ნიფილიმები, გოლიათები, დევები და ათასი უბედურება, ჯანდაბა!

exlibrisclip

“ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”
მე, 2010

ვინაიდან დედაჩემი, თუ ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, სპეტაკი თბილისელი ექიმების შთამომავალია, ბოლშევიზმის პერიოდში უპირატესობა რომ დაკარგა, მაგრამ ლამის დაჩისთან ერთად დააარსა ქალაქი; ხოლო მამაჩემი, თუ ასევე ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, გნომისა და დევის ჰიბრიდი გახლავთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ჩახლართული გენი მაქვს. თუ ამავე წყაროებს დავუჯერებთ, მდინარეს სათავისკენ ავყვებით, დედაჩემის ხეები მარცხნივ რომ გადავდოთ, გიამბობთ, რომ ჩემი პირველი მამობრივი წინაპარი ჭინკაა, სახელად შაშა, ნაწარმოებია შაშვიდან, პატარა ჯუჯა კაცუნა, რომელმაც დევებისგან რკინის გამოჭედვა ისწავლა და ხანდახან იმით ცუღლუტობდა, რომ შვიდწვერა მთიდან სოფლებს რკინის სეტყვებს უშენდა. მიზეზი დევთა გაცამტვერება გახლდათ და მე დღემდე მჯერა, მამა-პაპური დევების პარალელი გადის ებრაული ზღაპრების ნიფილიმებთან, სადაც ბაბუაჩემი შაშა ბიბლიური დავითის ალეგორიაა, დევი – გოლიათის, გოლიათი – ნიფილიმის, ხოლო მთელი ეს რკინის სეტყვები სოდომი და გომორის ინტერპრეტაციაა დაცემულ ანგელოზთა გასანადგურებლად. ამიტომ გამიტაცა შუმერულმა და ებრაულმა ზღაპრებმა.

არის ერთი გრაფიკული მოთხრობა “გოლიათი”, სადაც დიდი კაცი რაღაც ჰოდორის მსგავსი წარმონაქმნია, ძლიერი, მაგრამ ალალი, რაც, თავისთავად, წინააღმდეგობას ქმნის, იმდენად, რომ შურდულიც კი ამარცხებს. მახსოვს, რომ ჩასჩიჩინებენ, ამხელა ჯარისკაცი ხარო, ვინმე უნდა მოკლაო, კარგიო. მართლაო? არაო. ისეთი ჰუმანური წიგნია, როგორც ერთი თანამედროვე ქართველის ზღაპარი, დევი რომ ადამიანებთან მიდის და ემუდარება, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო. ანცი ბიჭუნაა ეს გოლიათის თვალით დანახული დავითი, თავის გამოჩენას მოწადინებული. თვალებით ელვას უშვებსო, შიშველი ხელებით აქლემი მოკლაო, ლოდებს მიირთმევსო, დიდი აქვსო გოლიათს. სინამდვილეში წიგნების კითხვა ჰყვარებია და ღამის მდინარეზე კენჭების შეგროვება. რამდენადაც გოლიათის მესმის, იმდენად არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ნიჭი ეს ხომ საჩუქარია, მიღებული უშრომველად, ეს ხომ ნიშნავს იცხოვრო მშობლების ხარჯზე, რადგან ოდესღაც რაღაცა იშრომეს, იწვალეს, შეიძლება წვალებისგან შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ შვილებს გადასცეს, რითიც დამოუკიდებელი არჩევანის უფლება შეუზღუდეს. ეს ნიჭი იმ ლამაზფეხება ქალს ჰგავს, რომელიც თეძოებს ნარნარით ამოძრავებს, მაგრამ ქალიშვილი კვდება. ეს ნიჭი დაბადების დღეზე მიღებულ ტიგროვი შარფს ჰგავს, რომლის გამოც მეგობარს დავშორდი და როცა კონტაქტს ცდილობს, ვუყვირი, რატომ მაჩუქე მეთქი. შეიძლება ჩემი გოლიათი ვენერული კუროა, უკან დატრიალებული მარსით. სისხლში მაქვს გამჯდარი, რომ დევები უნდა მიყვარდნენ, დევებიც და გნომებიც, მაგრამ ხანდახან, როდესაც მზის სხივებს მთვარისა სჭარბობს, ოქროს ნაცვლად ვერცხლის საყურეები მიკიდია, დედის მხრიდან ადამიანებიც მიყვარდებიან.

