როდესაც ჭეშმარიტი ინგლისელი სასუფეველში ხვდება, ჩაის სთავაზობენ. ასე იწყებენ საუბარს საფლავებიდან კიბერ ადამიანებად აღდგომის შესახებ. ვინჩესტერები ხომ ჯიუტები და გაბედულები არიან, კლარკ კენტი მეტროპოლისიდან ისეთი ძლიერია, მაგრამ გმირები ხომ გამუდმებით წუწუნებენ პირადი ცხოვრების გაქრობის შესახებ გლობალური მიზნებისთვის, ამიტომ მაოცნებებს ექიმი გალიფრეიდან: მიხაროდეს, რომ სინდისი მქენჯნის, ჯოჯოხეთურად მეშინიაო. ამიტომ ეს მან უნდა დაიცვას სამყარო მოსიარულე მკვდრებისგან ტრაუმის გარეშე. ოჰ, ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გალიფრეელი მოხუცი კაპალდი და მისი პოლიციის ჯიხური.
ინგლისი ცდილობს გამოვიდეს შექსპირული მონოლოგებიდან და თეატრი კინოს მოარიდოს. ამიტომაც აქციეს მეთ სმითი ბრიტანულ დუტა სხირტლაძედ და რა გადაცემა აღარ წააყვანინეს. ბოლოს გადიდგულდა და ჰოლივუდში მივდივარო. ახალ ექიმად კი შოტლანდიელი პიტერ კაპალდი მიიწვიეს. ადამიანი, რომელიც ექიმობაზე იმდენად ოცნებობდა, რომ თეატრალურზე ჩააბარა: ჯერ კიდევ სამოციან წლებში, 8 წლის კაპალდი სახრახნისით დარბოდა და ამბობდა, ერთხელაც მეc ვიმოგზაურებ დროსა და სივრცეშიო, – ბიბისიმ ძველი ჟურნალებიდან ამოქექა პატარა კაპალდის ღია წერილი. წამოდი, ოცნება ავუხდინოთო და დაურეკა: – ექიმს სთხოვეთ? კაპალდიმ: – ვინ ექიმს?
ვიცი, რომ მთვარე არაა უბრალო თანამგზავრი, გალაკტიკურმა დრაკონმა დადო, საიდანაც მალე მთვარის ბავშვი გამოიჩეკება. ვიცი გალიფრეის დამწერლობა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით იხაზება წრეზე. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია რთული შეწყობილი წინადადებები ციფერბლატებზე. ვიცი, რომ ჩახუტება მაშინ უნდა მიყვარდეს, როცა სახე უნდა დავმალო. ვიცი, რომ კიბერ ადამიანებს ემოციები არ აქვთ, მაგრამ სიყვარული მაინც შეუძლიათ. იმიტომ, რომ.. ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ სიყვარული ემოციაა, იგი პირობაა. ეს კი იმდენად საჩემოა, რამდენადაც გადაყვარების არ მწამს. მეც მეყვარება მოხუცი გალიფრეიდან ხმოვანი სახრახნისითა და უკიდეგანო ზღვისფერი ჯიხურით, ვინც კი ოდესმე მყვარებია, თუნდაც ბრიტანულ სასუფეველში მოვხვდე უემოციო კიბერ ადამიანად.
Tag Archives: თანამედროვე ხელოვნება
ხიდჩატეხილი ჩემი ქალაქი
თბილისის შუაგულში მშვიდობის ხიდთან გავლისას ედუარდ მანეს ტილო “სამხარი ბალახზე” მახსენდება, სადაც ნახატში კონტექსტიდან ამოვარდნილი ნახატი, ხოლო ძველი თბილისის შუაგულში შიშველი ხიდია გამოსახული. თუმცა ვიზუალური ხელოვნების მცოდნეებს შეიძლება სანტიაგო კალატრავას იგივე სახელწოდების ბაგირები გიდგებოდეთ თვალწინ, მისი ვიზუალურ-სემანტიკური კოპირება.
