როგორ გადამეზარდა ისტერია ინსომნიაში?!

ვფიქრობ, დაბადებიდან არამორწმუნე ადამიანები ჩემზე ჯანსაღი ფსიქიკის არიან. რადგან ჩემს სხეულს ცნობიერთან შეუთავსებლად მექანიკური მოძრაობები დარჩა, ემოციას მოკლებული ჟესტები: პირჯვრის წერა იქნება ეს მიჩვეული მდგომარეობისას თუ ჯდომის მანერა ეკლესიის ეზოში, – მაგრამ საუბარი საეკლესიო რწმენაზე არ მინდა, არამედ გაროხის წვნიანსა და წყალმცენარეებზე: როცა ღებინება დავიწყე ხორცის გემოიან კერძებზე, მივხვდი, რომ ვეგეტარიანულმა სურვილებმა ორგანიზმი მოირგეს. ეს კი სხეულის გადმოსახედიდან კლასიკური ისტერიის შემთხვევაა, როგორიც აღდგომისას ჯვრებიანი სტიგმატების ან საახალწლოდ ნაძვებიანი ჭრილობების გაჩენა. მაგრამ საუბარი ამაზეც არ მინდა.

ბოლო ათწლეულში ფსიქიკამ ორგანიზმზე იმდენი სხვადასხვა რწმენა გამოიმუშავა, ამჯერად, ინსომნიურ მდგომარეობაში მოვხვდი. ხშირად უძილობა ილუზიებს აჩენს, მაგრამ მე უძილობა ილუზიებმა მომცეს. სადღაც ორი წლის წინ დამეწყო ე.წ. მომაკვდავის რეფლექსი, როცა პრობლემის დავიწყება იმდენად ვცადე, მთელი თვის, სეზონის მოგონებები გავინადგურე და დროთა განმავლობაში თუ შევძელი მათი წყვეტილად აღდგენა. პარალელური სიმპტომი ჩემი ჰიპნოზური მდგომარეობა იყო. ჩემი მეტყველება ქვეცნობიერული ნაკადებიდან თითქოს და ფხიზელ მდგომარეობაში. გავხდი დაბნეული არა მხოლოდ სიფხიზლეში, ძილზეც კი გამიჭირდა კონცენტრირება. სიფხიზლეში ძილისმაგვარი მდგომარეობით მივადექი უძილობას ძილში.

როგორც წესი, ესსეს მესამე ნაწილში უნდა მესაუბრა ინსომნიასთან გამკლავების გზებზე, ითხოვს. მაგრამ ხელში მხოლოდ მცდელობების სია შემრჩა. ეტყობა რაღაც ჯაჭვი გამომრჩა. წავშალე და მხოლოდ წიგნებზე დავწერ: ამ დღეებში ჩამივარდა ხელში შრომები ასათიანის და პავლოვის ექსპერიმენტების შესახებ. ექსპედიცია სვანეთში ამტკიცებდა, რომ სტატისტიკურად ნევროზული მდგომარეობა მაღალ მთიან რეგიონებში მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ფშავში არაისტერიული ადამიანთან შეხვედრა გამონაკლისს წარმოადგენს. ექიმებმა კი დაასკვნეს, რომ ისტერიული იყო ფშავში, ნორმაა, პირიქით, სიჯანსაღეა ავადმყოფურიო. საღამოობით შემოსხდებიან ცეცხლის ირგვლივ და ერთმანეთს საშიშ ამბებს უგონებენო, ვინ უნდა გადარჩესო.

რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?

