დათვების და მგლების გაკვალული გომის მთა

_MG_2929ზამთარში გომის მთის დალაშქვრაზე მოლაშქრეთა კლუბებიც ისევე ირონიით საუბრობდნენ, როგორც ერთი ბათუმელი დამსვენებელი ავტოსტოპით რომ დავემგზავრე: “გომი და ბახმარო? ზამთარში? გეშლება რაღაცა, სხვა კურორტში გერევა”.
ზამთარში ბახმაროს უცხოელი ტურისტები მაინც სტუმრობენ, თუმცა გომის მთა ზამთარში სრულად უკაცრიელი იყო. ამიტომ მივესალმე ერთმა ძირძველმა კლუბმა ზამთარში გომის ტრეკინგი რომ დააანონსა და გავყევი. კრახის შემთხვევაში გეგმა ბე-დ ოზურგეთში მეგობართან დარჩენა მოისაზრებოდა.
– არაფერი ნაციონალური კერძი არა აქვთ გურულებს ღვეზელის გარდა.
– საცივია გურული კერძი, – გაიხუმრა ვიღაცამ, რადგან ოზუგეთიდან გომის მთისკენ მიმავალ შესახვევს ვახტანგის საცივი ჰქვია, აი, როგორც ღრუიანი წიფელა და სხვა სასაცილო ტოპონიმები. მერე გავიგეთ, რომ საცივი გურულად წყაროს ნიშნავს. არ ვიცი ვახტანგი ვინ იყო, მაგრამ ლოკაციაზე ცივი წყალი კი მოდიოდა.
გურიაზე ჩხავერის ღვინო მახსენდება, აი, ის ვარდისფერ ტანინიანი ელექსირი უღვთო-უღვინო მუსლიმების გაჩეხვისგან რომ გადაარჩინა სტალინმა. ასე რომ თუ ვინმე შეგეკითხებათ, სტალინს საქართველოსთვის რა გაუკეთებიაო, თამამად შეგიძლიათ ამ უიშვიათესი ყურძნის ჯიშზე მიუთითოთ. თუ ამას გადარჩენა ჰქვია, ორი სოფლის ფერდობზე-ღაა დათესილი.
ოზურგეთში ისე გავიარ-გამოვიარეთ ბახვში არ გაგვივლია ამ ხვთიური სასმლისთვის, მაგრამ თავი ოლიმპოს ღმერთები გვეგონა ფაფუკ ღრუბლებს რომ ზემოდან დავყურებდით წიპა “ჰაჰაჰა, ადამიანებო, თქვენთვის ცა ღრუბლიანია, ჩვენთვის კი მზიანი, ჰაჰა”. ან “თქვენ მიწასა და ტალახში დადიხართ, ჩვენ კი ფეხებქვეშ სამმეტრიანი თოვლი გვაქვს, ჰაჰა”.
“მოკლეზე ხომ არ მოგვეჭრა?” – დიახ, ფილმებში ასეთი ფრაზა თავგადასავლით გრძელდება. ასეც მოხდა. ფეხსაცმლის წვერებით თოვლის ჭრა შემომესწავლა, თითქოს კაი წრიაპები ყოფილიყოს ჩემი ნაღდი ვიეტნამკები. თან ისე, რომ უკან მცოცავისთვის ზვავი არ გამომეწვია. ჰო, კაი, მაინც ვერ ვისწავლე. როცა კილომეტრის რადიუსში ისეთ გამწვანებულ და ეკლიან ჯუნგლებში ვიხტუნე და ვიბობღე, ნაკაწრები ტანსაცმლით დაფარულ კანზეც მოვიპოვე.
გომზე ასვლა შემდეგ კვირაში თქვენც შეგიძლიათ, შორი გზიდან მოივლიან, აწი სამანქანო გზებით ივლიან, ჩვენ მაინც ბლინების პირველი პარტია ვიყავით. წადით და მერე თქვენ მომიყევით, როგორ მოგეწონებათ მზის ჩასვლა ღრუბლებში, თოვლში ჩაფლული, ორსართულიანი კოტეჯების სახურავებზე სიარული და ფეჩზე გახუხული გორტექსის წინდები. ვუწევ რეკომენდაციას.
ბლინებზე გამახსენდა, საფეხმავლო გამყოლმა დილაუთენია რომ ნუტელიანად დაგვიცხო, ის პირველი დასხმაც კი ისეთი გემრიელი მომეჩვენა, უძილო ღამის მერე, რომ მარტო სუფთა ჰაერზე გურმანობისთვის ღირდა წამოსვლა. ან მარტო იმისთვის, რომ დათვების გაკვალულზე მეარა, მერე მგლების ნაკვალევზე გადავსულიყავი და ბოლოს ბაჭია გაგვსხლეტოდა თვალთახედვიდან.
ღამე კი გომზე უძილოდ უნდა გაათენო. ჩემი ხის ოთახის ფანჯრიდან, დვიჟოკის დენი რომ გამოვრთეთ და საძილე ტომრებში ხუთგზის ჩავიკუჭე, თერმული ხმაურისგან შედარებით გაწმენდილი გალაქტიკები გამოჩნდა, აი, ისეთი ასტროფოტოგრაფები რომ ასახავენ ნამუშევრებში. მიწვევდა რომ გადამეღო, ჰაბლის პალიტრა დამედო, სხვებმა გადაიღეს.
მირიანი ყვებოდა, რომ ყველაზე ლამაზი რაც გომზე ენახა შეყვარებულთან ერთად, მზის ჩასვლისას გადაფანტული ღრუბლებიდან გამოჩენილი ზღვა და ამ ზღვაში მოლივლივე ნავი იყო. ჩემთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მკვეთრად რა მახსოვდა ამ უქმეებიდან, გიპასუხებდით, რომ მყუდროება, თეთრი თოვლისა და ღრუბლების მიღმა ყოფნის შეგრძნება, ალიასკურ ფილმებში ნანახი თოვლის კიბეები, ლაფატკით თოვლის მაგიდის აშენების ნატვრა და თბილი ჩახუტებები იყო. თუმცა პოლიტიკაზე მაინც ვიკამათეთ და აიფონი მოერევა თუ ანდროიდი.

