დათვების და მგლების გაკვალული გომის მთა

_MG_2929ზამთარში გომის მთის დალაშქვრაზე მოლაშქრეთა კლუბებიც ისევე ირონიით საუბრობდნენ, როგორც ერთი ბათუმელი დამსვენებელი ავტოსტოპით რომ დავემგზავრე: “გომი და ბახმარო? ზამთარში? გეშლება რაღაცა, სხვა კურორტში გერევა”.
ზამთარში ბახმაროს უცხოელი ტურისტები მაინც სტუმრობენ, თუმცა გომის მთა ზამთარში სრულად უკაცრიელი იყო. ამიტომ მივესალმე ერთმა ძირძველმა კლუბმა ზამთარში გომის ტრეკინგი რომ დააანონსა და გავყევი. კრახის შემთხვევაში გეგმა ბე-დ ოზურგეთში მეგობართან დარჩენა მოისაზრებოდა.
– არაფერი ნაციონალური კერძი არა აქვთ გურულებს ღვეზელის გარდა.
– საცივია გურული კერძი, – გაიხუმრა ვიღაცამ, რადგან ოზუგეთიდან გომის მთისკენ მიმავალ შესახვევს ვახტანგის საცივი ჰქვია, აი, როგორც ღრუიანი წიფელა და სხვა სასაცილო ტოპონიმები. მერე გავიგეთ, რომ საცივი გურულად წყაროს ნიშნავს. არ ვიცი ვახტანგი ვინ იყო, მაგრამ ლოკაციაზე ცივი წყალი კი მოდიოდა.
გურიაზე ჩხავერის ღვინო მახსენდება, აი, ის ვარდისფერ ტანინიანი ელექსირი უღვთო-უღვინო მუსლიმების გაჩეხვისგან რომ გადაარჩინა სტალინმა. ასე რომ თუ ვინმე შეგეკითხებათ, სტალინს საქართველოსთვის რა გაუკეთებიაო, თამამად შეგიძლიათ ამ უიშვიათესი ყურძნის ჯიშზე მიუთითოთ. თუ ამას გადარჩენა ჰქვია, ორი სოფლის ფერდობზე-ღაა დათესილი.
ოზურგეთში ისე გავიარ-გამოვიარეთ ბახვში არ გაგვივლია ამ ხვთიური სასმლისთვის, მაგრამ თავი ოლიმპოს ღმერთები გვეგონა ფაფუკ ღრუბლებს რომ ზემოდან დავყურებდით წიპა “ჰაჰაჰა, ადამიანებო, თქვენთვის ცა ღრუბლიანია, ჩვენთვის კი მზიანი, ჰაჰა”. ან “თქვენ მიწასა და ტალახში დადიხართ, ჩვენ კი ფეხებქვეშ სამმეტრიანი თოვლი გვაქვს, ჰაჰა”.
“მოკლეზე ხომ არ მოგვეჭრა?” – დიახ, ფილმებში ასეთი ფრაზა თავგადასავლით გრძელდება. ასეც მოხდა. ფეხსაცმლის წვერებით თოვლის ჭრა შემომესწავლა, თითქოს კაი წრიაპები ყოფილიყოს ჩემი ნაღდი ვიეტნამკები. თან ისე, რომ უკან მცოცავისთვის ზვავი არ გამომეწვია. ჰო, კაი, მაინც ვერ ვისწავლე. როცა კილომეტრის რადიუსში ისეთ გამწვანებულ და ეკლიან ჯუნგლებში ვიხტუნე და ვიბობღე, ნაკაწრები ტანსაცმლით დაფარულ კანზეც მოვიპოვე.
გომზე ასვლა შემდეგ კვირაში თქვენც შეგიძლიათ, შორი გზიდან მოივლიან, აწი სამანქანო გზებით ივლიან, ჩვენ მაინც ბლინების პირველი პარტია ვიყავით. წადით და მერე თქვენ მომიყევით, როგორ მოგეწონებათ მზის ჩასვლა ღრუბლებში, თოვლში ჩაფლული, ორსართულიანი კოტეჯების სახურავებზე სიარული და ფეჩზე გახუხული გორტექსის წინდები. ვუწევ რეკომენდაციას.
ბლინებზე გამახსენდა, საფეხმავლო გამყოლმა დილაუთენია რომ ნუტელიანად დაგვიცხო, ის პირველი დასხმაც კი ისეთი გემრიელი მომეჩვენა, უძილო ღამის მერე, რომ მარტო სუფთა ჰაერზე გურმანობისთვის ღირდა წამოსვლა. ან მარტო იმისთვის, რომ დათვების გაკვალულზე მეარა, მერე მგლების ნაკვალევზე გადავსულიყავი და ბოლოს ბაჭია გაგვსხლეტოდა თვალთახედვიდან.
ღამე კი გომზე უძილოდ უნდა გაათენო. ჩემი ხის ოთახის ფანჯრიდან, დვიჟოკის დენი რომ გამოვრთეთ და საძილე ტომრებში ხუთგზის ჩავიკუჭე, თერმული ხმაურისგან შედარებით გაწმენდილი გალაქტიკები გამოჩნდა, აი, ისეთი ასტროფოტოგრაფები რომ ასახავენ ნამუშევრებში. მიწვევდა რომ გადამეღო, ჰაბლის პალიტრა დამედო, სხვებმა გადაიღეს.
მირიანი ყვებოდა, რომ ყველაზე ლამაზი რაც გომზე ენახა შეყვარებულთან ერთად, მზის ჩასვლისას გადაფანტული ღრუბლებიდან გამოჩენილი ზღვა და ამ ზღვაში მოლივლივე ნავი იყო. ჩემთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მკვეთრად რა მახსოვდა ამ უქმეებიდან, გიპასუხებდით, რომ მყუდროება, თეთრი თოვლისა და ღრუბლების მიღმა ყოფნის შეგრძნება, ალიასკურ ფილმებში ნანახი თოვლის კიბეები, ლაფატკით თოვლის მაგიდის აშენების ნატვრა და თბილი ჩახუტებები იყო. თუმცა პოლიტიკაზე მაინც ვიკამათეთ და აიფონი მოერევა თუ ანდროიდი.

