Tag Archives: თმა
ბალახისფერი თმის ცვენის ამბავი
წარმომიდგინეთ, რომ წლების წინ თავიდან ტერფამდე ატალახებული მივედი სამსახურში და თანამშრომლების ცნობისმოყვარეობას უნდა ვუპასუხო, მე კი მათგან წამოსული ათობით სავარაუდო ვერსიის მერე თავჩარგული ვზივარ და ტუჩებს ვაცმაცუნებ, ვერაფრით ვისწავლე თავის მართლება. მაგრამ რამდენიმე დღეში დამალევინეს არაყი და მოვყევი ამბავი: ზამთარი იდგა, საბნიდან ფეხს რომ გამოყოფ და ადგილზე გიშეშდება, ჩემმა ავტობუსმა გამასწრო, მე კი იქამდე გავეკიდე, სანამ ტალახის ტალღები არ დავაყენე და სახეც კი გაწუწული მქონდა. ახლა შემოდგომის საღამოს ვზივარ ციცქნა ნაქირავებ ოთახში და ვფიქრობ: რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო ისევ მომავალ ზამთარში?პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? ლამაზია ქუჩები ფოთლებით.
აი, შარშან ზამთარში ძალიან მომწონდა ერთი ბიჭი, რომელიც წიგნის მაღაზიაში მუშაობდა ხოლმე. ვიჩხუბებდით ყოველდღიურ ამბებზე და მაღაზიის დაკეტვამდე უნდა შემომერიგა. ის-ის იყო ტელეფონი დამიჯდა, ელვის სისწრაფით გავაჩერე ტაქსი, მაგრამ მოვხვდი საცობში. რა უნდა მექნა, მანქანიდან გადმოვხოხდი, კაშნე კისერზე კარგად შემოვიჭირე, თასმები ფეხსაცმელზე რამდენჯერმე გავინასკვე და გავიქეცი. გავიქეცი ისე, როგორც ლოლა გაიქცეოდა ან ტიპი ადრენალინიანიდან. ამ დროს თმის სამაგრი დავკარგე, თმები გამეშალა, კილომეტრზე მეტი ხუთ წუთში დავფარე, ავირბინე რამდენიმე სართული და ჩავეხუტე. მერე რა, რომ ოფლიანი ვიყავი და მაშინ ჯერ კიდევ ცისფერ თმაზე წითელი სახე მქონდა. ოჰ, როგორ მაკოცა.. და ზუსტად ვიცი, რომ დავინახე, როგორ აკოცა სკოლამდელმა ბიჭუნამ მაღაზიაში ჩამოკიდებულ სალვადორ დალის დახატულ ქალს.
ახლა კი მოვითხოვ ურთიერთობის სტატუსებს განშორება რომ დაემატოს, სტატუსი, რომელიც არც ურთიერთობას განასახიერებს და არც თავისუფლებას, რაღაც შუაშია ყელში ეკალივით გაჩხერილი და გახსენებს, როგორ აგიხსნა ვიკიპედიაში ოხუნჯობით სიყვარული, როგორ აწყობდით პოსტ ზომბი აპოკალიფსურ სადილებს სანთლების შუქზე ნერდული სამზარეულო წიგნიდან და თან ირიბად ეკითხებოდი: “ხომ ვაკეთებ შენს ბებიაზე უკეთ?” ან როგორ დგებოდა უთენია, სამსახურში წასვლამდე, ცივ წყალში ჭურჭლის გარეცხვა რომ მოესწრო და არასდროს დაზარებია ჩაის მოდუღება, მერე მაისურს შარვალში ჩამიტანებდა, ფეხსაცმლის თასმებს შემიკრავდა, ჩავეხუტებოდით და გავრბოდით. არა ისე, როგორც “კარტების სახლის” ბოლო სერიაში, განტვირთვისთვის ფეხაწყობილი სირბილი ჰქონდათ, მთელი პოლიტიკური რომანტიკა მანდ ჩაექსოვათ. ჩემგან შემოდგომაზე ნაშვილები ბროწეულის ხე დარჩა, ქოთანში დატოვებული კართან, როგორც პლუტონისგან პროზერპინას დარჩა, და უვლის.
