშობლო ინგლისელებისგან იხსნას. ვიღაც საფრანგეთს შავი ჭირის ეპიდემიისგან იხსნის კარანტინის შემოღებით. სხვა სეზონში მეოცე საუკუნის ამერიკელი ინდიელი მოგზაურობს მე-18 საუკუნის ამერიკის კოლონიებში, რათა საკუთარი ხალხი გააფრთხილოს ევროპელებზე. სულ მინდა მსგავსი სერიალი ვნახო საქართველოზეც. ისტორიის ან საკუთარი თავის შეცვლის მიზნით პერსონაჟები სხვადასხვა ეპოქაში ვამოგზაუროთ. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?

მე მეოცე საუკუნის დასაწყისი მაინტერესებს, ინდუსტრიული მშენებლობის აკვანი, ავანდგარდული ტენდენციები ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებში, საპროტესტო აქციები და მისგან გამოწვეული კარანტინი. იცი, იმ დროს ნაბადით სიარული იკრძალებოდა, იარაღი რომ არ დაგვემალა. მაშინ თუ ვერაზე ან რიყეზე ცხოვრობდი, სემინარიელი იყავი ანუ ანარქისტი. იმ დროს თინეიჯერი სტალინი ამბობდა, პარლამენტი ბურჟუებისა და პლეხანოველებისაა, ნამდვილი პოლიტიკა ქუჩაში წყდებაო. მაგრამ რომ დავფიქრდე, ირონიულია, პოლიტიკური პროტესტებისგან და კარანტინისგან მინდა გაქცევა პოლიტიკურ პროტესტებსა და კარანტინში საცხოვრებლად? პირიქით სჯობს, წარსულზე ამ ცოდნით მომავლის შეცვლა. შენ რომელ ეპოქაში იმოგზაურებდი?

***

ჩემი დიდი ბაბუა, ვფიქრობ, ლიბერალი იყო, ილიასთან მეგობრობდა, ფენსი წვეულებებს აწყობდა. გადმოცემის თანახმად, კეთილი ექიმი გახლდათ, თავადი, ორმოც ოთახიანი სასახლით გლეხების უფასო დამხმარე. მაგრამ თუ რომელიმე თავადიშვილს მოახლე შეუყვარდებოდა, მოახლის კუდიანობაზე ავრცელებდნენ ხმებს, სიყვარული-სიძულვილის ჯადოები იცისო. იმ მოახლეების შთამომავლები დღემდე არსებობენ როგორც გარიყულები ვაი და ჯადო არ გაგვიკეთონო. დედაჩემს დღემდე ჰგონია, ოჯახი იმიტომ არ მყავს, რომ იმათ ოჯახში 1 ცალი “პავიდლოს კანფეტი” მაქვს ნაჭამი. თავადიშვილებს კი მაშინ მოახლეებისგან შორს პიტერში აგზავნიდნენ სასწავლებლად.

ჩვენი სახლი თბილისში ახლანდელ ჭავჭავაძეზე იდგა, სოციალისტებმა გაასახლეს და საექიმო კორპუსში მისცეს ბინა ბაბუას სიკვდილის მერე. გადმოცემის თანახმად, ბაბუა ჭლექისგან მოკვდა, რადგან ბევრ ჭლექიან გლეხს უვლიდა. შუა რუსთაველზე დაკრძალეს, მაშინ იქ სასაფლაო იყო. კომუნისტებმა სასაფლაოს გადაფარვით იქ პარკი გააშენეს. ეს ადგილი თბილისის კიდე აღარაა სასაფლაო რომ იდგასო, უკვე თბილისის გულიაო. ალექსანდროვი ჰქვია იმ პარკს. მერე მაგ ტერიტორიაზე ხალხი ცოცხლად დამარხეს. ტერენტი გრანელი მაგაზე იძახდა “გახსოვდეთ სიკვდილი”.

უი, იცით, როგორ იპრანჭებოდნენ პოსტ თავადის ქალები მეზობლებთან? ფანჯარაში კარაქიანი პურითა და ჩაით საუზმობდნენ. ოღონდ ხელი სახის ოდნავ მაღლა ეჭირათ და სახის ზემოთ აწევა უწევდათ კარაქიანი პურის ჩასაკბეჩად. კაფეები ასეთმა სნობებმა დავაარსეთ, ხალხმა უნდა გვიყუროს როგორ ვჭამთ და ბოლოს მიმტანს ხურდა ვაჩუქოთ. ხანდახან ვფიქრობ, რაზე ფიქრობდა დაქვრივებული ბებია საბურთალოს კორსპუსების მეექვსე სართულზე რომ გამოიკეტა, რადგან ვეღარავინ დაინახავდა როგორ საუზმობს კარაქიანი პურით ფანჯარასთან. ვიცი რას ფიქრობ, – მოგვიანებით, საბურთალოზე კორპუსების წინ სხვა კორპუსები ალბათ მაგიტომ ააშენეს, ქვრივი თავადი ქალების საპატივცემულოდ.

