Smoking Cigarettes can kill a woman’s eggs and cause menstrual periods to stop prematurely, – აი, რა უნდა ეწეროს რეალურად სიგარეტის კოლოფებს.
ძველი ქართველების აზრით, ჩვენ ყველანი მენსტრუაციას ვჭამდით და ვაი თუ ორსულ ქალს სისხლი წამოსვლოდა, ბავშვი მუცელში ხომ შიმშილისგან მოკვდებოდა. თავად პროცესი კი იმდენად უწმინდური იყო, მთაში ქალები იმ დღეებისთვის სოფლისგან შორს ცალკე იშენებდნენ სახლუკას, იმ სახლუკას გვერდით მეორე სისხლიანი კოშკი იდგმებოდა, და სოფლის შენებასაც მეტი რა უნდა: საბოლოო ჯამში ცალკე ქალაქი გვქონდა თვიურად, – გამობერილ მუცლებზე მუთაქებს შევიწყობდით და ვჭორაობდით სისხლებზე, ხინკლის ცომებსა თუ სხვა ქალურ, ძალიან ქალურ ამბებზე წითელი ლობიოთი, შავი მუხუდოთი, პიტნითა და თაფლით.
..და მე ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა, ერთი პატარა, მიყრუებული სოფელი ავიშენოთ ბლოგერმა ქალებმა. ქალებმა, რომელთა ცოდვებს ღმერთი სერიოზულად არ უყურებს, სანამ კაცებს არ შევაცდენთ. თვეში ერთხელ მივატოვოთ ჩვენი ექსპრესიული ცხოვრება და თავი ორგანიზმებს დავუთმოთ. იმ დროს, როცა ყველაზე მეტად გვესმის მათი არსებობა, ვიცით ყოველი ნაწლავის ფორმა და ზომა, შეუხედავად შეგვიძლია დავითვალოთ ყოველი კაპილარი გულამდე, გვესმის ფილტვების შინაგანი აკუსტიკა, როდესაც ხორხიდან ჰაერი ჩაგვდის და.. და კიდევ გვტკივა საკუთარი მკვდარი შვილები, ორგანიზმი, რომელიც ჩამოიშალა.
სტუდენტობისას ირანელი ქალის ფილმი ვნახე ეპილაციაზე. ქალები თავიანთი ინტიმური საათების განმავლობაში გულახდილად საუბრობენ: ერთ გოგოს მონოპაუზა აქვს, მეორემ აპკი უნდა გაიკეროს და სხვა. რაღაც დრამატული კადრი მახსოვს, – საპირფარეშოში შესული შუა ხნის ქალი, ქაღალდზე ტუჩსაცხს რომ წაუსვამს და ურნაში ჩააგდებს, ისე, გამოსაჩენად. იმის მერე მეშინია დაბერების. მეშინია დაბარების, რომ სხვანაირად ვეღარ ვიგრძნობ ჩემს ამ ელიფსურ ქირონულ მუცელს.