5fbdae61295be3688321d6ed754e7b9d

რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ მარტო სათამაშოდ უნდათ.
შეკითხვის სათავე იმ უახლესი წარსულიდან მოედინება, როცა მეგობრის ქმარმა ცოლთან და სკოლამდელ ბავშვებთან ერთად ცოლის მეგობრები ქალაქგარეთ დაგვპატიჟა. ვინაიდან განქორწინებაზე ფიქრს მშობლები ისტერიამდე მიჰყავს და ბავშვები სათქმელს მავნებლობით გამოხატავენ, ვიკისრე მოვალეობა და ჩემი მცირეწლოვანი მეგობრებისთვის თამაში გამოვიგონე: ყოველი მოწყენის შემთხვევაში ვიღებდით სათამაშო ცხოველს და საკუთარ წყენებზე მესამე პირში ვყვებოდით. ზოგადად, ბავშვის დატვირთვა აუცილებელი გვგონია, რადგან როგორც კი დაუსაქმებლები არიან, მოწყენისგან მავნებლობენ.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ქარის ეშინია.
თორნიკე ორი წლისაა და ძალიან ეშინია ქარის. პირველად ვნახე ადამიანი ჰაერისადმი შიშით. არა და მისი კულულა თმა სიარულისას ხტუნაობს და ტიტლიკანა თუ გაიქცევა, რენესანსული ფერწერის ანგელოზებს ჰგავს. მეთქი ნათლია ვარ, ჩემი ვალია ქარი შევაყვარო. ამიტომ გამოვიგონე ზღაპარი კეთილ ქარებზე, როგორ გადაჰქონდათ ყვავილებიდან ყვავილებზე სიცოცხლე ნანატრი და მოიმედე, რომ მხოლოდ ქარისას შეიძლებოდა სხვა დროს მდუმარე ფოთლების მოსმენა. და, ჰოი, საოცრებავ, ყურები ლეღვთა ფოთლებთან მივატანინე შრიალის მოსასმენად. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გეოგრაფიული ცოდნა ზღაპრებად მექცია, მაგრამ ქარი ვერ შევაყვარე. საღამოს დედამისი მეუბნება: ეს შიში მას შემდეგ დასჩემდა, რაც ეზოში ჩასვლაზე ქარის გამო უარს ვეუბნებიო. ჭირი იქა, ქატო აქა, გაციებისგან გადარჩენის სანაცვლოდ დაფობიებული ბავშვი მიიღო, დედის კალთაში ჩარგული სახით.
ბავშვის აღზრდაში მკაცრად განსაზღვრული წესების მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა რომ მგონია, ბევრი დამოუკიდებელი ლეველი უნდა განვავითარებინოთ, ამ ასაკში თავისუფლებას ვერ მივცემ. მაგალითად, არ მომწონს, რომ არც ერთი ჩემი მეგობრის შვილს საბავშვო სავარძელი მანქანისთვის არ უხმარია. ეს ბავშვებიც ისე იზრდებიან, რომ მცირე წუწუნის მერე მშობლები წინა სავარძელში დაჯდომის ნებას აძლევდნენ. უფრო ლიბერალურად დიქტატორიზმის მომხრე ვარ. ვიცი სხვა ორი წლის ბავშვი, ლოგინში შესაძლო დასველებით ისეთი შეშინებული, რომ ძილი ერღვევა და ყოველ საათში ერთხელ ეღვიძება. გადაუწიეს მშობლებმა ღამის ძილი – არ უშველა, შუადღის ძილი მოუშალეს – არ უშველა. სანამ არ წაიღეს დამსჯელობითი სიტყვები უკან, ნორმალურად ვერ დააძინეს.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ გოგოა.
ნატალი ოთხი წლისაა და ძალიან აკვირვებს ჩემი ცისფერი ჯემპრი, რომ ჩემს ნახატებში ბიჭებსა და გოგონებს ერთი ფერის აცვიათ, რომ რეალურ, საისტორიო წიგნებში დედოფლები დისნეის მულტფილმებივით გამოთლილნი კი არ არიან, გადაბმული წარბები და განიერი ბეჭები აქვთ. ეს ის ასაკი აქვთ, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას რომ ახდენენ ერთმანეთთან, ექიმობანას თამაშის ცნობილი მიზეზია, მაგრამ პირველად გავიგე, რომ ამ ხნისები ერთმანეთს სქესის განმასხვავებელი ნიშნებით მიმართავენ. დედამისი მეუბნება, რომ ცისფერისა და ვარდისფერის ფენომენი სათამაშოების გაყოფიდან დაიწყო. ბიჭური და გოგოური ნივთების კლასიფიკაცია საკუთრებას უკამათოდ უწყვიტავდა.