ჩემი აზრით, აბანოებიდან დაწყებული ეს ჰავლაბრელებზე მიწოლილი ხიდი თბილისელებისთვის ზედმეტად სიმბოლურია, როგორც იდეურად ბიმორფული პროდუქტის თბილისელებთან დესინთეზირება, სადაც ნიმუში ადამიანთან და მის ფონთან არაა შერწყმული, ადამიანი ვერ ხდება შენობა და შენობა ვერ ხდება ადამიანი. თუნდაც, როგორც ხალხური მიშენებების, ე.წ. “ეგოისტური არქიტექტურის” შემთხვევაში მოხდა, ქალაქელები შეერწყნენ საკუთარ დანამატებს. პროექტიც იყო ჩაფიქრებული გასული საუკუნის ბოლო წლებში მათი მასობრივ არტად ქცევის, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა.
ბებიაჩემი, “კარენოი თბილისელი” ქალი, იტყოდა ხოლმე: მთელი ცხოვრება მინდოდა მოვხუცებულიყავი, რომ ჩემთვის პატივი ეცათ, ხოლო მოვხუცდი მაშინ, როცა უკვე პატივს ახალგაზრდებს სცემდნენო. მართლაც, კომპიუტერულ სისტემებთან ერთად მილიარდელთა ასაკიც შემცირდა. ჩემი თაობაც, ფსიქოლოგებისგან წოდებული 87-95-იანელების “ჩატეხილი ბავშვები”, ბებიის მსგავსად, გარდამტეხ პერიოდში მოვხვდით, სადაც თუნდაც სამსახურის შოვნაში, ძველ თაობადაც არ ვითვლებით, მაგრამ ამავე დროს, შედარებით კიბერნეტიკული თაობა გვიწევს კონკურენციას.
მე კი არ მავიწყდება ჩემი გერმანელი მგზავრი, რომელიც სათანადო დიპლომატიით მეკითხება: “რატომაა ამდენი ეკლესია თქვენს ქალაქში? ალბათ ძალიან გწამთ. მაგრამ თუ ძალიან გწამთ, სიკვდილი ასე ძალიან რატომ გიყვართ? თქვენი მანქანები სულ დაქრიან და მეშინია.” ვხვდები, რომ არქიტექტურა ოპოზიციური მენტალობით აქაც უარყოფს თავს და ვპასუხობ: “ღვინის უფრო გვწამს”. ცოტა ხანში მე და ადოლფი რამდენიმე კილომეტრით აზიაში, სიღნაღში ვსვამთ. სტუმართმასპინძლობაც ხომ იმიტომ ვიცით, საკუთარ პატივმოყვარეობაზე წყალი დავისხათ და აღვნიშნოთ, ჩვენთან შედარებით რა ადვილად თვრებიან.
იყო კიდევ ერთი ინგლისელი სტუმარი, რომელმაც ქართული არქიტექტურა თავად გამაცნო და მეც პარლამენტის შენობასთან სელფ-შოთით ტურისტივით მატარა. ერთხელ მეუბნება, რომ მე ღია ზღვაში ციცაბო კლდეზე აღმართულ მინიან შენობას ვგავარ, რომ დაღამდება და შენობაზე ვარსკვლავები აირეკლება. დავფიქრდი, სინამდვილეში რამდენად გვანან ადამიანები თავიანთ ქალაქს ან თუნდაც საკუთარი ოთახების არქიტექტურას. ან რამდენად შეიძლება ვგავდეთ ცხოვრებაში არ დანახულ შენობებს, რა რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდნენ ისინი. ვარსკვლავიანი მინები არ ვიცი და ჩემი ქალაქი არის მცხეთა, ისეთივე, როგორიც მოსკოვისთვის არის პეტერბურგი, ფენტეზური გალავანებით, მუზეუმად ქცეული ისტორია, მე ხომ ავეჯიც კი არ მაქვს დაბერებული არ იყოს, მოგონებები არ გააჩნდეს. კერპად სალოცავი ქალაქი – მცხეთა.