პირველი თოვლები და 8 მიზეზი რატომ არ უნდა მიყვარდეს ზამთარი

როცა შეყვარებული ხარ, სანაცვლოდ ყოველთვის უნდა გძულდეს რამე არამისნაირი, რადგან შეგრძნება შედარებებში უკეთ ვლინდება. მე მზესა და პაპანაქება სიცხეზე ვარ შეყვარებული, შესაბამისად, საზამთრო ამინდები, მითუმეტეს, ნესტიანი თბილისის კვალობაზე, ჩემთვის მარგინალურია, ანტიქრისტე და ზღვარს გადასული ამორალურობა. ოღონდ თეორიულ ჭრილში, რადგან პრაქტიკულად არასდროს მიგუნდავია თოვლში, ბავშვობაშიც კი, როდესაც თბილისში ჟანგბადი ნაკლებად ნესტიანი და ტყვიით ნაკლებად კომბინირებული გახლდათ, თანაც გზებს მარილით არავინ წმენდდა. შეიძლება შვიდთაობიანი თბილისელი დედის ბრალია, ვისაც კურორტებზე არასდროს დავყავდი, რადგან პროვინციებში სიარული თავად არ უყვარდა და, მითუმეტეს, ზამთარში სახლიდან მაღაზიაში თუ გავიდოდა. ან პოლკოვნიკ-გამომძიებელი მამის, რომელიც არასდროს იღიმოდა მეკობრესავით შრამიანი თვალით, ბავშვობაში ბულდოგს რომ შეებრძოლა და მოუგო. ამბობდა: “იგუნდავებ, გაცივდები და მოგკლავ!” ნელ-ნელა მეც შემზიზღდა თოვლი და ყინვა, რადგან გრიპთან ასოცირდებოდა. არ დაიწყოთ ახლა მორალი, გრიპი ვირუსებისგან ჩნდება, სიცივისგან კი არაო. გრიპის ვირუსები სიცივეში ცოცხლობს, სიცხეში იხარშება. ხალხი მეუბნებოდა, რომ ჩემი შურდათ, პირველი თოვლისადმი აღფრთოვანება წინ რომ მქონდა, თითქოს თოვლი რამე ბესტსელერი წიგნი ყოფილიყოს. ამიტომ წელს მოვიფიქრე, რომ თუ თოვლის მტრობა მინდა, უნდა ვიცოდე მაინც რა არ მიყვარს ასე გამალებით.