არა და როგორ გინდა უთხრა, რომ დედამისი ცდება, რომ კომფლიქტის გადაწყვეტის მარტივი ხერხია, ატყუებს, რადგან ეუბნება რისიც თვითონაც არ სჯერა. ან მაქვს საერთოდ უფლება დიდარქტიკული მოძღვრებები ვუკითხო. ან იქნებ ღირს ფანტაზიის გაღვივებისთვის ძილის წინ ატომების ატმებივით ხლეჩვისა ან ჭიანჭველათა შრომისმოყვარეობის ამბების ნაცვლად რაინდებზე, დევებზე ან ფასკუნჯებზე ვუყვებოდე. იქნებ თოვლის ბაბუის დაჯერებით გამომგონებლური ნიჭი უვითარდება. ან გვაქვს თუ არა მორალური უფლება წესების დარღვევისთვის ვტუქსავდეთ, როცა საღამოობით ხელებში ჩაძინებულ ბავშვებს ლოგინებს მივაბარებდით და სასაცილო ბალახებს ვეწეოდი. არა რა, არ შემიძლია ზრუნვა საკუთარ თავზეც კი. სამეგობროში კიდევ ერთი დედა გვყავს, ისეთი ისტერიულია, ძუძუებიდან რძე უკვე თვითნებურად უსხამს, ერთ დვრილს ჩაუდებს და მეორიდან გამოედინება. ჩემი აზრით, მეგობარი ლაქტაციის პერიოდში უნდა შეიცნო. არა და ვერც მისი ქმარი ხვდება რა სჭირს, უბრალოდ ქალები ვხვდებით.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ძალით აჭმევენ.
ოო, კვება ხომ ის პირველყოფილია დასაწყისში შვილს დედას რომ მოანატრებს. გამიგია, თავიდან შვილებს დედა კვების გამო უყვარდებათო. ისედაც, ბავშვები ყველაფერს პირში იტაკებენ და ამით საგნებს აღიქვამენ. ერთხელაც ძილის წინ ნატალიმ მომიყვა ზღაპარი, რომელიც ჩემს თვალში ჰორორი უფრო იყო: იყო და არა იყო რაო, ერთი გოგონა ცხოვრობდაო, საჭმელს არ ჭამდაო, ამიტომ დედამ ფანჯრიდან მოისროლაო, მერე ის გოგო მგელმა შეჭამაო. დასასრული. მეთქი, მეგობრულად, როგორც დაქალები ჭორაობენ, რა უნდა გავაკეთოთ უფროსებმა, რომ ბავშვებს მოსაწყენი სადილები შევაყვაროთ? დედა ძალიან ბევრს მაჭმევს და კვებისას ამიტომ ვტირივარო. სინამდვილეში სადილამდე ბავშვები კანფეტებით ძღებიან და კერძებისთვის მადა აღარ ჰყოფნით. დედა მაინც უყვება ხოლმე სადილობისას ზღაპრებს და თამაშით იკვებებიან, ეს მომწონს. ხანდახან ჭამობანას ვთამაშობთ, სხვადასხვა ოთახში დავსხდებით თეფშებით და აუცილებლად უნდა შევუსწროთ ერთმანეთს პირში კოვზის ჩადებისას. ან ვუყურებთ ზღაპრებს  პროდუქტების მითიურ წარმომავლობაზე. ან ვულაგებთ სავარაუდო ბოსტნეულს და ნებას ვრთავთ, რომ თავად მიიღონ მონაწილეობა მზადებაში.
აი, როგორც ბავშვს მოსწონს ძუძუს წოვის პროცესი და საქმე მხოლოდ კვებაში არაა, ხელოვნური პროდუქტების მიღებისას  იგივე უნდა გაგრძელდეს, უნდა მოსწონდეს როგორ ჭამს, რომ ჭამოს. მაგალითად, გაგანია ზაფხულში, მე არ დავაძალებდი ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. და კიდევ ერთი: მე მივაჩვევდი ღეჭვას. ბავშვი უნდა მიაჩვიოს ღეჭვას. არ უნდა გავიადვილოთ საქმე ბლენდერებით. აი, ნატალი ოთხი წლისაა და დაბლენდერების ან გამალებით ჩაზელვის გარეშე მგონი არ უჭამია. ხოლო რძეს რაც შეეხება, შვილიანი მეგობრების სახლში როცა შევდივარ, ცოტა ხანშივე ვატყობ ბუნებრივ კვებაზეა ბავშვი თუ ხელოვნურზე. რითი და მათი დასვრილი საფენის სუნით. დიდი ქონიანი კაცი რომ დააყენებს, ისეთი სუნი ასდით ხელოვნურებს. ეს მომწონს, რომ ძმის შვილს, დედაჩვენის ხელში, საფენი არ უხმარია სამი თვიდან. გამოთვლილად იცოდა კვება და წუთობით ხვდებოდა როდის სჭირდებოდა ბავშვს მონელება. ზოგადად, მოზრდილისთვის შეიძლება, მაგრამ ბავშვისთვის დაუგეგმავი კვება ისედაც სახიფათოა, მაგალითად, ხშირი კვებისას მომნელებელი სისტემა რომ არ გამოვიდეს წყობიდან და ა.შ.
რა სასაცილო სიტყვაა “ბოჩოლა” და თან მოსაწყენი.
ბავშვების სახელები შევცვალე.
ახლა კი ისევ ზღვარზე ვფიქრობ: მე რომ მეგობრების შვილებისადმი ურთიერთობა არ მომწონს, როდის შეიძლება ჩავერიო უცხო ადამიანი ოჯახში? თორემ უცემიათ ბავშვი და მე მხოლოდ ჩემი თეორიებით ვდგარვარ და მისთვის ცხვირ-პირიდან სისხლი თუ მომიბანია. ასე ბლოგიდან მაქვს დიდი გული და ვიტყვი: ნუ გააჩენთ ბავშვებს ოჯახის გასამტკიცებლად, საახლობლოში მე მხოლოდ ამ მიზეზით გაჩენილ ბავშვებს ვიცნობ და ვვარაუდობ, რომ კიდევ იქნებიან.