თოვლის ბაბუის ინსტიტუტი
#1. გოზინაყი მინდა
ძველმოდური ადამიანი ვარ, თუ დროს ტექნიკის კუთხით განვიხილავთ. ისე არ გამიგოთ, ვადარებდე და წიგნის სუნი ინტერნეტს მერჩივნოს ან ინტერნეტში მხოლოდ სოც. ქსელებისთვის შევდიოდე. : ) ძნელად ვიგებ ძვირადღირებულ მობილურებს და სხვაზე გაცილებით მეტ დროს ვუთმობ მათ დაშლა-აწყობას. : ) პლიუს, დაილოცოს ზენიტი. : )) გამოგიტყდებით და ბლოგისთვის პოსტსაც ქაღალდზე ვწერ. და მერე ვკრეფ. ასე აზრები მეტად თანმიმდევრულია.
ამ თემაზე წერა 1 თვის წინ შთამეგონა, როცა მეგობარმა მკითხა, ნაძვის ხე დადგიო? მე არ შემიმჩნევია, არა თუ ის, რომ ოქტომბერია, ისედაც არ ვდგამ და გაკვირვების გარეშე ვპასუხობ:
– არა, შენ?
გითქვამთ ოდესმე ბავშვისთვის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? სახალისო ექსპერიმენტია, რომელზეც სხვადასხვა ობიექტი განსხვავებულად რეაგირებს. ზოგმა მცემა კიდეც. მათი ე.წ. ტკბილი ტყუილი დიდობაში აუცილებლად თავს იჩენს მეთქი, გავიფიქრე და მათ მშობლებს განვუცხადე:
– თქვენ ბავშვებს არასწორად ზრდით: ენას იჩლიფავთ და მეტყველებას უნაზებთ, გრამატიკას ართმევთ და მერე გიკვირთ, ჟურნალისტები როგორ მეტყველებენ. ცხოვრებისეულ სირთულეებში ენაზებით და აწოდებთ მასობრივ ტყუილს.
ჩვენც მასე ვართო აღზრდილები, – მედავებით, – და მერე რა, ვერ გავიზარდეთ? კი, აბტურიენტობისას ვსწავლობთ ენის გასატეხებს. მშვენიერია. ვგებულობთ, რომ თოვლის ბაბუა მშობლებისგან დაქირავებული მუშაკია და, როგორც წესი, მანქანით დადის. მაგრამ ილუზიებისგან ვერ გამოვდივართ.
– ატყუებთ და მერე გიკვირთ, რატომ იტყუებიან. თქვენ არასწორად ზრდით ბავშვებს!
#2. სისხლიანი მერი თუ ლაშარობა
მეც გაზრდის მსხვერპლი ვარ. იმ წლებში დავიბადე, ენთუზიაზმზე გაკეთებული ქვეყნები სსრკს რომ ცვლიდნენ. და მასთან ერთად პოლიტ. ათეიზმი ტრანსფორმაციას გადიოდა. ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს და პარალელურად ხატები აღმართეს. ხატები და ჯვრები მასობრივად და მქუხარე ტაშით. მსგავსზე აპლოდისმენტებსაც აკრძალული ხილის გარდა გამოტოვებულის დადევნების მიზეზი ჰქონდა. ცოდვების მონანიებასაც ისტერიული ხასიათი მიეღო. აქაც მასობრივად უკრავდნენ ტაშს. ოთხი წლის ვიყავი, მაგრამ მახსოვს. ღმერთი სიყვარულის სახელით დამსჯელ ძალად აღიქმებოდა. და მეც მსჯიდნენ. არა, ფიზიკურად. არა, არც კუთხეში მაყენებდნენ და არც ჯოხებს მამტვრევდნენ. მადლობა ღმერთს, საკმაოდ ცივილურად და ლმობიერად, სიტყვებით:
– ღმერთი დაგსჯის!
ისიც მსჯიდა. უფრო სწორედ, თავს ცხელი წყლით ბანაობისას თავად ვისჯიდი, კუპრში დაწვას რომ შევჩვეოდი. მერე გავიგე, თურმე სხვებიც სჩადიოდნენ იმავეს. კუპრის რა გითხრათ, მაგრამ მას მერე სიცხეს კარგად ვიტან.