დანა-ჩანგლის როლი მარტოობისთვის

წიგნები უფლისწულისა და გლეხი გოგოს მელოდრამული ურთიერთობის შესახებ შეიძლება რომანტიკულია, მაგრამ კლასთა შორის განმასხვავებელ ფაქტორებს მალავს. მაგალითად, იმას, რომ გლეხი ჭამისას დანა-ჩანგალს არ იყენებს, საჭმელზე აცემინებს და შეუძლია საწოლშივე დაანერწყვოს. როცა უფლისწული სუფრასთან ჯდება და თეფშთან სამი სახეობის ჩანგალი ხვდება, მთლად პაზოლინი თუ არ ხარ არ აღწერ, რომ გლეხი გოგო წაკუზულია და წყალს შუა გუბიდან თქვლეფს. თან წარა-მარა საზარდულს იქავებს, რადგან საცვალი არ აქვს და კოკებოვანი დაავადებები სჭირს. როცა უფლისული მიჯნურს ეუბნება რა ლამაზი ღიმილი გაქვსო, გულწრფელობის ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ლამაზი ძაღლის, ვირის და პრუჟინის კბილები გაქვსო. რადგან სტომატოლოგიაში ადამიანური პროტეზი მხოლოდ მაღალი ფენის პრეროგატივა გახლდათ. სამაგიეროდ, ავტორი ხაზს უსვამს, რომ გოგონა კეთილია და პრანჭია სეფე ქალებს არ ჰგავს.

კლასთა შორის განმასხვავებელი ნიშანი, პირველ რიგში ეტიკეტი იყო, მითუმეტეს, სქესთა შორის დისბალანსის გამო, ქალების საზოგადოებისგან მოწყვეტის და განათლების ნაკლებობის გამო კონკიები ელემენტარულ ჰიგიენურ სტანდარტებში დაგვიანებით ჩასხდნენ. ეტიკეტმა მიღწეული სტანდარტი მაშინ დააფიქსირა, როცა სოციალური ცენტრიდან პერიფერიაში გადავიდა. არ იფიქროთ, რომ რომანტიკოსი არ ვარ, მწერალი რომ ვიყო ასეთ მელოდრამას დავწერდი: უფლისწულმა გლეხ გოგოს აკოცა, გლეხ გოგოს უფლისწულის კბილები მოეწონა და მას მერე კაკალი კბილებით აღარ ჩაუმტვრევია. იდიალური happy end.

რარიტეტულ წიგნებში რომ ვიტრიალოთ, როცა ბატალურ წიგნებს ვკითხულობ, სადაც სამამულო ან რომელიმე ომის თავგანწირვებია აღწერილი, სულ მინდა ვკითხულობდე ბიჭებზე, რომლებმაც აბჯარი აისხეს, ავანტგარდში დაეწყვნენ, მაგრამ ომში გრიპის ვირუსით მოკვდნენ ან უბრალოდ იმ დღეს კბილი სტკიოდათ და სუფთა დარიშხანი ჩაიდეს. სტატისტიკურადაც, ომებში ჭირიანობით უფრო იღუპებოდნენ, ვიდრე პირდაპირი შერკინებისას. ესეც იმ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების უცოდინრობით, რაც საზოგადოებამ გვიან გაითავისა. მხატვრულ ლიტერატურას რაღაც კაზუალ თემები აკლია, რის გამოც მთელი ეს მორალური ბატალურობები სადევ-გმირო რომანებად ან სულაც ჰაგიოგრაფიებად მევლინება.

თანამედროვეობაში ომი პირდაპირი შერკინებიდან ირიბ იმანენტურობაში გადავიდა, ბიოლოგიურ თუ კიბერნეტიკულ შერკინებებს მტერთან სხეულებრობრივი კავშირები მინიმუმამდე დაჰყავს. მტერზე ხელის გასვრა არ გვინდა, ხშირად არც მოყვარეზე და ამის დამადასტურებელია ჩანგალი. ჩანგალი პოსეიდონის ჯოხივითაა, ის მფლობელის კუთვნილება უნდა იყოს. დანა-ჩანგლით ჭამა ნიშნავს ადამიანის ინსტინქტურ შიშს, რომ თანამემსუფრე ავად არის. პლუს, შთანერგილი გვაქვს დასვრილობის შიში სისუფთავეზე კულტივირებულ საზოგადოებაში, რაც საკუთარ თავთან გვატისტანცირებს. მაგალითად, გასაგებია რატომ არ ვძიძგნით ხელებით სინაზე დადებულ გოჭს ერთდროულად, მაგრამ თეფშზე გადმოღებულ ულუფასაც ჩანგლით შევექცევით, რადგან არა თუ სხვისი, საკუთარი კიდურებიდანაც კი შეიძლება ავიკიდოთ ჭირი. ჩანგალი, ეს არის პრივატიზებით ლამის კბილის ჯაგრისისთან გათანაბრებული ატრიბუტი, რომელიც სიმბოლოა ადამიანების ნერწყვების განმაცალკევებელი და საკუთარი ნერწყვისგანაც დამაშორებელი. ჩანგლის რეკლამა სტუდიაში.