“დიდუბეში იყავი ერთ საათში ჩვენს ადგილზე”, – შეტყობინება დავუტოვე მეგობარს, ვისაც თოვლი და ზამთარი ძალიან უყვარს. სიურპრიზი გავუკეთე და გუდაურში წავიყვანე. სიხარულისგან თოვლზე გაწვა, კოცნა, მეხუტებოდა, ყვიროდა, რაც ჩემთვის სრულად გაუგებარი იყო. მითუმეტეს, ბოლოსკენ, ავტოსტოპით მოვიფიქრეთ გვიან წამოსვლა და მლეთამდე არავინ გვიჩერებდა, შეიძლება იმიტომ, რომ ზედა უღელტეხილი გადაკეტილი იყო და მანქანები არ მოძრაობდნენ, ან იმიტომ რომ რაც მოძრაობდა იმას, ყინულიან გზაზე დამუხრუჭება უჭირდა ან უბრალოდ დათოვლილები ვიყავით. ბნელდებოდა და აქა-იქ მგლების ლაპარაკი მელანდებოდა უკვე, “აუუუმ”, – კაი ვედური ბერებივით რომ ყმუოდნენ.  და მე უნდა მეპასუხა: “ჰარე კრიშნა, ჩარი რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე”. სათვალე არ მეკეთა და თვალები მეწვოდა. ღამდებოდა და ვბრმავდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ამაზე კარგი. მლეთის პოლიციასთან გაგვიჩერა დელიკამ და ჩაგვსვა. ვიფიქრეთ, რომ გადავრჩით, მაგრამ ანანურის გადასახვევთან ზედ მანქანას მიაცურდა, მიასრიალა, შეასკდა. აი, ხომ ხვდებით რატომ არ მიყვარს თოვლი.

“წამო ბაკურიანში 3 დღით, ვისრიალოთ”, – ახლა მეორე მეგობარს მივწერე და გავეშურეთ გირჩის მურაბებისა და მარხილების მხარეში. გარეგნობით ბაკურიანი უფრო მომეწონა ვიდრე გუდაური, თუმცა გზებზე თოვლი არ იდო, მხოლოდ სასრიალო ქედები იყო მოყინული, თითქოს ხელოვნურად გააციესო. შევდექი 25-იანების ტრასაზე თხილამურებით და პირველივე ჯერზე ჩამოვსრიალდი წაუქცევლად უბრალოდ იმიტომ, რომ მეხმარებოდნენ. არა და დამოუკიდებლად მხოლოდ დგომაც კი გამიჭირდა. ჩემი გამოცდილებით, შეცდომაა სრიალის სწავლა 25-იანების ტრასით დიდველთან შედარებით, რადგან 25-იანები იმდენად მოკლე და ხალხმრავალი ტრასაა, ტარაკნებივით ფეხებში გეჩხირებიან, და ამიტომ გრძელი, მაგრამ დაუბრკოლებელი დიდველი სჯობს. ბაკურიანიდან ბორჯომში გადავედით ელ.მავლით. იმდენად არ მომწონდა ბუნება, რომ ფირი ვერ დავხარჯე. 1,5 პორტრა მეყო სამი დღე. აი, თითქოს მრაველფეროვანი ნახატი აიღეს და ლოკაციებში პასტის თეთრი საშლელით გადახაზეს. ხო მაინტერესებს რა იმალება თეთრი საშლელის ქვეშ? რატომ უნდა მოსწონდეს ვინმეს ორგანული იდუმალება. აი, მე-19 საუკუნიდან რომ მოდაშია თხრობის გაუგებრად დასრულება, ვისაც რა უნდა – იგულისხმოს.

მესამე უქმეებზე ჯავახეთში წავედი და თოვლი მომეწონა. არ შემყვარებია, მაგრამ მომეწონა. ბარდნიდა, ნამქერი სახეში მეყრებოდა, თეთრი ნისლი და ბინდი თეთრ მიწას აწვებოდა. უზარმაზარი მინდვრები თეთრი საშლელით იყო გადახაზული. მაგრამ მე უბრალოდ ჯავახეთი მიყვარს და შესაბამისად, ყველაფერი მომწონს რაც მას ემართება. იქამდე მაინც, სანამ ნაყარ ქვებზე დადებულ თოვლზე ფეხი არ ჩავდგი და ჩავვარდი. გამოვფხიზლდი რომანტიკისგან და ვფიქრობ, განა მშობლების აღზრდის გამო, ან ჩემი პაპანაქება მზის რელიგიის გამო არ მიყვარს თოვლი, უბრალოდ არაპრაქტიკულია. ჩამოვწერე 8 მიზეზი რატომ არ მიყვარს თოვლი.