ტიკინა პატარა ბიჭი

მინდა გიამბოთ ცისფერ თმიანი გოგოს ამბავი, სიმართლეს ილუზიისგან რომ ანსხვავებდა და პინოქიოს ცხვირი ეზრდებოდა. ფსიქოდელიურ ტყეში ცხოვრობდა მატყუარა ბიჭის ლოდინით და ზრუნვით ფერია. ლეგენდის თანახმად, სევდისგან დაიცალა და მოკვდა, მოკვდა, ოღონდ როგორც მისი მფარველი და გაჩნდა ქალი, დედა. ხის კაცის ადამიანად ქცევის პირობით. მერე დაიწერება მეცნიერული ფიქციები რობოტის ჰუმანურობაზე, ცისფერთმიანმა იაპონელმა ოცნება რომ მისცა, ფენტეზები, ხეთა სულიერებაზე, ტყის ალქაჯის შვილობილებზე, მაგრამ ორასი წლის წინ პაპა კარლომ წარმოიდგინა ცისფერთმიანი ქალის ხის ტიკინა პატარა ბიჭი.

დილაობით ჩემს ქუჩაზე დაცვარული ფოთლები ყრია, ოღონდ ფანჯრიდან ფოთლებს ვერ ამჩნევ და გგონია, რომ სერ ასფალტზე ფოთლის ფორმები თეთრად ხატია. იისფერია სახურავებზე თოვლი, როცა მზე ხვდება, თავზე ამინდი მემჩნევა, – ცისა ფერს, თმისა ფერს. დილაობით უნებურად დამჩემდა პარკებში ხეტიალი და უცნობებთან მოხუცი ქალივით საუბრები, სახლში შვილიშვილებს პენსიის კვირას კალთაში დამალული მამალოებისთვის რომ უყვართ და მტრედების დაპურება. ერთხელაც ერთი ბიჭი ცისფერ თმაზე მიყურებს და ცრემლებით მეკითხება: – ცხვირი მართლა გამეზრდება? – ვიღიმი.

57678568765

მათემატიკა ფსიქოლოგიაში: სად არის სურათის თავი დამალული?

