with love in jigolo

მას შემდეგ, რაც ღმერთმა განდევნილი სულები ღორებში ჩაამწყვდია, ქატოს ჭამა დაიწყეს.
იმ სოფელში ერთი ფერმერი ცხოვრობდა, ჟიგოლო ერქვა. ყოველ დილით ღორებს შეავლებდა თვალს, ტალახიდან თუ ამოჰყვეს ტანიო და მოსუქების მიზნით ქატოს უყრიდა.
დანაყრებულ ღორებს კლავდა და სჭამდა.
თუ ღორები ქატოს სჭამდნენ, ჟიგოლო – ღორებს, ანუ ჟიგოლო ქატოს სჭამდა.
ნაირ-ნაირი ღორები ჰყავდა: შავ-თეთრი გინდოდა თუ შავი და თეთრი.
ერთხელაც ხორცის ჭამა მოსწყინდა, თავის ჟიგულს მოაჯდა და მეზობელი სოფლისკენ გააჭენა, რადგან იმ სოფელში ყველანი ღორებსა სჭამდნენ.
გზად მწვანე ბალახს წააწყდა, თუმცა მწვანის არსებობა მანამდე არ იცოდა. გაუკვირდა და დიასახლისს მიუკაკუნა, რომელიც ჭიშკართან ცომიანი ხელებით გამოვიდა.
ქალს ეგრევე შეუყვარდა ჟიგოლო. აქ შეიძლება მეთქვა მთელი გულითო, მაგრამ ინფარქტგადატანილ ქალს სულაც არ ჰქონდა გული მრთელი.
ასე ამბობდა მაინც, გულგატეხილი ქალი ვარო.
ქალი ჟიგოლოს პერიოდულად უგზავნიდა ფქვილისგან დამზადებულ მჭადებს, ჯვარს გაუკრავდა ხოლმე მასზე, ხორბლის ლუდს მიატანინებდა და სიგარეტს მოუხვევდა.
ჟიგოლოც, თავის მხრივ, ქატოსგან მოსუქებულ ხორცს უყოფდა ხორბლის თავ-თავივით სიფრიფანა ქალს კაბაში და ეს ორნი ერთად იზილებოდნენ.
მთების იქით წააწვენდა ხოლმე და შორიდან ღმერთი მათ ერთმანეთში ზელდა, ზელდა და ზელდა. იქამდე მაინც, სანამ შვილიშვილები არ გამოიზილნენ.
ზღაპარი ქატოთი და ფქვილით დაიწყო, მაგრამ სკლეროზნარევი მოგონებით დასრულდა, იყო თუ არ იყო რაო.
(ტრილოგიის დასასრული.)

ისე, ჩემებურად

დედა ამბობს, ისე გზრდიდი, ცუდი რა იყო არ გცოდნოდაო. ზღაპრებსაც თავისებურად ყვებოდა: ყველაფერი კარგად იყო, კარგად არის, კარგად იქნებას პრინციპით. დედა, მე რომ ნაზი ვარ, შენი ბრალია.
ერთი მეგობარი მყავს, წიგნი ბოლომდე არ წაუკითხავს, დაუმთავრობის პრინციპი ჰქონდა. მის საყვარელ მუზად ვიქეცი, მაგრამ მეექვსე თვეა აღარ გამოჩენილა. ჩემი ცხოვრებისეული წიგნის დასასრული ხომ არ იყნოსა მეთქი, ხანდახან ვფიქრობ.
თავადაც მთელი ცხოვრებაა ზღაპრების გადაკეთებას ვცდილობ. იმ მიზეზით, რომ საბოლოოდ ბოროტ გმირებს გამოკეტილი მეგობარიც არ ჰყავთ და მარტოობაში კვდებიან. საავტორო ზღაპრები რომ არ ჩავთვალოთ, სადაც დაიშვება, რომ წითელქუდა და მგელი საყვარლები ხდებიან, სტოკჰოლმური სიტუაციის არ იყოს, მსგავსია ტომმა და ჯერიმ ერთმანეთს ბავშვები მოუნათლონ.
ისე კი, ყველა ზღაპარი არარაობის მითებით იწყება და იდეალიზმით მთავრდება, უფრო სწორედ, უკიდურესი წერტილების განცალკევებით: ჭირსა და ლხინს რა ძალიანაც არ უნდოდეთ შეუღლება, მათი შერწყმა ”ჰეფი ენდით” ვერ გვირგვინდება. ასე ზღაპრის საერთაშორისო კანონმდებლობას უთქვამს: აქლემი ნემსის ყუნწში ვერ გავა და ქატო ფქვილთან ვერ შეიზილებაო.
ხანდახან მგონია, რომ ზღაპრის უარყოფითი პერსონაჟი ვარ, ფინალში მხოლოდ მშობლებს რომ უყვართ.
გავრისკავ, წითელ ქუდას მძევლად ავიყვან, ყურზე და კისერზე ვუკბენ ნაზად, რომ არ გამექცეს, მუცელში ჩავისვამ და დავუმტკიცებ, რომ ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს სიყვარულია, ისე, ჩემებურად.