  1. ჰაერს წმენდსო, იტყვით. კი, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როცა ატალახდება და ჟანგბადი ძალიან ბინძურდება. მე კიდევ ყოველ ჯერზე რომ ვცივდები, ვფიქრობ, “და აი, დადგა ჟამი აღსასრულისა”.
  2. ვიზუალურად ლამაზი ეს უკიდეგანო თეთრი ჯავახეთის ტრიალი მინდვრები მხოლოდ რამდენიმე წუთია. შემდეგ ფერების ლომკა მეწყება.
  3. თოვლი ადამიანს ინფანტილურობისკენ ლინკავს, გართობის ხასიათზე მოყავს, ძილბურანს რევს, აზარმაცებს. მე კიდევ არ მომწონს ამჩატებული ჩემი თავი. თან სულ ენდორფინები მაკლია და ზამთარში მითუმეტეს. ჰო მოვიკალი თავი დეპრესიით.
  4. თოვლისა და წვიმის დროს საცობები იქმნება და სამსახურში მაგვიანდება. ამიტომ ისედაც ზარმაც ხასიათზე გაღვიძებულს სამსახურისთვის სწრაფად გამზადება მიწევს.
  5. ყოველდღიური, და მითუმეტეს, სალაშქრო ტანსაცმელი უფრო ძვირი ღირს და დამატებითი ხარჯის გაწევა ჩემი ბიუჯეტიდან ასევე ინფანტილური ქმედებაა. ეს როცა ზამთრის კვების რაციონიც კი ძვირადღირებულია.
  6. თოვლის დროს პანიკურად მშია, რადგან გამხდარ ორგანიზმს ცხიმი სჭირდება გასათბობად. შესაბამისად, დიეტას ვერ დავიცავ ჯანმრთელობის ხარჯზე და მერე საკუთარი წონა არ მომწონს.
  7. ზოგადად, დაუგეგმავია თოვლიანი დღეები, არასტაბილურია, მე კიდევ სიურპრიზების ატანა არ მაქვს.
  8. იდეა მაქვს რომ სილამაზის კონკურსებში დაამატონ კატეგორია “კონკურსანტი ყინვაში”. და თუ სილამაზემ ტემპერატურას გაუძლო, ის ნამდვილი სილამაზეა, ხომ ვიცით.

კაცს ცოტა უნდა სციოდეს

cold-e-card.jpg

ერთ თბილისურად თოვლიან საღამოს მეტროში საკმაოდ ლამაზი, ვიკინგური აღნაგობის კაცი დავინახე. გორასავით მაღალი მხარ-ბეჭები ჰქონდა, წელამდე ხორბლისფერ თმას ჩამოფხატებულ კაპიშონში მალავდა. ნასვამი არ ჩანდა, მაგრამ საზოგადოების ყურადღებას ეგრევე ჩაცმულობის გამო იქცევდა, – თოვლიან საღამოს მოკლე შარვალი ეცვა და დაკუნთულ ფეხებს ამზეურებდა. ისე ამპარტავნად მოძრაობდა, თითქოს ქალაქის ტემპერატურას ბაიყუში არ აგდებდა. გარშემო გოგოებს ძალიან მეტყველი თვალები ჰქონდათ, თითქოს მათი კვერცხუჯრედები დარწმუნებულები იყვნენ რომ ეს ვაჟკაცი თითო გასროლაზე ტყუპებს სახავდა. ზუსტად ვიცი, რომ მისი მომხიბვლელობის სამიზნე არ ვიქნებოდი კომბოსტოსავით შეფუთნული ქალი. ამიტომ, როცა ექსკალატორზე ერთმანეთთან “შემთხვევით” მოვხვდით, ამ კაცმა წვლინტები შეისრუტა.

