შიში და სიყვარული

ფლირტი მენატრება. აი, პეპლების ტრიალი მუცელში, ქუჩაში რომ აგაცეკვებს, ხელებს რომ ერთმანეთს არ უშვებთ, მეგრული საწებლის დამზადებას რომ გასწავლის, ლეპტოპში ოპერატიულ სისტემას რომ შეგაცვლევინებს, ისეთი, უფრო შრომისუნარიანს რომ გხდის შესვენებაზე მისი 5 წუთით დანახვა. ფლირტი მომენატრა, რომელიც გამზრდის, გამავითარებს, არ დამაჭაობებს.

გუშინ ვისმენდი თეორიას, რომ ჰეტეროსექსუალური პენეტრაციისას ქალის ორგაზმი სტოკჰოლმის სინდრომს ჰგავს, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია ტკივილის გასაყუჩებლად. ჯერ იყო და ლუდის სტოკჰოლმის სინდრომთან შედარებამ დამაინტერესა. ალკოჰოლის მავნებლობაზე საპასუხო რეაქცია მისით ტკბობა გახდა. შიში შეიქმს სიყვარულსაო.

შიშისა და სიყვარულის სინთეზის საუკეთესო მაგალითი ჩემთვის დაბურძგვლაა. ზოგიერთი ცხოველი მეტოქის დანახვისას ზომაში იმატებს. მაგალითად, უშხამო გველსაც უდიდდება თავი ადამიანის ნახვისას. ლომს კიდევ თავი ეფოფრება. ადამიანებში ეს ინსტინქტი დაბურძგვლაში ვლინდება.

კუნთები, რომლებიც ბურძგვლაზეა ორიენტირებული შიშის, სიცივის ან აღგზნების დროს, მაგარი ტრაბახა ტიპია. სხეულის მოცულობითად წარმოჩენის იმედით იბურცება. დარვინის მიხედვით, დროთაგანმავლობაში დაბურძგვლაზე ორიენტირებული კუნთები ადამიანს მოსცილდება. მაგრამ მანამდე ისეთი ფლირტი მენატრება, ჩემი სულელი კანი რომ გადიდებით გაიპრანჭება.

ინსტინქტი (მესამე)

პირველი ინსტინქტი

მეორე ინსტინქტი

c57a110b3fc0f618760cc82fd1b12f1f--scorpio-quotes-zodiac-scorpio

ლაშქრობაზე ერთი გოგო შემიყვარდა, ან როგორ არ უნდა შემყვარებოდა, როცა პირველად ვნახე ვინმე ჩემნაირად ლაშქრობაში წამოსული კაბით. მე არ ვიცი საიდან მოდის სტერეოტიპი, რომ კაბა სიარულის დროს ხელის შემშლელია. პირიქით, ოფლიანობის პრევენციას ახდენს და ფეხის სასურველად გაშლის შესაძლებლობასაც გაძლევს. ერთნაირი საკვები გვქონდა წამოღებული, ნათალურ ჰოროსკოპში მხოლოდ ერთი ასპექტი გვქონდა რამდენიმე გრადუსით განსხვავებული. მაგრამ განსაკუთრებით მაშინ შემიყვარდა, როცა მასში ჩემი რელიგია აღმოვაჩინე: მცხუნვარე დღის მანძილზე, როცა სხვები ჩრდილში შეიყუჟნენ, ეს ისევ მზეს ეფიცხებოდა. აი, ჯორჯ მარტინი რომ წერდა ერთ პერსონაჟზე, ზაფხულის სიცხე არ აწუხებდაო.

აი, თვალები რომ დახუჭოთ და წარმოიდგინოთ რომ არსებულ რელიგიებს არ უარსებიათ თქვენს ცნობიერში, მესამე საბაზისო ინსტინქტის წყალობით, საკუთარ რელიგიას შექმნიდით. რწმენა ისეთი ინსტინქტია, საკუთარ თვალებს რომ უფრო ნაკლებად დაგაჯერებინებს კაცს ვიდრე მეუღლის ღალატს, რომელიც გიტოვებს შეგრძნებას, რომ ცუდი სიზმრიდან უნდა გაიღვიძო. ამიტომაა, რომ ყველაზე ეჭვიან ადამიანსაც კი ნდობის ინსტინქტი ეჭვიანობის ინსტინქტზე მძაფრი აქვს. რადგან ეჭვიანობა ანალიტიკური უნარის განვითარებისგან დაიბადა, ხოლო რწმენის ინსტინქტი ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როცა არა თუ ანალიტიკური, მახსოვრობითი უნარიც კი გასაჩენი იყო. ამიტომ გაჩნდა შეგრძნება, რომ ათეისტი, ურწმუნო ხალხები უფრო ჭკვიანები არიან, ცნობიერება აქვთ განვითარებული ინსტინქტებზე მეტად, ეჭვის გაჩენა შეუძლიათ. რელიგიური წამომადგენლები სწორედ ამ ინსტინქტით მანიპულირებენ, რომელსაც მხოლოდ სექსისა და სიცოცხლის ინსტინქტი ერევა.