ზაფხულობით, როცა მამა ნადირობდა, მე სათამაშო ხაფანგი მქონდა, – სოფელში მათში წიწილებს ვიტყუებდი და ვკეტავდი. თითქოს საზიანო არ ყოფილა, მაგრამ ერთს ფეხი გაეჭედა და დაკოჭლდა. მამამ ფრინველი დაჭრა და შეჭამა. მას მერე, ხორცის ჭამა არ მიყვარს.
მითუმეტეს, არ მიყვარს წმინდა მსხვერპლშეწირვები და დანიანი ტიპები დღესასწაულებზე. და როცა ხალხი ერთობა, მე ვწევარ და ვკითხულობ რამეს. ზრდილობის გამო მაინც ხმა ამოიღეო და ვიღებ. ზრდილობის გამო ვიღებდი და ვკითხულობდი.
წარღვნაზე რომ წავიკითხე, ავტირდი. თან ის პერიოდი იყო, როცა სოფელში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. მას მერე ვიცი, რომ წარღვნას ყველა დროში ელიან.
მერე გავიდა დრო. სხვათაშორის, ამ დღეებში მეგობარმა ბავშვი მონათლა. ნათლიან მეგობრებთან ერთად ყაზბეგში დამპატიჟა. თითქოს დავთანხმდებოდი, რომ არა პოსტსკრიპტუმად დათანხმების მორიგი მცდელობა:
– ცხვარი ავიყვანოთ და დავკლათ. მორწმუნე ვარ და მიყვარს რიტუალები. ხომ წამოხვალ?
– არა! – ცივი უარი ვუთხარი მათ რამდენჯერმე გამეორებულ შეკითხვას. გაეცინათ კიდეც ისეთი ტონი აღმომაჩნდა. ლოტკინის თავიდან მეტრომდე ისე ჩავირბინე, არც დავმშვიდობებივარ.
რაც შეეხება მსხვერპლშეწირვას ღმერთის სახელით, საიდან მოდის?
გზაში ჩემს თავს ვეჩხუბებოდი, რატომ არ ვუთხარი:
– თუ ქრისტიანი ხარ, წაგიკითხავს და ანსხვავებ ძველსა და ახალ აღთქმას, თუ ჯვარი გიკეთკია და იცი მისი სიმბოლური დატვირთვა. როცა ქრისტე ეწამა, ღვთის წამება ნებისმიერ ხორციელ მსხვერპლზე მაღლა დადგა, ღვთის შიში სიყვარულმა ჩაანაცვლა. სისხლიანი მსხვერპლი კი სულიერმა მსხვერპლმა (ბერ-მონაზვნობამ), – ბოლოს ვთხოვდი, ხორცის ჭამა თუ უნდოდა, ქრისტეს ნუ აბრალებდა.
ამას წინათ, ფორუმზე წავიკითხე, თევზების ზოდიაქოზე ეწერა, სჯერა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ თავს დადებს რომ მოსემ ზღვა ორ ნაწილად გააპოო. სამწუხაროა, ნებისმიერი სიმბოლო რომ პირდაპირი მნიშვნელობით იგება. ვერც იმ მწუხარებას გავეცალე, რომ აღზრდის მსხვერპლები ვართ. გავიზარდეთ, დიდური ილუზიები გვაქვს. რასაც გვიყვებოდნენ, ყველაფერს ვიჯერებთ, უანალიზოთ, უეჭვოდ, ბრმად. თითქოს რა მოხდა, უწყინარია თოვლის ბაბუის არსებობა, მაგრამ კიდევ იმდენი ილუზიაა.
დღეს წმინდა გიორგობაა. ახლა ლიბერალები გამოდიან, ვეშაპის ნაცვლად ადამიანი იგულისხმებაო მახვილის ქვეშ. ზოგი ადამიანს ჩათვლის, ზოგი – არა. მაგრამ მე ისევ ქრისტიანული ფრაზა მახსენდება: ცოდვას ებრძოლე და არა ცოდვილსო. გიორგი ბოროტ ადამიანებს კი არ ებრძოდა, ებრძოდა ქრთამებს, თავისუფლების შეზღუდვასა და შიშს, პირველ რიგში საკუთარ თავში. მერე მოვიდა ქრისტე და ბრძოლის ხერხიც შეცვალა, – მახვილს ბზა შეუსაბამა.