მაშინ გამახსენდა სტერეოტიპი, რომელიც აქვთ ჩემს ნაცნობ ქალებს კაცების მიმართ: “კაცს ცოტა უნდა სციოდეს”. სანაცნობო ქალების ალბათ 80%-ს ესექსუალება მოსაწევად შენობის აივანზე პერანგის ამარა გამოსული კაცის ხატი ქურთუკმოხვეულზე მეტად. მესმის, რომ რეფლექსიით სქესობრივად ჯანსაღი პარტნიორები გვიზიდავს, მაგრამ საიდან გაჩნდა სტერეოტიპი სიჯანსაღესა და სიცივის ამტანობის ტოლობაზე? მაშინ ძალიან გავბრაზდი ყველაზე, ვინც ჯანმრთელობას ჯანმრთელად წარმოჩენაში ცვლიდა. ვუყურებდი ამ კაცს და ვხედავდი სუსტ ადამიანს, რომელსაც 2 დღეში “მამაკაცური ღირსებების” ანთება დაემართება. მესმის, რომ ლოგინმა ტემპერატურა არ იცის, მაგრამ შუა ზამთარში ბადე ჩულქებით მოსული ქალი კი არ აღმაგზნებს, ეგრევე ცისტიტზე მაფიქრებს, ხოლო ზაფხულში – ფეხის სოკოზე. ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული, როცა ერთი ნაცნობი ბიჭუნა შემხვდა, მომესალმა და მკითხა: “ასე თხლად რომ ხარ, არ გცივა?”

მთის მოთვინიერების მემორიალი

IMG_20170131_0020 copy.jpg

თბილისიდან სადღაც 50კმ-ში (ცხვარიჭამიას მერე) საბადურების ტყე ტურისტებისთვის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ადგილია, ზოგჯერ საცობიც კეთდება, პატრულებიც პატრულირებენ უბრალოდ ხეთა წყობისთვის ჩასული ხალხისთვის. ეს ადგილი სავსეა ისტორიებით, მაგრამ ბევრმა არ იცის ერთი ღირშესანიშნავი ძეგლის ამბავი გზის მაღალ მონაკვეთში, დაღმართამდე რომ დაუდგამთ და საფლავს ჰგავს.

პოსტსტალინურ ეპოქაში ბარიდან მთაში ამოსასვლელ გზას ყაჩაღებად წოდებული ანარქისტები იცავდნენ. მათთვის სენსიტიური თემა იყო მთისა და ბარის შერწყმა, ამიტომ მთაში ამომსვლელ სტუმრებს აყაჩაღებდნენ, აფრთხობდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ მთის წესების ჩანაცვლებას ბარის კანონებით. ერთხელ ერთ მილიციელს მორიგეობის მერე გამორჩნენია სამსახურის შარვლის გამოცვლა და მთის ავტობუსს  ისე გამოყოლია. უცვნიათ ყაჩაღებს მილიციელი შარვლით, ავტობუსიდან ჩამოუთრევიათ და მოუკლავთ.

ამ ამბის მერე ყაჩაღები დამარცხდნენ, ბარმა რადიკალური ზომები მიიღო, ყაჩაღებს სასტიკად გაუსწორდა და მათ “საბირჟაო” ადგილზე მსხვერპლი მილიციელის მემორიალი ააგო, როგორც მთის მოთვინიერების სიმბოლო. დღეს უბრალოდ უღრან ტყეში აღმართული ქვა არის, რასაც წარწერებიც აღარ ეტყობა.

ფიქრი ჭაობის პირას

ჩემთვის ზამთარი არის: მახსოვდეს გაზმიჭერილი მანქანიდან გადაყოფილი ხელების, თმის, რომელიც შეტაკებული ქარისგან ათ წუთში საუკუნის დასაბანივით გამოიყურება, ცოტა ხანში კი ფანჯრიდან გადაზიდული მთლიანი სხეულის დაბუჟების განცდა. ვიხსენებდე, როცა ლოგინზე აივნიდან შემოსული წვრილი მზის სხივის ქვეშ მოვიკუნტები. და როცა მზე დასავლეთით გადაიწევა, სხვა ოთახის აივანთან მოვიკუნტო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცვამ თბილად და ყინვაშიც ვსეირნობ.

ქავთარაძეზე ვიყავი შუა მაისში, მეთქი აქედან ლისის ტბაზე ფეხით ავისეირნებ. თმა ავიკაპიწე, ზურგზე საგზალი მოვიკიდე. ტბაში რომ გედებია, იმათ სკოლამდელი გოგონა ეთამაშებოდა თუ აჭმევდა. კამერაში ელემენტი არ მქონდა, ვერაფრით ვიშოვნე 2CR5, თორემ გადავუღებდი. ამ გოგოს გიშრის ფერი, ხუჭუჭა და სხეულზე შემოხვეული თმა ჰქონდა, კადრი იყო ზღაპრების ილუსტრაციიდან. უცებ ჟღალი გოგოების ჯგუფი “როლიკებით” მოსრიალდა, ფერადი კაბები ეცვათ და ნაყინებით გრილდებოდნენ. ბებია-ბაბუები წყლის პისტოლეტებით წუწაობდნენ, სანამ მათი შვილიშვილები ხიდან ხეზე ხტუნავდნენ. შეყვარებულები დაჭერობანას თამაშობდნენ. მოკლედ, ტრადიციული მაისის შაბათი იდგა.

