გადაყვარება

არსებობს რამდენიმე დავალება, რათა გავთავისუფლდეთ საყვარელი ადამიანის ლანდისგან დაშორების მერე და განვიცადოთ კათარზისი: 1) ვეცადოთ გავხდეთ უფრო ბედნიერები, ვიდრე ყოფილ პარტნიორთან თანაარსებობის დროს, რადგან ბედნიერი წუთების გახსენებამ ეფექტი დაკარგოს; 2) ვეცადოთ ხალხს კეთილად მოვექცეთ, რადგან აქამდე დაგროვილი სითბო უადრესატოდ არ დარჩეს და ბოღმად არ დაილუქოს. მაგალითად, გავანებივროთ ხალხი საჩუქრებით. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ საყვარელი ადამიანი არ არის მატერიალურად არსებული და საკუთარი თავის ხატს, ავატარს წარმოადგენს. შეიძლება გადაიყვაროს საკუთარი პიროვნება ბილი მილიგანმა ან ქრისტემ გაღმერთებისას?

მოვიფიქრე, რომ აზერბაიჯანისთვის მეორე შანსი მიმეცა, რადგან გობუსტანში სოლო ლაშქრობისას უპასუხო შეკითხვები გამიჩნდა. სხვა სტატიაში გობუსტანი აღვწერე, როგორც აზერების ოცნება ეთნიკური ვიკინგები ყოფილიყვნენ. აი, როგორც ქართველებს გვაქვს ოცნება “ვეფხისტყაოსნის” რენესანსურ პიონერობაზე, თუმცა დანარჩენი სამყაროსთვის ეს თეორია პატარა ერის კომპლექსად რჩება, “ვეფხისტყაოსანი” კი – კარგი ხარისხის მაგრამ, მაინც სადევ-გმირო რომანად. სად დანტე და ბოკაჩო თავიანთი ცოდვილი რომის პაპებითაც კი, და სად რუსთაველი, პერსონაჟები ჯერ კიდევ არაადამიანურები ჰყავსო.

ამ ფოტოზე ვარ მე, ანდოგინი ანგელოზი და პლაგიატი მათე, იქვე კარავაჯოს ხელმოწერა იგულისხმება, აკაკი წერეთელივით რომ მწერალს მისიონერული პოზიცია მიაწერა. სხვა სახარებებიდან მათეს წიგნი ყველაზე გამოკვეთილად აღწერს ქრისტეს ადამიანურობას. კარავაჯოს ჩანაფიქრით კი ჩვენთვის ღმერთი ქრისტე, ციური სამყაროსთვის მაინც ადამიანია. ეს მათეს ქრისტეს “ჩორტის” ბრალია ისტორიულ სომხეთთან ურთიერთობა რომ გაგვიფუჭდა.

საახალწლო უქმეებზე სამ დღიანი კასპიის კრუიზი მოვიწყე. სხვა ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ შემეძლო მთელი დღე მეარა ოთხკუთხედ ოთახში ჩემი შავი კიმონოთი და მესმინა პელევინის პოსტაპოკალიპტური საბჭოთა კავშირისთვის. არ მესმის როგორ უნდა იკითხო პელევინი. პელევინს უნდა მოუსმინო აუდიო წიგნებით. თუნდაც იმიტომ, რომ პელევინის შემოქმედება ჯერ მპ3 ხარისხით გამოდის და მერე იწერება. მაგრამ რუმმეითმა ჩემზე იძალადა, ოთახში მასე თბილისშიც გამოიკეტებიო, რა დროს ძილია, ჯერ ათი საათიაო, ახალი წელიაო.

ვერ წარმოიდგენთ როგორ მეზარებოდა უცხო ქვეყანაში დალევა. მაგრამ რუმმეითის დაჟინებული თხოვნის, საბნის გადაწევის, წყლით გამოფხიზლების მერე, სადაც მეოთხე ტეკილას რომ ვსვამდით ბზრიალა ცათამბრჯენზე, ვკითხე, რას გაურბიხარ, რომ ერთობი მეთქი. ეს შენ რას გაურბიხარ, “ალი და ნინოს” წიგნის მაღაზიაში ჯერ მარტო ერთ წიგნში 59 მანათი რომ მიეციო. ეტყობა ვერ ვერთობი, უნარი დამეკარგა მეთქი.