საღამოს მეგობარი მპატიჟებს ბარში და ვსვამთ სისხლიან მერის. რას გაუმარჯოსო. ვპასუხობ:
– ოცნებას.
#3. რა განსხვავებაა შიზოფრენისა და ილუზიას შორის?
რამდენნაირად შეიძლება გავიგოთ ილუზია. მითუმეტეს, იმ კიბერ სამყაროში, სადაც რეალობის ცნება შედარებითია და ოპოზიციას არ უქმნის მას.
ადრე რელიგიის მასწავლებელმა გვკითხა, გვჯეროდა თუ არა, რომ სადღაც უკვდავების წყარო მოედინებაო. დასკვნა ასეთი იყო, რომ რაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია მოიგონოს, ჰაერზე არაა, თავად ჰაერიც არ არის ჰაერზე, და რომ ყველაფერი შესაძლებელია.
ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში ვსაუბრობდი ამის შესახებ. თუ რა სახის მულტფილმი მიეწოდება ბავშვს დღეს? ფანტასტიკის ჟანრშიც კი ცდილობენ ვითარება ლოგიკური გზით განავითარონ. ეს ეპოქაა, სადაც ფანტასტიკაც სამეცნიეროა ხასიათისაა. და არა უბრალოდ ვაშლი, რომელიც სასწაულებს ახდენს. ფანტაზია გარემოს შეცნობას ალბათ ვერ ეხმარება, მეტიც, ართულებს. ჩემი აზრით, გრძნობადი, აღქმითი ორგანოები მისგან უნდა გავმიჯნოთ. სამომავლო გეგმებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე სიღრმეში ჩასახედად.
ფანტაზიურ აზროვნებას აქვს თვისება: ილუზიით შეიცნოს მომავალი. ამის შედეგად, მიღებულ მოახლოებულ განცდებს შეიძლება უკუღმაც ვიგებთ, – მოახლოებული ლხინის დროს ვტირით და პირიქით.
თუმცა ვერ გამიგეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფანტაზია უგულვებელყოფილი იყოს. მეტიც, მისი განვითარება გამოგონებას უწყობს ხელს, ახალი იდეების არსებობას, მაგრამ მისი წარსულთან გათამაშება საფრთხეს იწვევს. ეს საუკუნეა ფანტაზიის გამეცნიერების და მეცნიერების გაფანტაზიურობის. საუკუნეა, სადაც რეალობა, თავისი წარსული-აწმყო-მომავლით, ეჭქვეშაა. ეჭვქვეშაა თვითონ რეალობის რეალურობის განცდა.
როდესაც პირველად შეისწავლეს ჰალუცინაციები კლინიკურად, ის გამოიყო ილუზიებისგან. იგი მისგან ობიექტის არსებობა/არარსებობით განსხვავდება. ჰალუცინაციის დროს საგანი არ არსებობს. ილუზიის დროს არსებობს ობიექტი, მაგრამ სუბიექტურადაა აღქმული. როცა აღქმა ძლიერდება საგანი მაშინ იცვლება ან სახეს იცვლის. რჩევა შეიძლება შემდეგნაირიც იყოს: აზრთა თვითნებური ნაკადისას ყურადღება სხვა გრძნობად ორგანოზე გადავიტანოთ. მაგალითად, ხედვითი ორგანოდან სმენითზე. ეს ეხმარება ჰალუცინაციის გაქრობას საწყის სტადიაზე. იმავეთი ილუზიას ვერ განასხვავებ რეალობისგან.
ზოგი თვლის, რომ ბოდვები, გამოგონებები, არანორმალური ემოციური მდგომარეობები პიროვნებაში ევოლუციის მანიშნებელია. შეგვიძლია სიზმრების აღქმაც, როგორც ჩახშული ცნობიერი, რომელის ინტენსიურ მიფუჩეჩებაშიც სიზმრთა ნაკადი იმდენად ძლიერდება, რომ ფხიზელი ადამიანიც იმყოფება ძილში, ჰალუცინაციურ, შიზოფრენიულ მდგომარეობაში. ასე რომ, ნებისმიერი გამოგონილი საგანსაც რეალური საწყისი გააჩნია.