მეორე პატარა ტბასთან თუ ჭაობთან გადავედი, თვალსაწიერში არავინ იყო. დავფიქრდი, რომ მშვენიერი კანი მაქვს, მადლობელი ვარ იმიტომ, რომ უხეში არ არის, მკვრივია, ბატონები არ მაქვს გადატანილი, რომ ნაწიბურები დამრჩენოდა, სისხლიც ისეთი მაქვს, უალერგიო. მაგრამ ჩემზე 3 წლით პატარებსაც ძალიან ნორჩი კანი აქვთ, თითქოს შუბლიდან ლოყებზე რძე ჩამოსდით, კაპილარები ზედაპირებზე ებჯინებათ და ემოციებზე უფრო რეაგირებენ. ვერც იმას იტყვი, რომ ვიზუალურობას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გამოცდილება, პოტენციურად მოსათხრობი ამბებია. აი, გაიცნობ ვინმეს, ვინც უკვე მუშაობს, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, სათქმელს დინჯად ჩამოგიყალიბებს, შეხედავ მის პირადობას და 90-იანების ბოლოს ან 2000-იანებშია დაბადებული. ანუ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ჩემი 80-იანების თაობა აკეთებდა მათ ასაკში. ბუნებრივია შემშურდა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს თაობა. სისხლი უდუღთ, ზამთარშიც კი არ სცივათ. ისინი ხომ ჩვენს შეცდომებზე სწავლობენ. 

ეს ფოტოები სადღაც იანვარში გადავიღე იქ. წამო ნუში დავკრიფოთო, აიტეხა თამარამ, კანს უხდებაო. ამ ზამთარში ნუშს რა უნდაო, ერჩოდნენ, მაგრამ იყო.

346

890
345

457

ბალახისფერი თმის ცვენის ამბავი

tumblr_mwhvbwNALK1sfpko6o1_500

წარმომიდგინეთ, რომ წლების წინ თავიდან ტერფამდე ატალახებული მივედი სამსახურში და თანამშრომლების ცნობისმოყვარეობას უნდა ვუპასუხო, მე კი მათგან წამოსული ათობით სავარაუდო ვერსიის მერე თავჩარგული ვზივარ და ტუჩებს ვაცმაცუნებ, ვერაფრით ვისწავლე თავის მართლება. მაგრამ რამდენიმე დღეში დამალევინეს არაყი და მოვყევი ამბავი: ზამთარი იდგა, საბნიდან ფეხს რომ გამოყოფ და ადგილზე გიშეშდება, ჩემმა ავტობუსმა გამასწრო, მე კი იქამდე გავეკიდე, სანამ ტალახის ტალღები არ დავაყენე და სახეც კი გაწუწული მქონდა. ახლა შემოდგომის საღამოს ვზივარ ციცქნა ნაქირავებ ოთახში და ვფიქრობ: რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო ისევ მომავალ ზამთარში?პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? ლამაზია ქუჩები ფოთლებით.

აი, შარშან ზამთარში ძალიან მომწონდა ერთი ბიჭი, რომელიც წიგნის მაღაზიაში მუშაობდა ხოლმე. ვიჩხუბებდით ყოველდღიურ ამბებზე და მაღაზიის დაკეტვამდე უნდა შემომერიგა. ის-ის იყო ტელეფონი დამიჯდა, ელვის სისწრაფით გავაჩერე ტაქსი, მაგრამ მოვხვდი საცობში. რა უნდა მექნა, მანქანიდან გადმოვხოხდი, კაშნე კისერზე კარგად შემოვიჭირე, თასმები ფეხსაცმელზე რამდენჯერმე გავინასკვე და გავიქეცი. გავიქეცი ისე, როგორც ლოლა გაიქცეოდა ან ტიპი ადრენალინიანიდან. ამ დროს თმის სამაგრი დავკარგე, თმები გამეშალა, კილომეტრზე მეტი ხუთ წუთში დავფარე, ავირბინე რამდენიმე სართული და ჩავეხუტე. მერე რა, რომ ოფლიანი ვიყავი და მაშინ ჯერ კიდევ ცისფერ თმაზე წითელი სახე მქონდა. ოჰ, როგორ მაკოცა.. და ზუსტად ვიცი, რომ დავინახე, როგორ აკოცა სკოლამდელმა ბიჭუნამ მაღაზიაში ჩამოკიდებულ სალვადორ დალის დახატულ ქალს.