მათემატიკა ფსიქოლოგიაში

იქ, სადაც წარსულია.
-მეტის ნახვა->

თოვლის ბაბუის ინსტიტუტი

 #1. გოზინაყი მინდა

ძველმოდური ადამიანი ვარ, თუ დროს ტექნიკის კუთხით განვიხილავთ. ისე არ გამიგოთ, ვადარებდე და წიგნის სუნი ინტერნეტს მერჩივნოს ან ინტერნეტში მხოლოდ სოც. ქსელებისთვის შევდიოდე. : ) ძნელად ვიგებ ძვირადღირებულ მობილურებს და სხვაზე გაცილებით მეტ დროს ვუთმობ მათ დაშლა-აწყობას. : ) პლიუს, დაილოცოს ზენიტი. : )) გამოგიტყდებით და ბლოგისთვის პოსტსაც ქაღალდზე ვწერ. და მერე ვკრეფ. ასე აზრები მეტად თანმიმდევრულია.

ამ თემაზე წერა 1 თვის წინ შთამეგონა, როცა მეგობარმა მკითხა, ნაძვის ხე დადგიო? მე არ შემიმჩნევია, არა თუ ის, რომ ოქტომბერია, ისედაც არ ვდგამ და გაკვირვების გარეშე ვპასუხობ:

– არა, შენ?

გითქვამთ ოდესმე ბავშვისთვის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? სახალისო ექსპერიმენტია, რომელზეც სხვადასხვა ობიექტი განსხვავებულად რეაგირებს. ზოგმა მცემა კიდეც.  მათი ე.წ. ტკბილი ტყუილი დიდობაში აუცილებლად თავს იჩენს მეთქი, გავიფიქრე და მათ მშობლებს განვუცხადე:

– თქვენ ბავშვებს არასწორად ზრდით: ენას იჩლიფავთ და მეტყველებას უნაზებთ, გრამატიკას ართმევთ და მერე გიკვირთ, ჟურნალისტები როგორ მეტყველებენ. ცხოვრებისეულ სირთულეებში ენაზებით და აწოდებთ მასობრივ ტყუილს.

ჩვენც მასე ვართო აღზრდილები, – მედავებით, – და მერე რა, ვერ გავიზარდეთ? კი, აბტურიენტობისას ვსწავლობთ ენის გასატეხებს. მშვენიერია. ვგებულობთ, რომ თოვლის ბაბუა მშობლებისგან დაქირავებული მუშაკია და, როგორც წესი, მანქანით დადის. მაგრამ ილუზიებისგან ვერ გამოვდივართ.

– ატყუებთ და მერე გიკვირთ, რატომ იტყუებიან. თქვენ არასწორად ზრდით ბავშვებს!

#2. სისხლიანი მერი თუ ლაშარობა

მეც გაზრდის მსხვერპლი ვარ. იმ წლებში დავიბადე, ენთუზიაზმზე გაკეთებული ქვეყნები სსრკს რომ ცვლიდნენ. და მასთან ერთად პოლიტ. ათეიზმი ტრანსფორმაციას გადიოდა. ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და პარალელურად ხატები აღმართეს. ხატები და ჯვრები მასობრივად და მქუხარე ტაშით. მსგავსზე აპლოდისმენტებსაც აკრძალული ხილის გარდა გამოტოვებულის დადევნების მიზეზი ჰქონდა. ცოდვების მონანიებასაც ისტერიული ხასიათი მიეღო. აქაც მასობრივად უკრავდნენ ტაშს. ოთხი წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს. ღმერთი სიყვარულის სახელით დამსჯელ ძალად აღიქმებოდა. და მეც მსჯიდნენ. არა, ფიზიკურად. არა, არც კუთხეში მაყენებდნენ და არც ჯოხებს მამტვრევდნენ. მადლობა ღმერთს, საკმაოდ ცივილურად და ლმობიერად, სიტყვებით:

– ღმერთი დაგსჯის!

ისიც მსჯიდა. უფრო სწორედ, თავს ცხელი წყლით ბანაობისას თავად ვისჯიდი, კუპრში დაწვას რომ შევჩვეოდი. მერე გავიგე, თურმე სხვებიც სჩადიოდნენ იმავეს. კუპრის რა გითხრათ, მაგრამ მას მერე სიცხეს კარგად ვიტან.