აღდგომა სვანეთში, ცხენისწყლის ხეობაში გავატარე. ასეთი ტრადიცია აქვთ: დააგდებენ სასაფლაოზე თონეში მთლიანად შემწვარ გოჭს ან ბეკეკას, ხოლო ირგვლივ იმა წლის სამზარეულო მიღწევებს შემოულაგებენ. ერთ კვირიანი კულინარიული დუელი ტარდება. მაგალითად, ჩემი მასპინძლის სუფრაზე სნიკერსის ტორტისა და სუშის როლების შუაში თონეში გამომცხვარი გოჭი გააწვინეს. ტრადიციაა, რომ გოჭი ხელებით გვეძიძგნა დანა-ჩანგლის გამოყენების გარეშე. მაგრამ სვანები ამას მხოლოდ დღესასწაულებზე სჩადიან, აქ შემონახულია წინაპრების ის წესები, რაც კულტურამ დავიწყებას მისცა. თუ ევროპული რენესანსი ჰიგიენის ნორმატიულობის განსამტკიცებლად ლიტერატურას ლიტერატურაზე ქმნიდა, ქართულ კულტურას ჰიგიენის აპოლოგეტი არ შეუქმნია. სუშის ხსენებაზე გამახსენდა, რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, აქ დანაა მონოპოლისტი. მე თუ მკითხავთ, ამ კუთხის კულინარიული პოპულარობა ცხოველთა სამყაროსადმი სინდისის ქენჯნით განისაზღვრება. თევზი იქნება, ქათამი თუ ძროხა, ისეთი მონდომებით გვინაწევრებენ ჩინელები საკვებში ბრინჯთან თუ კომბოსტოსთან ერთად, რომ შეგვიძლია სინდისი მოვატყუოთ, მაქსიმალურად დანაწევრებული ცხოველების მიღებით ცხოველურები აღარ ვართ, აი, როგორც სვანები დღესასწაულებზე.

დანა-ჩანგალი, როგორც ლეველური ეგალიტარისტი მიღებულ ცივილიზაციაში შეიძლება დამნაშავეა, რადგან ყველგან ჩვენს ნერწყვებს აღარ ვავრცელებთ, მაგრამ მარტოობაშიც აქვს ბრალი. ჩანგალში ადამიანის იზოლირება გამოიხატება სხვისი ან საკუთარი ნერწყვისადმი, როცა დანაში ილუზიის მორგება სინდისის ქენჯნის გამო. ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის საჭირო ყოფილა გარკვეული სახით იზოლაცია, მაგრამ იზოლაციას თითქოს მუხრუჭი აქვს სუსტი. ოჯახში თითქოს ყველას საკუთარი ჭურჭელი გვაქვს გარეცხვის მერეც კი. თანამედროვეობაში შეიძლება ჭირიანობის რიცხვმა იკლო, მაგრამ ფსიქიკურმა ავადმყოფობებმა იმატა. საუკუნეების მანძილზე ჩადებული სხვებისა და საკუთარი თავის შიში უკვალოდ არ გაქრა. ხანდახან კი ინსტინქტურ ლეველებზე ურთიერთობების დროს ჩვენი ქვეცნობიერი გვახსენებს რომ იყო დრო, როცა კოლექტივიზაციის პერიოდი იდგა, ინდივიდუალურობა გვაკლდა და ძალიან ვგავდით ერთმანეთს. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა, ცოლი რომ ქმარს ბასიანზე გაუშვებს და გულში ყველა რეივერ გოგოზე ეჭვიანობს, თავს სხვებთან აიგივებს და რახან ქმარი თვითონ მოსწონს ყველას უნდა მოეწონოს. უეჭველი კოლექტივიზაციის ნოსტალგიაა მიზეზი, სხვა რა უნდა იყოს.

მთის მოთვინიერების მემორიალი

IMG_20170131_0020 copy.jpg

თბილისიდან სადღაც 50კმ-ში (ცხვარიჭამიას მერე) საბადურების ტყე ტურისტებისთვის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ადგილია, ზოგჯერ საცობიც კეთდება, პატრულებიც პატრულირებენ უბრალოდ ხეთა წყობისთვის ჩასული ხალხისთვის. ეს ადგილი სავსეა ისტორიებით, მაგრამ ბევრმა არ იცის ერთი ღირშესანიშნავი ძეგლის ამბავი გზის მაღალ მონაკვეთში, დაღმართამდე რომ დაუდგამთ და საფლავს ჰგავს.

პოსტსტალინურ ეპოქაში ბარიდან მთაში ამოსასვლელ გზას ყაჩაღებად წოდებული ანარქისტები იცავდნენ. მათთვის სენსიტიური თემა იყო მთისა და ბარის შერწყმა, ამიტომ მთაში ამომსვლელ სტუმრებს აყაჩაღებდნენ, აფრთხობდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ მთის წესების ჩანაცვლებას ბარის კანონებით. ერთხელ ერთ მილიციელს მორიგეობის მერე გამორჩნენია სამსახურის შარვლის გამოცვლა და მთის ავტობუსს  ისე გამოყოლია. უცვნიათ ყაჩაღებს მილიციელი შარვლით, ავტობუსიდან ჩამოუთრევიათ და მოუკლავთ.

ამ ამბის მერე ყაჩაღები დამარცხდნენ, ბარმა რადიკალური ზომები მიიღო, ყაჩაღებს სასტიკად გაუსწორდა და მათ “საბირჟაო” ადგილზე მსხვერპლი მილიციელის მემორიალი ააგო, როგორც მთის მოთვინიერების სიმბოლო. დღეს უბრალოდ უღრან ტყეში აღმართული ქვა არის, რასაც წარწერებიც აღარ ეტყობა.