ცხრა ჩემს იქეთ

”შენ რქები გაქვს, თუ არ დაგიკარგავს, ე.ი. გაქვს”.

ათიოდე წუთი ვისხედით და მოვასწარით, გვესაუბრა შიაცუს ხერხებზე, – იაპონური დაზელვის ხერხით მკურნალობის მეთოდებზე, – სხეულებზე წერტილები აღმოვიჩინეთ და აბსტრაქტულ თემებზე გადავედით.

მაგალითად, როგორ უნდა ილოცო გულით: მაჯიდან პულსი (ერთი-ორით) გაითვალო და ”მამაო ჩვენო” ისე ააყოლო.

იმაზე, რომ ცალმხრივობის ნებისმიერი გამოვლენა უსამართლობაა, თანაც მთელი არსითაა ნაკლული.

სიყვარული კი ერთგულებაა, როცა ორი გული იქცევა ერთ გულად და დაიბადება ერთგულება.

ერთგულება კი რაღაცით რელიგიურ რწმენას ჰგავს: როცა არ კითხულობ რისთვის და როდემდე უნდა უერთგულო.

მერე ის ცხრა ჩემს იქეთ გავუშვი და პარალელურად, გამორთული ტელეფონი ჩავრთე, კარლსონის პრინციპით დავიწყე ჩიჩქვნა: გასულ აბონენტთან დაკავშირება წუთში ერთხელ ვცადე, მერე ტელეფონი თავადაც დამიჯდა.

საიდუმლოს გაგიმხელთ, შეიძლება უჩემოდაც შეამჩნიეთ, – გზაში ვწერ. აი, როცა ტრანსპორტში ვზივარ ან თუ ვინმეს ველოდები და იგვიანებს. დროის დაკარგვა არ მიყვარს და მორიგ ნაწერებზე ვფიქრობ.

გზის სერიას გავაგრძელებ და დღეს გზა გავბზარე. ფეხი რომ დავდგი, ჩაიბრიცა და დედამიწას კიდევ ერთი ბზარი შევმატე, გუბემდე ათგზის დატოტვილი და გადავახტი.

მოქმედებამ ისე გამახალისა, – გადმოვახტი.

ახალი ფეხსაცმელი მაქვს.

აი, ისეთი, კაბინეტში ჩუმად რომ ვერ შეიპარები, მიწაზე დაბიჯებისას კი გგონია დედამიწას თხრი.

საკუთარ ნაბიჯებს ვერ ვცნობ, მგონია კენტავრს გავუცვალე სიმძიმე და ვნანობ: ”სანამ ვიყიდიდი, სიარულში უნდა გამომეცადა. ნეტა ჩაიბარებდნენ!”

უკვირთ, როგორი სუსტი ვარ და ჯარისკაცული სიარული ვიცი, მე კი ვფიქრობ: ყველამ ასეთი ფეხსაცმელი რომ იყიდოს, ზაფხულამდე დედამიწა მეტეორიტებად იქცევა.

შორიდან რა ლამაზი სამახსოვრო ფოტო გამოვიდოდა!

ნახევარი გზა წარსულს მივაბარე და სიარული მთვრალივით დავიწყე.

დაახლოებით ისე, სკაიპის სმაილი რომ ცეკვავს, – რიტმულად და ომახიანად.

საკუთარი სიფხიზლე რომ ვიგრძენი, ტირილისგან სუნთქვა გადამეკეტა და ჩემში ფემინურობა შევიძულე.

ოღონდ არ მეტირა, თავი ხალხს შევაფარე, ძველი ჩვევაა, ემოციები მიშრება მათთან.