სამწუხაროდ, ზედმეტად ვცხოვრობ ოცნებაში, თუმცა ძალიან ეჭვიანი ვარ. მიჭირს გარკვევა რომელია ჩემი აზრი და რომელი მიბაძვა. ბავშვობიდან მაინტერესებს თეოლოგია და ეს ჩემს თემებსაც ეტყობა ალბათ. ეს ინტერესის განცდაა ის, რაც მეხმარება ოცნების განსხეულებაში. ბოლო-ბოლო თავიდან ყველაფერი სიტყვის დონემდე იყო.
#3. ჯამი ანუ რისი თქმა მინდა
თანამედროვეობის თვალსაზრისით, ილუზია პოტენციურია ან წარსულის გადმონაშთია. რეალობის ცნება ბრჭყალებში ჩასასმელად თუ გამოიყენება.
ეს 21-ე საუკუნეა, სადაც აზროვნებისთვის დამახასიათებელია არა გამარჯვება, არამედ, მიღებული გამოცდილება. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს. დრო და სივრცე მხოლოდ პირობითია.
ადამიანს, რომელსაც ფანტაზიის უნარი აქვს, შემოქმედებითი თვალსაზრისით განვითარებულ პიროვნებად ყალიბდება. მაგრამ ნუ მივაწვდით ბავშვებს ცრუ ინფორმაციას. პირიქით, ვეცადოთ ცნობისმოყვარეობის, ეჭვიანობის გრძნობა გავუღვივოთ.
თოვლის ბაბუის არსებობის თუ არ დაიჯერა, ნუ გავუფანტავთ ეჭვებს. დაე, თავად შექმნან თავიანთი ინდივიდუალური თოვლის კაცუნა, 21-ე საუკუნის ბავშვებს დასაქოქი ირმებით რომ ამარაგებს.
ნუ აღვზრდით ტყუილებში.
ნუ ვუკრძალავთ თავისუფალ ფიქრს და ნუ შევზღუდავთ ცოდვების დაშვებაში. გახსოვდეთ, ნიუტონი მაშინ მიხვდა ჭეშმარიტებას, როცა თავში ვაშლი დაეცა.
არც მე ვიქნები კარგი დედა, რადგან პრაქტიკა მეტისმეტად მერთულება. მაგრამ იმაში მაინც შევთანხმდეთ, განათლების სისტემაში ცვლილებებია შესატანი.
გილოცავთ გიორგობას და დამდეგ შობა-ახალ წელს!
რა არის თანამედროვე ხელოვნება?!
როცა იცი, რომ აღიარებული მხატვრის ტილოს უყურებ, ხშირად არ ჩნდება კითხვა: ეს ხელოვნებაა? მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არტისტი ჯერ აღიარებული არაა.
არტ საიტებზე შესულს უამრავი პოტენციური ხელოვნების ნიმუში გხვდება და შენც არჩევ რომელი დააფასო. ხალხის რჩეული ხელოვნის ტიტულს ირგებს. არტ სამყარო თავად წყვეტს მათ სფეროს ვინ შეემატება. კრიტერიუმები? აქ გადამწყვეტია ნაცნობობა, გავლენა და თავის წარმოჩენა. სხვა კრიტერიუმები პირობითია. ზოგს ემოციური გაღიზიანება აფასებინებს, ზოგს – დეჰუმანური განწყობა. იქმნება მაფიოზური კლანი. ეს პოსტმოდერნია.