ბურთაობის წინ სათქმელი ლოცვა

“დიდებულო, წმინდა გიორგი, შენ შეეწიე შენს მრევლს, შენ მიეცი ძალა და ღონე და შეძლება, შენ გაამარჯვებინე აწინდელს ბურთის თამაშში”, – დროებაში ქექვისას საინტერესო ლოცვა ვიპოვნე, სადაც ფეხბურთის მფარველად კაპადოკიელი წმინდა გიორგი ითვლება. მეტიც, წირვის შემდეგ მთავარი მღვდელი ეკლესიაში ბურთს აკურთხებდა და მოედანზე ამ შელოცვით ააგდებდა. ლელოსთვის იკერებოდა ბურთი ტყავისგან, რაშიც ჩატენილი იყო თმა, საქონლის ბალანი, მატყლით ხავსი ან ბზა.

ოღონდ ქიქოძემდე, როცა გოგებაშვილი იყო სემინარიის ინსპექტორი, თამაშობანი გარდაუვალ ბოროტებად ითვლებოდა. პოლიცია უმანკო ვარჯიშსაც კრძალავდა. ქიქოძე კი თვლიდა, რომ თამაშობანი ამცირებდა ბავშვთა “საიდუმლო ბიწიერებანს” დახურულ სასწავლებლებში თავი რომ ეჩინა. რას უნდა ნიშნავდეს ” საიდუმლო ბიწიერება”?
ვარჯიშებსა და თამაშობზე უკვე 60-იანი წლებიდან იწერება ქართულ პრესაში. ხოლო აკაკის “თავგადასავალი” უკვე ახლებურად განვიხილე. მაშინ ფიზიკურად ქალაქელი ბიჭები ჯობნიდნენ სოფლელებს. სწორედ 60-იანელებისგან მოდის საახალწლო სროლები: შობის ღამეს თოფის ტყვიით უნდა ჩაგვექრო სანთელი, როცა ბავშვები ისრებით თამაშობდნენ. წაგებული მთელი წელი ხელში თოფს აღარ დაიჭერდა.

ტივოლიელთა სინდრომი ქართულ ეროვნულობაში

history-american-patriotic-civil-war-painting-history-commi3-demotivational-posters-1320890215

ბრიტანულ ტელესივრცეში არის ერთი ჰუმანოიდებით დასახლებული ფიქციური პლანეტა ტივოლი, რომელთა მკვირდნიც ძირძველობით გამოირჩევიან სტუმართ-მასპონძლობის წყალობით და ამაყობენ თავიანთი წარსულის ხანგრძლივობით. ათასწლეულების მანძილზე მათ ტერიტორიაზე იმდენმა დამპყრობელმა გაიარა, გასაკვირი არაა, რომ სტუმრის დაფასება გამოუმუშავეს. ამიტომ ტივოლელები ქართველებთან დავაკავშირე, სტუმართ-მასპინძლობა ნეგატიურ კონტექსტშიც გავაანალიზე, ენასაც მივმართე, რომ საუკეთესოს საუცხოო ვუწოდეთ და სტუმართ-მასპინძლობის მატერიალურ სიმბოლოდ წარმოვიდგინე სერვანდში შენახული ეს საუცხოო ჭურჭელი, სტუმრებისთვის რომაა გადანახული და მასპინძლი სათავისოდ რომ ვერ გაიმეტებს. დამპყრობლებიც სარგებლობდნენ ქართველების ამპარტავნული ბუნებით და საუცხოო ჭურჭლებზე მიირთმევდნენ. ეტყობა, რომელიმე პირველადმა დამპყრობლებმა თავიდან ირონიით მოგვიხსენიეს, ბრინჯაოს ხანაა და ამათ ისევ ქვის თეფშები ჰქონიათო და იმის მერე სტუმრებსაც ვაკმაყოფილებთ და მასპინძლებიც ნასიამოვნები ვრჩებით: ახლა იციან, რომ ლამაზი ჭურჭელი გვაქვსო. არც ძირძველობით ტრაბახია უპრიანი, როცა საკუთარი გენის შენარჩუნებისთვის მრავალი დამპყრობელი გავიარეთ ანუ აქამომდე დანებებების ხარჯზე მოვაღწიეთ.  სხვანაირად როგორ იცხოვრებდა პატარა სახელმწიფო, იუგოსლავია ხომ არაა ცივი ომისას მიუმხობლობა რომ დაეჭირა და სინამდვილეში რუსეთისგან რუმინეთი და მეორე იცავდა, რაც მის შემთხვევაშიც საბოლოოდ ილუზია აღმოჩნდა და მიუმხებლობის პოლიტიკაც ისევე ჩაიშალა როგორც ხინკალი დიდხანს ხარშვისგან. ის კიდევ ცალკე საკითხია ამერიკასთან ერთად რომელია მეორე ზესახელმწიფო ყინულოვან ომში ჩასაბმელი: რუსეთი, ჩინეთი თუ ევროკავშირი.

მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე სამწუხარო ამდენი მონდომების მიუხედავად, ეროვნული ძირძველობის აუღიარებლობაა. ქართველებს ის კი არ გვიწევს დავამტკიცოთ, რომ ათასწლეულები ზესახელმწიფოებთან შეტენვის კი არა, შეტევის ხარჯზე შევინარჩუნეთ ეროვნულობა, არამედ, მსოფლიო ისტორიას ჩვენი ხანგრძლივი ეროვნულობის არსებობისაც კი არ სჯერა და ოფიციალურად, ორიოდე საუკუნეა ვცხოვრობთ როგორც ერი, ხალხი, რომელსაც ერთიანობის იდენტიფიცირება აქვს. საქმე ეროვნულობის განმარტებაში მდგომარეობს და დღეისთვის აღქმულ ეროვნულობის არსს ვერ ვაკმაყოფილებთ. მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოებში ერებად თვითგაანალიზება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებიდან იწყება, თუმცა არსებობდნენ ადრეული ჩანასახები, გამონაკლისები სხვადასხვა სივრცეში და შეგვიძლია მათ სიასაც გავეცნოთ. აი, ქართველები კი არც ერთ ჩანასახში, გამონაკლისში არ მოვიხსენიებით, რადგან ჩვენი მხარეები დაქსაქსული იყო და ერთმანეთს ცარიზმის რუსეთამდეც და მერეც ვმტრობდით. არ შეინიშნება არც ერთი გვიანდელი ლიტერატურული ნაწარმოები სამშობლოს სიყვარულზე და ქართველურ სიმრთელეზე. რა ომიც გვქონდა პოლიტიკურ ნიშნულს ატარებდა და მოსახლეობა ბრძანების შემსრულებლად თუ მეფისადმი კეთილგანწყობისთვის იბრძოდა, კუთხური პატრიოტიზმის გამო მაინც. აი, როგორც “ვეფხისტყაოსანის” გარდა სხვა “ამირან-დარეჯნიანისავით” სადევ-გმირო რომანებში რაინდს მოპოვებული მზეთუნახავისადმი სიყვარული არ ამოძრავებდა. 37 წლის აჯანყებაშიც კი მხოლოდ ერთი რიგითი კაცი იყო ჩაბმული. ეროვნულობა კი თერგდალეულების შემოტანილია საქართველოში. იტალიელთა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობით შთაგონებული ილია იწყებს დოკუმენტური და მხატვრული ნაშრომების გამოქვეყნებას წარსულში ერთმანეთის მიმართ გრანდიოზულ სიყვარულზე და იმაზე მეტი ხალხი აიყოლია, ვიდრე მამილო რომანტიკოსებმა შეძლეს. თუმცა ეროვნულობის იდეის რეალიზება ჟორდანიისას თუ შევძელით და ახლა სსრკს დაშლის მერე დავიწყეთ. ამიტომ ოფიციალური ისტორიით არც იმის უფლება გვაქვს ამერიკას ახლადგამოჩეკილი ერი ვუწოდოთ, ეროვნულობის აღქმის მიხედვით კი ნამდვილად აქვს ერის სტატუსი აქვს. რადგან თავის დროზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულმა ხალხებმა თავი ჰიბრიდულ ეროვნებად გააცნობიერეს და ჰოლივუდში ფილმებიც გადაიღეს, როგორ ებრძვიან მტრები და სწორედ ამერიკელები რომ იხსნიან ქვეყნებს პრობლემებისგან.

ამჯერად, ვდგავართ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე კი არა, მცოცავ საზღვრებს აქეთ და ვიძახით, რომ ქართველებმა ომის წაგება არ ვიცით. მახსოვს, აგვისტოს ომისას, რომელიც თურმე მოვიგეთ, ეკლესიაში რელიგიის მასწავლებელმა გადარჩენისთვის ბავშვებს ლოცვა აგვიკრძალა: ღმერთო, ისე იყოს როგორც შენ გსურს და არა ისე, როგორც მეო, რახან რუსების ჯარი შემოიყვანე, ჩვენი ცხოვრებისთვის ეგება უკეთესი იქნებაო. ქართველებს თურმე კრწანისის ომიც არ წაგვიგია, ჭიჭინაძე წერდა: კი ააოხრეს მთელი თბილისი, მაგრამ 1975 წლის 20 სექტემბრისთვის ერთი სპარსიც აღარ დარჩენილა საქართველოშიო. აღა-მაჰმად ხანის შემოსვლა რუსების მოწყობილი იყო და იოსებ აღუთოვისო, ეს იმ სომეხთა ეპისკოპოსის სომხეთის რუსეთთან შეერთება რომ უნდოდა თანამდებობის სანაცვლოდ. მაგრამ ამდგარან სომხები და აბანოში მოუწამლავთ. აი, პავლე I გიორგი მეფის ძმაკაცი იყო, გიო მას ქრისტეს ადარებდა და ქრისტიანობის მხსნელად მწვალებლებისგან. ჭიჭინაძე წერდა, რომ იმდენად ემეგობრებოდა ჩრდილოეთს, ლაზარევი დაუპატიჟია ჯარიანად, ანჩისხატის ეკლესიაში ადღესასწაულა, პარაკლისი გადაუხადა, დალოცა, დალია ორიოდე ყლუპი და არიქა, გინდა თუ არა, შენი ნათლია მე უნდა ვიყოო. ლაზარევმა: რახან ასეთი კაი კაცი ბრძანდებით, გაგიმხელ, რომ თქვენი ცოლი, მარიამ ციციშვილის ასული თქვენს შვილს სდომებია ცოლადო, მარხვაჭამიაა დავითიო, თქვენზე ამბობს, სნეულია და მოკვდებაო. მართლაც რომ მოკვდა გიორგი, ცოლსა და შვილზე ეჭვიანობით, სიონის ეკლესიაში სამი დღე ესვენა ატეხილი შფოთის გამო, ვერ კრძალავდნენ. ეს ის მარიამ ციცისშვილი იყო, გიოზე რომ ამბობდნენ, პირველი მეუღლე, დედა ცხრა შვილთა სათანადოდ ვერ გამოიგლოვა, 40-მდე მოიყვანაო. სინამდვილეში პოლიტიკური სვლა იყო გიორგი ხათად წოდებული ციციშვილის დანათესავება. მეფე ერეკლემ ის ყურების დაცვითაც დასაჯა ერთ დროს. აი, ის მარიამ დედოფალი მიშკარბაშად ნიკოლოზ ხიმშიაშვილი რომ ჰყავდა, როცა მეფის სიკვდილის მერე ლაზარევმა ძალადობა იხმარა მარიამზე. ნიკოლოზმა ლაზარევი მოკლა და მკვლელობა მარიამმა დაიბრალა. დავით ბატონიშვილსაც აქვს ეს აურზაური აღწერილი, რუსეთში რომ გადახვეწეს და მერე მცხეთაში ჩამოასვენეს 1851-ისთვის. აი, ასე სანტა-ბარბარას სიუჟეტივით შევუერთდით სპარსებისგან გაქცეული რუსეთს. ახლა რუსეთისგან დასაცავადაც შევუერთდებოდით ვინმეს რომ შეგვეძლოს. განვითარებადი ქვეყანა ვართ და, ბუნებრივია, თუ თავის შეკვლა არ გვინდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე არ მიყვარს ან მიყვარს ჩემი ქვეყანა, იქნებ სწორედ ესაა სიყვარული, ვიღებდეთ ყოველნაირი საუცხოოდ გამზადებული მაკიაჟის გარეშე, თინეიჯერული მუწუკებით ცხვირზე და მაინც გვიყვარდეს.