თავი მიტინგის მონაწილედ აღვიქვი და ინდივიდუალური პრობლემები დავკარგე.

მიტინგი კი გასართობ ოთახს ჰგავს, ახლა არ ვიცი და ჩემს ბავშვობაში ზოოპარკში რომ იდგა, ჩაიხედავდი და იგივე იყავი, ოღონდ სხვადასხვა ფორმით.

მიტინგი ის არის, როცა იმას აკეთებ, რისი გაკეთებაც მარტო ყოფნისას თავში აზრადაც არ მოგივიდოდა.

ისევ ცხრა ჩემს იქით წავედი და ღიღინი დავიწყე, რომ აქეთ გორას წიხლს ვკრავდი, იქითას ძვრას ვუზამდი, და ცრემლები ისევ გადავაგორე.

ერთი სული მქონდა, ჩემში ის ქალური საწყისი ერთად გამენადგურა, აბაზანაში, გზაზე თუ ლოგინში აცრემლების მომენტები რომ ჰქონდა.

სქესის სუიციდი დამეშვა და ამით არც კაცური საწყისი გამეძლიერა. ალტერნატიული სხვა მომეხდინა ჩემში.

რამდენი ხანია დათრობამდე არ დამილევია.

შევიკრიბებოდით ჩვენ სამნი და კოცონთან ვუსმენდით ინგლისურ ჯოი დივიჟენს, ცეცხლზე გახურებულ ჭიქებში ვისკის ვასხამდით და შუბლს ერთმანეთის მხრებზე ვადებდით.

დაცლილ ჭიქებს შიშველ მუცელზე ვიდებდით და ვყვებოდით, რამდენ ონავრობას ვნანობდით.

შიგადაშიგ ამერიკაზე, როგორც დედამიწის მეორე მხარეზე, ვოცნებობდით, რომ იქ ერთი დღის კაბას მეორედ აღარ იცვამდნენ.

იქ ყველა იღიმებოდა, რადგან თეთრი კბილები ჰქონდათ და კოცონს ცეკვით წრეს ვარტყამდით.

ფიქრიც ცოდვაა. თუ გაიფიქრე ე.ი. დაუშვი. ჩვენ კი იმდენი ცხოვრება გვაქვს, რამდენიც ყველა შესაძლო ვარიანტი.

ამ ლოგიკით, რამდენიმე ჩემთაგანი ერთ-ერთი იმათგანია, ცხრა ზღვისა და მთის იქით რომ ცხოვრობს.

რამდენიმე ჩემთაგანს სქესი არა აქვს და აზრზე არ არის ცრემლი რა არის.

წავიკითხე, რომ ცრემლი ისეთ ნივთიერებას შეიცავს, უარყოფით ემოციებს რომ რეცხავს.

აღსანიშნია, რომ ხახვის დაჭრის დროს გამოყოფილ ცრემლში ეს ნივთიერება არ შეინიშნება.

შევნიშნე, რომ გადავახტი რამდენიმე შესახვევს და მანქანას. აღარ ჩავუკვეთე ჭიანჭველას მოხაზული მანძილი სახლიდან სამსახურამდე. აღარ დამეღალა ჭრილობიანი მუხლები სიარულისგან.

უბრალოდ ავდექი და ფრიიიი გავფრინდი სახლისკენ. ფრიიიი და შევფრინდი თვალებივით მჭიდროდ ჩარაზული ფანჯრიდან და ნამზეურ ლოგინში დავესვენე.

სახლში რომ შევედი, იმ დღეს დედა მხიარული დამხვდა. დღემდე საწოლის კიდესთან მიჯდება და ზღაპრებს მიყვება. მართლა.

მაგალითად, გუშინ ლეგენდა მომითხრო, რატომ დაერქვა ბაკურიანს ბაკურიანი, რომ ცხოვრობდა ვინმე ბაკური, კოვზებს თლიდა, ძმამ უთხრა: დიდი მე გამომითალეო, მერე სახლი აიშენეს, – რომ დაასრულა, თანდათან ჩამეძინა, ჩარაზული ფანჯარასავით მეხუჭებოდა თვალები.

ხოლო დედა იწყებდა ახალ თხრობას, ცხრა ზღვისა და მთის იქით რა ლამაზი სამეფო იყო.

დღეს ავტობუსი შემეშალა: 102-ს გავყევი 43-ის ნაცვლად. ალბათ რიცხვები მოხაზულობით გვანან.

