დაჩიპული ბრინჯი

“ადამიანის თავისუფალი ნება სიმაღლიდან ვარდნას ჰგავს. შეგიძლია დრო გადაახვიო და არ ჩამოვარდე? არა. შეგიძლია დრო გაყინო და აღარ დავარდე? არა. ადამიანს მაქსიმუმ დავარდნის პოზიცია შეუძლია აარჩიოს.”
პელევინი

Untitled

მე და თამარა შესვენებებზე მუშტაიდის ბაღში ვსადილობთ, სახლიდან წამოღებულ საკვებებს პიკნიკივით შევექცევით, ვკატაობთ კარუსელებზე და სამსახურებს განვიხილავთ. ერთხელ გაზონზე, ასფალტიდან 2 მეტრში ხეზე დაკიდული ქაღალდი შევატყვეთ. დაგვაინტერესა რა ეწერა წერილში და გაზონზე გადავედით. წერილში ეწერა, გაზონზე არ გადახვიდეთო.

თამარამ მოყვა თანამშრომელზე, ვისაც სჯერა რომ ბრინჯი არის დაჩიპული. მისმა მოძღვარმა ასე იქადაგა, მრევლს თეთრ ბრინჯზე შავი წერტილი აჩვენა. მართლა, არ ვიგონებ. მეთქი ბრინჯი საუზმეზე მივირთვი და რობოტული ცეკვა დავიწყე. თამარამ მოიფიქრა, რომ თანამშრომელს ჩემი ქცევა მოუყვეს. უფრო შევაშინოთ, – ჩემმა მეგობარმა რაც ბრინჯის ჭამა დაიწყო უცნაურად იქცევა, რაც არ უნდა იმას აკეთებსო.

ბევრი ვიცინეთ თუ ცოტა ვიცინეთ, სამსახურებისკენ დავიშალეთ. გავნაგრძეთ იმის კეთება, რაც არ მოგვწონს. ვფიქრობ, რა საჭიროა ჩიპი საკვებში თუ პირადობის მოწმობებში, როცა ისედაც მართულები ვართ. მე მაინც. არ მახსოვს ბოლოს როდის მქონდა თავისუფალი ნება: An ounce of freedom. ან ვინ ჭკვიანმა მოიფიქრა შუა გაზონზე წერილის დატოვება? რამე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია: კანონი თუ ცნობისმოყვარეობა?!