შეჯამებისთვის, მაშინ როცა ნიფილიმები ადამიანებთან დაეცნენ, აქტი არათუ მამისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გაყრილი ძმების მიქაელისა და სამაელისგან განდგომასაც წარმოადგენდა. მოიყვანეს ანგელოზებმა ადამიანთა ასულები და მათ სხვადასხვა ხელობა ასწავლეს. მაგალითად, ქარგვა, მჭედლობა, ცეკვა თუ სიმღერა, რომელსაც დღეს ეკლესიაც იყენებს. ამ ზღაპრების თანახმად, სოდომისა და გომორის აღსასრული გოლიათების გამო მომხდარა (ცეცხლის ჩამომტანი ამირანი და ცეცხლის წვიმა). ამ ზღაპრების თანახმად, გოლიათი უნდა მომკვდარიყო, რათა დავითის შთამომავლობას ქრისტე დაებადა. ჩემმა საყვარელმა გრაფიკოსმაც, რომელმაც “მოკლე ამბები” დაწერა (სიტუაცია გამომცემლობაში: “გამოაქვეყნებთ ჩემს “მოკლე ამბებს”? “არა”. მოკლე ამბის დასასრული), მიუხედავად იმისა, რომ გოლიათის ბოლო ვიცოდი, რამდენი დღე გადაბმით მატირა თავისი მინიმალისტური გრაფიკით, ბავშვური მინაჯღაპნებითა და იუმორით. წიგნი გამოვწერე ამერიკის ბიბლიოთეკიდან, უფრო იაფი დამიჯდა და ვისაც გინდათ, გათხოვებთ. თორემ ამ პატარა კომიქსში იმხელა აზრი ჩავდე, ავტორს უნდა დავუკავშირდე და გავაგებინო, რა იცის რაში გამოადგება.
ისე დიდი მართლა ჰქონდა?

პიროვნების ჩარჩოში ჩასმა ასტროლოგებთან მერკურის მზესთან დაშორების მაგალითზე

thermometer

ხშირად ისმევა კითხვა, რომ პირადი ჰოროსკოპის განხილვისას, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ნება შეზღუდულია, ნაწილობრივ ვენერას, განსაკუთრებით მერკურის მდებარეობის მიხედვით.
სიტყვაზე, ვერძს ეს ორი პლანეტა ვერ ექნება სხვა 7-9 ნიშანში, ანუ მერკური მხოლოდ საკუთრივ ვერძში ან მეზობელ ნიშნებში: თევზებსა და კუროში აქვს. ვენერა (აღქმა, გრძნობა) შედარებით მეტგან.
თუ მერკურის სივრცე აუცილებლად მზესთან ახლოსაა, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ადამიანის ცნობიერთან (იგივე ზოდიაქოსთან) მხოლოდ სამი სახის აზროვნება დაეშვება, რაც ისედაც ჩარჩოში ჩასმულ ნათალურ რუკას, კიდევ უფრო კლიშეში ჩასვამს?
პასუხი ასეთი მაქვს:
თუ ადამიანი მადლს იღებს ან ისჯება არა საზოგადო მორალის, არამედ პირადი შესაძლებლობების მიხედვით, ევოლუცია/ინვოლუციის კითხვარი საკუთარ ზოდიაქოში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, ტყუპებს სიკვდილის შემდეგ პასუხი კომუნიკაციის მიხედვით მოეთხოვებათ: აბა, როგორ იშუამდგომლე?
იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს, აზროვნება უნდა უწყობდეს ხელს. აქ ის ირჩევს, ტყუპების გაორებული ბუნებიდან გამომდინარე, როგორი აზროვნება (მერკური) დასჭირდება:
ა) ემოციური (კირჩხიბი),
ბ) გონებრივი (ტყუპები) თუ
გ) პირველ რიგში, მგრძნობიარე (კურო) მერკურით შეეცდება თავისი მეების გაერთიანებას.
მაშასადამე, სამებიდან – ემოცია/გრძნობა/გონებიდან – ირჩევს ერთს. და ფაქტი, რომ მას, სიტყვაზე, ურანული (მერწყულური) მერკური არ ყავს, ვერ შეუქმნის წინააღმდეგობას, რადგან ურანი მასობრივი აზროვნებაა, კოლექტიური გონი, ასევე მერწყულს, ტყუპური გონება არ გამოადგებოდა.