კინტომდე მისასვლელი გზა

პრეთბილისში ე.წ. ოფიციალური სამადლო ადგილები ვიცით ორგან: ერთი კუკიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროპელი სტუმრებისგან გახსნილი; და მეორე ავლაბარში, სავარაუდოდ, ერეკლე მეფის შემწეობით გახსნილი, ოღონდ კორუფციული ადგილი. მათ შექმნას წინ უძღოდა 1873 წლის ქიზიყელთა შიმშილობა. ისედაც, ბარის სოფლებში რა გაჭირვებაც იყო, მთის სოფლებში არ დაისიზმრებდათ, და როცა თბილისში მოწყალებისთვის უამრავი ქიზიყი ჩამოსახლდა, სად წასულიყვნენ და დასახლდნენ ავლაბარში. როგორც დღეს ქურთი მათხოვრებისადმი აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება, ქიზიყელთა რეპუტაციაც იგივე დონეზე იდგა. თან ბალახს ჭამენო ეგენი. მათ დასახმარებლად თბილისში გაზეთ “დროების” შემწეობით კომიტეტი დაარსდა, ფულის მოგროვება დაიწყეს. მთელი საქართველოდან 600მ. შეიკრიბა, მარტო “მშაკის” რედაქციამ 10 მ. შესწირა. თან ის პერიოდი დაემთხვა სამარაში რომ შიმშილობა იყო და 5000 მ-ობით იგზავებოდა თბილისიდან. ქიზიყელები იძულებულნი იყვნენ დაღესტნის ლეკებს დაკავშირებოდნენ და ისლამი მიიღეს. ასე განსრულდა მათი წამება.

კუკიას სამადლოს კვირაში ერთხელ ჭურჭლით ესტუმრებოდნენ ხოლმე და აქედამ მიჰქონდათ ფქვილი, სიმინდი, ლობიო, ზეთი და ნიგოზი. ხანდახან ხორციც. სამადლოს ორი გამგებელი ჰყავდა. ისინი განაგებდნენ გაჭირვებულთა აღწერას. მეორე სამადლო 1830 წლამდე იყო და გლახებს ეძლეოდათ სამარხვო ლობიო, მახოხი, პური, ხორცი და ღვინო. კუკიის სახლი გაუქმებულა 1795 წელს, რადგან აღარ ჰყავდა ზურგი. კულვარებში ამბობდნენ, რომ კათოლიკე ბერებისგან ხდებოდა დაფინანსება. პატრები ღატაკებს ფულსაც აძლევდნენ და ცოცხალ ცხოველსაც. რაც არ უნდა ღატაკი და შიშველი ყოფილიყო გლახა, ჭერი მაინც ჰქონდა, სადაც თავს შეაფარებდა, თუ არ ჰქონდა, მეფისგან მიიღებდა. სახლის ქირაობა შემდგომი მიღწევაა, ჭიჭინაძის ცნობით, რუსებისგან გვისწავლია ქართველებს.