ზაფხულობით, როცა მამა ნადირობდა, მე სათამაშო ხაფანგი მქონდა, – სოფელში მათში წიწილებს ვიტყუებდი და ვკეტავდი. თითქოს საზიანო არ ყოფილა, მაგრამ ერთს ფეხი გაეჭედა და დაკოჭლდა. მამამ ფრინველი დაჭრა და შეჭამა. მას მერე, ხორცის ჭამა არ მიყვარს.

მითუმეტეს, არ მიყვარს წმინდა მსხვერპლშეწირვები და დანიანი ტიპები დღესასწაულებზე. და როცა ხალხი ერთობა, მე ვწევარ და ვკითხულობ რამეს. ზრდილობის გამო მაინც ხმა ამოიღეო და ვიღებ. ზრდილობის გამო ვიღებდი და ვკითხულობდი.

წარღვნაზე რომ წავიკითხე, ავტირდი. თან ის პერიოდი იყო, როცა სოფელში  რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. მას მერე ვიცი, რომ წარღვნას ყველა დროში ელიან.

მერე გავიდა დრო. სხვათაშორის, ამ დღეებში მეგობარმა ბავშვი მონათლა. ნათლიან მეგობრებთან ერთად ყაზბეგში დამპატიჟა. თითქოს დავთანხმდებოდი, რომ არა პოსტსკრიპტუმად დათანხმების მორიგი მცდელობა:

– ცხვარი ავიყვანოთ და დავკლათ. მორწმუნე ვარ და მიყვარს რიტუალები. ხომ წამოხვალ?

– არა! – ცივი უარი ვუთხარი მათ რამდენჯერმე გამეორებულ შეკითხვას. გაეცინათ კიდეც ისეთი ტონი აღმომაჩნდა. ლოტკინის თავიდან მეტრომდე ისე ჩავირბინე, არც დავმშვიდობებივარ.

რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას ღმერთის სახელით, საიდან მოდის?

გზაში ჩემს თავს ვეჩხუბებოდი, რატომ არ ვუთხარი:

– თუ ქრისტიანი ხარ, წაგიკითხავს და ანსხვავებ ძველსა და ახალ აღთქმას, თუ ჯვარი გიკეთკია და იცი მისი სიმბოლური დატვირთვა. როცა ქრისტე ეწამა, ღვთის წამება ნებისმიერ ხორციელ მსხვერპლზე მაღლა დადგა, ღვთის შიში სიყვარულმა ჩაანაცვლა. სისხლიანი მსხვერპლი კი სულიერმა მსხვერპლმა (ბერ-მონაზვნობამ), – ბოლოს ვთხოვდი, ხორცის ჭამა თუ უნდოდა, ქრისტეს ნუ აბრალებდა.

ამას წინათ, ფორუმზე წავიკითხე, თევზების ზოდიაქოზე ეწერა, სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ თავს დადებს რომ მოსემ ზღვა ორ ნაწილად გააპოო. სამწუხაროა, ნებისმიერი სიმბოლო რომ პირდაპირი მნიშვნელობით იგება. ვერც იმ მწუხარებას გავეცალე, რომ აღზრდის მსხვერპლები ვართ. გავიზარდეთ, დიდური ილუზიები გვაქვს. რასაც გვიყვებოდნენ, ყველაფერს ვიჯერებთ, უანალიზოთ, უეჭვოდ, ბრმად.  თითქოს რა მოხდა, უწყინარია თოვლის ბაბუის არსებობა, მაგრამ კიდევ იმდენი ილუზიაა.

დღეს წმინდა გიორგობაა. ახლა ლიბერალები გამოდიან, ვეშაპის ნაცვლად ადამიანი იგულისხმებაო მახვილის ქვეშ. ზოგი ადამიანს ჩათვლის, ზოგი – არა. მაგრამ მე ისევ ქრისტიანული ფრაზა მახსენდება: ცოდვას ებრძოლე და არა ცოდვილსო. გიორგი ბოროტ ადამიანებს კი არ ებრძოდა, ებრძოდა ქრთამებს, თავისუფლების შეზღუდვასა და შიშს, პირველ რიგში საკუთარ თავში. მერე მოვიდა ქრისტე და ბრძოლის ხერხიც შეცვალა, – მახვილს ბზა შეუსაბამა.