ბაქოს ბოლო დღეს კარავაჯოს გამოფენას ვესტუმრე და ბოლო კვირების მერე პირველად გავიღიმე. სევდიანია, როცა ხვდები, ალკოჰოლი რომ აღარ გართობს, არც გლამურული სპა სალონები “კაიუტაში”, არც ოთახთან დატოვებული თაიგულის ავტორის ვინაობა გაინტერესებს, არც ნაპოვნი 1000 რეალის დაგუგვლა გაცინებს და აღმოჩენა რომ ამით 1 დოლარიც არ მოგივა. აი, თურმე რატომ იციან აზიელებმა მათემატიკა, მაღალ რიცხვებთან აქვთ შეხება. მაგრამ აი, მათეს სახე ძალიან მამხიარულებს და რა ვქნა. ასაკი ალბათ. გადაყვარებაზე ვსაუბრობდი და ალბათ საკუთარი სურვილები უნდა გადავიყვარო, საზოგადოებას რომ სახარებასავით მინდა მოვახვიო.

4656567

დაჩიპული ბრინჯი

“ადამიანის თავისუფალი ნება სიმაღლიდან ვარდნას ჰგავს. შეგიძლია დრო გადაახვიო და არ ჩამოვარდე? არა. შეგიძლია დრო გაყინო და აღარ დავარდე? არა. ადამიანს მაქსიმუმ დავარდნის პოზიცია შეუძლია აარჩიოს.”
პელევინი

Untitled

მე და თამარა შესვენებებზე მუშტაიდის ბაღში ვსადილობთ, სახლიდან წამოღებულ საკვებებს პიკნიკივით შევექცევით, ვკატაობთ კარუსელებზე და სამსახურებს განვიხილავთ. ერთხელ გაზონზე, ასფალტიდან 2 მეტრში ხეზე დაკიდული ქაღალდი შევატყვეთ. დაგვაინტერესა რა ეწერა წერილში და გაზონზე გადავედით. წერილში ეწერა, გაზონზე არ გადახვიდეთო.

თამარამ მოყვა თანამშრომელზე, ვისაც სჯერა რომ ბრინჯი არის დაჩიპული. მისმა მოძღვარმა ასე იქადაგა, მრევლს თეთრ ბრინჯზე შავი წერტილი აჩვენა. მართლა, არ ვიგონებ. მეთქი ბრინჯი საუზმეზე მივირთვი და რობოტული ცეკვა დავიწყე. თამარამ მოიფიქრა, რომ თანამშრომელს ჩემი ქცევა მოუყვეს. უფრო შევაშინოთ, – ჩემმა მეგობარმა რაც ბრინჯის ჭამა დაიწყო უცნაურად იქცევა, რაც არ უნდა იმას აკეთებსო.

ბევრი ვიცინეთ თუ ცოტა ვიცინეთ, სამსახურებისკენ დავიშალეთ. გავნაგრძეთ იმის კეთება, რაც არ მოგვწონს. ვფიქრობ, რა საჭიროა ჩიპი საკვებში თუ პირადობის მოწმობებში, როცა ისედაც მართულები ვართ. მე მაინც. არ მახსოვს ბოლოს როდის მქონდა თავისუფალი ნება: An ounce of freedom. ან ვინ ჭკვიანმა მოიფიქრა შუა გაზონზე წერილის დატოვება? რამე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია: კანონი თუ ცნობისმოყვარეობა?!