ვარსკვლავთგოგონა, რომელშიც ვცხოვრობ

20140618_0035

ინდოელი ბრაჰმანები სურნელოვან ფლაკონებს ატარებდნენ, როდესაც რამე სასიამოვნო შეემთხვეოდათ, რომელიმეს იპკურებდნენ. გადიოდა ხანი და ძველი  სიამოვნების ხელახლა განსაცდელად, იგივე სურნელს იყნოსავდნენ. მაგრამ მე არა მაქვს სუნამოები.
სამაგიეროდ, თმა ისევ ცის ფერად გავიფერადე, კოჭებამდე კაბის ტარებას ვერაფრით გადავეჩვიე. ისევ მეშინია ფეხების. ისევ არ ვდგავარ პოლუს ქვემოთ მყარად.
მეტეორის ნამსხვრევი გამომიგზავნეს, დოკუმენტებით და ვარდნის ისტორიით. რა უნდა მექნა, ქვა გულზე დავიკიდე. იქნებ რომელიმე ღამით მოხეტიალე წყვილმა დაინახა ვარდნისას და, – ნახე, ვარსკვლავი ჩამოვარდაო. ჩემი დაკიდების ისტორია კი მეგობრის შეკითხვით დაიწყო: ”რა გინდა გაჩუქო?” ვარსკვლავი მაჩუქე მეთქი. მინდოდა, მე თუ არ წავიდოდი  კოსმოსი მოსულიყო ჩემთან.
არის ასეთი მდინარე აღმოსავლეთში – იორი – მას ძველი ადამიანები მცირე ალაზანს ეძახდნენ. დამბის უკან, ივრის არხში ტანსაცმლითვე ჩავწექი, ქვა დინებით წავათამაშე, ასე მოვნათლე. იმ მდინარეში შამაია გაწყვეტილა. ზედაპირზე იკვებებოდა და კაბის ირგვლივ ვხედავდი ხოლმე. ხანდახან ბადეში გახვეული თეთრეულაც მინახავს. შეიძლება ასე არ ჰქვია, პატარა ზომის შამაიებს ვეძახი. ჯიბის დანით აუცილებლად ვჭრიდი ბადეს თევზთა გათავისუფლებისთვის.
ვერაფრით ვისწავლე ცურვა. თავდაცვისთვის ლოდებს და ბალახებს ვეჭიდები. ამჯერად, ციოდა, ბალახი არ იყო. მინდოდა თევზები მოსულიყვნენ და ქვისთვის ეკოცნათ. ადამიანებო, გაწყდა თევზები. მეგონა, გავცივდებოდი. ვსაუბრობდი ივრის კანიონზე ჯიხოსთან, კანიონზე, რომელსაც ცისარტყელას ფერები ჰქონდა და ჩემგან ახლოს იყო. ტალღები გულზე მცემდნენ, ქვას ასე ვაბანავებდი.
საბურთალოს ქუჩაზე გავიზარდე: ყოველ დილით პიჟამოიანი ვხედავდი, როგორ ამოდიოდა მზე აღმოსავლეთ საირმის გორიდან და იპოდრომის დასავლეთში ჩაესვენებოდა. მე ადამიანივით, რომელიც მზესუმზირის მუტაციით შეიქმნა, მზესუმზირით, რომელიც კატასავით ქლესაა მცენარეთა გვარში, აღმოსავლეთ ოთახიდან საღამოთი დასავლეთში გადავინაცვლებდი.
მზის საძებნელად თუ წავალ, იპოდრომზე მივალ. მიუხედავად იმისა, რომ დოღები აღარ იმართება, სახლეები და ბაღები ააშენეს, შევუშვერ სახეს, თვალებს მოვჭუტავ, გულს გადავიხსნი, ქვას გამოვაჩენ. ახლა მე შუა იპოდრომიდან, სადაც მზე საშუადღეო ეგზალტირებას განიცდის, აღწევს, ჩემი ქვა მაწევს.
ჩემი ამჟამინდელი სამსახური, როგორც წინა უმეტესობა, მიწის ქვეშაა განლაგებული. ამის გამო სახეზე მზეთუნახავის ფერი მაქვს და ნელი სისხლი. გული გამუდმებით მიმდის და, სიმართლე ვთქვა, დედამიწის სიღრმეში ყოფნა ისევე მერომანტიკულება, როგორც დაქანცული ცხოვრების მერე ლოგინის ღრუში ჩაცურება.
რაც მთავარია, ჩემი ქვა (რატომ იკიდებენ ადამიანები გულზე ქვებს, ლოდებს?) მიწის ღრუში მოვითავსე, ქვიშითა და აგურებით დავმუხტე. თიხა და ცემენტი შევიზილეთ. როცა სარკეში ვიხედები და საღებავის ძირში ჭაღარები მიჩანს, მომეწონა. იმდენად მიმიზიდა, თმას აღარ შევიღებავ მეთქი.
ქვა ჰაერით როგორ უნდა დავმუხტო მეთქი და პარაპლანით გავფრინდი. ღრუბლებზე მაღლა ვერ ვიყავი, მაგრამ ფრენამ მხოლოდ დაცემა მასწავლა. უფრო სწორად, გამაგებინა, რომ დაცემა არ ვიცი. აქამდე თვითმფრინავითაც კი არ გავფრენილვარ და წლის გეგმა შევასრულე. მაგრამ როცა ჟურნალისტი მეკითხებოდა, რატომ გადავწყვიტე, უბრალოდ, ფრენა მინდოდა მეთქი.
თან სულ დავფრინავ, ყველაზე დაბნეული გოგო სამეგობროში.
აწი, როცა მომინდება ჩემი ცხოვრების ოთხი საინტერესო თემა გავიხსენო, ქვას გავიკეთებ. სამკაულებსაც აქვთ ისტორია.20140618_0040