საღამოს მეგობარი მპატიჟებს ბარში და ვსვამთ სისხლიან მერის. რას გაუმარჯოსო. ვპასუხობ:

– ოცნებას.

#3.  რა განსხვავებაა შიზოფრენისა და ილუზიას შორის?

რამდენნაირად შეიძლება გავიგოთ ილუზია. მითუმეტეს, იმ კიბერ სამყაროში, სადაც რეალობის ცნება შედარებითია და ოპოზიციას არ უქმნის მას.

ადრე რელიგიის მასწავლებელმა გვკითხა, გვჯეროდა თუ არა, რომ სადღაც უკვდავების წყარო მოედინებაო. დასკვნა ასეთი იყო, რომ რაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია მოიგონოს, ჰაერზე არაა, თავად ჰაერიც არ არის ჰაერზე, და რომ ყველაფერი შესაძლებელია.

ფეისბუქის ერთ-ერთ  ჯგუფში ვსაუბრობდი ამის შესახებ. თუ რა სახის მულტფილმი მიეწოდება ბავშვს დღეს? ფანტასტიკის ჟანრშიც კი ცდილობენ ვითარება ლოგიკური გზით განავითარონ. ეს ეპოქაა, სადაც ფანტასტიკაც სამეცნიეროა ხასიათისაა. და არა უბრალოდ ვაშლი, რომელიც სასწაულებს ახდენს. ფანტაზია გარემოს შეცნობას ალბათ ვერ ეხმარება, მეტიც, ართულებს. ჩემი აზრით, გრძნობადი, აღქმითი ორგანოები მისგან უნდა გავმიჯნოთ. სამომავლო გეგმებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე სიღრმეში ჩასახედად.

ფანტაზიურ აზროვნებას აქვს თვისება: ილუზიით შეიცნოს მომავალი. ამის შედეგად, მიღებულ მოახლოებულ განცდებს შეიძლება უკუღმაც ვიგებთ, – მოახლოებული ლხინის დროს ვტირით და პირიქით.

თუმცა ვერ გამიგეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფანტაზია უგულვებელყოფილი იყოს. მეტიც, მისი განვითარება გამოგონებას უწყობს ხელს, ახალი იდეების არსებობას, მაგრამ მისი წარსულთან გათამაშება საფრთხეს იწვევს. ეს საუკუნეა ფანტაზიის გამეცნიერების და მეცნიერების გაფანტაზიურობის. საუკუნეა, სადაც რეალობა, თავისი წარსული-აწმყო-მომავლით, ეჭქვეშაა. ეჭვქვეშაა თვითონ რეალობის რეალურობის განცდა.

როდესაც პირველად შეისწავლეს ჰალუცინაციები კლინიკურად, ის გამოიყო ილუზიებისგან. იგი მისგან ობიექტის არსებობა/არარსებობით განსხვავდება. ჰალუცინაციის დროს საგანი არ არსებობს. ილუზიის დროს არსებობს ობიექტი, მაგრამ სუბიექტურადაა აღქმული. როცა აღქმა ძლიერდება საგანი მაშინ იცვლება ან სახეს იცვლის. რჩევა შეიძლება  შემდეგნაირიც იყოს: აზრთა თვითნებური ნაკადისას ყურადღება სხვა გრძნობად ორგანოზე გადავიტანოთ. მაგალითად, ხედვითი ორგანოდან სმენითზე. ეს ეხმარება ჰალუცინაციის გაქრობას საწყის სტადიაზე. იმავეთი ილუზიას ვერ განასხვავებ რეალობისგან.

ზოგი თვლის, რომ ბოდვები, გამოგონებები, არანორმალური ემოციური მდგომარეობები  პიროვნებაში  ევოლუციის მანიშნებელია. შეგვიძლია სიზმრების აღქმაც, როგორც ჩახშული ცნობიერი, რომელის ინტენსიურ მიფუჩეჩებაშიც სიზმრთა ნაკადი იმდენად ძლიერდება, რომ ფხიზელი ადამიანიც იმყოფება ძილში, ჰალუცინაციურ, შიზოფრენიულ მდგომარეობაში. ასე რომ, ნებისმიერი გამოგონილი საგანსაც რეალური საწყისი გააჩნია.