პერციის პრინცი


იმის მერე, რაც მოდერნიზმა ღმერთის სიკვდილი გამოაცხადა ადამიანებს პარალელურ სამყაროებთან დაკავშირებით ილუზიები გაუქრათ. თუ მოდერნიზმი უზენაესი წყობისადმი სიკვდილს ტრაგიზმად აღიქვამდა, პოსტმოდერნიზმში უღმერთობის ტკივილი დაძლეულია და ინდივიდუალური რელიგიით ჩანაცვლებული: ადამიანი ყოვლისშემძლე ღმერთია. თუ ჰიპების პერიოდში პარალელურ სამყაროებს ფსიქოდელიურ ხილვებში აღიქვამდნენ, კომპიუტერიზაციის პერიოდში კიბერნეტიკის მეშვეობით ღმერთობა გამარტივებულია.
ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია შეუძლია ჩართოს კომპიუტერი და მასში პარალელური სამყარო შექმნას. საკითავი მხოლოდ ერთია: ეს იქნება რეალური სამყაროსგან გაქცევის საშუალება თუ ახალ რეალობას მივიღებთ.
არსებულმა ვითარებამ შექმნა საჭიროება შექმნილიყო ახალი დროების ახალი ხელოვნება. ეს კიბერ სამყაროა, რომელშიც ხელოვნება ისეთივე ციფრულია, როგორც საზოგადოება, რომლებიც ანიმაციურ პერსონაჟებად იქცნენ მართულნი.

პოსტმოდერნიზმს განიხილავენ, როგორც ახალ ტექნოლოგიათა ეპოქას, კოსმიური ომების იდეოლოგიას, მეორენი ამ ნიშნით სწორედ ტექნოლოგიათა მოზღვავებას ემშვიდობებიან, მათთვის პოსტმოდერნი „მწვანეთა“, ეკოლოგთა, ალტერნატიული იდეოლოგიაა.

ვიქტორ პელევინი დგას სადღაც ქრისტიანობასა და ბუდიზმს შორის. ის ახალი თაობის ადამიანი პოსტმოდერნისტული წერის სტილით.

მწერალი ჩანს თავისი დამოკიდებულებით თანამედროვე საზოგადოების მიმართ. მისი ნაწარმოების გაცნობისას ვხვდებით დეჰუმანურ ადამიანებს, რომლებიც თუ დავაკვირდებით, მოწესრიგებული კანონებით ცხოვრობენ.
მისთვის ოცდამეერთე საუკუნის მთავარი კულტურილი ტექნოლოგია სხვისი საფლავის კომპიუტერული მითვისებაა. მისი ტექსტები რეალობისა და ილუზიის გადაკვეთაზეა, სადაც ამ ორ ანტონიმს შორის ზღვარს ვერ ხედავს.
ზოგ ნაწარმოებში ნატურალურსა და კიბერ სამყაროებს შორის ზღვარი ჯერ კიდევ შეინიშნება, საკითხავი ის არის, პელევინი თავის ნაწარმოებს ამ ზღვრის გამო წერს?
მისი ნაწარმოები „ცენტრალური დაგეგმარების პრინცი“ დაიწერა 1992 წელს. ამით ავტორმა დიაგნოზი დაუსვა იმ დროინდელ საზოგადოებას, მათგან პარალელური სამყაროს არსებობის მოთხოვნებს. პერსონაჟები დიდად არ უფრთხილდებიან ცხოვრებას, საკუთარ რეალობას, მათთვის სამყარო რამდენიმე განზომილებიანი თამაშია.
ყურადღება მისაქცევია ფაქტი, თუ როდის იწერებოდა ეს ნაწარმოები. ეს პერიოდია, როცა ხდება საბჭოთა კავშირის რღვევა, იდეოლოგიათა გადაფასება და ახლის შენება. მისი პერსონაჟებიც აშენებენ ახალს, მათ არც ბრძოლის უნარი აკლიათ და შემართებასაც არ უჩივიან. პრობლემა სხვა რამეშია: არ იციან ვინ არიან.

დერეფანში ადამიანის ფორმის ფიგურა მირბის. დახატული დიდი სიყვარულითა და ცოტაოდენი გრძნობით. თუ დავაჭერთ „UP“ კლავიშს, ზემოთ ახტება და შეეცდება თავს ზემოთ დაიჭიროს რაღაც. თუ დავაჭერთ „DOWN“-ს, დაჯდება და შეეცდება ფეხებ შუა მიწიდან აიღოს რაღაც. თუ დავაჭერთ, „RIGHT“–ს, მარჯვნივ გაიქცევა, „LEFT“–ს თუ დავაჭერთ, – მარცხნივ. რისი თქმა მინდა, მისი მართვა სხვადასხვა კლავიშის მეშვეობითაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ამ ოთხს ვიყენებთ,