პირველი თოვლები და 8 მიზეზი რატომ არ უნდა მიყვარდეს ზამთარი

როცა შეყვარებული ხარ, სანაცვლოდ ყოველთვის უნდა გძულდეს რამე არამისნაირი, რადგან შეგრძნება შედარებებში უკეთ ვლინდება. მე მზესა და პაპანაქება სიცხეზე ვარ შეყვარებული, შესაბამისად, საზამთრო ამინდები, მითუმეტეს, ნესტიანი თბილისის კვალობაზე, ჩემთვის მარგინალურია, ანტიქრისტე და ზღვარს გადასული ამორალურობა. ოღონდ თეორიულ ჭრილში, რადგან პრაქტიკულად არასდროს მიგუნდავია თოვლში, ბავშვობაშიც კი, როდესაც თბილისში ჟანგბადი ნაკლებად ნესტიანი და ტყვიით ნაკლებად კომბინირებული გახლდათ, თანაც გზებს მარილით არავინ წმენდდა. შეიძლება შვიდთაობიანი თბილისელი დედის ბრალია, ვისაც კურორტებზე არასდროს დავყავდი, რადგან პროვინციებში სიარული თავად არ უყვარდა და, მითუმეტეს, ზამთარში სახლიდან მაღაზიაში თუ გავიდოდა. ან პოლკოვნიკ-გამომძიებელი მამის, რომელიც არასდროს იღიმოდა მეკობრესავით შრამიანი თვალით, ბავშვობაში ბულდოგს რომ შეებრძოლა და მოუგო. ამბობდა: “იგუნდავებ, გაცივდები და მოგკლავ!” ნელ-ნელა მეც შემზიზღდა თოვლი და ყინვა, რადგან გრიპთან ასოცირდებოდა. არ დაიწყოთ ახლა მორალი, გრიპი ვირუსებისგან ჩნდება, სიცივისგან კი არაო. გრიპის ვირუსები სიცივეში ცოცხლობს, სიცხეში იხარშება. ხალხი მეუბნებოდა, რომ ჩემი შურდათ, პირველი თოვლისადმი აღფრთოვანება წინ რომ მქონდა, თითქოს თოვლი რამე ბესტსელერი წიგნი ყოფილიყოს. ამიტომ წელს მოვიფიქრე, რომ თუ თოვლის მტრობა მინდა, უნდა ვიცოდე მაინც რა არ მიყვარს ასე გამალებით.