ცალმხრივი ბილეთის ამბავი

Untitled

როგორ ვატარებ შვებულებას?
ერთი ხუმრობაა: ახლა მივხვდი უფროს კლასელებს რატომ აღარ აწერინებენ თავისუფალ თემას “როგორ გაატარეთ საზაფხულო არდადეგები?” – თქვენი არ ვიცი და ეშმაკურად მეღიმება ხოლმე.
მაინც 9 საათზე ვიღვიძებ, გამოგაზაფხულდა და საწოლში ვეღარ ვჩერდები. დილა მეილების შემოწმებით იწყება. მერე თავს ვიწესრიგებ და ზურგ ჩანთას ვალაგებ. საუზმე ვიცი ორჯერ, თუმცა მეორე საუზმეს მგონი სამხარს ეძახიან. ამავე დროს ვთამაშობ სიმსს და რამე ფილმს ან სერიალს ვუყურებ. ამასობაში ხდება 12 საათი და “სისაიდში” მივდივარ. ვვარჯიშობ, ვცურავ, ოღონდ ცურვა არ ვიცი. იქვე შევდივარ სილამაზის სალონში და თავს ვიბან. 3-4 საათისთვის ქალაქ გარეთ გავდივარ. მაგალითად, ლამის ფეხით ვიყავი წყნეთში და ტრანსპორტით კახეთის რამდენიმე სოფელი ვნახე. შემდეგი მარშუტი ქვემო ქართლის სოფლებია. 7 საათისთვის მოვდივარ სრულიად ქანცგაცლილი და “კანუდოსში” ან სხვა ადგილას ღვინოს ვსვამ. იქ ისეთი ტკბილი ღვინო აქვთ, როგორც იქაური ბარმენი იტყოდა, ზიარებაზე მგონია თავიო და კოვზით ვსვამ. დღეს ჰარი პოტერის საღამოზე წავალ “ბუქ სითიში” და მერე “არსადში” გოგონა წითელი პომადით-სთან ერთად. ძირითადად, ფეხით მივდივარ სახლამდეც.
ისევ ვესაუბრები უცნობებს და მოყოლილ ამბებს ვიმახსოვრებ. ამ ერთი კვირის განმავლობაში წავიკითხე წიგნის დღეზე ნაყიდი პავიჩი ქართულად. მაგრამ “გუდრიდსში” აღსანიშნად ვერ მოვძებნე. რობაქიძის სამი მოთხრობა დავიწყე ერთდროულად. საკმაოდ დადაისტური მკითხველი ვარ. დავიწყე ემბიენტის რადიოს მოსმენა და თავადაც ვცადე მუსიკის კეთება. მადლობა ჯასთბეიკას. სადღაც ემბიენტის, ფსაის, ჩილაუთის, ნოისის შორის გამომივიდა. პროცესში წარმოვიდგენდი კოსმონავტი ღია სივრციდან ჩვენთან ფეხაკრეფით რომ მოდის, ჯერ კოსმიური ხმები გამოიარა, ბოლოს ჰაერის, მიწის და წყლის ხმით უნდა დამთავრდეს. პირველი ტრეკის პირველ შავ ვარიანტს განახებთ: https://soundcloud.com/merzannablume/to-indoor
ჰო მართლა, რომ გითხრან, რომ ათიოდე წელში სულ რაღაც 49,99 ლარად გაფრინდები მარსზე უცნობებთან ერთად, რეალითი შოუში მონაწილეობის მისაღებად(http://www.mars-one.com/), დათანხმდებოდი? მოსალოდნელ ვოიაჟზე ჯერ ფილმს იღებენ, მისი ტრეილერიც გამოვიდა და ფოტო აქედანაა (http://marsonemovie.com/): კოსმონავტი ჩემოდნებით უცხო მიწაზე დგას. ფოტო იმათთვის, ვისაც გონია, რომ ოჯახი, სამსახური და ყოფითი დედამიწური პრობლემები მისთვის არაა. იმათთვის, ვინც ჯანმრთელია. თანამშრომელი კი მეუბნება, მერე რა, რომ უღონო ხარ, “სივი” მიანც გააგზავნეო, მაგრამ..
კიდევ მნიშვნელოვანი რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში ვისწავლე არის, რომ თავისუფლების ფასი არაფერია, როცა აკეთებ იმას, რაც გინდა, ახალს სწავლობ, შეიძლება ცუდად, ნელა, მაგრამ მაინც ცდილობ, ენერგიის დახარჯვაზე სასიამოვნო რა უნდა მქონდეს. ფულის კეთების პროცესი მის დახარჯვაში როგორ მზღუდავდა თურმე.