– ასე იწყებს ნაწარმოებს ავტორი ტექსტის წერას, რომელიც თავების ნაცვლად დაყოფილია ტურებად, პაუზებად.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი – ალექსანდრე პაპინი, – პოსტსაბჭოთა ეპოქის პროგრამისტია. რომელიც გატაცებულია თამაშით: პერსიის პრინცი. ეს კომპიუტერული თამაში სათავგადასავლო თრთრილერის ჟანრს მიეკუთვნება და გამოიცა 1989 წლის 3 ოქტომბერს. თამაშის პერსონაჟები ვიზუალურად განსხვავდებოდა სხვა თამაშთა გმირებისაგან და სათავგადასავლო სათამაშო პროცესით იპყრობდა საზოგადოების ინტერესს.
ტექსტში „პერსიის პრინცის“ გარდა ნახსენებია თამაშები: Arkanoid, Budokan: The Martial Spirit, Crazy Bird, F-15 ,trike Eagle, F-16 Combat Pilot, F-19 Stealth Fighter, Abrams Battle Tank/M1 Tank Platoon, Pipes, Prince of Persia, Starglider, Targhan, Tower Toppler.
საშა საკუთარ თავს აიგივებს პერსიის პრინცთან, თავის ცხოვრებას თამაშთან. კომპიუტერული რეალობა მისი მეორე ცხოვრება გახდა, სავსე ხიფათებითა და მტრებით. მისი მიზანია მშვენიერი და იდუმალი მზეთუნახავის გადარჩენა. ამასთან, მისი რეალური ცხოვრებაც დაკავშირებულია თამაშთან. მისი გარშემომყოფი თანამშრომლებიც ასევე თამაშობენ. თამაშობს ყველა. პარალელურად რეალურ ცხოვრებაში გამოსვლისას ეჯახება სხვა თამაშებსაც და საშა ერთვება მათშიც.
პელევინმა ერთგვარად იწინასწარმეტყველა ის მოვლენები, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში უფრო მასიურად ხდება: ღილაკები, ანიმაციური ადამიანები და ამ ყველაფრისადმი ფანატიკური დამოკიდებულება. ავტორი ხატავს რეჟიმული, თამაშური ცხოვრების გლობალურ მაგალითს რამდენიმე პერსონაჟის მეშვეობით.

ამერიკაში ათასობით ქალია უცხოპლანეტელისგან ფეხმძიმედ, ჩვენებიც, მაგრამ მათი კაგებე სადღაც გვიმალავს.

პელევინის პერსონაჟებისთვის ცხოვრებამ თავისი თავი ამოწურა. ტექნიკის განვითარებასთან ერთად ადამიანებს მეტი მოთხოვნა გაუჩნდათ. მათ ვერ გადაუწყვეტიათ ცხოვრობენ სიცარიელეში თუ ბრძოლით დახუნძლილ სავსე ცხოვრებაში. მათ არ იციან თავისუფლება.
ჩვენ ვთვლით, რომ პელევინი არ იგონებს ახალ, მეოცე–ოცდამეერთე საუკუნის სამყაროს, ის მხოლოდ აღწერს.
ნაწარმოებში ერთმანეთში ითქვიფება ორი სამყარო, თამაშისას გაჩენილი მტრები რეალუად მტრები არიან.

– დღეს მე შენი მოკვლა ძალიან მინდოდა, – გამოტყდა აბბასი, რომელიც წიგნის ყრდას არ აცილებდა თვალს, – მაგრამ არ შემიძლია გულიანი ადამიანის მოკვლა.
– და რატომ უნდა მოგეკალი?
– და მურუფა რაღატომ მოკალი?
– რომელი მურუფა?
– აღარ გახსოვს, ხო

– გინდოდა თუ არ გინდოდა, ყველაფერი ალაჰის ხელშია,

– პასუხობს აბბასი საშას.
მთავარ პერსონაჟს აწუხებს კითხვები: ელოდება მას თავისი პრინცესა? რაზე ფიქრობს? მასზე ფიქრობს? ტექსტში დაყენებულია საკითხი: რა არის მისი ცხოვრების მთავარი მიზანი: ვირტუალური რეალობა თუ საკუთარი ცხოვრება? იქნებ საკუთარი ცხოვრება სწორედ მისი ვირტუალური სამყაროა.