“დიდუბეში იყავი ერთ საათში ჩვენს ადგილზე”, – შეტყობინება დავუტოვე მეგობარს, ვისაც თოვლი და ზამთარი ძალიან უყვარს. სიურპრიზი გავუკეთე და გუდაურში წავიყვანე. სიხარულისგან თოვლზე გაწვა, კოცნა, მეხუტებოდა, ყვიროდა, რაც ჩემთვის სრულად გაუგებარი იყო. მითუმეტეს, ბოლოსკენ, ავტოსტოპით მოვიფიქრეთ გვიან წამოსვლა და მლეთამდე არავინ გვიჩერებდა, შეიძლება იმიტომ, რომ ზედა უღელტეხილი გადაკეტილი იყო და მანქანები არ მოძრაობდნენ, ან იმიტომ რომ რაც მოძრაობდა იმას, ყინულიან გზაზე დამუხრუჭება უჭირდა ან უბრალოდ დათოვლილები ვიყავით. ბნელდებოდა და აქა-იქ მგლების ლაპარაკი მელანდებოდა უკვე, “აუუუმ”, – კაი ვედური ბერებივით რომ ყმუოდნენ.  და მე უნდა მეპასუხა: “ჰარე კრიშნა, ჩარი რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე”. სათვალე არ მეკეთა და თვალები მეწვოდა. ღამდებოდა და ვბრმავდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ამაზე კარგი. მლეთის პოლიციასთან გაგვიჩერა დელიკამ და ჩაგვსვა. ვიფიქრეთ, რომ გადავრჩით, მაგრამ ანანურის გადასახვევთან ზედ მანქანას მიაცურდა, მიასრიალა, შეასკდა. აი, ხომ ხვდებით რატომ არ მიყვარს თოვლი.

“წამო ბაკურიანში 3 დღით, ვისრიალოთ”, – ახლა მეორე მეგობარს მივწერე და გავეშურეთ გირჩის მურაბებისა და მარხილების მხარეში. გარეგნობით ბაკურიანი უფრო მომეწონა ვიდრე გუდაური, თუმცა გზებზე თოვლი არ იდო, მხოლოდ სასრიალო ქედები იყო მოყინული, თითქოს ხელოვნურად გააციესო. შევდექი 25-იანების ტრასაზე თხილამურებით და პირველივე ჯერზე ჩამოვსრიალდი წაუქცევლად უბრალოდ იმიტომ, რომ მეხმარებოდნენ. არა და დამოუკიდებლად მხოლოდ დგომაც კი გამიჭირდა. ჩემი გამოცდილებით, შეცდომაა სრიალის სწავლა 25-იანების ტრასით დიდველთან შედარებით, რადგან 25-იანები იმდენად მოკლე და ხალხმრავალი ტრასაა, ტარაკნებივით ფეხებში გეჩხირებიან, და ამიტომ გრძელი, მაგრამ დაუბრკოლებელი დიდველი სჯობს. ბაკურიანიდან ბორჯომში გადავედით ელ.მავლით. იმდენად არ მომწონდა ბუნება, რომ ფირი ვერ დავხარჯე. 1,5 პორტრა მეყო სამი დღე. აი, თითქოს მრაველფეროვანი ნახატი აიღეს და ლოკაციებში პასტის თეთრი საშლელით გადახაზეს. ხო მაინტერესებს რა იმალება თეთრი საშლელის ქვეშ? რატომ უნდა მოსწონდეს ვინმეს ორგანული იდუმალება. აი, მე-19 საუკუნიდან რომ მოდაშია თხრობის გაუგებრად დასრულება, ვისაც რა უნდა – იგულისხმოს.

მესამე უქმეებზე ჯავახეთში წავედი და თოვლი მომეწონა. არ შემყვარებია, მაგრამ მომეწონა. ბარდნიდა, ნამქერი სახეში მეყრებოდა, თეთრი ნისლი და ბინდი თეთრ მიწას აწვებოდა. უზარმაზარი მინდვრები თეთრი საშლელით იყო გადახაზული. მაგრამ მე უბრალოდ ჯავახეთი მიყვარს და შესაბამისად, ყველაფერი მომწონს რაც მას ემართება. იქამდე მაინც, სანამ ნაყარ ქვებზე დადებულ თოვლზე ფეხი არ ჩავდგი და ჩავვარდი. გამოვფხიზლდი რომანტიკისგან და ვფიქრობ, განა მშობლების აღზრდის გამო, ან ჩემი პაპანაქება მზის რელიგიის გამო არ მიყვარს თოვლი, უბრალოდ არაპრაქტიკულია. ჩამოვწერე 8 მიზეზი რატომ არ მიყვარს თოვლი.