mercury-path-mar-oct-2023
ჩვენ ვიცით, რომ ორგანოები შეესაბამება ნიშნებს, ამიტომ ორგანოების მიხედვით უკეთ ავხსნი:
ავიღოთ მორიელი, სიმბოლურად სასქესო ორგანოებს განასახიერებს, როცა გარემოში გადმოაქვს შიგნით დაგროვილი მასალა, ორიდან ერთი: ან მშობიარობს ან ისაქმებს. მორიელს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად, კავშირის დამყარება უწევს ან ქვედა მუცელთან ან ბარძაყთან. ამ ფუნქციის შესრულების დროს კუჭი (ანუ კირჩხიბი მერკური) ან ტერფები (თევზი მერკური) კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამიტომ მორიელს ჭინთვისას სამი სახის აზროვნება უწევს:
ა) ის, ვინც სასწორი მერკურით დაიბადა, აბალანსებს დასარჩენ მასალას გარე მასალასთან,
ბ) მორიელი მერკურით დაბადებული თავად გამოყოფის და მიღების პროცესს განასახიერებს,
გ) ხოლო მშვილდოსან მერკურიანი ხედავს გამოყოფილ ნაყოფს და მასვე სათანადოდ უმიზნებს.
ამიტომ მორიელს თევზური აზროვნება (გწამდეს და გამოვა), კირჩხიბული (იგრძენი და გამოვა) მას ვერ დაეხმარება.
მშვილდი თუ დაიბადა, მისი ფუნქციაა ამაღლებულ ადგილას შედგეს, მორალი იკითხოს და იფილოსოფოსოს, ანუ ღმერთის პოზიციიდან იყოს, ანუ მორიელის შობილი ბავშვი გაზარდოს. მაგრამ როგორ? სამებიდან ირჩევს:
ა) მოწყალე იყოს – მშვილდი მერკური
ბ) დამსჯელი იყოს – მორიელი მერკური
გ) სხვის საქმეში არ ჩაერიოს და თავად გაანძრევინოს ხელი – თხის რქა მერკური.
თხის რქას შემთხვევაში. აი, თხის რქა უკვე მუხლია. მუხლის ფუნქციის შესრულებისთვის უკეთ დაეხმარება ბარძაყი ან წვივი. სწორგოჯა ნაწლავი (ქალწული) ან ნესტო (კურო) რა შუაშია. თხის რქას დაესმის კითხვა: როგორ გინდა მიაღწიო წარმატებას?
ა) ჩემით (თხის რქა მერკური)
ბ) ღმერთით (მშვილდოსანი მერკური)
გ) კოლექტივი დამეხმარება (მერწყული მერკური).
და ასე გრძელდება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანში უკლებლივ თორმეტივე ნიშანია, ანუ პიროვნება მხოლოდ ზოდიაქოს (ცნობიერის) კუთვნილება არ არის.
ისიც, რომ მერკურისგან განსხვავებით, მთვარე ან სხვა პლანეტები ამ ჩარჩოებს ცდებიან და თორმეტივე ნიშანში მოგზაურობენ. თერმომეტრის ღმერთი და აფროდიტე მხოლოდ გამონაკლისია.

thezodiac