ორი თვე, ოთხი ქორწილი და ერთი კაბა

***

– ელე, შენს შვილს რა ჰქვია?
– ბარბარე, – მეგონა ხუმრობაზე გაეცინებოდა, მან კი სერიოზულად მიპასუხა.
ჩნდება კითხვა:
ნუთუ ასეთი უყურადღებო ვარ?!

ჰო, ბავშვებზე არ ვგიჟდები, არც ქუჩაში ძაღლებს და კატებს ვეფერები, მაგრამ მამახსოვრდებიან.
– ვერ გამოხატავ, მაგრამ შინაგანად თბილი ხარ, – ამას წინათ ვიღაც მეუბნებოდა.
– არაა, – ვიკვირვებ.
– სწორედ იმიტომ ხარ, რომ შენთვის ინახავ, – მპასუხობს, თითქოს ჩემზე მეტი იცოდეს.

როცა მგრძნობიარე ხალხის გარემოცვაში ვხვდები, კიბორგი არ ვეგონო მეთქი და სითბოს ვთამაშობ. სენტიმენტალური პაპსა გამოდის, სამაგიეროდ ძილის წინ მეცინება. 🙂 მოკლედ, არც თბილი ვარ, არც ცივი. ჩვეულებრივი ვარ. 🙂

– შეყვარებულთან მაინც ხარ თბილი?
– კი, რა თქმა უნდა, – და წარმოვიდგენ როგორ გაეცინებოდა იმას, რომ გაიგებს ცივიც შეიძლება ვიყო.

***

მარხვაა. ორი თვის მანძილზე ოთხი მეგობრის ქორწილია. მე ერთი კაბა მაქვს, ისიც მაღაზიის ვიტრინაში. მოპარვის გეგმას ვსახავ.
მარხვა გავიდა.
ახლოვდება.
ჩემი ძმა ქორწილის ფოტოგრაფია. თითქოს ყველაფერი ლამაზია, რომანტიკული, მაგრამ როცა მღვდლები ქადაგებას იწყებენ, თამადები – სადღეგრძელოებს, ყურთსასმენებს იკეთებს და რადიოს უსმენს. ქორწილები სძულს. ისევე როგორც მე. ჩემთვის კი ის მეტი არაფერია, თუ არა ანეგდოტი: ”საშოს გადაცემა პენისისთვის საექსპლუატაციოდ საზეიმო ვითარებაში”.
ხუმრობას რომ თავი დავანებოთ, არ მესმის რატომ უნდა წყვეტდეს მღვდელი ან მოსამართლე(თუ ვინც არის) ეს ადამიანი მიყვარს თუ არა. ჰო, რომანტიკული ვარ და სიყვარულს კანონს მაღლა ვაყენებ. ამით ეგზისტენციალური გრძნობის თავისუფლება კნინდება.
არც იმ ხალხის მესმის, ქორწინებას რომ შეზღუდვებად აღიქვამენ. შეუღლება არ ზღუდავს, მეუღლეები ზღუდავენ ერთმანეთს.
ჯერ გავერკვეთ რა არის თავისუფლება.
ის არის ქმედების. გონების. გულის.
მაგრამ მარტო ყოფნა სულ არ არის სინონიმი დამოუკიდებლობის. არც დამოუკიდებლობაა ტოლი მარტოსულობის. უბრალოდ მარტო ხარ და მორჩა.