ამ დღეებში რაღაც უცხოურ ბლოგს ვკითხულობდი, სადაც ნეფე საკურთხეველთან პატარძალს ერთ საქორწინო პირობას აძლევდა: სიტყვას გაძლევ, რამდენი წიგნიც არ უნდა იყიდო, და რამდენი მოგზაურობაც არ უნდა მოგვიწიოს, სიმძიმის მიუხედავად, არაფერს დავტოვებთ და ყველას წავიღებთო. მე თუ მკითხავთ, ესაა ნამდვილად შესაშური ოჯახი, როდესაც საყვარელი ადამიანის ინტერესი დააფასე და იცავ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან, ზრდიან. ამ წინადადებაში სწორედ ეს პატივისცემა ამოვიკითხე, და იცით, მე ხომ გამომიცდია ეს ურთიერთზრუნვა, და როდესაც ურთიერთობის დეგრადირება წავიდა, კარფურში მარტო სეირნობისას იმ ნივთებს რომ აწყდები, რასაც ერთად არჩევდით, იგივენაირი განცდაა, თითქოს დილით კოცნით გაღვიძებას რომ ველოდები და ბალიშზე მხოლოდ საკუთარი ჩამოცვენილი თმა მხვდება, შემოდგომაზე რომ მცვივა ყვითელი და მწვანე ფოთლებივით ჩემი ბალახისფერი თმა. გინდა მისი საყვარელი კარამელიანი ბურბუშელა იყიდო, ფილმების ყურებისას რომ გართობდათ, ან თეთრეული, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მისი მეტსახელი აწერია. გინდა იმ სიმღერას მოუსმინო, პირველ შეხვედრაზე რომ უსმენდით. ან ბლოგი გაავსო მასზე წერილებით, მაგრამ იცი, რომ აღარ გედევნება და ვეღარ ნახავს, არა და თავის დროზე იმიტომ გაგიცნო, რომ შენი ნაწერები მოსწონდა.
ბოლოს წიგნის დღეებზე ვნახე, რვა საათიდან აქ ვმუშაობ და დავიღალეო. რამე წიგნი მირჩიე, შემთხვევით ყოფილი რომ შეგხვდება, მერე საკითხავი მეთქი. გაეცინა, მასეთი არ ვიციო. საყვარელი სიცილი იცოდა ყოველთვის, მეამიტური, ბავშვური, აი, ჯერ რომ არ გაფუჭებულა და დამძიმებულა, მხარსა და ბეჭზე დედამიწა ჯერ რომ არ შემოუდია. მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა: რომ ეს ჯემპრი საერთოდ არ უხდება, ორი ერთნაირი რომ ჰქონდა და კაი ხანი მეგონა, რომ მუდამ ერთი ეცვა. ვის გაუგია ერთნაირი ჯემპრების ქონა? მაგრამ მაინც მენატრებოდა. იმდენად, რომ საკუთარი ცხოვრება არ მაქვს. მინდოდა მეთქვა: ა’მ ინ ლესბიანს ვიზ იუ, – როგორც იმ კომიქსში, რომლის პერსონაჟსაც მადარებდა, თმის ფერივით რომ ცვლიდა ურთიერთობებს. ჰო და გამოფენიდანაც გავიქეცი. პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? უფრო ლამაზი იქნებოდა თოვლივით მოჭრაჭუნე და მუხლებამდე ფოთლებში სირბილი, არა? ეს ის სუფრაა:
vol.8