ახლა კი მოვითხოვ ურთიერთობის სტატუსებს განშორება რომ დაემატოს, სტატუსი, რომელიც არც ურთიერთობას განასახიერებს და არც თავისუფლებას, რაღაც შუაშია ყელში ეკალივით გაჩხერილი და გახსენებს, როგორ აგიხსნა ვიკიპედიაში ოხუნჯობით სიყვარული, როგორ აწყობდით პოსტ ზომბი აპოკალიფსურ სადილებს სანთლების შუქზე ნერდული სამზარეულო წიგნიდან და თან ირიბად ეკითხებოდი: “ხომ ვაკეთებ შენს ბებიაზე უკეთ?” ან როგორ დგებოდა უთენია, სამსახურში წასვლამდე, ცივ წყალში ჭურჭლის გარეცხვა რომ მოესწრო და არასდროს დაზარებია ჩაის მოდუღება, მერე მაისურს შარვალში ჩამიტანებდა, ფეხსაცმლის თასმებს შემიკრავდა, ჩავეხუტებოდით და გავრბოდით. არა ისე, როგორც “კარტების სახლის” ბოლო სერიაში, განტვირთვისთვის ფეხაწყობილი სირბილი ჰქონდათ, მთელი პოლიტიკური რომანტიკა მანდ ჩაექსოვათ. ჩემგან შემოდგომაზე ნაშვილები ბროწეულის ხე დარჩა, ქოთანში დატოვებული კართან, როგორც პლუტონისგან პროზერპინას დარჩა, და უვლის.

ამ დღეებში რაღაც უცხოურ ბლოგს ვკითხულობდი, სადაც ნეფე საკურთხეველთან პატარძალს ერთ საქორწინო პირობას აძლევდა: სიტყვას გაძლევ, რამდენი წიგნიც არ უნდა იყიდო, და რამდენი მოგზაურობაც არ უნდა მოგვიწიოს, სიმძიმის მიუხედავად, არაფერს დავტოვებთ და ყველას წავიღებთო. მე თუ მკითხავთ, ესაა ნამდვილად შესაშური ოჯახი, როდესაც საყვარელი ადამიანის ინტერესი დააფასე და იცავ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან, ზრდიან. ამ წინადადებაში სწორედ ეს პატივისცემა ამოვიკითხე, და იცით, მე ხომ გამომიცდია ეს ურთიერთზრუნვა, და როდესაც ურთიერთობის დეგრადირება წავიდა, კარფურში მარტო სეირნობისას იმ ნივთებს რომ აწყდები, რასაც ერთად არჩევდით, იგივენაირი განცდაა, თითქოს დილით კოცნით გაღვიძებას რომ ველოდები და ბალიშზე მხოლოდ საკუთარი ჩამოცვენილი თმა მხვდება, შემოდგომაზე რომ მცვივა ყვითელი და მწვანე ფოთლებივით ჩემი ბალახისფერი თმა. გინდა მისი საყვარელი კარამელიანი ბურბუშელა იყიდო, ფილმების ყურებისას რომ გართობდათ, ან თეთრეული, რომელზეც აღმოჩნდა, რომ მისი მეტსახელი აწერია. გინდა იმ სიმღერას მოუსმინო, პირველ შეხვედრაზე რომ უსმენდით. ან ბლოგი გაავსო მასზე წერილებით, მაგრამ იცი, რომ აღარ გედევნება და ვეღარ ნახავს, არა და თავის დროზე იმიტომ გაგიცნო, რომ შენი ნაწერები მოსწონდა.

