ძილის პირული

სადარბაზოში დადარაჯებულნი კატები კნავიან.
სანამ ვინმე მივა, მშივრები აგდიან.
მე ვამუშავებ უპრიან ნაბიჯებს.

გარემო მახსენებს იმაზე,
რომ ნულოვანი ეტაპი იდგა.
და რაც არ უნდა გავთიშო ფიქრი,
ამას მივაღწევ მხოლოდ
უსიზმრო ძილში.

თვითსინანული


მინდა ვიყვირო, რომ შევცდი. პასუხად მივიღო, დამცირება და თვითსინანული არ მოვიშირო.
ფეხებში მებლანდება ფოთლები და დედამიწის ქერქის ხორცმეტები. დამძიმებული ხელებით მიწას ვეყრდნობი, სახისკენ რომ მიექანებიან და გულაღმა ვვარდები. თავზე ზეწარივით გადავიხურე თმა. აქერცლილი ტუჩები გულივით მიფეთქავს. ირიბი სახით აღვიქვამ ფერებს. ვხედავ აზრებს კადრებად. თვითსინანული მაქვს. მორჩა.
მივხვდი, უხილავ მკვლელობას ჩავდივარ. მკვლელობას, რომელსაც ვერავინ ხედავს. არც ობიექტმა იცის ამის შესახებ. მეც არ ვიცი ვინაა ობიექტი. მაგრამ აღვადგენ.
მოდი, პლანეტების ბედი შევცვალოთო, კონცენტრაცია მივაწვდინოთ იგივე საგანს, – მეუბნება ჩემი თმა. ჰო, ორგანოებს ცალ-ცალკე აღვიქვამ, – დღეს დღესასწაულია: მე თვითსინანული მაქვს.
ამბობს, რომ ყველას თავისი ფუნქცია აქვს, არ ვიფიქრო, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. მე შევეცადე ყველა აზრი უნებლიედ არ მექცია ფიქრად. ვაცნობიერო, ვუყურო, როგორც დამკვირვებელი და დაიწრიტება საცარელში, რომელსაც გონება ჰქვია. ამას ვერ შევძლებო, არ გამაგონო, – ჩავძახი ღეროებს, – და ვურჩევ, დილით გაღვიძებისთანავე ავდგე, ლოგინში არ ვიწრიალო. მოხეტიალე აზრებმა რომ გონება არ გამიფანტოს. ”ჩვენ გავფილტრავთ მას!” – ამბობს სხვა ღერო. შევეცდები ვისწავლო აზრის კონცენტრაცია. ხმაურში რომელიმე ხმა ავარჩიო და მივყვე, ან რომელიმე ავარჩიო და არ მესმოდეს. ”შეამჩნევ, რომ შენ  მბრძანებელი ხარ თავის.” თავი, რომელმაც ჯოჯოხეთი შექმნა სინდისისგან და სინანულის მოცილებით ჯოჯოხეთის გზას ვცდები. მაგრამ იქნებ გადავამეტე ადამიანის ფუნქცია. არც ვინმე მომიკლავს სუიციდური ფიქრებით წეღან. საკუთარ სიკვდილზე ფიქრით. იქნებ სიკვდილი არ მიმეზიდა. სარტრის ბუზებივით იქნებ ცოდვები არ მიმეზიდა.
ვისჯები, რამდენადაც ვისჯი.