 სამწუხაროდ, ზედმეტად ვცხოვრობ ოცნებაში, თუმცა ძალიან ეჭვიანი ვარ. მიჭირს გარკვევა რომელია ჩემი აზრი და რომელი მიბაძვა. ბავშვობიდან მაინტერესებს თეოლოგია და ეს ჩემს თემებსაც ეტყობა ალბათ. ეს ინტერესის განცდაა ის, რაც მეხმარება ოცნების განსხეულებაში. ბოლო-ბოლო თავიდან ყველაფერი სიტყვის დონემდე იყო.

#3. ჯამი ანუ რისი თქმა მინდა 

 თანამედროვეობის თვალსაზრისით, ილუზია პოტენციურია ან წარსულის გადმონაშთია. რეალობის ცნება ბრჭყალებში ჩასასმელად თუ გამოიყენება.

ეს 21-ე საუკუნეა, სადაც აზროვნებისთვის დამახასიათებელია არა გამარჯვება, არამედ, მიღებული გამოცდილება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს. დრო და სივრცე მხოლოდ პირობითია.

ადამიანს, რომელსაც ფანტაზიის უნარი აქვს, შემოქმედებითი თვალსაზრისით განვითარებულ პიროვნებად ყალიბდება. მაგრამ ნუ მივაწვდით ბავშვებს ცრუ ინფორმაციას. პირიქით, ვეცადოთ ცნობისმოყვარეობის, ეჭვიანობის გრძნობა გავუღვივოთ.

თოვლის ბაბუის არსებობის თუ არ დაიჯერა, ნუ გავუფანტავთ ეჭვებს. დაე, თავად შექმნან თავიანთი ინდივიდუალური თოვლის კაცუნა, 21-ე საუკუნის ბავშვებს დასაქოქი ირმებით რომ ამარაგებს.

ნუ აღვზრდით ტყუილებში.

ნუ ვუკრძალავთ თავისუფალ ფიქრს და ნუ შევზღუდავთ ცოდვების დაშვებაში. გახსოვდეთ, ნიუტონი მაშინ მიხვდა ჭეშმარიტებას, როცა თავში ვაშლი დაეცა.

არც მე ვიქნები კარგი დედა, რადგან პრაქტიკა მეტისმეტად მერთულება. მაგრამ იმაში მაინც შევთანხმდეთ, განათლების სისტემაში ცვლილებებია შესატანი.

გილოცავთ გიორგობას და დამდეგ შობა-ახალ წელს!

ფანტაზიამდე

ფანტაზიიდან ჩაიგუბე ჰაერი პირში

გადმოაფურთხო დედამიწას უკვე მთვარიდან.

რადგან გაიგო, შენს შექმნამდე როგორ რა იყო.

 

ფანტაზიამდე თამაშობდი ვარსკვლავთ ჭადრაკებს

მტვრიან სივრცეში გამაკეთე ექსპერიმენტად

და თამაშისას ატომები უცებ გაიყო.

 

ასე შეიქმნა დედამიწა და მოვიგონეთ ,

გამოვიგონეთ, რომ სიცოცხლე არსებობს მასზე.

რომ არსებობენ მუსიკების ნაწილაკები გალობის გარდა.

 

გამოვიგონეთ რომ სამოთხეს დავცილდით უცებ,

რადგანაც ხილი, აკრძალული, ლანდებას იწვევს,

გამოიგონა ევამაც ის, რადგანაც მგავდა.

 

გამოვიგონეთ სახელები და პოლიტიკა,

სინამდვილეში რელიგია მხოლოდ ერთია

და წარმოსახვა ფანტაზიის ანარეკლია.

 

ფანტაზიამდე თამაშობდა ჩემი ატომით, –

იხლიჩებოდა და სკდებოდა იგი მუსიკად,

და წუილამდე დაბადება მტვერში ძნელია.

 

ფანტაზიიდან წამოვიღე ახალი მტვერი.

მე ატომს ვხლიჩავ.

2009 წელი.