საინტერესო იყო, მათხოვრების აღმნიშვნელი ძველი ტერმინი საკუთრივ მათხოვარი, რომელიც უკვე პროფესიით მათხოვარ ადამიანს ნიშნდავდა, და გლახა, რომელიც არაფრის მაქნისს, უვარგისს გამოხატავდა. ერთგვარი სტერეოტიპიც ჰქონდათ, რომ სანამ დედებს არ გაუჭირდებოდათ, ქართველები მათხოვრობას არ დაიწყებდნენ. ამავე დროს ტანსაცმელი ისეთი ძვირი იყო, მათი დედები შიშვლები დადიოდნენ, ქუდი და ფეხსაცმელი ხომ რას ამბობ, არ დაესიზმრებოდათ, მითუმეტეს, ბავშვებისთვის ტანსაცმელი ენანებოდათ, მთელ თბილისში ტიტველი ქალები და კაცები დაიარებოდნენ. ამ დროის ცნობებია შემორჩენილი ბატონები ყმებს ან ნათესავები ერთმანეთს ხალათზე როგორ ცვლიდნენ. ჩავიდოდნენ სამხრეთის მეზობლებთან და ადამიანებს იაფფასიან ხალათებზე ყიდიდნენ. მაგრამ ჯვრისწერისთვის ქალს ტანსაცმელი მაინც უნდა სცმოდა კაცს რომ წაეყვანა. რა დროს “ვეფხისტყაოსანია” და თუ ჯვრისწერის კაბის გარდა სხვა სამოსიც გამოჰყვებოდა, საქებარი ამბავი იყო. სიღარიბის გამო სიშიშვლის ფაქტი აიძულებდა ადამიანებს სახლებში ჩაკეტილიყვნენ, რაც მათ სამუშაო უნარიანობას აქვეითებდა და კიდევ უფრო ღატაკდებოდნენ.

images (2)

თავად მათხოვრები კატეგორიებად იყოფოდნენ. იყო ასეთი სახეობა – მონასტრის მათხოვრები. საბჭოური ლიტერატურა რომ წავიკითხოთ, ბერების და ეკლესიების შენახვაზე მეტი იხარჯებოდა. მაგრამ ცალკე ეკლესია-მონასტერიც იყო პასუხისმგებელი გაჭირვებულებზე და მათი გამოკვების იმედი სამადლოსთან ერთად ჰქონდა გლახას. თან მიღებული იყო ცხვრის შეწირვა ეკლესიისთვის. ქვეკატეგორია, ეგრეთ წოდებული “ატოცის გლახები” ატოცის წმინდა გიორგის კომუნადან დადიოდნენ სამათხოვროდ. ისინი პრესტიჟულ მათხოვრებად ითვლებოდნენ თბილისში. შესაბამისად, დიდ თანხასაც შოულობდნენ ხოლმე. მაგრამ მაინც არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ვინმე არა ატოცელ გლახას თავი ატოცელად გაესაღებინა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სიცრუისთვის წმინდა გიორგი დასჯიდა. განსაკუთრებით პატივსაცემნი იყვნენ ატოცის გლახა დედაკაცები. მივიდოდნენ კართან და უხმოდ იდგნენ სანამ მასპინძელი თავად არ დაუწყებდა საუბარს. აქედან წამოვიდა გამოთქმა, რა ატოცის გლახასავით ატუზულხარო. გვყავდა სახელგანთქმული მათხოვრებიც. მაგალითად, ქვეკატეგორიაში სიონის გლახა განთქმული იყო ვინმე ხონელი.

სხვა კატეგორია იყო ე.წ. კარის გლახები, – დადიოდნენ ჯოხითა და ტომრით. მათ გამო წამოსულა გამოთქმა, გასწი დაიკარგე შე კარის გლახავო. ისინი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ცოლ-ქმრობა არ ჰქონდათ და დღიური საზრდოსთვის დადიოდნენ, არაფერს ინახავდნენ. მათი ცხოვრება შინაური კარის ძაღლთან იყო შედარებული. იშვიათად აძლევდა ვინმე შესაწირს, რადგან ქართველებს, ზოგადად, უჭირდათ, განსაკუთრებით, აზნაურობის გადავარდნის მერე. მანეთი რომ აეღო სესხად, ყოველ წელს პური უნდა გადაეხადა. ისედაც, თუ ღარიბის ოჯახს დავათვალიერებდით, მთლიანი ქონება მანეთს არ აღემატებოდა ხოლმე. გარდა იმისა, რომ ტანსაცმელი ატყავებს, ქართლელი და კახელი გლეხი ისე დაბერდებოდა, რომ აბანოში ერთხელ არ წავიდოდა. იშვიათად იცოდნენ სახლში ბანაობა, ისიც უსაპნოდ და ისიც ცივ წყალში ზაფხულობით გასაგრილებლად. აღწერილია, რომ ლოგინში ისეთი სუნი იდგა, ვერ მიუახლოვდებოდი. ჭუჭყიანი მხალი და ლობიო. ღორის ქონში დამცხვარი შავი ქადა. ხორცი აღდგომასა და შობას. გადატანილი ზამთრები უშეშოდ. დაპნეული ხორბლის აღება შედარებულია ქათმების კენკვასთან.