ჩემი აზრით, რელიგია ორგანიზმის სისუსტიდან ჩნდება. იმდენად მაკლდა ენდოფინები, რომ მწველ მზეშიც კი თავს ნაშიმშილევად ვგრძნობ.  სწორედ ეს შეგრძნება დავინახე ამ გოგოშიც. ვიფიქრე, პირადი ნომერი რომ მქონოდა, შეიძლებოდა მისი ნომერი ჩამეწერა და კონტაქტი გაგვეგრძელებინა. ან ფეისბუქის ანგარიში რომ მქონოდა, მასთან ურთიერთობა უფრო გამიგრძელდებოდა. მაგრამ აღმოჩნდა რომ არც მას აქვს ტელეფონი და ფეისბუქიც გაუქმებული აქვს. თურმე ორი ერთნაირი ადამიანი ვერასდროს იმეგობრებს. ან ერთხელაც იქნებ გადავეკვეთოთ.

ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

თხრობის ინსტინქტებზედ

შეიძლება ერთხელაც, როცა პენსიაზე გავალ და შვილიშვილთა ერთადერთი სადარდებელი ჩემი წვალება იქნება, გავთალო ფანქარი და მემუარები ვწერო იმ დრამატულ დროზე, როცა სამსახურის საძიებლად გასაუბრებებზე დავდიოდი. გასაუბრებების ადგილი ზოგჯერ მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და გასცდენია ოფისურ ფარგლებს: ჩატარებულა ქალაქგარეთ, ექსტრემალური სიტუაციების შექმნისთვის; კაფეში, რადგან სჯეროდათ, რომ მეგობრული აურის მიღებისას სამსახურის მძიებელი იდეებით აღივსებოდა; აი, დღეს მაკდონალდსშიც დამპატიჟეს ყავაზე, სადაც ინტერნაციონალური შთაბეჭდილების შექმნას შევეცდები და სხვა.
რუტინული შეკითხვებისგან განსხვავებით, ხშირად დაინტერესებულან სარწმუნოებით, ბავშვობის დეტალებით, არ დამავიწყდება შესავსები ბლანკი, სადაც ასაკის გასვრივ ზოდიაქოს მითითება იყო საჭირო. თუმცა სამსახურის დატოვება არასდროს მქონია პომპეზური ან რამენაირად აღსანიშნი, გარდა ბავშვობაში პიცერიაში ჩადენილი საიდუმლოსი, წამოსვლის წინ რომ უზარმაზარი პორციები მივირთვი და ისე გამოვიპარე. თავი ონავარი გოგო მეგონა, ნიავებით თვალებში.
გამომიცდია ფილმის პერსონაჟივით გასაუბრებაზე შემთხვევით დამგზავრებული დამქირავებელი, ვისაც იმდენი ველაპარაკე საკუთარ თავსა და მიმავალ ვაკანსიაზე, წარმოიდგინეთ, როგორ მომერიდებოდა საკრალური ფრაზისას: “მე იმ ორგანიზაციის დირექტორი ვარ”. რა თქმა უნდა, სამსახური მაინც შემომთავაზა და ახლაც კომედიით ვიხსენებთ ამბავს. მორგში ბავშვებთან წუწაობის დროსაც კი გამომიცდია სამსახურის მიღება, თავი რომ სველი გაქვს და მიცვალებულივით ლურჯი. მაგრამ ამბავი, რომელიც ბოლოს შემემთხვა, ყველაზე კომიკური მგონია:
წარმოიდგინეთ, მივდივარ იმდენად სოლიდურად ჩაცმული, რომ ჩემი სერიოზულობა გამოიხატოს, სახლში დაბრუნებისას კი თითქოს ლოგინის კიდეზე დაღლილი უნდა ჩამოვჯდე, წვივები ერთმანეთზე გადავაჯვარედინო, ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიძრო და თითებთან მასაჟი გავიკეთო, – აუცილებელი რიტუალია. ამ დროს კი გამსაუბრებელი მიყვება თავისი ოჯახის ისტორიებს 40 წუთის მანძილზე ტირილით და მისი დაწყნარება მიწევს. მერე იყო დადევნებული წერილები, რომ არავის მოვუყვე და თავის მოკვლის მუქარა.
მეც, რა თქმა უნდა, ვაჯერებ, რომ საიდუმლოს შენახვა ვიცი, და ამავე დროს ვითომ ვაჯერებ თავს, რომ ბლოგერებს სულაც არ გვიყვარს თხრობა. არა და ძალიან მიყვარს თხრობა. შეიძლება ერთხელაც, როცა პენსიაზე გავალ და ჩემი დამქირავებლები მკვდრები იქნებიან ან შვილიშვილთაგან ნაწამებნი, გავთალო ფანქარი და მემუარები ვწერო იმ კომიკურ დროზე, როცა სამსახურის საძიებლად გასაუბრებებზე დავდიოდი. თან მიხაროდეს, რომ პენსიაზე ვარ და აწი რასაც მინდა იმას ვაკეთებ.

tumblr_n2a9tvAtkF1qb94kko1_1280-1024x768