ბორის გროისი ნაშრომში „რა არის თანამედროვე ხელოვნება“ განიხილავს ხელოვნების რაობას ახლანდელ დროსა და სივრცეში, წერს, რომ ფილოსოფიურ პარადიგმებს მორგებული არტი თავად საუბრობს საკუთარ არსებობასა და მეთოდებზე. თუ ადრე ხელოვნება არახელოვნებისგან ხელოვნურობით, ნახელოვნობით გამოირჩეოდა, ახლა მას არ დარჩა ზუსტი კრიტერიუმები შეფასებისთვის. ხელოვნება ბერძნულად “ტეხნეა”, ანუ უპირველეს ყოვლისა, ბუნებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ადამიანის ხელითაა ნაკეთები. ხოლო, როცა 1917 წელს, როცა დუშანმა პისიუარი გამოფინა როგორც ხელოვნების ნიმუში ამით აღნიშნა, რომ ხელოვნების ნიმუში, შეიძლება სულაც არ იყოს ხელნაკეთი და ამით ერთგვარი ნულოვანი შემოქმედებითი აქტი “ჩაიდინა”. ეს მზა პროდუქტია. და ის არ იყო ხელოვნების ნაწარმოები მანამ, სანამ ეს არ ითქვა. ასე რომ, სიტყვებმა განსაზღვრა საგნის მნიშვნელობა. 50–60 წლებიდან არტისტები ხელოვნების ნიმუშებს მაღაზიებიდან, სახლში აღმოჩენილი ძველი ნივთებიდან თუ სანაგვეებიდან პოულობდნენ. ანუ მატერიალური კრიტერიუმები ხელოვნება – არახელოვნების შორის არ გვაქვს.
ისმევა კითხვა: რით გავარჩიოთ ხელოვნება არა ხელოვნებისგან თუ არ გაგვაჩნია ამისთვის მატერიალური კრიტეტიუმები.
„როგორ უნდა ამოვიცნოთ ქრისტეში ქრისტე, ანუ, როგორ შეგვიძლია ადამიანში ღმერთი ამოვიცნოთ და იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი კრიტერიუმები. გვაქვს კრიტერიუმები ადამიანში ადამიანის, მაგრამ არა ღმერთის ამოსაცნობად. „
გროისის აზრით, ხელოვნების აღქმა ისევე ინდივიდუალურია როგორც ქერა ქალი მოგწონს თუ შავგვრემანი. აღარ არსებობს გენიალური არტისტი, რადგან სისტემა თავად შექმნილია გენიალურად. გროისი წერს, რომ „ყველაფერი დაშვებულია“, ეს კი ღმერთის სიკვდილს ნიშნავს. და უფლება, რომელიც ყველაფერის ესთეტირების საშუალებას იძლევა, შლის ამ სხვაობას.
„ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეში, მაგალითად, კოლექციონერი მხოლოდ იმას ყიდულობდა, რაც მოსწონა, თავისი გემოვნებიდან გამომდინარე. ახლა კი ეს შეუძლებელია. თანამედროვე კოლექციონერი ხელოვნების ნაწარმოების შეძენისას თავისი გემოვნებით არ ხელმძღვანელობს. იგი ყიდულობს იმის მიხედვით, თუ რა სტატუსი აქვს (ან ექნება) ამა თუ იმ ქმნილებას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თანამედროვე კოლექციონერი ხელოვნების ნაწარმოებს მემკვიდრეობაზე გადასახადებისგან და საერთოდ, გადასახადებისგან თავის დასაღწევად ყიდულობს.“
თუმცა ეს მომენტი საქართველოს არ ეხება. იგი შედარებით განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
ქრისტიანობა, როგორც რელიგია, ღმერთის სიკვდილით დაიწყო, მისი ჯვარცმითა და სიკვდილით. თანამედროვე ხელოვნების ნიმუში ჯვარცმულის ქრისტესთვის მეტაფორას წარმოადგენს. ანუ ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები აღარაფერს წარმოადგენს გარდა ხელოვნების სიკვდილისა. ეს ეპოქაა, სადაც შავი კვადრატის დახატვაც ჭირს, როგორც მისი გამოფენა. რჩება ცარიელი კედლები მინიმალისტური ინსტალაციებით. ხელოვნება ესაა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება.
ხელოვნებას ადამიანი არ აინტერესებს, არც მისი სიცოცხლე/სიკვდილი. ადამიანი მასობრივ კულტურას აინტერესებს. ღმერთის სიკვდილიც იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც შეიძლება მისი ინსცენირება. ანუ ხელოვნება თავად შობს თავს. ჩვენ კი ვიცით სიტყვის ძალა: „პირველად იყო სიტყვა.“