“შაფათის გლახა” შაბათობით მათხოვრობდა. ყველა კატეგორიის ღატაკს მოიცავდა. ისეთსაც, თბილისშიც და სოფელშიც სახლი რომ ჰქონდა ცხოველებით. დახმარება საზოგადო სამათხოვრო სახლიდანაც ეძლეოდათ. 1805 წლამდე მოისპო თბილისის სამოწყალო სახლები. “სიონის გლახასგან” განსხვავებით “დიდებაზე მოსიარულენი” – შეძლებული ოჯახებიდანაც იყვნენ, პროტესტის მქონე ბავშვები, რომლებმაც დატოვეს სახლი, მკითხაობით ირჩენდნენ თავს ან ავადმყოფთა შემწედ დგებოდნენ. ფული იშვიათად იცოდნენ, ნიგოზს, ბამბას, სანთელს, შაქარს აგროვებდნენ ეკლესიაში წასაღებად და შესაწირად. მე-19საუკუნემ გაუსწრო მკითხავებით ცნობილ მე-18 საუკუნეს. როცა ქართველებს ნეკრესის ეპისკოპოსმა ნეკრესელმაც მიაქცია ყურადღება და კახეთის სამღვდელოებას მიწერა, რომ ქადაგებით ებრძოლათ ქვეყანაში მკითხავების წინააღმდეგ და ეკლესიებშივე ქადაგებდნენ. მკითხავებით მდიდარი კახელები და ქიზიყელები იყვნენ. ხშირად ორი-სამი მანეთის გარდა 10-15 მანეთამდე დღეში. ამის გარდა პროდუქტები. ამ ფულით ხატში მიდიოდნენ და სწირავდნენ. ეს იმ ხანაში, როცა უკანასკნელი ქვაბიც დაუგირავებიათ ფულისთვის.

განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა იყო შრომას შეუჩვეველ აზნაურებში. ბაქოს საროსკიპოებში იმერლებზე მეტად არა, მაგრამ თბილისელი ქალებიც მუშაობდნენ. ქართველი კაცები კი სომეხ კინტოებს ჩაენაცვლნენ. ანუ კინტო საროსკიპოდ წასული ქალის ანალოგიად, მათგან განსხვავებით, ვინც შრომას შეეჩვია და მჭედლობას თუ დურგალობას მიჰყო ხელი. გაკინტოების მიზეზებზე კითხვა შეურაცჰყოფად ითვლებოდა და გინება მოჰყვებოდა, სანამ არ დაუმეგობრდებოდი და გულღია საუბრის ხასიათზე თავად არ მოვიდოდა. დიდება კი ერთი ვერცხლის ქამარი და თაბახი იყო. ჩვეულებრივ, კინტოს მიკიტნის დუქნებში ეძინა და 50 წლამდე ვერ აღწევდა. ძმა-ბიჭების გატანა იცოდა და არა ოჯახის. მიტოვებული ჰყავდა ცოლ-შვილი, მშობელი, ნათესავი და შეგროვებული ფულით არ ეხმარებოდა. არის ერთი მოგონება კინტოზე, რომელიც ცხოვრების ბოლოს სახლში მიდის და მშობლებს ხელებში აკვდება. კინტო ამბობს: “ოხ, დედა, რა შვილი გიკვდები”, დედა კი პასუხობს: “მაგდენიც არაფერი”.

და ვინჩის დემონები

tumblr_inline_ml1l0q0q4D1qz4rgpდისქავერზე ვუყურებდი როგორ დაირაზმებოდა სპეც. ჯგუფი და და ვინჩის ჩანახაზების მიხედვით მექანიზმებს აწყოდბნენ, შემდეგ ბიბისი-ზე გადავრთე, სადაც ისტორიული ფენტეზი “და ვინჩის დემონები” დაიწყო.
სერიალი ახალგაზრდა ლეოს ცხოვრებას გვიჩვენებს, რისთვის და როგორ ვითარებაში მოსდიოდა იდეები თავში და თითო სერია თითო გამოგონების ახსნას წარმოადგენს. ვუყურებ ნახატებსა და იეროგრიფებში ჩადებული კოდების ინტერპრეტაციებს.
იქვე თვალს ვადევნებთ ფლორენციის შიდა თუ გარე პოლიტიკას, იმ ქალაქის, სადაც “დეკამერონის” დადგმა არ გაუკვირდათ და დიდგვაროვნები გლეხებს სახელებით ცნობენ, ებრძვის რომსა და ვატიკანის რელიგიას. სცენარი აკინძულია იმ დროინდელი კაბალის, ნოტიკის, აკაშის ქრონიკების, კელტური პოლითეიზმისა და უპანაშვიდების მიხედვით და ქვაკუთხედად მითრას მისტერია გვაქვს, როგორი იქნებოდა ფილმი იმ დროინდელ რენესანსზე საიდუმლო ორდენების გარეშე. female-head
პლიუს ვნება ხომ ყველგან უნდა გაიკვეხოს და ლეოს ინტიმური კავშირები მოწაფე ბიჭუნებთან და მარჩვიბ ქალთან (თვითონ მერწყულია): “შეიძლება ხალხის მანიპულირება გიყვარს. მაგრამ მე უფრო.”
ამჯერად, სერიალის ოფიციალურ გვერდზე ვტრიალებ, სადაც მონაწილეები ტაროს გეთამაშებიან და სქემების მიხედვით მექანიზმებს ონლაინით აწყობ. გამოგიტყდებით და თამაში სერიალზე მეტად მომწონს. აუ, ეს ფრთა სად გავუკვეხო?