  1. ჰაერს წმენდსო, იტყვით. კი, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როცა ატალახდება და ჟანგბადი ძალიან ბინძურდება. მე კიდევ ყოველ ჯერზე რომ ვცივდები, ვფიქრობ, “და აი, დადგა ჟამი აღსასრულისა”.
  2. ვიზუალურად ლამაზი ეს უკიდეგანო თეთრი ჯავახეთის ტრიალი მინდვრები მხოლოდ რამდენიმე წუთია. შემდეგ ფერების ლომკა მეწყება.
  3. თოვლი ადამიანს ინფანტილურობისკენ ლინკავს, გართობის ხასიათზე მოყავს, ძილბურანს რევს, აზარმაცებს. მე კიდევ არ მომწონს ამჩატებული ჩემი თავი. თან სულ ენდორფინები მაკლია და ზამთარში მითუმეტეს. ჰო მოვიკალი თავი დეპრესიით.
  4. თოვლისა და წვიმის დროს საცობები იქმნება და სამსახურში მაგვიანდება. ამიტომ ისედაც ზარმაც ხასიათზე გაღვიძებულს სამსახურისთვის სწრაფად გამზადება მიწევს.
  5. ყოველდღიური, და მითუმეტეს, სალაშქრო ტანსაცმელი უფრო ძვირი ღირს და დამატებითი ხარჯის გაწევა ჩემი ბიუჯეტიდან ასევე ინფანტილური ქმედებაა. ეს როცა ზამთრის კვების რაციონიც კი ძვირადღირებულია.
  6. თოვლის დროს პანიკურად მშია, რადგან გამხდარ ორგანიზმს ცხიმი სჭირდება გასათბობად. შესაბამისად, დიეტას ვერ დავიცავ ჯანმრთელობის ხარჯზე და მერე საკუთარი წონა არ მომწონს.
  7. ზოგადად, დაუგეგმავია თოვლიანი დღეები, არასტაბილურია, მე კიდევ სიურპრიზების ატანა არ მაქვს.
  8. იდეა მაქვს რომ სილამაზის კონკურსებში დაამატონ კატეგორია “კონკურსანტი ყინვაში”. და თუ სილამაზემ ტემპერატურას გაუძლო, ის ნამდვილი სილამაზეა, ხომ ვიცით.

ტიკინა პატარა ბიჭი

მინდა გიამბოთ ცისფერ თმიანი გოგოს ამბავი, სიმართლეს ილუზიისგან რომ ანსხვავებდა და პინოქიოს ცხვირი ეზრდებოდა. ფსიქოდელიურ ტყეში ცხოვრობდა მატყუარა ბიჭის ლოდინით და ზრუნვით ფერია. ლეგენდის თანახმად, სევდისგან დაიცალა და მოკვდა, მოკვდა, ოღონდ როგორც მისი მფარველი და გაჩნდა ქალი, დედა. ხის კაცის ადამიანად ქცევის პირობით. მერე დაიწერება მეცნიერული ფიქციები რობოტის ჰუმანურობაზე, ცისფერთმიანმა იაპონელმა ოცნება რომ მისცა, ფენტეზები, ხეთა სულიერებაზე, ტყის ალქაჯის შვილობილებზე, მაგრამ ორასი წლის წინ პაპა კარლომ წარმოიდგინა ცისფერთმიანი ქალის ხის ტიკინა პატარა ბიჭი.

დილაობით ჩემს ქუჩაზე დაცვარული ფოთლები ყრია, ოღონდ ფანჯრიდან ფოთლებს ვერ ამჩნევ და გგონია, რომ სერ ასფალტზე ფოთლის ფორმები თეთრად ხატია. იისფერია სახურავებზე თოვლი, როცა მზე ხვდება, თავზე ამინდი მემჩნევა, – ცისა ფერს, თმისა ფერს. დილაობით უნებურად დამჩემდა პარკებში ხეტიალი და უცნობებთან მოხუცი ქალივით საუბრები, სახლში შვილიშვილებს პენსიის კვირას კალთაში დამალული მამალოებისთვის რომ უყვართ და მტრედების დაპურება. ერთხელაც ერთი ბიჭი ცისფერ თმაზე მიყურებს და ცრემლებით მეკითხება: – ცხვირი მართლა გამეზრდება? – ვიღიმი.

57678568765