– ნუთუ არავინ მისულა მასთან [ პრინცესასთან]?
– რატომ? ბევრი მისულა.
– მერე რატომ დუმან? რომ სხვებმაც… რომ მათ არ ეწყინოთ?
– მე მასე არ მგონია. როცა ადამიანი ხარჯავს მთელ თავის დროს და ენერგიას გზაში და საბოლოოდ მიაღწევს მიზანს, მას უკვე აღარ შეუძლია დაინახოს ისეთად, როგორიც სინამდვილეშია… თუმცა ეს ვერსიაც არაა ზუსტი. არავითარ „სინამდვილეში“ არ არის სინამდვილე. მოდი ასე ვთქვათ, მას არ შეუძლია თავს ნება მისცეს, რომ დაინახოს.

ვ. პელევინი მთელი სერიოზულობით ცდილობს აგვიღწეროს კომპიუტერული თამაშების დეტალები და ამ სერიოზულობით ახდენს არეალური სამყაროს გასერიოზულებას თუ სიკვდილ–სიცოცხლის გაუბრალურებას.

– ეს თამაში ასეა მოწყობილი: პრინცესამდე მისვლა მხოლოდ დახატულ პრინცს შეუძლია.

– რატომ?
– იმიტომ, რომ პრინცესაც დახატულია. და დახატული კი ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს.“

საშამ ისიც კი არ იცის, სად მთავრდება დახატული საშა და სად იწყება რეალური ადამიანი. ის საკუთარ თავს თამაშის პერსონაჟად იმდენად აიგივებს, რომ ცხოვრებაც გაიგივებული აქვს თამაშთან, რომელიც ტრიალებს წრეზე და ცხოვრებასავით უსასრულოა. არის სხვა პრობლემაც: საშას ცხოვრებისეული ქმედებები არა მარტო დაკავშირებულია თამაშზე, ის სიზმრებსაც დახატული პერსონაჟების სახით ხედავს.

„რუსეთი ჩემთვის გონების სახეობაა, რომელიც ჩემში ფორმულირდება. ამიტომაც, მისგან წასვლა შემიძლია მხოლოდ უსიზმრო ძილში, როდესაც არაფერზე ვფიქრობ,“ – ერთხელ ინტერვიუს დროს ახსენა ავტორმა.
როცა ვ. პელევინს ტელეფონზე საუბარისას კითხეს, მოკვდა თუ არა ღმერთი, მან უპასუხა: თუ ის მოკვდა, მაშინ ღმერთი არც იყო. ასევე ახსენებს თავის დადებით დამოკიდებულებას ამ მოთხრობის მიმართ.
ის ამტკიცებს, რომ თანამედროვე რუსული საზოგადოების სიმბოლურად ინფორმაციული სისტემა ხშირად მცდარია და გამოხატავს იდეოლოგიურ მოთხოვნილებებს.
რუსული საზოგადოება ერთგვარად ორადაა გაყოფილი: ერთნი საუბრობენ მის ნიჭზე, რომ სამყაროს აღქმა კალმის ჭრასთან ერთად ეხერხება, მეორენი შენიშვნას აძლევენ და თვლიან, რომ პელევინი მხოლოდ პროექტია თან კომერციულ მოსაზრებებზე დაყრდნობილი თარგი, რომელიც თავში სიცარიელეს ტოვებს.
„პელევინი კომპიუტერული ქვეცნობიერის ფირია“, – წერდა ანდრეი ვოზნესენკი. მაგრამ მისთვის ვირტუალური სივრცის ჭიად წოდება შეურაცხმყოფელია, – სხეული მხოლოდ და მხოლოდ მანქანაა, რომლის მეშვეობით ცხოვრების გზაზე მიდიხარ, მაგრამ თუ ის მთელი ცხოვრება ავტოფარეხში დააყენე, რაღაში გამოგადგება.
როდესაც იცვლება ცხოვრებისეული ღირებულებები ორიენტაციის დაჭერა ყოველთვის ჭირს. ჩვენი აზრით, ამ წონასწორობაზე საუბრობს ვიქტორ პელევინიც. მის გადმოსაცემად იყენებს თამაშის სიუჟეტებს, რეალური ცხოვრება ხომ ერთგვარი თამაშია, რომელსაც სხვადასხვა განზომილება აქვს.