ჰო, მე დაბნეული ვარ. კი ვიფიქრე, ამდენი ხალხი რატომ ამოვიდა, მაგრამ მერე გადავიფიქრე.

გზის ფული აღარ მქონდა, ფეხით დავბრუნდი და პოსტიც გამიგრძელდა.

მომავალ გზააბნევამდე 🙂

ამბავი წიქარაზე

ჯერ კიდევ მაშინ, როცა დედამიწა ხარზე იდგა, გვერდს თუ შეიცვლიდა, მიწისძვრა ან წყალდიდობა ხდებოდდა, კლდეზე მიჯაჭვულ ამირანს ნახევრად – კაცი, ნახევრად – ხარი გამოექომაგა. თავად გაეკრა კლდეზე მის ნაცვლად. საბერძნეთში რომ კენტავრისა და პრომეთეს ამბავია, ისე.
ყველა ქვეყანას თავისი წმინდა ცხოველი ჰყავს. მაგალითად, ინდოეთში ძროხის კულტია. ის გვაძლევს რძეს, ანუ დედა ცხოველია. მათი შვილები კი – ჩვენი ძუძუმტეები. ამიტომაც მის ხორცს არ ჭამენ.
ჩვენთან ასეთი წმინდა ცხოველი ხარი იყო, დროთა განმავლობაში ზღაპარი რომ შეთხზეს და წიქარა დაარქვეს. მეგობრის გამო სიცოცხლეს რომ წირავს. არ ვიცი თქვენამდე როგორ, მაგრამ ჩემამდე ბედნიერი დასასრულით მოვიდა: თაგვს გული აუჩუყდა და სული არ წაართვა. ანუ სუფთა დამოძღვრით.
როგორც ამბობენ, ამბის მოთხრობისას, იმაზე მეტი უნდა ვიცოდეთ, ვიდრე მისი თხრობის საშუალება გვაქვს. იმასაც ვამბობ, რომ ნებისმიერ ადამიანში ნებისმიერი თვისება დევს. ინდივიდუალიზმს კი გვაძლევს ის, თუ მათ რაში გამოვიყენებთ. გავიხსენე მეგობრების საუბრები ვის ან რის გამო შეეძლოთ თავის გაწირვა. ზოგმა არაფერი დაასახელა, ზოგმა – საყვარელი ხალხი, ზოგმა – კარიერა, ზოგმა– ნებისმიერი, მათთვის მთავარი თავგადასავალი იყო.

თუ წიქარას წარმოვიდგენთ, როგორც დასადგამ ობიექტს, ხოლო ცხოვრების ინტერესებს ჩავთვლით დიდი სახლის სხვადასხვა ოთახად, მთელი კვირაა, ისევე როგორც სხვა დღეებშიც, ვფიქრობ, რა ოთახშია ჩემი წიქარა. თუ წიქარა ობიექტია, რომელიც ყველაში დევს, მჟღავნდება მაშინ, როცა მიზნისთვის გვიწევს თავის გაწირვა.
ამ დღეებში, როგორც სხვა დღეებში, არჩევანი უნდა გამეკეთა: მე თუ სხვა. თავიდან მეს არჩევას ვფიქრობდი, მერე გადავწყვიტე, ბოლომდე მეცხოვრა. რადიკალი ვყოფილიყავი. მამცირებდნენ? ბოლომდე დავმცირებოდი. დამცინოდნენ? ბოლომდე დაეცინათ. აშკარად არ ვგავდი ადამიანს, რომელიც გრძნობის გამომჟღავნებას უფრთხოდა, მოსაბეზრებელს მხდისო და მიდიოდა. განადგურების შეგრძნებით ყველანაირ ეგოს ვაზიანდებდი. და ამ დღეებში, როგორც სხვა დღეებშიც, დასკვნა გავაკეთე: ეგოიზმის დათრგუნვაც ეგოიზმია, კეთილი ხარი წიქარა.

ძილის პირული

ვიძინებ.
ქმარო, ჩააქრე შუქი,
სანამ დაწვები.
მომახვიე სერი ქურთუკი და
მომიყევი ზღაპარი:
როგორ გიყვარდი,
მიყვარდი.
ვიძინებ.
იძინებ.
ვიძინებ.
დილით უჩემოდ გრჩება
სერი ქურთუკი.
ჩუ!