“უკვდავების წყალსა
ცხრაწყაროსას მომაწვდინე”.
– აბესალომი.
“იგრძენი ბნელი მხარის ძალა”.
– დარტ ვეიდერი
ამ კვირაში საკუთარი სახელის შესახებ ძიებებმა, თემას გადამახვევინა და ფაუსტურ პარადიგმებთან მიმიყვანა: ქართულ ფოლკლორში თინათინის (მზის სხივის) გამო ღმერთი ეშმაკს ებრძოლება. სახელი გზაჯვარედინზე მდგარ ადამიანს განასახიერებს, როგორც ეთერული სხეულისგან წარმოშობილი სახელი ეთერი.
აღსანიშნია, რომ დემნა შენგელაია და ნიკო მარი იზიარებდნენ ეთერის დაკავშირებას ბაბილონურ ღვთაებასთან “იშთართან” და “უშტარსაც” მათთან აახლოვებდნენ, ხოლო ეთერს იზიარებდნენ აბესალომის ერთდროულად დედად და ცოლად, რასაც ფოლკლორის ჩანასახში ოიდიპოსის კომპლექსთანაც მივყავართ. თუ თვალს წინარე ზღაპრებს გადავავლებთ, მურმანის პირველწყაროებად შეგვიძლია მივიჩნიოთ: შერევლო, შირალი, შარამბლა, აშირალომა.
ვიცით, რომ ფაუსტმა სიყვარული სრულად ვერ განიცადა და პასიურ კაცად აღვიქვით, რომელმაც თავის თავში ბოროტი შეუშვა, ხოლო მურმანსა და ეშმაკს ერთსულოვანი ზრახვები ჰქონდათ და ის სიხარულით შეეგება შესაძლებლობას, ცხოვრების მეორე მხარის გაცნობისას კი საწყისი არ დაუკარგავს.
ჩემი ტერმინით, მურმანის სინდრომი იმ კონდიციას განასახიერებს, რომელშიც პიროვნება ნათლის გარეშე იმყოფება და გადის ბნელ საშუალებას სასურველი მიზნის მისაღწევად. მე არ ვაპირებ საკითხის მორალურ ჭრილში განხილვას, ნათლით უუნარო აბესალომისა და ბნელით მებრძოლი ტიპაჟის შედარებას. რადგან ამბავი ზედმეტად რეალურია მორალის განხრით საუბრისთვის. “ეთერიანი”, კიკნაძის თქმით, იმითაა საინტერესო, რომ ამბავი ზღაპრის ფაბულადან ამოვარდნით იწყება: იქ, სადაც, წესით, ზღაპარი უნდა მთავრდებოდეს, დრამა იწყება, – ნაგულისხმევია “ეთერიანის” ამბის ქორწილით დაწყება.
მე მახსენდება ცოდვით შეგროვილი სურვილები. და სურვილები, რომლებსაც არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ჩემნი. საუბრების მიუხედავად, რომ მთავარია სხეულთან შედარებით სულის პატიოსნება, მე და ჩემი თინათინი იმ სულიერ მეძავებს ვგავართ, სიბნელესა და სინათლეს, როგორც კურდღლებს, თანადროულად რომ ეთაყვანებიან და მაქსიმალიზმი უჭირთ, შუალედურ პოზიციაზე მდგომ “დიად მეძავ ბაბალონს” კი ღალატისთვის ორივე მხარე დაგვსჯის.