ბოლოს წიგნის დღეებზე ვნახე, რვა საათიდან აქ ვმუშაობ და დავიღალეო. რამე წიგნი მირჩიე, შემთხვევით ყოფილი რომ შეგხვდება, მერე საკითხავი მეთქი. გაეცინა, მასეთი არ ვიციო. საყვარელი სიცილი იცოდა ყოველთვის, მეამიტური, ბავშვური, აი, ჯერ რომ არ გაფუჭებულა და დამძიმებულა, მხარსა და ბეჭზე დედამიწა ჯერ რომ არ შემოუდია. მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა: რომ ეს ჯემპრი საერთოდ არ უხდება, ორი ერთნაირი რომ ჰქონდა და კაი ხანი მეგონა, რომ მუდამ ერთი ეცვა. ვის გაუგია ერთნაირი ჯემპრების ქონა? მაგრამ მაინც მენატრებოდა. იმდენად, რომ საკუთარი ცხოვრება არ მაქვს. მინდოდა მეთქვა: ა’მ ინ ლესბიანს ვიზ იუ, – როგორც იმ კომიქსში, რომლის პერსონაჟსაც მადარებდა, თმის ფერივით რომ ცვლიდა ურთიერთობებს. ჰო და გამოფენიდანაც გავიქეცი. პეტიცია რომ ავაგროვო, დასუფთავების სამსახურმა ფოთლები აღარ გადაყაროს ხოლმე? უფრო ლამაზი იქნებოდა თოვლივით მოჭრაჭუნე და მუხლებამდე ფოთლებში სირბილი, არა? ეს ის სუფრაა:

wpid-20140123_211853

როგორ ხარო და

მე და შენ სკოლის ეზოში ვისხედით, რომ მითხარი, დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ალბათ მაშინ ვწერ, ცუდად როცა ვარო. მახსოვს შარშან ვირტუალურადაც ვითამაშეთ: ვინ უფრო უბედური იყო, საერთო მოთხრობაც გამოგვივიდა და გავხალისდით. ახლა სამსახურამდე ფეხით გავიარეთ და თან ძველი მეგობრისგან მესიჯი მივიღე: ”გნახავ”. ცაში ავიხედე და (სავარაუდოდ) გადმომფრენი ფრინველები დავინახე ცივ ქვეყანაში რომ მოვიდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეთქი და კაშნის ფრიალით გავუყევი გზას საინტერესო წიგნებთან რომ მიმიყვანდა. წავიკითხე ცუდად ყოფნისას დაწერილი შენი მოთხრობები და მეგობარს მივწერე: ”მეც გნახავ.” შენ კი გულში გისურვე, თუ ასეა, აღარასდროს არაფერი დაგეწერა.

ნახვის დრო რომ დადგა, საჯარო საპირფარეშოში ჩავიკეტე და წყალი სახეზე რამდენჯერმე შევისხი. თმის რეზინა მოვიძრე, მაგრამ თმა კაშნისგან ელექტროვდებოდა და ისევ გავიკეთე. რამდენიმე წუთი ვუყურებდი ჩემს თავს შორიდან: შავი თმა მქონდა, შავი ფანქარი მესვა თვალებზე, მეცვა შავი პალტო და კეტები, – შავ-თეთრ ფოტოს ვგავდი, რომელსაც წითლად გაფერადებული ჰქონდა მხოლოდ კაშნი, შარვალი და ჩანთა. შეიძლება ითქვას – ტუჩებიც და ცხვირიც, – ზამთარი მსხვერპლს, თფუ, სილამაზეს მოითხოვს.

ქუჩაში გამოვედი და შეხვედრის ადგილამდე ნელა ვიარე. იშვიათად მიჩნდება პროტესტის განცდა, ძირითადად, ჩემს კვადრატში ვცხოვრობ და პროტესტი ინტრო ვერსიაში მიმდინარეობს. ბავშვობაში ძალით მოშინაურებულ ძაღლებზე თუ ჩიტებზე კი გაქანებით ვიბრძოდი: ”ნუ ჩაკეტეთ ოთახში, დააბრუნეთ დედასთან”. თავისუფლების ეს მოთხოვნა კი ნელ-ნელა გამიქრა. ზუსტად მას მერე, რაც მეგობარს დავშორდი. თუ დამშორდა.. რომ მნახავს, ვეღარ მიცნობს.. რომ ვნახავ, გულწრფელი ვიქნები.. რომ ვნახავ, დავმშვიდდები.. მე ვიქნები კარგად და მაინც დავწერ. აქ სტოპ!

ჩავუსაფრდი შენობის კუთხესთან, ვხედავდი როგორ დადიოდა აქეთ-იქით და მივწერე: ”აღარ მოვალ”. მან ისევ გაიარა აქეთ-იქით და მომწერა: ”სად ხარ მითხარი და მე მოვალ”. გამეღიმა და გამოვჩნდი. ალბათ ეს პასუხი მჭირდებოდა. მე ვარ კარგად და მაინც ვწერ.