ბავშვობაში ანუ ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ტელევიზორი ხელით უნდა გადამეხვია და ეშმაკის მანქანებით დეციმეტრულს ვიჭერდით, ემტივიზე გადიოდა ვიდეო უდაბნოსკენ მიმავალ ტრასაზე, გოგონა იპარება ბენზინ გასამართ სადგურში და ონკანშივე იღებავს თმას. ეს იყო პირველი ესპანურენოვანი სიმღერა, რომელიც ტოპეულში შევიდა, მე კი ბიძაშვილის ჩვენთან დარჩენილი წიგნებიდან ესპანურს ვმეცადინეობდი. ამიტომ ეს მომენტი იმდენად ჩამრჩა, რამდენჯერაც ვყოფილვარ ზღვაზე, ქუთაისის მაკდონალდსში იმდენჯერ შევჩერებულვარ სახეზე წყლის შესასხმელად, კაბების გამოსაცვლელად და ვინ იცის უცაბედი პაემნის თუ სამსახურეობრივი გასაუბრების შემთხვევაში გამოცვლისთვის რამდენჯერ მიმიმართავს საჯარო ბიბლიოთეკისთვის. ამჯერად, რუნის პიცერიის ჯერი დადგა და დილაუთენია ჯოჯოხეთურად გრძელი მერცხლებიანი კაბა შოტლანდიური კაბით შეიცვალა. ხოლო წარმოსახვითი მუსიკის ფონზე სახალისო დემონსტრირებას ვახდენდი მამასთან, რომელსაც საოცრად ლამაზი ვეგონე. ამ სურათზე მანქანაში ვარ, მაცვია ჩემი ახალი შოტლანდიური კაბა და პიცა თანამშრომლებისთვის მიმაქვს. ერთხელაც, რომელიმე ავტოსტრადაზეც გავალთ, ძალიან ბევრს ვიტირებ, ფერად თმას შავად გავიფერადებ და უდაბნოში ლათინურად ვიცეკვებ ჩემი ლამაზი შოტლანდიური კაბით.
vol.7
ჩემი ბალახისფერი თმა.
ტანსაცმელზე ფოთლები მერეკლება. უკან დაჭრილია შეშა.
მერე ხის სახლი. ტელევიზორები შავ-თეთრია.
ღულელების ტყე.
ყვავილი ჯიბეში
სამსახურის მერე ისე დავიღალე, ფეხსაცმელი დარეტიანებული ქალივით გავიძრე და სარკეში თვალში სილა ჩაყრილივით ჩავიხედე. მერე ეს სილები ხელის გულებზე ვაგორგოლავე და შევადარე დღის ბოლოს რამდენად ვიქეცი მიწად. ისევ ვერ ვხვდები, თბილ ამინდში მანქანით როგორ უნდა ვიარო, როცა შემიძლია შუა ქუჩაში ფეხით გავიჭრა და საკუთარი ორგანიზმით, ყოველი კუნთის არსებობით დავტკბე. ან რატომ უნდა შევიზღუდო თავი დიეტით, როცა ვარჯიშის შესაძლებლობა მაქვს. ამიტომაც მუდამ ვიღლები. ნახევრად მძინარემ პალტოს ჯიბიდან ყვავილი ამოვიღე, ერთმა უცნობმა დრედებიანმა გოგომ, დანახვისთანავე რომ მომეწონა და მისმა ბავშვმა ტრანსპორტში მაჩუქეს. დამამახსოვრდა. გულში სითბო ჩამეღვარა, – რა ლამაზი სიტყვათშეთანხმებაა “სითბო ჩამეღვარა”. ასეთ დროს მგონია, თბილი ქვეყნები, სადაც ფრინველები მიფრინავენ, ყინულოვან მთებზე იღვრება, მთელი ქვეყანა იღვრება. აღარ დავიღალე, თითქოს არ მიმუშავია. არაფერი. მინდოდა დამეწერა. საქმე რაშია: არსებობენ უცნობები, რომლებსაც არ ვიცნობ, ვერასდროს შევხვდები, მაგრამ სიცოცხლის ენერგიას მაძლევენ, გულში სითბოს მიღვრიან თავის ფრინველებიანად. თვალში მიწა ისეთი მძიმე არაა.